heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 8 სექტემბერი 2019

გაზი და პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა: სამხრეთ კავკასიის რეგიონი
ნატა გარაყანიძე

რეზიუმე

ნაშრომი განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკურ არჩევანსა და ენერგორესურსებს, კერძოდ, გაზის ფაქტორს (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი), შორის დამოკიდებულებას. მართალია, სამხრეთ კავკასიის თითეული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა მჭიდრო კავშირშია „დიდ ძალებთან“ (რუსეთთან და დასავლეთთან), თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა ეკონომიკური კონტექსტი, კერძოდ, გაზის ფაქტორი (მარაგები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი), რომელიც ასევე დაკავშირებულია ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ კურსთან.

გაზს მნიშვნელოვანი როლი აქვს სომხეთის პრორუსულ პოლიტიკაში - სომხეთი, გარდა სხვა მიზეზებისა, გაზის ფაქტორის გამოც გახდა რუსეთის ერთგული მოკავშირე და რუსეთის ლიდერობით შექმნილი საერთაშორისო ინიციატივების აქტიური წევრი. სომხეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანმა და საქართველომ მოახერხეს რუსეთზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება, რაშიც, გაზის ფაქტორი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს; აზერბაიჯანი გაზის მდიდარ რესურსებს ფლობს და ექსპორტის დიდი პოტენციალიც აქვს, რის წყალობითაც ქვეყანას აქვს საშუალება, განთავისუფლდეს რუსეთის გავლენისგან და, ამდენად, იყოს ნაკლებად აქტიური რუსეთის ლიდერობით შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს შემთხვევაში რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან განთავისუფლება და აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა.

 საკვანძო სიტყვები: სამხრეთ კავკასია, ენერგორესურსები, გაზი, საგარეო პოლიტიკა.

Abstract

The purpose of this article is to study the interconnection between energy resources, gas in particular, and foreign policy of South Caucasus small states. It is suggested that gas (reserves, export and/or transit) as an internal economic factor is closely related to the foreign policy formation of South Caucasus states. Rich gas reserves together with respective export possibilities have enabled Azerbaijan not to depend on Russia and, thus, to stay away from the military alliances and economic/political international organizations created by Moscow. In contrast to this, Armenia is closely aligned with Russia; the country’s pro-Russian policy is also based on the gas-dependence. In case of Georgia, breaking free from Russian gas dependence together with the possibilities of Azerbaijani gas transit brings this country closer to the Euro-Atlantic integration - a main foreign policy goal of Georgia.

Keywords:  South Caucasus, Energy Resources, Gas, Foreign Policy.

 

შესავალი

არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ანალიზისას საერთაშორისო არენის გარდა (დამოკიდებულება „დიდ ძალებზე“ (great powers)), შიდა ფაქტორების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს, თუმცა, მათში საუბარია პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ფორმირების მხოლოდ შიდა პოლტიკურ კონტექსტზე (მაგ., Doeser, 2011; Hey, 2002; Gvalia 2013), ხოლო ეკონომიკურ ფაქტორებს საგარეო პოლიტიკასთან კავშირში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. მართალია, ნაშრომთა მცირე ნაწილი ამახვილებს ყურადღებას ენერგორესურსებისა და საგარეო პოლიტიკის კავშირზე, თუმცა, ეს მხოლოდ „დიდი ძალების“ შემთხვევების და მათი პოლიტიკის განხილვის გზით ხდება (მაგ., Fiona, 2004; Rutland, 2008; Smith, 2006; Goldthau, 2008). ამდენად, არსებობს გარკვეული დანაკლისი პატარა სახელმწიფოებისა და ენერგორესურსების კავშირის შესახებ შექმნილი კვლევებისა.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია გარკვეული სასარგებლო წიაღისეულის - გაზის  ფაქტორის (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი) როლი პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. ბუნებრივი აირის მნიშვნელობა განსაკუთრებით აღსანიშნავია, ვინაიდან გლობალურად გაზის მარაგის ფლობა და გაყიდვა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს (მსოფლიოში გაზს სულ რამდენიმე ათეული ქვეყანა-მომპოვებელი ყიდის. გაზის გლობალური ბაზარი ჯერ კიდევ არ არსებობს). მოპოვებული ბუნებრივი აირის თითქმის მთლიანი რაოდენობა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე აშენებული მილსადენებით გადაიტუმბება. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ხშირად გაზი ხდება ქვეყნების შორის პოლიტიკური ურთიერთობების გარკვევის საგანი, მით უფრო რომ საერთაშორისო მილსადენების აშენებას, პირველ რიგში, ქვეყნების პოლიტიკური თანხმობა სჭირდება.

ნაშრომში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შემთხვევებია განხილული, ვინაიდან ამ რეგიონის პატარა, მეზობელი სახელმწიფოების მაგალითზე ნათლად ჩანს გაზის რეზერვების, ექსპორტისა და ტრანზიტის მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომი მიზნად არ ისახავს, დაამტკიცოს, რომ მხოლოდ გაზის მდიდარი რესურსები განაპირობებს სამხრეთ კავკასიისა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ამა თუ იმ კურსს. ნაშრომის მიზანია, ხაზი გაუსვას გაზის როლს საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და აღნიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი ის ფაქტორია, რაც მონაწილეობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ნაშრომის მთავარი საკვლევი კითხვა ასე ყალიბდება: რა კავშირია გაზის ფაქტორსა (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი) და სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკას შორის?

ნაშრომში წარმოდგენილი ჰიპოთეზა შემდეგში მდგომარეობს: გაზის ფაქტორი (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი) საშუალებას აძლევს სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოებს - აზერბაიჯანსა და საქართველოს - განთავისუფლდნენ რუსეთის გავლენისაგან და, ამდენად, არ გაწევრიანდნენ „ჩრდილოელი მეზობლის“ მიერ შექმნილ სამხედრო ალიანსებსა და საერთაშორისო ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებში; სომხეთს კი ეს შესაძლებლობა არ აქვს; მისი საგარეო პოლიტიკა პრორუსულია და, ამდენად, რუსეთის მიერ შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ/ეკონომიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისკენაა მიმართული; გაზის ფაქტორი ამ პრორუსული ინტეგრაციული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 ლიტერატურისმიმოხილვადათეორიულიჩარჩო

საგარეო პოლიტიკასა და ენერგორესურსებს შორის კავშირს ძირითადად რეალისტურ თეორიულ ჩარჩოში განიხილავენ. ჯ. ლეგრომ და ა. მორავცსიკმა (1999) სხვადასხვა ავტორის კვლევებზე დაყრდნობით საკუთარ ნაშრომში რეალისტური თეორიის სამი ძირითადი ასპექტი განსაზღვრეს: 1) ანარქიულ საერთაშორისო არენაზე მთავარი აქტორები სახელმწიფოები არიან; 2) სახელმწიფოებს მყარად ფიქსირებული ინტერესები ამოძრავებთ, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ქვეყნების ინტერესებს უპირისპირდება; 3) ამ დაპირისპირებაში ქვეყნის მატერიალურ რესურსებს ენიჭება ძირითადი უპირატესობა, ვინაიდან ისინი სახელმწიფო ძალის მაქსიმიზაციას განაპირობებენ (Legro and Moravcsik, 1999:12-18). ქვემოთ მოცემულია ამ პრინციპების განხილვა ენერგორესურსების კონტექსტში.

1)   სახელმწიფო- მთავარი აქტორი

ენერგორესურსებსა და სახელმწიფოს როლის შესახებ არსებულ კვლევებს შორის აღსანიშნავია ა. მარკინას ნაშრომი (2008), რომელიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ენერგოურთიერთობებს ყოველთვის სახელმწიფოები წარმართავენ. ცნობილია, რომ მსოფლიო გაზის რეზერვების დაახლოებით 70-80%-ს სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები ფლობენ და ისინი ქვეყნის მთავრობის დავალებებით მოქმედებენ. დღემდე არც ერთი სახელმწიფო არ არის მზად, დათმოს ენერგორესურსებზე კონტროლი სხვა ქვეყნის, საერთაშორისო კომპანიის, თუ სუპრანაციონალური ორგანოს სასარგებლოდ. მაგალითად, ყველაზე წარმატებული თანამშრომლობის - ევროკავშირის- წევრმა ქვეყნებმაც ვერ შეძლეს ენერგორესურსებთან დაკავშირებული საკითხების სუპრანაციონალური ორგანოებისთვის მინდობა. გარდა ამისა, წევრი ქვეყნების ინტერესების განსხვავებულობა ევროკავშირში საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის არ არსებობის მიზეზია (Marquina, 2008).

2) სახელმწიფოების მყარად ფიქსირებული ინტერესები და ურთიერთდაპირისპირება

 სახელმწიფოებს მსგავსი ფიქსირებული ინტერესები აქვთ, რომელთაგან უპირველესი გადარჩენაა, ბოლო კი - მსოფლიოზე დომინირება. ვინაიდან ყველა ქვეყანას ეს მსგავსი მიზნები აქვს, სახელმწიფოებს შორის მუდმივად მიმდინარეობს დაპირისპირება და შეჯიბრი. ამ შეჯიბრში კი, ჯ. ლეგროსა და ა. მორავცსიკის (1999)  აზრით, ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ქვეყნების ენერგორესურსებია (როგორც მატერიალური რესურსები). ამიტომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა „მწირი რესურსების გადანაწილებისთვის მუდმივი ბრძოლაა“ (Legro and Moravcsik, 1999:13). ჯ. მარინ-კემადა, ჯ. გარსია-ვერდუგო და გ. ესკრიბანო (2012) ამასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოები ენერგორესურსების საკითხში ნაკლებად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ამ სფეროში უპირატესობას შედარებით სარგებელს ანიჭებენ (ყოველი მხარე ცდილობს სხვაზე მეტი სარგებელი მიიღოს). ამას ადასტურებს ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული კონტრაქტებიც, რომლებიც ძირითადად ორმხრივია და ხშირად არა სანდო. ეს განსაკუთრებით ეხება გაზის სექტროში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც გაზის შესყიდვა ორმხრივი კონტრაქტების საფუძველზე მილსადენებით ხდება (Marín-Quemada, J. M., García-Verdugo, J., Escribano, G.,2012).

3) სახელმწიფოს მატერიალური რესურსები

ნებისმიერი ქვეყნისთვის მატერიალური რესურსების ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი მატერიალური რესურსები შეიძლება იყოს: გეოგრაფია, ენერგორესურსები, ინდუსტრიული და სამხედრო შესაძლებლობები, მოსახლეობა, დიპლომატია და მთავრობის ხარისხი (Sutch and Elias, 2007:49). ისინი ქვეყნის „მაგარი ძალის“ (“hard power”) შემადგენელი ელემენტები არიან და, ამდენად, მათ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. ა. ორბანი (2008) ამ მხრივ განსაკუთრებით ენერგორესურსების როლს უსვამს ხაზს, რომელიც სახელმწიფოს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მოიპოვება და ქვეყნის წარმოების შესაძლებლობებსაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მდიდარი ენერგორესურსები სახელმწიფოს ძალის მაქსიმიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. ამ რესურსების წყალობით ხდება ეკონომიკის იმ დარგების განვითარება, რომლებიც ქვეყნის „მაგარი ძალის“ - სამხედრო შესაძლებლობების - მაქსიმიზაციას განაპირობებს (Orban, 2008). ამიტომ ენერგორესურსები სტრატეგიული დანიშნულების რესურსია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ენერგორესურსები ქვეყნების ეროვნული ინტერესების ნაწილია. სწორედ ამიტომ მწვავდება სახელმწიფოებს შორის შეჯიბრი ენერგორესურსების კონტექსტში (ისინი საკუთარი ეროვნული ინტერესების აღსრულებას მიელტვიან, პირველ რიგში, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა). ხშირად ენერგორესურსების ირგვლივ წარმოქმნილი შეჯიბრი და დაპირისპირება სახელმწიფოებს ხელს უშლის სხვა სფეროებში თანამშრომლობაში; ანუ ენერგორესურსებს ერთგვარი „გადადინების“ უარყოფითი ეფექტიც აქცს (Marín-Quemada et al, 2012: 88).

ენერგორესურსებსა და საგარეო პოლიტიკის თემატიკაზე შექმნილი ზემოთ ხსენებული ლიტერატურის ძირითადი ნაკლოვანება არის ის, რომ ეს ნაშრომები ემპირიულ მასალასაა მოკლებული. ისინი საკვლევი თემის მხოლოდ ზოგად თეორიულ ასპექტებს მიმოიხილავენ, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საუბარია მაგალითებზე, ეს ნაშრომები ძირითადად მხოლოდ დიდი ქვეყნების (აშშ, რუსეთი) და სუპრანაციონალური ორგანოების გადაწყვეტილებებზე (ევროკავშირი) შემთხვევებზე საუბრობენ. გარდა ამისა, ენერგორესურსებისა და პოლიტიკის კავშირზე მსჯელობისას ძირითადად მხოლოდ ნავთობის როლი აღინიშნება. ბუნებრივი აირის მნიშვნელობაზე ცალკე არც ერთი ავტორი არ საუბრობს. ყოველივე ამისგან განსხვავებით წინამდებარე ნაშრომში ხაზგასმულია პატარა/სუსტი სახელმწიფოების გაზის რესურსებისა და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკას შორის კავშირი.

 მეთოდოლოგია

მთავარი საკვლევი კითხვიდან გამომდინარე, ნაშრომში ძირითადად თეორიული მასალაა მოძიებული და დამუშავებული, რაც, თავის მხრივ, თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ამ ნაშრომში გამოყენებულია ერთ-ერთი ასეთი მეთოდი- შემთხვევის შესწავლა (case study), რომლის საშუალებითაც ხდება ამა თუ იმ მოვლენაზე სიღრმისეული დაკვირვება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. ნაშრომში ასეთი „მოვლენაა“ გაზის ფაქტორსა (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი) და პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას შორის არსებული კავშირი, ხოლო „კონკრეტული შემთხვევა“ კი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანაა, მით უფრო, რომ შემთხვევის შესწავლის მეთოდი ხშირად გულისხმობს არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე შემთხვევის განხილვას და ანალიზს, თუ ყველა მათგანი ერთ კონკრეტულ საკვლევ მოვლენას უკავშირდება (Yin, 2013).

შემთხვევის შესწავლის მეთოდი ძირითადად ეყრდნობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის სხვადასხვა თვისობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს (Lamnek, 2010). სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკასა და გაზის რესურსებს შორის კავშირის ანალიზისას გამოყენებულია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ხასიათის ინფორმაცია - სტატისტიკური მაჩვენებლები ენერგორესურსების შესახებ, ოფიციალური დოკუმენტები საგარეო პოლიტიკის შესახებ, აკადემიური სტატიები/წიგნები, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ა.შ. გარდა ამისა, ჩატარდა ნახევრად-სტრქუტურირებული ინტერვიუები რესპოდენტებთან, რომელთა პროფესიული მოღვაწეობა და გამოცდილება დაკავშირებულია ენერგორესურსების საკითხებთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან.[†]

ზემოთ ხსენებული წყაროების გამოყენება და დამუშავება კვლევის კიდევ ერთი მეთოდის - კონტენტ ანალიზის - გამოყენებას გულისხმობს. ზოგადად, კონტენტ ანალიზი შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი (კონცენტრაცია დათვლაზე და აღირცხვაზე), ისე თვისობრივი (გაგებასა და ინტერპრეტირებაზე ორიენტირება)(Neuendorf and Kumar, 2015). ნაშრომში გამოყენებულია თვისობრივი კონტენტ ანალიზი, ვინაიდან ზემოთ ხსენებულ საჯარო წყაროებში მოხდა კვლევისათვის საინტერესო ცნების/საკითხის -გაზის რესურსების- შესახებ მონაცემების მოძიება და მათი დაკავშირება და ინტერპრეტირება საგარეო პოლიტიკის კონტექსტში.

 სამხრეთ კავკასიის რეგიონი

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შემთხვევები (cases) მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის პატარა სახელმწიფოები არიან (სამხრეთ კავკასია ხშირად განიხილება, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი). მათი საგარეო პოლიტიკური კურსი კი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მიუხედავად ამ განსხვავებისა, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნიათ. კერძოდ, ყველა მათგანი პატარა სახელმწიფოა რაოდენობრივი (ფართობი, მოსახლეობა, სამხედრო ძალა, მშპ)[‡] და ხარისხობრივი (საერთაშორისო არენაზე გავლენის მოხდენის უუნარობა)[§] მაჩვენებლების გათვალისწინებით; ისინი საერთო, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილიები არიან; მათ საერთო ისტორია აქვთ (ისინი ჯერ სხვადასხვა იმპერიების, ბოლოს კი ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ); ყველა მათგანი იზიარებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის დამახასიათებელ მემკვიდრეობას: სიღარიბე, კორუფცია, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული  პრობლემები და ა.შ. თუმცა, არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც მკვეთრად განასხვავებს ამ ქვეყნებს ერთმანეთისგან- გაზის ფაქტორი.

 გაზის ფაქტორი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში

სამხრეთ კავკასიის  ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანია მდიდარი ენერგორესურსებით. არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის გაზის რეზერვები 1.3 ტრილიონ კუბურ მეტრს უტოლდება (BP Statistical Review of World Energy, 2018). ქვეყნის ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას ამ რესურსების მოპოვების, გადამუშავებისა და ექსპორტის (ენერგორესურსების ექსპორტი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 95%-ს შეადგენს) შედეგად მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. სწორედ ამ შემოსავლით შეძლო აზერბაიჯანმა სამხედრო ძალის (“hard power”) მაქსიმიზაციაც; ბოლო წლებში ქვეყნის წლიურმა სამხედრო ბიუჯეტმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია (SIPRI Fact Sheet, 2017). ამდენად, ბუნებრივია, რომ ენერგორესურსები, მათ შორის, გაზის ინდუსტრია მთლიანად  სახელმწიფოს  მიერ კუთვნილი კომპანია „სოკარის“ მიერ კონტროლდება; არსებული კანონმდებლობით ენერგო სექტორის პრივატიზაცია დაუშვებელია (EBRD, 2014). აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში კი ქვეყნის ენერგოინფრასტრუქურაზე (ე.ი. მილსადენებზეც) განხორციელებული ნებისმიერი სახის შეტევა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება (აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, 2007). ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს გაზის რესურსების სტრატეგიულ მნიშვნელობას სახელმწიფო დონეზე.

ენერგოსექტორში ამერიკული და ევროპული ინვესტიციების წყალობით წყალობით აზერბაიჯანმა შეძლო რუსეთის გავლენისგან განთავისუფლება. სწორედ ამიტომ აქვს ამ ქვეყანას უფრო მეტი შესაძლებლობა, გახდეს დასავლეთისთვის უფრო საინტერესო, ვიდრე ენერგორესურსებით მდიდარ სხვა ქვეყნებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში (ინტერვიუ ბ-ნ ი. ინგვალთან, 2019). ბაქომ მოახერხა, რომ არა მხოლოდ რუსული, არამედ დასავლური ენერგოკომპანიების (ისინი, თავის მხრივ, თავის ქვეყნებს წარმოადგენენ) ჩართვით მოეხდინა გაზის საბადოების (მათ შორის „შაჰ-დენიზის“ საბადო, რომლის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბ. მ. გაზია) განვითარება და უმთავრესი სტრატეგიული მილსადენის - „სამხრეთ კავკასიის გაზსადენის“ აშენება, რომელიც, აზერბაიჯანის გარდა, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის. ამ მილსადენმა მომავალში ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინიციატივის ფარგლებში „ტრანს-ანატოლიურ“ (TANAP) და „ტრანს-ადრიატიკულ“ (TAP) მილსადენებთან ერთად აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს (იხ. სურათი 1).

 

   სურათი 1. „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მილსადენები (წყარო: Independent Balkan News Agency

ზემოთ ხსენებულ გაზის პროექტებს აზერბაიჯანისთვის არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან, ისინი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აღნიშნავდა, განაპირობებენ „აზერბაიჯანის თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რომელსაც საერთაშორისო არენაზე სანდრო და საჭირო პარტნიორის იმიჯი აქვს“ (AZERTAG, 2019). ჰეიდარ ალიევის მსგავსად, აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტიც აღიარებს, რომ ენერგოპოტენციალისა და „საუკუნის კონტრაქტის“ გარეშე აზერბაიჯანი ვერ მოახერხებდა წარმატებულ ქვეყნად გარდაქმნას (Trend, 2019). ილჰამ ალიევი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ევროპის გაზით მომარაგების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ისინი აზერბაიჯანისთვის არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინიციატივებია; სწორედ ისინი განაპირობებენ აზერბაიჯანის თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რომელსაც საერთაშორისო არენაზე სანდრო და საჭირო პარტნიორის იმიჯი აქვს (AZERTAG, 2019). ქვეყნის პირველი პირების ეს განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გაზის რესურსების მნიშვნელობას აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. მართლაც, ენერგორესურსების წყალობით აზერბაიჯანი „დიდი ძალებისთვის“ განსაკუთრებით საინტერესო გახდა; აშშ-ს ხელშეწყობით შემუშავებული ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინიციატივის ფარგლებში აზერბაიჯანული გაზით უნდა მოხდეს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ქვეყნების განთავისუფლება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისაგან. ეს კი შეამცირებს რუსეთის გავლენას ევროკავშრის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებაზე; მით უფრო, რომ მოსკოვი საკუთარ რესურსებს ხშირად პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამდენად, ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება დასავლეთისთვის უფრო გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია. ამ კონტექსტში კი აზერბაიჯანის როლი უმნიშვნელოვანესია. დასავლეთის დაინტერესება აზერბაიჯანის  ენერგო პოტენციალით იმდენად დიდია, რომ ხშირად ევროკავშირიცა და აშშ-ც აზერბაიჯანში არსებულ მძიმე დემოკრატიულ ვითარებაზე თვალს ხუჭავენ მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამ კუთხით არაერთხელ გამხდარან დასავლეთის მწვავე კრიტიკის საგანი. თავის მხრივ, აზერბაიჯანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია მოსკოვისთვისაც, ვინაიდან ევროპის გაზის მომარაგებით შემცირება რუსეთის პოლიტიკური გავლენის შესუსტებას ნიშნავს. ამის გამო აზერბაიჯანი, როგორც რუსული გაზის კონკურენტი, მოსკოვის პოლიტიკური ინტერესის ობიექტიცაა.

საკუთარი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა „დიდი ძალებისთვის“ აზერბაიჯანმა წარმატებით გამოიყენა. გაზის პროექტების დახმარებით ბაქომ შეძლო ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკური და, საბოლოოდ, პოლიტიკური გავლენის დაბალანსება (ინტერვიუ ქ-ნ მ. ვალიშვილთან, 2019). მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, აზერბაიჯანს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეუცვლია და პრო-რუსულ რეგიონულ ინიციატივებში არ გაწევრიანებულა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მეტ-ნაკლებად წარმატებული ზემოთ აღწერილი საგარეო პოლიტიკური კურსის ანალიზისას ზოგიერთი ავტორი ხაზს უსვამს ქვეყნის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობას (Vera, 2012). თუმცა, აზერბაიჯანიც, საქართველოც და სომხეთიც ერთი და იგივე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ნაწილები არიან, ამიტომ თუ მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის ფაქტორს, შეუძლებელი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სრულიად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსების ახსნა.

გეოგრაფიული ფაქტორის გარდა, ზოგიერთი ავტორი აზერბაიჯანის მიერ რეგიონული ალიანსებისგან დისტანცირების ფაქტს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებით ხსნის (Aslanli, 2010). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის ფაქტორის არ არსებობის გარეშეც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციების აქტიური წევრი იქნებოდა, ვინაიდან ასეთ ორგანიზაციებში გაწევრიანებული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები მნიშვნელოვანწილად ხდებიან რუსეთზე დამოკიდებული, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით (რაც საბოლოოდ პოლიტიკურ დამოკიდებულებაში იზრდება); აზერბაიჯანს კი მდიდარი ენერგორესურსები (ქვეყნის ბიუჯეტის 95%) აძლევს საშუალებას განთავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისგან.

 გაზის ფაქტორი სომხეთის საგარეო პოლიტიკაში

აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთს საკუთარი ენერგორესურსები არ გააჩნია. გაზის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. შედეგად, სომხეთში იმპორტირებული გაზის დაახლოებით 83% რუსულია. (Arka, 2018). ეს ენერგოდამოკიდებულება ხშირად მოსკოვის წინაშე წლობით დაგროვებულ ვალებში აისახება. ენერგო-დავალიანების სანაცვლოდ კი სომხეთს რუსეთისთვის არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური ობიექტის გადაცემა მოუწია (ინტერვიუ ქ-ნ ლ. ჯერვალიძესთან, 2019). თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ამ ენერგოდამოკიდებულებამ სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაც განსაზღვრა. ეს ყველაზე ნათლად 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც ქვეყნის მთავრობამ უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან „ასოციაციის ხელშეკრულებაზე“ („ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)“ ჩათვლით) და სანაცვლოდ რუსეთის მიერ ინიცირებული „საბაჟო კავშირის“ (ამჟამად „ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს) წევრობა არჩია. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ქვეყანაში გაზის არ არსებობით და ამის შედეგად, რუსეთზე ენერგო დამოკიდებულებით აიხსნას. როგორც ცნობილია, რუსეთი ხშირად იყენებს ენერგორესურსებს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. იგივე მოხდა სომხეთის შემთხვევაშიც: მას შემდეგ, რაც სომხეთმა ევროკავშირთან დაახლოება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოაცხადა, რუსულმა მხარემ რამდენჯერმე გააფრთხილა სომხეთის პრეზიდენტი, რომ ქვეყნის პრო-ევროპული კურსი რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობას საფრთხეს შეუქმნიდა. საბოლოოდ 2013 წლის ზაფხულში, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მესამე [ვილნიუსის] სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსკოვმა მოკავშირე სომხეთს გაზის ფასი გაუძვირა. შედეგად, სომეხი მოსახლეობისთვის გაზის ფასმა 18%-ით მოიმატა, ელექტროენერგიისამ კი - 26%-ით (ვინაიდან სომხეთის ელექტროენერგიის ერთი მესამედი გაზის თბოელექტროსადგურებიდან გენერირდება) (იხ. დიაგრამა 1). ამ ყველაფერმა ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა, მით უფრო, რომ არ არსებობდა ალტერნატიული მიწოდების წყარო; სომხეთ-ირანის მილსადენის სომხური ნაწილი უკვე „არმროსგაზზე“ იყო გასხვისებული სომხეთის მთავრობის მიერ. ამ კომპანიის თითქმის 80%-ს კი რუსული „გაზპრომი“ ფლობს (Socor, 2007). ამიტომ ალტერნატიული [ირანული] გაზის შესყიდვა მთლიანად რუსეთის მიერ გაკონტროლდებოდა, ან არასდროს არ განხორციელდებოდა. გარდა ამისა, ირანი, როგორც გაზის მთავარი მიმწოდებელი არც დასავლეთისთვის იქნებოდა მისაღები თუ გავითვალისწინებთ თეირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. ამიტომაც იყო, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ალტერნატიულ იდეას, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ირანული გაზით ევროპის ალტერნატიული მომარაგება სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე გამავალი მილსადენით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ ჰქონია (ინტერვიუ ქ-ნ მარიამ ვალიშვილთან, 2019).

ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ 2013 წელს სომხეთის „საბაჟო კავშირში“ გაწევრიანება უფრო იძულებითი ნაბიჯი იყო, ვიდრე თავისუფალი არჩევანი. ამას მოწმობდა 2013 წელს სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელმაც აღიარა, რომ „საბაჟო კავშირზე/ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე“ უარის თქმის შემთხვევაში ქვეყანას დაემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, ვინაიდან იგი ვერ შეძლებდა, გადაეხადა 300 მილიონ დოლარამდე დაგროვებული რუსული ბუნებრივი აირის ვალი. ამას კი გაცილებით სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამით სომხეთის მთავრობამ აღიარა, რომ სწორედ გაზთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2013 წელს მას „საბაჟო კავშირის“ გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონია. მსგავსი განახცადი გაკეთდა ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერაც: სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ვერ დაუშვებდა გაზის ფასის თითქმის გაორმაგებას, რასაც ელექტროენერგიის ფასის ზრდაც მოყვებოდა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი „საბაჟო კავშირის“ არჩევა იყო (Ter-Matevosyan, Drnoian, Mkrtchyan and Yepremyan, 2017:350). ეს განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სომხეთის შემთხვევაში გაზი იქცა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად. შეიძლება ითქვას, რომ გაზზე დამოკიდებულების გამო სომხეთმა დაკარგა საგარეო პოლიტიკის დაბალანსების ყველანაირი შესაძლებლობა (ინტერვიუ ბ-ნ ი. ინგვალთან , 2019).

ამდენად, სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად პრორუსულია, რაც ამ პატარა სახელმწიფოსთვის, შეიძლება ითქვას, ერთადერთი არჩევანია კიდევ იმიტომაც, რომ, რეალიზმის თეორიის მიხედვით, პატარა სახელმწიფოები ირჩევენ დიდ ძალებთან ალიანსს მაშინ, როდესაც დიდ ძალასთან დაპირისპირების შედეგად არსებული დანაკარგები სარგებელს აღემატება და როდესაც არ არსებობს დიდი ძალების დაბალანსების და კოალიციების შექმნის საშუალება, მით უფრო, თუ პატარა სახელმწიფო მოწინააღმდეგეებითაა შემოსაზღვრული (Mearsheimer, 2001). იგივე შეიძლება ითქვას სომხეთის შემთხვევაშიც, რომელსაც კარგად ესმის რუსეთთან დაპირისპირების და მის წინააღმდეგ კოალიციების შექმნის შესაძლო დანაკარგები (მათ შორის, გაზზე დამოკიდებულების გათვალისწნებით); სომხეთი ასევე ვერ თანამშრომლობს მეზობლებთან, უფრო მეტიც, ორ მათგანთან სამხედრო, თუ დიპლომატიურ დაპირისპირებაშია (აზერბაიჯანი და თურქეთი).

 

დიაგრამა 1. რუსული გაზის ფასი სომხეთისთვის (წყარო: Energy Charter)

 

გაზის ფაქტორი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში

ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და გაზს შორის კავშირი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან გახდა ნათელი; ამ პერიოდში უკვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ძირითადი დონორი რუსული „გაზპრომის“ ნაცვლად აზერბაიჯანული „სოკარი“ გახდებოდა, შესაბამისად, რუსულ გაზს აზერბაიჯანული ჩაანაცვლებდა. ეს კი ქვეყნის უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნიდა, ვინაიდან მოსკოვისთვის გაზით ვაჭრობას არა კომერციული, არამედ უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის მაგალითზე უკვე არაერთხელ გამოჩნდა. საქართველომ ეს თავის თავზეც გამოსცადა. ჯერ კიდევ 20 საუკუნის მიწურულს, როდესაც გადაწყდა აზერბაიჯანული ენერგორესურსების საქართველოს გავლით დასავლეთისკენ ექსპორტირების (ტრანზიტი) საკითხი, რუსეთმა დაიწყო საქართველოს მთავრობის დადანაშაულება პანკისის ხეობაში ჩრდილოეთ კავკასიელი ტერორისტების დახმარებაში. საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთის ეს ბრალდება სხვა არაფერი იყო, თუ არა მცდელობა, პრობლემები შეექმნა მილსადენების პროექტებისთვის და საქართველოს სატრანზიტო იმიჯისთვის, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო (Blum, 2002). გარდა ამისა, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან განთავისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას და რუსეთის გავლენის შესუსტებას ნიშნავდა, რაც კარგად ესმოდა თავად მოსკოვსაც. ამის დასტური იყო 2006 წლის ინციდენტიც, როდესაც ზამთრის დასაწყისში „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება შეუწყვიტა საქართველოს მილსადენზე აფეთქებების მომიზეზებით. საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის- მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, სწორედ მოსკოვის ორგანიზებული იყო „ეს ენერგოსაბოტაჟი“ და მას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა - პასუხი საქართველოს ევროატლანტიკურ საგარეო კურსზე (Chivers, 2006). ამასვე ადასტურებს 2008 წლის ხუთ დღიან ომში რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი მილსადენების მისამართით განხორციელებული იერიშებიც (Cornell, 2009).

 ამდენად, რუსეთსა და საქართველოს შორის გაზის სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობა ძირითადად პოლიტიკური ხასიათის, თანამშრომლობას მოკლებული, არასანდო და პრობლემატური აღმოჩნდა. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლება და ასევე აზერბაიჯანული გაზის საქართველოს გავლით „სამხრეთ კავკასიის მილსადენით“ დასავლეთისკენ ექსპორტირება (ტრანზიტი) საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ საგარეო პოლიტიკური კუთხითაც. ჯერ კიდევ 2000-იან წლებში პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებდა, რომ რუსეთისგან ენერგეტიკული განთავისუფლება ქვეყნისთვის აუცილებელი იყო, ვინაიდან ეს „პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და დასავლეთთან დაახლოების“ საფუძველი იქნებოდა (Tsamalashvili, 2002). დასავლეთთან დაახლოება და ევროანტლანტიკური ინტეგრაცია კი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებითაა შესაძლებელი. ამას ოფიციალური დოკუმენტებიც ადასტურებს. მაგალითად, „2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში“ აღნიშნულია, რომ „...აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის გონივრული გამოყენებით საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. შექმნილ ვითარებაში პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, ინსტიტუციური დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და საერთო ევროპულ ოჯახში, ასევე, გლობალური მასშტაბით საქართველოსთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.“ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია კი ზახს უსვამს სატრანზიტო როლის მნიშვნელობას უსაფრთხოების კუთხით და აღნიშნავს, რომ „საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. ამ მიზნით იგი მზადაა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.“ (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია).

ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი (გაზის ექსპორტიორი ქვეყანა) გახდა; ბაქოსთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანის შესრულების წინაპირობაა. მართალია, აზერბაიჯანით რუსეთის, როგორც მთავარი მიმწოდებლის ჩანაცვლება საქართველოსთვის ეკონომიკური კუთხით და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაბიჯად არ შეიძლება ჩაითვალოს (რეალურად არ მომხდარა იმპორტის დივერსიფიკაცია, მოხდა მხოლოდ ერთი მიმწოდების ჩანაცვლება მეორეთი), თუმცა, საქართველოსთვის ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი (ინტერვიუ ქ-ნ მ. ვალიშვილთან, 2019[**]). სწორედ საგარეო პოლიტიკური ინტერესების გამო არ დაინტერესდა ასევე საქართველო ექსპორტის დივერსიფიკაციის იმ შესაძლებლობით, სადაც მთავარ მიმწოდებლად ირანი განიხილებოდა („სამხრეთის გაზის დერეფნის“ ალტერნატიული ვარიანტი); თეირანთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს ვერ დაემთხვეოდა, მიუხედავად იმისა, რომ გაზის ექსპორტის დივერსიფიკაცია ნებისმიერი პატარა სახელმწიფოს მიზანია (ინტერვიუ ბ-ნ ი. ინგვალთან, 2019).

გაზის ფაქტორი მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს როლისა და მნიშვნელობის გაზრდისათვის საერთაშორისო არენაზე. სწორედ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტებში მონაწილეობა და ტრანზიტის პოტენციალი უწყობს ხელს „დიდი ძალების“ საქართველოთი დაინტერესებას. ამდენად, რაც მეტად იქნება დატვირთული „სამხრეთის გაზის კორიდორი“ (და ევროკავშირზე ორიენტირებული სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა), ბუნებრივია, მით მეტი იქნება ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ინტერესი, უზრუნველყოფილ იქნას სტაბილურობა და უსაფრთხოება (მათივე ინტერესებიდან გამომდინარე) რეგიონში (ინტერვიუ ქ-ნ ლ. ჯერვალიძესთან, 2019). აშშ-სა და ევროკავშირისთვის საქართველო საინტერესოა იმიტომ, რომ ამ ქვეყნის გავლით შესაძლებელია აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში, რაც, თავის მხრივ, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან განთავისუფლებას ნიშნავს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ფარგლებში საქართველოსა და დასავლეთს შორის კავშირი გაღრმავდა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამდენად, გაზის საკითხი საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის -ევროატლანტიკური ინტეგრაციის- კონტექსტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევრო-ატლანტიკური კურსი ხშირად ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის და იდენტობის ფაქტორებთანაა დაკავშირებული, რაც საქართველოს „ევროპულ ოჯახში დაბრუნებას“ გულისხმობს (Nodia, 1998; Kakachia, 2013). სწორედ ამ კონტექსტში იყო საქართველოსთვის გარდამტეხი და უმნიშვნელოვანესი, განთავისუფლებულიყო რუსულ გაზზე დამოკიდებულებისაგან, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მთავარ მომმარაგებლად რუსული „გაზპრომი“ დარჩებოდა, საქართველო ვერ შეძლებდა აქტიური პროდასავლური საგარეო პოლიტიკის წარმოებას და, მეზობელი სომხეთის მსგავსად, ვერც „ასოცირების ხელშეკრულებას“ მოაწერდა ხელს 2013 წელს (თუნდაც რუსეთის მხრიდან გაზის გადაკეტვის, ან ფასის გაძვირების შედეგად); ისევე როგორც სომხეთი, საქართველოც მოექცეოდა ჩრდილოელი მეზობლის ზეწოლის ქვეშ, გამხდარიყო რუსეთის მიერ შექმნილი ეკონომიკური/პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.

 დასკვნა

ნაშრომის მთავარი მიზანი იყო, განესაზღვრა სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკურ არჩევანსა და გაზის ფაქტორს (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი) შორის კავშირი (თუმცა, ნაშრომი მიზნად არ ისახავდა, იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ გაზის ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში). ანალიზის შედეგად ნათელი გახდა, რომ სამხრეთ კავკასიის თითეული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, სხვა ფაქტორებთან (აზერბაიჯანის შემთხვევაში: გეოგრაფიული ფაქტორი და რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები; სომხეთის შემთხვევაში: აზერბაიჯანთან და თურქეთთან არსებული დაპირისპირება; საქართველოს შემთხვევაში: ისტორიულ-გეოგრაფიული და იდენტობის საკითხები) ერთად, ასევე მნიშვნელოვანია შიდა ეკონომიკური კონტექსტი, კერძოდ, კი გაზის ფაქტორი (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი), რომელიც გარკვეულწილად ასევე დაკავშირებულია ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ კურსთან.

ნაშრომში უნდა დამტკიცებულიყო ჰოპოთეზა იმის შესახებ, რომ გაზის ფაქტორი (რეზერვები, ექსპორტი ან/და ტრანზიტი) საშუალებას აძლევს სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოებს - აზერბაიჯანსა და საქართველოს - განთავისუფლდნენ რუსეთის გავლენისაგან და, ამდენად, არ გაწევრიანდნენ „ჩრდილოელი მეზობლის“ მიერ შექმნილ სამხედრო ალიანსებსა და საერთაშორისო ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებში; სომხეთს კი ეს შესაძლებლობა არ აქვს; მისი საგარეო პოლიტიკა პრორუსულია და, ამდენად, რუსეთის მიერ შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ/ეკონომიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისკენაა მიმართული; გაზის ფაქტორი ამ პრორუსული ინტეგრაციული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული ჰიპოთეზა ნაშრომში სრულად დამტკიცდა: აზერბაიჯანი გაზის მდიდარ რესურსებს და ექსპორტის შესაძლებლობებს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, სახელმწიფოსთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს და აზერბაიჯანის როლს საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვნად ზრდის; მისი წყალობით, აზერბაიჯანს საშუალება აქვს, დააბალანსოს რუსეთის გავლენა და არ ისწრაფვოდეს მოსკოვის ლიდერობით შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობისკენ. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის გაზისგან განთავისუფლებას და აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანზიტის ფაქტორს უდიდესი საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უმთავრესი მიზნისთვის- ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციისთვის. სწორედ „აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის გონივრული გამოყენებით“ უნდა მოხდეს საქართველოს დაბრუნება „საერთო ევროპულ ოჯახში“ (2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია).

 

ბიბლიოგრაფია

Andres, Richard B. and Kofman, Michael (2011). European Energy Security: Reducing Volatility of Ukraine-Russia Natural Gas Pricing Disputes. Institute for National Strategic Studies, Februatry 2011. 

Arka (2018), ‘Armenia negotiating with Russia over gas price – energy ministry’, Arka News Agency, 14:51 08.11.2018. Accessed on 21 Nov 2018. Retrieved from: http://arka.am/en/news/economy/armenia_negotiating_with_russia_over_gas_price_energy_ministry/

Aslanli, A. (2010), ‘Azerbaijan - Russia relations: Is foreign policy strategy of Azerbaijan changing?’ Turkish Policy Quarterly 9, no. 3: 137–45.

AZERTAG (2019), ‘Fifth Ministerial Meeting of Southern Gas Corridor Advisory Council held in Baku President Ilham Aliyev attended the meeting’ (speech of the President), 20 Feb 2019, accessed on 4 Jun 2019. Retrieved from: https://azertag.az/en/xeber/Fifth_Ministerial_Meeting_of_Southern_Gas_Corridor_Advisory_Council_held_in_Baku__President_Ilham_Aliyev_attended_the_meetingVIDEO-1248631

Blum, Douglas W. (2002), ‘The Russian-Georgian Crisis and Baku-Tbilisi-Ceyhan’, PONARS Policy Memo No. 252, Providence College. October 2002. Available at: http://www.ponarseurasia.org/sites/default/files/policy-memos-pdf/pm_0252.pdf

BP Statistical Review of World Energy (June 2018); Accessed on Sep 12, 2018 Retrieved from: https://www.bp.com/content/dam/bp/en/corporate/pdf/energy-economics/statistical-review/bp-stats-review-2018-full-report.pdf

Chivers, C.J. (2006), ‘Explosions in Russia Cut Gas Pipelines to Georgia’, The New York Times, 22 Jan 2016. Accessed on 20 Mar 2019. Retrieved from: https://www.nytimes.com/2006/01/22/international/europe/explosions-in-russia-cut-gas-pipelines-to-georgia.html

Cornell, S. (2009), ‘Pipeline Power: The War in Georgia and the Future of the Caucasian Energy Corridor’,  Georgetown Journal of International Affairs, 10(1), 131-139. Retrieved from http://www.jstor.org/stable/43134198

Doeser, Fredrik (2011), ‘Domestic Politics and Foreign Policy Change in Small States: The Fall of the Danish ‘footnote Policy’.,’ Cooperation & Conflict 46, no. 2 (June 2011): 222–41.

EBRD (2014), ‘Commercial laws of Azerbaijan An assessment by the EBRD’, Accessed on May 10, 2018. Retrieved from: www.ebrd.com/documents/legal-reform/read-the-ebrds-azerbaijan-country-law-assessment.pdfLegro, Jeffrey W. and Moravcsik, Andrew (1999), ‘Is Anybody Still a Realist?’, International Security Vol. 24, Issue 2 (1999): 5

Fiona, Hill (2004), ‘Energy Empire: Oil, Gas and Russia's Revival’, London: FPC

Gvalia, Giorgi (2013), ‘Thinking Outside the Bloc: Explaining the Foreign Policies of Small States’., Security Studies 22, no. 1 (February 2013):100.

Goldthau, Andreas (2008), ‘Resurgent Russia? Rethinking Energy Inc’, Policy Review (147): 53-63

Hayrumyan, Naira (2013), ‘Gas Politics: Russia Tightens Grip on Armenian Energy Sector with New Gazprom Acquisition’, ArmeniaNow, Accessed August 20, 2019. https://www.armenianow.com/news/50653/armenia_russia_gas_price_gazprom 

Hey, Jeanne A. K.(2002), Luxembourg’s Foreign Policy: Does Small Size Help or Hinder?; Innovation: The European Journal of Social Sciences 15, no. 3 (September 2002): 211–25

Heydar Aliyev Heritage (2001), „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის "შაჰდენიზის" საბადოდან ბაქო-თბილისი-ერზერუმის მარშრუტით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე - 2001/29/09. Available at:  http://lib.aliyevheritage.org/ge/8434330.html

Kakachia, Kornely (2013), ‘European, Asian, or Eurasian?: Georgian Identity and the Struggle for Euro-Atlantic Integration’ // Georgian Foreign Policy The Questfor Sustainable Security, Konrad-Adenauer-Stiftung, 2013.

Marín-Quemada, J. M., García-Verdugo, J., Escribano, G. (2012), ‘Energy security for the EU in the 21st century : markets, geopolitics and corridors’, New York: Routledge.

Marquina, Antonio (2008), ‘Energy Security Visions from Asia and Europe’, Palgrave Macmillan, ISBN: 9780230595002

Mearsheimer, John J. (2001), ‘The Tragedy of Great Power Politics’, New York: W.W. Norton and Company (published 2003). ISBN 978-0-393-07624-0.

Neuendorf, Kimberly A. & Kumar, Anup (2015), ‘Content analysis’ In Gianpietro Mazzoleni (Ed.), ‘The international encyclopedia of political communication’ (pp.1-10). West Sussex: Wiley.

Nodia, Ghia (1998), “The Georgian Perception of the West,”in: Bruno Coppieters, Alexei Zverev and Dmitri Trenin, (ed). Commonwealth and Independence in Post-Soviet Eurasia, London-Portland, OR: Frank Cass, 1998: 12–43

Orban, Anita (2008), ‘Power, Energy and the New Russian Imperialism’, Praeger Security International, 2008.

Rutland, Peter (2008), 'Russia as an Energy Superpower', New Political Economy, Vol 13, No 2, pp 203-210.

SIPRI Fact Sheet (2017). Accessed on May 19, 2018. Retrieved from: https://sipri.org/publications/2018/sipri-fact-sheets/trends-world-military-expenditure-2017

Smith, Keith C. (2006), ‘Security Implications of Russian Energy Policies’, CEPS Policy Briefs (No. 90): 1-5.

Socor, Vladimir (2007). Iran-Armenia Gas Pipeline: Far More Than Meets the Eye. Eurasia Daily Monitor Volume: 4 Issue: 56 (Washington DC: Jamestown Foundation).

Sutch, Peter and Elias, Juanita (2007), ‘International Relations: The Basics’, New York: Routledge, 2007

Ter-Matevosyan,Vahram, Drnoian, Anna, Mkrtchyan, Narek and Yepremyan, Tigran (2017), ‘Armenia in the Eurasian Economic Union: reasons for joining and its consequences’, Eurasian Geography and Economics, 58:3, 340-360, DOI: 10.1080/15387216.2017.1360193

Trend (2019), ‘President Ilham Aliyev attends opening of 26th International Caspian Oil & Gas-2019 Exhibition and Conference’, Trend, 29 May 2019. Accessed on 5 Jun 2019. Retrieved from: https://en.trend.az/azerbaijan/politics/3069410.html

Tsamalashvili, Eka (2002), “Baku-Tbilisi-Ceyhan and Regional Security Problems”, Radio Tavisufleba, 30 Oct. 2002. Accessed on 20 Apro. 2019. Retrieved from: https://www.radiotavisupleba.ge/a/1524322.html

Vera, Muniz Omar (2012), ‘Elements Of Azeri's Independent Foreign Policy: Energy, Geography, And Global Powers Rivalry’, retrieved from University of Central Florida database, accessed on Nov 14

„სემეკი“ (2019), ‘2018 წლის საქმიანობის ანგარიში’, ხელმისაწვდომია: http://gnerc.org/files/wliuri%20angariSi/2018%20w-report%20-%2015.05.2019.pdf

2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. ნანახია 2019 წ. 27 ნოემბერს; ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.mfa.gov.ge/getattachment/MainNav/ForeignPolicy/ForeignPolicyStrategy/2019-2022-clebis-saqartvelos-sagareo-politikis-strategia.pdf.aspx

აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია (2007); ნანახია 2019 წ. 27 ნოემბერს; ხელმისაწვდომია: https://www.files.ethz.ch/isn/154917/Azerbaijan2007.pdf

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ნანახია 2019 წ. 2 დეკემბერს;  ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/NationalSecurityConcept.aspx

 

ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობა (2001), „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის "შაჰდენიზის" საბადოდან ბაქო-თბილისი-ერზერუმის მარშრუტით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე - 2001 წლის 29 სექტემბერი. ნანახია 3 ივნ. 2019. ხელმისაწვდომია:   

ნახევრად-სტრქუტურირებული ინტერვიუები:

1. ინტერვიუ ქ-ნი მარიამ ვალიშვილთან (კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩეველი; წარსულში- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე);  18 ნოემბერი 2019 წ.

2. ინტერვიუ ქ-ნი ლიანა ჯერვალიძესთან (ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში); 20 ნოემბერი 2019 წ.

3. ინტერვიუ ბ-ნ იოჰან ენგვალთან (Dr. Johan Engvall) (შვედეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს (FOI) მკვლევარი); 25 ნოემბერი, 2019 წ.

 


[*]ელფოსტა: garakanidzenata@yahoo.com

[†] ინტერვიუს რესპოდენტები იყვნენ: 1. ქ-ნი მარიამ ვალიშვილი-  კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩეველი (წარსულში- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე);  2. ქ-ნი ლიანა ჯერვალიძე- ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში; 3. შვედეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს (FOI) მკვლევარი- იოჰან ინგვალი (Dr. Johan Engvall).  რესპოდენტებმა უპასუხეს კითხვებს, რომლებიც უკავშირდებოდა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გაზის რესურსებს, ექსპორტის შესაძლებლობებს, ამ მხრივ არსებულ პრობლემებს და მათ კავშირს საგარეო პოლიტიკასთან.

[‡] პატარა სახელმწიფოების რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული ნაშრომთაგან საინტერესოა:

Clarke, Colin and Payne, Tony (1987) ,eds., ‘Politics, Security, and Development in Small States’ (Winchester,MA: Allen & Unwin Inc., 1987), XVII;

Jalan, B. (1982), ‘Classification of economies by size’ in Jalan, B. (ed.) ‘Problems and Policies in Small Economies’, London: Croom Helm, 39-48.;

Crowards, T. (2002), Defining the category of ‘small’ states. J. Int. Dev., 14: 143–179. doi:10.1002/jid.860;  

Thorhallsson, B. (2006), ‘The Size of States in the European Union: Theoretical and Conceptual Perspectives’, Journal of European Integration. 28(1), 7-31.

[§] პატარა სახელმწიფოების ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული ნაშრომთაგან საინტერესოა:

Keohane, RO (1969) ‘Lilliputians’ Dilemma: Small States in International Politics, International Organization, 23:2, 291– 310; რონდელი, ალექსანდრე (2003), ‘პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში’, გამომცემლობა: თბილისი: მეცნიერება , 2003;

Vital, David (1971), ‘The Survival of Small States’, London: Oxford University Press;

ბახტაძე, რევაზ (2007), ‘გადაწყვეტილების მიღება სუსტ სახელმწიფოში’, ბთკკ-ს საერთაშორისო პოლიტიკის კვლევების სერია. თბილისი. 2007.

[**] ქ-ნ მარიამ ვალიშვილის აზრით, სუსტი ქვეყნები გაზის საკითხებში ხშირად საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობენ, ვიდრე ეკონომიკური გათვლებით. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია უკრაინაც, რომელმაც უარი თქვა გაცილებით იაფ რუსულ გაზზე და ამის ნაცვლად ევროკავშირიდან დაიწყო რევერსული სქემების გამოყენებით ბუნებრივი აირის მიღება ბევრად უფრო მაღალ ფასად. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პროდასავლური კურსისა და ევროკავშირთან დაახლოების მცდელობის შედეგია.