ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 7 დეკემბერი 2018
რეზიუმე
წინამდებარე სტატია იკვლევს სირიის კონფლიქტის მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესწავლა კომპლექსური საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ დიდ სახელმწიფოს შეეხება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები საგარეო პოლიტიკის ფორმირებას სხვადასხვა კუთხით ხსნის. აღნიშნულ ნაშრომში ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკა სირიის კრიზის მიმართ (2013 წ.) გაანალიზებულია ნეოკლასიკური რეალიზმის თეორიის ორი მახასიათებლის მიხედვით, კერძოდ კი პიროვნული და შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე. სტატია მიზნად ისახავს პასუხი გასცეს ძირითად კითხვას - რა სახის ფაქტორებმა განსაზღვრა ბარაკ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიის კონფლიქტში (2013)? სტატიის მკითხველი დაინახავს, რომ მხოლოდ საერთაშორისო სისტემიდან მომდინარე ცვლილებები ყოველთვის არ თამაშობს გადამწყვეტ როლს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ნაშრომში შესწავლილია ბარაკ ობამას, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ლიდერის, პოლიტიკური პორტრეტი და იგი აჩვენებს თუ როგორ შეცვალა ლიბიაში განხორციელებულმა სამხედრო ინტერვენციამ პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სირიის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკაზე.
საკვანძო სიტყვები:საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკური ლიდერი, ჩაურევლობის პოლიტიკა, აშშ, სირია.
Abstract
The article studies US foreign policy particularities towards Syria conflict over the presidency of Barack Obama. Analyzing state`s foreign policy is complex, in particular, when one intends to study the foreign policy of such a great power as it is the Unites States of America. International Relations theories look at the formation of foreign policy of states from different perspectives. This publication examines Barack Obama`s foreign policy towards the Syrian crisis (2013) according two levels of analysis (individual and domestic) that are presented within the theory of Neoclassical realism.
The article aims at answering the research question – what factors determined President Obama`s non-intervention policy in Syria (2013)? As the reader discovers only the pressure and changes coming from the international system are not decisive in the process of crafting state`s foreign policy.
The purpose of the article is to study one of the contemporary political leaders`, Barack Obama`s political portrait and emphasize that the previous military intervention in Libya transformed President Obama`s perceptions and attitudes, it also significally influenced official Washington policy towards Syria war.
Keywords: Foreign policy, political leader, non-intervention policy, USA, Syria.
შესავალი
სტატია მიზნად ისახავს შეისწავლოს ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ჩაურევლობის პოლიტიკა სირიის კონფლიქტში. სირიაში ასადის ძალადობრივი რეჟიმი დღემდე გრძელდება და აღნიშნული კრიზისი კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. ნაშრომში საკვლევი თემის დავიწროება ხდება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სირიის კონფლიქტთან მიმართებით და ფოკუსი კეთდება იმ ფაქტორების შესწავლაზე, რამაც განაპირობა პრეზიდენტის არაინტერვენციული პოლიტიკა სირიაში (2013წ). აღნიშნული საკითხი დღემდე საინტერესო კვლევის საგნად რჩება მკვლევართათვის, რასაც მოწმობს უცხოურ კვლევით წყაროებში სირიის მიმართ ობამას ოფიციალური პოლიტიკური კურსის შესახებ ჩატარებული საინტერესო კვლევები და თემის ირგვლივ სამეცნიერო მასალების სიმრავლე. წარმოდგენილ სტატიაში აღნიშნული თემა ავტორის მიერ სხვა კუთხიდან იქნება შესწავლილი. კერძოდ, საინტერესოა იმის გარკვევა თუ როგორ შეიძლება მოახდინოს გავლენა პოლიტიკური ლიდერის პირადმა შეხედულებებმა, იდეებმა და ამავე დროს შიდასახელმწიფოებრივმა ვითარებამ ქვეყნის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. ამ საკითხის შესწავლისათვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს თვისებრივი კვლევის – კერძოდ კი, ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის და ლიტერატურის მიმოხილვის მეთოდები. სტატია გამოავლენს, რომ მხოლოდ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკური ცვლილებები არ ახდენს გავლენას ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრაზე. პირიქით, როგორც სირიის მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკური კურსიდან გამოჩნდა ლიდერის პირადი აღქმები, მისი შეხედულებები და ქვეყნის შიდა კონტექსტი უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლის მომხდენი შეიძლება გახდეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და სირიაში ჩაურევლობის პოლიტიკაზე.
საკითხის აქტუალობას განაპირობებს ობამას პრეზიდენტობის დროს ამერიკის საგარეო პოლიტიკის პარადოქსული და უჩვეულო ხასიათი, რაც დაკავშირებულია ამერიკის 44-ე პრეზიდენტის მიერ სირიაში სამხედრო ინტერვენციის ლიმიტირებულ მასშტაბებთან. ობამას პოლიტიკური მრწამსი მკვეთრად განსხვავდება ამერიკის წინამორბედი პრეზიდენტების მიერ გატარებულ ხისტი, სამხედრო ინტერვენციული და რეჟიმის ცვლილებისკენ მიმართული კურსისაგან. ყოველივე ამის საპირისპიროდ, ობამას საგარეო პოლიტიკური აზროვნება საკმაოდ ლიბერალურია, მისი პრეზიდენტობის დროს კი ამერიკა რბილი და შემწყნარებელი ჰეგემონიის მახასიათებლებით გამოირჩევა.
ნაშრომში გამოიკვეთება ის ფაქტორები, თუ რატომ განსხვავდებოდა პრეზიდენტ ობამას არჩეული პოლიტიკა და ინტერვენციის ფორმა და მასშტაბები ორი თითქმის ძალზედ მსგავსი კონფლიქტის მიმართ, რომლებიც ლიბიასა და სირიაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის კონფლიქტის დროს ამერიკა ამჯერადაც საერთაშორისო პოლიციელის როლს მოირგებდა და სამხედრო ინტერვენციით შეიჭრებოდა და დაამხობდა ასადის ძალადობრივ რეჟიმს ქვეყანაში, არ გამართლდა. საინტერესოა, რა შეიცვალა ლიბიის შემთხვევის შემდგომ ობამას პოლიტიკურ აზროვნებასა და მსოფლმხედველობაში, რა განმასხვავებელი ფაქტორები გამოიკვეთა ამ ორ შემთხვევას შორის და რამ გადააწყვეტინა პრეზიდენტ ობამას ლიბიის კონფლიქტისგან განსხვავებით, სირიის კონფლიქტის მიმართ არჩევანი ჩაურევლობის პოლიტიკაზე გაეკეთებინა.
ზემოაღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით სტატიის მკითხველი გიდეონ როზის ნეოკლასიკური რეალიზმის თეორიის ჭრილში გააანალიზებს ბარაკ ობამას განსხვავებულ ქმედებებს ლიბიისა და სირიის კონფლიქტებში. თეორიის ფუძემდებლები აღნიშნავენ, რომ საგარეო პოლიტიკის ფორმირება ხდება საერთაშორისო სისტემის სტრუქტურისა და სახელმწიფოს შიდა ფაქტორების (ელიტების დამოკიდებულებები, ინტერესთა ჯგუფები) გაანალიზებისა და მათი ურთიერთკავშირის საფუძველზე. იდეები და აღქმები მნიშვნელოვანია, სახელმწიფო წარმოადგენს ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც ქმნიან სისტემას, ბიუროკრატიას, ინსტიტუტებს და ძლიერ ლიდერებს და სახელმწიფოს შიდა მახასიათებლები კარნახობენ ლიდერებს თუ როგორ შეაფასონ გარე საფრთხეები, შესაძლებლობები და ამის მიხედვით მიიღონ მოქმედების სტრატეგია (Rose, 1998). სტატიაში გამოყენებულია ნეოკლასიკური რეალიზმის ანალიზის ორი განსხვავებულ მიდგომა - პიროვნული და შიდასახელმწიფოებრივი და ახსნილია თუ რა გავლენა იქონია თავად ამერიკის 44-ე პრეზიდენტის პირადმა აღქმებმა და გადაწყვეტილებებმა, ასევე ეროვნულ დონეზე შექმნილმა პოლიტიკურმა პროცესებმა (კონგრესის მიერ რეზოლუციის არმიღება, სახალხო აზრის წინააღმდეგობა და ეკონომიკური დანახარჯები) პრეზიდენტის ჩაურევლობის პოლიტიკაზე სირიაში.
ლიტერატურის მიმოხილვა
საკვლევი თემის ირგვლივ სამეცნიერო მასალებისა და ლიტერატურის გაცნობის კვალდაკვალ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საფუძვლიანად გაანალიზებული არ არის ბარაკ ობამას, როგორც ამერიკის პირველი პირის, ჩაურევლობის არჩევანი სირიის კრიზისში (2013 წ. დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი).
კვლევის უპირველესი ამოცანაა მოხდეს პრეზიდენტ ობამას პოლიტიკური აღქმებისა და ქცევების შესწავლა, ამიტომ ამერიკულ ჟურნალ „The Atlantic-ში“ ჟურნალისტ გონდერბერგის სტატია - „ობამას დოქტრინა“ (2016) წარმოუდგენლად ფასეული წყაროა პრეზიდენტის პოლიტიკური პორტრეტის შესასწავლად, რადგანაც სტატიაში თავს იყრის ბარაკ ობამასთან სხვადასხვა პერიოდში ჩაწერილი ინტერვიუები და განცხადებები. აქედან გამომდინარე, უფრო მარტივი ხდება ლოგიკური კავშირის დადგენა პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ ფრაზებსა და მის შემდგომ მოქმედებებს შორის. პრეზიდენტის პირადი მოსაზრებების გაცნობის შემდეგ ნათლად გამოიკვეთება მის მსოფლმხედველობაში მომხდარი ცვალებადობა.
ლიბიაში განხორციელებულ ინტერვენციაზე სირიის კონფლიქტის დამოკიდებულების შესახებ საინტერესო მასალები არსებობს „The New Yorker-ის“ სტატიაში „შემეცნებითი“ („Consequentialist, 2013“), ასევე Fox News-ისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუში (Barakat, 2016). ორივე წყაროში პრეზიდენტი დამაკავშირებელ ჯაჭვს ავლებს ლიბიისა და სირიის ინტერვენციებს შორის.
პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკურ აზროვნებაზე შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არსებული ფაქტორების გავლენის შესასწავლად ნაშრომში ჯენტლესონის (2010) წიგნია გამოყენებული. „ამერიკის საგარეო პოლიტიკა - არჩევანის დინამიკა 21-ე საუკუნეში“. ჯენტლენსონი მოგვითხრობს ამერიკის საშინაო პოლიტიკის კონტექსტის გავლენის შესაძლებლობას საგარეო პოლიტიკის პროცესზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ნაშრომში გამოკვეთილია ეროვნულ დონეზე ის ძირითადი შემაკავებელი ფაქტორები, პრეზიდენტ-კონგრესის დაპირისპირება, სახალხო აზრის წინააღმდეგობა, რომლებიც უპირისპირდებიან პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ კურსს სირიაში.
ნაშრომში, ასევე წარმოდგენილია სამხედრო ოპერაციების ეკონომიკური დანახარჯის ანალიზი. ჰარვარდის კენედის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სადაც კვლევის ავტორი საუბრობს იმ ფინანსური მემკვიდრეობის შესახებ, რაც ერაყისა და ავღანეთის ომებმა მოუტანეს ამერიკას და რითიც სამომავლოდ განისაზღვრა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტის ოდენობა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებიდან მიღებულმა ხარჯმა განაპირობა პრეზიდენტ ობამას თავშეკავება სირიის კონფლიქტში (Bilmes, 2013).
დასასრულს, საჭიროა ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ კვლევის პროცესში მოძიებულ აკადემიურ ლიტერატურაში ვერ მოიძებნება ისეთი ნაშრომი, რომელიც, შესაძლოა, ამერიკის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არსებულ ფაქტორებს განიხილავდეს სირიაში ინტერვენციის ერთ-ერთ უმთავრეს შემაკავებელ ძალად. ამას გარდა, სტატიის ავტორმა, სწორედ წერის პროცესში მიმოხილული ლიტერატურის ანალიზის შემდეგ გადაწყვიტა შეესწავლა, თუ რა დოზით შეეძლო მოეხდინა 2011 წელს ლიბიის ოპერაციას ზეგავლენა 2013 წელს სირიაში მიმდინარე კრიზისზე. შესაბამისად, ეს საკითხი წარმოადგენს ნაშრომის სიახლეს და აჩენს ამ თემის გარშემო კვლევის ჩატარების საჭიროებას.
მეთოდოლოგია
საკვლევი საკითხის ანალიზისათვის შერჩეულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, რადგან ეს უკანასკნელი უკეთ ეხმარება პრეზიდენტ ობამას აზროვნების სტილისა და მისი შეხედულებების სიღრმისეულად შესწავლას. თავად პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ოფიციალური განცხადებების ერთმანეთთან შედარებით და პრეზიდენტთან ჩაწერილი ინტერვიუების მეშვეობით („ობამას დოქტრინა“) შესაძლებელია იმ ფაქტორების გამოკვლევა, რომლებმაც პრეზიდენტის მსოფლმხედველობასა და აღქმებზე იქონია გავლენა.
თვისებრივი კვლევის მეთოდის ტექნიკებიდან სტატიაში გამოყენებულია ერთეული შემთხვევის შესწავლა (Case Study). ეს მეთოდი მიზნად ისახავს წინასწარ შერჩეული მოვლენის, სიტუაციისა თუ ფენომენის სიღრმისეულ ანალიზს და აღწერას, რათა აღმოჩენილ იქნეს საინტერესო კავშირები მოვლენის შემადგენელ ელემენტებს შორის (Yin, 2014). 2013 წელს სირიაში ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სწორედ ამ მეთოდის შესაბამისად არის გაანალიზებული ნაშრომში.
თეზისში გამოყენებულია ინდუქცია, შემეცნების ისეთი მეცნიერული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ზოგადი დასკვნა ცალკეული ფაქტების საფუძველზე (Blaikie, 2004). აღნიშნული მეთოდი შეირჩა ორი მიზეზის გამო: სირიაში პრეზიდენტ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების განზოგადებით ნაჩვენებია, თუ რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს ლიდერის სუბიექტურმა იდეებმა, შეხედულებებმა და ეროვნულ დონეზე არსებულმა კონტექსტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. გარდა ამისა, ინდუქციური მიდგომის საშუალებით, ასევე, შესაძლებელია პრეზიდენტ ობამას პიროვნების განზოგადება და მისი მსგავსი ღირებულებებისა და მახასიათებლების მატარებელი პოლიტიკური ლიდერის ჩამოყალიბება.
ამერიკის საზოგადოების განწყობების შესასწავლად სტატიაში გამოყენებულია დოკუმენტები, სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ანგარიშები და გამოკითხვები (Gallup, Pew Research, CNN Poll, Washingtom Post). მიღებული შედეგების განზოგადებით ცხადი ხდება, რომ ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგი იყო სირიაში ობამას ინტერვენციული პოლიტიკის.
პროცესის მიდევნება (Process tracing), როგორც თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, აკვირდება უშუალოდ პროცესს, მოვლენების განვითარებას დროის გარკვეულ შუალედში. აღნიშნული მეთოდი ჩამოაყალიბეს, როგორც ქეისების ანალიზისათვის აუცილებელი კომპონენტი (Collier, 2011). ამ მეთოდის გამოყენებით მეცნიერმა უნდა აჩვენოს რა განსხვავება არსებობდა ორ სხვადასხვა შემთხვევას შორის, როგორ იყვნენ ისინი ერთმანეთზე დამოკიდებული და რომელმა შემთხვევამ რა გამოიწვია (George, Bennett, 1997) პროცესის მიდევნების მეთოდით კარგად აიხსნება ყველა ის მსგავსება და განსხვავება, რაც ლიბიასა და სირიის შემთხვევებს შორის არსებობდა და რამაც პრეზიდენტ ობამას გადმოსახედიდან ერთმანეთზე დამოკიდებული გახადა ლიბიისა და სირიის შემთხვევები.
პიროვნული ანალიზის დონე
მომდევნო თავი დაეთმობა პირველი დონის, - პიროვნული ფაქტორების გავლენის შესწავლას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში. სტატიაში ინდივიდუალური ანალიზის დონე მიზნად ისახავს ორი საკითხის შესწავლას: 1. ლიბიიდან მიღებული ისტორიული გამოცდილების გავლენა სირიაში ობამას არაინტერვენციულ სტრატეგიაზე; 2. ბარაკ ობამას მსოფლმხედველობა, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და საუბრების შესწავლის საფუძველზე.
ბარაკ ობამას განსხვავებული მიდგომები ლიბიისა და სირიის კრიზისების მიმართ: შედარებითი ანალიზი
ერთი შეხედვით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე ორი კონფლიქტი (ლიბია და სირია) ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ორივე მათგანის განვითარებას არაბულმა გაზაფხულმა მისცა ბიძგი, ორივე კონფლიქტი შიდასახელმწიფოებრივი ხასიათისაა, მსგავსი ისტორიული წარსულით. აქედან გამომდინარე, ალბათ, მკითხველს უჩნდება ლოგიკური კითხვები, რომ როცა გაერომ საჭიროდ ჩათვალა ძალის გამოყენება და საერთაშორისო ჰუმანიტარული ინტერვენცია ლიბიაში, რატომ არ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება სირიასთან მიმართებით? რა კრიტერიუმების მიხედვით განასხვავა საერთაშორისო თანამეგობრობამ და ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ლიბიაში არსებული გენოციდი სირიის შემთხვევისაგან?
ნებისმიერი სახის პოლიტიკური არჩევანი ქვეყნის პირველი პოლიტიკური ფიგურის, ამ შემთხვევაში ბარაკ ობამას პრეროგატივაა, თუმცა, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ამხსნელი ფაქტორები, რომელთაც პოლიტიკური ფიგურის აზროვნების ფორმირება და მის აზროვნებაში მომხდარი ცვლილებები განაპირობეს. იმის დასადგენად, თუ რატომ შეიმუშავა ამერიკის ადმინისტრაციამ დაახლოებით ერთ პერიოდში მიმდინარე კონფლიქტებისადმი (ლიბია და სირია) რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სტრატეგიები, პირველ რიგში, მოკლედ მიმოხილულია ლიბიისა და სირიის კონფლიქტები და ზოგადად ამ ქვეყნების მნიშვნელობა რეგიონისათვის.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო და ლიბიის მსგავსად მოსახლეობა აქაც პოლიტიკური რეჟიმის დამხობის მოთხოვნით გამოვიდა ქუჩებში. სირიაში, ვითარება განსაკუთრებით მწვავე 2012 წლის თებერვალში გახდა, როცა გაეროს ანგარიშის მიხედვით, ყოველდღიურად დაახლოებით ასი ადამიანი ეწირებოდა ასადის სისხლიან რეჟიმს და საშუალოდ ერთი წუთის განმავლობაში ორი რაკეტა ეცემოდა სირიის მიწაზე (Buckley, 2012) სირიის შემთხვევაში მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტორი, რომ მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური შემადგენლობა არ იყო ჰომოგენური.
სირიას, ლიბიასთან შედარებით, რეგიონშიც და თავად ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან მიმართებითაც გაცილებით მეტი სტრატეგიული და სიმბოლური დატვირთვა აქვს. სირიას, ლიბიისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მოდერნიზებული, მოქნილი და ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები გააჩნია, ქვეყანა ასევე ფლობს ქიმიურ იარაღს (Nunlist, 2016). სირია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკისთვის, რადგან პირველი - სირია სუნიტი და შიიტი ექსტრემისტების უსაფრთხო თავშესაფარია რეგიონში, მეორეც - სირიიდან ადვილადაა შესაძლებელი „დომინოს ეფექტის“ მსგავსად არეულობებისა და სამოქალაქო დაძაბულობის გავრცელება მოხდეს მეზობელ ქვეყნებში. ამ ყველაფერთან ერთად არანაკლებ საყურადღებოა, ასევე ის, რომ სირიას, ლიბიისგან განსხვავებით, რეგიონში ჰყავს ორი ძლიერი მოკავშირე რუსეთისა და ირანის სახით, რომლებიც მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა შენარჩუნდეს ასადის რეჟიმი ქვეყანაში, რადგან ეს პირდაპირ თანხვედრაში მოდის რუსეთისა და ირანის პოლიტიკური ლიდერების სახელმწიფოებრივ ინტერესებთან (Sawavni, 2014).
ობამას ჩაურევლობის პოლიტიკა სირიაში უმთავრესად განპირობებული იყო ლიბიის კრიზისიდან მიღებული გამოცდილებით და შედეგებით; ეს რომ სე არ ყოფილიყო, მაშინ პრეზიდენტი იმავეს გააკეთებდა სირიაში, რაც მანამდე ლიბიაში მოიმოქმედა. ლიბიისაგან ობამამ კარგი და დროული გაკვეთილი მიიღო. (Sawani, 2014). თუმცა, მიაღწია კი ლიბიაში განხორციელებულმა ინტერვენციამ სასურველ შედეგებს გარდა კადაფის რეჟიმის დამხობისა? იყო ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაწეული მხარდაჭერა საკმარისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის ლიბიაში?
გაეროს რეზოლუციისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერით 2011 წლის მარტში ბარაკ ობამამ მშვიდობიანი და პროდემოკრატული მოსახლეობის დასაცავად ლიბიაში ინტერვენციის განხორციელება დაიწყო. შვიდი თვის შემდეგ, ოქტომბერში, დასავლური სამყაროს მხრიდან წამოწყებული სამხედრო კამპანია ქვეყნის მმართველის, კადაფის, ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებით დასრულდა. სამხედრო ოპერაციის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განცხადება გააკეთა ვარდების ბაღში, სადაც შეაჯამა ლიბიაში განხორციელებული ინტერვენციის შედეგები და დასძინა, რომ ნატო-ს ოპერაცია ლიბიაში იყო სანიმუშო ოპერაცია, რომელმაც შეძლო და თუნდაც ერთი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გარეშე თავიდან აგვაცილა რუანდის მსგავსი გენოციდი და გადაარჩინა ლიბია გამხდარიყო ტერორიზმის მორიგი თავშესაფარი (The Foreign Affairs, 2015).
განხორციელებული ინტერვენციის შემდგომ მიღებულმა შედეგებმა ობამას ნათლად დაანახა, რომ ინტერვენციის მიზანი მხოლოდ ტირანის ჩამოდგება არ უნდა იყოს. ერთი ტირანის წასვლა არაა საკმარისი ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისათვის. მათ, ვინც გარედან რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო მშენებლობის პროცესში ერთვება კარგად უნდა მოსინჯოს და შეისწავლოს ის ნიადაგი და წინაპირობები, რაც სახელმწიფოს მშენებლობისათვის არის საჭირო, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ყველა არასასურველი შედეგი, რაც ლიბიის მაგალითზე ახლო აღმოსავლეთში მივიღეთ (Etzioni, 2012). ბარაკ ობამა, დიდი ალბათობით, მოუმზადებელი აღმოჩნდა ლიბიის კრიზისის მიმართ. მოუმზადებლობაში კი პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული მოქმედების სტრატეგიის არარსებობაა ნაგულისხმევი. ობამას ადმინისტრაციას არ ჰქონდა სათანადოდ გაანალიზებული დიქტატორის გარეშე დარჩენილი ტრავმირებული და სამოქალაქო ომში ჩაძირული მოსახლეობისთვის დროული და საჭირო დახმარების აღმოჩენის საჭიროება. ამბობენ, რომ ომის მიმდინარეობისას ამერიკა ორი არჩევანის წინაშე იდგა: პირველი ეს არის ამერიკის მიერ წარმატებულად განხორციელებული რეჟიმის ცვლილება, რომელსაც სოცოცხლისუნარიანი გეგმა უნდა მოსდევდეს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის, ხოლო მეორე არჩევანი ეს არის, რომ ამერიკა საერთოდ არ ჩაებას საომარ ვითარებაში, რადგანაც თუ ტირანის დამხობას მაინც ანარქიამდე მივყავართ, ომის წარმოებას აზრი ეკარგება (Etzioni, 2012).
ობამას ინტერვენცია ლიბიაში ზუსტად ასახავდა ამერიკის 2010 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წარმოდგენილ ხედვებს, რომ ამერიკა მხოლოდ დიპლომატიის, მოლაპარაკებების გამოყენებით და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების გვერდიგვერდ გადაჭრიდა საერთაშორისო სისტემაში წამოჭრილ კონფლიქტებს (Sawani, 2014). სწორედ ამ მიდგომის შესაბამისად გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები ბარაკ ობამამ ლიბიაში, რომელიც იმედოვნებდა, რომ დაიბრუნებდა საზოგადოების (მათ შორის არაბული სამყაროს) ნდობას, რაც 9/11 შემდგომ ბუშის უნილატერალური პოლიტიკის შედეგად იყო დაკარგული. ბარაკ ობამას პიროვნული აღქმებისა და ქვეყნის შიგნით, ეროვნულ დონეზე, არსებული შემაფერხებელი ცვლადების გარდა, განხილულ უნდა იქნას დამატებითი ფაქტორი - გაეროს უშიშროების საბჭოში კონსენსუსის არარსებობა, რის გამოც ობამამ თავი შეიკავა სირიაში ინტერვენციისგან და რაიმე ახალი პოლიტიკური ინიციატივის წამოწყებისაგან რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაც იქნებოდა დაკავშირებული.
ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები მყარ არგუმენტად გამოდგება იმის საჩვენებლად, რომ ობამამ ნამდვილად კარგი გაკვეთილი მიიღო ლიბიის მაგალითისგან და ამის საფუძველზე მოხდა შემდეგ ეტაპზე მის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება სირიასთან დაკავშირებით. მართალია, ლიბიის კრიზისის მიმდინარეობის დროს ობამა ნაწილობრივ ჯერ კიდევ ცდილობდა ამერიკის გამორჩეულობის ხაზგასმას, რასაც მისი პოლიტიკური არჩევანი მოწმობს ლიბიაში - „უკნიდან წინ გაძღოლა“, (“Leading from Behind”) მაგრამ უკვე სირიის კრიზისის მიმართ ბარაკ ობამას მხრიდან გამოჩენილმა პოლიტიკურმა პასიურობამ აშკარად დაანახა მსოფლიოს, რომ ობამას ადმინისტაციის პერიოდში ამერიკამ საერთაშორისო სისტემაში საკუთარი დომინანტური პოზიციის დაკარგვა დაიწყო (Lofflmann, 2015).
„ობამას დოქტრინა“
ამერიკის წინამორბედი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ჟურნალ “The Atlantic-ში“ გამოქვეყნებული „ობამას დოქტრინა“ არ წარმოადგენს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებში შექმნილ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტს, არამედ აღნიშნულ სტატიაში მთავარ რედაქტორს, გოლდბერგს, თავმოყრილი აქვს სხვადასხვა დროს ობამასთან ჩაწერილი ინტერვიუები, პრეზიდენტის ოფიციალური განცხადებები, სიტყვით გამოსვლები და საუბრები სახელმწიფო მოღვაწეებთან (Goldberg, 2013). ობამას დოქტრინის მეშვეობით მკითხველი ეცნობა და აანალიზებს პრეზიდენტის თვალით დანახულ ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიებს. სტატიის სიღრმისეული შესწავლის გზით, დავაკვირდით ბარაკ ობამას მსოფლმხედველობას და გავაანალიზეთ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სირიამდე და უშუალოდ სირიის კრიზისის მიმდინარეობისას.
წინამდებარე თავში გამოჩნდება ბარაკ ობამას პიროვნებაში მომხდარი ცვლილება, რომელიც არ ყოფილა მყისიერი და ამ პროცესზე მისი პრეზიდენტად არჩევის დღიდან მოყოლებული გავლენას ახდენდა სახელმწიფოს შიგნით არსებული კონტექსტიც. სხვადასხვა განცხადებისა და ოფიციალური სიტყვების ანალიზის საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის ორი განსხვავებული სახის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რათა გამოაშკარავებულიყო თუ რა რეალობა გვქონდა თავდაპირველად ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლისას და ლიბიის კრიზისის შემდეგ როგორი სახის ტრანსფორმაცია განიცადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა აღქმებმა და წარმოდგენებმა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით.
ბარაკ ობამა, ხელისუფლებაში მოსვლამდე, მეტად თამამი და რისკიანი საგარეო პოლიტიკის გატარების მომხრე იყო. ჯერ კიდევ 2007 წელს ბარაკ ობამამ, როდესაც ილინოისის შტატის სენატორი იყო, განაცხადა, რომ ამერიკამ საკუთარი ღირსეული საქციელით და სიტყვებით უნდა დაანახოს ყველას, რომ ის დგას იმ ხალხის გვერდით, ვინც უკეთესი ცხოვრებისაკენ იღწვის (Ryan, 2011). ეს განცხადება, სხვა არაფერია თუ არა დახმარების ხელის გაწვდენა ლიბიისა და სირიის მსგავს სიტუაციაში მყოფი ქვეყნებისათვის, რომლებიც პროტესტის გზით გამოხატავენ საკუთარ სურვილს მოქმედი რეჟიმების დასამხობად. თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბარაკ ობამას ეცვლება შეხედულებები მთელ რიგ საკითხებზე და ის პრიორიტეტების დალაგებას იწყებს. პრეზიდენტმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ისეთი საჭირბოროტო საკითხების მოგვარება, როგორიცაა: ეკონომიკური სიდუხჭირე და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კატასტროფა ქვეყნის შიგნით, ამერიკის ორი ომი ერაყსა და ავღანეთში, რეგიონული საფრთხეები პაკისტანისა და ირანის მხრიდან, გლობალური ტერორიზმი, ჩინეთისა და ინდოეთის მზარდი დომინანტობა მსოფლიოში, რაც ბევრის აზრით ამერიკის, როგორც ლიდერის ფუნქციის დაკარგვის ფონზე მიმდინარეობდა (Ryan, 2011).
პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიტყვით გამოსვლისას ნობელის პრემიის ცერემონიაზე, 2009 წლის დეკემბერში, საინტერესო საკითხებს ეხებოდა. მონოლოგში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ მთავრობის სამხედრო-პოლიტიკურ უმოქმედობას შეუძლია საზოგადოების სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს და ერთ დღესაც ამ უმოქმედობისგან გამომდინარე უფრო ხარჯიანი ინტერვენციის განხორციელება გახდეს აუცილებელი. ძალა გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოების მხრიდან ჰუმანიტარული ინტერვენციისათვის, ისეთი კატასტროფების ჩასახშობად, როგორიც მაგალითად ბალკანეთი იყო (The Nobel Foundation 2009). ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ საინტერესოა, რატომ შეიკავა თავი პრეზიდენტმა დაახლოებით 4 წლის თავზე, 2013 წლის აგვისტოში, ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე სამხედრო ინტერვენციით ეპასუხა. სირიაშიც ხომ ბალკანეთის რეგიონის მსგავსად მიმდინარეობდა მოსახლეობის მასობრივად და უმოწყალოდ ხოცვა? პრეზიდენტ ობამას მეორე მნიშვნელოვანი გამოსვლა, კაიროს უნივერსიტეტში, 2009 წელს შედგა, სადაც პრეზიდენტი ამერიკელ და მუსლიმ ხალხებზე საუბრობდა. მისი განცხადება შემდეგ სათაურს ატარებდა: „ახალი დასაწყისი“. პრეზიდენტის სიტყვას გარდატეხა უნდა შეეტანა ამერიკისა და მუსლიმი ერების ურთიერთობაში და ობამას ადმინისტრაციის პირობებში სუფთა ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო მუსლიმ ხალხთან თანამშრომლობა (The Telegraph 2009). კაიროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ორ სხვადასხვა მუსლიმანურ ქვეყანაში ობამა განსხვავებული სტრატეგიებით მოქმედებს. ლიბიის კრიზისში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ინტერვენციაში ერთვება, ხოლო სირიის შემთხვევაში ჩაურევლობის პოლიტიკას მიმართვას.
„ობამას დოქტრინის“ ერთ-ერთ ნაწილში პრეზიდენტი საკუთარ თავს ინტერნაციონალისტად მოიხსენიებს. ის, ასევე აცხადებს, რომ იდეალისტია, რადგან ღრმად სწამს, რომ უმჯობესია კაცობრიობამ ხელი შეუწყოს ისეთი ღირებულებების დაცვას, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებების გავრცელება. თუ ადამიანები აღიარებენ კანონის უზენაესობას, დაიცავენ საკუთრების უფლებას, მსოფლიო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უკეთესი და შედარებით უსაფრთხო გახდება (Goldberg 2016). ამას გარდა, ამერიკელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბარაკ ობამა იმასაც აღნიშნავდა, რომ სისტემის სხვა დიდ სახელმწიფოებთან შედარებით ამერიკა იყო ძალა, რომელსაც არ ამოძრავებდა მხოლოდ პირადი ინტერესები, არამედ ქვეყანა დაინტერესებული იყო ჩამოეყალიბებინა ის ზოგადი ნორმები და წესები, რომელთა დაცვაც მსოფლიოს სარგებელს მოუტანდა და იხსნიდა უდანაშაულო ადამიანებს სიკვდილისგან. (Goldberg 2016). პრეზიდენტი იქვე დასძენდა, რომ არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკა სათანადოდ ვერ ახერხებდა სხვადასხვა უდანაშაულო ხალხის სიკვდილისგან დაცვას (Goldberg, 2016). ამის ერთ-ერთი ნათელ მაგალითად კი პრეზიდენტს სირიაში ამერიკის ჩაურევლობის გადაწყვეტილება მოჰყავდა.
2010 წელს გამოცემული ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განვითარებას ოთხი კატეგორიის ქვეშ განიხილავს - უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი. დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის საგარეო პოლიტიკური ხედვები და მიდგომები ამ ოთხ პრინციპზეა დაფუძნებული, რომლებიც თავის მხრივ ერთმანეთისგან იზოლირებულად არ შეიძლება იქნეს განხილული (National Security Staregy, 2010). ზემოაღნიშნული ეროვნული ინტერესები ნამდვილად საფრთხის ქვეშ იდგა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს. სირიაში აქტიურად იკიდებდა ფეხს რუსეთი და ირანი, ასევე ძლიერდებოდა ტერორისტული დაჯგუფებების გავლენა რეგიონში, რაც თავის მხრივ ასუსტებდა ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოების შესაძლებლობებს ახლო აღმოსავლეთში (ისრაელი, თურქეთი, იორდანია). ასევე, არსებობდა ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ სირიაში ქიმიური იარაღის ხელში ჩაგდებისა და მისი გავრცელების საფრთხე. რაც შეეხება ფასეულობებს, სირიაში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და რეჟიმის მხრიდან ხორციელდებოდა მოსახლეობის მასობრივი ხოცვა. ამ ყველაფერთან ერთად იზრდებოდა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მეზობელ სახელმწიფოებში გადატანის საფრთხე, რასაც შეეძლო პირდაპირი ზიანი მიეყენებინა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოების მიერ ენერგორესურსების წარმოებაზე, ტრანზიტული გზების განადგურებასა და ხელში ჩაგდებაზე (Jentleson, 2010). ამერიკის ზემოაღნიშნული ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ რისკის ქვეშ იდგა ამერიკის სახელმწიფო ინტერესები ახლო აღმოსავლეთსა და კერძოდ სირიაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ობამას ადმინისტრაციამ მაინც უარი განაცხადა სირიის კონფლიქტში ჩართვაზე.
ობამას თავშეკავების პოლიტიკა სირიაში, არ უნდა იქნეს მიჩნეული პრეზიდენტის პირად სისუსტედ, პირიქით, ის ზრუნავდა საკუთარ ავტორიტეტზე. ლიბია ბარაკ ობამასთვის ლაკმუსი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკის პრეზიდენტს პოპულარობა არ დაეკარგა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ობამამ უკანასკნელად მოსინჯა ნიადაგი ლიბიაში და ნახა რა 2011 წლის ინტერვენცია ფუჭი შედეგების მომტანი იქნებოდა, მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეორა სირიაში. პრეზიდენტი ჟურნალისტ გოლდბერგისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტობის მიწურულს ობამა კმაყოფილია საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობით, მას სჯერა, რომ ამერიკის მიერ თავის არიდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პრობლემებისგან და ამის საპირისპიროდ სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონებთან ურთიერთობების დალაგება გამართლებული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან (The Atlantic 2016).
სირიაში ობამას ინტერვენციას შეეძლო საფრთხე შეექმნა პრეზიდენტის პოპულარობისათვის, მით უმეტეს თუ ან ნაბიჯს ამერიკა გაეროს რეზოლუციის გარეშე გადადგამდა ან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე კონსენსუსის მიღწევის გარეშე შევიდოდა სირიაში. ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მიერ (Pew Research Center) ჩატარებული კვლევის შედეგების, საფუძველზე დასტურდება ბარაკ ობამას პოპულარობა ჯორჯ ბუშთან შედარებით ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ 2003-2015 წლებში.
გრაფა 1 წყარო: (Nunlist, 2016).
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ რვაწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში სრულიად ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევა უკვე მომხდარი მოვლენების დასწავლისა და გამოცდილების გაზიარების გზით პრეზიდენტ ობამას პიროვნებას, მის იდეებს და აღქმებს ტრანსფორმაცია განეცადა. საერთო ჯამში, ამერიკის პრეზიდენტი მაინც ბოლომდე იცავდა საკუთარ პრინციპებს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და ამასთანავე, ცდილობდა საკუთარი სტრატეგიული ხედვები და დამოკიდებულებები „ობამას დოქტრინაში“ ჩამოყალიბებულ საკითხებთან თანხვედრაში მოეყვანა. ქენანის ბირთვული შეკავების ან კისინჯერის შეკავების პოლიტიკის მსგავსი არაფერი შექმნილა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ხედვებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ბევრის მოსაზრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში „ობამას დოქტრინამ“ რევოლუციური გარდატეხა შეიტანა და ერთ დროს დაპირისპირებული მხარეები მეგობრებად, ხოლო ძველი მეგობრები მტრებად აქცია (Ikenberry, 2014).
შიდა სახელმწიფოებრივი ანალიზის დონე
აღნიშნულ თავში შესწავლილია ამერიკის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არსებული ფაქტორები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ბარაკ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკაზე სირიაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ ობამას პიროვნული დამოკიდებულებების გარდა, მის არაინტერვენციულ პოლიტიკაზე სირიაში არანაკლებად იმოქმედა ეროვნულ დონეზე არსებულმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა, მაგალითად, კონგრესის რეზოლუციის არარსებობამ, სახალხო აზრის წინააღმდეგობამ და სამხედრო ოპერაციების ეკონომიკურმა და ფინანსურმა დანახარჯებმა.
პრეზიდენტი, კონგრესი და „პენსილვანია ავენიუს დიპლომატია“
პრეზიდენტისა და კონგრესის ურთიერთობების თეორიების კარგი ანალიზია წარმოდგენილი ბრუს ჯენტლესონის წიგნში „ამერიკის საგარეო პოლიტიკა - არჩევანის დინამიკა 21-ე საუკუნეში“, რომელშიც ავტორი ყვება, რომ თეთრი სახლი და კაპიტოლიუმი, სადაც განთავსებულია ამერიკის კონგრესი, ერთმანეთისგან გამოიყოფა პენსილვანიის „ავენიუთი“, რომელიც, ამერიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს ერთმანეთთან აკავშირებს კიდევაც და თან ერთმანეთისგან გამოყოფს (Jentleson, 2010).
ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში როგორც კონგრესს, ასევე პრეზიდენტს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ. კონგრესის ძალაუფლება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა „ომის გამოცხადება“, „კომერციული ურთიერთობების დამყარება სხვა სახელმწიფოებთან“, „არმიის ჩამოყალიბება“, „კანონების შექმნა მთავრობისთვის, სახმელეთო და საზღვაო ძალებისთვის რეგულაციების შემუშავება“ (Masters 2017). რაც შეეხება პრეზიდენტს, ის მიჩნეულია ქვეყნის მთავარსარდლად, მას ასევე შეუძლია ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს კანონმდებლობას. ის თეთრ სახლთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს და ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაა მოახდინოს ხელშეკრულებების რატიფიცირება და ელჩები დანიშნოს სენატის 2/3 თანხმობის საფუძველზე (Stevenson, 2013).
მიუხედავად უფლებამოსილებების მკვეთრი გამიჯვნისა, საინტერესოა თუ როგორ ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში კონსტიტუციაში გაწერილი კონგრეს-პრეზიდენტის ურთიერთობები (War Powers). დაარსების დღიდან აშშ-მ დაახლოებით ორასჯერ გამოიყენა სამხედრო ძალა, საიდანაც მხოლოდ ხუთი ომი, 1812 წლის ომი, მექსიკის ომი, ამერიკა-ესპანეთის ომი, I და II მსოფლიო ომები განხორციელდა კონგრესის მიერ გამოცემული დეკლარაციით. დარჩენილიდან დაახლოებით ოთხმოცდაათამდე ომი (მათ შორის 1991 წ. სპარსეთის ყურის ომი, 2001 წ. ავღანეთის ომი, 2003 წ. ერაყის ომი) გამოცხადდა სხვა შეზღუდული სახის საკანონმდებლო უფლებამოსილებით, სხვა დანარჩენ საომარ ვითარებაში კი პრეზიდენტს, კონგრესისგან დამოუკიდებლად, მოქმედების სრული თავისუფლება გააჩნდა (Jentleson 2010).
2013 წლის 21 აგვისტოს, სირიაში, დამასკოს გარეუბანში ასადის რეჟიმის მიერ გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, ზარინის გაზი, რამაც ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესოა ამერიკის პრეზიდენტისა და კონგრესის რეაქციებზე დაკვირვება. ამერიკის პრეზიდენტისა და კონგრესის ურთიერთდაპირისპირება აშკარად გამოიკვეთა ქ. დამასკოში 2013 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნაშრომში ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგობა ამერიკის 44-ე პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოყვანილია იმის საჩვენებლად, თუ რა მასშტაბით შეძლო ეროვნულ დონეზე არსებულმა ერთ-ერთმა შემაფერხებელმა ფაქტორმა, კონგრესის რეზოლუციის არარსებობამ, უარყოფითად ემოქმედა ობამას მცდელობაზე თუნდაც შეზღუდული მასშტაბის სამხედრო დარტყმები განეხორციელებინა ასადის რეჟიმზე.
31 აგვისტოს ბარაკ ობამა განცხადებას აკეთებს თეთრ სახლში, ვარდების ბაღში. პრეზიდენტის მხრიდან ასადის რეჟიმის დასასჯელად სირიაში სამხედრო შეტევის განხორციელებას ყველა ელოდა, თუმცა ამ დღეს პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა ბევრი გააკვირვა. დაახლოებით ერთი წლის წინ თავად პრეზიდენტმა ობამამ გააფრთხილა ასადი, რომ თუ ეს უკანასკნელი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა ეს იქნებოდა წითელი ხაზის დარღვევა, რომელსაც ამერიკის ადმინისტრაცია გადააბიჯებდა და პასუხს გასცემდა ასადის რეჟიმს სამხედრო მოქმედებების განხორციელებით სირიაში (National Public Radio 2013).
პრეზიდენტი ობამა ერაყისა და ავღანეთის გამოცდილების შემდეგ დარწმუნდა, რომ სხვა ქვეყანაში, თუნდაც შეზღუდული ძალებით, სამხედრო შეტევის დაწყებას მოსახლეობა მხარს არასდროს დაუჭერდა. ბარაკ ობამამ ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხწელიწად-ნახევარი ომების დასრულებას შეალია და არა მათ ხელახლა დაწყებას. პრეზიდენტის აზრით, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე პასუხი გასაცემი იყო მიზანმიმართული სამხედრო დარტყმების განხორციელებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სამომავლოდ ქიმიური იარაღის გამოყენების მცდელობისაგან ასადის შეკავება, ასევე რეჟიმის დასუსტება და რაც მთავარია მსოფლიოს უნდა დაენახა რომ ამერიკა ვერასდროს იქნებოდა შემწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულებების ჩამდენების მისამართით (National Public Radio 2013).
NBC News მიერ ჩატარებული სახალხო აზრის გამოკითხვის შედეგად შეკითხვაზე - სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოითხოვოს თუ არა კონგრესის უფლებამოსილება - რესპონდენტთა 80%-მა დადებითი პასუხი გასცა (Kriner, 2014).
მართლაც საინტერესოა აიხსნას რის გამო მოხდა სახალხო აზრის ფორმირება ამ სახით? იყოს ეს 2011 წელს ლიბიაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგი? ან რატომ ცდილობდა პრეზიდენტი კონგრესის თანხმობის მოპოვებას, როცა წინა პრეზიდენტების მოღვაწეობის პერიოდში მომხდარი მრავალი ათეული პრეცედენტიდან გამომდინარე მას თავისუფლად შეეძლო დამოუკიდებლად სირიაში სამხედრო შეტევის წამოწყება?
უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ბარაკ ობამამ უკან დაიხია და კონგრესის დაუკითხავად არ გადადგა ნაბიჯები ასადის რეჟიმზე სამხედრო დარტყმების მისაყენებლად, იყო მოლოდინი და შიში იმისა, რომ სირიაში ასადის რეჟიმის მისამართით განხორციელებული, თუმდაც ლიმიტირებული მასშტაბების მოქმედებები, წარმატებით არ დასრულდებოდა და ის კიდევ უფრო მასშტაბურ ინტერვენციაში გადაიზრდებოდა. სავარაუდოა, რომ ობამას არ ჰქონდა სირიიდან უკან გამოსვლის სტრატეგია შემუშავებული, ის არ იყო თავის თავში დარწმუნებული და ამ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობების გადანაწილება საკანონმდებლო შტოზეც მოხდებოდა, სირიაში წარუმატებელი შედეგების დადგომის შემთხვევაში საზოგადოების კრიტიკის ობიექტი მხოლოდ პრეზიდენტი აღარ იქნებოდა (The Atlantic 2013).
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება გააჩნია დაიცვას ქვეყანა პირდაპირი შემოტევისაგან, მაგრამ როდესაც ქვეყანა თავდასხმითი სახის შეტევებს ახორციელებს არ არსებობს შეჯერებული კონსენსუსი კონგრესის მიერ სანქცირებული ნებართვის საჭიროებასთან დაკავშირებით (The Atlantic 2013).
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოება დადგა შემდეგი რეალობის წინაშე. ორი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - ლიბია (2011), სირია (2013), მათგან არცერთ შემთხვევაში ამერიკის მხრიდან არ ყოფილა კონგრესის რეზოლუცია მიღებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლიბიაში გადაწყვიტა ბარაკ ობამამ სამხედრო ინტერვენცია, ხოლო სირიაში პრეზიდენტმა თავი შეიკავა მსგავსი ქმედების განხორციელებისგან. დასკვნა და ახსნა ამ შემთხვევების მიმართ შემდეგი შეიძლება იყოს: მიუხედავად იმისა, რომ ლიბიაში ინტერვენციას საერთაშორისო მხარდაჭერა და ლეგიტიმურობა ახლდა თან რაც არ მიესადაგება 2013 წელს სირიაში ამერიკის მხრიდან დაგეგმილ ოპერაციას ამიტომ, პირველ რიგში, მაინც ლიბიის ინტერვენციიდან მიღებული უარყოფითი რეზონანსი ამერიკაში, შემდეგ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო ის წყალგამყოფი ხაზი, რამაც ბარაკ ობამას სირიაში ჩაურევლობა გადააწყვეტინა.
სახალხო აზრი
ამერიკის ერთ-ერთი სენატორის სიტყვების მიხედვით, პოლიტიკურ მოვლენებში კონგრესის ჩართულობა მხოლოდ მშრალი კონსტიტუციური პრინციპის დაცვას როდი ნიშნავს. კონგრესში დებატების გამართვითა და დისკუსიით მოსახლეობის ცნობიერება მაღლდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით. ამასთანავე, აუცილებელია ამომრჩეველი მუდმივ რეჟიმში იყოს ინფორმირებული მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ (Kronlund, 2015). სწორედ ამ პრინციპების გამო არიან ისინი ხალხის მმართველობაზე დამყარებული რეჟიმები, სადაც სახალხო განწყობები და შეხედულებები დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაში.
სახალხო აზრს არაპირდაპირი გზით შეუძლია გავლენა მოახდინოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებსა და მის პოლიტიკურ აზროვნებაზე. სახალხო აზრი საპრეზიდენტო არჩევნებისა და კონგრესის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ზემოქმედებას ახდენს პრეზიდენტის პოლიტიკურ კურსსა და პროგრამაზე (Dieck, 2014). როგორც 2013 წელს სირიაში ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევამ აჩვენა, პრეზიდენტი ობამა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მოსალოდნელი შეზღუდული მასშტაბების სამხედრო ინტერვენციას სირიაში თანხმობა არ გამოუცხადა ქვეყნის კონგრესმა, რომლის უკანაც ამერიკელი ამომრჩეველი იდგა. ამერიკის მოსახლეობა უარყოფითად განწყობილი აღმოჩნდა ინტერვენციის მიმართ და კონგრესთან ერთად ცალსახად ეწინააღმდეგებოდა კიდევ ერთი კონფლიქტის მხარედ გახდომას ახლო აღმოსავლეთში.
საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება სირიაში ინტერვენციასთან დაკავშირებით გამოჩნდა ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სახალხო აზრის გამოკითხვებში, როგორებიცაა „Gallup“, „The Washington Post“, „The CNN/ORC“. რესპონდენტებისთვის დასმული შეკითხვებიდან ირკვევა, რომ სახალხო აზრი იყო ერთ-ერთი აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი ფაქტორი პრეზიდენტ ობამას ჩაურევლობის პოლიტიკისა სირიის კონფლიქტში.
2013 წლის 3 სექტემბერს „The Washington Post-ის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე - „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა სამოქალაქო ომში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ემხრობით თუ არა ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სამხედრო შეტევა განახორციელოს სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ? ამომრჩეველთა 59%-მა უარყოფითი, ხოლო 36%-მა დადებითი პასუხი დააფიქსირა, დანარჩენმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან (Clement, 2013).
საინტერესო მონაცემები არსებობს, ასევე, “Gallup-ის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში. რესპონდენტებისთვის დასმულ შეკითხვებზე: - „სირიაში მიმდინარე მოვლენებში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შემთხვევაში დაუჭერდით თუ არა მხარს ამერიკის და მისი მოკავშირეების ერთობლივ სამხედრო ინტერვენციას ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.“ აღნიშნულ შეკითხვაზე 51%-მა უარყოფითი, ხოლო 43%-მა დადებითი პასუხი გასცა, დანარჩენმა თავი შეიკავა აზრის დაფიქსირებისაგან. ხოლო მეორე შეკითხვაზე - „ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით ამერიკისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მიერ სირიელი აჯანყებულებისთვის იარაღის მიწოდებას“ – 70% უარყოფითი პასუხი დააფიქსირა (Swift, 2013).
CNN/ORC-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში შეკითხვაზე - „დაუჭერთ თუ არა მხარს ამერიკის მიერ სირიაში საჰაერო იერიშის განხორციელებას, თუ იერიშის განხორციელებასთან დაკავშირებით კონგრესი რეზოლუციას გამოსცემს“ - რესპონდენტთა 53% უარყოფითი, 43% დადებითი პასუხი გასცა, დანარჩენმა თავი შეიკავა აზრის დაფიქსირებისაგან (Swift 2013)
სახალხო აზრის გამოკითხვების მეშვეობით სირიასა და ლიბიას შორის კარგ შედარებას გვთავაზობს CNN/ORC-ის მიერ დასმული შეკითხვა - „სირიაში ამერიკის ინტერვენცია წარმოადგენს თუ არა ამერიკის ეროვნულ ინტერესს“ - რაზეც ინტერვიუერთა 69%-მა უარი განაცხადა. მსგავსი შინაარსის შეკითხვა იქნა დასმული 2011 წლის მარტში ლიბიის კონფლიქტში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით, სადაც შედარებით დაბალმა, თუმცა მაინც უმრავლესობამ, 55%-მა აღნიშნა, რომ ლიბიის კონფლიქტში ამერიკის ჩართულობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს არ წარმოადგენდა (Swift 2013).
საინტერესოა იმის გარკვევაც, ხომ არ იყო ამერიკელი მოსახლეობა იმედგაცრუებული პრეზიდენტ ობამას მისამართით. 2002 და 2003 წლებში პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკელ ხალხს და კონგრესს არწმუნებდა, რომ ერაყში ინტერვენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იქ არსებული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის განადგურების მიზნით. როგორც განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ დადასტურდა, ერაყში საერთოდ ვერ იპოვეს მასობრივი განადგურების იარაღი, რის გამოც თითქოს უსაფუძვლო გამოდგა პრეზიდენტ ბუშის არგუმენტები ერაყში სამხედრო ინტერვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით (Tiefer, Clark, 2016). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ერთხელ მოტყუებული და შეცდომაში შეყვანილი საზოგადოება მეორედ აღარ ენდობოდა ბრმად მოქმედ ხელისუფლებას და ეჭვის ქვეშ დააყენებდა ამერიკისათვის ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხის შემცველობას. საზოგადოების თვალში, ბარაკ ობამას მხრიდან გამოთქმული მოსაზრება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ლეგიტიმური იყო სირიაში ინტერვენცია, მოწონებას ვეღარ დაიმსახურებდა და ხალხიც უარყოფითად შეხვდებოდა პრეზიდენტის ინიციატივას სამხედრო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს საერთაშორისო საზოგადოებისა და გაეროს რეზოლუციის არარსებობის პირობებში.
ეკონომიკური და ფინანსური დანახარჯები
მოცემული ქვეთავი შეეხება ამერიკის ეკონომიკური დანახარჯების მიმოხილვას, რამაც სერიოზული გავლენა იქონია პრეზიდენტ ობამას არაინტერვენციულ პოლიტიკაზე სირიაში. წინა სამხედრო ოპერაციებიდან მიღებული ეკონომიკური ზარალიდან გამომდინარე შეიზღუდა სირიაში ბარაკ ობამას შესაძლო ინტერვენციის მასშტაბები და ფორმები.
პრეზიდენტ ობამას ხელისუფლებაში მოსვლა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა აშშ-ის ეკონომიკასაც, წარმოებას, ინვესტიციების მოზიდვას. ამ ყველაფრის ფონზე გაიზარდა უმუშევრობის დონე ქვეყანაში. ნიშნულმა 2009 წლისთვის 10,1% მიაღწია, მაშინ როცა უმუშევრობა 2007 წლისათვის 4,6 %-ს უტოლდებოდა (Labonte, 2010).
ამერიკაში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების პარალელურად კიდევ უფრო ბუნდოვანი და ხარჯიანი ხდებოდა საზოგადოების და რიგი პოლიტიკოსების თვალში ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ამერიკის სამხედრო ოპერაციები. ჰარვარდის კენედის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ერაყსა და ავღანეთში 2013 წლამდე მიმდინარე ოპერაციების დანახარჯი 4-დან 6 მილიარდამდე ამერიკულ დოლარდს შეადგენდა. ეს თანხა მოიცავდა ეკონომიკურ-სოციალურ დანახარჯებს, სამედიცინო დახმარებას, აღჭურვილობის გაუმჯობესებას და ვეტერანთა, ომისგან დაზარალებულთა მხარდაჭერას. ამას გარდა, დაახლოებით 6,700 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა და 51,000 დაშავდა აღნიშნულ ომებში (Bilmes, 2013).
2012 წელს გამოცემულ ამერიკის თავდაცვის სტრატეგიულ სახელმძღვანელოში, (Defense Startegic Guidance) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ გააგრძელებდა ფართომასშტაბიან სტაბილურობის ოპერაციებს, რასაც ერაყსა და ავღანეთში აქამდე ახორციელებდა. ამერიკის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად მასიური სამხედრო ძალის გამოყენების ნაცვლად ამერიკა ჩაერთვებოდა მცირემასშტაბიან, სპეციალიზებულ სამხედრო ოპერაციებში, რაც მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საჰაერო იერიშის განხორციელებასა და ადგილობრივი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაში (Defense Strategic Guidance 2012).
2013 წელს სირიაში ამერიკის შესაძლო ინტერვენციის შესახებ კონგრესში წამოჭრილი დებატებისას კვლავ გრძელდებოდა სკეპტიციზმი სირიის ომში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით. კონგრესის წევრები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ ემოქმედა „ობამას დოქტრინაში“ წარმოდგენილი პრინციპების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მთელი რესურსები ეროვნულ დონეზე წამოჭრილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ უნდა მიემართა.
ამდენად, ინტერვენციის ფინანსური დანახარჯები იყო ის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ობამას ადმინისტრაციამ შედარებით ნაკლებხარჯიანი მოქმედებების განხორციელებას მიანიჭა უპირატესობა სირიაში, როგორიც იყო საჰაერო იერიშის მიტანა და ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში (Blanchard, Humud, Nikitin, 2015). ფინანსურ ხარჯებს სირიაში, წინა ინტერვენციებისაგან განსხვავებით ზრდიდა ის ფაქტი, რომ სირიის ომს რეგიონზე მეტი გავლენა გააჩნდა და მასში ჩართული იყვნენ რეგიონის სხვა მოთამაშეები, რუსეთი და ირანი. აქედან გამომდინარე, ობამამ აღარ გარისკა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ასადის ჩამოგდებით ამერიკის მმართველი პოლიტიკური წრეები ერაყისა და ავღანეთის მსგავს (თუ არა უარესს) ვითარებას შექმნიდნენ ახლო აღმოსავლეთში. ფაქტია, ეკონომიკურმა ხარჯებმა განსაზღვრა სირიაში ინტერვენციის ფორმა და საშუალებები. ავღანეთისა და ერაყის ინტერვენციების „ღირებულებამ“ დიდი გავლენა იქონია სირიის მიმართ ობამას ადმინისტრაციის აღქმებზე ფინანსური თვალსაზრისით.
დასკვნა
სტატიის მიზანს წარმოადგენდა ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, პოლიტიკური დამოკიდებულების შესწავლა სირიის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი კვლევის ობიექტად შერჩეული იყო ასადის მიერ 2013 წელს დამასკოს გარეუბანში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაზე ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია. სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ ჩადენილი ქმედებით, ფაქტობრივად, დაარღვია პრეზიდენტ ობამას მიერ გავლებული „წითელი ხაზი“ და შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე.
ნაშრომზე მუშაობის დროს ანალიზის ორ დონეზე (პიროვნული და შიდასახელმწიფოებრივი) მოხდა სირიაში ინტერვენციასთან დაკავშირებით ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკაზე დაკვირვება. ამის შედეგად გამოვლინდა, რომ სირიის კონფლიქტის მიმართ ობამას არაინტერვენციული პოლიტიკის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი თავად პრეზიდენტის პირადმა აღქმებმა და ეროვნულმა კონტექსტმა ითამაშა. ნაშრომის უმთავრეს სიახლესაც სწორედ ნეოკლასიკური რეალიზმის თეორიის ანალიზის ორი დონის მეშვეობით სირიაში განხორციელებული ინტერვენციის შესწავლა წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დასკვნაში მცირე დოზით ხაზი უნდა გაესვას საგარეო კონტექსტში გაეროს, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ სირიაში ინტერვენციის დაწყების სამართლებრივ მიუღებლობას, რამაც გარკვეული სახით გავლენა იქონია პრეზიდენტის პირადი რწმენებისა და შეხედულებების შემდგომ ფორმირებაზე.
ამას გარდა, ლიბიაში ამერიკის ინტერვენცია აღმოჩნდა კარგი გაკვეთილი პრეზიდენტ ობამასთვის აღარ განეხორციელებინა სამხედრო მოქმედებები სირიაში. რომ არ ყოფილიყო ლიბიის ომი, დიდი ალბათობით, პრეზიდენტი არ მოერიდებოდა სირიაში ინტერვენციას. ლიბიის ოპერაციამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა პრეზიდენტ ობამას პირადი შეხედულებების ტრანსფორმაციაში, რადგან ლიბიაში განხორციელებული ინტერვენციის არაეფექტურობამ შეაცვლევინა პრეზიდენტ ობამას დაპირება და საჯაროდ კონგრესის რეზოლუციას კი ითხოვა სირიაში სამხედრო ძალის გადასროლისათვის. როგორც დადგინდა, პირველ რიგში, პრეზიდენტი ობამა დასწავლის მეთოდით მხედველობაში იღებდა წარსულში მომხდარ გამოცდილებებს და ფაქტებს, ამიტომ მან აღარ გაიმეორა იგივე შეცდომა, რაც რამდენიმე წლის წინ ლიბიაში დაუშვა. მეორე, პრეზიდენტი ობამა განეკუთვნებოდა ისეთი ლიდერების რიგს, რომლებიც ერიდებოდნენ რისკიანი და ხისტი საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და უპირატესობას მულტილატერალური მიდგომებით მიზნის მიღწევას ანიჭებდნენ.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არსებულ კიდევ ორ ფაქტორს, სახალხო აზრის წინააღმდეგობასა და წინა სამხედრო ოპერაციებიდან გამოწვეულ ფინანსურ-ეკონომიკურ დანახარჯებს, მათაც შემაფერხებელი ფუნქცია შეასრულეს სირიაში ახალი ინტერვენციის დასაწყებად. პრეზიდენტი ობამა მოწყვლადი აღმოჩნდა სახალხო განწყობების და სირიაში ახალი ინტერვენციის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებისადმი, რაც წინამდებარე თავში მოყვანილმა გამოკითხვების შედეგებმაც ცხადყო. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობა სირიაში ინტერვენციას ქვეყნის ეროვნულ ინტერესთა რიგებში არ განიხილავდა. ჯორჯ ბუშთან შედარებით, რომელმაც ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებს დაუდო დასაბამი და ამით დიდი ფინანსური დანაკლისი მიაყენა ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტსაც. პრეზიდენტი ობამა პოპულარობის შენარჩუნებისა და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდების მიზნით ამბობდა უარს ლიბიის შემდგომ სირიაში ახალი, კიდევ უფრო კომპლექსური, ოპერაციის დაწყებაზე, სადაც ჩართულ მხარეებად ისეთი გლობალური მოთამაშეები მოგვევლინებოდნენ, როგორებიც რუსეთის ფედერაცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო.
ბიბლიოგრაფია
Barakat K. (2016, April 14), Obama`s Foreign Policy Failure: From Libya to Syria, The new Arab;
Bennett A. George A. L. (1997, October), Process tracing in case study research, MacArthur Foundation Workshop on Case Study Methods, October;
Bilmes, L. J. (2013, March), The Financial Legacy of Iraq and Afghanistan: How Wartime Spending Decisions Will Constrain Future National Security Budgets. HKS Faculty Research Working Paper Series RWP13-006;
Blanchard C. M. Humud C. E. , Nikit
in M. B. (April 18, 2018), Armed Conflict in Syria: Overview and U.S. Response, Congressional Research Service Report;
Buckley C. A. (summer 2012), learning from Libya, Acting in Syria, Journal of strategic security, N 2, volume 5, article 10, 81-104;
Clement S. (September 3, 2013), Most In US oppose Syria Strike, Post-ABC poll finds, The Washington Post,
Collier D. (2011), Understanding Process tracing, Political Science and Politics 44, #4, 823-830;
Defense Strategic Guidance, Department of defence, USA, (January 2012), Sustaining US Global leadership: Priorities for 21st Century Defence, The White House, Washington;
Dieck H. (28 January, 2014), SciencesPo, Centre de Recherches Internationales, The United States and the Syrian crisis: The Influence of Public Opinion on the Non-Intervention Policy;
Goldberg J. (April, 2016), The Obama Doctrine, The Atlantic;
Ikenberry J. G. (April 8, 2014), Obama`s Pragmatic Internationalism, The American Interest, Volume 9, Number 5;
Jentleson B. W. (2010), American Foreign Policy – The dynamics of Choice in the 21st Century, 4th ed. Fifth Avenue, New York, N.Y., W.W. Norton & Company;
Kriner D. L. (June, 2014), Obama`s Authorization Paradox: Syria and Congress`s Continued Relevance in Military Affairs, Center for the study of the Presicency, Presidential Studies Quarterly 44, no. 2, 309-327;
Kronlund A. (February, 2015), The US Congress and Decision-Making on War, DEBATES ON WAR POWERS IN THE SEPARATION OF POWERS SYSTEM, The Finish Institute on International Affairs;
Kuperman A.J. (March/April 2015), Obama`s Lybia Debacle, howa a well-meaning intervention ended in Failure, The Foregn Affairs
Labonte M. (October 11, 2009), U.S. Economy in Recession: Similarities To and Differences From the Past, Congressional Research Service, Cornell University ILR School;
Lofflmann G., 2015, leading from behind – American exceptionalism and president Obama`s Post-American vision of hegemony, Geopolitics, 308-332, 314
Nunlist C. (March, 2016), The legacy of Obama`s foreign policy, Center for security studies, #188, 1-4;
Obama B. H. (December 10, 2009), The Nobel Peace Prize;
Obama B.H. (June 4, 2009), Barack Obama's speech at Cairo University: Full text, The Telegraph,
Obama B.H. (August 31, 2013), Read And Listen: President Obama Turns To Congress On Syria, National Public Radio,
Resi P. (August 31, 2013), Obama Says He Does not Need Congress`; Permission
to Strike Syria, So Why is He Asking for It?, The Atlantic, Ryan L. (May 2, 2011), The Consequentialist, The New Yorker,
Rosi G. (October, 1998), Neoclassical Realism and Theories of Foreign Policy, World Politics, Vol. 51, No. 1, 144-172;
Sawani Y. (December 27, 2014), The United States and Libya: Turbulent History and Uncertain Future, e-international relations,
Stevenson C. A. 2013, America`s Foreign Policy Toolkit, Key Institutions and Processes, SAGE publication, Library of Congress;
Swift A. (September 13, 2013) Americans Evenly Divided on Russia's Plan for Syria, Gallup
The White House, (May, 2010), National Security Staregy,Washington;
Tiefer C. Clark K. (Fall 2016), Congressional and Presidential War Powers as a dialogue: Analysis of the Syrian and ISIS conflicts, Cornell International Law Journal, Vol 49, Issue 3, Article 4, 683-722;
Yin Robert K.. (2014). Case Study Research Design and Methods (5th ed.), Thousand Oaks, CA: Sage.