ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 6 მარტი 2018
რეზიუმე
სტატია მიზნად ისახავს, კონტენტანალიზისა და სიღრმისეული ინტერვიუების მეთოდების გამოყენებით, შეისწავლოს და გაანალიზოს ის შინაარსობრივი და მნიშვნელობითი ჩარჩოები, რომლებსაც საქართველოსა და რუსეთის შესახებ ქმნის ოკუპირებული რეგიონების რუსულენოვანი მედია, კერძოდ, შემდეგი წყაროები: sputnik-ossetia.ru; osinform.org; sputnik-abkhazia.ru; apsnypress.info.
ამ მიმართებით ყველაზე ზედაპირული, მოსალოდნელი, ადვილად პროგნოზირებადი შინაარსობრივი ჩარჩო, სავარაუდოა, იყოს მტრის ხატის შექმნა საქართველოსგან, ხოლო რუსეთის წარმოჩენა, როგორც მეგობარი სახელმწიფოსი. თუმცა ეს გენერალიზებული ფრეიმი, შესაძლოა, შეიცავდეს სპეციფიკურ მიმართებებსაც, რომელთა გამოკვეთაც ჩვენს კვლევით ინტერესს წარმოადგენს.
კვლევისთვის მონაცემთა ბაზად გამოყენებულია ოკუპირებული რეგიონების რუსულენოვან ინტერნეტმედიაში გამოქვეყნებული 261 ჟურნალისტური ნამუშევარი. [2016 წლის მარტი, 2017 წლის მარტი] სიღრმისეული ინტერვიუები კი ჩატარდა კონფლიქტოლოგებთან და მედიის ექსპერტებთან [შვიდი რესპონდენტი].
კვლევის ძირითადი მიგნებებია:
კვლევა აჩვენებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, დიდია საჭიროება ობიექტური ინფორმაციის წყაროების არსებობის. ამჟამად მოქმედ, რუსულენოვან ინტერნეტმედიას [sputnik-ossetia.ru; osinform.org; sputnik-abkhazia.ru; apsnypress.info] კონფლიქტის ყველა მხარე ისევ ომში შეჰყავს, ამ შემთხვევაში, საინფორმაციო ომში. ეს ომი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარსულში რეალური საბრძოლო მოქმედებებით მიყენებული იარები არასდროს შეხორცდეს.
საკვანძო სიტყვები: ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი, ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი), კონფლიქტები, რუსულენოვანი მედია, საქართველო, რუსეთი.
Abstract
The article aims to study and analyze the principal and essential frameworks being created by the Russian Media of the Occupied Regions in reference to Georgia and Russia by using the methods of content analysis and in-depth interviews. Namely, the following sources: sputnik-ossetia.ru; osinform.org; sputnik-abkhazia.ru; apsnypress.info.
The most superficial, expected, easy-to-predictable essential frame is to create an image of enemy from Georgia, and Russia as a friendly State. However, this generalized frame may also contain the specific concepts that are of interest to our research.
261 journalistic works published in the Russian Internet Media of the Occupied Regions are used as a database for research. [March 2016, March 2017] in-depth interviews were conducted with the conflicts and media experts [seven respondents].
The main findings of the research are:
The research shows that in the Occupied Regions there is a need for the existence of objective information sources. The current Russian Internet Media [sputnik-ossetia.ru; osinform.org; sputnik-abkhazia.ru; apsnypress.info] make efforts to push all the sides of the conflict to the war, in this case, in the information war. This war is doing everything, that the hurts caused by fighting actions in the past are never healed.
Key words: Occupied Regions, Abkhazia, Tskhinvali (South Ossetia), Conflicts, Russian-speaking Media, Georgia, Russia
შესავალი
ოცდახუთი წელიწადია, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სტატუსი ცვლილებას განიცდის - საბჭოთა საქართველოს ავტონომიური წარმონაქმნებიდან რუსეთის მიერ ოკუპირებიულ რეგიონებამდე. თანამედროვე პოლიტკური დისკურსი მათ „განდგომილ რეგიონებად“ მოიხსენიებს, მაგრამ სახელდების მიუხედავად, ვითარება მაინც ერთია: მაშინ, როდესაც ათასობით ეთნიკურად ქართველი გამოდევნილია ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთსა და ცხინვალში ცხოვრება გრძელდება. იბადებიან ახალი თაობები, რომელთაც არ ახსოვთ ომი, მაგრამ დღეს სხვადასხვა ინფორმაციის წყაროებთან ერთად, თვალყურს ადევნებენ ადგილობრივ მედიას. ექმნებათ თავიანთი აზრი საქართველოზე და ამ კონფლიქტების მთავარ მონაწილე - რუსეთზე. ვინაიდან, მედია არის საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი - კვლევითი სტატია აგებულია ოკუპირებული რეგიონების მედიაში გამოქვეყნებული ჟურნალისტური ნამუშევრების შესწავლაზე.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (ცხივალის რეგიონი/სამაჩაბლო) რეგიონებში კონფლიქტი რუსეთის იმპერიალისტური მიზნებით დაიწყო.
საქართველოს ,,დიდი მეზობლის“ - რუსეთის ინტერესებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - ყოფილ დაქვემდებარებულ რესპუბლიკებზე ძალაუფლების შენარჩუნება იყო. რუსეთი ცხინვალის და აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობების სამხედრო მხარდაჭერით, კონფლიქტის გამწვავებას და სასურველი შედეგის მიღებას ახერხებს. შედეგად, საქართველო კარგავს კონტროლს თავის რეგიონებზე. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს 400 000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ტოვებს და დევნილობაში,[1] დღემდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს.
დღეს, რუსეთი ლიდერობს იმ სახელმწიფოთა მცირე ნაწილის სიაში, რომლებმაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს. რუსეთმა აგრეთვე, აღნიშნულ რეგიონებთან 2015 წელს ,,თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატის ხელშეკრულებას“ მოაწერა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულების მთავარი პუნქტი - ერთიანი სამხედრო ძალის[2] შექმნას ითვალსწინებს. ასევე, მის თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას საპენსიო ფონდით უზრუნველყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.[3]
საინტერესოა, რას ფიქრობს დღეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა საქართველოსა და რუსეთზე?! რადგან საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, მთავარი ძალაუფლება მედიას აქვს, ამიტომაც ჩვენ ვიკვლევთ, თუ რას და როგორ წერს საქართველოსა და რუსეთზე კონფლიქტური რეგიონების მედია.
ლიტერატურის მიმოხილვა
კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონი
2011 წელს, მკვლევარები (CEDRIC RYNGAERT and SVEN SOBRIE) აქვეყნებენ კვლევას[4] სახელწოდებით “საერთაშორისო სამართალი და სახელმწიფოებად არ აღიარებული რეგიონები: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი.“
მკვლევარები ფიქრობენ, რომ წლების უკან იუგოსლავიის კონფლიქტი ვერ მოგვარდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, რამაც ხელი შეუწყო ძალადობრივ ქმედებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მათ შორის საქართველოშიც. კვლევაში საუბარია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ქართველი ეროვნების მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დევნაზე.
მსგავსი აქცენტები აქვს გაკეთებული კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარს გამოცემაში,, სახელმწიფოებრიობა და თვითგამორკვევა.“ ავტორს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით შემოაქვს ტერმინი - სეპარატიზმი.
,,ხშირად ადამიანების უფლება თვითგამორკვევის, ანუ ცალკე სახელწიფოდ გამოყოფის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგი მიზნებისთვის: სახელმწიფოს დახლეჩვისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევისთვის, ან სამხედრო ინტერვენციის გამართლებისთვის,“ - წერს მკვლევარი. აღნიშნავს, რომ ეს არის თემა, რომელიც ამაზე გაცილებით მცირე ნაწილებად შეიძლება დაიყოს, რადგან საკითხს მრავალი წახნაგი აქვს.
საერთაშორისო სამართლის კონტექსტში განიხილავენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტს მკვლევარები - კვლევაში, რომელიც ,,საერთაშორისო სამართლის“ ჟურნალში გამოქვეყნდა - კოსოვოს, აფხაზთის და ცხინვალის კონფლიქტების ისტორიას ქრონოლოგიურად აანალიზებენ.
მკვლევარების აზრით, ახალი სახელწიფოების შექმნისთვის აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი იქნება მტკივნეული და ნეგატიური მოვლენების საწყისი.
გარდა სამეცნიერო კვლევებისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე პერიოდულად უცხოეთის მედიაშიც იწერება სტატიები.
ჟურნალისტები (Alexander Cooley, Lincoln Mitchell.Abkhazia on Three Wheels)[5] აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ წერენ და მთავარ აქცენტს აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებაზე აკეთებენ. აშუქებენ დღევანდელი აფხაზეთის ცხოვრებას და მკითხველს აჩვენებენ რეგიონის, როგორც სამხედრო ასევე საგანმანათლებლო და საპენსიო სისტემის დიდ დამოკიდებულებას რუსეთზე.
რუსეთის ფაქტორზე წერს ავტორი პერ გარტონი (Georgia: Pawn in the New Great Game)[6] აცხადებს, რომ დღეს რუსეთის სამხედრო ნაწილები მშვიდობის მყოფელების სახელით არიან აფხაზეთში, თუმცა აღნიშნული კონფლიქტის სათავეებში თავად რუსეთი დგას.
საქართველო-რუსეთის კონფრონტაციის ჭრილში ხედავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტს მკლევარი ანურადჰა ჩენოი (Anuradha Chenoy).[7] წერს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაკეთილგანწყობილი ურთიერთობა დაიწყო საქართველოსა და რუსეთს შორის. ,,დიდმა მეზობელმა“ ეთნიკურად ჭრელ რეგიონებში - სეპატარისტული მოძრაობების მხარდაჭერა დაიწყო. მკვლევარი წერს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველო ვერ პოულობდა სანდო მოკავშირეს ევროპასა და ამერიკაში, თუმცა ახლა სურათი შეიცვალა და ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებილი.
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების გაანალიზების მიზნით 2009 წელს გამოიცა სამტომიანი ანგარიში სახელწოდებით: ,,საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია.“[8]
ეს გამოცემები მოიცავს სხვადასხვა სამხედრო, იურიდიული, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა, პოლიტიკური და ისტორიული სფეროს ექსპერტთა მიერ მოწოდებული ინფორმაციების ნაკრებს. ისინი ფაქტების დამდგენმა მისიამ შეაფასა და წარმოადგენს საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ანგარიშს. აღნიშნულ მისიაზე და შედეგების გაანალიზებაზე მომუშავე ადამიანები წერენ, რომ საერთაშორისო სამართალის მიხედვით, რუსი სამხედროების მოქმედებები ქართული სამხედრო ძალების წინააღმდეგ ვერ იქნება გამართლებული, როგორც კოლექტიური თავდაცვა.
თვლიან, რომ „ჰუმანიტარული ინტერვენცია“ რუსეთს ღიად არ გამოუცხადებია, თუმცა, პრეზიდენტმა მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს თავის განცხადებაში სამხრეთ ოსეთში სიტუაციის შესახებ აღნიშნა, რომ „რუსეთი ისტორიულად იყო კავკასიის ხალხების უსაფრთხოების გარანტი, და ეს დღესაც ასეა.“ [9]აღნიშნულ ანგარიში ასევე წერია: ,, მედვედევმა აგრეთვე, აღნიშნა, რომ „დღეს სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები და მოხუცებულები იხოცებიან.“ გარდა ამისა, ტერმინი, რომელსაც რუსები ხშირად იყენებენ - „დაცვის მოვალეობა“ (responsibility to protect) ერთგვარად კვეთს დაცვის უფლების ახალ საერთაშორისო კონცეფციას, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის დაცვას, მათი ეროვნების მიუხედავად. ამ განცხადებებით, ჰუმანიტარული ინტერვენციის საკითხი, თუმცა, არაპირდაპირი ფორმით წამოჭრილი იყო რუსეთის მიერ. ჰუმანიტარული ინტერვენცია ნიშნავს ძალისმიერ, მეტწილად, სამხედრო ქმედებას სახელმწიფო საზღვრების მიღმა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიერ ძალის გამოყენება ვერ იქნება გამართლებული, როგორც ჰუმანიტარული ინტერვენცია,“ - წერია მისიის ანგარიშში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ჯორჯ ქენანის რუსეთის კვლევების ინსტიტუტიც, თავიანთ 2013 წლის ანგარიშში, საქართველოს გაყინულ კონფლიქტებში რუსეთის დიდ წვლილზე საუბრობენ. ანგარიში, რომლის სათაურადაც გამოყენებულია ოტო ფონ ბისმარკის სიტყვები: ,,არასდროს არაფერი ჩაიფიქროთ რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ყოველ ჩვენს ეშმაკობას ის გაუთვლელი სისულელით უპასუხებს.“[10]
ასეთი დასათაურებული ანგარიში თავის სახელს ამართლებს. მასში აფხაზეთის კონფლიქტი სრულად რუსეთის ინტერესების ჭრილშია დანახული.
,,ეთნიკური დაპირისპირების გაღვივება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობით. რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა მოხალისეთა მობილიზაციის სპეციალური პუნქტები, საიდანაც ორგანიზებულად გზავნიდნენ საომრად შეკრებილ ბოევიკებს საქართველოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. ასე აღმოჩნდნენ კონფლიქტში ჩართული კაზაკები, ასევე ჩეჩნები, ინგუშები, სომხები და სხვა კავკასიური ერების წარმომადგენლები.
კონფლიქტის გადამწყვეტ ეტაპებზე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა თავად რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომელიც უკვე უშუალოდ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. გარდა სპეცრაზმელებისა და მედესანტეებისა, ბრძოლებში აქტიურად ჩაება რუსეთის არმიის არტილერია და ავიაცია,“- ვკითხულობთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ჯორჯ ქენანის რუსეთის კვლევების ინსტიტუტის ანგარიშში. [11]
მშვიდობის ჟურნალისტიკა
მშვიდობის ჟურნალისტიკა არის ეთიკური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება, რომელიც სცდება მოვლენათა მარტივი ბიოპოლარული ინტერპრეტირების ფარგლებს და მტრულად განწყობილ მხარეთა ვიწრო შეხედულებებს. ასეთი ჟურნალისტიკა ხელს უწყობს კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.
მკვლევარმა იოჰან გალტუნგმა (JOHAN GALTUNG) ჟურნალისტიკას განუსაზღვრა დიდი როლი კონფლიქტის დარეგულირებაში (1953).[12] მისი თეორიების თანახმად, მედიასაშუალებები ან ამძიმებენ სიტუაციას ან აწარმოებენ სამშვიდობო ჟურნალისტიკას. ეს უკანასკნელი მოიცავს მშვიდობაზე ორიენტირებულ მედიას. სამშვიდობო მედია არ არის მიმართული კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარის "გამარჯვებისკენ", მისთვის არ არსებობს კონცეფცია – ჩვენ და ისინი. სამშვიდობო ჟურნალისტიკა არასოდეს აკეთებს აქცენტს, თუ ვინ ისროლა პირველმა, არასოდეს ხდის კონფლიქტს ბურუსით მოცულს, იდუმალს, ან სკადალურს. თვლის, რომ კონფლიქტი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, უნდა ჩანდეს ყველა მხარის პოზიცია, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ხალხზე, ვინც სამშვიდობო პროცესებშია ჩართული. რაც მთავარია, ჟურნალისტები კონფლიქტის გაშუქებისას ყველა მხარეს უნდა მიუდგნენ ჰუმანურად, ყველა მხარის მოსაზრება უნდა გახადონ ცნობილი.
თეორიული ჩარჩო
ნაშრომის თეორიულ ჩარჩოდ გამოყენებულია ფრეიმინგის თეორია. ფრეიმინგი არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მედია არჩევს და განსაკუთრებულად გამოაქვს ამა თუ იმ მოვლენიდან მისი მხოლოდ ერთი ასპექტი. ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთი დიდი ნახატიდან მისი მხოლოდ ერთი მხარის ან კუთხის აღქმა. პროცესი თავისი არსით, შეიძლება ითქვას, რომ არ წარმოადგენს მოვლენის ობიექტური, სრულყოფილი გაშუქების ფორმას.
ენთმანი (Entman,1991)[13]განმარტავდა, რომ ფრეიმის ორი დონე არსებობს. პირველია გონებაში გამჯდარი პრინციპები და ღირებულებები, ხოლო მეორე - ახალი ამბების ტექსტის პარამეტრები. ფრეიმინგი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის სტრუქტურირებული საკითხები და მოვლენები (Reese, 2007)[14]. ამ მოსაზრებების თანახმად, ჟურნალისტები გაუცნობიერებლად ქმნიან ამბების გადმოცემის ფრეიმებს (Tuchman, 1978).[15]
გოფმანი (Goffman,1974)[16]თვლიდა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისას ეფექტს განაპირობებს არა გამიზნული/გაცნობიერებული სურვილი, მოვლენა მხოლოდ ერთი კუთხით წარმოაჩინოს, არამედ ის პიროვნული თვისებები-ღირებულებები, რაც თავად ავტორს აქვს. მისი განმარტებით, ფრეიმი არის ადამიანის ინდივიდუალური გამოცდილების ერთიანობის შედეგი.
მედია და კონფლიქტები
კონკრეტულად ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მედიის შესახებ ანალიზის ხასიათის კვლევა, რომელიც მათ დამოკიდებულებას გამოხატავს საქართველოსა და რუსეთის მიმართ - ამ დრომდე არაა მომზადებული. თუმცა ქართულ სამეცნიერო წრეებში მოიპოვება, ,, მედიის განვითარების ფონდის“ (2012 წელი) კვლევა, რომელიც აჩვენებს არა ოკუპირებული რეგიონების მედიის, არამედ ქართული მედიის დამოკიდებულებას მათ მიმართ.
კვლევის: ,,კონფლიქტების გაშუქება ქართულ მედიაში“ მთავარი სამიზნე იყო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დაკვირვება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავს 2012 წლის 12 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდს. დროის ეს მონაკვეთი საგანგებოდ შეირჩა, ვინაიდან ის ემთხვეოდა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტის და აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებს. მონიტორინგის ობიექტებად შეირჩა როგორც სატელევიზიო, ისევე ბეჭდური მედიასაშუალებები.
ერთთვიანი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ტელევიზიები თავიანთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ნაკლებ ყურადღებას უთმობენ კონფლიქტური რეგიონების და მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქებას. რაც შეეხება კონფლიქტების გაშუქების შინაარსობრივ სტრუქტურას, საანგარიშო პერიოდში განხილული საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტების ანალიზმა აჩვენა,რომ ხშირია თემების გამეორება, თუმცა, ასევე იშვიათი გამონაკლისის სახით გვხვდება ცალკეული ექსკლუზიური მასალებიც. ამასთან, ცალკეული თემები ყველა ტელევიზიის ან ზოგიერთი მათგანის მიერ მთლიანად იგნორირებულია. მკვლევარების აზრით, საგანგებო აღნიშვნას მოითხოვს ის ფაქტიც, რომ ბეჭდური მედია, საერთოდ არ უთმობს სივრცეს სეპარატისტულ რეგიონში საანგარიშო პერიოდში გამართულ არჩევნებს.
2011 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრმა, ნინო მანიაშვილის სამაგისტრო ნაშრომი „ კონფლიქტების გაშუქება თანამედროვე ქართულ ბეჭდურ მედიაში“ (გაზეთების „რეზონანსისა“ და „ალიას“ მიხედვით. 2010წ.) მოამზადა. [17]ნაშრომი მიზნად ისახავდა შესწავლას, თუ როგორ შუქდება კონფლიქტები ქართულ პრესაში, რამდენად სწორად და კარგად ასახავენ ჟურნალისტები ამ სფეროში არსებულ ვითარებას, რა ტენდენციები იკვეთება და რამდენად შეესაბამება იგი საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებსა და ნორმებს, რამდენად ინარჩუნებენ ნეიტრალურობას, გადმოსცემენ თუ არა ახალ ამბებს კონფლიქტურ რეგიონებზე სრულად, ზუსტად, სამართლიანად და გასაგებად. სამაგისტროს დასკვნის თანახმად: „აღსანიშნავია, რომ „რეზონანსი“ თითქმის ყველა ნომერში ეხმაურებოდა კონფლიქტის თემას, თანაც არა ერთი, არამედ რამდენიმე პუბლიკაციით. ხშირად გვთავაზობს რეპორტაჟებს ახალგორიდან, თუმცა მაინც ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობილი პუბლიკაციები სჭარბობს.
რაოდენობრივი კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „რეზონანსისთვის“ ეს საკითხი უდავოდ პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი „ალიაზე,“ პუბლიკაციები კონფლიქტებზე საკმაოდ მწირია, თუმცა, სჭარბობს სააგენტოების მიერ გავრცელებული ახალი ამბები. „რეზონანსისგან“ განსხვავებით „ალიას“ მთავარი მიზანი არა კონფლიქტის გაშუქება და რეალურად არსებული ვითარების ასახვაა, არამედ სენსაცია და სკანდალია, რის გამოც ხშირად ვხვდებით არაეთიკურ გამოთქმებს,“- ვკითხულობთ სამაგისტრო ნაშრომში. [18]
უცხოური მედიის მიერ კონფლიქტის გაშუქებაზე კვლევა: „რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქება საერთაშორისო მედიაში“ - მკლევარებმა ლაშა ბაქრაძე, ნინო დანელია, ზაზა თორია, ანა ქეშელაშვილი და თიკო ცომაიამ მომზადეს.[19] კვლევის მიზანი იყო საერთაშორისო მედიით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაშუქების გაანალიზება. კონკრეტულად კი, განსაზღვრა თუ ვინ იყო ამ მოვლენების გაშუქებისას უცხოური მედიისთვის ინფორმაციის წყარო, რა ძირითადი მესიჯები ხვდებოდა პრესასა თუ ტელეარხებზე და რა კონტექსტში განიხილებოდა კონფლიქტი. საკვლევ მედიად შეირჩა ყველაზე გავლენიანი ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულენოვანი მედია. კერძოდ, ყოველდღიური გაზეთები – „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (New-Yok Times),“ვოშინგტონ პოსტი” (Washington Post), „დეილი მეილი“(Daily Mail)“გარდიანი“ (Guardian),“ინდეპენდენტი“ Independent, „ლიბერასიონი“ (libération),“ლე-მონდი” (le monde),“ლე ფიგარო” (le Figaro)“ფრანკფურტერ ალგემეინე ცაიტუნგი” (Frankfurter Algemaine Zeitung),“ზიუდდეოიჩე ცაიტუნგი” (Soud Deutsche Zeitung), ყოველკვირეული ჟურნალი „დერ შპიგელი“ (Der Spiegel). ასევე, შესწავლილ იქნა CNN-ის ეთერით გასული სიუჟეტები. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მედიაში გასული ინფორმაციის თითქმის 40% რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს არ არქმევს რაიმე კონკრეტულ სახელს და აღწერილობითი ხასიათისაა. თუმცა, იქ, სადაც მოვლენების სახელი კონკრეტდება, უმეტეს შემთხვევაში – 20,2% უკანასკნელი დრამატული მოვლენები განხილულია, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. მოხსენიების სიხშირით მეორე ადგილზეა (12,5%) საქართველოშიკონფლიქტისომის სახით მოხსენიება. ყველაზე იშვიათად – ახალი ამბების მხოლოდ 3,5% არქმევს კონფლიქტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს. კატეგორია “სხვაში” მოხვდა სიუჟეტებისა და სტატიების ის სათაურები, სადაც კონფლიქტი კავკასიის კრიზისად ან კავკასიის კონფლიქტად მოიხსენიება.
კვლევის თანახმად, მხარეთა პასუხისმგებლობასთან ერთად, საერთაშორისო მედია ყველაზე ხშირად, სტატიებისა და სიუჟეტების 44.0%, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვისას აღწერდა სამხედრო ძალების გადაადგილებას, საომარი მოქმედებების მიმდინარეობას. კონფლიქტზე საუბრისას სიხშირით მეორე ადგილზეა - 36.0% - ომის სისასტიკეების აღწერა, ანუ, აქცენტის გაკეთება ადამიანური მსხვერპლის რაოდენობაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევაზე და ა.შ. ხოლო მესამე ადგილზე - პროგნოზის ფრეიმი. კონფლიქტს ადამიანური ტრაგედიის ჭრილში აშუქებს სიუჟეტებსი მხოლოდ 21%.
რაც შეეხება თავად ოკუპირებული მედიის სურათის დანახვის შესაძლებლობას, ამ დროისთვის ქართულ მედია სივრცეში არსებობს ერთადერთი გადაცემა ,,მედია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (საპატრიარქოს ტელევიზია –„ერთსულოვნება“),[20] სადაც პერიოდულად ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბეჭდური და ინტერნეტ მედიის გაანალიზება. გადაცემის ავტორი და წამყვანი თამარ ბელქანია და თანაწამყვანი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი – აკვირდებიან ოკუპირებული ტერიტორიის მედიას და მასალების ანალიზთან ერთად – მაყურებლებს დასკვნებს სთავაზობენ. გადაცემამ ამ დროისთვის ასობით საგაზეთო, თუ ინტერნეტ მედიაში გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალა გაანალიზა. მაგალითად, ამ გადაცემების მთავარი თემები იყო: ცხივალის მედია და ახალი სამხედრო აქცენტები მედიაში; გალის ახალი გამგებელი და სამხედრო რეჟიმი რეგიონში; აფხაზური და ცხინვალის მედია დღეს.
აღნიშნულ გადაცემებში განხილული მასალების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების მედია პერიოდულად წერს საქართველოზე, თუმცა კონტექსტი უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიურია. ასეთი დამოკიდებულება არ არის რუსეთის მიმართ. მასალების უმრავლსეობაში რუსეთი ,,მეგობრად“ და ,,მფარველად“ არის წარმოდგენილი.
საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, მედიის დახმარებით მიმდინარე პროპაგანდის შესახებ მიგნებებს ვკითხულობთ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“- ის კვლევაში: ,,დემოკრატიზაციის პროცესი, რეგიონული კონტექსტი, ეროვნული უმცირესობები და კონფლიქტების ტრანსფორმაცია.“[21]
აღნიშნულ კვლევაში, რომელიც 2011 წლის ივლისი-სექტემბერს მოიცავს ვკითხულობთ: ,,რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება გამოუვალი პოლიტიკური მდგომარეობა, მით უფრო გაიზრდება გაუცხოება, ერთი მხრივ, ქართულ და მეორე მხრივ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის. ამგვარად, რეგიონების გაუცხოების პროცესი შეუქცვევადი გახდება არა მხოლოდ რუსული ოკუპაციის შედეგად, არამედ საზოგადოებებს შორის ნდობისა, კეთილი ნებისა და კონტაქტების არარსებობის გამო. მხარეების ოფიციალური რიტორიკა და პროპაგანდა უნდობლობასა და ანტაგონიზმს მხოლოდ აღვივებს.“
მეთოდოლოგია
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ოკუპირებულია, ვერ მოხერხდა აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩასვლა და დაკვირვების განხორციელება - ყველა სახის მედიასაშუალებებზე. ორივე რეგიონის მართვა ხდება საერთაშორისო სამართლის კანონს მიღმა მყოფი ძალების მიერ და კვლევითი საქმიანობის ჩატარება პირადი უსაფრთხოების რისკთან არის დაკავშირებული. შესაბამისად,სტატიის საკვლევ კითხვებზე პასუხების ძებნას ვიწყებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მხოლოდ, რუსულენოვან ინტერნეტმედიაში.
ნაშრომში ძირითადად საკვლევ მეთოდებად გამოყენებულია კონტენტ ანალიზისა და სიღრმისეული ინტერვიუების მეთოდი.
სიღრმსეული ინტერვიუები მომზადდა, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე პირებთან: კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე, პროფესორი თამარ ბელქანია, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი, „სტუდიარე“-ს ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე, პროფესორი ხათუნა მაისაშვილი და „კავკასიისრეგინალური უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორი სალექსანდრე რუსეცკი.
კონტენტანალიზის მეთოდით შევისწავლიდით 2016 წლის მარტსა და 2017 წლის მარტში შემდეგ ვებ-გვერდზე მომზადებულ ჟურნალისტურ ნამუშევრებს: sputnik-ossetia.ru; osinform.org; sputnik-abkhazia.ru; apsnypress.info.
კოდირების ანკეტის მეშვეობით ვადგენთ ჟურნალისტურ ნაშრომში საქართვეოსა და რუსეთის მიმართ გამოვლენილ ტენდენციას/ტონს (ნეიტრალური ტონი/ტენდენცია; დადებითი ტონი/ტენდენცია; უარყოფითი ტონი/ტენდენცია)
ტენდენციის/ტონის შეფასების კრიტერიუმები:
მოვლენა წარმოჩენილია მასში მონაწილე, თუ მასთან კავშირში მყოფი მხოლოდ ერთი მხარის პოზიციით; ჟურნალისტურ ნამუშევარში ავტორი პირდაპირი ფორმით გვთავაზობს მხოლოდ ფაქტის/მოვლენის მისეულ შეფასებას და არ უთმობს ტრიბუნას განსხვავებულ შეფასებებს; ჟურნალისტი მოსაზრებას ფაქტად წარმოაჩენს, ან პირიქით; მასალაში გამოყენებული ფაქტები არაა ზუსტი; დარღვეულია ბალანსი - მოვლენაში მონაწილე მხარეები არათანაბარპირობებშიარიან. მაგალითად, ერთი მხარის მოსაზრებას სამი რესპონდენტის პოზიცია ამყარებს, ხოლო მეორე მხარის, ან სხვა მხარეების პოზიციებს თითო-თითო; როდესაც ხდება ჟურნალისტურ ნამუშევარში გამოგონილი, ან დაუზუსტებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება.
როდესაც ეს ტენდენციები შეინიშნება ჟურნალისტურ ნამუშევარში, ვახდენ შინაარსობრივად მათ გაანალიზებას დავადგენ ასეთი გაშუქება, შინაარსობრვად, რუსეთის იმიჯის სასიკეთოდ იყო, თუ საქართველოსი. ასევე გაშუქების ეს ფორმა უარყოფითად წარმოაჩენს თუ არა რუსეთს, ან საქართველოს. მასალები, სადაც არ აღინიშნება მსგავისი ტენდენციები არის ნეიტრალური, რადგან მათში სხვადასხვა მხარეები თანაბრადაა წარმოჩენილი.
საკვლევი თემა გაანალიზებულია ფრეიმინგის თეორიის ჭრილში.საკვლევი კითხვებია: რა სიხშირით შუქდება რუსეთთან და საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაციები? როგორია მათი ერთმანეთთან შეფარდების შედეგი? როგორია ამ ინფორმაციების ტონი? [დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური]
კვლევა
osinform.org - 2016 წლის მარტი - 2017 წლის მარტი
osinform.org - აღნიშნული მედია აშუქებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ამბებს. ჟურნალისტური ნამუშევრები მზადდება რუსულ ენაზე. კოდირების სისტემამ 2016 წლის მარტის თვეს, ასეთი შედეგები აჩვენა (სულ გავეცანი 52 ჟურნალისტურ ნამუშევარს):საქართველო ნახსენები იყო 48-ჯერ, რუსეთი 96, თბილისი - 6, მოსკოვი - 17, გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 21, ქართველები - 32, რუსები - 44.
ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 23 სათაური იყო ინფორმაციული, 11 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, 3 იყო ნეიტრალური, ხოლო 15 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ.
ჟურნალისტური ნამუშევრების შინაარსის შესწავლამ კი წარმოდგენა შემიქმნა ფრეიმებზე, რომელიც მათი დახმარებით იქმნება. ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის მატარებელი იყო: 28 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, 20 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ნეიტრალური გაშუქება იყო მხოლოდ 4 ნამუშევარში.
დროის ამ პერიოდში, ანუ 2016 წლის მარტის თვეს, ვებ-გვერდმა osinform.org ძირითადად შემდეგი თემატიკის საკითხები გააშუქა: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოციალურ-პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან; კულტურული მიმართულებით თანამშრომლობა რუსეთთან. საქართველოს მიმართ განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულება კი ასახული იყო ე.წ. ისტორიული ექსკურსის მატარებელ სტატიებში, სადაც ქართული მხარე წარმოჩენილი იყო, როგორც ოსებზე მოძალადე.
საქართველოს მიმართ, დროის ამ მონაკვეთში, უარყოფითი ხასიათის მასალები მომზადდა ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „რუსთავის“ და ჯგუფი „ბანის“ ჩრდილოეთ ოსეთში დაგეგმილი კონცერტის გამო. აღნიშნული კონცერტის შესახებ სტატიები დასათაურდა ამგვარად: „ ეს რა არის ძმებო?!“ - რითაც ავტორი მიმართავდა ჩრდილო ოსეთის საზოგადოებას და ქართველებისთვის კონცერტის ჩატარების უფლების მიცემას მათ ღალატად აღიქვამდა.
უარყოფითი კონტექსტით გაშუქდა ქართული მხარის ე.წ ოსურ მხარესთან პატიმრების გაცვლის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ბოლო პერიოდში ერთადერთი საკითხი, სადაც მოხერხდა თანამშრომლობა, აღნიშნულმა მედიამ აქცენტი მხოლოდ იმაზე გააკეთა, რომ განთავისუფლდნენ „უკანონოდ დატყვევებული“ პირები. ჟურნალისტებმა დროის ამ მონაკვეთში გააშუქეს ე.წ საზღვრის დარღვევის ფაქტები და საკითხი შეაფასეს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრის დარღვევა. ყველა ამ თემატიკის მასალში ხაზგასმული იყო, რომ მსგავსი ქმედებით ქართული მხარე აწყობს პროვოკაციებს. ჟურნალისტების ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ე.წ. საზღვრის დამრღვევები თაობების განმავლობაში ცხოვრობდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც ახლა მათ გადასვლისას აკავებენ.
მარტის თვეს, ტრადიციულად მომზადდა ქალთა დღის ამსახველი ღონისძიებების მასალები, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ 8 მარტი ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრთ ოსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის მეუღლეს მიულოცა. დროის ამ პერიოდში, მომზადებული მასალების უმეტესობა ასახავდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობას. არ მომზადებულა არც ერთი ჟურნალისტური მასალა, რომელიც რაიმე კუთხით უარყოფითად წარმოაჩენდა რუსეთს. იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოზე, ამ შემთხვევაში კი საქმე პირიქით იყო. არ მომზადებულა არც ერთი ჟურნალისტური ნამუშევარი, რომელიც პოზიტიურ ფრეიმს შექმნიდა საქართველოზე.
osinform.org-ის მუშაობის პროცესზე დაკვირვებას ვაგრძელებდი 2017 წლის მარტში. კოდური სიტყვების მიხედვით, მიწევს 30 მასალისგაანალიზება. დროის აღნიშნულ პერიოდში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იყო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისი. მედიისგან, ხშირად ისმებოდა კითხვები კანდიდატების მიმართ რუსეთთან ურთიერთობაზე. ასევე ამ პერიოდში განხორციელდა იმჟამინდელი ე.წ პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაც.
კოდური სიტყვების შემდეგი სიხშირით გამოიყენეს: საქართველო ნახსენები იყო 36-ჯერ, რუსეთი 99, თბილისი - 5, მოსკოვი - 47, გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 75, ქართველები - 16, რუსები - 73.
ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 19 სათაური იყო ინფორმაციული, 6 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, 1 იყო ნეიტრალური, ხოლო 4 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ.
ჟურნალისტური ნამუშევრების შინაარსის შესწავლამ კი წარმოდგენა შემიქმნა ფრეიმებზე, რომელიც მათი დახმარებით იქმნება. უშუალოდ ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის მატარებელია: 22 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, 5 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ნეიტრალური გაშუქება იყო მხოლოდ 3 ნამუშევარში.
მედია აქცენტს აკეთებდა ე.წ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე რუსეთთან, ხაზს უსვამდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოება სრულადაა დამოკიდებული რუსეთთან თანამშრომლობაზე. საქართველო კი წარმოჩენილი იყო, როგორც ისტორიულად მტრულად განწყობილი სახელმწიფო. მომზადდა ისტორიული ხასიათის ჟურნალისტური ნამუშევრები, სადაც საუბარი იყო ოსების დევნაზე ქართველების მიერ. ორი სტატია კი მომზადაა საბჭოთა კავშირზე, ავტორმა გამოთქვა მოსაზრება და სცადა გარკვეული წყაროებით დადასტურება, რომ იოსებ სტალინი ოსური წარმომავლობის იყო და მას უბრალოდ, გვარი ჰქონდაგადაკეთებული.
მედიამ ყურადღება დაუთმო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებთან გაერთიანებას. ფაქტი ჟურნალისტების ყველა წყარომ დადებითად შეაფასა. დროის ამ პერიოდში, არც ერთი ჟურნალისტური ნამუშევარი არ წარმოაჩენდა უარყოფითად რუსეთს და მის მოქმედებებს. საქართველოს შემთხვევაში საპირისპირო შედეგი იყო. არც ერთი ნამუშევარი, არც ერთი კონტექსტით პოზიტიურად არ წარმოაჩენდა საქართველოს.
sputnik-ossetia.ru 2016 წლის მარტი - 2017 წლის მარტი
sputnik-ossetia.ruარის შემდეგი მედია, რომელიც გავაანალიზე (ან შევისწავლე). აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს პროექტს Sputnik ერთ-ერთ ფილიალს, რომელიც წერს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთზე. ვაკვირდები მათ მუშაობას 2016 წლის მარტის თვეში. კოდური სიტყვების მიხედვით გაანალიზება მომიწია 26 მასალის.
კოდური სიტყვები შემდეგი სიხშირით გამოიყენეს: საქართველო ნახსენები იყო 70 -ჯერ, რუსეთი 84, თბილისი - 6, მოსკოვი - 13, გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 12, ქართველები -7 , რუსები - 13. ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 11 სათაური იყო ინფორმაციული, 7 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, 2 იყო ნეიტრალური, ხოლო 6 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ.
ჟურნალისტური ნამუშევრების შინაარსის შესწავლამ კი წარმოდგენა შემიქმნა ფრეიმებზე, რომელიც მათი დახმარებით იქმნება. ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის მატარებელი იყო: 14 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, 11 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ნეიტრალური გაშუქება იყო მხოლოდ 1 ნამუშევარში.
მედია ძირითადად წერდა ე.წ. სამხრთ ოსეთის თანამშრომლობაზე რუსეთის ფედერაციასთან, მთავარი აქცენტი სამხედრო კუთხით თანამშრომლობაზე გაკეთდა, თუმცა არა ერთი მასალა შეეხო კულტურული და სოციალური კუთხით თანამშრომლობას. საქართველოს მიმართ გაკეთდა აქცენტები, რომ არ ხდება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ამ დროისთვის უკვე არა ერთ საერთაშორისო დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი, სადაც აცხადებს, რომ უარს ამბობს სამხედრო ძალით კონფლიქტს გადაჭრაზე. მედიამ აქცენტი გააკეთა ე.წ სამხრთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთაზე - ადამიანები რომლებმაც გადაკეთეს ე.წ საზღვარი მოიხსენიეს, როგორც კანონის დამრღვევები.
ჟურნალისტური ნამუშევრების უმრავლესობა პოზიტიურად წარმოაჩენდა რუსეთს, ნეგატიურად კი საქართველოს.
sputnik-ossetia.ru-ის 2017 წლის მარტის ნამუშევრების გაანალიზება ფრეიმების თვალსაზრისით მსგავს სურათს გვაძლევს. კოდური სიტყვების მიხედვით, ამჯერადაც 26 მასალის გაანალიზება მომიწია.
კოდური სიტყვების შემდეგი სიხშირით გამოიყენეს: საქართველო ნახსენები იყო 27 -ჯერ, რუსეთი 94, თბილისი - 0, მოსკოვი - 14, გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 23, ქართველები -14 , რუსები - 28.
ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 9 სათაური იყო ინფორმაციული, 5 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ხოლო 12 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ. ჟურნალისტური ნამუშევრების შინაარსის შესწავლამ კი წარმოდგენა შემიქმნა ფრეიმებზე, რომელიც მათი დახმარებით იქმნება. უშუალოდ ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის მატარებელი იყო: 21 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, ხოლო 5 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ.
თემატიკა, გასული წლის მარტის თვის მსგავსად, ორიენტირებული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გაშუქებაზე. ძირითადი აქცენტი ამ თანამშრომლობის ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე გაკეთდა.
გამოვლენილი ფრეიმები: რუსეთი „მეგობარი სახელმწიფო,“ საქართველო „მტრული სახელმწიფო,“ რუსეთი „უსაფრთხოების გარანტი.“
apsnypress.info 2016 წლის მარტი - 2017 წლის მარტი
კონტენტანალიზის მეთოდით ვიკვლიე იმავე პერიოდში აფხაზეთის რეგიონის ამბებზე მომუშავე რუსულენოვანი ვებგვერდებიც: apsnypress.info და sputnik-abkhazia.ru.
apsnypress.info არის აფხაზეთის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტო. ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებს ჟურნალისტურ ნამუშევრებს. ვებ-გვერდის 2016 წლის მარტის ნამუშევრებს გავაანალიზე. კოდური სიტყვების მიხედვით გავეცანი 31 მასალას.
კოდური სიტყვების გამოყენებულია შემდეგი სიხშირით: საქართველო ნახსენები იყო 29 -ჯერ, რუსეთი 117, თბილისი - 0, მოსკოვი - 3, გიორგიმარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 15, ქართველები -10 , რუსები - 52. ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 3 სათაური იყო ინფორმაციული, 5 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ხოლო 23 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ.
ჟურნალისტური ნამუშევრების შინაარსის შესწავლამ კი წარმოდგენა შემიქმნა ფრეიმებზე, რომელიც მათი დახმარებით იქმნება. უშუალოდ ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის მატარებელი იყო: 25 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, ხოლო 6 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ.
apsnypress.info-ის 2017 წლის მარტის ჟურნალისტური ნამუშევრების შესწავლაც მსგავს სურათს გვაძლევს. კოდური სიტყვების მიხედვით ამ შემთხვევაშიც მიწევს 32 მასალის. კოდური სიტყვების შემდეგი სიხშირით გამოიყენეს: საქართველო ნახსენები იყო 32 -ჯერ, რუსეთი 109, თბილისი - 0, მოსკოვი - 16, გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 21, ქართველები -15 , რუსები - 29.
ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 9 სათაური იყო ინფორმაციული, 6 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ხოლო 17 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ.
ჟურნალისტური ნამუშევრების შინაარსის შესწავლამ კი წარმოდგენა შემიქმნა ფრეიმებზე, რომელიც მათი დახმარებით იქმნება. უშუალოდ ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის მატარებელი იყო: 25 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, ხოლო 7 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ.
sputnik-abkhazia.ru 2016 წლის მარტი - 2017 წლის მარტი
შემდეგი ვებგვერდი, რომლის ნამუშევრების გაანალიზებითაც გავარკვიე, რა ფრეიმებს ქმნიდა ოკუპირებული რეგიონის ამბებზე მომუშავე რუსულენოვანი მედია, იყო sputnik-abkhazia.ru..
გავაანალიზე ვებგვერდის 2016 წლის მარტის ნამუშევრები. კოდური სიტყვების მიხედვით ამ შემთხვევაშიც მიწევს 31 მასალისგაცნობა. კოდური სიტყვები შემდეგი სიხშირით გამოიყენეს:
საქართველო ნახსენები იყო 26-ჯერ, რუსეთი 106, თბილისი - 4, მოსკოვი - 11, გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 7, ქართველები -10 , რუსები - 33.
ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 10 სათაური იყო ინფორმაციული, 1 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ხოლო 19 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ და მხოლოდ 1 სათაური იყო ნეიტრალური ხასიათის. უშაულოდ ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის იყო: 25 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, ხოლო 4 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ. ნეიტრალურ გაშუქებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ 2 ნამუშევარში.
sputnik-abkhazia.ru 2017 წლის მარტის ნამუშევრებს ვაანალიზებ. კოდური სიტყვების მიხედვით ამ შემთხვევაშიც მიწევს 33 მასალის გაცნობა. კოდური სიტყვების შემდეგი სიხშირით გამოიყენეს: საქართველო ნახსენები იყო 29 -ჯერ, რუსეთი 121, თბილისი - 3, მოსკოვი - 11, გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) – 0, გიორგი კვირიკაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი) – 0, ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) – 9, ქართველები -10 , რუსები - 9.
ჟურნალისტური ნამუშევრების სათაურების ანალიზის შედეგი კი ასეთია: 6 სათაური იყო ინფორმაციული, 10 გამოხატავდა უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ, ხოლო 16 ასახავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ და მხოლოდ 1 სათაური იყო ნეიტრალური ხასიათის.
ჟურნალისტური ნამუშევრების შინაარსის შესწავლამ კი წარმოდგენა შემიქმნა ფრეიმებზე, რომელიც მათი დახმარებით იქმნება.
უშუალოდ ნამუშევრების ძირითადი შინაარსი შემდეგი ტენდენციის იყო: 20 ნამუშევარი გამოხატავდა დადებით ტენდენციას რუსეთის მიმართ, ხოლო 12 ნამუშევარი უარყოფით ტენდენციას საქართველოს მიმართ. ნეიტრალურ გაშუქებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ 1 ნამუშევარში.
ოკუპირებული სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის რეგიონის ამბებზე მომუშავე, აღნიშნული ოთხი ვებგვერდის კონტენტ-ანალიზის შედეგად გავაანალიზე - ერთიანობაში 261 ჟურნალისტური ნამუშევარი.
ჩემი კვლევის პერიოდში არ გამოვლინდა არც ერთი საქართველოს მიმართ დადებითი ტენდენციის მქონე ნამუშევარი, აგრეთვე არ გამოვლინდა არც ერთი უარყოფით ტენდენციის მქონე ნამუშევარი რუსეთის მიმართ. ტენდენციების შედარება მთლიანობაში ასეთ სურათს გვაძლევს, რაც ორივე რეგიონის ოთხივე ვებგვერდზე გამოვლინდა: 180 ნამუშევარში დადებითი ტენდენცია რუსეთის მიმართ; 70 მასალაში უარყოფითი ტენდენცია საქართველოს მიმართ; და მხოლოდ 11 მასალაში იყო ნეიტრალური-ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მომზადებული.
ჟურნალისტების მიერ გამოყენებული სათაურების ზოგადი ტენდენციის დასანახად, რამდენიმე მათგანს გთავაზობთ: „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პალატის მე-7 სამუშაო შეხვედრაზე“, „ წვრთნებისას რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ძალებმა აფხაზეთში 50-მდე ამოცანა შეასრულეს,“ „რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა შედგა - განიხლეს აფხაზეთის პენიტენციალური სისტემის მოდერნიზაცია,“ „რუსეთის სამხედრო ძალებმა აფხაზეთის მთებში წვრთნები დაასრულეს,“ „ბრალდებულების გაცვლა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე შედგა,“ „ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ძალების აფხაზეთის ბაზაზე, წლის ბოლომდე 30 ახალია ინფრასტრუქტურული ობიექტი გაიხსნება“, „საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა შეამცირეს,“ „ საქართველოს მიერ სამშვიდობო შეთანხმების უგულებელყოფაზე რუსეთის საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა,“ „მოსკოვში სამუშაო შეხვედრა შედგა აფხაზეთის საგარეო უწყებასა და რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროს შორის,“ „დიმიტრი მედვედევმა რაულ ხაჯინბას დაბადების დღე მიულოცა“, „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლამდიმერ პუტინმა აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯინბას დაბადების დღე მიულოცა“, „ვლადიმერ პუტინმა უპასუხა აფხაზეთის სკოლის მოსწავლის წერილს,“ „ აფხაზეთი - რუსეთის მაცხოვრებლების რჩეული ადგილი დასვენებისთვის,“ „რუსეთმა და აფხაზეთმა კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები განიხილა,“ „24 წლის წინ ადამიანებმა გმირობის მაგალითი ჩაიდინეს“, „სამხრეთ ოსეთის და რუსეთის სასაზღვრო უწყებებმა ტვირთების გადაზიდვის საკითხზე იმსჯელეს“, „სამხრეთ ოსეთი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს არ დაამუშაონ მიწები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა,“ „64 წლის წინ დაიღუპა ნაციის ბელადი იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინი“, „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი არჩევნების წინ მოსკოვს ეწვია,“ „პუტინმა და თიბილოვმა სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების რუსეთის სამხედრო ძალლებში შესვლა განხილეს“, „განსახილველად გამოიტანეს საკითხი სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების შესახებ“, „ რუსული არყის ხეები დაამშვენებენ ცხინვალში „მოსკოვის“ მიკრო რაიონს“, „პუტინმა თანხმობა განაცხადა სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალლების რუსეთის სამხრეთის სამხედრო ძალებში შესვლაზე,“ „სამხრეთ ოსეთში ერედვის ტრაგედიის მსხვერპლებს იხსენებენ,“ „რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ორგანომ სამხრეთ ოსეთთან საპენსიო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა .“
აღნიშნული ჩამონათვალი არაა სრული, თუმცა ასახავს ჟურნალისტების მიერ მომზადებული სათაურების ძირითად ტენდენციას. ასევე ინფორმაციას გვაწვდის იმ საკითხებზე, რომელიც დროის ამ პერიოდში იყო აქტუალური.
სტატიების შინაარსობრივი გაანალიზება გვაჩვენებს, რომ ორივე რეგიონის ამბებზე მომუშავე აღნიშნული ვებგვერდებისთვის პრიორიტეტული იყო აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების თანამშრომლობა რუსეთთან. აქცენტები კეთდებოდა თანამშრომლობაზე სამხედრო, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ სფეროებზე. მედიის მიერ გაშუქდა ათობით შეხვედრა, სადაც ამა თუ იმ ფორმის თანამშრომლობაზე ე.წ. მთავრობები შეთანხმდნენ.
მედია აქცენტს აკეთებდა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე სამხრეთ-ოსეთში, ისტორიულ საკითხებზე. ხდებოდა თემის იმ ჭრილში წარმოჩენა, რომლის თანახმადაც ქართველები უარყოფითი „პერსონაჟები“ იყვნენ. სამხრეთ -ოსეთის შემთხვევაში კი უარყოფითად იყვნენ წარმოჩენილი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ერთეულები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოსთან. განსაკუთრებით უარყოფითი კონტექსტით გაშუქდა - ჩრდილოეთ ოსეთში ქართული ანსამბლის „რუსთავის“ და ჯგუფი „ბანკის“ კონცერტი. მედია წერდა, სათაურშივე: „რატომ ძმებო“ და სიტყვა ძმებით მიმართავდა ჩრდილოეთ ოსეთში მაცხოვრებლებს. ჟურნალისტები ამავე თემაზე წერდნენ, რომ ქართველები ანადგურებენ სამხრეთს და ცეკვავენ ჩრდილოეთში. მედიამ საკითხზე ტრიბუნა დაუთმო ადამიანებს, რომლებიც გმობდნენ ამ ფაქტს. ჟურნალისტურ ნამუშევრებში ერთი რესპონდენტიც ვერ მოხვდა, რომელიც გამოხატავდა განსხვავებულ პოზიციას და გაამართლებდა ამ ნაბიჯს.
ოკუპირებული რეგიონების ამბებზე მომუშავე ამ საიტების მხრიდან ადგილი ჰქონდაგამოგონილი ფაქტების გამოყენებასაც. მაგალითად sputnik-abkhazia.ru 2017 წლის 9 მარტს წერდა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ორი სასაზღვრი პუნქტის ჩაკეტვა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ არსებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, 2013 წელს ტყვარჩელში 50-მდე ბავშვის მოწამვლა ქართველების მიზეზით მოხდა. კონკრეტულად კი მედია წერდა, რომ თითქოს, საქართველოს, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან აქვს ლაბორატორია, სადაც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობს. სტატიაში ვხვდებით კომენტარს - აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ კირბა აცხადებდა, რომ დიდი ალბათობით ქართულმა მხარემ ბიოლოგიური ნარჩენები საზღვართან ახლოს წყალში ჩაუშვა და შედეგად მოხდა ტყვარჩელში ბავშვების მოწამვლა. ჟურნალისტი, 2013 წელს მომხდარ შემთხვევას არ განავრცობს, არ ცდილობს დააზუსტოს რეალურად ჰქონდა, თუ არა ადგილი მსგავს შემთხვევას. ამ კვლევის გარეშე, რესპონდენტის დახმარებით, 2016 წლის ბოლოდე, ე.წ. საზღვრის დაკეტვას 2013 წელს თითქოსდა ქართული მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულს უკავშირებს.
მედიის მიერ მთავარი აქცენტი კეთდება რუსეთის პოზიტიურ წარმოჩენაზე. არა ერთი ნამუშევარი გვხვდება, სადაც მთავარი ნიუსი არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაბადების დღე, ან რვა მარტი მიულოცა ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს და მათ მეუღლეებს. მედია აქტიურად წერს წმინდა „საპიარო“ მოვლენებზე. მაგალითად, აფხაზეთის ამბებზე მომუშავე მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა ფაქტი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა აფხაზი სკოლის მოსწავლის წერილს. სისტემატიურად შუქდება შეხვედრები აფხაზეთის ე.წ. მთავრობის და რუსეთის ხელისუფლებას შორის.
2016 წლის მარტსა და 2017 მარტში - არც ერთი ნეგატიური ფაქტი, მოსაზრება არ გაშუქებულა რუსეთთან მიმართებაში. ასევე, ამავე პერიოდში, არც ერთი დადებითი ხასიათის მასალა არ მომზადებულა საქართველოსთან დაკავშირებით, არც ოკუპირებული აფხაზეთის და არც ოსეთის ამბებზე მომუშავე მედია დაინტერესებულაიმ სამედიცინო, თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო სთავაზობს და ახორციელებს აფხაზებისა თუ ოსებისთვის.
შექმნილი ფრეიმები: რუსეთი „ერთადერთი პარტნიორი,“ რუსეთი „აფხაზებისთვის კეთილის მსურველი,“ რუსი ჩინოვნიკები „აფხაზების მეგობრები;“ საქართველო აფხაზების მიმართ ისტორიულად „მტრულად განწყობილი“ სახელმწიფო, ქართველები შოვინისტები, ქართველები „საფრთხე აფხაზებისთვის.“
თვისებრივი კვლევის შედეგები:
თვისებრივი კველევა ჩავატარე 2017 წლის აპრილისა და მაისის თვეებში. ინტერვიუებისთვის შევარჩიე 7 რესპონდენტი. ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ოკუპირებული რეგიონების მიმართებით. მათი ნაწილი იკვლევს რეგიონულ მედიის ნაწილს, ხოლო ნაწილი კი, იკვლევს აფხაზეთის რეგიონში და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე საზოგადოებრივ საკითხებს.
ოკუპირებული რეგიონების მედიის მუშაობის შესახებ შეფასებების და მოსაზრებების მოსასმენად ვესაუბრე: კონფლიქტოლოგ ლევან გერაძეს, პროფესორ თამარ ბელქანიას, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილს, „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელს თამარ კინწურაშვილს, „სტუდია რე“-ს ხელმძღვანელს მამუკა ყუფარაძეს, პროფესორ ხათუნა მაისაშვილს და „კავკასიის რეგინალური უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორს ალექსანდრე რუსეცკის.
პროფესორ თამარ ბელქანიას საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ 40 გადაცემა აქვს მომზადებული ოკუპირებული რეგიონების მედიაზე. იცნობს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების მიზეზებს. ბელქანია ამბობს, რომ ამ რეგიონებში მომხდარი კონფლიქტები არის „მიზანმიმართული, დროში გაწელილი რუსული პროექტი.“ საუბრობს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად რუსეთის კიდევ ერთ იარაღზე, რასაც „გონების ოკუპაციას“ უწოდებს. მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებების გამოყენებით რუსეთი მართავს ოკუპირებული რეგიონების საზოგადოებრივ აზრს. მისი დაკვირვებით, ამ დროის განმავლობაში, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მედიაში საქართველოს მიმართ რაიმე პოზიტივის შემცველი ჟურნალისტური ნამუშევარი არ შეხვედრია. გვიხსნის, რომ ოკუპირებული მედიის ყურადღების ცენტრში არასდროს ხვდება საქართველოს აფხაზებისა და ოსებისთვის შეთავაზებული სამედიცინო და სხვასახის პროექტები. ეს მაშინ, როდესაც დღემდე არაერთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ადამიანმა ისარგებლა ამ შესაძლებლობებით. თამარ ბელქანია ფიქრობს, რომ ოკუპირებული რეგიონების მედია რუსეთის პროპაგანდის იარაღია. მისი აზრით, აუცილებელია, რომ საქართველომ ამ რეგიონების მოსახლეობისთვის ალტერნატიული, ობიექტური მედიარესურსი შექმნას.
პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის დაკვირვებითაც, ოკუპირებული რეგიონების მედია ცალსახად მტრის ხატს ქმნის საქართველოგან, რუსეთს კი მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენს. ცოტნიაშვილის შეფასებით, ოკუპირებული რეგიონების მედიის მომზადებული სულ უმნიშვნელო თემატიკის ჟურნალისტური ნამუშევარიც კი, ცენზურას გადის. მისი ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში მთავარი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელსაც კი, ე.წ. მთავრობა ნიშნავს. ასეთ პირობებში კი, რაიმე სახის ჟურნალისტური სტანდარტების დაცვასა და ობიექტურობაზე საუბარიც ვერ იქნება. თვლის, რომ ოკუპირებული რეგიონების მედია დღეს ჟურნალისტიკის კეთების ნაცვლად პროპაგანდას აკეთებს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მომავალს იმედიანად უყურებს და ფიქრობს, რომ ინტერნეტის არსებობა ნელ-ნელა ალტერნატიული ინფორმაციის წყაროებს გააჩენს, რომელიც რუსეთის იდეოლოგიაში არ ჩაჯდება, რაც ამ რეგიონებში ჯანსაღ დისკუსიებს შეუწყობს ხელს. ცოტნიაშვილი პოზიტიურად უყურებს მშვიდობის ჟურნალისტიკის როლს. თვლის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა, მხოლოდ მედია, ნდობის აღდგენის საქმეში სასწაულებს ვერ მოახდენს.
ოკუპირებული რეგიონების მედიაზე მსჯელობს პროფესორი ლევან გერაძეც. ამბობს, რომ ამ რეგიონების მედიის არა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ამ ვითარებაში ბუნებრივი მოვლენაა. „საქართველოს მიმართ პოზიტიური ხასიათის მასალების მომზადება, ეს იმ საზოგადოებებში არც კარგი ტონია და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ზოგად გენერალურ ხაზს, რომელიც იქ პრევილირებს და რომლის ავტორები ნამდვილად არ არიან აფხაზები“ - ამბობს გერაძე.
თვლის, რომ ოკუპირებული რეგიონების მედიას დღის წესრიგს რუსეთი უდგენს. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ დღევანდელ დროს არცთუისე ადვილია საზოგადოებები დიდ ხანს აცხოვრო ტყუილში, რადგან ფაქტების გადამოწმების საშუალება უკვე არსებობს ამ ინტერნეტის ეპოქაში. თვლის, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს ალტერნატიული მედიარესურსის შექმნის საჭიროება, თუმცა ეს ახალი რესურსი არ უნდა ჩაებას პროპაგანდაში. გერაძის აზრით, პოზიტიური იქნება მხოლოდ ობიექტური, საერთაშორისო სტანდარტებზე მომუშავე მედიის არსებობა.
„კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორს ალექსანდრე რუსეცკი ოკუპირებული რეგიონების მედიის ერთ საერთო თავისებურებაზე საუბრობს. მისი აზრით, ამ რეგიონებს მედიატრიბუნას საერთოდ არ უთმობს გალისა და ახალგორის მოსახლეობას. ამისი მიზეზი კი ის არის, რომ ამ საზოგადოებებს არ სურს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოყოფა საქართველოსგან. არსებული პოლიტიკისთვის კი, მსგავსი მოსაზრებები მიუღებელია. თვლის, რომ ამ მედიაში აგრეთვე, საერთოდ არ ისმის არც დევნილი საზოგადოების ხმა.
საქართველოს მიმართ ნეგატიური ხასიათის მასალების სიმრავლეზე ცხინვალის რეგიონის მედიაში საუბრობს „სტუდია რე“-ს ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე. აღნიშნული ორგანიზაცია თავის გადაცემაში სისტემატიურად აშუქებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს იმ ჟურნალისტების დახმარებით, რომლებიც მათთვის ამ რეგიონებიდან მუშაობენ. ყუფარაძის დაკვირვებით, საქართველოს მიმართ აფხაზეთის მედიაზე ნეგატიურად განწყობილია ცხინვალის რეგიონის მედია. მისი მოსაზრებით , მედია ამ რეგიონში არსებულ ყველა წარუმატებლობას საქართველოს აბრალებს. ყუფარაძე ალტერნატიული მედიის შექმნის შესახებაც საუბრობს და თვლის, რომ ასეთი მედია შესაძლოა, თავადაც პროპაგანდის მკეთებელი გახდეს. მისი აზრით, ამ საფრთხისგან თავის ასარიდებლად, სავსებით საკმარისი იქნება, თუ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის, მხოლოდ ითარგმნება ქართული მედიის მომზადებული მასალები.
ოკუპირებული რეგიონების მედიის ძირითად ტენდენციებზე მოსაზრებებს პროფესორი ხათუნა მაისაშვილიც გვიზიარებს. თვლის, რომ:
„ ეს ჩარჩოები საკმაოდ სტერეოტიპიზებულია, და ასე იყო კონფლიქტის დაწყების დღიდან. მაგალითად: „საქართველო მტრულია“, „საქართველო ჩვენს სახელმწიფოებრიობას ებრძვის“, „ქართველი და აფხაზი სხვადასხვა იდენტობების მატარებლები არიან“... შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მედიამ საერთოდ ამოაგდოს თავისი დისკურსიდან „საქართველოს“ ხსენება, როგორც სივრცისა, რომელიც არანაირად არ არის მნიშვნელოვანი აფხაზისთვის ან ოსისთვის. საკმაო ხნის განმავლობაში ეს მედიური სტრატეგია „წარმატებით გამოიყენებოდა“ აფხაზურ მედიაში, საქართველო, როგორც მნიშვნელობისგან დაცლილი ადგილი.
რაც შეეხება რუსეთს, მისი მედიური რეპრეზენტაცია ყოველთვის ერთი მიმართულებით ხდებოდა: რუსეთი, რომელმაც სახელმწიოფრიობა გააღვივა აფხაზებში, რუსეთი - მერე-რა, რომ „დიდი აგრესორია“, იგი „პატარა აგრესორისგან“ - საქართველოსგან გვიცავს; რუსეთი - რომელმაც აღიარა აფხაზეთის ან ოსეთის დამოუკიდებლობა ... როგორც წესი, რუსეთი ღიად არასდროს განიხილება მედიურ წყაროებში, როგორც „ოკუპანტი“, როგორც „აფხაზური წესრიგის“ გამაკონტროლებელი, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს საპროტესტო განწყობა აფხაზეთის რუსულ კოლონიად ქცევის წინააღმდეგ“- საუბრობს ხათუნა მაისაშვილი. მისი აზრით, ოკუპირებული რეგიონების მედია მოკლებულია შესაძლებლობას იყოს თავისუფალი. მშვიდობის ჟურნალისტიკის პრინციპებზე მომუშავე მედიის შექმნის საჭიროებაზე კი ამბობს:
„მშვიდობის ჟურნალისტიკა ბევრად უფრო რთული საკეთებელია, ვიდრე ომის ჟურნალისტიკა. სინერგია „ომის მკეთებლებსა“ და „ნიუსის მკეთებლებს“ შორის უფრო მეტად არსებობს, ვიდრე მშვიდობისა და ნიუსის მკეთებლებს შორის“- აცხადებს პროფესორი ხათუნა მაისაშვილი.
ოკუპირებული რეგიონების მედიას არ აკვირდება, თუმცა ქართულ მედიაში რუსულ პროპაგანდას უკვე წლების განმავლობაში სწავლობს „ მედიის განვითარების ფონდი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ რუსეთის პროპაგანდა გამოკვეთილად ცენტრალიზებულია, წარმოადგენს რუსეთის მთავრობის ერთ-ერთ მძლავრ იარაღს საზოაგდოებრივი აზრის სამართავად. კინწურაშვილი თვლის, რომ რუსული პროპაგანდა უკვე გასცდა ტრადიციული მედიის ტრიბუნას და წარმატებულად იყენებს თავისი მოგონილი ფაქტების გასავრცელებლად ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც კი, როგორიც სოციალური ქსელებია. თვლის, რომ რუსეთმა შეძლოს ეს პლურალისტური ტრიბუნებიც კი ბოროტად გამოიყენოს. თვლის, რომ რუსული პროპაგანდა საფრთხეა, რომელსაც მხოლოდ მედია ვერ დაუპირისპირდება. თვლის, რომ აუცილებელია პროპაგანდას ქმედითი ნაბიჯებით სახელმწიფო დაუპირისპირდეს.
თვისებრივი კვლევით გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები:
რესპონდენტები თავიანთი პირადი დაკვირვებით ადასტურებენ ჰიპოთეზის ობიექტურობას, რომლის თანახმადაც ოკუპირებული რეგიონების მედია მტრის ხატს ქმნის საქართველოსგან, რუსეთს კი ცალსახად მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენს. რესპონდენტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ოკუპირებული რეგიონების მედიას ჰქონდა და დღესაც აქვს საქართველოს ამბებისთვის ან უმნიშვნელოს სტატუსის მინიჭება ტენდენცია, ან მხოლოდ უარყოფით ჭრილში გაშუქება. რეპონდენტები აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული რეგიონების მედიაა არაა თავისუფალი და ის პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღია. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ოკუპირებული რეგიონების მედია არ/ვერ იცავს ჟურნალისტიკის სტანდარტებს და ვერ ქმნის ობიექტურ მედია პროდუქტს.
დასკვნა
კვლევის შედაგად დასტურდება ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადგილობრივ მედიაში, იქმნება მტრის ხატი საქართველოს სახით. ამასთან ერთად რუსეთი წარმოჩენილია, როგორც მეგობარი, მხარდამჭერი სახელმწიფო. რუსეთი გაშუქებულია მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, მაშინ როდესაც საქართველო გაშუქებულია სრულად ნეგატიურად. სტატიების შინაარსობრივი გაანალიზება გვაჩვენებს, რომ ორივე რეგიონის ამბებზე მომუშავე აღნიშნული ვებგვერდებისთვის პრიორიტეტული იყო აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების თანამშრომლობა რუსეთთან. აქცენტები კეთდებოდა თანამშრომლობაზე სამხედრო, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ სფეროებზე. იმ 261 ჟურნალისტური ნამუშევრიდან, რომელიც გაავანალიზე, არ გამოვლინდა არც ერთი საქართველოს მიმართ დადებითი ტენდენციის მქონე ნამუშევარი, აგრეთვე არ გამოვლინდა არც ერთი უარყოფითი ტენდენციის მქონე ნამუშევარი რუსეთის მიმართ. მასალების შედარება მთლიანობაში ასეთ სურათს გვაძლევს: 180 ნამუშევარში ჩანს დადებითი ტენდენცია/ტონი რუსეთის მიმართ; 70 მასალაში უარყოფითი ტენდენცია საქართველოს მიმართ; და მხოლოდ 11 მასალა იყო ნეიტრალური-ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მომზადებული.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა ერთი ტენდენციაც, რომელსაც არ მოიცავდა ჰიპოთეზა. აღმოჩნდა, რომ ოკუპირებული რეგიონების რუსულენოვანი ინტერნეტმედია ნაკლებად უთმობს ყურადღებას საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, მაშინ, როდესაც აშუქებს რუსეთში მიმდინარე იმ მნიშვნელოვან მოვლენებსაც, რომელიც უშუალოდ კავშირში არაა არც აფხაზეთთან და არც ცხინვალის რეგიონთან. ასევე უნდა ითქვას, რომ მედია არ უთმობს თავის ტრიბუნას ადამიანებს, რომლებიც არ არიან მომხრეები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საქართველსგან გამოყოფის. კვლევის პერიოდში არც ერთ ჟურნალისტურ ნამუშევარში არ ჩანდა გალის რაიონის (აფხაზეთის რეგიონის ნაწილი, სადაც უმეტესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს) და ახალგორის (ცხინვალის რეგიონის ნაწილი, სადაც უმეტესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს) მოსახლეობის შეხედულებები. მედია არაა დამოუკიდებელი, შესაბამისად მიჰყვება იმ დისკურსს, რომელსაც არსებული პოლიტიკური გარემოს შემქმნელები კარნახობენ.
მედიის ასეთი ძირეული პრობლემები, აფერხებს კრიტიკული, პლურალისტური გარემოს შექმნას. ყოველივე ეს მშვიდობისთვის ხელისშემშელი ფაქტორია.
კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს რა ძალა აქვს მედიას და როგორ შეიძლება ამ ძალის საზოგადოებისთვის სასიკეთოდ გამოყენება. აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორი დისკუსიები წარმოიქმნება საზოგადოებაში, თუ ამ რეგიონების მედია დაიწყებს ჟურნალისტური სტანდარტებთ მუშაობს?! თუ დღეს აჩვენებს სამხედრო თანამშრომლობის ამსახველ კადრებს რუსეთთან, ხვალ კი საქართველოს აფხაზებისა და ოსებისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროექტებს გააცნობს აუდიტორიას, თუ ერთ დღეს ტრიბუნას დაუთმობს ადამიანს, რომელიც ამ რეგიონების გამოყოფა სურთ საქართველოსგან, ხოლო მეორე დღეს მოქალაქეს, რომელსაც მსგავსი სურვილი არ აქვს. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალ მედიაში, რომელიც სამწუხაროდ, ამ დროისთვის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არ არსებობს. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს იმ მედიის ცნობადობა, რომელიც მუშაობს ამ რეგიონის ამბებზე და ამას აკეთებს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. საუბარია მედიაზე, რომელიც არაა მხარე და რომელსაც შეუძლია საზოგადოების ინფორმირება და არსებული ვითარების ობიექტურად წარმოჩენა. მათ უნდა შესთავაზონ ამ საზოგადოებების, გასაგებ ენაზე ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მომზადებული მედია ნამუშევრები. კვლევისას გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ახალი მედიის შექმნა ამ რეგიონებისთვის. იდეას ოპონენტებიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის მედია თავადაც გახდება პროპაგანდის მკეთებელი და ვერასდროს მოიპოვებს ნდობას. შესაბამისად, საჭიროა არა „ბრძოლის იარაღის“ შექმნა, არამედ არსებული, ობიექტური მედია რესურსების მიმართ გზების გახსნა. სასურველია ასეთი ტიპის მედიამ გააქტიუროს თავისი საქმიანობა ამ რეგიონების მიმართ, გააშუქოს რეგიონებში არსებული ვითარება და აუდიტორიას შესთავაზოს განსხვავებული ხედვები. თუმცა ამ დროისთვის, საერთაშორისო სამართალს მიღმაა ვითარება, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია. ადვილი არააადგილზე არსებული ვითარების გაშუქება. შესაბამისად, მედიას ანალიტიკური მასალების, დისტანცირებულად კეთების შესაძლებლობა აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მედიამ უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც მას რჩება, რათა საზოგადოება არ დარჩეს სტერეოტიპების ტყვეობაში.
ის ფრეიმები, რომელიც დღეს აქტიურად იქმნება ამ რეგიონის ინტერნეტმედიაში, კიდევ უფრო დააშორებს ადამიანებს. ჩვენ ამ კვლევით ვხვდებით, რომ პრობლემა სახეზეა და საჭიროა ცვლილებები. ამ შემთხვევაში დრო იმ საზოგადოების წინააღმდეგაა, რომელსაც უნდა ცივილური სამყაროს ნაწილი იყოს. იზრდებიან თაობები, როლებიც სწორხაზოვნად უყურებენ კონფლიქტს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგინში, რომელთა დიდი ნაწილისთვისაც ქართველები არიან მტრები, რუსები კი, მფარველები. ამ მოცემულობას მათ ისტორიის სახელმძღვანელოებთან ერთად მედიაც სთავაზობს და ყოველდღიური მიმდინარე ამბების ტენდენციური გაშუქებითაც ამაში არწმუნებს.
კვლევა აჩვენებს, რომ დიდია საჭიროება ობიექტური ინფორმაციის წყაროების არსებობის. ტენდენციურ მედიას, რომელიც შორსაა მშვიდობის ჟურნალისტიკისგან, კონფლიქტის ყველა მხარე ისევ ომში შეჰყავს, ამ შემთხვევაში, საინფორმაციო ომში.
ბიბლიოგრაფია
General Assembly Adopts Resolution Recognizing Right of Return for Refugees, Internally Displaced Persons in Georgia, Regardless of Ethnicity,2016. https://www.un.org/press/en/2016/ga11785.doc.htm
Russia Gains Military Base in Abkhazia”, RFE/RL, 17 February 2010.
“Russia to Sign Deal on Military Base in South Ossetia”, RIA Novosti, 6 April 2010.
“Report of the IIFFMCG”, Op. Cit.
Entman, R. (1993). Framing: Toward clarification of a fractured paradigm. Journal of Communication. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 3 თებერვალი.
Tuchman, Gaye 1978. Making news: A study in the construction of reality. New York: Free Press. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 3 თებერვალი.
Erving Goffma, 1974. Frame analysis. Cambridge, MA, US: Harvard University Press. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 3 თებერვალი.
Gamson,W.A., & Modigliani,A. (1987). The changing culture of affirmative action ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 3 თებერვალი.
Research in Political Psychology, 3, 137-177.ნახვის დრო: ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 10 თებერვალი.
Stephen D. Reese, 2007, The Framing Project: A Bridging Model for Media Research Revisited. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 10 თებერვალი.
frame elite policy discourse. Political Communication, 18, 183-212. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 2 მარტი.
Per Gahrton. 2010. Georgia: Pawn in the New Great Game. Published by: Pluto Press. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 2 მარტი.
Daniel C. Kurtzer, Scott B. Lasensky, William B Quandt, Steven L. Spiegel, and Shibley Z. Telhami, 2010, წიგნში: The Peace Puzzle: Appendices and Resources.ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 2 მარტი.
Anuradha Chenoy.2013. The Russian-Georgian Confrontation. Published by: Economic and Political Weekly. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
CEDRIC RYNGAERT and SVEN SOBRIE. 2011. International Law or Realpolitik? The Practice of Recognition in the Wake of Kosovo, South Ossetia, and Abkhazia. Journal of International Law. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
Duncan French. Statehood and Self-Determination.2013. Publisher: Cambridge University Press. Subjects: Public International Law , UN and International Organisations.ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
TED HOPF.2005.,, იდენტობა, ლეგიტიმაცია და სამხედრო ძალის გამოყენება: რუსეთის დიდი სამხედრო ინტერვენცია აფხაზეთში.“ ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
Alex Austin. Martina Fischer. Norbert Ropers (Eds) Transforming Ethnopolitical Conflict. The Berghof Handbook. Москва 2007. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
Alexander Cooley და Lincoln Mitchell. 2014. Abkhazia on Three Wheels. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
Per Gahrton.2014. Georgia: Pawn in the New Great Game. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
Grace Bolton. 2013. International responses to the secession attempts of Kosovo, Abkhazia and South Ossetia. Publisher: Cambridge University Press. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 7 მარტი.
ანგარიში: ,,საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია. 2009 წელი. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 27 იანვარი. 13:00 მისია.“ http://new.smr.gov.ge/Uploads/eb7e7f.pdf
„ კონფლიქტების გაშუქება თანამედროვე ქართულ ბეჭდურ მედიაში“, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ნინო მანიაშვილისამაგისტრო ნაშრომი. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 27 იანვარი.
„რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქება საერთაშორისო მედიაში“ - ავტორები: ლაშა ბაქრაძე, ნინო დანელია, ზაზა თორია, ანა ქეშელაშვილი და თიკო ცომაია. ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 27 იანვარი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ჯორჯ ქენანის რუსეთის კვლევების ინსტიტუტის 2013 წლის ანგარიში, გადმოწერილის ლინკი: gau.ge/sites/default/.../Bulletin%20№02,%202013.doc ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 21 იანვარი, 15:30
,, მედიის განვითარების ფონდის“ (2012 წელი) კვლევა: ,, კონფლიქტების გაშუქება ქართულ მედიაში“ ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 19 იანვარი. 17:00 http://eurocommunicator.ge/mdf/uploads//Konfliktebis_gashukeba_qartul_mediashi.pdf
ტელევიზია ,,ერთსულოვნება“ გადაცემების ციკლი ,,მედია ოკუპირებულ ტერიტოეიებზე. ბოლო ნახვის დრო 2017 წლის 22 იანვარი. 20:00 საათი. http://www.myvideo.ge/v/2434026
,, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“- ის კვლევა: ,, დემოკრატიზაციის პროცესი, რეგიონული კონტექსტი, ეროვნული უმცირესობები და კონფლიქტების ტრანსფორმაცია.“(2011 წლის ივლისი-სექტემბერი) ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 22 იანვარი.17:10
Johan Galtung (1998); War Journalism; Peace Journalism; ბოლო ნახვის დრო: 2017 წლის 22 იანვარი.
[1] General Assembly Adopts Resolution Recognizing Right of Return for Refugees, Internally Displaced Persons in Georgia, Regardless of Ethnicity,2016. https://www.un.org/press/en/2016/ga11785.doc.htm
[2] “Russia Gains Military Base in Abkhazia”, RFE/RL, 17 February 2010. “Russia to Sign Deal on Military Base in South Ossetia”, RIA Novosti, 6 April 2010.
[3] “Report of the IIFFMCG”, Op. Cit.
[4]CEDRIC RYNGAERT and SVEN SOBRIE. 2011. International Law or Realpolitik? The Practice of Recognition in the Wake of Kosovo, South Ossetia, and Abkhazia. Journal of International Law.
[5]Alexander Cooley და Lincoln Mitchell. 2014. Abkhazia on Three Wheels.
[6]Per Gahrton.2014. Georgia: Pawn in the New Great Game
[7]Anuradha Chenoy.2013. The Russian-Georgian Confrontation. Published by: Economic and Political Weekly.
[8]ანგარიში: ,,საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია. 2009. http://new.smr.gov.ge/Uploads/eb7e7f.pdf
[9]ანგარიში: ,,საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია. 2009. http://new.smr.gov.ge/Uploads/eb7e7f.pdf
[10]ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ჯორჯ ქენანის რუსეთისკ ვლევების ინსტიტუტის 2013 წლის ანგარიში, გადმოწერილის ლინკი: gau.ge/sites/default/.../Bulletin%20№02,%202013.doc
[11]ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ჯორჯ ქენანის რუსეთის კვლევების ინსტიტუტის 2013 წლის ანგარიში, გადმოწერილის ლინკი: gau.ge/sites/default/.../Bulletin%20№02,%202013.doc
[12]Johan Galtung (1998); War Journalism; Peace Journalism;
[13] Entman, R. (1993). Framing: Toward clarification of a fractured paradigm. Journal of Communication.
[14] Reese. The Framing Project: A Bridging Model for Media Research Revisited. 2007.
[15]Tuchman, Gaye 1978. Making news: A study in the construction of reality. New York: Free Press.
[16]Erving Goffman, 1974. Frame analysis. Cambridge, MA, US: Harvard University Press.
[17]„ კონფლიქტების გაშუქება თანამედროვე ქართულ ბეჭდურ მედიაში“, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ნინო მანიაშვილისამაგისტრონაშრომი.
[18]„ კონფლიქტების გაშუქება თანამედროვე ქართულ ბეჭდურ მედიაში“, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ნინო მანიაშვილი სამაგისტრო ნაშრომი.
[19]„რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქება საერთაშორისო მედიაში“ - ავტორები: ლაშა ბაქრაძე, ნინო დანელია, ზაზა თორია, ანა ქეშელაშვილი დათიკო ცომაია.
[20]ტელევიზია ,,ერთსულოვნება“ გადაცემებისციკლი ,,მედია ოკუპირებულ ტერიტოეიებზე.“ www.myvideo.ge/v/2434026
[21],, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“- ის კვლევა: ,, დემოკრატიზაციის პროცესი, რეგიონული კონტექსტი, ეროვნული უმცირესობები და კონფლიქტების ტრანსფორმაცია.“(2011 წლის ივლისი-სექტემბერი)