Journal of Young Researchers № 6 March 2018
რეზიუმე
ახალი ინფორმაციული ერა ძირითადად ინტელექტუალურ ტექნოლოგიას ემყარება, რაც საშუალებას გვაძლევს საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და სოციალური ცვლილებების ახალ პრინციპზე ვისაუბროთ, რომელიც უპირველეს და უმთავრეს მნიშვნელობას თეორიულ ცოდნას, როგორც განახლების მთავარ წყაროს ანიჭებს და შესაბამისად ტექნიკური პროგრესის ბუნებას ცვლის.
2016 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი იყენებს ინტერნეტს, რაც 5%-ით უსწრებს 2015 წლის მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტიზაციის ხარისხი იზრდება, ეს მაინც არ არის ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის გარანტია. ამ სტატიის ფარგლებში ციფრული უთანასწორობა მხოლოდ მზაობის და ინტენსიურობის ინდიკატორების მეშვეობით იქნება შესწავლილი, რადგან ციფრული უთანასწორობის ინდიკატორთაგან საქართველოში ინფორმაციულ - კომუნიკაციური ტექნოლოგიების მატერიალური ხელმისაწვდომობა - ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. რაც შეეხება ციფრული უთანასწორობის შემდეგ ინდიკატორებს: ციფრული უნარები და გამოყენების პრაქტიკა აქ აღსანიშნავია, საზოგადოების მიერ ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის ძირითადად გასართობად და კომუნიკაციის მიზნით გამოყენება, რაც ქართველი მომხმარებლის დაბალი დონის ციფრულ უნარებზე მეტყველებს.
ციფრული უთანასწორობა არ არის მხოლოდ ერთ განზომილებიანი პრობლემა და ის მრავალ დონეზე არსებობს. ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყანაში არსებული ციფრული უთანასწორობის დონე მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ საქართველოში ციფრული უთანასწორობა არსებობს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა და ციფრული უნარების ნაკლებობაა.
საკვანძო სიტყვები: ციფრული უთანასწორობა, ინფორმაციული საზოგადოება, ინტერნეტი, სოციალური მედია, ციფრული ტექნოლოგიები, ციფრული წიგნიერება.
Abstract
The new informative era primarily is based on intellectual technology that allows us to talk about a new principle of social organization and social change, which gives main importance for theoretical knowledge as the main source of renewal and thus changes the nature of technical progress.
According to the data of 2016, more than 40% of Georgian population uses the Internet, which is 5% ahead of the index of 2015. While the quantity of internet users is growing, this is not a guarantee of the elimination of digital divide.
Within the present work digital inequality will be studied only through readiness and intensity indicators becasue from the digital inequality indicators the material or physical availability of information-communications technology in Georgia is still a problem. As for the following indicators of digital inequality - digital skills and usage practices - the vast majority of Internet users actively use social networks in Georgia. The use of the Internet and digital technology by the public mainly for entertainment and communications, demonstrates the low level of digital skills of the Georgian user.
Digital inequality is not only a single dimensional problem and it has many levels. The level of digital inequality in the information era is directly related to economic and social development of the country. The results of this study confirm that there is a digital inequality in Georgia and one of the reasons is lack of access to the Internet and lack of digital skills.
Keywords: Digital Divide, Information Society, Internet, Social Media, Digital Technologies, Digital Literacy
შესავალი
ბოლო წლების განმავლობაში ტერმინმა „ციფრული უთანასწორობა“ სოციალურ მეცნიერებებში დიდი პოპულარულობა შეიძინა. “ციფრული უთანასწორობა ციფრული ტექნიკის მფლობელებსა და არამფლობელებს შორის უთანასწორობას გულისხმობს. ის განათლებულებსა და გაუნათლებლებს, ეკონომიკურ კლასებს, ქალაქებსა და გარეუბნებს, ხოლო გლობალურ დონეზე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებობს”. (Gurstein. 2003, p. 2) ამ საკითხის კვლევა მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყო და ყველაზე აქტიურად მას სოციოლოგები სწავლობენ. სოციოლოგებისათვის ციფრული უთანასწორობა საინტერესოა, რადგან ის როგორც სოციალური ფენომენი, სხვადასხვა სოციალური სისტემის შიგნით ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას და გავლენას გულისხმობს.
თითოეული ქვეყნის ეკონომიკური სისტემა განსხვავებულია და სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც მის გეოგრაფიასთან, ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებთან, სოციო–ეკონომიკურ სტრუქტურასთან, ასევე ფინანსურ რესურსებთან და შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ეროვნულ კონტექსტში შესაბამისი პოლიტიკის განვითარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კერძოდ კი იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებიც ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების მაღალი მაჩვენებელით ხასიათდებიან, მოცემულ კონტექსტში ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მნიშვნელობის მიუხედავად. აუცილებელია ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარება – დანერგვის და განხორციელების სტრატეგიული მიდგომების შემუშავება და ისეთი სერვისების საჭიროებასთან, როგორიცაა მაგალითად, ელექტრონული მმართველობა – ინტეგრირება, სადაც საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა, იმ უნარების ბაზისური ათვისება, რომლებიც ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ეფექტიანობას მაქსიმალურად ხელსუწყობს - უზრუნველყოფილია.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) 2015 წლის ანგარიში „ინფორმაციული საზოგადოების ანალიზი“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და მათ შორის, საქართველოს ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსს (IDI) ადგენს და აქცენტს ციფრული განხეთქილების პრობლემაზე აკეთებს. დსთ–ს რეგიონში საქართველო მე–7 ადგილზეა 2015 წლისათვის და მხოლოდ უკრაინას და ყირგიზეთს უსწრებს. მისი ინფორმაციულ - კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მაჩვენებელია 5.25. რაც შეეხება გლობალურ რეიტინგს, აქ საქართველო 78 – ე ადგილს იკავებს.
2016 წელს საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და ქვეყნის ინტერნეტიზაციის სწრაფი ტემპი ინფორმაციული საზოგადოების შექმნას უწყობს ხელს.
თეორიული ჩარჩო
ციფრული უთანასწორობის, როგორც სოციალური პრობლემის აქტიურად შესწავლა სოციალური მეცნიერების წარმომადგენლებმა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს. ციფრული უთანასწორობის კვლევები ძირითადად ორ მიმართულებას მოიცავს: პირველი ესაა, ციფრული უთანასწორობა სახელმწიფოებს შორის, კერძოდ, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ტექნოლოგური ინფრასტრუქტურისა და ქსელური საზოგადოების განვითარების დონის ანალიზი; მეორე კი ქვეყნის შიგნით არსებული ციფრული უთანასწორობის და ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინდექსის შესწავლაა.
ჰოლანდიელი სოციოლოგი ჟან ვან დაიკი, რომელიც ქსელური საზოგადოების პრობლემების კვლევით არის დაინტერესებული, და ის ინფორმაციული საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ ოთხ ფაქტორს გამოყოფს. ქვეყნის შიგნით არსებული ციფრული უთანასწორობის საზომ ვან დაკის მიერ შემოთავზებული ინდიკატორებს წარმოადგენენ:
- ციფრული გამოცდილების ნაკლებობა, რისი მიზეზიც არის ახალი ტექნოლოგიებისა და კომპიუტერის მიმართ დაუინტერესებლობა და შიში. (მოტივაციური ხელმისაწვდომობა).
- კომპიუტერის ან ინტერნეტის არ ქონა (მატერიალური ანუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა).
- ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა, რაც მომხმარებლის არაადექვატური განათლებით და სოციალური მხარდაჭერის არ ქონით არის გამოწვეული (უნარის არ ქონა).
- კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის არ ქონა (გამოყენების ხელმისაწვდომობა). (Dijk. J. 2012, p.178)
ინფორმაციული საზოგადოების მრავალი მკვლევარი ყურადღებას ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების გზების ცოდნაზე ამახვილებს, რაც კომპიუტერისა და სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების წარმატებით გამოსაყენებლად არის აუცილებელი. ინფორმაციული უნარი კომპიუტერითა და ელექტრონული რესურსების გამოყენებით ინფორმაციის ძებნის, შერჩევისა და გადამუშავების უნარს წარმოადგენს. შეიძლება ორი ტიპის ინფორმაციული უნარი განვასხვაოთ: ფორმალური ინფორმაციული უნარი (კომპიუტერის ფორმალური ხასიათის პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა, მაგ. ფაილები და ჰიპერლინკის სტრუქტურები) და ინფორმაციული უნარები (კომპიუტერისა და ელექტრონული რესურსების გამოყენებით ინფორმაციის მოძიების, შერჩევის, დამუშავების და შეფასების უნარი/შესაძლებლობა).
და ბოლოს, სტრატეგიული უნარი ეს არის კონკრეტული და ზოგადი მიზნის მისაღწევად, ანუ სოციალური პოზიციის გასაუმჯობესებლად კომპიუტერის და ელექტრონული/ციფრული რესურსების გამოყენების უნარი.
როგორც ციფრული უთანასწორობის მკვლევარი მაიკლ გურშტეინი განიხილავს – ICT ტექნოლოგიების წვდომის და გამოყენების პროცესში გაჩენილი უფსკრული რამდენიმე კრიტერიუმით არის განპირობებული, ესენია:
- ტექნიკური: არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ტექნიკური ინფრასტრუქტურა ამ ტექნოლოგიის მხარდასაჭერად - ელექტროენერგიის არცთუ უმნიშვნელო დონეზე. თუმცა, შეიძლება არსებობდეს შემდგომი შეზღუდვები, მაშინაც კი, თუ ქვეყანას აქვს წვდომა კომპიუტერებზე და ელექტროენერგიაზე - ფართოზოლოვან სერვისს შეუძლია შეზღუდოს მულტიმედიური გამოყენება - განსაკუთრებით მოძრავი ვიდეოს.
- გენდერი: ICT ტექნოლოგიებში უფრო ნაკლებად ჩართული არიან გოგონები, , ვიდრე ბიჭები. ეს ხომ არ ხდება იმიტომ, რომ ქალებისა და გოგონებისთვის არ არის ამისთვის ხელსაყრელი გარემო?
- პოლიტიკური: არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანებს არ აქვთ ინტერნეტში შესვლის უფლება, რადგან მთავრობებს სურთ გააკონტროლონ ინფორმაციის ნაკადები.
- მოტივაცია: არსებობენ ტექნოფობები, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიის შიში და არ გამოიყენებენ მას, იმის მიუხედავად, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ამ ტექნოლოგიებზე წვდომა.
- ლინგვისტური: ინტერნეტი ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ ენებზე, ხოლო ყველაზე დიდი საინფორმაციო წყაროები ინგლისურ ენაზეა.
- წიგნიერება: თუ მომხმარებელი არ არის განათლებული და არ შეუძლია კითხვა, მისთვის ინტერნეტის გამოყენება სერიოზულად შეზღუდულია. ისევე როგორც ახალი ფრანგული ტერმინი "ილექტრონიზმი" რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ელექტრონულად წერა-კითხვის უცოდინარი არიან. (Gurstein.2003. 2)
ციფრული უთანასწორობის ტრადიციული ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ორიენტირებული კვლევები ტექნოლოგიის ფლობას და ხელმისაწვდომობის საკითხს სწავლობდა, ახლა კი საჭიროა ტექნოლოგიის საზღვრებს გავცდეთ და მომხმარებლების შესწავლაზე გადავიდეთ.
რაც უფრო მეტი ადამიანი იწყებს ინტერნეტის გამოყენებას კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოძიებისთვის,მით უფრო ნაკლებად საინტერესოა დემოგრაფიული განსხვავებების მიხედვით მისი შესწავლა, თუ ვინ არის ქსელში ჩართული. ჩვენ უნდა დავინტერესდეთ ინდივიდის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიზნებსა და უნარებს შორის არსებული განსხვავებებით. (Hargittai. 2001, p.1)
ცოდნის საზოგადოებაში ინფორმაცია გახდა ისეთი „საქონელი“, რომელიც საზოგადოებაში არსებობისათვის ყველას სჭირდება. ინდივიდებს ასევე სჭირდებათ კულტურული კაპიტალი ინფორმაციის სათანადოდ გამოსაყენებლად. კულტურული კაპიტალი საზოგადოებაში არათანაბრად არის განაწილებული. ინფორმაციულ საზოგადოებაში ინფორმაცია პოზიციური საქონელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოპოვება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად იქცა. (Castells. 2010, p. 134)
ინდივიდის პოზიცია ქსელის შიგნით და გარეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან საზოგადოებაში მის შესაძლებლობებს და ძალაუფლებას სწორედ ეს პოზიცია განსაზღვრავს.
თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციულ - კომუნიკაციური ტექნოლოგიები სოციალური ინსტიტუტების არსებობისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია. ამ ტექნოლოგიების განათლებისა და დასაქმების სფეროებზე გავლენა თანდათანობით იზრდება, რაც განათლებისა და შრომის დანაწილების ტრადიციული ფორმების ცვლილებებს იწვევს. მსოფლიოს მასშტაბით ციფრული ტექნოლოგიები არნახული სისწრაფით ვრცელდება, თუმცა, მათი განვითარებით მიღებული სარგებელი ამ დინამიკას საგრძნობლად ჩამორჩება.
ჩვენი აზრით, ამ საკითხის გასაანალიზებლად ჟან ვან დაიკის მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაცია უფრო რელევანტურია, რადგან ის ქვეყნის შიგნით არსებული ციფრული უთანასწორობის შესასწავლად უფრო სრულყოფილ მოდელს გვთავაზობს, სადაც მრავალი ფაქტორია ჩართული. ამ სტატიაში ძირითად თეორიულ ჩარჩოდ გამოყენებულია მხოლოდ ვან დაიკი, თუმცა ჩვენ ასევე მხედველობაში ვიღებთ ამ თემაზე არსებულ სხვა თეორიულ და კვლევით ნაშრომებს.
მეთოდოლოგია
საქართველოში ციფრული უთანასწორობის გასაანალიზებლად გამოკითხვისა და დოკუმენეტების ანალიზის მეთოდი იქნა გამოყენებული. კერძოდ, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის[1], საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და მსოფლიო ბანკის 2016-2017 წლების სტატისტიკური მონაცემები. ეს სამი ორგანიზაცია კვლევებს ქვეყანაში ინფორმაციული საზოგადოების ტენდენციების გამოსავლენად ყოველწლიურად ატარებს.
მასობრივი გამოკითხვა რაოდენობრივი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოყენებულია ქართული საზოგადოების დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების შესასწავლად. გამოკითხვა 2015 წლის ზაფხულში ჩატარდა. გამოკითხვის მეთოდი პირისპირ ინტერვიუები იყო. კვლევის ინსტრუმენტია ანკეტა, რომელიც ღია, დახურულ და ნახევრად დახურულ კითხვებს მოიცავდა. კვლევის სამიზნე ჯგუფია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე. შერჩევის ჩარჩოდ 2014 წლის მოსახლეობის საყოლვეთაო აღწერის შედეგებია გამოყენებული. შერჩევის მოცულობა განისაზღვრა 1050 რეპონდენტით. შერჩევის დიზაინი სტრატიფიცირებული, კლასტერული შერჩევის საფუძველზე გაკეთდა. შერჩევის ცდომილება არაუმეტეს 5%-ისა, 95%-იანი სანდოობის ინტერვალით. რაც საშუალებას გვაძლევს მიღებული შედეგები განვაზოგადოთ მთელ საზოგადოებაზე.
საველე სამუშაობის დასრულების შემდეგ განხორციელდა კითხვარების შემოწმება, რედაქტირება და კოდირება. SPSS-ის ბაზაში მონაცემების შეტანის, გაწმენდისა და სტატისტიკური დამუშავების შემდეგ, რაოდენობრივი მონაცემები გაანლიზდა ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ანალიზის მეთოდების გამოყენებით.
რაოდენობრივი გამოკითხვის მიზანი ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართ მოსახლეობის არსებული დამოკიდებულებების შესწავლაა.
ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემები საქართველოში ციფრული უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის აღწერის საშუალებას გვაძლევს. მონაცემები ციფრული უთანასწორობის ოთხი ინდიკატორის მიხედვით არის გაანალიზებული. ეს ოთხი იდიკატორი ყველაზე კარგად ასახავს ციფრულ უთანასწორობას და ყველა ფაქტორს ითვალისწინებს. მაგალითად, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი ციფრული უთანასწორობის შესწავლისას მხოლოდ ორ ძირითად ინდიკატორს ეყრდნობა. ესენია: მზაობა და ინტენსიურობა.
მსოფლიო ბანკი და საერთაშორიო სატელეკომუნიკაციო კავშირი ქვეყნებს შორის და ქვეყნის შიგნით არსებული ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ხარისხს ინდიკატორთა ოთხ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მახასიათებლით შეისწავლის: მზაობა, ინტენსიურობა, გავლენა და შედეგი. აქედან ციფრული უთანასწორობა მხოლოდ მზაობის და ინტენსიურობის ინდიკატორების მეშვეობით შეიძლება იქნას შესწავლილი.
• მზაობა, ტექნოლოგიურ და სოციალურ ინფრასტრუქტურის არსებობას გულისხმობს. ეს ინფორმაციული საზოგადოების არსებობის და განვითარების აუცილებელი ნაწილია. მზაობის ინდიკატორი იმ პოტენციალს გვიჩვენებს, რომელიც საზოგადოებას ან აქვს, ან არ აქვს იმისთვის, რომ ინფორმაციული საზოგადოება გახდეს. ის ასევე გვიჩვენებს საზოგადოების მზაობას ინფორმაციულ კომუნიკაციური ტექნოლოგიებისაგან სარგებელი მიიღოს.
• ინტენსიურობა, ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც საზოგადოება ინფორმაციულ კომუნიკაციური ტექნოლოგიების აპლიკაციებს იყენებს. ინტენსიურობის ინდიკატორი გვიჩვენებს თუ რა მიზნით და რომელი სოციალური ჯგუფები იყენებენ ინტერნეტსა და ციფრულ ტექნოლოგიებს.
თუმცა ქვეყნის შიგნით არსებული ციფრული უთანასწორობის სიღრმისეულად და სრულყოფილად შესასწავლად, ჩვენი აზრით, მხოლოდ ეს ორი ინდიკატორი არ არის საკმარისი.
ITU-ს 2016 წლის ანგარიშში[2] მონაცემთა დამუშავების კონცეპტუალური ჩარჩოს და მეთოდოლოგიის გამოყენებით ციფრული განხეთქილება ქვეყნების ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მეშვეობით განისაზღვრება. მონაცემთა ნორმალიზების მეთოდის გამოყენებით ციფრული განხეთქილების დონის განსაზღვრა ხდება.
2016 წლის ანგარიშის თანახმად 2015 წლისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ თავისი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მაჩვენებელი გააუმჯობესა, მაგრამ ქვეყნებს შორის ინტერნეტიზაციის ხარისხის მიხედვით დიდი უთანასწორობა არსებობს.
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების ძალიან ფართო სპექტრის არსებობაზე მეტყველებს. ქვეყანში მაღალი დონის ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიური რესურსების არსებობა ეკონომიკური და სოციალური განვითარების მაჩვენებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების პოტენციური ზემოქმედება ჯერ კიდევ სხვადასხვა ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის არსებული ციფრული განხეთქილებითაა განპირობებული. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას და ქვეყნებში ციფრულ უთანასწორობის დონეს შეისწავლის. ამ პრობლემის აღსაწერად ITU-მ თვითონ შექმნა ე.წ. ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი (IDI).
ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი (IDI)[3] ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის, გამოყენებისა და უნარების ერთობლიობას აერთიანებს.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) 2015 და 2016 წლების წლის ანგარიშები „ინფორმაციული საზოგადოების გაზომვა“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და მათ შორის, საქართველოს ინტერნეტ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსს (IDI) ადგენს და აქცენტს ციფრული განხეთქილების პრობლემაზე აკეთებს.ITU-ს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წევრი ქვეყნები 6 ძირითად რეგიონად იყოფიან: აფრიკა, ამერიკა, არაბული სახელმწიფოები, აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, CIS (Commonwealth Independent Countries) დსთ–ს ქვეყნები და ევროპა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2009 წელს დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), როგორც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წევრი მაინც დსთ–ს რეგიონში რჩება.
კვლევის შედეგები
კვლევის შედეგები ოთხი ინდიკატორის მიხედვით არის წარმოდგენილი. ეს ოთხი ინდიკატორია: მოტივაცია, მატერიალური ხელმისაწვდომობა, ციფრული უნარები და გამოყენების პრაქტიკა.
1. მოტივაცია
ინტერნეტის და კომპიუტერის გამოსაყენებლად აუცილებელია შესაბამისი მოტივაციის არსებობა. ამიტომ ეს საკითხი ქსელში ჩართვისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ეტაპად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურდ იზრდება ინტენეტ-ქსელში ჩართულთა რაოდენობა, მაინც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტის გამოყენების სურვილი. ამ პრობლემის ახსნას მეცნიერები ტექნოფობიის ან სხვა კულტურული და სოციალური ფაქტორებით ცდილობენ.
რაოდენობივი კვლევის ფარგლებში საქართველოში ინტერნეტის არგამოყენების ძირითად მიზეზად რესპონდენტები ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობის საკითხს ასახელებენ, და მხოლოდ 11,6%- ს მიაჩნია დროის ფუჭ კარგვად. 2,3%-ს გამოყენების სურვილი არა აქვს.
ინტენრნეტის არ გამოყენების მიზეზებთან მიმართებაში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ინტერნეტისა და კომპიუტერისადმი ინტერესის ნაკლებობა უფრო შესამჩნევია უფროსი ასაკის წარმომადგენლებში, 55-ის და მეტი ასაკობრივ კატეგორიაში. 55-64 ასაკობრივი ჯგუფის 12%-ს დროის ფუჭ კარგვად მიაჩნია, 65+ წლის რესპონდენტთა 12%-ს. ეს მონაცემებიც ადასტურებს იმას, საქართველოში ქსელში ჩართული ადამაიანების უმრავლესობა არს ახალგაზრდობა, ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა.
2. მატერიალური ხელმისაწვდომობა
მატერიალური ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ინდივიდს აქვს ან არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილის მიერ ინტერნეტის და ინფორმაციული რესურსების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ციფრული უთანასწორობის არსებობას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, XX საუკუნის 90-იან წლებში სოციალური მეცნიერებებისა და მედია მკვლევარების მთელი ყურადღება სწორედ ამ ინდიკატორზე იყო მიმართული. მათი აზრით, უნივერსალური ინტერნეტიზაცია არსებულ უთანსწორობას თავისთავად აღმოფხვრიდა.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ქსელში ჩართული ადამიანების რაოდენობა გამუდმებით იზრდება.
ინფორმაციულ - კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის (IDI) მიხედვით ლიდერობს კორეის რესპუბლიკა – 8.93 მაჩვენებლით – აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებიდან, შემდეგია – დანია 8.88 მაჩვენებლით – ევროპის რეგიონიდან. რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი (პირველი ათეული ქვეყნების) აქვს აფრიკის რეგიონს – მაქსიმუმი 5.41 და მინიმუმ მაჩვენებელი 1.17.
რაც შეეხება დსთ–ს რეგიონის ქვეყნებს, რომელთა შორის შედის საქართველო – ინფორმაციულ საკომუნიკაციო ინფორმაციულ - კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მაქსიმალური მაჩვენებელი რეგიონში აქვს ბელორუსიას– 7.18, საქართველო რეგიონის 9 ქვეყანას შორის მე–7 ადგილზეა და მისი ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი 5.25 შეადგენს, ამ მონაცემით საქართველო რეგიონში უსწრებს უკრაინასა და ყირგიზეთს, თუმცა: ბელორუსიას, რუსეთს, ყაზახეთს, მოლდოვას, აზერბაიჯანს და სომხეთს ჩამორჩება.
გრაფიკი #1: დსთ-ს რეგიონში IDI ინდექსის მიხედვით დაბალ და მაღალ პოზიციაზე მყოფი ქვეყნები (წყარო: ITU-ს 2016 წლის ანაგრიში)
|
CIS რეგიონის ქვეყნები |
IDI Value 2015 |
IDI World Rank 2015 |
IDI Value 2016 |
IDI World Rank 2016 |
|||||
1
|
ბელორუსია |
7.18 |
36 |
7.26 |
31 |
|||||
2
|
რუსეთი |
6.91 |
45 |
6.95 |
43 |
|||||
3
|
ყაზახეთი |
6.20 |
58 |
6.57 |
52 |
|||||
4 |
მოლდოვა
|
5.81 |
66 |
5.75 |
68 |
|||||
5 |
აზერბაიჯანი
|
5.79 |
67 |
6.28 |
58 |
|||||
6 |
სომხეთი
|
5.32 |
76 |
5.60 |
71 |
|||||
7
|
საქართველო |
5.25 |
72 |
5.59 |
72 |
|||||
8 |
უკრაინა
|
5.23 |
79 |
5.33 |
76 |
|||||
9
|
უზბეკეთი |
3.75 |
110 |
4.05 |
110 |
|||||
10 |
ყირგიზეთი |
4.62 |
97 |
3.99 |
113 |
|||||
დსთ–ს რეგიონის ინფრომაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის მაჩვენებელია – 2.57, რაც ყველაზე დაბალია რეგიონიულ ჭრილში. ეს მაჩვენებელი ზოგადი ეკონომიკისა და ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების დონის მსგავსებებით არის განპირობებული.
რეგიონულ ჭრილში ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის უმაღლეს და უდაბლეს მაჩვენებლებს, რაც ამავდროულად რეგიონებში ქვეყნების მიხედვით ამ ტექნოლოგიების განვითარების განსხვავებებსაც ასახავს. ამ მხრივ დსთ–ს რეგიონში საქართველო 5.25 მაჩვენებლით მე-7 ადგილზეა და მხოლოდ უკრაინასა და ყირგიზეთს უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ დსთ–ს რეგიონის ყველა ქვეყანა ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების გლობალური ინდექსის პირველ ასეულში შედის[4]. თითქმის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციის ქვეყნების ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ინდექსითაც არ განსხვავდებიან.
რაც შეეხება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის 2016 წლის ანგარიშში ასახულ მონაცემებს, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელთან შედარებით მონაცემები თითქმის არ შეცვლილა. ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის (IDI) მაჩვენებლით გლობალურ რეიტინგში 2015 და 2016 წლისთვის საქართველო 72–ე ადგილს იკავებს, რაც CIS რეგიონში (შემავალი 10 ქვეყნიდან) რეიტინგით მე–7–ე ადგილზეა. რეგიონში საქართველოს ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის (IDI) ე.წ ღირებულების მაჩვენებელი 5.59–შეადგენს და უნდა ითქვას, რომ ჩამორჩება რეგიონის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 5.76–ის ტოლია. თუმცა, 2016 წლისთვის 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.26 ქულითაა დაწინაურებული. მსოფლიო რეიტინგში ამ ტექნოლოგიების განვითარების (IDI) ხელმისაწვდომობის ქვე–ინდექსის მაჩვენებელმა 76-დან 78 –ე ადგილზე გადაინაცვლა. ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების ქვე-ინდექსის მაჩვენებელის მიხედვით, 2015 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგით 83–ე ადგილზე იყო, ხოლო 2016 წლისთვის მე–80–ე ადგილზეა. ინფორმაციულ–კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ქვეინდექსის (IDI) მაჩვენებლით საქართველო 2016 წლისთვის მსოფლიო რეიტინგში ისევე, როგორც 2015 წელს, კვლავაც 53–ე ადგილზეა. ამ მხრივ ცვლილებები არ შეინიშნება.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემებით საქართველო ინტერნეტიზაციის თვალსაზრისით, მისი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით გარკვეულ პროგრესს განიცდის.
ITU-ს მონაცემების მიხედვით, 2015 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის შინამეურნეობათა 49.5% ფლობს კომპიუტერს, ხოლო შინამეურნეობების 44.8% აღჭურვილია ინტერნეტით.
2016 წლის 17 მაისს მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს განვითარების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღწერილი და გაანალიზებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით მიღებული სარგებელი და მათი როლი ეკონომიკის განვითარების პროცესში. ანგარიშის მიხედვით, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანმდევი ტრანსფორმაციის მიღწევა შეუძლებელია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში ინვესტიციის გაზრდისა და კარგი მმართველობის გარეშე.
კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე საქართველოში სამუშაოს მხოლოდ 40%-ია კომპიუტერიზებული მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამუშაოს პოტენციურად 60%-ის კომპიუტერიზებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია და ლიტვა, რომელთა პოტენციური და რეალური მაჩვენებელი ერთმანეთის ტოლია და კომპიუტერიზებული სამუშაო მთლიანი სამუშაოს დაახლოებით 60%-ს აღწევს.
ჩვენს მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მიხედვით გამოკითხული რესპონდენტების 65.4% სარგებლობს ინტერნეტით. რეგიონის მიხედვით ქალაქში მცხოვრებ რესპონდენტთა შორის 45.3% იყენებს ინტერნეტს, ხოლო 54.7% არ იყენებს. სოფლად მცხოვრებ რესპონდენტთა შორის მხოლოდ 24.5% სარგებლობს ინტერნეტით, ხოლო 75.5% არ სარგებლობს.
წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ცვალდებადია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. სხვადასხვა კვლევის შედეგებითაც დასტურდება, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო აქტიურად არის ქსელში ჩართული.
გრაფიკი #2. ინტერნეტის მომხმარებლები ასაკობრივ ჭრილში
ინტერნეტის გავრცელების პირველი ათწლეულების მანძილზე კვლევის შედეგები ქსელში ჩართვის თვალსაზრისით გენდერულ კონტექსტში არსებულ უთანსწორობაზე მიუთითებდა. მაგრამ უკანასკნელი წლების მანძილზე ქალებისა და მამაკაცების მიერ ინტერნეტის გამოყენება თითქმის გათანაბრდა.
მდედრობით და მამრობითი სქესის რესპონდენტების ერთმანეთთან შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ინტერნეტს მდედრობით სქესის 34.1%, ხოლო მამაკაცების 36.6% იყენებს.
სხვადასხვა კვლევაში მსგავსი შედეგები ფიქსირდება, რაც უფრო მაღალია რესპონდენტების განათლების დონე, მით უფრო ხშირია ინტერნეტის გამოყენების სიხშირე. გამოკითხულ დაწყებითი განათლების მქონე რესპონდენტთა შორის 33.3% იყენებს, ხოლო 66.7% არ იყენებს ინტერნეტს. არასრული საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებს შორის 33.3% სარგებლობს, ხოლო 66.7% არ სარგებლობს ინტერნეტით. საშუალო განათლების მქონე რესპონდენტთა 28.4% მოიხმარს ინტერნეტს, ხოლო 71.6% არ მოიხმარს. ტექნიკური /კოლეჯის განათლების მქონე რესპონდენტთა 23.2% იყენებს ინტერნეტს, მაშინ როცა 76.3% – არ იყენებს მას. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა 53.7% იყენებს, 46.3% კი არ იყენებს ინტერნეტს. მაგისტრის ხარისხის მქონე რესპონდენტთა 57.0% იყენებს ინტერნეტს. დოქტორის ხარისხის მქონე რესპონდენტების 77.8% სარგებლობს ინტერნეტით.
გრაფიკი#3: ინტერნეტის გამოყენება განათლების დონის მიხედვით
განათლების ხარისხი ასევე დამოკიდებულია საქმიანობის სფეროსთან, რაც უფრო მაღალი სოციალური პოზიცია უკავია ინდივიდს, მით უფრო მეტი დროის გატარება უწევს ინტერნეტში და კომპიუტერთან.
3. ციფრული უნარები
მატერიალური ხელმისაწვდომობის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ციფრული უნარებია. ამ შემთხვევაში, საუბარი არის მეორე დონის ციფრულ უთნასწორობაზე. უნივერსალური ინტერნეტიზაცია ციფრულ უთანასწორობას არ აუქმებს, რადგან აქ თავს ე.წ. ციფრული უნარების საკითხი იჩენს. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს განსხვებული დონის ციფრული უნარები აქვთ და ქსელშიც შესაბამისად ოპერირებენ. ჟან ვან დაიკი, ციფრული უნარების სამ ტიპს გამოყოფს, ესენია: ოპერაციული, ინფორმაციული და სტრატეგიული ტიპის უნარები. (Dijk, J. 2012.179)
მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული 2013 წლის სოციალური მედიის განვითარების ტენდენციების კვლევის ფარგლებში გამოვლინდა[5], რომ საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა (89.4%) სოციალური ქსელების მომხმარებელია. რაოდენობრივი კვლევისას გამოიკვეთა, რომ ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობაც: თუ კი 18-22 წლის რესპონდენტთა თითქმის 100% სარგებლოს სოციალური ქსელებით, 50 წლის და უფროსი ასაკის რესპონდენტებში ეს მაჩვენებელი 65%-მდე ეცემა. (წულაძე. ბერძენიშვილი. 2013. გვ.150)[6]
ჩვენს მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის დროს ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციულ უნარებზე, რაც ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების, კატეგორიზაციისა და ანალიზის გზების ცოდნას, ასევე ინტერნეტის გამოყენების მიზნებს და განხორციელებულ აქტივობებს გულისხმობს.
კითხვაზე თუ რა სიხშირით იყენებთ ინტერნეტს გამოკითხულ რესპონდენტთა 20.7% მთელი დღის მანძილზე სარგებლობს ინტერნეტით, 19.6% კი დღეში 4-5 საათის მანძილზე, დღეში 2-3 საათის მანძილზე 28.7%, დღეში ერთ საათზე ნაკლები 20.3%იყენებს, კვირაში რამდენიმეჯერ 5.6%, კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად 3.9%.
გრაფიკი#4: ინტერნეტის გამოყენების სიხშირე
რესპონდენტების მიერ ინტერნეტის გამოყენების შემდეგი მიზეზები დაფიქსირდა, 39.5% მეგობრებთან/ნაცნობებთან ურთიერთობებისათვის, 1.6% ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, 15.5% გასართობად (მუსიკა, ფილმები, თამაშები და ა.შ.), 30.4% ახალი ამბების გასაცნობად იყენებს, 7.2% კი სწავლისა და თვითგანათლების მიზნით, 3.5% კი სამსახურის საქმეებისთვის იყენებს ინტერნეტს.
ინტერნეტს მდედრობითი სქესის რესპონდენტების 41.7% მეგობრებთან/ნაცნობებთან ურთიერთობებისათვის, 1.7% ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, 12.0% გასართობად (მუსიკა, ფილმები, თამაშები და ა.შ.), 30.0% ახალი ამბების გასაცნობად იყენებს, 8.6% კი სწავლისა და თვითგანათლების მიზნით, 3.1% კი სამსახურის საქმეებისთვის იყენებს.
ინტერნეტს მამრობითი სქესის რესპონდენტების 34.9% მეგობრებთან/ნაცნობებთან ურთიერთობებისათვის, 1.2% ახალი ურთიერთობების დასამყარებლად, 22.9% გასართობად (მუსიკა, ფილმები, თამაშები და ა.შ.), 31.3% ახალი ამბების გასაცნობად, 4.2% კი სწავლისა და თვითგანათლების მიზნით იყენებს.
გრაფიკი #5: ინტერნეტის გამოყენების მიზნები
კითხვაზე თუ რომელი სოციალური მედიის გვერდებზე ხართ დარეგისტრირებული გამოკითხულ რესპონდენტთა(ის რესპონდნეტები ვინც ინტერნეტით სარგებლობს) facebook-ზე დარეგისტირებულია 78.1%, twitter-ზე დარეგისტრირებულია 7.0%, youtube-ზე 34.1% არის დარეგისტრირებული, odnoklasniki.ru-ზე – 48.8%, google+-ზე 35.3%, instagram-ზე 12.4%, myspace-ზე – 3.5%, vkontakte.ru-ზე კი 3.1%, tumbrl.com-ზე 0.6%, pinteresti-ზე – 0.8%, flickr.com-ზე კი 1.2% არის დარეგისტრირებული.
Facebook-ზე მდედრობითი სქესის რესპონდენტების 79.7% არის დარეგისტირებული, ხოლო მამრობითი სქესის რესპონდენტების 74.7%.
Facebook-ზე 18-24 წლის რესპონდეტების 90.3% არის დარეგისტრირებული, 25-34 ასაკობრივი კატეგორიის 82.4%, 35-44 წლის ასაკის რესპონდეტთა 77.7%, 45-54 წლის რესპონდენტთა 74.7%, 55-64 წლის ასაკობრივი კატეგორიის გამოკითხულთა 62.3%, ხოლო 65+-ასაკის რესპონდენტთა 45.8%.
კითხვაზე თუ რომელ სოციალურ ქსელს მოიხმართ ყოველდღიურად გამოკითხულთა 65.3%-მა უპასუხა, რომ ეს არის Facebook–ი, 10.5% იყენებს odnoklasniki.ru-ს, 5.9% google+ , 2.9% youtube.com-ს იყენებს, 14.9%-ს კი გაუჭირდა დაესახელებინა.
ქათველი მომხამრებელი ინტერნეტს და ციფრულ ტექნოლოგიებს ძირითადად გართობის მიზნით იყენებს. ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა სოციალური ქსელის აქტიური მომხამრებელია.
4. გამოყენების პრაქტიკა და შედეგები (ITU)
საერთაშორიო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 104 ქვეყანაში, ახალგაზრდების 80%-ზე მეტი ონლაინ რეჟიმშია ჩართული. აქედან განვითარებულ ქვეყნებში 15-24 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდების 94%, განვითარებად ქვეყნებში ამ ასაკობრივი კატეგორიის 67% არის ჩართული ინტერნეტში, ხოლო დაბალი განვითარების ქვეყნებში (LDCs) ეს მაჩვენებელი მხოლოდ 30%–ს წარმოადგენს.
მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის მომხმარებელი ახალგაზრდა ასაკის (15-24) ადამიანების წილი (71%) მნიშვნელოვნად მაღალია ინტერნეტის მომხარებელ მთლიანი მოსახლეობის წილთან შედარებით (48%). დსთ–ს ქვეყნებისთვის ეს ინტერნეტის მომხმარებელი ახალგაზრდა ასაკის (15-24) ადამიანების წილი წარმოადგენს 89.6%, ხოლო ინტერნეტის მომხმარებელი მთლიანი მოსახლეობის წილი კი 67.7%.
რაც შეეხება შინამეურნეობების მიერ ინტერნეტ ხელმისაწვდომობის პროპორციულ მაჩვენებელს 2017 წლისთვის განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მქონე შინამეურნეობების წილი ორჯერ მაღალია განვითარებად ქვეყნებზე.
დაბალი განვითარების ქვეყნებში (LDCs) შინამეურნეობების მხოლოდ 15% -ს აქვს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ამ ქვეყნებში ინტერნეტ მომხმარებლების უდიდეს ნაწილს ინტერნეტზე წვდომა აქვთ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ან სხვა საერთო სახლს გარეთ არსებული საჯარო რესურსებით.
დსთ–ს ქვეყნებისთვის შინამეურნეობების მიერ ინტერნეტ ხელმისაწვდომობის პროპორციული მაჩვენებელი 2017 წლისთვის 70.4%-ის ტოლია.
ITU-ს 2016 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ინტერნეტ-ხელმისაწვდომობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში 2015 წლისათვის კომპიუტერით აღჭურვილი შინამეურნეობების პროცენტული მაჩვენებელია - 49.5%, ინტერნეტით აღჭურვილი შინამეურნეობების პროცენტულობა წარმოადგენს 44.8%-ს. ინტერნეტის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სარგებლობის / გამოყენების ინდიკატორის მიხედვით საქართველოში 2015 წლის მონაცემებით ინტერნეტით მოსარგებლე ინდივიდთა პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 45.2%–ს, ფიქსირებული ფართოზოლოვანი გამომწერები 100 მოსახლეზე - 14.6; ხოლო აქტიური მობილური ინტერნეტ გამომწერები 100 მოსახლეზე - 50.4.
ინტერნეტის მოხმარების სიხშირე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში:
18-24 ასაკის რესპონდენტების 37.2% მთელი დღის მანძილზე სარგებლობს ინტერნეტით, 25.7 % კი დღეში 4-5 საათის მანძილზე, დღეში 2-3 საათის მანძილზე 22.1%, დღეში ერთ საათზე ნაკლები 10.6% იყენებს, კვირაში რამდენიმეჯერ 6.0%, 2.7% კი კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს ინტერნეტს.
25-34 წლის ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტების 19.1% მთელი დღის მანძილზე სარგებლობს ინტერნეტით, 17.6% კი დღეში 4-5 საათის მანძილზე, დღეში 2-3 საათის მანძილზე 38.9%, დღეში ერთ საათზე ნაკლები 16.0% იყენებს, კვირაში რამდენიმეჯერ 4.6%, 3.8% კი კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს ინტერნეტს.
35-44 წლის ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების 14.3% მთელი დღის მანძილზე სარგებლობს ინტერნეტით, 22.3 % კი დღეში 4-5 საათის მანძილზე, დღეში 2-3 საათის მანძილზე 23.2%, დღეში ერთ საათზე ნაკლები 27.7% იყენებს, კვირაში რამდენიმეჯერ 7.1%, ხოლო 3.6% კი კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს ინტერნეტს. 45-54 წლის ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების 20.5% მთელი დღის მანძილზე სარგებლობს ინტერნეტით, 15.7% კი დღეში 4-5 საათის მანძილზე, დღეში 2-3 საათის მანძილზე 32.5%, დღეში ერთ საათზე ნაკლები დროით ინტერნეტს – 26.5% იყენებს, კვირაში რამდენიმეჯერ 2.4%. 55-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების 11.3% მთელი დღის მანძილზე სარგებლობს ინტერნეტით, 15.1% კი დღეში 4-5 საათის მანძილზე, დღეში 2-3 საათის მანძილზე 28.3%, დღეში ერთ საათზე ნაკლები 20.8% იყენებს, კვირაში რამდენიმეჯერ 13.2%, ხოლო 9.4% კი კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს ინტერნეტს. 65+ წლის ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების 4.2% მთელი დღის მანძილზე სარგებლობს ინტერნეტით, 12.5% კი დღეში 4-5 საათის მანძილზე, დღეში 2-3 საათის მანძილზე 16.7%, დღეში ერთ საათზე ნაკლები 33.3% იყენებს, კვირაში რამდენიმეჯერ 12.5%, ხოლო 12.5% კი კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს ინტერნეტს, და 8.3%-ს გაუჭირდა დასახელება. ინტერნეტის გამოყენების სიხშირე ასევე დამოკიდებულია რესპონდენტთა ასაკზე.
გრაფიკი #6: ინტერნეტის გამოყენების სიხშირე ასაკობრივ ჭრილში
ინტერნეტის გამოყენების ყველაზე მეტი პრაქტიკით ახალაგზრდების ჯგუფი გამოირჩევა, მათი დიდი ნაწილი ინტრნეტში მთელი დღის მანძილზეა ჩართული. ინტერნეტის გამოყენების პრატიკა მჭირდო კავშირშია ციფრული უნარების განვითარებასთან, მაგრამ ქსელში 12 საათის მანძილზე ყოფნა არ არის მისი ეფექტური და ეფექტიანი გამოყენების გარანტი. ინტერნეტ გამოყენების პრაქტიკის არსებობა ციფრული უნარების ჩამოსაყალიბებლად, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
დასკვნა/დისკუსია
ჰოლანდიელი სოციოლოგი ჟან ვან დაიკის მიერ გამოყოფილი ციფრული უთანასწორობის ინდიკატორთაგან საქართველოში ინფორმაციულ - კომუნიკაციური ტექნოლოგიების მატერიალური ანუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა - ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი მონაცემები და არაერთი ადგილობრივი კვლევაც ადასტურებს. ქვეყანა ჯერ კიდევ ინტერნეტში სრულად არ არის ჩართული. სხვა ქალაქებთან შედარებით თბილისი ყველაზე მეტად არის ინტერნეტიზირებული. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების სიხშირეს, აქ აქტიურობით ახალგაზრდები გამოირჩევიან.
რესპონდენტები ყველაზე ხშირად ინტერნეტს დღეში რამდენიმე საათს - 2-3 ან 4-5 საათს მოიხმარენ; ახალგაზრდები უფრო დიდი დროს ატარებენ ინტერნეტში, ვიდრე უფროსი ასაკის წარმომადგენლები. მთელი დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ინტერნეტს 18-22 და 23-29 წლის ასაკობრივი ჯგუფები იყენებენ.
ინტერნეტს რესპონდენტები, ძირითადად, ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობისათვის და გართობის მიზნით იყენებენ. მომხმარებლის ასაკის და განათლების დონის ზრდა ნეგატიურ კორელაციაშია ინტერნეტის გართობის მიზნით გამოყენებასთან; კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალი განათლების დონის მქონე მოქალაქეებს უფრო ხშირად უწევთ ინტენრეტისა და კომპიუტერის გამოყენება.
ციფრული უთანასწორობის შემდეგი ინდიკატორების – ციფრული უნარები და გამოყენების პრაქტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებს საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა სოციალური ქსელებს აქტიურად იყენებს. განსაკუთრებული პოპულარულობით Facebook-ი სარგებლობს; სოციუმში ინტერნეტის და ციფრულ ტექნოლოგის გასართობად და კომუნიკაციის მიზნით გამოყენება, ქართველი მომხმარებლის დაბალი დონის ციფრულ უნარებზე მეტყველებს.
ციფრული უთანასწორობა არ არის მხოლოდ ერთგანზომილებიანი პრობლემა და ის მრავალ დონეზე არსებობს. ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყანაში არსებული ციფრული უთანასწორობის დონე მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მსოფლიო ბანკის 2016 წლის კვლევის ანგარიში „ციფრული დივიდენდები“, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნების განხილვისას საქართველოში დასაქმების, ციფრული ჩართულობის, ელ-მმართველობის, გადასახადების გადახდის ელექტრონული სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შეფასებას ახდენს. კვლევაში განხილულ საკითხებს შორისაა განვითარებად ქვეყნებში სამუშაოს კომპიუტერიზაციის მაჩვენებელი. ავტორების განცხადებით, განვითარებად ქვეყნებში გაცილებით მაღალია ისეთი პროფესიების რაოდენობა, რომელსაც შესაძლოა ავტომატიზირება შეეხოს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პროფესიები უკვე აღარ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, განვითარებად ქვეყნებში ეს პროცესი შედარებით ნელა განხორციელდება, რადგან, ამჟამად ინფორმაციულ–კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს (ICT), ამ ქვეყნების ქალაქში მცხოვრებ დასაქმებულთა მხოლოდ 1/3 იყენებს.
ამ და სხვა კვლევის შედეგებმაც დაადასტურა, რომ საქართველოში ციფრული უთანასწორობა არსებობს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა და ციფრული უნარების ნაკლებობაა.
ბიბლიოგრაფია:
- წულაძე, ლ. ბერძენიშვილი, ა. ესებუა, ფ. კახიძე, ი. მაჭარაძე, ნ. კვინტრაძე, ა. კლდიაშვილი,დ. (2013). სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში: რეალური ვირტუალურის ძალაუფლება. თბილისი.
- Castells, M. (2010) The rise of the network Society(2nd ed.). Oxford:Wiley-Blackwell
- Dijk, J. V. (2012). The network society. Sage Publications.
- Dijk, J.V. Hacker, K. The Digital Divide As a Complex and Dynamic Phenomenon. The Information Society, 19: 315–326, 2003.Taylor and Francis.
- DiMaggio, P. & Hargittai, E. (2001) From the ‘digital divide’to ‘digital inequality’: Studying Internet use as penetration increases. Princeton: Center for Arts and Cultural Policy Studies, Woodrow Wilson School, Princeton University, 4(1), 4-2.
- Gurstein, M. (2003) Effective use: A community informatics strategy beyond the digital divide. First Monday, 8(12).
- Hassan, R. (2004) Media, Politics and The network Society. Open university press
- Hargittai, E. (2001) Second-level digital divide: Mapping differences in people's online skills. arXiv preprint cs/0109068.
- Loader, B. (1998) Cyberspace Divide. Routledge
- Mossberger, K. Tolbert, C. McNeal, R. (2008) Digital citizenship, Massachusetts Institute of Technology
- Norris, P. (2001). Digital divide: Civic engagement, information poverty, and the Internet worldwide. Cambridge University Press.
- Selwyn, N. (2004). Reconsidering political and popular understandings of the digital divide. New media & society, 6(3), 341-362.
- Webster, F. (2006) Theories of the information society. Routledge
- http://www.itu.int/en/ITU-D/Statistics/Pages/facts/default.aspx
- https://idfi.ge/ge/statistics-of-internet-users-in-georgia
- http://www.internetlivestats.com/
- http://www.internetworldstats.com/stats.htm
- http://www.utwente.nl/gw/vandijk/research/digital_divide/Digital_Divide_overigen/pdf_digitaldivide_website.pdf
- http://eprints.lse.ac.uk/2576/1/Information_society_and_the_digital_divide_problem_in_developing_countries_(LSERO).pdf
- http://www.newschool.edu/uploadedFiles/Milano/Academics/Faculty/urban_and_regional_research2001.pdf
- http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5704&info_id=6429
- http://www.socialbakers.com/facebook-statistics/georgia
- http://whatis.techtarget.com/definition/digital-divide
[1] ITU- International Telecommunications Union
[2] 2016 წლის ანგარიშში მოცემული სტატისტიკური მონაცემები 2015წელს არსებულ მდგომარეობას ასახავს.
[3] ICT-ხელმისაწვდომობა, ICT- გამოყენება და ICT-ი უნარების ინდიკტორები 11 ქვე-ინდექსის მეშვეობით ქვეყანაში არსებული ICT განვითარების ინდექსის მაჩევენებელს ადგენს.
[4] ITU ამ რეგიონის ყველა ქვეყნის მონაცემს არ ფლობს.
[5] კავკასიის შვიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN)ის მხარდაჭერით მკვლავრთა ჯგუფემა 2013 წელს „სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში: რეალური ვირტუალობის ძალაუფლება?“ ჩატარდა.
[6] ზემოთ აღნიშნული კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ნაშრომს, რომელიც ამავე წელს გამოქვეყნდა.