Journal of Young Researchers № 2 January 2017
რეზიუმე
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, დაიწყო საბჭოთა წარსულის გადაფასების პროცესი. თუმცა, 1990-იან წლებში აღნიშნული პროცესი სრულყოფილად ვერ განხორციელდა, რაც მიმდინარე პოლიტიკის პრიორიტეტებით იყო განპირობებული. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ აქტიურად დაიწყო საბჭოთა წარსულის ხელახალი ინტერპრეტაცია და ახალი კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირება.
მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს გაანალიზოს, საბჭოთა წარსულის გააზრების პოლიტიკა 2005-2012 წწ-ში. კვლევის ჰიპოთეზის თანახმად, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მეხსიერების პოლიტიკის სტრატეგიის უმთავრეს განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რომელიც 2005 წლის მეორე ნახევარში იწყება, მეხსიერების პოლიტიკა „მსხვერპლის“ კონცეფციის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და მისი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილის აღქმის დამკვიდრებას ცდილობს. კვლევის პროცესში გაანალიზდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის: ოკუპაციის მუზეუმი, ისტორიული ჭეშმარიტების დამდგენი კომისია, ლუსტრაციის კანონი და ა.შ. განხილული ინიციატივების განხორციელებისას, უმეტეს შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება იქნა გათვალისწინებული, რაც, თავის მხრივ, მათი ანტირუსული განწყობებით იყო განპირობებული.
საკვანძო სიტყვები: მეხსიერების პოლიტიკა, საბჭოთა წარსულის გააზრება, იდენტობის ტრანსფორმაცია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა
Abstract
After the collapse of soviet imperia Georgia, as a former soviet republic began dealing with the soviet past. However, in the 90th these processes were limited and delayed. After the Rose Revolution, the new government re-addressing the totali-tarian past, saw a number of problematic manifestations in political and cultural life in the post-soviet country.
This paper aims to analyze politics of overcoming soviet past in Georgia in 2005-2012. According to our hypothesis foreign policy priorities are the main motivator of strategies of politics of memories. After the ruin of Georgian- Russian rela-tion, which started in 2005, the strategies of memory could be associated with politics of victimization and creation of the collective memory, prioritized as a national security issue. Several cases discussed in this research as the example of the politics of memory in contemporary Georgia; among them are Museum of Soviet Occupation, The State Commission for Establishing the Historical Truth and debates around so-called Lustration Low. Most of these initiatives were realized in the Eastern European countries, and using this version of the narrative in Georgia conditioned by its counter Russian character.
Key words: politics of memory, overcoming soviet past, identity transformation, Georgian-Russian relation
1. შესავალი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა ხელახლა დაიწყო. ამას თან ერთოდა ერის კონსოლიდაციისა და ახალი იდენტობის ჩამოყალიბების მცდელობა, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა თითქმის 70 წლის განმავლობაში კონსტრუირებული საბჭოთა მენტალობა. იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი კომპლექსური ხასათის იყო და თან ახლდა ახალი, კოლექტიური მეხსიერების შექმნის მცდელობები, თუმცა საბჭოთა ისტორიის ინტერპრეტირება და არსებულ საჭიროებებზე მორგება აღნიშნული პროცესის გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენდა. კითხვაზე, თუ რატომ ანიჭებდნენ ქვეყნის მმართველები კოლექტიური მეხსიერების ფორმირებას დიდ მნიშვნელობას, პასუხი ცალსახაა: იდენტობა და მეხსიერება - ორივე განიხილება, როგორც დინამიური პროცესი, რომელიც კონსტრუქციონისტური ხედვის თანახმად, მუდმივად იცვლება და ამ ცვლილების შესაბამისად, ფორმირდება საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები, მიზნები და ინტერესები.
კოლექტიური მეხსიერება საუკეთესო ინდიკატორია იმისა, თუ როგორ იაზრებს საზოგადობა საკუთარ თავს და „სხვებს“, რაც, თავისთავად, მის პრიორიტეტებსა და, შესაბამისად, მიღებულ გადაწყვეტილებებშიც აისახება. იქიდან გამომდინარე, რომ მეხსიერება ეროვნული იდენტობის უმთავრესი კომპონენტია, მას რთავენ პოლიტიკის დისკურსში და მეტიც, შესაძლებელია, ვისაუბროთ „მეხსიერების ოფიციალურ პოლიტიკაზე“, რომელიც სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით ქმნის საზოგადოებრივ აზრს ამა თუ იმ მოვლენის გარშემო.
საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ხელისუფლების ყოველ ცვლილებას თან ახლდა მეხსიერების პოლიტიკის პრიორიტეტების გადაფასება. მართალია, XX საუკუნის 80-90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გარკვეული ძვრები შეიმჩნეოდა საბჭოთა წარსულის გააზრების კუთხით, მაგრამ ეს, ძირითადად, მკვლევართა საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმით ნაკლებად თანმიმდევრულ ხასიათს ატარებდა. გადაფასება უფრო მეტად შეეხო კონკრეტულ ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც უშუალოდ საბჭოთა კავშირის როლის პოზიტიურად წარმოჩენას ცდილობდა (წითელი არმიის შემოსვლა, 30-იანი წლების რეპრესიები, წინააღმდეგობის მოძრაობები და სხვ.) და უმთავრესად, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში აისახა. საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ფორმირების საკითხით ამ პერიოდში პოლიტიკოსები ნაკლებად ინტერესდებოდნენ.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ანტისაბჭოთა განწყობები თვალში საცემი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდზე. ხოლო ვარდების რევოლუციის შემდგომ, შესაძლებელია, ვისაუბროთ „ოფიციალური მეხსიერების“ შექმნის მცდელობაზე, რომელიც ორ ეტაპად იყოფა: პირველი მოიცავს 2003 წლიდან 2005 წლის მეორე ნახევარს და მიზნად ერის კონსოლიდირებას ისახავდა; ხოლო მეორე კი – 2005წ-ის მეორე ნახევრიდან – 2012 წლამდე პერიოდს(1). სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჩვენი ნაშრომის საკვლევ პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სამეცნიერო საზოგადოებაში მეხსიერების პოლიტიკა და, განსაკუთრებით, ტოტალიტარული და იმპერიული წარსულის გადაფასება კარგად ნაკვლევ თემას წარმოადგენს, საქართველოში ამ საკითხის კვლევა ახლა იწყებს განვითარებას. შესაბამისად, აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის გადაფასების პროცესის, როგორც მეხსიერების კონსტრუირების ნაწილის შესწავლას.
2. ლიტერატურის მიმოხილვა
ბოლო დროს მეხსიერების პოლიტიკის კვლევისადმი ინტერესის ზრდა სოციალურ მეცნიერებებში თვალშისაცემი მოვლენაა, რაც, თავის მხრივ, „მეხსიერების პროექტთა“ სიმრავლითაა გამოწვეული. ვერსიებს შორის დომინირებს ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელმაც მეხსიერებას პრევენციის ფუნქცია მიანიჭა. მას საზოგადოებისთვის უნდა შეეხსენებინა კაცობრიობის მიერ დაშვებული შეცდომების (რეპრესიები, ომები, ჰოლოკოსტი და ა.შ.) შესახებ. ეს ე.წ. კომუნიკაციური (ყოველდღიური) მეხსიერების ფორმირების პროცესია, რომელიც, თავის მხრივ, კულტურულ (ხანგრძლივ) მეხსიერებაში უნდა ტრანსფორმირდეს, საზოგადოების ცხოვრების ნაწილად იქცეს და თაობიდან თაობას გადაეცეს. ის გზადაგზა ითვისებს ნორმებს, ღირებულებებს, დამოკიდებულებებს და ერგება თანამედროვეობას (Assmann, 2006).
მეხსიერების პოლიტიკა ეს ის სფეროა, სადაც თითქმის არ არის ე.წ. „გრანდ თეორიები“. ამიტომაც, კონფინოს თანახმად „ის უფრო მეტად პრაქტიკული საკითხია ვიდრე თეორიული“ (Erll, Ansgar, Young, & (Ed), 2008). მაგრამ არის ტერმინოლოგიური სიუხვე, მათგან ყველაზე ხშირად გამოყენებადი „კოლექტიური მეხსიერებაა“. მ. ჰალბვაქსის მიერ გამოყენებული ეს ტერმინი, ხაზს უსვამს დამახსოვრებას, როგორც სოციალურ პროცესს. მეხსიერების შესახებ არსებული თეორიების ანალიზისას (Olick & Robbins, 1998), გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება. პირველის თანახმად, საზოგადობის მეხსიერება არის ე.წ. “დაგროვებული მეხსიერება”, როდესაც საზოგადოების ნარატივი წარმოადგენს ინდივიდთა გამოცდილების ჯამს (Young, 1993), რადგანაც დამახსოვრება ინდივიდუალური პროცესია და არა კოლექტიური. შესაბამისად, მეხსიერება ამ საზოგადოების შემკვრელს წარმოადგენს (Funkenstein, 1989). მეორე მიმართულების თანახმად, მეხსიერება „კოლექტიურია“ (Halbwachs, 1992) და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ინდივიდებს არ აქვთ უშუალო გამოცდილება. ის მათ გადაეცემათ შუალედური რგოლების დახმარებით. გადაცემის პროცესი განგრძობადია, რითაც ხსოვნა თაობიდან თაობამდე აღწევს. კანსტეინერი კოლექტიური მეხსიერების ცნების ანალიზისას მიიჩნევს, რომ ის საზოგადოების წევრებს შორის კომუნიკაციის შედეგად იქმნება (Kansteiner & Fogu, 2006).
აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია კოლექტიური მეხსიერების ჰალბვაქსისეულ გაგებაზე. ის ე.წ ზემოდან ქვემოთ მიმართულ მეხსიერების კონსტრუირების პროცესს შეისწავლის, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების დომინანტური ჯგუფების მიერ ნარატივების ფორმირების და საზოგადოებისათვის მიწოდების პროცესს გულისხმობს. ი. ასმანის მეხსიერების „კომუნიკაციურიდან“ „კულტურულში“ ტრანსფორმაციის თეორიის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ჰალბვაქსის კომპლექსური მიდგომის ქმედებაში დანახვა და მისი ყოველდღიურ პროცესამდე დაყვანა. მმართველებსა და მართულებს შორის კომუნიკაცია ის მედიუმია, რომლის საშუალებითაც „კულტურული“ (ყოველდღიური) მეხსიერების პოლიტიკაში ჩართვა და მისი პოლიტიკის დღის წესრიგისადმი მორგება ხდება.
კოლექტიური მეხსიერების პოლიტიკურ განზომილებამდე დაყვანისას, შესაძლებელია, ასმანის ხელისუფლების მიერ მეხსიერების კონსტრუირების კონცეფციის გამოყენება, რომელიც ძალაუფლების მქონეთა მიერ მისი შექმნის შესაძლებლობას უშვებს. აგილარი და ჰამბელბეკი ერთმანეთისგან განასხვავებენ სოციალურ და პოლიტიკურ მეხსიერებებს, რამდენადაც ეს უკანასკნელი კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება (Aguilar & Humbelbek, 2002). მეხსიერების პოლიტიკის დაგეგმვისას საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებაზე ამახვილებენ ყურადღებას გედი და ელამი, რამდენადაც, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, თუ როგორ და რა რესურსების გამოყენებით ხდება აღნიშნული საჭიროების განსაზღვრა და გამოხატვა. ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ შესაძლებელია საზოგადოების წევრებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ მეხსიერების ყველა ვერსიაზე, რათა მათ საფუძველზე ჩამოყალიბდეს/რეკონსტრუირდეს საუკეთესო. მაგრამ დომინანტურ ჯგუფებს, საკუთარი გავლენის წყალობით, შეუძლიათ გამოვიდნენ საზოგადოების სახელით და მიიღონ მონაწილეობა მეხსიერების მათი შეხედულებისამებრ კონსტრუირების პროცესში (Gedi & Elam, 1996). შესაბამისად, პოლიტიკური და სოციალური ელიტები ხდებიან მეხსიერების აგენტები, მისი საკუთარი ინტერესების შესაბამისად შემქმნელები (Paabo, 2011). ეს არის ე.წ. ზემოდან ქვემოთ მიმართული მეხსიერების პოლიტიკის ფორმირების პროცესი. თუმცა მკვლევართა აზრით, წარსულის „მოქნილობა“ (malleability of past) ლიმიტირებულია (Olick & Robbins, 1998). წარსულის ყველა ასპექტის გაკონტროლებაც არ ძალუძთ დომინანტურ ჯგუფებს. ეს მოვლენა უკვე ასახულია ინდივიდების მეხსიერებაში და ის იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რომ მისი სხვა ინტერპრეტაციით გადაფარვა შეუძლებელია. სწორედ ეს არის ქვემოდან ზემოთ მიმართული მეხსიერების პოლიტიკა. მეხსიერების თაობიდან თაობაზე გადაცემის ფუნქციაც, ამ მიდგომის ერთ-ერთი გამამყარებელი არგუმენტია. თუმცა, აღნიშნული იდეაც გვერდს ვერ უვლის პოლიტიკური ელიტის როლს მეხსიერების კონსტრუირების პროცესში. მართალია, მათ არ ძალუძთ არსებული მეხსიერების წაშლა და ახლის შექმნა, მაგრამ აქვთ რესურსი მნიშვნელოვნად შეცვალონ არსებული (Paabo, 2011).
3. მეთოდოლოგია და თეორიული ჩარჩო
აღნიშნული კვლევა ორიენტირებულია შეისწავლოს საქართველოში საბჭოთა წარსულის გააზრება, როგორც მეხსიერების პროექტი, რომელიც ზემოდან ქვემოთ არის მიმართული და, როგორც წესი, მმართველთა მხრიდან მეხსიერების ოფიციალური პოლიტიკური კურსის შემუშავებას გულისხმობს. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირება. კვლევის ობიექტად შეირჩა სახელისუფლებო დისკურსი, რომელიც მეხსიერების ოფიციალურ პოლიტიკას ასახავს.
კვლევის თეორიული ჩარჩოა სოციალური კონსტრუქციონიზმი, რომლის მიმდევრები (Berger & Luckmann, 1967) საზოგადოებას, როგორც კონსტრუქციას განიხილავენ, ხოლო კოლექტივი ხდება სოციალური არტეფაქტი, რომლის რეფაბრიკაცია და მობილიზაცია ძალაუფლების ზეგავლენის შედეგია. ეს არის ერთგვარი „ინსტიტუციონალური სამყარო“, ინსტიტუციონალიზაცია ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოების წევრები იზიარებენ აქტივობებს. შედეგად, გაზიარებული აქტივობა ყალიბდება, როგორც ჩვეულება, რომელსაც ყველა მისდევს და დროთა განმავლობაში ცხოვრების ნაწილად იქცევა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირება და, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კოლექტიური მეხსიერების კომპონენტების ცვლილებაც. მათი შინაარსი კი დიდწილად, პოლიტიკის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. მეხსიერების კონსტრუირება და მართვა ხელეწიფებათ მათ, ვისაც საზოგადოების დარწმუნების მექანიზმებზე აქვთ წვდომა (Nora, 1989).
მონაცემების მოპოვება შესაძლებელია ხელისუფლების მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებში, როგორიცაა: საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისა და ისტორიული ჭეშმარიტების დამდგენი კომისიის შექმნა, ასევე „თავისუფლების ქარტიის“ (ლუსტრაციის კანონის) მიღება და საბჭოთა კავშირის დროინდელი საარქივო მასალების გასაჯაროება. გარდა ამისა, ნაშრომში ასახულია დებატები მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღის, საბჭოთა პერიოდის ძეგლების ჩამოგდების და ქუჩებისთვის საბჭოთა პერიოდის სახელწოდებების შეცვლის შესახებ.
მონაცემების მოპოვებისა და დამუშავებისათვის გამოყენებულ იქნა კვლევის თვისებრივი მეთოდოლოგია. ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით 2010-2014 წწ-ში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები ისტორიკოსებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები მეხსიერების პოლიტიკის ფორმირების და რეალიზაციის პროცესში. ასევე, თვისებრივად გაანალიზდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2004-2012 წლების მიმართვები და გამოსვლები, ასევე პოლიტიკოსების გამოსვლები და სხვადასხვა კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშები, რომლებიც მეხსიერების პოლიტიკის საკითხებს ეხებოდა.
4. საბჭოთა ოკუპაცია, როგორც მეხსიერების პროექტი
2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების კარგი სასტარტო პირობები და საზოგადოებაში მისდამი არსებული დიდი მხარდაჭერა, დიდწილად, წინა ხელისუფლების დისკრედიტირებული მდგომარეობით იყო განპირობებული. ეს თავისთავად, ახალი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოშობდა - იგი უნდა გამიჯვნოდა ძველს და დაეძლია წარსულის ნეგატიური მემკვიდრეობა. ასევე, განესაზღვრა, იქნებოდა ახალი ეტაპი ძველის მემკვიდრე, თუ სახელმწიფოს მშენებლობა თავიდან დაიწყებოდა.
აღნიშნული საკითხი მარტივად, წარსულზე საზღვრის გავლების სტრატეგიის არჩევით მოგვარდა. კერძოდ, ოფიციალური დისკურსის თანახმად, დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობის ახალი ეტაპი, რაც თავისებრივად, ნიშნავდა ურთიერთობების ხელახლა დამყარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ინსტიტუციების რეფორმირებასა და შექმნას, საზოგადოების ახალი მენტალიტეტის ფორმირების ხელშეწყობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალი სახელმწიფო სამოქალაქო ნაციონალიზმის მშენებლობაზე აკეთებდა აქცენტებს და ამით, საზოგადოების უნიფიცირებას ისახავდა მიზნად. ამისთვის საჭირო იყო, წარსულის ინტერნალიზაცია, გათავისება, რასაც ასმანი „ეროვნულ მეხსიერებას“ უწოდებს (Assmann, 2006). შესაბამისად, 2003-2005 წწ. მეხსიერების პოლიტიკა, ძირითადად, ახალი იდენტობის კონსტრუირების მცდელობაში, სიმბოლოების შექმნასა და მათ ყოველდღიურობის ნაწილად ქცევაში გამოიხატება. საბჭოთა წარსულის გააზრების და მისი „ოფიციალური მეხსიერების პოლიტიკის“ ნაწილად ქცევის პროცესი 2005 წლის მეორე ნახევრიდან იწყება.
2005-2012 წლებში მეხსიერების პოლიტიკის ანალიზისას გამოიყოფა რამდენიმე თემა, რომელიც დომინანტურია მიხეილ სააკაშვილის დისკურსში(2). ისინი, ამავე დროს, ერთგვარ ინდიკატორსაც წარმოადგენენ, რომელთა საფუძველზეც გაანალიზდა საქართველოში საბჭოთა წარსულის გადაფასების პოლიტიკა. ეს თემებია: წარსულის კონკრეტული ფაქტების გახსენება/„აღმოჩენა“ და მათი შესაბამისი ინტერპრეტაცია, რუსეთის ფედერაციისადმი დამოკიდებულებისა და აღქმის ტრანსფორმაცია პარტნიორიდან ისტორიულ მოწინააღმდეგემდე და მეხსიერების პოლიტიკის მასზე მორგება.
ურთიერთობების ხელახლა დამყარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას ენიჭებოდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მიღწეულ დიდ წარმატებად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 2005 წელს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის პროცესს განიხილავდნენ (სააკაშვილი მ. , საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ბრიფინგი გამართა, 2005). ამ პოზიტიურ მოვლენაზე აქცენტირებით ცდილობდნენ, ხაზი გადაესვათ წარსულის ცუდ გამოცდილებაზე და მომავალი ურთიერთობები შეძლებისდაგვარად სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ. ეს დამოკიდებულება, გარკვეულწილად, უახლოვდება სტრატეგიას, რომელიც პოსტ-რევოლუციური საქართველოს საშინაო პოლიტიკაში შევარდნაძის პერიოდის შეფასებისას გამოიყენებოდა. იმ განსხვავებით, რომ ხელისუფლება მართალია, ორივე შემთხვევაში წარსულისგან დისტანცირებას ცდილობდა, მაგრამ, შევარდნაძის მოღვაწეობა ხაზგასმით ნეგატიურად იყო შეფასებული, ხოლო მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შეფასებას ან საერთოდ არიდებდნენ თავს, ან არადა, შეძლებისდაგვარად ნეიტრალური ფორმით განიხილებოდა.
რუსეთის როლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის პროვოცირების საკითხში ამ დროს ნიველირებულია. საბჭოეთის გახსენებისას აქცენტები მხოლოდ მანკიერ მენტალიტეტზე კეთდება. შესაბამისად, 2003-2005 წლის მეხსიერების პოლიტიკის ძირითადი ტენდენცია საზოგადოების კონსოლიდაციისათვის ჰეროიკული წარსულის გამოყენებაა.
რუსეთთან ურთიერთიერთობის დაძაბვის და შესაბამისად, ზიარი წარსულის განსხვავებულად გადაფასების მცდელობები 2005 წლის დასასრულიდან ჩნდება. ერთ- ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ენერგოკრიზისი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენზე განხორციელებული დივერსიის შედეგად, საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას გაზის მიწოდება შეუწყდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთი ენერგიის მომწოდებელ „არასაიმედო და არასანდო პარტნიორად” (სააკაშვილი მ. , საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 2006) შეფასდა. ხელისუფლების დისკურსში უკვე გაჩნდა ტერმინი „მტერი“. „ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის... ჩვენ დავბრუნდებით, საკითხი დგას მხოლოდ ასე – როდის? როდის და მალე – მტრის ჯინაზე და ჩვენს გასახარად! (სააკაშვილი მ. , დღევანდელი დღიდან ვიწყებთ ათვლას აფხაზეთში დასაბრუნებლად, 2005).
ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა რუსეთიდან ქართველების დეპორტაციამ და ქართულ პროდუქციაზე დაწესებულმა ემბარგომ. შედეგად, საქართველო-რუსეთის წარსული გამოცდილების შეფასება გამკაცრდა. მაგალითად, თუკი აფხაზეთის კონფლიქტში გარე ძალების ჩართულობაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს აქცენტს ჩრდილოკავკასიელებზე აკეთებდა და ბესლანის ტრაგედიის გათვალისწინებით, მათ საქარველოსა და რუსეთის საერთო მტერს უწოდებდა (სააკაშვილი მ. , საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, 2004), 2005 წლის მიწურულს უკვე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერის ფაქტს (სააკაშვილი მ. , საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 2005), გაჩნდა ტერმინი „ანექსია“, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტებში რუსეთის ჩართულობის აღსანიშნავად გამოიყენება.
პირველად საქართველოს ხელისუფლებამ 2006 წლის თებერვალში განაცხადა საბჭოთა წარსულის გადაფასების დასაწყისის შესახებ, როდესაც პრეზიდენტმა პატივი მიაგო 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების ხსოვნას. სააკაშვილის განცხადებით საბჭოთა რუსეთმა „საქართველო გააჩანაგა, გაანადგურა და ევროპული განვითარების გზას ჩამოაშორა“ (სააკაშვილი მ. , საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქართველ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 2006). ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თებერვალში აღნიშნავენ წითელარმიელთა დღეს და არიან ადამიანები, რომლებიც აღნიშნავენ გმირი იუნკრების დღეს. სწორედ აქ გადის ზღვარი, საქართველოს მომავალ განვითარებას და სტაგნაციას შორის. საქართველოსაც უნდა გაეკეთებინა არჩევანი თუ რომელ დღეს აღნიშნავდა. აღნიშნული გამოსვლისას ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა რუსეთსა და ევროპას და წარსულსა და აწმყოს შორის პარალელის გავლების არჩევანის აუცილებლობაზე. ასევე, გააჟღერა ინფორმაცია საფრთხის ახალი წყაროს შესახებ. როგორც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის 1921 წელს იყო საბჭოთა რუსეთი, ასევე დღესაც, საქართველოსთვის უმთავრესი საფრთხე სწორედ ჩრდილოეთიდან მოდიოდა. მიუხედავად 85-წლიანი სხვაობისა, მეთოდებიც მსგავსი იყო. კერძოდ, ორჯონიკიძე საქართველოში მე-11 არმიას აჯანყებულთა დასახმარებლად შემოუძღვა. ახლაც იგივე პრობლემა იდგა, რადგანაც საუბარი დაიწყო საქართველოში ქართველების მძიმე მდგომარეობაზე და შესაძლებელი იყო „ახალი ორჯონიკიძის“ გამოჩენაც (სააკაშვილი მ, იქვე).
მეხსიერების პრიორიტეტების ცვლილების შესაბამისად, საჭირო გახდა „მეხსიერების ადგილების“ (Nora, 1989) შექმნა, რომელიც მუდმივად შეახსენებდა საზოგადოებას, რომ ის მსხვერპლია და დამნაშავეს სახელი უნდა დაერქვას. ოკუპაციის თემის აქტუალიზაცია და მისი საზოგადოებაში დამკვიდრების მცდელობა იმდენად აქტიური იყო, რომ მას შესაძლებელია, „ჰეგემონური“ ნარატივიც ვუწოდოთ, რომლის თანახმადაც, კოლექტიური მეხსიერება არ მოიცავს მხოლოდ დამახსოვრებას. ის უფრო მეტად დამახსოვრებული ფაქტების ყოფიერ გათვალისწინებას უკავშირდება, კერძოდ, „კოლექტიური მეხსიერება ეს არის თხრობა, თუ როგორ მოხდა ეს მოვლენა, ამასთანავე, ამ თხრობას თან ახლავს სურათები, რომელიც აღნიშნულ თხრობას აფიქსირებს გონებაში“ (Sontag, 2003).
მიხეილ სააკაშვილმა 1921 წელს წითელ არმიელებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების მემორიალთან ასევე აღნიშნა, რომ 26 მაისს გაიხსნებოდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც საზოგადოებას შეახსენებდა საბჭოთა იმპერიის მმართველობის სისასტიკეს საქართველოში. ამ განცხადებით, საქართველოში დაიწყო ოკუპაციის, როგორც „მეხსიერების პროექტის“ პოპულარიზაცია. თუკი სონტაგის თეორიას გამოვიყენებთ, დაიწყო იმ „სურათების“ შექმნა, რომელიც ოკუპაციის შესახებ მეხსიერებას რეალური ცხოვრების ნაწილად აქცევდა და ყოველდღიურობაში გამოხატავდა (Sontag, 2003). ამის ერთ-ერთი მაგალითი ოკუპაციის მუზეუმი იყო, რომლის შექმნისას ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გამოცდილება გამოიყენეს. ამ ფაქტს სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა და ხაზს უსვამდა საქართველოს ევროპულ ორიენტაციას. თავისი ისტორიული ნარატივით საქართველო ევროპულ ოჯახში გაერთიანებას ცდილობდა (ურუშაძე, 2010).
ოკუპაციის მუზეუმში წარსული და აწმყო ერთმანეთს კომპლექსურად დაუკავშირდა. აღნიშნულის მაჩვენებელი მუზეუმში „ვარდების რევოლუციის“ ექსპოზიციაში ჩართვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის მუზეუმის ნარატივში ძალიან მწირია ან თითქმის არ არის მასალები 1956 წლის მარტის მოვლენების, 1978 წლის აპრილში დედაენის დაცვისთვის გამოსვლის, 1980-იანი წლების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პირების მონაცემების შესახებ, ფილმი „ვარდების რევოლუციის“ შესახებ მუდმივად აცნობდა ვიზიტორებს აღნიშნული მოვლენის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. აღნიშნულის გამართლებად ოკუპაციის მუზეუმის ერთ-ერთმა ავტორმა, ირაკლი ზაუტაშვილმა, განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციას“ დამთვალიერებელთათვის ოპტიმიზმი მოჰქონდა (ელისაშვილი, 2006) . ეს სიტყვები ერთგვარი გამოძახილია პრეზიდენტ სააკაშვილის ადრე გაკეთებული განცხადების, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლიდან თოთხმეტი წლის შემდეგ განთავისუფლდა (სააკაშვილი მ. , საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მიუნჰენის 42-ე საერთაშორისო კონფერენციისადმი მიძღვნილ სადილზე, 2006). თავად „ვარდების რევოლუციაც“ ერთგვარ მეხსიერების პროექტად იქცა.
პროექტ „ოკუპაციის“ კიდევ ერთი კომპონენტი მისი საკანონმდებლო დონეზე გაფორმება იყო. 2010 წ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც 25 თებერვალი ოფიციალურად საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. პარლამენტის დადგენილებით, მთავრობას დაევალა ყოველ 25 თებერვალს მოემზადებინა სხვადასხვა ღონისძიება ამ დღის აღსანიშნავად და ასევე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გლოვის ნიშნად დაეშვათ სახელმწიფო დროშები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ოკუპაციის მუზეუმის საშუალებით, ოფიციალურად მოხდა საბჭოთა ისტორიის რუსული ნარატივისგან დისტანცირება. ამასთანავე, აღნიშნული გზა არჩეულ იქნა ორი მიზნით: პირველი, ოკუპაცია ხდებოდა საზოგადოების მეხსიერების ნაწილი და მეორე, ამ გზით საქართველო უერთდებოდა ევროპის იმ ნაწილს, რომელიც არ იზიარებდა რუსეთის ფედერაციის ღირებულებებს. შერჩეული ფაქტების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ქცევის კიდევ ერთი მაგალითია ტელეპროექტი „ოკუპაცია“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ განხორციელდა.
აღნიშნული პროექტი შეიძლება განვიხილოთ ორი მიმართულებით: სონტაგის თეორიის შესაბამისად, აუცილებელია ჰეგემონური „მეხსიერების ვიზუალიზაცია“. სატელევიზიო ფილმი ამის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ოფიციალური ისტორიის თხრობის თანახმად, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, როგორც 1921 წელს, ისე 2008 წელს არ იყო გამონაკლისი, მხოლოდ საქართველოს შემთხვევა, კოლაბორაციონისტული მოძრაობის პრაქტიკა არსებობდა აღმოსავლეთ ევროპაშიც. ამ ასპექტზე აპელირება საქართველოს მისცემდა საშუალებას ეზრუნა კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირებაზე და ჩაწერილიყო საერთო ევროპულ ოჯახში. ევროპაში წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებული მაგალითების საქართველოში მეხსიერების პოლიტიკაში ჩართვა კიდევ ერთი მორიგი არგუმენტია, თუ რატომ უნდა ემუშავა სახელმწიფო პოლიტიკას აღნიშნული მიმართულებით.
5. ლუსტრაციის საკითხი
ერთ-ერთი დაპირება, რითაც სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, ლუსტრაციის კანონის მიღება და საბჭოთა საიდუმლო სამსახურებთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო. ამასთანავე, ამ კათარზისის პირობას იმ იმედით იძლეოდნენ, რომ ხელისუფლებაში მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც, წესით, საბჭოთა წარსულთან კავშირი არ უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, ლუსტრაციის საკითხი, ერთგვარად, „მოუქნელი წარსულის“ მაგალითს წარმოადგენდა, რამდენადაც საზოგადოებაში მუდმივად არსებობდა ხსოვნა მისი არგატარების შესახებ.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დაპირებისამებრ, 2004 წელს ლუსტრაციის კანონის მიღების შესაძლებლობაზე დაიწყო საუბარი. დროთა განმავლობაში, ამ საკითხის განხილვის ინტენსივობა და ინტერესი იცვლებოდა, იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო ურთიერთობები პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს შორის. მაგრამ, ფაქტია, მისი ინსტიტუციონალურ დონეზე გაფორმების ერთსულოვანი ნება ჯერაც არ არსებობდა. ლუსტრაციის საკითხს მოგვიანებით ორი თემა დაუკავშირდა: 1) კოლაბორაციონისტებთან ბრძოლა და 2) ქვეყნის უსაფრთხოების პრიორიტეტები. შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკა მოცემულ ჭრილში უნდა განვიხილოთ.
2004 წ. უშიშროების მინისტრ ზურაბ ადეიშვილის საზოგადოებისთვის წარდგენისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ახალი ქართული სახელმწიფო არანაირად არაა ვალდებული საბჭოთა კავშირის დროინდელი საქმეები საიდუმლოდ შეინახოს…იუსტიციის მინისტრობის დროს მას აქვს ნანახი აღნიშნული სიები და, შესაბამისად, იცის, რომ იქ საკმაოდ პატივსაცემი ადამიანები არიან მოხსენიებულნი… " (სააკაშვილი მ. , პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების მინისტრი წარადგინა, 2004) ახალ მინისტრს საჯაროდ დაავალა, რომ მეორე დღესვე გაეხსნა ყოფილი საბჭოთა სუკ-ის არქივები 1920-1930 წლებიდან მოყოლებული და გამოექვეყნებინა საბჭოთა სპეცსამსახურის ქართველი აგენტების სია. ამ განცხადებით ჩანდა, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე არსებობდა აღნიშნული კანონპროექტის მიღებისთვის მზადყოფნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსგავსი დოკუმენტი არ მომზადებულა.
სააკაშვილის ეს განცხადება ერთი მხრივ, წარმოადგენდა ლუსტრაციის კანონის მიღების შესახებ წინასაარჩევნო დაპირების შესრულების მცდელობას, მაგრამ, ამავე დროს, მასში შესაძლებელია სხვა მიზნების დანახვაც. იმდენად, რამდენადაც ინტელიგენციისა და პოლიტიკოსების ნაწილი არ თანაუგრძნობდა პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, არქივების გახსნის დაპირება ერთგვარი სასჯელი იყო ამ არალოიალურობისთვის. ამასთანავე, პრეზიდენტმა დააფიქსირა, რომ ის არ იყო წინააღმდეგი ლუსტრაციის კანონის მიღების და თუნდაც, კანონი არ მომზადებულიყო, არქივების განსაჯაროებით ის აღნიშნულ პროცესს შეუწყობდა ხელს.
ლუსტრაციის საკითხის გამწვავება დროში ემთხვევა ასევე 2005 წ. გააქტიურებულ რუსეთის დედაქალაქს შეფარებული, ყოფილი უშიშროების მინისტრის, პარტია "სამართლიანობის“ ლიდერ იგორ გიორგაძის გამოსვლას, რომელიც არ ფარავდა თავის ანტიპათიას სააკაშვილის მიმართ. მან 28 ნოემბერს "იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციის გზით აპირებს დღევანდელი "ვარდების რეჟიმის“ შეცვლას და დასძენდა, რომ ამისთვის სიტუაცია „უკვე მომწიფდა“ (ხურციძე, 2005). ლუსტრაციის კანონის ამოქმედების შემთხვევაში ის აუცილებლად შეეხებოდა გიორგაძეს და მის თანამებრძოლებს და აღნიშნული თემის გააქტიურება მათი გაფრთხილების ერთ-ერთი საშუალება იყო.
კანონპროექტის ძირითადი მხარდამჭერები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დღის წესრიგში ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება არ იდგა. საბოლოო ჯამში, 2007 წელს პარლამენტმა 45 ხმით 37-ის წინააღმდეგ, ლუსტრაციის შესახებ კანონი ჩააგდო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კანონპროექტს მხარი არა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებმა, არამედ თავად ინიციატორი ფრაქციის „დემოკრატიული ფრონტის“ წევრთა ნაწილმაც არ დაუჭირა. მიზეზად სრულყოფილი საარქივო სიების არ არსებობა დასახელდა, რისი გადაჭრის მექანიზმსაც აღნიშნული კანონპროექტი არ იძლეოდა (ბერძენიშვილი, 2014).
ლუსტრაციის საკითხი ეროვნული უსაფრთხოების სივრცეში გადაიყვანა „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულმა ლუსტრაციის კონცეფციამ, რომლის თანახმადაც, საბჭოთა პერიოდის ლიდერებისა და იდეოლოგების გარდა, ლუსტრაცია ასევე უნდა შეხებოდა მოქმედ სახელმწიფო მაღალჩინოსნებს, დეპუტატებს, კანდიდატებს და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებსაც, რომლებსაც პირადი სატელეფონო, საფოსტო კომუნიკაცია ჰქონდათ იმ სახელმწიფოს მოქალაქეებთან, რომელთა „შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან და რომელთა მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა" (civil.ge, 2007). ამ ჩანართით, ლუსტრაციის კანონი სცილდებოდა ლუსტრაციის ტრადიციულ გაგებას, რომლის თანახმადაც ის შრომის კოდექსის ნაწილია. ამ შემთხვევაში, კანონი შეეხებოდა არა მხოლოდ წარსულის დანაშაულებს, არამედ ახლანდელსაც, რაც არსებული კანონმდებლობით ისედაც ისჯება.
საბოლოო კანონპროექტი, რომელზედაც მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და რომელიც ორი წლის შემდეგ დამტკიცდა, პარლამენტს გია თორთლაძემ წარუდგინა. „თავისუფლების ქარტიის“ სახელწოდებით მიღებული ლუსტრაციის კანონი სამ ძირითად პრინციპს ემყარება. ესენია: ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის აკრძალვა, ნებისმიერი აღნიშნულ იდეოლოგიებთან ასოცირებული სიმბოლიკის აკრძალვა და სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაში ეჭვმიტანილთა ე.წ. „შავ სიას“ („თავისუფლების ქარტია“ მუხლი 1).
კანონპროექტის ინიციატორის თანახმად, სახელწოდება “თავისუფლების ქარტია“ იქიდან გამომდინარეობდა, რომ ის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ლუსტრაციის კანონი. თავისუფლების ქარტიას უნდა გაენთავისუფლებინა საზოგადოება ტერორიზმის საფრთხიდან (ტერორისტული აქტ ების სერია განხორციელდა იმ პერიოდში გორში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი გამოძიებისას ხელისუფლება რუსულ კვალზე ალაპარაკდა), იდეოლოგიური ზეგავლენისგან და იმ სიმბოლოებისგან, რომელიც საზოგადოებას ახსენებდა და, შესაძლოა, „აძლიერებდა კიდეც“ საბჭოთა იდეოლოგიურ განწყობებს. ლუსტრაციის კანონი იყო კომპრომისის შედეგი. უშუალოდ კანონპროექტში გაწერილი იყო ლუსტრაციის ფარგლებში განსახილველი ყოფილი თანამდებობების პირთა გაცილებით ვრცელი ნუსხა, ვიდრე ეს არის თავისუფლების ქარტიაში. აღნიშნული სიის შემცირება კანონპროექტის ავტორმა გია თორთლაძემ იმ ფაქტით ახსნა, რომ იმდროინდელი უმრავლესობის წევრებმა ფრაქციის ხელმძღვანელს რამდენიმე პოზიციის ამოღების მოთხოვნით მიმართეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ულტიმატუმი წაუყენეს, რომ უმრავლესობას დატოვებდნენ (თორთლაძე, 2014).
შესაბამისად, ლუსტრაციის საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესის გააქტიურება თუ შენელება პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების პრობლემატიკას. მტრის პოტენციურ აგენტებთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება კოლექტიური მეხსიერების შექმნა და მათი ლუსტრირება იყო, რათა არა მხოლოდ ხელისუფლებას და კანონმდებლობას ებრძოლა მათთან, არამედ საზოგადოებისთვისაც მიუღებელი გამხდარიყვნენ.
6.სტალინისა და მეორე მსოფლიო ომის შეფასება
ერთი მხრივ, სტალინის, როგორც ბელადის და მეორე მხრივ, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სიმბოლოების ჩანაცვლების და ახალი სიმბოლოების დამკვიდრების მცდელობა. ეს თემა, ასევე, მოიცავს დერუსიფიკაციის, რუსული ნარატივისაგან განთავისუფლების და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მცდელობას. სააკაშვილის ხელისუფლება სტალინის შეფასებისას არათანმიმდევრული იყო და დამოკიდებულება პოლიტიკის დღის წესრიგის შესაბამისად იცვლებოდა. ამ საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების პირველ ეტაპს ერთგვარად „სიჩუმის სტრატეგია“ შეიძლება ვუწოდოთ (Connerton, 2008), როდესაც არ სურთ გაააქტიურონ საზოგადოებაში რაღაცის არსებული ხსოვნა, თუმცა, არც დავიწყებისთვის ემეტებათ. სტალინი – ბელადი, საქართველოს გმირთა პლეადაში, რომელთაც ქვეყნის მშენებლობის პროცესში იყენებდნენ, არ ირიცხებოდა, თუმცა მისი დისკრედიტაციაც არ ხდებოდა. რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვასთან ერთად, სტალინი პოლიტიკურ დისკურსში საბჭოთა კავშირის რეპრესიების ავტორად წარმოჩინდა. ბელადის პოზიტიურად შეფასება მიუღებელი გახდა. მაგალითად, 2007 წლის თებერვალში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში დაიწყო სერიალ „სტალინი LIVE”-ის ჩვენება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნული სერიალის რეკლამირებისას აცხადებდა, რომ „ეს ფილმი მაყურებელს საშუალებას აძლევს გაიგოს, იყო თუ არა სტალინი მართლა ასეთი ცუდი, როგორც ჩვენ ამდენი წლები თავში“. აღნიშნულმა განცხადებამ, ხელისუფლების წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. მას სამარცხვინო და სკანდალური შეფასება უწოდეს, რადგანაც სტალინის შესახებ მითის შინაარსის სისხლიანი ტირანიდან ძლიერ ქართველ პოლიტიკოსად შეცვლის მცდელობის განსხვავებულად შეფასება ვერ მოხდებოდა (ლუსტრაცია სტალინზე დებატების ფონზე, 2007).
სტალინის შეფასების საკითხი განსაკუთრებით ნეგატიური 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ გახდა და ამ ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქის - გორის მოედანზე სტალინის მონუმენტის არსებობის მართებულობის საკითხს დაუკავშირდა. ქალაქში, რომელიც ომის დროს პერმანენტულად და დაუნდობლად იბომბებოდა რუსი აგრესორების მიერ, არ შეიძლებოდა მდგარიყო საბჭოთა ბელადის ქანდაკება. სტალინის ძეგლი, ასევე, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკას, რომელიც წარსულის შეფასებას და საზოგადოებაში საბჭოთა მენტალიტეტის დამსხვრევას ითვალისწინებდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „XXI საუკუნეში, როდესაც საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი ისტორია, არ შეიძლება ერთდროულად არსებობდეს ოკუპაციის მუზეუმი და ოკუპანტთა ძეგლები“ (ფუტკარაძე, 2010). ეს საფუძველშივე ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის მენტალიტეტს და სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს.
გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის საკითხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ ძეგლებზეც გავრცელდა და სტალინის მონუმენტების საქართველოში არსებობის ლეგიტიმურობის საკითხის ერთიან კონტექსტში განიხილებოდა. ძეგლების დემონტაჟის პროცესი გორიდან დაწყო. ძეგლი ღამით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გორის ცენტრიდან მალულად გადაიტანეს. ანალოგიურად წარიმართა ძეგლების გადატანის პროცესი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, ტყიბულში, ქუთაისში, ახმეტასა და თელავში. ამავე პოლიტიკის ნაწილი იყო გორში სტალინის მუზეუმის კონცეფციის შეცვლის იდეა, რომლითაც ეს უკანასკნელი სტალინიზმის მუზეუმად უნდა გადაკეთებულიყო და სტალინის ძეგლის ადგილზე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი უნდა აღმართულიყო, მაგრამ ამ იდეის განხორციელება სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ვერ მოესწრო.
მიუხედავად ვარდების რევოლუციის შემდგომი ხელისუფლების ისტორიული გმირების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისა, მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები ნაციონალური გმირების სიაში არ ჩაეწერნენ. ისინი საბჭოთა სისტემას ემსახურებოდნენ, რასაც, მათი აზრით, საქართველოსთან არაფერი ჰქონდა საერთო. ეს აღქმა ასევე, დაკავშირებული იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებთან, რადგანაც მსგავს განცხადებებზე ოფიციალური რუსეთი ძალიან მწვავედ რეაგირებდა. მაგალითად, სიმბოლოების ჩანაცვლების ერთ-ერთი გამოხატულება იყო ქალაქ ქუთაისში არსებული მეორე მსოფლიო ომის დიდების მემორიალის აფეთქება და იქ საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. აღნიშნულზე პასუხად რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში მონუმენტი აღმართა, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა და ერქვა „ფაშიზმის წინაღმდეგ ჩვენ ერთად ვიყავით“. ის კომპოზიციურად გამოხატავს ფოტოს, სადაც ქართველ მელიტონ ქანთარიასა და რუს მიხაილ ეგოროვს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ააქვთ, ხოლო ქუთაისში აფეთქებული დიდების მემორიალი წარმოადგენს კომპოზიციის უკანა ხედს. აღნიშნული მემორიალის გახსნაზე ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის ჩასვლა, საქართველოს პოლიტიკური წრეების მიერ კონფორმიზმში დადანაშაულების და მათი განკიცხვის მიზეზი გახდა.
რუსული ნარატივისგან დისტანცირების მცდელობას გამოხატავდა ხელისუფლების განცხადება - მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღად აღენიშნათ 8 მაისი. მეორე მსოფლიო ომს განსხვავებულად აღიქვამენ საბჭოთა სივრცეში და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. საბჭოთა კავშირისათვის და დღესდღეობით მისი სამართალმემკვიდრე რუსეთისათვის, ის დიდი სამამულო ომია, დასავლური გაგებით კი მეორე მსოფლიო ომი. ამ განსხვავებულ აღქმას კიდევ უფო მეტად ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გერმანული ნაციზმი და საბჭოთა სტალინიზმი ერთმანეთს გაუთანაბრა და ორივე დაგმო. ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღედ კი - 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების თარიღი დააწესა.
საქართველოში პოსტსაბჭოთა ნარატივის გადაწერისა და რუსეთისაგან დისტანცირების ფონზე, დღის წესრიგში დადგა არჩევანის გაკეთება - როგორ და როდის უნდა აღინიშნოს ეს დღე, როგორც მეორე მსოფლიო ომი თუ როგორც დიდი სამამულო ომი. არჩევანი, ფაქტიურად, ორიენტაციისა და ფასეულობების საკითხს უტოლდებოდა. 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს 8 მაისი იქნებოდა.
აღნიშნულს დაემატა კიდევ ერთი ასპექტი: რა იყო საქართველოში 8 თუ 9 მაისის აღნიშვნის მიზეზი - ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა თუ საბჭოთა დღესასწაულისადმი პატივის მიგება?! პირველი საკითხი ეხებოდა იმას, თუ რამდენად უნდა აღგვენიშნა სტალინის კოალიციის წევრობა და წითელ არმიაში სამსახური არა თავისუფალი, არამედ დაპყრობილი ქვეყნის სტატუსით. მითუმეტეს, ქართველები მოწინააღმდეგე ჰიტლერის არმიაშიც იბრძოდნენ. თუკი გერმანელებთან მებრძოლ ქართველებს ჰქონდათ გათვლა, რომ ნაციზმის გამარჯვებით საქართველოს დამოუკიდებლობას დაუბრუნებდნენ, საბჭოთა მხარეს მებრძოლებს, ხელისუფლების განცხადების თანახმად, არანაირი ნაციონალური მიზანი არ ჰქონიათ.
შესაბამისად, სტალინის, მეორე მსოფლიო ომისა და მასში მონაწილე ქართველი გმირების ახალ კოლექტიურ მეხსიერებაში ასახვის საკითხი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ცვლილებას უკავშირდებოდა. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ მოწონებული ნარატივი, მიუღებელი იყო საქართველოსთვის. ახალ ქართულ ნარატივში ხაზი გაესვა სტალინის „არაქართველობას“, მეორე მსოფლიო ომისთვის ქვეყნის მიერ იძულებით გაღებულ მსხვერპლს და კომუნიზმისა და ფაშიზმის გათანაბრების ევროპულ კონცეფციას.
7. ისტორიული ჭეშმარიტების ძიება
ღირებულებების გადაფასებისკენ მოწოდებისა და მოვლენების ხელისუფლებისეული ინტერპრეტაციისას მუდმივად კეთდებოდა აქცენტი რუსეთთან ურთიერთობის შესწავლისა და შეფასების აუცილებლობაზე. ჰეგემონური ნარატივის დანერგვისას მხარდამჭერი დოკუმენტის შემუშავება ამ პროცესს უფრო გაამარტივებდა. ამის კლასიკურ გამოხატულებას „ისტორიული ჭეშმარიტების დამდგენი კომისიის“ შექმნა წარმოადგენდა.
„კოლექტიური მეხსიერების შექმნას ერები და საზოგადოებები ხშირ შემთხვევაში ტრაგიკული და სისხლიანი ოკუპაციების შემდეგ იწყებენ, რათა ოკუპაციით შერყეული ეროვნული იდენტობას და ეროვნული ერთიანობის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი... რაც საქართველოში ვერ მოხერხდა და ამის შედეგია რომ დღესაც არსებობს კოლაბორაციონისტების წარმოშობის საფრთხე“ (რუხაძე ვ. , 2010). კენტის უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორანტ ვასილ რუხაძის სტატიამ, რომელშიაც ის რუსეთის 200 წლიანი მმართველობის წინააღმდეგ კოლექტიური მეხსიერების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამ პროცესში გადამწყვეტ როლს სწორედ ხელისუფლებას ანიჭებდა, საზოგადოებაში დიდი რეაქცია გამოიწვია. ამ გამოწვევის საპასუხო, ერთ-ერთ აუცილებელ ნაბიჯად ავტორს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიის ჩამოყალიბება მიაჩნდა. რუხაძის სტატიის გამოქვეყნება წინ უსწრებდა კომისიის ჩამოყალიბების შესახებ სააკაშვილის განცხადებას, რაც რუხაძის განცხადებით, შემთხვევითი იყო; თუმცა, ფაქტია, რომ მისი და ხელისუფლების შეხედულება კოლექტიური მეხსიერების შექმნის აუცილებლობის შესახებ ერთმანეთს ემთხვეოდა.
კომისიის დებულების თანახმად, ის შეისწავლიდა საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიან პოლიტიკასა და მის შედეგებს და საფუძვლიან სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებულ ანგარიშს მოამზადებდა, რომელიც სრულად აღწერდა საქართველოს მიერ მეფისა და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებს.
საზოგადოების კითხვაზე, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში თუ რამდენად იყო შესაძლებელი ღირებული ნაშრომის შექმნა, რომელიც ასახავდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 200 წლიან პერიოდს, კომისიის მდივანმა თ. შარაშენიძემ უპასუხა, რომ დოკუმენტი არ იქნებოდა სქელტანიანი სამეცნიერო ნაშრომი, არამედ 40-50 გვერდიანი ნაშრომი, რომელსაც თარგმნიდნენ რუსულ და ინგლისურ ენებზე ანუ, ნაშრომი ფართო აუდიტორიისთვის უფრო იქნებოდა განკუთვნილი და არა ისტორიკოსებისთვის, ვინც საქართველოს ისტორია ისედაც კარგად იცის. „შემდგომში თუ ვინმეს ჩაღრმავება მოუნდება, შეუძლია გაეცნოს მოხსენებებს, რომლებიც დაწერეს ჩვენმა ისტორიკოსებმა და რომლებიც ედება საფუძვლად ამ ჩვენს საბოლოო მოხსენებას” (ჩხეიძე, 2010).
კომისიის წევრების ინტერვიუირებისას გაირკვა, რომ კომისიის მუშაობის შედეგად შეიქმნა 105 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც აღწერდა მე-18 საუკუნიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოს ისტორიას. თუმცა, ის გაურკვეველი მიზეზების გამო არ გამოქვეყნებულა. კომისიის წევრების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების გაანალიზებიდან (ლაბორატორია, 2011) იკვეთება რამდენიმე საინტერესო ტენდენცია:
1. ქართველების წვლილი ოკუპაციის და საბჭოთა რეპრესიების განხორციელების პროცესში; კომისიის მუშაობის შედეგად გაანალიზდა არა მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ თითოეული მხარის როლი რუსული პოლიტიკის ფორმირებაში;
2. საზოგადოება არ იცნობს ისტორიას, ამიტომაც ჩვენ უნდა გავაცნოთ. არსებული ისტორიის თხრობა ხაზგასმით დადებითად წარმოაჩენს რუსეთის როლს საქართველოში და ხშირად მითებზეა დაფუძნებული;
3. წარსულიდან გარკვეული დასკვნების გამოტანის აუცილებლობა, რათა მომავალში არ გავიმეოროთ; კომისიის მუშაობის შედეგი უნდა იყოს ისტორიის, როგორც „მასწავლებლის“ გააზრება. 200 წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის ყველა მცდელობა საქართველოსთვის საზიანოდ დასრულდა.
შესაბამისად, ხელისუფლების დისკურსი და დამოკიდებულებები რუსეთის ფედერაციისა და კოლაბორაციონისტების მიმართ ამ დოკუმენტით ლეგიტიმაციის უფრო მაღალ ხარისხს იძენდა, რამდენადაც აწ უკვე წყაროებზე დაყრდნობით, მეცნიერულ საფუძველზე იქნებოდა ნაჩვენები ის სურათი, რომელიც ქართულ-რუსულ 200-წლიან ურთიერთობას მოჰყვა შედეგად.
8. დასკვნა
მეხსიერების აქტუალიზაცია და მისი გამოყენება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უაღრესად აქტუალურ თემას წარმოადგენს. მისი აქტუალურობა განსაკუთრებით იზრდება. თუ ქვეყანას აქვს იგივე გამოწვევები, რაც ჯერ კიდევ წლების წინ აწუხებდა და ასევე, გამოირჩევა განსაკუთრებული დამოკიდებულებით საკუთარი წარსულის მიმართ. საქართველოს შემთხვევა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. რამდენადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარღვეული იდენტობისა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხი თავიდან დადგა დღის წესრიგში. საქართველოსთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურება სახელმწიფოს მშენებლობის არამემკვიდრეობითობა იყო, კერძოდ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, თითოეული პრეზიდენტი ქვეყანაში მშენებლობის პროცესს ხელახლა იწყებდა, რაც, თავისთავად, ზეგავლენას ახდენდა წარსულის მემკვიდრეობის გააზრებისა და მეხსიერების პოლიტიკის ფორმირების პროცესზე, მის ხასიათსა თუ სტრატეგიაზე.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამოკვეთილია საბჭოთა წარსულის გადაფასების, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად ქცევის მცდელობა, მაგრამ მეხსიერების პოლიტიკის ტენდენციები ცვალებადია და ის გამოკვეთილად არის მორგებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. ზემოთ განხილული მაგალითების გათვალისწინებით შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება:
1. მეხსიერების პოლიტიკა საქართველოში მიმართული იყო ზემოდან ქვემოთ; საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის ტენდენციის ანალიზისას იკვეთება, რომ, როგორც წესი, სახელისუფლებო წრეებში ფორმირდებოდა ის მთავარი ინიციატივები, რომლის დანიშნულება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანება იყო.
2. მეხსიერების ძირითად მიმართულებას „ჰეგემონური ნარატივის“ დანერგვის მცდელობა წარმოადგენდა, რომელიც ხორციელდებოდა ვიქტიმიზაციის სტრატეგიის გამოყენებით. 2006 წლის შემდეგ სახელისუფლებო დისკურსში აქტიურად გამოიყენებოდა ტერმინები „ოკუპანტი“, „აგრესორი“, „მტერი“, რომელიც საზოგადოებისთვის ერთგვარ მაიდენტიფიცირებელ მარკერებს უნდა წარმოადგენდეს. იქმნება მეხსიერების ადგილები, რომლებიც ქმნიდნენ და ატარებდნენ ხსოვნას საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილის შესახებ, რომელიც სამჯერ გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი;
3. მეხსიერების სტრატეგიის არჩევანზე ზეგავლენას ახდენდა საგარეო პოლიტიკის ორიენტირები; რუსულ - ქართული ურთიერთობის გაუარესებამ, რაც საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ენერგომატარებლებზე დივერსიითა და ქართველების რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციით დაიწყო, სახელისუფლებო დისკურსში ანტისაბჭოთა რიტორიკით ჰპოვა ასახვა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის პრიორიტეტები, მთლიანად საბჭოთა წარსულის გადაფასებას მოიცავდა.
ზემოთაღნიშნული დასკვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში მეხსიერების პოლიტიკა 2005-2012 წლებში დაფუძნებული იყო წარსულიდან ფაქტების პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად შერჩევაზე, მის ინტერპრეტირებასა და საზოგადოებისათვის სხვადასხვა პროდუქტის სახით მიწოდებაზე. ამ პერიოდისათვის ასევე დამახასიათებელია ე.წ. „ჰეგემონური ნარატივის“ შექმნის მცდელობა, რომლის საზოგადოებაში პოპულარიზაციისათვის აქტიურად გამოიყენებოდა ინფორმაციის გავრცელების ყველა საშუალება მონუმენტებიდან კინოფილმებამდე. ამასთანავე, მეხსიერების პოლიტიკას არა მხოლოდ საშინაო დანიშნულება, არამედ საგარეო გათვლებიც ქონდა. კერძოდ, ამ პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლება მიზნად ისახავდა ერთიანი ევროპული ოჯახის წევრად გახდომას. ისტორიის ქართული ნარატივი, მსგავსად აღმოსავლეთ ევროპულისა, უპირისპირდებოდა რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის უშუალო მემკვიდრეს.
__________________________________________________
ბიბლიოგრაფია
Aguilar, P., & Humbelbek, C. (2002). Collective Memory and National Identity in the Spanish Democracy. The legacies of Francoicism and the Civil War. History and Memory, 121-164.
Assmann, A. (2006). Memory, Individual and Collective, in Contextual Political Analysis,. In R. Goodin, & C. Tilly, The Oxford Handbook of Contextual Political Analysis (pp. 211-227). Oxford : Oxford University Press.
Berger, P., & Luckmann, T. (1967). The Social Construction of Reality: A Treatise in the Sociology of Knowledge. New York: Texas Tech University, Institute for Studies in Pragmaticism. Anchor Book.
civil.ge. (2007, 02 21). ”თავისუფლების ინსტიტუტი” ლუსტრაციის შესახებ ხედვას აქვეყნებს. Retrieved 11 20, 2010, from www.civil.ge: http://www.civil.ge/geo/article.php?id=14849
Connerton, P. (2008). Seven Types of Forgetting. Memory Studies, 59-71.
Erll, A., Ansgar, N., Young, S., & (Ed). (2008). Cultural Memory Studies:An International and Interdisciplinary Handbook. Berlin: de Gruyter.
Funkenstein, A. (1989). Collective Memory and Historical Consciousness. History and Memory, 5-26.
Gedi, N., & Elam, Y. (1996). Collective Memory — What Is It? History and Memory, 1-14.
Halbwachs, M. (1992). On Collective Memory. Heritage of Sociology Series.
Kansteiner, W., & Fogu, C. (2006). The Politics of Memory in Postwar Europe. Durham: Duke University Press.
Nora, P. (1989). Between Memory and History. Special Issue: Memory and Counter-Memory, 7-24.
Olick, J., & Robbins, J. (1998). Social Memory Studes: from Collective Memory to the Historical Sociology of Mnemonic Practices. New York: Annual Review of Sociology Columbia University.
Paabo, H. (2011). Potential of Collective Memory Based International Identity Conflicts in Post-Imperial Space. Tartu: University of Tartu.
Sontag, S. (2003). Regarding the Pain of Others. New York: Picador.
Young, J. (1993). The Texture of Memory. New Haven: Yale University Press.
ელისაშვილი, ა. (2006, 27 05). თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა. Retrieved 09 23, 2011, from http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1547061.html
თორთლაძე, გ. (2014, 11 14). ჩაღრმავებული ინტერვიუ.
ლაბორატორია, ს. კ. (2011, 05 2). წარსულის რეკონსტრუქცია: ისტორიოგრაფიის როლი საბჭოთა წარსულის გააზრებაში. Retrieved 05 10, 2011
ლუსტრაცია სტალინზე დებატების ფონზე. (2007, 02 17). Retrieved 11 24, 2009, from www.civil.ge: http://www.civil.ge/geo/article.php?id=14829
რუხაძე, ვ. (2010, 01 30). Retrieved 02 03, 2010, from კოლექტიური მეხსიერება: http://www.24saati.ge/weekend/story/2904-koleqtiuri-mekhsiereba
სააკაშვილი, მ. (2004, 02 18). პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების მინისტრი წარადგინა. Retrieved 09 11, 2010, from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2004, სექტემბერი 10). საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე. Retrieved 11 04, 2010, from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2005, 10 5). დღევანდელი დღიდან ვიწყებთ ათვლას აფხაზეთში დასაბრუნებლად. Retrieved 10 04, 2011, from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2005, სექტემბერი 23). საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. Retrieved 09 08, 2011, from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2005, 05 31). საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ბრიფინგი გამართა. Retrieved 09 17, 2010, from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2006, თებერვალი). www.president.gov.ge. Retrieved from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2006, 03 06). საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მიუნჰენის 42-ე საერთაშორისო კონფერენციისადმი მიძღვნილ სადილზე. Retrieved 09 11, 2011, from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2006, 01 22). საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. Retrieved 11 09, 2010, from www.president.gov.ge.
სააკაშვილი, მ. (2006, 02 25). საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქართველ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. Retrieved 09 17, 2009, from www.president.gov.ge.
ფუტკარაძე, გ. (2010, 06 26). უგზოუკვლოდ დაკარგული სტალინი. Retrieved 03 09, 2011, from http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=2687
ჩხეიძე, თ. (2010, 09 11). როგორ იწერება ისტორიული სიმართლე. Retrieved 10 05, 2010, from http://www.netgazeti.ge/GE/25/Life/2344/
ხურციძე, ნ. (2005, 11 2005). ოპოზიცია ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს. Retrieved 12 11, 2011, from www.civil.ge: http://www.civil.ge/geo/article.php?id=11163
ჩაღრმავებული ინტერვიუები
ლევან ბერძენიშვილი. საქართველოს პარლამენტის წევრი. "თავისუფლების ქარტიის" 2013 წლის ცვლილებებათა კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.
გია თორთლაძე. "თავისუფლების ქარტიის" კანონპროექტის ავტორი.
ფარნაოზ ლომაშვილი. ისტორიკოსი.
ვასილ რუხაძე. ისტორიული ჭეშმარიტების აღმდგენი კომისიის ხელმძღვანელი.
ლევან ურუშაძე. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დირექტორი.
გოგი ხოშტარია. საგარეო საქმეთა მინისტრი 1990-1991 წწ.
ოთარ ჯანელიძე. ისტორიკოსი.