heder

Students’ Electronic Scientific Journal of the Faculty of Social and Political Sciences at Ivane Javakhishvili Tbilisi State University

E ISSN: 2346-7754



Journal of Young Researchers № 5 July 2017

International Development Aid and Georgia's Democratic Transformation in 21st Century
Shorena Lortkipanidze

რეზიუმე

თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, საერთაშორისო დახმარებას განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. 90-იან წლებში, საქართველო  არშემდგარი[1] სახელმწიფოების ჯგუფში  შედიოდა. მან პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის, ფართოდ გაუღო კარი საერთაშორისო დახმარების პროგრამებს, რომლებიც  ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში დღემდე ხორციელდება. ეს პროცესი საინტერსო დინამიკით ხასიათდება, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

წარმოდგენილ ნაშრომში გაანალიზებულია საერთაშორისო დახმარების თემატური განვითარება და დაფინანსების რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდისა და კლების ტენდენციები  საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. შესაბამისი თეორიული ჩარჩოს მიხედვით  შეფასებულია მისი გავლენა და მნიშვნელობა  სახელმწიფოს განვითარების პროცესში.

ნაშრომში მიმოხილულია განვითარების პოლიტიკის დღევანდელი კონტექსტი და მისი მომავალი, არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების კრიზისების ფონზე; ასევე ფოკუსირებულია სახელმწიფოებისა და საზოგადოების განვითარების თეორიული მექანიზმები, რაც მოიცავს შიდა და გარე ფაქტორების გავლენას სახელმწიფოს განვითარების პროცესზე. საერთაშორისო დახმარება განვითარებისთვის განიხილება, როგორც ერთ-ერთი მამოტივირებელი მექანიზმი სახელმწიფოების მშენებლობისა და განვითარების პროცესში.

სტატიაში წარმოდგენილია განვითარების პოლიტიკის ასახვის ტენდენციები საქართველოში. ბოლოს კი  გაანალიზებულია განვითარებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით მიღწეული შედეგების მდგრადობა და სოციალური კაპიტალის გამძლეობა (resilence) არსებული შიდა და საერთაშორისო გამოწვევების კონტექსტში. 

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო განვითარება, დემოკრატია, ტრანსფორმაცია, დემოკრატიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო დისკურსები. 

Abstract 

In the process of building of the  modern state international  development assitance was crucial for Georgia. In 90s of 20th century Georgia was qualified as a failed state. In this period international development aid was indispensable. Georgia widely opened the doors for bilateral and multilateral international development assistance programs. This process is characterized with interesting dynamics from academic and practical perspective. The article analyses thematic evolution of international aid programs, as well as trends in financing with account of international and local context. With the relevant theoretical framework the impact and importance of international development aid is assessed in the state building process. 

The article will discuss existing context of international development aid and will look into its future taking into consideration existing political, economic and security crisis. It will also focus on the theoretical perspectives of state development. International development assistance is regarded as one of the exogenous factors of state-building.

The article will focus on  development trends in Georgia based on work of the international development programs, as well as will analyse involvement of society in the democratization process. The resilience of social capital in the current internal and international crisis will be also discussed. 

Key words International development assistance, democracy, transformation, democratization, civil society, international discourses.  

შესავალი 

პოსტ-საბჭოთა სივრცეში, საერთაშორისო დახმარების პროგრამები ახალი ინტენსივობით 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, დაიტვირთა  ახალი სფეროებით  (სიღარიბის დაძლევა, დემოკრატია, სამოქალაქო ინტეგრაცია, ეკონომიკის განვითარება, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა  და ა.შ. ). მთელი ეს პროცესი ინტერესს იწვევს რამდენიმე თვალსაზრისით: პირველი– ეტაპობრივად მოხდა საქართველოს განვითარების მიმართულების ჩამოყალიბება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერით. ეს პროცესი თავის მხრივ, საერთაშორისო კონცეპტუალური და სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილი იყო და არის დღემდე; მეორე–  საერთაშორისო ინსტიტუტებმა გაითვალისწინეს მესამე სამყაროს ქვეყნებში მუშაობის წინა გამოცდილება, თუმცა იმავდროულად მნიშვნელოვნად შეცვალეს მიდგომები (მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა, რომელიც სწორედ, ცივი ომის შემდგომ გათავისუფლებულ ქვეყნებში წარმოადგენდა აქტუალურ თემას  ტოტალიტარული რეჟიმის გამოცდილების საპირწონედ); მესამე ასპექტს წარმოადგენს განვითარების პოტენციალი სოციალური კაპიტალის შექმნის თვალსაზრისით და ცვლილების დასავლური კონცეფციის შესაბამისობის ანალიზი არსებული პოლიტიკური, სოციალური, სამართლებრივი, ისტორიული და კულტურული ტრადიციის გათვალისწინებით.

მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება სიღარიბის დაძლევის კუთხით. ათასწლეულის განვითარების მიზნებმა თავისი როლი შეასრულა განვითარების დღის წესრიგის შექმნასა და განხორციელებაში; გაუმჯობესებულია ის სფეროები, რომელიც დემოკრატიის თვალსაზრისით, ათასწლეულის განვითარების მიზნებში იყო ჩამოყალიბებული, ამის მიუხედავად, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა.

“ფრიდომ ჰაუსის” ბოლო ანგარიშის მიხედვით, „2016 წელი ხასიათდებოდა გლობალური თავისუფლების კლებით, რომელიც გრძელდება უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში“.[2] დემოკრატიზაცია მრავალგანზომილებიანი პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს შიდა და გარე ფაქტორები, ასევე საერთაშორისო ტენდენციები და დისკურსები. 

მეთოდოლოგია 

ნაშრომში  გამოყენებულია ტრიანგულაციური მიდგომა, კერძოდ კი, შემდეგი თვისებრივი კვლევის მეთოდები: ლიტერატურის მიმოხილვა, მეორადი მონაცემების ანალიზი,   შემთხვევის (case study) ანალიზი, ექსპერტული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები და დისკურსის ანალიზი.

კვლევის მეთოდოლოგიური მხარე ეყრდნობა არსებული მასალების ანალიზს, კერძოდ: სამეცნიერო სტატიებს, წიგნებს, ოფიციალურ დოკუმენტებს, ანგარიშებს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დახმარების მიმღები ქვეყნების ოფიციალურ  ანგარიშებს, სტრატეგიულ დოკუმენტებს, კონცეფციებს, ასევე გავეცანი სალეჩოებისა და დონორი ორგანიზაციეის ვებ-გვერდებს.  სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა განვახორციელე ხელით ძებნის პრინციპით და ელექტრონული სამეცნიერო ბაზების (JSTOR და EBSCO) გამოყენებით. საძიებო ცნებებად გამოვიყენე: განვითარება, საერთაშორისო პოლიტიკა, დემოკრატიზაცია, განვითარების კვლევები,  საერთაშორისო თანამშრომლობა, დემოკრატია, ტრანსფორმაცია, საერთაშორისო დახმარება, სამოქალაქო საზოგადოება, გლობალიზაცია. მეორადი მონაცემების ანალიზი გამოვიყენე განვითარების სხვადასხვა ინდექსის შესასწავლად. საკვლევი თემის სიღრმისეულად შესასწავლად ჩავატარე არასტრუქტურირებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები, მიზნობრივად შერჩეული დარგის სპეციალისტებთან, რელევანტურ აქტორებთან და ექსპერტებთან. თვისებრივი მონაცემების გასაანალიზებლად გამოვიყენე  დისკურსის ანალიზის მეთოდი. 

ლიტერატურის მიმოხილვა და თეორული ჩარჩო 

ნაშრომი იკვლევს მიმღებ ქვეყანაში, დემოკრატიასა და საერთაშორისო დახმარების ძალისხმევას (პოლიტიკა, პროგრამები, ცალკეული დახმარების ინსტრუმენტები) შორის კორელაციას. საერთაშორისო განვითარებისათვის დახმარების მიზანს წარმოადგენს ქვეყნების დახმარება კეთილდღეობის მიღწევაში, სიღარიბის დაძლევაში და ასევე, მდგრადი სახელმწიფო დემოკრატიული  ინსტიტუტებისა და საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე.[3] თავის მხრივ, საერთაშორისო განვითარება ფართო კონცეფციაა, რომელიც სწავლობს განვითარების მასშტაბებს საერთაშორისო დონეზე.

ეკონომიკური და სოციალური წინაპირობები დემოკრატიის თანმდევი და განმაპირობებელია. დემოკრატიული პროცესები კი, ბიძგს აძლევს ქვეყნის განვითარებას. ის რასაც დახმარება განვითარებისთვის აკეთებს არის  წინაპირობებისა და ხელისშემწყობი გარემოს შექმნა ქვეყნების ტრანსფორმაციისათვის. სწორედ, ამ წინაპირობებზე აკეთებდა აქცენტს ამერიკელი სოციოლოგი და პოლიტიოლოგი მარტინ ლიპსეტი  სტატიაში: “დემოკრატიის ზოგიერთი სოციალური წინაპირობა: ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური ლეგიტიმაცია“[4] (Lipset, 1965). ლიპსესის მიხედვით, ეკონომიკური ეფექტურობა და პოლიტიკური ლეგიტიმაცია ის ფაქტორებია, რომელიც დემოკრატიის წინაპირობას წარმოადგენს. ცივი ომის დასრულების შემდეგ როგორც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა, ისე პოლიტიკური ელიტის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა,  პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. საჭირო იყო ამ პროცესის ტრანსფორმაცია  საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით.

ნაშრომის ამ თავში განვიხილავთ მოდერნიზაციის თეორიის კრიტიკულ მიდგომებს. ამ მიზნით, გავეცნობით სფეროს წამყვანი ექსპერტების და მეცნიერების  ნაშრომებს.  კრიტიკულად გავიაზრებთ პრჟევორსკის, ბოიქსის (Boix 2003), აჩემოღლუს  და რობისონის (2005), ინგლეჰარტისა და ველზელის (2005) მიდგომებს.

1959 წელს  ლიპსეტი წერდა „ეკონომიკურად რაც უფრო ძლიერია ქვყანა, რაც უფრო მეტია კეთილდღეობა, მეტი შესაძლებლობაა დემოკრატიისათვის“ (Lipset 1959, 75). ლიპსეტს ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მის მიერ შემოტანილი კორელაცია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალსა და დემოკრატიას შორის მეტად მარტივია, თუმცა ეკონომიკური განვითარების შემადგენელი ფაქტორები, როგორცაა ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია, სიმდიდრე და განათლება, ქმნის ერთ დიდ ფაქტორს, რომელიც კავშირშია პოლიტიკურ დემოკრატიასთან (Lipset 1960, 41), ეს არის ფაქტორები, რომლებიც ქმნიან დემოკრატიის პირობებს და არა საფუძვლებს. 1958 წელს ლერნერმა (Lerner D. 1958) დაადგინა კავშირი ურბანიზაციას, განათლებასა და კომუნიკაციის საშუალებებს (მედია) შორის, მისი აზრით, ეს ფაქტორები მოქალაქეთა მონაწილეობასა და პოლიტიკური ჩართულობის საფუძვლებია, რაც თავის მხრივ, დემოკრატიას აძლიერებს.[5]

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფაქტორები დამოუკიდებელი ცვლადების როლს ვერ ითამაშებს დემოკრატიზაციაში, რადგან თითქმის სამოცი წლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირში არ არის დემოკრატიასთან. მორი გამოყოფს ხუთ ფაქტორს, რაც ასევე გავლენას ახდენს პოლიტიკური რეჟიმის თავისებურებასა და განვითარების პერსპეტივაზე: ელიტებში ძალაუფლების გადანაწილება, მდიდარი ფენის ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველები, კლასების კონსტალაცია, კლასებს შორის ძალაუფლების გადანაწილება, სახელმწიფოს ავტონომია დომინანტ კლასთან მიმართებით. აქ ლიპსეტისა და მორის მიდგომები თანმხვედრია, საშუალო ფენა ქმნის დემოკრატიას, „არ არის ბურჟუაზია, არ არის დემოკრატია“ (Moore, 1966).

აპტერი (1965) წერს, რომ ზოგჯერ მოდერნიზაციის პროცესში, დემოკრატია დესტაბილიზაციის ფაქტორია, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე. 1968 წელს სამუელ ჰანტინგტონი მიიჩნევდა, რომ როდესაც პოლიტიკურ წესრიგზე კეთდება აქცენტი, სოციალური და ეკონომიკური განვითარება განსხვავებულია პოლიტიკური განვითარებისაგან. წესრიგი სუსტდება, როდესაც საზოგადოების მობილიზაციის დონე აღემატება ინსტიტუციონალიზაციის დონეს. ეკონომიკური განვითარება ხელს უწყობს პოლიტიკურ მობილიზაციას. თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში ჰანტინგტონმა შეცვალა თავისი მოსაზრება, წიგნში „მესამე ტალღა“ და დაასკვნა, რომ ეკონომიკური განვითარება და მოდერნიზაცია პირდაპირ არ ნიშნავს დემოკრატიას (Huntignton  S., 1993).[6]

დემოკრატიის მესამე ტალღა, რასაც ჰანტინგტონი პოსტ ცივი ომის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უწოდებს, მოთხოვნებს აყენებს არა ეკონომიკური უთანასწორობის ჭრილში, არამედ ადამიანების მისწრაფებას წინ აღუდგნენ ავტორიტარულ რეჟიმებს, მოიპოვონ და დაიცვან სამოქალაქო და ადამიანის უფლებები. ველზელი და ინგლჰარტი წერენ, რომ მოდერნიზაციის მთავარი ეფექტი არ არის ელიტების მიმღებლობა დემოკრატიის მიმართ, არამედ ხალხის შესაძლებლობა და ნება იბრძოლონ დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის“ (Welzel and Inglehart 2008, 136).

ველზელი და ინგლჰარტი ყურადღებას ამახვილებენ უბრალო ადამიანების როლზე  დემოკრატიზაციაში. აქ საუბარია,  ერთი მხრივ,  დემოკრატიული ღირებულებების გააზრებასა და მიღებაზე და შემდეგ ამ ღირებულებების გადატანაზე დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობისა და ფუნქციონირების პროცესში. აქ ირთვება სოციალური მექანიზმი, რომელიც მიკრო დონის ემანსიპატორულ ღირებულებებს გარდაქმნის მაკრო დონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. 

ინგლჰარტი და ველზელი (2005, 25) აღნიშნავენ, რომ ინდუსტრიალიზაცია და პოსტ ინდუსტრაილიზაცია  ეკონომიკური ფაზებია, რომლებიც სხვადასხვაგვარად მოქმედებს საზოგადოებაზე: ინდუსტრიალიზაციას ახლავს  ბიუროკრატიის შექმნა, ცენტრალური მმართველობის განვითარება, რაციონალიზაცია, და სეკულარიზაცია. ხოლო პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია აქცენტი ავტონომიაზე, არჩევანზე, კრეატიულობასა და თვითგამოხატვაზე.  ასევე მნიშვნელოვანია ხალხის მიმართება და დამოკიდებულება  ხელისუფლებასთან (Inglehart and Welzel 2005, 19-20).[7]

ეკონომიკური ფაქტორები, ღირებულებები, კულტურული თავისებურებები და დემოკრატიის მოთხოვნილება განვითარების ერთგვარ საფუძვლებსა და ორიეტირებს წარმოადგენს. საერთაშორისო დახმარების პროგრამების საერთაშორისო განვითარება ამ მიმართულებით ეხმარება ხელი ქვეყნებს. 

სახელმწიფოს განვითარების მექანიზმები 

სახელმწიფოს განვითარების მექანიზმების შესახებ რამდენიმე მიდგომა არსებობს.  ჩარლზ ტილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შენების ერთ-ერთი მექანიზმია ომის წარმოება შიდა და გარე მტრების, მოწინააღმდეგეების მოშორების მიზნით, ამ პროცესში ის აძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს გარე უსაფრთხოების მისაღწევად და პოლიციას,  შიდა უსაფრთხოების დამყარებისთვის (Tilly C. 1992).

მეორე მოსაზრება უკავშირდება სახელწიფოს განვითარებას გარე ინტერვენციების გზით. სტიუარტი და კნაუსი (Steward and Knaus 2012) სვამენ კითხვას “მუშაობს, თუ არა ინტერვენცია?“ ამ კითხვაზე პასუხი ამგვარია: ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყნებს შექმნან სახელმწიფოები, დაასრულონ ომები და მივაწოდოთ შესაბამისი რესურსი.  თუმცა აღნიშნული თეორია, ამგვარი პროექტების ჩავარდნის გამო, კრიტიკის ქვეშ მოექცა.[8]

საგარეო დახმარების საშუალებით სახელმწიფოს მშენებლობა სახელმწიფოს განვითარების კიდევ ერთი მექანიზმია, რომელსაც მრავალი კრიტიკოსი ჰყავს. პრიჩეტი, ვულკოკი და ანერიუსი (Pritchett, Woolcock and Andrews 2013) აანალიზებენ სახელმწიფოების განვითარების გზაზე არსებულ პრობლემებს, და აღნიშნავენ, რომ დახმარება განვითარებისთვის უშედეგოა. მოჰყავთ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მაგალითი, როდესაც მიუხედავად დახარჯული მილიარდებისა, ქვეყნები კონფლიქტებსა და კორუფციაში იყვნენ ჩაფლული. პრიჩეტი მიიჩნევს, რომ უმეტეს შემთხვევაში, განვითარებადი ქვეყნები იმეორებენ განვითარებული ქვეყნების ინსტიტუციებს, რაც მიბაძვად რჩება და ინსტიტუტები შინაარსს ვერ ვერ იძენენ (Pritchett, Woolcock and Andrews 2013). ასევე პრობლემური საკითხია ელიტების შიდა დემოკრატიული განვითარებისა და ტრანსფორმაციის  მიმართ რიგიდულობა, რაც გამოიხატება არაეფექტურ მართვაში. ამის შედეგად,  საზოგადოების მოლოდინების იმედგაცრუება გარდაუვალია საერთაშორისო დახმარების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი კარგად გამოიყენება ზოგიერთი პოლიტიკური ძალების მხრიდან,  მაგალითად რუსეთის მიერ ანტიდასავლური  პროპაგანდის გასაძლიერებლად.

საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის ძირითადი რეკომენდაციები ინსტიტუციური მნიშვნელობას უკავშირდება (World Bank Group Report: Governance and the Law, 2016). საერთაშორისო დახმარება ქმნის საშუალებას და გარემოს დემოკრატიული განვითარებისა და ფუნქციური ინსტიტუტების მშენებლობისათვის. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, საქართველოს მიერ მიღებული დახმარების თემატიკისა და მიღებული დახმარების რაოდენობის კორელაცია ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებთან. 

შემთხვევის ანალიზი _ საქართველოს მაგალითი 

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით 2015 წლისათვის საქართველოს ოფიციალურ დახმარებას განვითარებისათვის (ODA)  წარმოდგენდა 447,670,000 აშშ დოლარი.  2015 წელს ეს მოცულობა მთავრობის ხარჯების 12.5 % წარმოდგენდა.  რაც ასევე ერთ სულ მოსახლეზე 120 აშშ დოლარს წარმოდგენს. 2014 წლის მონაცემებით ოფიციალური დახმარების მოცულობა 501,450,000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამ მოცულობაში შედის ყველა ის ფინანსური რესურსი, რასაც ქვეყანა იღებს სხვადასხვა დონორისაგან. ყველაზე დიდი დონორები არიან ევროკავშირი და აშშ.

საქართველომ 24 წლის განმავლობაში ამერიკისაგან საგარეო დახმარების სახით მიიღო 1.5 მილიარდი დოლარი.[9] 2005 წლიდან ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მიერ ეტაპობრივად იცვლებოდა და ფართოვდებოდა დაფინანსების კატეგორიები. 2003 წელს  „ვარდების რევოლუციის“ ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანები იდგა. ამ ამოცანების პასუხი დონორის მხრიდან ფინანსური დახმარების მიზნობრიობაში კარგად ჩანს.  2005 წელს საგარეო დახმარება ორ მთავარ კატეგორიას ითვალისწინებდა: ეკონომიკური განვითარება და მულტისექტორული დახმარება. 2006 წლიდან გაფართოვდა დახმარების კატეგორიები: მშვიდობა და უსაფრთხოება (სრული დახმარების 41 % შეადგენდა), ეკონომიკური დახმარება  (26 %), დემოკრატია და ადამიანის უფლებები (18 %), ჯანდაცვა (7.66 %), ჰუმანიტარული დახმარება (3.4 %), განათლება და სოციალური მომსახურება (1.9 %), რამაც სულ 85.59 მილიონი შეადგინა.[10]

2007 წელს სურათი ასეთია: მთლიანი დახმარება 74.69 მილიონს შეადგენს, კატეგორიებს ემატება პროექტების მენეჯმენტი.[11] 2008 წელს სრული დახმარება შეადგენს 378.85 მილიონ აშშ დოლარს. აქედან მნიშვნელოვანად შემცირდა მშვიდობისა და უსაფრთხოების კატეგორიის მოცულობა და მთელი აქცენტი გადავიდა ეკონომიკურ განვითარებაზე. შემოდის გარემოს დაცვის კატეგორია მცირე ოდენობით. 2009 წელს, ომის შემდეგ, სრული მოცულობა 311.82 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ჰუმანიტარული დახმარების ოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია და შეადგენს სრული დახმარების 17 %-ს. ამავე დროს საინტერესოა ის, რომ შეიმჩნევა დაფინანსების მიხედვით კატეგორიების თანაბრად გადანაწილება.

2010 წელს კვლავ მნიშვნელოვანი ხდება მშვიდობა და უსაფრთხოება, მცირდება ჰუმანიტარული დახმარების ხარჯები. დაფინანსების სამეულში შედის დემოკრატრია და ადამიანის უფლებები (17.95 %).

2011 წელს საგარეო დახმარება შეადგენდა 140.88 მილიონი აშშ დოლარი. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მმართველობა კვლავ დაფინანსების სამეულში შედიოდა.

2012 წელს 149.25 მილიონი აშშ დოლარს წარმოადგენს აშშ საგარეო დახმარება. დემოკრატიის კატეგორიის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარს მოიცავდა.

2013 წელს  სრული დახმარება 110.71 მილიონ აშშ დოლარს წარმოდგენს. აქედან დემოკრატიის მიმართულებით დახმარება კვლავ სამეულში იყო..

2014 წელს აშშ დახმარებამ შეადგინა 97.60 მილიონი აშშ დოლარი. აქედან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის მიმართულებით კვლავ მაღალ დონეზე იყო შენარჩუნებული დახმარების რაოდენობა, თუმცა მნიშვნელოვანია მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულება და ეკონომიკური განვითარება.

2015 წელს სრული დაფინანსება 75.47 მილიონ აშს დოლარს შეადგენდა. დემოკრატიის კატეგორია მეორე ადგილზე იყო და შეადგენდა სრული დაფინანსების 27 %-ს. გარემოს კატეგორია შემოდის 4 %-ით.

2016 წელს სრულმა დაფინანსებამ შეადგინა  55.68 მილიონი აშშ დოლარი. შემცირდა სრული დაფინანასება.  დაფინანსების რეიტინგში, დემოკრატია მეორე ადგილზე იყო, თუმცა მთავარი აქცენტი გადადის მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამებზე.

2017 წელს, აშშ საგარეო დაფინანსება 90.33 მილიონი აშშ დოლარია, აქედან მთავარი აქცენტები მოდის ეკონომიკურ განვითარებაზე, დემოკრატიაზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების კატეგორიებზე.

საგარეო დახმარების არსებული დინამიკა ითვალისწინებს საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით მიმდინარე  პროცესებს.

პრაქტიკულად, ქვეყნის მოდერნიზაცია 2004-2012 წლებში მოხდა. ფაქტია, რომ რეალური ბიძგი საერთაშორისო დახმარების ინტენსიფიკაციაში იყო, რასაც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო იღებდა განვითარებისთვის, ოფიციალური დახმარების[12] სახით, რომელიც თავის მხრივ, გლობალური განვითარების სტრატეგიების ნაწილი იყო. ათასწლეულის განვითარების მიზნები აისახა ყველა დონორი ორგანიზაციისა თუ ქვეყნის საგარეო დახმარების სტრატეგიაში. აკადემიური სფეროსა და ექსპექტების მთავარი რჩევა ინსტიტუციურ ცვლილებებში ინვესტირება იყო, სწორედ, ამ მიზნით მოხდა მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია.

საერთაშორისო დახმარების ერთი ასპექტია, დაფინანსების რაოდენობა და კატეგორიის მიხედვით გადანაწილება, თუმცა მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტია, როგორ აისახება კატეგორია კონკრეტულ სტრატეგიაში.

მაგალითად, რომ შევადაროთ ერთმანეთს საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვას შემთხვევაში[13] USAID სტრატეგიები, ნათელი გახდება აქცენტები, რაც განსაზღვრავს განვითარების ფოკუსს. თუმცა ეს სტრატეგიაც მიმღები ქვეყნის ინტერესებით არის განსაზღვრული და დონორი მას ათანხმებს მიმღები ქვეყნის მთავრობასთან.[14]

ფაქტია, რომ დონორის სტრატეგიული ინტერესები მნიშვნელოვანია. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სტრატეგიაში, მიზნად გამოტანილია დემოკრატიის განვითარება[15]. აზერბაიჯანის სტრატეგიაში[16] აქცენტი კეთდება კონკურენციისა და პლურალიზმის, ასევე საბაზრო დემოკრატიის განვითარებაზე. მოლდოვას შემთხვევაში კი, სტრატეგიის მიზანია,  გაუმჯობესებული მმართველობა და ცხოვრების სტანდარტები.[17]

შესაბამისად, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული სტრატეგიების მიმართულებები გამომდინარეობს, ერთი მხრივ, როგორ აღიქვამს საჭიროებებს დონორი, როგორ აღიქვამს საჭიროებებს მიმღები სახელმწიფო და რა ინტერესები აქვს თითოეულ მათგანს.

მიუხედავად, სტრატეგიაში პლურალიზმის ჩანაწერისა, აზერბაიჯანში ხდება სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი აზრის ჩახშობა, ხოლო პროცედურების თვალსაზრისით, არამომგებიანი, არასამთავრობო  ორგანიზაციის დარეგისტრირება 2011 წლიდან იმდენად გართულდა, რომ დონორების მუშაობა შეუძლებელი გახდა.[18] დონორების უმრავლესობამ დატოვა აზერბაიჯანი. დღეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია აღარ ფუნქციონირებს. ამ დროს აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6,115 აშშ დოლარია (2015 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემები), რაც აღემატება საქართველოსა და მოლდოვას მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე.[19] 

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე

წყარო: მსოფლიო ბანკი 

აზერბაიჯანის მაღალი მშპ მიუხედავად, მისი არც ერთი ეკონომიკური პარამეტრი არ არის დამაკმაყოფილებელი: ეკონომიკური თავისუფლების დონე, საკუთრების უფლება, შრომითი უფლებები და  თავისუფლებები დაბალი საერთაშორისო შეფასებით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან რესურსებს ფლობს, მისი გადანაწილება ასიმეტრიულია. რაც პოლიტიკური არასტაბილურობის წინაპირობა შეიძლება გახდეს (Apter 1965).

 

დახმარების რაოდენობა  აზერბიჯანი, მოლდოვა, საქართველო

წყარო: მსოფლიო ბანკი 

აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ვეხებით, განვითარება პირდაპირ არ ნიშნავს დემოკრატიას. მიუხედავად იმისა, რომ 2008-2012 წლებში საქართველო, მაგალითად აშშ–ის მხრიდან მნიშვნელოვან დახმარებას იღებდა, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს დემოკრატიის რეიტინგები საკმაოდ დაბალი იყო, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუმცა 2008 წლიდან სამოქალაქო საზოგადოებაში, ინვესტირებული დაფინანსებისა და გაძლიერების პროგრამების შესაბამისად,  სამოქალაქო საზოგადოება განვითარდა და გაძლიერდა, რამაც  სააკაშვილის მმართველობის დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი.[20] ხოლო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ძალაუფლება პირველად შეიცვალა  მშვიდობიანად ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეზე.

ცვლილებების ლოგიკა, რაც განვითარების პროგრამების სტრუქტურირების ინსტრუმენტია, რამდენიმე ტიპის ცვლილების მიღწევას გულისხმობს: ურთიერთობები, ქცევა, სტრუქტურები, ინსტიტუტები და ღირებულებები.

საერთაშორისო დახმარების პოლიტიკა სწორედ ამ ცვლილებების განხორციელებაზე არის ორიენტირებული, ისევე როგორც ქვეყნების მიზანია, გარდამავალ პერიოდში შეძლონ ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების მიღწევა. 

დახმარების თემატური პროგრამების ევოლუცია 

სიღარიბის დაძლევის პროგრამები მომდინარეობს ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამები მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა იმ თეორიულ ჩარჩოს, რომელიც ამბობს,  რომ მოქალაქეთა გაძლიერების გარეშე შეუძლებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების მიღწევა და შესაბამისად, ეფექტური ინსტიტუტების არსებობა. ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ამოცანა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტოტალიტარიზმის გამოცდილების მქონე რეჟიმებში არსებული არადემოკრატიული ტრადიციის დაძლევისათვის.

გარემოს დაცვის საკითხები, 2000-იანი წლების ბოლოდან აქტუალიზდება დონორების დახმარების პროგრამებში. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ამ მიმართულებით გაეროს და მის ორგანიზაციებს სახელმწიფოების მხარდაჭერაც დაემატა და იგი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა.

2000-იანი წლებიდან იწყება დისკუსიები მრავალფეროვანი საზოგადოების მართვის შესახებ,[21] რაც გულისხმობს ტოლერანტობის ღირებულების, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების საკითხების აქტუალიზებას არა მარტო საზოგადოებრივ, არამედ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ის, რომ 2005 წლიდან საქართველოში დაიწყო აშშ განვითარების სააგენტოს დიდი პროგრამა, რომელიც  სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე აკეთებდა აქცენტს.[22]

მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების საკითხების აქტუალიზაცია როგორც ათასწლეულის განვითარების მიზნების ჩარჩოებში, ისე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325 ფარგლებში (რეზოლუცია: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება).

ცხადია, რომ საერთაშორისო განვითარების პროგრამული მიმართულებები აისახება ეროვნულ  პოლიტიკაში. თუმცა რამდენად ჩართულია ამ პროცესებში ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და რამდენად იზიარებს ამ ღირებულებებს? რამდენად უმაგრებს ზურგს ეკონომიკური განვითარება დისკურსულ ცვლილებებს? ამ საკითხებზე მსჯელობისას ბუნებრივად ჩნდება ეს კითხვები.  თეორიული ჩარჩოს მიხედვით, ეკონომიკური განვითარება ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, მაგრამ მთავარი კომპონენტია  პოლიტიკური ელიტისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ  ცვლილებების გათავისებაა 

(ინტერნალიზაცია), რის შემდეგად იგი ამ ცვლილებების გამტარებელი ხდება.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველო საერთაშორისო რეიტინგების საშუალო შეფასებებში ხვდება.

საგრძნობი მიღწევების მიუხედავად, საქართველო რჩება გარდამავალ ქვეყნად. „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგების მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება „ნახევრად თავისუფალი ქვეყნების“ კატეგორიას.[23] ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საქართველო შედის დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნების ჯგუფში.[24] ამავდროულად, საქართველო იღებს დადებით შეფასებებს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში.[25] ქვეყანამ ასევე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს კორუფციასთან ბრძოლასა და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციაში. ბოლო წლებში საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესდა  და ქვეყანამ 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილი დაიკავა და 2015 წლის მონაცემები 8 ადგილით გააუმჯობესა.[26]

საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსი 2015 წლისათვის იყო 0.769—ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ადამიანის მაღალი განვითარების მქონე ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, 188 ქვეყნიდან 70-ე ადგილი უჭირავს. 2000-2015 წლებში ადამიანის 14.3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

1980-დან 2015 წლამდე საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ მოიმატა 5 წლით, ხოლო სკოლაში სწავლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზარდა 0,2 წლით. საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 1995-2011 წლებში გაიზარდა დაახლოებით 192.0 %–ით

ამასთან, თუ ავიღებთ უთანასწორობის მიხედვით ადამიანის განვითარების კორექტირებულ  ინდექსს, ის 15.3 პროცენტიან ვარდნას განიცდის, რაც ქვეყანაში უთანასწორობის შედარებით მაღალ დონეზე მიუთითებს.[27]

სოციალური პროგრესის იმპერატივის[28] შეფასების მიხედვით საქართველოს დადებითი მაჩვენებლები აქვს საბაზისო ადამიანური მოთხოვნილებების - კვებისა და საბაზისო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით, თუმცა პრობლემურია თავშესაფრის კომპონენტი (დევნილების საკითხები). კეთილდღეობის საფუძვლების ნაწილში მაღალი შეფასება აქვს საბაზისო განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ხოლო პრობლემურია გარემოს მდგომარეობის კომპონენტი. შესაძლებლობებისა და არჩევანის კომპონენტის მიხედვით, საქართველოს  დადებითი შეფასება აქვს პირადი უფლებების მიმართულებით, თუმცა მდგომარეობა გასაუმჯობესებელია ტოლერანტობისა და ინკლუზიური მონაწილეობის თვალსაზრისით. [29]

გენდერული უთანასწორობის ინდექსი ასევე აჩვენებს საქართველოში მამაკაცებსა და ქალებს შორის უთანასწორობის პრობლემას. 2016 წლის მონაცემებით 90-ე ადგილს იკავებს 148 ქვეყანას შორის.[30]

გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის მხრივ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილებების მიღწევა ძნელდება.[31] მიუხედავად, განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს, ინსტიტუციური მექანიზმების შექმნასა[32] და დიდი მრავალწლიანი გენდერული პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს,

სამოქალაქო გაძლიერება (civil empowerment) კულტურული ცვლილების თეორიის უმთავრესი კომპონენტია. ინგლჰარტისა და ველზელის თეორიის მიხედვით, საზოგადოებაში თვით-გამოხატვის ღირებულებების გაჩენა ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. თვითგამოხატვის ღირებულებები კი კავშირშია  ფინანსური კაპიტალისა და ეკონომიკური რესურსების ზრდასთან (შემოსავალი და სიმდიდრე), ადამიანური კაპიტალისა და კოგნიტური რესურსების განვითარებასთან (ინფორმაციასა და ცოდნაზე ხელმისაწვდომობა)  და სოციალური კაპიტალის შექმნასთან (ადამიანებს შორის კავშირებისა და ქსელების დივერსიფიცირება). ამ პროცესში მცირდება შეზღუდვები და ფართოვდება არჩევანი, სწორედ არჩევანის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მოთხოვნის ზრდის შედეგად, ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები.

განვითარების თვალსაზრისით, ევროკავშირის დახმარება ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის დემოკრატიზაციისათვის. 2014-2017 წლებში ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ორმხრივი დახმარების ფარგლებში საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსება მერყეობს  335-410 მილიონ ევრომდე, რაც დამოკიდებულია გაჩენილ საჭიროებებზე. გარდა ამისა, საქართველო სხვა რესურსსაც იღებს ევროკავშირისაგან, რომელიც გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაფინანსებული „ქოლგა პროგრამებისაგან“. თემატურად ეს დაფინანსება ფარავს შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ტექნიკური დახმარება, რაც ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე 2015 წლიდან ძალაშია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამა (civil society facility), რომელზეც სულ 7 მილიონი ევროა გამოყოფილი. 

დასკვნა 

საერთაშორისო დახმარების გამოყენება შიდა ტრანსფორმაციის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის.

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ხელს უწყობს ადგილობრივი მოქმედი სუბიექტების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. სამოქალაქო საზოგადოება კი, ამ გარემოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისი ფუნქციებით (watchdog, ანუ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დარაჯი, საზოგადოების სხვადასახვა ჯგ’/უფის ინტერესების დამცველი, მათი უნარებისა და შესაძლებლობის გაძლიერებაზე მზრუნველი, პოლიტიკურ დიალოგში ჩართული, პოლიტიკაზე მონიტორინგის განმახორციელებელი და ა.შ.).  პოლიტიკური პლურალიზმი და პოლიტიკური ელიტების  პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი შიდა საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროცესების დემოკრატიულობის ხარისხს.

ველზერი და ინგლჰარტი დემოკრატიის მოთხოვნილებას მუდმივ მოქმედ ფაქტორად  მიიჩნევენ საზოგადოებაში, ამას მოწმობს არაერთი კვლევა.[33] თუმცა იმავდროულად  ტრადიციული და კულტურული ფაქტორები გარკვეულ როლს თამაშობს დემოკრატიული ღირებულებების გააზრებისა და დამკვიდრების პროცესში. ელიტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური როლი და საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია განსაზღვრავს დემოკრატიული ღირებულებების მიღებას, გადატანას და გაზიარებას ნაციონალურ ღირებულებებში.

მაგალითად, გარემოს დაცვის საკითხები, გენდერული თანასწორობა, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული რეფორმა[34] ის სფეროებია, რომელიც  ე.წ. მეინსტრიმული დისკურსის გარეთ  რჩება, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი საერთაშორისო ძალისხმევა იხარჯება.

ამავდროულად საზოგადოება უფრო მიმღებელი რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ, აღელვებს გენდერული ძალადობის საკითხები, თვალი გაუსწორა რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას, თუმცა ყველა საერთაშორისო კვლევა მოწმობს, რომ ტოლერანტობის პრობლემა კვლავ რჩება საზოგადოებაში. ასევე არის საფრთხე, რომ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღების პროცესი ჩაკეტილია ერთპარტიულ ან უარეს შემთხვევაში,  მცირე ჯგუფის ჩარჩოში. რაც რა საკვირეველია, ვერ პასუხობს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გადაწვეტილების მიღების  ჩაკეტილი პროცესი ხელს უშლის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რაც ზემოთ დემოკრატრიის წინაპირობებში მიმოვიხილეთ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დემოკრატიული განვითარებისათვის.

საქართველო ერთგვარ ჰიბრიდს წარმოდგენს, სადაც ვხვდებით როგორც მოდერნიზმის (აქცენტირებულია ეკონომიკური განვითარება, ტექნოლოგიური განვითარება, სოციალური უფლებები) ასევე პოსტმოდერნიზმის (ძირითადი ხაზია ინდივიდუალური თავისუფლება და თვითგამოხატვა, ალტერნატიული ხედვები და ა.შ.) დამახასიათებელ ნიშნებს. გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოს შემთხვევაში მოხდა სახელმწიფოს მშენებლობის ზემოთ ჩამოთვილი მექანიზმების  გამოყენება (ომი და საერთაშორისო დახმარება), დღეს დღის წესრიგშია ადგილობრივი  საზოგადოების მიერ გაზიარებული განვითარების პროცესის გაძლიერება და ამ პროცესში საქართველოსთვის სასიცოცხლო საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნება (Kersting, Erasmus; Kilby, Christopher 2014). გასათვალისწინებელია გარე ფაქტორები, როგორც საფრთხე, განსაკუთრებით,  რუსეთის როლი რეგიონში,  რომელიც ეფექტურად სარგებლობს საქართველოს სისუსტეებით.

საქართველო ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.[35] ამავე დროს განსხვავებული ჩარჩო საჭიროა იმისათვის, რომ გავიაზროთ განვითარების პროცესი. ეკონომიკური ფაქტორებისა და დემოკრატიას შორის პირდაპირი კავშირი არ არის. თუმცა ამ მიმართებაში დემოკრატია ქმნის სამართლიანობისა და თანასწორობის მექამიზნებს, რომელსაც ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა ემყარება. საბჭოთა პერიოდში საქართველოში მოდერნიზაციის პროცესი შეეხო ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სრულიად განსხვავებული პროცესი დაიწყო, არსებული სოციალური და ეკონომიკური სისტემის რღვევას მოჰყვა  ახალ პრინციპებსა და სისტემაზე გადასვლის რთული ეტაპი. მას თან ახლდა ტრადიციული და რელიგიური ღირებულებების ერთგვარი აღორძინება.  ჩვენი ამოსავალი ამ შეთხვევაში, კულტურული ცვლილებების თეორიაა, რომელიც ამბობს, რომ განვითარების პროცესში ღირებულებების ცვლილებები ხდება, რაც გულისხმობს  დემოკრატიული პრინციპების რაციონალიზაციასა და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას. ამ პროცესში კი, ეკონომიკური ბიძგი უმნიშვნელოვანესია.

რა ვითარება გვაქვს დღეს? დასავლური მხარდაჭერის შედეგად საზოგადოება პროაქტიულია, სამოქალაქო საზოგადოებას შესწევს უნარი გააპროტესტოს არადემოკრატიული გადაწყვეტილებები და გარკვეულ დღის წესრიგს სთავაზობს ხელისუფლებას, თუმცა გადაწვეტლების მიღებაზე გავლენა სუსტია. სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია მობილიზება, ამავე დროს სამოქალაქო სექტორის საზოგადოების ფართო ფენებთან კავშირი არის არის საკმარისად მყარი, იმისათვის, რომ ტრანსფორმაციული პროცესების მიმართ მეტი მხარდაჭერა იყოს საზოგადოებაში.

დღეს მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხები ექცევა განვითარების საერთაშორისო დღის წესრიგში (world Bank, Governance and the Law, 2016). გლობალურ კონტექსში სამი უმთავრესი მიმართულებას გამოყოფენ: უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა და სამართლიანობაზე დაფუძნებული თანასწორობა (equity). მათზე რეაგირება და შესაბამისი ეფექტური სტრატეგიების შემუშავება დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების, პასუხისმგებელი პოლიტიკური ელიტებისა და ჩართული და  სამოქალაქო საზოგადოების ერთობლიცი ჩართულობის გარეშე შეუძლებელ მისიას წარმოადგენს. პოლიტიკური დღის წესრიგი გადაწონის ეკონომიკურ მიზნებს, რადგან დღეს გლობალურ პროცესებში ჩართულობა და ინტეგრირება წარმოადგენს მათ შორის,  ეკონომიკური ზრდის გასაღებს. ხოლო საერთაშორისო დახმარება ჯერჯერობით უალტერნატივო ინსტრუმენტია გლობალური  განვითარების პროცესში, რომელიც ლოკალურ დონეზე სახელმწიფოთა ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 


ბიბლიოგრაფია:

 

Acharaya, A., (2014), Global International Relations (IR) and Regional Worlds. International Studies Quaterly, 1-13.

Agathangelou A. Ling L.H.M., (2010). Transformation of World Politics, from Empire to multiple worlds, Routledge

Amartia S., (1999), Freedom as Development, Oxfor University Press

Anthony Giddens, MARX, WEBER, AND THE DEVELOPMENT OF CAPITALISM Sociology Vol. 4, No. 3 (September 1970), pp. 289-310Published by: Sage Publications, Ltd. Stable URL: http://www.jstor.org/stable/42854126 Page Count: 22

Corbridge , S. (ed)(1995), Development Studies a Reader. London: Arnold

Tilly C. (1992), Coercion, Capital and European States, A.D. 990 - 1992 Revised Edition.

European policy brief, http://ec.europa.eu/research/science-society/document_library/pdf_06/optimising_civil_society_participation.pdf

Finney, J. (1970). Time and again. New York, NY: Simon and Schuster.

Fukuyama F. (1999). The Great Disruption, Human Nature and Reconstruction of Social Order

Hardt M., Negri A. (2001). Empire.  Harvard University Press

Lerner D. (1958)Passing of Traditional Society of Traditional Society: Modernizing the Middle East

Nodia G. Ed (2016). 25 Years of Independence, Georgia, Achievments and Unfonished projects

http://www.csdialogue.eu/sites/default/files/mapping_study_of_engagement_in_policy_in_georgia.pdf

ნოდია გ. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგი

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--.%2e-4----4---0-1l--11-en-00---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-1utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL1.24.1&d=HASHda6e02eb0243e989187a90.4

Inglehart, R, Welsel C. (2005), Modernization, Culture Change. (New   York: Cambridge University Press

Inglis D., Thorpe Ch., (2012), An Invitaion to Social Theory, Polity Press

Karns M., Mingst K. A., (2010). International Organizations, The politics of Global Governance, second edition

Nef J., (1999). Human Security and Mutual Vulnerability: The Global Political Economy of Development and Underdevelopment, (IDRC)

Nicholas Spina, Christopher Raymond, Civil Society Aid to Post-communist Countries, POLITICAL STUDIES: 2014 VOL 62, 878–894

Orysia Lutsevych, How to finish a revolution: civil society and democracy in Georgia, Moldova and Ukraine, briefing paper, Chatham house, January 2013

Rist Gilbert, (2014). The History of Develoment, fourth edition, zed books

Selected essays from Development in Practice Introduced by Jenny Pearce A Development in Practice Reader Series Editor: Deborah Eade; ihttp://www.developmentinpractice.ordg/sites/developmentinpractice.org/files/Development,NGOs%20and%20Civil%20Society.pdf

Siegel, D., & Yancey, J. (1992). The Rebirth of Civil Society. New York: Rockefeller Brothers Fund

The South Caucasus 2018, Facts, Trends, Future Scenarios (2013), Konrad Adenauer Stiftung Publication.

Sumner A., Michael T., (2011). International Development Studies, Theories and Methods in Research and Practice, sage publications

Thomas A. (2004) The Study of Development. Paper prepared for DSA Annual Conference,

Thomas, A. (2000) “Development as practice in a libera;l capitalist world “ Journal of International Development , 12 (6):773-787

Thomas, C. (2000) Global Governance, development and Human Security, (London: Pluto)

Evans ., Rueschemeyer D., and Skocpol T. (1985) War Making and State Making as Organized Crime Charles Tilly in Bringing the State Back In (Cambridge: Cambridge University Press)

Almond G., Verba S., (1963) The Civic Culture: Political Attitudes and Democracy in Five Nations URL: http://www.jstor.org/stable/j.ctt183pnr2 

 

სტატიები:

https://www.theguardian.com/global-development/2015/aug/05/aid-should-be-seen-as-foreign-public-investment-not-just-charity

E. Chomakhidze and S. Lortkipanidze, “Peculiarities of the Georgian Society Value System, ”Scientific Papers of Sokhumi University, 2013.

January 2006

Moss T.,  Pettersson G., and Van de Walle N.,Working Paper Number 74, January 2006. A Review Essay on Aid Dependency and State Building in Sub-Saharan Africa, An Aid-Institutions Paradox?

http://altreecapital.com/images/pubs/Aid%20Dependency%20and%20State%20Building%20in%20SSA_Jan%202006.pdf

Kersting, Erasmus; Kilby, Christopher, Source: European Economic Review, April 2014, v. 67, pp. 125-43

http://web.a.ebscohost.com.lez.tsu.edu.ge:2048/ehost/detail/detail?vid=8&sid=830f847b-4d77-4adc-b709a64db690a30b%40sessionmgr4007&bdata=JnNpdGU9ZWhvc3QtbGl2ZQ%3d%3d#AN=1429622&db=eoh 

 

ანგარიშები

1. ASSESSMENT OF DEVELOPMENT RESULTS

Evaluation of UNDP contribution, 2010

https://www.oecd.org/countries/georgia/47861316.pdf

2. Asian development Bank member factsheet

https://www.adb.org/sites/default/files/publication/27752/aze-2016.pdf

3. ბიზნესის კეთების ინდექსი

http://www.doingbusiness.org/data/exploreeconomies/georgia

4. გლობალური კონკურენციის ინდექსი

http://www3.weforum.org/docs/gcr/2015-2016/GEO.pdf

5. კორუფციის აღქმის ინდექსი

https://www.transparency.org/news/feature/corruption_perceptions_index_2016 

6. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

http://www.heritage.org/index/country/georgia

7. https://rsf.org/en/ranking

8.ტრანსფორმაციის ინდექსი

 https://www.bti-project.org/en/reports/country-reports/detail/itc/GEO/

9. ენერგეტიკული ინდექსი

https://trilemma.worldenergy.org/ (მოიცავს )

ანგარიშები

  1. Health Systems, in Transition, Health System Review, 2009

http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0003/85530/E93714.pdf

  1. World Bank Group Report: Governance and the Law, 2016
  2. გლობალური ანგარიში გენდერული ნაპრალის შესახებ

http://reports.weforum.org/global-gender-gap-report-2015/economies/#economy=GEO

 


[1]ტერმინი არშემდგარი სახელმწიფოები ახასაითებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ვერ ასრულებენ ოთხ უმთავრეს ფუნქციას:  თანასწორი ეკონომიკური ზრდისათვის შესაბამისი გარემოს  უზურნველყოფა; ლეგიტიმური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა და ფუნქციონირება;  მოსახლეობის დაცვა ძალადობრივი კონფლიქტებისგან და საკუთარი ტერიტორიის კონტროლი, მოსახლეობის ძირითადი ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნლვეყოფა (The Brooking Institution 2008: 3). არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსი მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ანალიტიკური ინსტრუმენტია, რომელმაც  2005 წლიდან სახელი შეიცვალა და გახდა „მყიფე, სუსტი სახელმწიფოების ინდექსი“. 

[2] Freedom in the World 2017 , Populists and Autocrats: The Dual Threat to Global Democracy

https://freedomhouse.org/report/freedom-world/freedom-world-2017?gclid=Cj0KEQjwp83KBRC2kev0tZzExLkBEiQAYxYXOiJhhPbMK_2awSwqs3StlSswliozdT2wgWTunqgiFx8aAqR-8P8HAQ

[3] აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს  (USAID) განმარტება. წყარო:https://www.usaid.gov/who-we-are/mission-vision-values

[4]Some social prerequisites of Democracy: economic development and political legitimacy, Seymour Martin Lipset

The American Political Science Review, Vol 53, No 1 (Mar., 1959, 69-105).

[5] უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით ეს ფაქტორები განვითარების ინდიკატორებად იქცა და გახდა  განვითარების საზომი. ხოლო საერთაშორისო დახმარების პროგრამები ამ ინდიკატორებით ხელმძღვანელობს. მედიის დამოუკიდებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეფორმების ხელშეწყობა, განათლების სისტემის რეფორმა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება და ა.შ. საერთაშორისო დახმარების პროგრამების ინტეგრალურ ნაწილად იქცა. 

[6] The Third Wave: Democratization in the Late 20th Century (The Julian J. Rothbaum Distinguished Lecture Series)Mar 15, 1993 by Samuel P. Huntington

[7] მიუხედავად იმისა, რომ ავტორები მხედველობაში იღებენ კულტურებს, მაშინაც კი, როდესაც სახეზეა ერთგვაროვანი პირობები, კულტურა მაინც  ცდილობს შეინარჩუნებს თავისი ღირებულებითი პატერნი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებები შეიძლება ერთი მიმართულებით იცვლებოდნენ, მათ შორის განსხვავება მაინც შენარჩუნებულია.

(Inglehart and Welzel 2005, 19-20).

[8] ინტერვენცია ერაყში და ავღანეთში.

[9] USAID საქართველო https://www.usaid.gov/georgia

[10] აშშ საგარეო დახმარების პორტალი http://foreignassistance.gov/explore/country/Georgia

[11] იგივე

[12] ODA Official Development Assitance

[13] მოლდოვას, აზერბაიჯანისა და საქართველოს შედარება ეფუძნება საერთო გეოგრაფიული და ისტორიული  გამოცდილების მსგავსებას. 

[14] შევისწავლე შვედეთის შემთხვევა. შვედეთი განვითარების პროგრამებს ახორციელებს შვედეთსა და საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაშია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA, თუმცა ამ ინსტრუმენტის გარდა შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს რადიაციული და ბირთვული უსაფრხოების პროგრამებს საქართველოში, გადაწვეტილებას კვლავ იღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძირითადი მიმართულებებისა და დაფინანსების შესახებ.  თუმცა როგორც ამ სააგენტოს ხელმძღვანელობა ამბობს, დღეს დახმარება და თანამშრომობა მთლიანად დამოკიდებულია მიმღები ქვეყნის მთავრობის გადაწვეტილებაზე. მათ უნდა უნდოდეთ ეს თანამშრომლობა. (ინტერვიუ შვედეთის რადიაციული სააგენტოს წარმომადგენელთან, 2017 წლის მარტი, სტოკჰოლმი).

[15] USAID Country Development Cooperation Strategy Fiscal Year 2013 – 2017. https://www.usaid.gov/sites/default/files/documents/1863/GeorgiaCDCS_2013-2017.pdf 

[16] USAID/Azerbaijan Country Development Cooperation Strategy 2011-2016. http://pdf.usaid.gov/pdf_docs/PDACU274.pdf 

[17] Country Development Cooperation Strategy 2013 – 2017.

https://www.usaid.gov/sites/default/files/documents/1863/moldova-CDCS-FY13-17.pdf

[18] ინტერვიუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, უსაფრთხოების ექსპერტთან აზერბაიჯანიდან, 2017 წლის თებერვალი

[19] 2015 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4,010 აშშ დოლარია, ხოლო მოლდოვასი - 1,971 აშშ დოლარი.

[20] ინტერვიუები ექსპერტებთან, 2017 წლის თებერვალი-მაისი

[21] ამ მიმართულების დღის წესრიგში ასახვას 90-იანი წლების კონფლიტქების გამოცდილება განაპირობებდა: ბალკანეთში, აფრიკაში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.

[22] სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით მთავრობა წერს სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიას. სახალხო დამცველის ოფისთან იქმნება ტოლერანტობის ცენტრი, მოგვიანებით რელიგიური და ეთნიკური საბჭოები, რომლებშიც გაერთიანებული არიან შესაბამისი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ლიდერები საქართველოში. (ინტერვიუები საბჭოს წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისის შესაბამისი ცენტრის წარმომადგენლებთან).

[23]Georgia, 2014 http://freedomhouse.org/report/freedom-world/2014/georgia-0#.VEj2avmUc6g.

[24]Georgia http://www.worldbank.org/en/country/georgia.

[25]Economy Rankings, 2013 http://www.doingbusiness.org/rankings.

[26]Transparency International, Corruption Perception Index http://www.transparency.org/cpi2013/results.

[27] 2013 Human Development Report  http://hdr.undp.org/sites/default/files/Country-Profiles/GEO.pdf.

[28] Social progress imperative - საერთაშორის კვლევარებისა

[29] სოციალური პროგრესის იმპერატივი  http://www.socialprogressindex.com/

[30] გენდერული ნაპრალის ინდექსი 2016

[31] ინტერვიუ გენდერის ექსპერტთან ნ.ბერეკაშვილი 2017 წლის აპრილი

[32] საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო. კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ (2010 წ), გენდერული თანასწორობის მეინსტრიმიზაციის პოლიტიკა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და შესაბამისი ნაციონალური დონის სამოქმედო გეგმები.

[33] საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა ღირებულებების კვლელევის მიხედვით პირველ ხუთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორის ყოველთვის ხვდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მნიშვნელობა (E. Chomakhidze and S. Lortkipanidze, “Peculiarities of the Georgian Society Value System, ”Scientific Papers of Sokhumi University, 2013.). რაც შეეხება მსოფლიო ღირებულებების კვლევის შედეგებს, თვითგამოხატვის ღირებულებები მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებებში. თუმცა იქ სადაც ეკონომიკური სიძნელეებია უფრო ძნელად  ხდება ღირებულებების ტრანსფორმაცია, ვიდრე მაღალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში. რაც, თავის მხრივ, იწვევს ერთგვარ ღირებულებით ნაპრალს. (world values survey http://www.worldvaluessurvey.org/WVSContents.jsp  )

[34] უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული რეფორმა, როგორც კონცეფცია ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა აღმოსავლეთ ევროპაში გასული საუკუნის 90-იან წლებში და გულისხმობს, უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული მმართველობის განვითარებას - ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას.

( შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატრიული კონტროლის ჟენევის ცენტრის განმარტება (www.dcaf.ch  )

[35] “ფრიდომ ჰაუსის“ მიხედვით საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პლურალიზმი და მონაწილეობა, ფუნქციური მთავრობა, გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, პირადი ავტონომია და ინდივიდუალური უფლებები თასუფალი დემოკრატიული მმართველობის კრიტერიუმებია.