heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 9 ოქტომბერი 2020

ნაციონალური იდენტობის საკითხი და მისი გავლენა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე პოსტსაბჭოთა მოლდოვასა და ბელარუსში
კონსტანტინე შუბითიძე

 აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომი სწავლობს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მოლდოვასა და ბელარუსში მიმდინარე ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესს და მის გავლენას ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ენასა და რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის ნაციონალურ იდენტობას.

კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია ერთი მხრივ ის ისტორიული წინაპირობები, რაც წინ უძღვოდა მოლდოვასა და ბელარუსის სახელმწიფოთა ჩამოყალიბებას და ამ სახელმწიფოებში ერების ფორმირებას, ხოლო მეორე მხრივ საბჭოთა კავშირის მიერ გატარებული ეთნიკური და სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული პოლიტიკა, რამაც შემდგომში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების განვითარებასა და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. ნაშრომი აქცენტს აკეთებს საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგად მოლდოვასა და ბელარუსში მყარი  ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების პრობლემურობაზე და რუსეთის მიერ ამ ფაქტორის ეფექტურ გამოყენებაზე, რათა გავლენა მოახდინოს ამ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე.

ნაშრომში დასმული საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით გაანალიზებულია ოფიციალური კიშინოვისა და მინსკის მიერ 1991 წლიდან გატარებული ენისა და ზოგადად, განათლების პოლიტიკა, საკუთარი სახელმწიფო ენების ეფექტური გამოყენება ყოველდღიურ და საქმის წარმოების პროცესში და ეს ინფორმაცია დამუშავებულია ნაციონალიზმის ერთ-ერთი ძირითადი თეორიული მიმდინარეობის - მოდერნიზმის ჭრილში. კერძოდ, ბელარუსსა და მოლდოვაში ერის ფორმირების პროცესი გაანალიზებულია მიროსლავ ჰროშის თეორიის ფარგლებში.

 

Abstract

The paper studies the process of national identity formation in Moldova and Belarus after the dissolution of the Soviet Union and examines the impact of this process on foreign policy orientation of these countries. Namely, particular emphasis is put on issues related to the language and religion, that significantly determine the national identity of every country.

On the one hand, the research analyses those historical preconditions, that preceded the formation of Moldova and Belarus states and nations within these states, while on the other hand, it examines the ethnic and state language-related policies implemented by the Soviet Union, that afterwards had a significant impact on the development of political processes and formation of the foreign policies of these countries. The paper emphasizes the difficulty of forming strong national identities in Moldova and Belarus due to the Soviet legacy and the leveraging of this factor effectively by Russia to influence foreign policy orientation of these two post-soviet countries.

For studying the research question, the paper analyzes official state and in general, education policies implemented by the official Chișinău and Minsk since 1991, also effective utilization of their own state languages in everyday and business correspondence and all this information is processed through the lens of one of the main theories of nationalism - modernism: namely,  the process of the nation formation in Belarus and Moldova is analyzed through Miroslav Hroch’s theory.

 

Key Words: Moldova, Belarus, National Identity, Foreign Policy

 

შესავალი

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის შედეგად საერთაშორისო სისტემას 15 ახალი სუვერენული სახელმწიფო შეემატა. თუმცა, რამდენად შეიძლება აღნიშნულ სუბიექტებს ან მათ უმრავლესობას მაინც ახალი ვუწოდოთ, საკამათოა, ვინაიდან საბჭოთა კავშირის შექმნამდე, მის შემადგენლობაში მყოფი მოკავშირე რესპუბლიკების გასაბჭოებამდე თითოეული მათგანი იმყოფებოდა სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და ნაციონალური იდენტობის ფორმირების განსხვავებულ ეტაპზე. იყვნენ ერთიან ერად უკვე დიდი ხნის ფორმირებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები, დამოუკიდებლობის მოსურნე ერები და ნაციის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მყოფი ეთნიკური ერთობებიც, რომელთა პოლიტიკური საზღვრები საბჭოთა კავშირამდე მკაფიოდ ფორმირებული არც კი ყოფილა. შესაბამისად, „ბოროტების იმპერიის“ დაშლის მომენტისათვის კითხვაზე – „ვინ ვართ ჩვენ“  ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას თანაბრად მტკიცე პასუხი არ ჰქონდა, მათი ნაციონალური იდენტობის საკითხი ხშირ შემთხვევაში დიამეტრალურად განსხვავდებულ შემთხვევებს წარმოადგენდა, რამაც თავისთავად განსაზღვრა ამ ახალი საერთაშორისო აქტორების საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და სახელმწიფოებრივი განვითარების შემდგომი გზა.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია  საბჭოთა კავშირის ორი ყოფილი წევრი რესპუბლიკის,  მოლდოვასა და ბელარუსის, ნაციონალური იდენტობის საკითხი და ამ უკანასკნელის გავლენა მათ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასა და სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. ეს ორი ქვეყანა ნაციონალიზმის კვლევებით დაინტერესებულთათვის განსაკუთრებით საინტერესოა მათი ნაციონალური თვითგამორკვევის თავისებურების გამო. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან უკვე თითქმის ოცდაათი წელი გავიდა და მოლდოვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენებას, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს რუმინეთთან თვითიდენტიფიკაციის პრობლემა, რაც ხშირად ორი ქვეყნის გაერთიანების მოთხოვნაში გადაიზრდება ხოლმე, ეს უკანასკნელი კი წარმოშობს რუსულენოვან მოსახლეობაში აგრესიას და რუსეთისკენ სწრაფვას (Rumer, 2017). ყოველივე ამის ფონზე კი რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს თუ რამდენად ჭირს დამოუკიდებელი ძლიერი მოლდოვური ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება ბელარუსს, აქ პრობლემატურია რუსეთის, როგორც „სხვის“ აღქმა და შესაბამისად ძლიერი ბელარუსული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბება, რაც მოსახლეობის მცირე ნაწილში პოლონური და ლიეტუვური იდენტობის მიმართ სწრფვასაც კი იწვევს (Loffe, 2019). ეს ყოველივე ბუნებრივია გავლენას ახდენს ხსენებული სახელმწიფოების როგორც საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ისე მათი სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულებაზე. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, ზოგადად, მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და შეუძლებელია ჩვენს მიერ აქ განხილული საკითხებით მოლდოვასა და ბელარუსის საგარეო პოლიტიკების სრულფასოვანი ახსნა. ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე მოქმედი ერთ-ერთი შესაძლო ფაქტორის განხილვა და გაანალიზება ნაციონალიზმის კვლევების კონტექსტში.

დასმული საკითხის შესასწავლად ნაშრომში მიმოხილულია მოლდოვასა და ბელარუსის ისტორია, თუ რა ეტაპები გამოიარეს ამ სახელმწიფოებმა დღემდე, როგორ ყალიბდებოდა მოლდოვური და ბელარუსული ნაციები და რა ფაქტორები ახდენდა და ახდენს მათზე გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსული და რუმინული ენების ფაქტორს და მათ მნიშვნელობას მოლდოვური და ბელარუსული ნაციონალური იდენტობების ჩამოყალიბების პროცესში. ეს ყოველივე კი გაანალიზებულია ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორიის, კერძოდ  მიროსლავ ჰროშისა და ბენედიქტ ანდერსონის მოსაზრებების ჭრილში, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავენ ერის ფორმირებისთვის აუცილებელ ეტაპებსა და პროცესებს. საბოლოოდ, ნაშრომი აანალიზებს ნაციონალური იდენტობის საკითხის გავლენას მოლდოვასა და ბელარუსის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასა და სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე და შესაბამისად პასუხობს კითხვას – რა გავლენას ახდენს სუსტი ნაციონალური იდენტობა მოლდოვასა და ბელარუსის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასა და სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე?

დასმული კითხვიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია თავიდანვე განვმარტოთ თუ რა იგულისხმება ტერმინში „სუსტი ნაციონალური იდენტობა“. წინამდებარე ნაშრომში სუსტი ნაციონალური იდენტობა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც კონკრეტულ ერში ჯერ კიდევ არსებობენ საერთო სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებელობის მქონე მოსახლეობის ისეთი მსხვილი ჯგუფები, რომელთათვისაც ენის, რელიგიის, თუ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით მისაღებია საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე უარის თქმა და სხვა სახელმწიფოსთან გაერთიანება.

ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორია: სოციალურ–კულტურული ტრანსფორმაცია

თუკი ნაციონალიზმის სფეროში არსებულ თეორიულ დისკურსს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ არსებობს სამი ძირითადი თეორიული მიმდინარეობა, რომლებიც ცდილობენ მეტ-ნაკლები თანმიმდევრობითა და არგუმენტების სიმყარით ახსნან ნაციონალიზმის, ნაციის, ერის წარმოშობა და მისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები. ეს თეორიული მიმდინარეობები განსხვავებულად აღიქვამენ ერისა და ნაციონალიზმის ჩამოყალიბების, არსებობისა და განვითარების პირობებსა და მოქმედების ფორმებს. კერძოდ, პრიმორდიალიზმი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რადიკალური შეფასებებით გამოირჩევა და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ერები ყოველთვის არსებობდნენ და ისინი მუდმივი ფიქსირებული ერთობები არიან, რომლებიც კაცობრიობის გაჩენასთან ერთად დაიბადნენ. ეთნოსიმბოლიზმის მიხედვით კი თანამედროვე ერები არიან ახალი პერიოდის პროდუქტნი, თუმცა, მათ ჰყავდათ მონათესავე ერთობები ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისად ერები არიან დროში განგრძობადი ხასიათის მატარებელნი, რომლებიც ტრანსფორმაციასა და გარდაქმნას ექვემდებარებიან. რაც შეეხება მოდერნიზმის თეორიას, იგი ამტკიცებს, რომ თანამდეროვე ერები არიან ახალი დროის ნაყოფი, რომელთა ჩამოყალიბება არსებული სახით შესაძლებელი გახდა მხოლოდ ინდუსტრიალიაზაციისა და საყოველთაო გარდაქმნების პირობებში. მოდერნიზმის თეორია თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, ესენია ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ტომ ნაირნისა და მაიკლ ჰეტჩერის შრომებთან; პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომლის საფუძვლების განვითარება სხვა ავტორებთან ერთად ძირითადად დაკავშირებულია ჯონ ბროილისა და ერიკ ჰობსბაუმის სახელთან და სოციალურ–კულტურული ტრანსფoრმაცია, რომლის ფუძემდებელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მიროსლავ ჰროშს, ერნესტ გელნერსა და ბენედიქტ ანდერსონს. სამივე მიმდინარეობა თანხმდება ძირითად თეორიულ ჩარჩოზე, თუმცა, აქცენტს სვამს განსხვავებულად ერების წარმოქნისა და განვითარების საკითხთან დაკავშირებით. როგორც დასაწყისშივე აღინიშნა, მოლდოვასა და ბელარუსის ნაციონალური იდენტობის საკითხს პოსტსაბჭოთა პერიოდში წინამდებარე ნაშრომი განიხილვას სწორედ ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორიის ფარგლებში, კერძოდ კი სოციალურ–კულტურული ტრანსფორმაციის ჩარჩოში, ვინაიდან იმ პროცესებს, რასაც ადგილი აქვს მოლდოვასა და ბელარუსში ენასთან, განათლების პოლიტიკასთან და ზოგადად იდენტობის საკითხთან მიმართებაში, ფაქტობრივად ზედმიწევნითი სიზუსტით ხსნის ხსენებული თეორიული მიმდინარეობა.

სოციალურ–კულტურული ტრანსფორმაცია ერებისა და ნაციონალიზმის წარმოშობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ამ მიმდინარეობის ერთ–ერთი ავტორის მიროსლავ ჰროშის მოსაზრებები, რომლის ჭრილშიც ხდება ნაშრომში წარმოდგენილი შემთხვევების გაანალიზება. კერძოდ, მიმოვიხილავთ ჰროშის ნაციონალიზმის სამ ფაზას, რომელზეც საუბარი აქვს წიგნში “ევროპული ერები: მათი ფორმირების ახსნა” (European Nations: Explaining Their Formation) და ამავე ავტორის მოსაზრებებს, რომლებიც გადმოცემულია ზურაბ დავითაშვილის წიგნში ნაციონალიზმი და გლობალიზაცია, რომელსაც იყენებს წინამდებარე ნაშრომი თეორიულ ბაზად.

კერძოდ, დავითაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჰროში ემპირიული დაკვირვების საფუძველზე ევროპაში გამოჰყოფს სულ რვა ერს, რომლებსაც მე–19 საუკუნის დასაწყისისთვის თავიანთი ეროვნული სახელმწიფო ჰქონდათ. ეს ერებია ინგლისელები, ფრანგები, შვედები, დანიელები, ჰოლანდიელები, ესპანელები, პორტუგალიელები და რუსები. თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელი იყო საკუთარი სტანდარტიზებული სალიტერატურო ენა, მაღალი დონის ეროვნული კულტურა და ეთნიკურად ჰომოგენური მმართველი ელიტის არსებობა. ამის გარდა კიდევ არსებობდა ორი ფორმირებადი ერი – იტალიელები და გერმანელები. განვითარებული კულტურითა და ეთნიკურად ჰომოგენური ელიტით, მაგრამ პოლიტიკურ საფუძველს ანუ საკუთარ ერთიან სახელმწიფოს იმ დროისათვის ჯერ კიდევ მოკლებულნი. ამავე დროს, აღნიშნული პერიოდისთვის ჰროში ითვლის 30–ზე მეტ „არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს“, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ არამხოლოდ საკუთარ სახელმწიფოს, არამედ საკუთარ მმართველ ელიტას და უწყვეტ კულტურულ ტრადიციებს საკუთარ ლიტერატურულ ენაზე. მიუხედავად კომპაქტური განსახლებისა, ისინი იმართებოდნენ უცხო ჯგუფებით, რომლებიც, როგორც წესი, იმ სახელმწიფოს დომინანტი ერის წარმომადგენლები იყვნენ, რომლის შემადგენლობაშიც ეს ეთნიკური ჯგუფები შედიოდნენ. არადომინანტი ეთნიკური ჯგუფები ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში იყვნენ თავმოყრილნი, მაგრამ არცთუ მცირე რაოდენობა დასავლეთ ევროპაშიც იყო წარმოდგენილი. ჰროშის აზრით, ამ ეთნიკური ჯგუფების დიდი უმრავლესობა პოტენციურ ერად ჩამოყალიბდა და ბევრმა პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც მიაღწია. ზოგიერთ ხალხში პოტენციურ ერად ჩამოყალიბება და საკუთარი სახელმწიფოებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ზოგში იმავე საუკუნის შუა ხანებში, ხოლო ზოგში კი საუკუნის ბოლოს (დავითაშვილი, 2003, გვ. 124–125).

იმისათვის, რომ არადომინანტი ხალხების მოძრაობა ნაციონალურ მოძრაობად ჩაითვალოს და ეთნიკური ჯგუფი პოტენციურ ერად იქცეს, ჰროშის მიხედვით, აუცილებელია დაკმაყოფილდეს სამი პირობა:

–         ეროვნული კულტურის განვითარება და აღორძინება, რომელიც დაფუძნებული იქნება ადგილობრივ ენაზე, ხოლო ეს უკანასკნელი გახდება განათლების, ადმინისტრაციისა და ეკონომიკური ცხოვრების ენა;

–         სრული სოციალური სტრუქტურის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს საკუთარი განათლებული ელიტისა და ყველა კლასის (განსაკუთრებით მწარმოებლებისა და ვაჭრების) ფორმირებას;

–         თანაბარი სოციალური უფლებების მიღწევა და პოლიტიკური თვითადმინისტრირების განსაზღვრული დონის უზრუნველყოფა.

ჰროში განარჩევს სამ ფაზას ნებისმიერი ნაციონალურ მოძრაობაში მისი დასაწყისიდან წარმატებით დაგვირგვინებამდე.

A ფაზა მოიცავს ნაციონალიზმის საწყის ეტაპს, როცა პირველი აქტივისტების მოქმედება მიმართულია საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ენის უნიფიკაციისა და ლიტერატურული ენის ნორმების ჩამოყალიბებისაკენ, აგრეთვე საკუთარი ისტორიისა და კულტურის შესწავლისა და პროპაგანდისაკენ. რაიმე პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება და მოსახლეობის ჩაბმა აქციებსა და საპროტესტო გამოსვლებში ამ პერიოდში არ ხდება, რადგან ამისთვის არც მოსახლეობაა მზად და არც ობიექტური პირობები მომწიფებული;

B ფაზა იწყება მაშინ, როცა ასპარეზზე გამოდიან აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ მიიმხრონ რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი საკუთარი ეთნიკური ჯგუფიდან, რათა ერთიანი ერის ფორმირებას დაედოს სათავე. დასაწყისში ეს მცდელობები არცთუ ისე წარმატებულია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მიზანს აღწევენ და ხდება საერთო ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება.

C ფაზა დგება საერთო ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებისთანავე, როცა მოსახლეობის უმრავლესობა თავს ერთი ერის წარმომადგენლად მიიჩნევს და ყალიბდება საერთო ეროვნული მოძრაობა. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ ეტაპზე, როცა ეთნიკურ ჯგუფში სრული სოციალური სტრუქტურა ჩამოყალიბდება (ცხადია ერთი ფაზიდან მეორეზე გადასვლა უეცრად არ ხდება და იგი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია).

აღნიშნული პერიოდიზაცია, ჰროშის მიხედვით, საფუძველია ნაციონალური მოძრაობების ტიპოლოგიისათვის. მისი აზრით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის, ერთი მხრივ ურთიერთობა B ფაზაზე და შემდეგ C ფაზაზე ტრანზიციისას და მეორე მხრივ კონსტიტუციურ საზოგადოებაზე ტრანზიციებს შორის. ამის საფუძველზე ჰროში ნაციონალური მოძრაობის ოთხ ტიპს გამოყოფს ევროპაში:

  1. ნაციონალური მოძრაობა იწყება აბსოლუტიზმის ძველი რეჟიმის  დროს, მაგრამ მასიურ სახეს რევოლუციური ცვლილებების პერიოდში იღებს. B ფაზის ლიდერები თავიანთ პროგრამას პოლიტიკური ცვლილებების შესაბამისად იღებენ;
  2. ნაციონალური გამოცოცხლება იწყება ძველი რეჟიმის დროს, მაგრამ C ფაზაზე ტრანზიცია ყოვნდება, სანამ კონსტიტუციური რევოლუცია არ მოხდება;
  3. მასობრივი ნაციონალური მოძრაობა ყალიბდება ძველი რეჟიმის პირობებში, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებამდე;
  4. ნაციონალური მოძრაობა იწყება უკვე ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ პირობებში (ibid: 126–127; Hroch, 2015, pp. 34-36). 

მეთოდოლოგია

წინამდებარე კვლევაში დასმული საკითხიდან გამომდინარე, ნაშრომი შეისწავლის და აანალიზებს მოლდოვასა და ბელარუსში სახელმწიფო ენის პოლიტიკასა და ნაციონალური იდენტობის სხვა მარკერებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგებს, აღნიშნულ ქვეყნებში განათლების სფეროში რუსული ენის გამოყენების სტატისტიკას, ხსენებული ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტების - პრეზიდენტის/მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები, განათლების სამინისტროები და ა.შ. ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციას, სხვა ავტორების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებსა და თეორიულ მასალას და ამის შედეგად ცდილობს დაადგინოს, თუ რა კორელაციაში შეიძლება იყოს ეროვნული იდენტობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ერთმანეთთან. კვლევის ფარგლებში ძირითადად გამოყენებულია კონტენტ-ანალიზი, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზებულ იქნას როგორც შესწავლილი მასალის შინაარსობრივი მხარე, ისე რაოდენობრივი მონაცემები. უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე კვლევის პროცესში პირველად წყაროებად გამოყენებულ იქნა მხოლოდ ელექტრონულად ხელმისაწვდომი მასალა, ძირითადად ვებ-გვერდები, ხოლო მეტწილად დამუშავდა სხვა ავტორების მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებული კვლევები. მუშაობის პროცესში განისაზღვრა დროის კონკრეტული მონაკვეთი - 1991-2014 წლები, საიდანაც ყურადღება გამახვილდა ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი მარკერების - ენა, განათლების პოლიტიკა, რელიგია და ა.შ., მიმართ მიღებულ საკვანძო გადაწყვეტილებებზე და ეტაპებზე. ამ პერიოდში შესასწავლი ხსენებული სახელმწიფოების მიერ გატარებული პოლიტიკები ეროვნული იდენტობის ფორმირების მიმართულებით და ამ საკითხის გავლენა მათ საგარეო პოლიტიკაზე იძლევა შესაძლებლობას გაკეთდეს როგორც კონკრეტული დასკვნები მოლდოვასა და ბელარუსთან დაკავშირებით, ისე გაანალიზდეს მიღებული შედეგები თეორიულ ჭრილში და მოხდეს მათი განზოგადება. ბუნებრივია, ნაშრომს არ აქვს პრეტენზია 1991-2014 წლების ყოვლისმომცველ და სრულ პოლიტიკური და ისტოირული განვითარების შესწავლაზე.              

ენის და რელიგიის ფაქტორი მოლდოვური და ბელარუსული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში

როდესაც საუბარი შეეხება ნაციონალური იდენტობის საკითხს, ანუ იმის განსაზღვრას თუ ვისთან და ვის მიმართ ახდენს ესა თუ ის ხალხი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, შეუძლებელია არ შევეხოთ ენისა და რელიგიის ფაქტორებს, ვინაიდან ნაციონალიზმი მნიშვნელოვანწილად ყალიბდება სწორედ საერთო ღირებულებების, წესჩვეულებების, ტრადიციებისა და სიმბოლოების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია სწორედ ენასა და რელიგიასთან.  წინამდებარე ნაშრომის ინტერესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია განხილულ იქნას თუ რა მდგომარეობაა ენისა და რელიგიის თვალსაზრისით მოლდოვასა და ბელარუსში, რამდენად ხელშემწყობი ან დამაბრკოლებელია მოლდოვური და ბელარასული იდენტობების ჩამოყალიბების პროცესში მათი რელიგიური კუთვნილების მსგავსება რუმინეთთან და რუსეთთან. რა როლს თამაშობს რუმინული და რუსული ენები მოლდოვაში და ბელარუსული და რუსული ენები ბელარუსში. მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფო პოლიტიკისა და მიდგომების გაცნობაც, რაც ოფიციალურ კიშინოვსა და მინსკს აქვთ ენის მიმართ.

განსხვავებით ლიეტუველებისა და სხვა მეზობელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან ბელარუს ხალხს საკუთარი სახელმწიფო თითქმის არასდროს ჰქონია ისტორიის მანძილზე და დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა გარშემო მყოფი ძლიერი სახელმწიფოების დომინირებას. იგი ყოველთვის იყო რომელიღაც იმპერიის ნაწილი, თავდაპირველად ეს იყო ლიეტუვის დიდი საჰერცოგო,  შემდეგ იყო პოლონეთი, გვიანი მე-18 საუკუნიდან კი რუსეთის ძლიერების ზრდასთან ერთად იგი მასზე დამოკიდებული ხდება (Tsygankov, 2000, pp. 101-137). აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან შეინიშნებოდა მცირე ბელარუსული ნაციონალისტური ჯგუფების ზრდა, თუმცა ისინი იყვნენ ძალიან სუსტები და მრავალ დაბრკოლებას აწყდებოდნენ ერის მშენებლობის მცდელობის პროცესში. შემდეგი ეტაპი იყო ბელარუსის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება 1918 წელს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნაციონალური იდენტობა მეორეხარისხოვანი გახლდათ, რადგან ახლადწარმოქმნილი რესპუბლიკა სოციალურ საკითხებზე იყო ფოკუსირებული. ამასთანავე იგი ძლიერ ზეწოლას განიცდიდა პოლონეთისა და რუსეთისგან, რომლებმაც საბოლოოდ 1921 წელს რიგის ხელშეკრულებით გაიყვეს მისი ტერიტორიები (Burant, 1995, pp. 1125-1144).

 უკვე მე-20 საუკენეში ბელარუსისა და რუსეთის ეკონომიკური და კულტურული კავშირები ძალიან მჭიდრო ხასიათს ატარებდა, რაც მრავალ სხვა საკითხთან ერთად დაკავშირებულია იმასთანაც, რომ არსებულ საზღვრებში ბელარუსის სახელმწიფოს ფორმირება სწორედ კრემლის პოლიტიკის შედეგი უფროა, ვიდრე მისი სახელმწიფოებრივი განვითარების. კერძოდ, დღევანდელი ბელარუსის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანექსიასთან ერთად მიითვისა საბჭოთა კავშირმა პოლონეთისგან და მიუერთა ბელარუსს, რითაც დასრულდა ამ უკანასკნელის გეოგრაფიული კონფიგურაციის ჩამოყალიბება. ამ დროიდან პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ბელარუსი ხალხი მოექცა ერთიან, იურიდიულად გარანტირებულ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი წესით უნდა გამხდარიყო საფუძველი ერთიანი ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებისა და გაღრმავებისათვის, თუმცა, რა საკვირველია, ეს ყოველივე არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში და დაიწყო ბელარუსის სწრაფი და ყოვლისმომცველი რუსიფიკაცია, რაზეც უფრო დეტალურად შემდეგ თავში იქნება საუბარი (Tsygankov, 2000, pp. 101-137).

საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით ხმელეთზე ჩაკეტილი გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ბელარუსი მოქცეულია მოსკოვსა და ბერლინს, შავ და ბალტიის ზღვებს შორის არსებულ პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც უკვე 1930-იანი წლებიდან წარმოადგენდა  გამყოფ ხაზს კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქვეყნის დასავლეთი პროვინციები, რომლებიც დასახლებულია ნაწილობრივ პოლონური წარმოშობის მოქალაქეებით, ორიენტირებულნი არიან პოლონეთთან ურთიერთობებზე, აღმოსავლეთ პროვინციების რუსულენოვანი მოსახლეობა კი შესაბამისად რუსეთთან ინტეგრაციაზე. ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბელარუსი არის გამყოფი ხაზი დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის, სადაც კონფლიქტის წარმოშობა არის ყველაზე საშიში ვიდრე სადმე დანარჩენ მსოფლიოში (Lowenhardt et al., 2001, pp. 605-620).

ბელარუსი არის ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა რუსეთის გარდა, სადაც რუსული შენარჩუნდა დომინანტ ენად. დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტისთვის ენის შესახებ კანონის მიხედვით ბელარუსის სახელმწიფო ენა იყო ბელარუსული, რამაც ასახვა ჰპოვა 1994 წელს მიღებულ კონსტიტუციაშიც. თუმცა, 1995 წელს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მოახდინა რეფერენდუმის ინიცირება, რომელზეც დაისვა კითხვა -„თანახმა ხართ თუ არა, რომ რუსულ ენას მიენიჭოს ისეთივე სტატუსი, რაც ბელარუსულს?“, ამომრჩეველთა 88.3%-მა (Law, 2014, p. 4) დადებითად უპასუხა დასმულ კითხვას, რის შედეგადაც 1996 წელს ბელარუსის კონსტიტუციაში შევიდა შესაბამისი ცვლილება და ბელარუსი ოფიციალურად გახდა ბილინგვუალური სახელმწიფო. საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად მშობლებს მიეცათ საშუალება არჩევანი გაეკეთებინათ, თუ რომელ ენაზე მიიღებდნენ მათი შვილები სკოლაში განათლებას, მათმა უმრავლესობამ აირჩია რუსული (ibid: 5).

დღემდე ბელარუსის კონსტიტუციის მე-17 მუხლში განსაზღვრულია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ენები არის ბელარუსული და რუსული. აღნიშნული გარემოება ხელს უწყობს ბელარუსული ენის მარგინალიზაციას სოციალური ცხოვრების ყველა მიმართულებით და ქმნის ნოყიერ გარემოს რუსული ენის, როგორც დე ფაქტო დომინანტი ენის პოზიციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსული ენა გამოიყენება სახელმწიფო ბანკნოტებზე, საგზაო ნიშნებზე, ბეჭდებზე და სხვა საჯარო კომპონენტებში, ეს არ ქმნის ეფექტურ პირობებს მისი პოპულარობისთვის და აქცევს მას სიმბოლური ხასიათის მატარებლად. თავად პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდიც კი ფუნქციონირებს მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე. მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს რუსულ ლიტერატურასა და მედიას, შესაბამისად, ტელევიზიების, რადიოებისა და გაზეთების უმრალესობა ფუნქციონირებს რუსულ ენაზე. რუსული ენა დომინირებს საგანმანათლებლო სისტემაშიც. 2005-2006 სასწავლო წლისთვის დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა 76% და საშუალო სკოლის მოსწავლეთა 77% განათლებას იღებდა რუსულენოვან სკოლებში (Ginger & Sloboda, 2008), ამასთანავე ბელარუსულენოვანი სკოლების რაოდენობა მუდმივად განიცდიდა შემცირებას (Koryakov, 2002, pp. 109-127). რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებას, აქ დომინანტური ადგილი ასევე რუსულ ენას უკავია. კერძოდ, 2005-2006 სასწავლო წლისთვის სტუდენტების 54% სწავლობდა ექსკლუზიურად რუსულ ენაზე, 44% სწავლობდა ორივე ენაზე და მხოლოდ 2% ირიცხებოდა ექსკლუზიურად ბელარუსულენოვან პროგრამებზე (Ginger & Sloboda, 2008).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსული ენა წარმოადგენს ძირითად ენას ბელარუსის მოსახლეობაში. 1999 წლის გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 81.2% თვითიდენტიფიცირებას ახდენდა ბელარუსად, 62.8% იყენებდა რუსულ ენას როგორც ძირითად ენას სახლში (ბელარუსის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური, 2017), ხოლო 2004 წლის მონაცემებით რუსულ ენას აქტიურად იყენებს მოსახლეობის 78%, რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრობს მოსახლეობის 98% (Aref’ev, 2006). 2005 წელს ახალგაზრდების განწყობების შესწავლის შედეგად სამ ურბანულ ცენტრში მინსკში, გროდნოში და ვიტებსკში, სადაც გამოიკითხა კოლეჯის 559 სტუდენტი მიღებულ იქნა შედეგები, რომლის მიხედვითაც მათი 35% მშობლიურ ენად ასახელებს რუსულს, 31% ბელარუსულს, ხოლო 27% ორივეს ერთად. ამავე კვლევის მიხედვით გამოკითხულ სტუდენტთა 69% მშობიურ ენად ბავშვობაში იყენებდა რუსულს, 6.6% ბელარუსულს, ხოლო 21% ორივეს ერთდროულად. შესაბამისად აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოკითხულთა იმ უმცირესობისთვისაც კი, ვინც ბელარუსულ ენას მშობლიურ ენად ასახელებს, ეს ენა წარმოადგენს უფრო ეთნიკურობის სიმბოლოს და არა პრაქტიკული გამოყენების მქონეს (Brown, 2005, p. 323 & Pavlenko, 2008, pp. 60-61).

ბელარუსის მსგავსად მოლდოვაც ახალი სახელმწიფოა, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი არსებობის გამოცდილება ნაკლებად გააჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ნაციონალური იდენტობის საკითხი კი არანაკლებ პრობლემატურია ამ ქვეყნისთვის, ვიდრე ბელარუსისთვის, რაც თავისთავად განპირობებულია მისი ისტორიული და გეოგრაფიული განვითარებითა და ეთნიკურ-ენობრივი კუთვნილებით. მოლდოვას ტერიტორია მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჰაბსბურგთა, ოსმალთა და რუსეთის იმპერიების შეხვედრის ადგილს, ქვეყანის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოქცეულია მდინარე პრუტსა და მდინარე დნესტრს შორის, წარმოადგენდა რუმინეთის ნაწილს, თუმცა არცთუ იშვიათად მისი ცალკეული ტერიტორიები  მოქცეული იყო რუსეთის იმპერიაშიც. 1917 წელს რუსეთის ასწლიანი მმართველობის შემდეგ ისტორიული ბესარაბიის ტერიტორიაზე გამოცხადდა დამოუკიდებელი მოლდოვას დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, ხოლო 1918 წელს იგი საკუთარი სურვილით შეუერთდა რუმინეთს. 1924 წელს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც არასოდეს ყოფილა რუმინეთის ნაწილი, იქმნება მოლდოვას საბჭოთა რესპუბლიკა, 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად კი 1940 წელს საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს მოლდოვას ტერიტორია. სწორედ ამ დროიდან ისტორიულ ბესარაბიას სტალინის პოლიტიკის შედეგად შეუერთდა მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპირო (დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა) და წარმოიქმნა თანამედროვე მოლდოვა (Lowenhardt et al., 2001, pp. 605-620).

კრემლის მიზანმიმართული გადაწყვეტილებების შედეგად, მოლდოვას ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც ძირითადად დასახლებული იყო რუმინულენოვანი მოსახლეობით და თვითიდენტიფიკაციას ახდენდა მეტწილად რუმინეთთან, თითქმის არ განვითარებულა ინდუსტრია. მძიმე მრეწველობა და ენერგეტიკული ობიექტები ძირითადად განთავსდა დნესტრის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, სადაც სწრაფი ტემპებით მოხდა რუსულენოვანი მოსახლეობის დასახლება. შესაბამისად მოლდოვას რუმინულენოვანი ნაწილი ეკონომიკურად და ენერგეტიკულად დამოკიდებული გახდა ქვეყნის რუსულენოვან ნაწილზე (Way, 2005, pp. 231-261).

                საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან მოლდოვა ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ პოსტსაბჭოთა ქვეყნად იქცა, რომელსაც როგორც მოსალოდნელი იყო მწვავედ დაუდგა იდენტობის საკითხიც. იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას რუმინული იდენტობა გააჩნდა და შესაბამისად სულ უფრო აქტუალური ხდებოდა რუმინეთთან კვლავ მიერთების საკითხი, მოსკოვმა ეფექტურად გამოიყენა საბჭოთა კავშირის მიერ ნახევარი საუკუნის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის შედეგი და დნესტრისპირეთში რუსულენოვანი მოსახლეობის გამოყენებით ხელი შეუწყო კონფლიქტის წარმოშობას, რომელიც სისხლიან დაპირისპირებასა და ადგილზე სეპარატისტული რეჟიმის ჩამოყალიბებაში გადაიზარდა. საინტერესოა ისიც, რომ ქვეყანაში შექმნილმა ურთულესმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და ეთნიკურმა კრიზისმა და დაძაბულობამ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მოლდოვაში ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა კომუნისტური პარტიის მმართველობა, შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში მოლდოვა იყო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც კომუნისტი პრეზიდენტი მართავდა. რუსეთის გავლენით მოლდოვამ უარი თქვა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში ინტეგრაციაზე და დღემდე ცდილობს საკუთარი, დამოუკიდებელი მოლდოვური იდენტობის ჩამოყალიბებას. უნდა ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკურ აქტორებს შორის რუმინეთი ბუნებრივია ცდილობს მოლდოვაში რუმინული იდენტობის წახალისებას, რაც ყველაფერთან ერთად გამოიხატება რუმინული პასპორტების დარიგებაშიც მოლდოვას მოქალაქეებისთვის, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა ამ ქვეყანაზე რუსულენოვანი მოსახლეობისა და დნესტრიპირეთის გაყინული კონფლიქტის მეშვეობით, ხოლო უკრაინა დაინტერესებულია დამოუკიდებელი მოლდოვური იდენტობის გაძლიერებით (Baidaus, 2011, pp. 137-139).

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ენასთან დაკავშირებული სიტუაცია არც ისე მშვიდობიანი აღმოჩნდა მოლდოვაში, სადაც დერუსიფიკაციის პროცესი გადაიზარდა სამხედრო კონფლიქტსა და სეცესიის მცდელობაში. 1989 წელს ენის შესახებ კანონმა ცალსახად განსაზღვრა მოლდოვური ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად, რამაც ხელი შეუწყო მისი გამოყენების გაფართოებას საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებში. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია აგრესია და პროტესტი დნესტრისპირეთში, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რადგან მათი აღქმით ეს ყოველივე მათთვის საფრთხის შემცველი იყო. საბოლოოდ, პროცესი დასრულდა იმით, რომ დაარსდა ე.წ. „დნესტრისპირული რესპუბლიკა“. 1991 და 1992 წლებში ადგილი ჰქონდა რამდენიმე სამხედრო შეტაკებას მოლდოვურ და დნესტრისპირულ შენაერთებს შორის, რის შემდეგაც სიტუაცია გაიყინა არსებულ მდგომარეობაში და ნარჩუნდება დღემდე (Ciscel, 2008 & Roper, 2005).  2001 წელს, როდესაც მოლდოვას ხელისუფლებაში მოვიდა ვლადიმირ ვორონინის კომუნისტური მთავრობა, პრობლემის გადაწყვეტის გზად მიჩნეულ იქნა რუსული ენის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის შემოღება. თუმცა, 2002 წელს კომუნისტურ მთავრობას მოუწია უკან დახევა მას შემდეგ, რაც ნაციონალისტური განწყობების მქონე ოპოზიციამ მოახერხა 80 000-მდე მოქალაქის მობილიზება საპროტესტო აქციებზე თვეების განმავლობაში, ეს რიცხვი შთამბეჭდავია იმდენად, რამდენადაც კიშინოვის მოსახლეობა სულ 670 000 ადამიანამდეა. ოპოზიციის პროტესტის შედეგად ეს გეგმა თაროზე იქნა შემოდებული (Way, 2005, pp. 231-261).

მოლდოვას კონსტიტუციის მე-13 მუხლი დღემდე განსაზღვრავს, რომ ქვეყნის სახელმწიფო ენა არის მხოლოდ მოლდოვური. თუმცა, ამავე მუხლის მიხედვით დაცულია ენობრივი უმცირესობების უფლებები, რომ გამოიყენონ რუსული და სხვა ენები სურვილისამებრ, მაგრამ არა საჯარო სექტორში. ენის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერისა და კანონის შედეგად საგრძნობლად მოხდა მოლდოვური ენის გავრცელება ცხოვრების ყველა სფეროში, მაშინ როდესაც რუსული ფაქტობრივად გამოუსადეგარ ენად იქცა. ამ მიდგომის შედეგად რუსულენოვავნი მოსახლეობისთვის თითქმის შეუძლებელი გახდა სამსახურის შოვნა სახელმწიფო სექტორში (Roper, 2005). ხსენებული სირთულეების გათვალისწინებით მოლდოვამ დაკარგა რუსულენოვანი მოსახლეობის 10-13%, რომლებიც წავიდნენ ემიგრაციაში (Arutjunjan, 2003). რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემას, 2006-2007 სასწავლო წლისთვის საშუალო სკოლის მოსწავლეთა 80% განათლებას იღებდა მოლდოვურ (რუმინულ) ენაზე და მხოლოდ 20% სწავლობდა რუსულად, ამ მონაცემებში არ არის გათვალსწინებული დნესტრისპირეთის მონაცემები. კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა 68.3% სწავლობდა მოლდოვურად, ხოლო 28.4% რუსულად (მოლდოვას სტატისტიკის ეროვნული ბიურო, 2017).

იმის გასაცნობიერებლად, თუ რა შეცვალა რუსული ენის შეზღუდვამ მოლდოვაში, საინტერესოა კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს განსხვავებას ენის კომპეტენციაში პერიოდების მიხედვით. 1989 წლის გამოკითხვის მიხედვით მოლდოვას გამოკითხული მოსახლეობის 68.5% მიიჩნევდა, რომ რუსული იყო მათი მშობლიური ან მეორე ენა (Goskomstat SSSR, 1991 & Skvortsova, 2002). 1998 წელს კოლსტოსა და მელბერგის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოლდოვას მოსახლეობის 87% თავისუფლად საუბრობდა რუსულად. 2004 წლის კვლევების მიხედვით კი მოსახლეობის 56% კვლავ აქტიურად საუბრობს რუსულად, 85%-ს გააჩნია საუბრის კომპეტენცია (Aref’ev, 2006). ამავე წლის ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის 75% ძირითადად საუბრობს მოლდოვურ/რუმინულ ენაზე და მხოლოდ 16% იყენებს რუსულს ყოველდღიურ ცხოვრებაში (მოლდოვას სტატისტიკის ეროვნული ბიურო, 2017). ხსენებული მონაცემების გაანალიზების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ შეიცავს დნესტრისპირეთის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებს, სადაც რუსული დომინანტი ენაა,  შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვაში რუსული ენა კარგავს აქტუალობას და მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით მას გარკვეული უფლებები კვლავ გააჩნია, მისი ცოდნა მოსახლეობისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას, იგი იქცა უფრო მეტად მოსახლეობის არჩევანის საგნად, რაც იმას მოასწავებს, რომ ახალი თაობა რუსულად სულ უფრო ნაკლებად ისაუბრებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში (Ciscel, 2008).

იმის ასახსნელად, თუ რამ გამოიწვია რუსული ენის განსხვავებული მდგომარეობა და მისდამი დამოკიდებულება ბელარუსსა და მოლდოვაში, საჭიროა კვლავ გადავხედოთ მათ ისტორიას. რუსული ენის მდგომარეობა ამ ორ ქვყანაში განპირობებულია იმით, თუ როგორ მოხდა მათი შესვლა რუსეთის იმპერიაში თუ საბჭოთა კავშირში და რამდენად განვითარებული იყო მათი საკუთარი ენის კომპეტენციები რუსეთში ინკორპორაციამდე. ბელარუსი, რომელიც თითქმის 200 წლის განმავლობაში იყო რუსეთის მმართველობის ქვეშ, ყველაზე მეტად რუსიფიცირებული რესპუბლიკაა, რაც დასტურდებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. ბელარუსების ლოიალობა საკუთარი ენის მიმართ ძალიან დაბალია, ხოლო ნაციონალური იდენტობა სუსტი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბელარუსის სიახლოვე რუსეთთან კიდევ უფრო გაიზარდა, 1999 წლის ოფიციალური მონაცემებით ეთნიკურ ბელარუსთა 58.6% იყენებს რუსულს, როგორც მთავარ ენას (ბელარუსის სტატისტიკსი სახელმწიფო სამსახური, 2014 ).

ბელარუსისგან განსხვავებით მოლდოვას საბჭოთა კავშირში ინკორპორაცია გაცილებით რთული პროცესი იყო, რადგან იგი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა რუმინეთის ნაწილს, რუსეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგაც ორ მსოფლიო ომს შორის, სანამ კვლავ მოხდებოდა საბჭოთა კავშირის მიერ მისი ანექსია იგი იმყოფებოდა რუმინეთის შემადგენლობაში, გააჩნდა საკუთარი ენის მიმართ მაღალი ლოიალობა (რუმინული) და ჰქონდა უფრო ძლიერი ნაციონალისტური მისწრაფებები, ვიდრე ბელარუსს.  კიდევ ერთი ფაქტორი ენის პოლიტიკის განსაზღვრაში არის ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ძლიერად არის ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული, მოლდოვა მაინც მიისწრაფის ევროპული ინტეგრაციისკენ, ხოლო ბელარუსი ცალსახად პრორუსულია პოლიტიკური რეჟიმის ხასიათის გათვალისწინებით (Ivsina, 2004 & Kuzio, 2005).

ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საერთო საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციონირება, შესაბამისი იდენტობის განსაზღვრისა და გაღრმავებისთვის შემდგომი თაობების ცნობიერებაში. საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის შესწავლის შემდეგ მკვლევრები ტიტმა და საარი მიიჩნევენ, რომ თუკი ერთმანეთს შევადარებთ ბელარუსისა და მოლდოვას საგანამანათლებლო სისტემებს საბჭოთა პერიოდში, ვნახავთ, რომ ბელარუსის სასკოლო განათლება, რომელიც ფაქტობრივად პირდაპირ იყო მოსკოვის იდეოლოგიის გამტარებელი, წარმოადგენდა საბჭოთა განათლების სისტემის იდეალთან ყველაზე მიახლოებულს, სადაც რუსულ ენაზე განათლების მიღება ითვლებოდა უფრო პრესტიჟულად, ვიდრე მშობლიურ ბელარუსულ ენაზე. უფრო მეტიც, ბელარუსულად ამ ქვეყნის დედაქალაქ მინკსკში წლების განმავლობაში არათუ საშუალო სკოლები არ ფუნქციონირებდა, არამედ საზაფხულო თუ სხვა სახის მოკლე კურსებიც კი არ მიმდინარეობდა. განათლებული მოქალაქეების რაოდენობით, რაც მილკ ტიტმამ და ელუ საარმა სრული საშუალო და უმაღლესი განათლების მქონეთა შესაბამისად გამოთვალეს, ბელარუსი ერთ-ერთი მოწინავე იყო საბჭოთა კავშირში, იგი უსწრებდა მოლდოვასაც, სადაც შედარებით ნაკლები იყო განათლებამიღებულ ადამიანთა რაოდენობა და ჩამორჩებოდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ნაწილსაც კი, თუმცა, აღემატებოდა რუსეთის პროვინციებს ამ მაჩვენებლით (Titma et al. 1995, pp. 37-58). ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ განათლების სისტემის სისუსტემ, რაც განათლებამიღებულ მოქალაქეთა რაოდენობაში გამოიხატებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა იქონია მნიშვნელოვანი გავლენა მოლდოვაში ერთიანი მოლდოვური იდენტობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებაზე. ხოლო ბელარუსში, საგანმანათლებლო სისტემაში რუსული ენის დომინირებამ გამოიწვია ეროვნული იდენტობის შესუსტება, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ლოგიკური ასახვა ჰპოვა ამ ქვეყნის მოქალაქეების განწყობებსა და პოლიტიკურ სიმპათიებში.

იდენტობის განსაზღვრისას ენასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია რელიგიის ფაქტორიც. რელიგიური კუთვნილების მხრივ ბელარუსი და მოლდოვა იდენტურნი არიან რუსეთთან და რუმინეთთან, ოთხივე ხსენებულ ქვეყანაში დომინანტურ რელიგიას წარმოადგენს მართლმადიდბლური ქრისტიანობა. შესაბამისად, რწმენის თვალსაზრისით გაცილებით უფრო რთულია ბელარუსებისა და მოლდოველებისათვის მოახდინონ საკუთარი უნიკალური იდენტობის განსაზღვრა  რუსეთისა და რუმინეთის, როგორც სხვების მიმართ, ვიდრე ეს ენის შემთხვევაშია. მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ბუნებრივია ეფექტურად იყენებს რუსეთი, რომელიც მუდმივად ახდენს იმის აქცენტირებას, რომ სწორედ იგი გახლავთ მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერი და იმ ფასეულობებისა და ღირებულებების მცველი, რომელიც ამ რელიგიას გააჩნია. კრემლის რბილი ძალის უმნიშვნელოვანესი მესიჯი მართლმადიდებელი მეზობლებისთვის, ვისაც საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, სწორედ ისაა, რომ მხოლოდ რუსეთთან მოკავშირეობა და მასთან ერთად თანაცხოვრებაა სწორი მართლმადიდებელი ერებისთვის, რადგან ევროპული ქვეყნები და ამერიკა რელიგიურად და შესაბამისად ცხოვრების წესით რადიკალურად განსხვავებული და არაორგანულია (Hooper, 2016). რუმინეთის შემთხვევაში მოლდოვასთან ურთიერთობისა და მასთან კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის რელიგიური ფაქტორი შეიძლება განხილულ იქნას როგორც დამატებითი პლიუსი და ხელშემწყობი ნიუანსი, რომლის გამოყენებაც ასევე ეფექტურად არის შესაძლებელი.

ნაციონალური იდენტობის სისუსტე და მისი გავლენა მოლდოვასა და ბელარუსის საგარეო პოლიტიკასა და სახელმწიფო განვითარების გზაზე

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორ ათეულ წელზე მეტის გასვლის შემდეგაც კრემლის საგარეო პოლიტიკა ახლო სამეზობლოს მიმართ ცხადჰყოფს მის სურვილს შეინარჩუნოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, აღიდგინოს ძველი პრესტიჟი და იქცეს რეგიონული პოლიტიკის შემქმნელად. მოლდოვა არის ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც მოყოლილია ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის სტრატეგიულ ინტერესში, ესენი არიან მოსკოვი და ბუქარესტი. განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან, რუსეთის სურვილს აღადგინოს საკუთარი გავლენა მოლდოვაში, არ ეწინააღმდეგება მხოლოდ ზოგადად აღებული დასავლეთის ინტერესებს, არამედ იგი წინააღმდეგობაში მოდის კონკრეტულად რუმინეთის ეროვნულ ინტერესებთანაც. მაშინ როდესაც, რუმინეთი დაინტერესებულია მოლდოვას რუმინული ეთნიკური და პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბებით, მოლდოვას კიდევ ერთი დიდი მეზობელი, უკრაინა, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ისურვებს მოლდოვას უნიკალური, მოლდოვური იდენტობის ჩამოყალიბებას. ამ სურვილში რუსეთის და უკრაინის ხედვები ერთგვარად ერთმანეთს ემთხვევა.

მოლდოვა-რუმინეთის ურთიერთობების ანალიზისას აღსანიშნავია, რომ კიშინოვს ცალსახად განსაზღვრული და სწორხაზოვანი დამოკიდებულება დასავლელი მეზობლის მიმართ არ გააჩნია. 1990-იანი წლების დასაწყისში მოლდოვას პოლიტიკური ელიტა მიესალმებოდა რუმინული იდენტობის წახალისებას და პროტესტს არ გამოთქვამდა რუმინეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ, როდესაც ისინი იყენებდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „ორი რუმინული ქვეყანა“ და ა.შ. (Baidaus, 2011, pp. 137-138) ოფიციალურ დისკურსში. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა აგრარული და შემდგომ ნეოკომუნისტური პარტია 1994 წელს. ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური, ეთნიკური და კულტურული ღირებულებები გადაიხარა რუსეთისკენ. რუმინეთის ამბიცია, რომ მოეხდინა მოლდოვას ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია ერთიანი რუმინეთის სახელმწიფოში დასავლეთ გერმანიის მაგალითის შესაბამისად, ზედმეტად ამბიციური აღმოჩნდა. თუმცა, ოფიციალური რომანოფობია და „მოლდოვანიზმის“ პოლიტიკა დასრულდა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა პროდასავლური კოალიცია 2009 წელს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, 1991 წლიდან რუსეთი ირგებს მოლდოვას უსაფრთხოების გარანტორის როლს, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კრემლი „მცველის“ ფუნქციებს ასრულებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება. მოსკოვი იყენებს მრავალმხრივ ბერკეტს იმისათვის, რათა შეინარჩუნოს კონტროლი მოლდოვას დასავლეთ-აღმოსავლეთის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე, ამისათვის მას გააჩნია როგორც ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური მექანიზმები, ისე გაყინული კონფლიქტი დნესტრისპირეთში, რომლის პროვოცირება და გაცხელება ნებისმიერ დროს ხელეწიფება. რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეული მოლდოვა მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია, რომ უკრაინა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს და დაეხმარება კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებაში დნესტრისპირეთში, თუმცა, რამდენიმე ნაბიჯის გარდა, რომელიც პრეზიდენტ იუშენკოს მმართველობისას გადაიდგა, კიევი როგორც წესი ძალიან არ აქტიურობს და რუსეთს უთმობს მოლაპარაკებებში ლიდერის როლს. სიტუაციის შესაბამისად, ოფიციალური კიშინოვი, მიუხედავად იმისა, თუ რა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მთავრობაა სათავეში, იძულებულია იმოქმედოს რუსეთის პოლიტიკური ინტერესების ტყვეობაში, რაც ხშირად აისახება კიდეც მისი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების სისუსტესა და არაეფექტურობაში. გარდა ქვეყნის გარეთ წარმოებული პოლიტიკისა, დნესტრისპირეთის კონფლიქტი, სხვა ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნები, რუმინული იდენტობის გავლენა და სხვა, რაც გამოწვეულია ერთიანი მოლდოვური ნაციონალური იდენტობის სისუსტითა თუ არარსებობით, გავლენას ახდენს უშუალოდ ქვეყნის შიგნით სახელმწიფო მოწყობისა და განვითარების მიმართულებებზეც, რაც წლების განმავლობაში ასახვას ჰპოვებს კონსტიტუციაში შეტანილ თუ განსახილველ საკითხებში სახელმწიფო მოწყობის მოდელის, ძალაუფლების დანაწილების სისტემის, გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზებაში და ა.შ. (ibid: 138-139).

ბელარუსი ერი, განსხვავებით ევროპული ერების უმრავლესობისაგან, არ აღმოცენებულა ეთნო-ნაციონალური განვითარების ხაზის გარშემო ძირძველი ენის, კულტურის თუ ნაციონალისტური ისტორიული ნარატივის მეშვეობით. არამედ, იგი წარმოიქმნა კომუნისტური ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც 70 წელი გრძელდებოდა. ბელარუსულმა ნაციონალიზმმა, თუკი ასეთის შესახებ საუბარი შესაძლებელია, გამოიარა მე-20 საუკუნის ყველა დიდი კატაკლიზმა სტალინის ტერორის და საშინელი მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით. გეოპოლიტიკური რყევებისა და საბჭოთა რეჟიმის ხასიათის შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ დღესაც, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ ათეულ წელზე მეტის გასვლის შემდეგ, ბელარუსი ერი კვლავ თავისი გზის ძიებაშია.

პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის აქტიურად ეწინააღმდეგება ერი-სახელმწიფოს მოდელის ჩამოყალიბებას ბელარუსში და აგრძელებს საბჭოთა კავშირის დროინდელი ეტატისტური მიდგომის გამოყენებას ცენტრალური ბიუროკრატიული მმართველობის ფორმით. ამ ყოველივეს მეშვეობით ბელარუსი იქცა უნიკალურ შემთხვევად გლობალიზაციისა და მზარდი თავისუფალი ბაზრის ერაში, თანაც იმ პირობებში, როდესაც გარშემორტყმულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებით. იდენტობის საკითხები, რაც დაკავშირებულია ძირითადად ენასთან და ისტორიის გააზრებასთან წარმოადგენს დაპირისპირების საგანს 1994 წლიდან ლუკაშენკოს რეჟიმსა და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის, თუმცა, ოპოზიციის სუსტი პოზიციების გამო, ამ დისკურსს დიდი გავლენა არ მოუხდენია ქვეყნის მიერ გატარებულ საგანმანათლებლო თუ სხვა სახის პოლიტიკებზე. ეს ყოველივე კი აფერხებს ერის მშენებლობის პროცესს, რომელიც ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. არსებული რეჟიმი კი არათუ არაფერს აკეთებს მისი ხელშეწყობისათვის, არამედ ხშირ შემთხვევაში მის საწინააღმდეგო ნაბიჯებსაც კი დგამს (Manaev et al., 2011).

ბელარუსი ერი, რომელმაც ჩამოყალიბება თანამედროვე სახით გვიან მე-19 საუკუნესა და ადრეულ მე-20 საუკენეში დაიწყო ეს პროცესი მთლიანად გაიარა რუსეთის იმპერიის ქვეშ, შემდგომ კი იყო საბჭოთა კავშირის უეროვნებო საბჭოთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობა, რომელშიც რა საკვირველია ბელარუსიც იყო აქტიურად ჩართული. იმის ფონზე, რომ ბელარუსს არ გააჩნდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილება, უნიკალური, სხვებისგან გამორჩეული ენა, რუსეთისგან განსხვავებული კულტურა და ისტორიული ნარატივი, რთული აღმოჩნდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოკლე, ლუკაშენკოს მოსვლამდე, პერიოდში მოეხერხებინა საბჭოთა იდენტობისგან გათავისუფლება და ერი-სახელმწიფოს მშენებლობა. პრეზიდენტი ლუკაშენკო კი, რომელმაც მოახდინა საბჭოთა პოლიტიკური ელიტისა და მმართველობითი მანქანის კვლავ მოქმედებაში მოყვანა ბელარუსის ტერიტორიაზე, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, სრულიად არ მიისწრაფვის ნაციონალური გამოვლინებების და ერის თვითიდენტიფიკაციის გაძლიერებისკენ. მისი შეთანხმება კრემლთან, რომლის მიხედვითაც იგი ატარებს პრორუსულ პოლიტიკას სანაცვლოდ კი იღებს პირად სუვერენიტეტს ბელარუსის ტერიტორიაზე, დღემდე „ეფექტურად“ მუშაობს. (Smok, 2013, pp. 7-12)

მოლდოვასა და ბელარუსს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი პერიოდიდან ჰქონდათ კარგი შესაძლებლობა ევროკავშირთან ურთიერთობებისა და ფორმალურად წევრობისთვისაც კი. მოლდოვის შემთხვევაში სამთავრობო დონეზე ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად იქნა აღიარებული, ნატოსთან ურთიერთობა კი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის შესაბამისად, რომელიც რუსეთის აქტიური მოთხოვნითა და ზეწოლით იქნა გაკეთებული და რომლის მიხედვითაც მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა, არ შეეძლო (Cebotari, 2010, p. 86). ბელარუსის შემთხვევაში ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგების რამდნეიმე მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული პრეზიდენტი ლუკაშენკოს და მის მიერ გატარებული პოლიტიკური რეპრესიების გამო, ევროკავშირთან რაიმე სახის ღრმა ინტეგრაციაზე საუბარი არასოდეს ყოფილა. ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ არც თავად მინსკს გამოუთქვამს ამის შესახებ დიდი სურვილი არასდროს.

ბელარუსი, როგორც უკვე ითქვა რუსეთის ყველაზე ახლო ახალი მოკავშირე გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დასავლური ორიენტაციის მქონე ახალი მთავრობა, რომელიც საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდგომ მოვიდა მინსკში, სწრაფად შეუდგა ბელარუსის გაწევრიანებას მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში დამოუკიდებლობის პირველ წელსვე, მათ შორის იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც. ბელარუსის პარლამენტმა მოახდინა START-1-ის და ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია 1993 წელს, რასაც თან მოჰყვა მის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბირთვული იარაღის დემონტაჟი და ქვეყნიდან გატანა 1996 წლისთვის. ამავე პერიოდში დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობები ევროკავშირთან და 1994 წელს გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრობლის ხელშეკრულება მასთან. თუმცა, იგივე წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რუსული ორიენტაციის მქონე ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც მალევე, 1996 წელს, გააუქმა ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება და გააფორმა პარტნიორობა რუსეთთან, რაც მოასწავებდა დიდ სლავ მეზობელთან ინტეგრაციის პროცესის დასაწყისს. რამდენიმე თვეში ლუკაშენკომ დანიშნა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც გაზარდა პრეზიდენტის ძალაუფლება და საპრეზიდენტო ვადები, რის გამოც ბევრ დასავლურ მთავრობაში მისი ლეგიტიმაციის ხარისხი დაეცა. ფორმალურად ბელარუსი ინარჩუნებდა მრავალმიმართულებიან საგარეო პოლიტიკას, 2000 წელს პარლამენტისადმი მიმართვის დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობების განვითარება ყველასთან, მათ შორის არსებული მოლაპარაკებების გაგრძელება ევროკავშირთან, ურთიერთობების დაახლოება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თუმცა, მთავარი პრიორიტეტი იყო რუსეთი და მათ უნდა ეზრუნათ სამეკავშირეო სახელმწიფოს შექმნაზე, რაც 1999 წლის დეკემბერში გაფორმდა კიდეც. ამით ფაქტობრივად დასრულდა ის ფორმალური საგარეო პოლიტიკური თამაში, რომელიც მრავალმიმართულებიან პოლიტიკად იწოდებოდა და ბელარუსი გახდა აღმოსვალეთზე, კერძოდ კი რუსეთზე ცალსახად ორიენტირებული ქვეყანა (Shraibman, 2018).

მოლდოვა გახლდათ კიდევ ერთი სტატუს ნეიტრალური ქვეყანა, როგორც უკვე იქნა აღნიშნული და მას კონსტიტუციით ეკრძალებოდა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში შესვლა. იგი ასევე არ მიერთებია ტაშკენტის ხელშეკრულებას რომლითაც დაარსდა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მონაწილეობით. უფრო მეტიც, მოლდოვა ყველაზე გვიან შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასაც. იგი იყო დაყოფილი საზოგადოება უკრაინული და რუსული ეთნიკური უმცირესობებით და დიდი სლავური დნესტრისპირეთის რეგიონით, რომელსაც კიშინიოვი ვერ აკონტრელებდა და რომელსაც რუსი სამხედროები იცავდნენ. პირველი მთავრობისთვის, რომელიც გახლდათ ნაციონალისტური განწყობების მქონე და რომელიც მართავდა ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, დამოუკიდებლობა გახლდათ ერთი გარდამავალი ნაბიჯი რუმინეთთან მიერთების გზაზე. თუმცა, 1994 წელს აგრარული პარტიის გამარჯვებამ არჩევნებში, სრულიად გადახარა სახელმწიფოს განვითარების მიმართულება და რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა, რომ მოლდოვას სურდა დამოუკიდებლად განვითარება. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ახალი მთავრობა ცალსახად განსაზღვრავდა ევროპულ ინტეგრაციას სახელმწიფოს პრიორიტეტად, ამასთან ერთად აცხადებდა, რომ უნდა განვითარებული კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარება რუსეთთანაც. მსგავსი პოლიტიკა შეიცვალა მას შემდეგ, რაც აგრარული პარტიაც დამარცხდა შემდგომ არჩევნებში და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ნეოკომუნისტები, მოლდოვა კვლავ დაუბრუნდა ევრუპული ინტეგრაციის გზას 2009 წლიდან, როდესაც კომუნისტები უკვე ახალმა პროდასავლურმა კოალიციამ ჩაანაცვლა, როგორც ეს ზემოთ იქნა ნახსენები (White et al., 2002, pp. 181-202).

თუკი მოლდოვასა და ბელარუსის შემთხვევებს განვიხილავთ ჰროშის ზემოთ მოყვანილი თეორიის მიხედვით, დავინახავთ, რომ ბელარუსში ჯერ კიდევ არ მომხდარა A ფაზის დასრულება, რადგან არ მომხდარა ბელარუსული ენის მოდერნიზაცია და საყოველთაო სტანდარტიზებულ სალიტერატურო და საქმისწარმოების ენად გადაქცევა, საუბარი ზედმეტია მისი, როგორც საგანმანათლებლო სისტემის დომინანტი ენის სტატუსზე. როგორც შემთხვევის აღწერაშია ნაჩვენები, 1994 წლის რეფერენდუმის შედეგად, ფაქტობრივად ხელოვნურად მოხდა ბელარუსული ენის მნიშვნელობის დაკნინება, შესაბამისად პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოლიტიკით არათუ შეფერხდა ბელარუსული იდენტობის და ნაციის ფორმირება, არამედ ერთ ადგილზე გაიყინა და ხშირ შემთხვევაში უკანაც დაიხია. რაც შეეხება B და C ფაზებს, შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ ბელარუსმა A ფაზა გამოტოვა და პირდაპირ B ან/და С ფაზები გაიარა, თუმცა, თუკი გადავხედავთ ბელარუსში არსებულ ვითარებას, ეროვნული საკითხის აქტუალიზაციით დაინტერესებული გავლენიანი აქტორები ფაქტობრივად არ არსებობენ, ან თუ არსებობენ არიან ძალიან სუსტები და ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში ვერ მოქმედებენ ეფექტიანად, რათა მოახდინონ მასების მობილიზება ეროვნული იდეის გარშემო. C ფაზა კი, როდესაც ერთიანი ერის კონსოლიდაცია და ნაციონალური მოძრაობის დაწყება უნდა მოხდეს, ბელარუსისთვის ამ ეტაპისთვის წარმოუდგენელია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ იდენტობაში, რაც პირველ რიგში გამოიხატება სწორედ რუსული ენის მიმართ დამოკიდებულებაში. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ბელარუსს ჯერ არ გაუვლია ნაციონალიზმის ჩამოყალიბების არც ერთი ფაზა სრულად და იმყოფება ნაციონალური იდენტობის კრიზისში, რაც ბუნებრივად ქმნის მისთვის, როგორც ერთიანი კონსოლიდირებული აქტორისთის არახელსაყრელ გარემოს საერთაშორისო ასპარეზზე, რაც დასტურდება კიდეც მისი საგარეო პოლიტიკით და რუსეთზე მიტმასნებით. ამასთანავე ქვეყნაში ძალაუფლების ვექტორისა და მისი სახელმწიფოებრივი განვითარების ფორმები და შინაარსი მთლიანად დამოკიდებულია კრემლის პოლიტიკურ დღის წესრიგზე და მის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერაზე კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ მინსკში.

რაც შეეხება მოლდოვას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვამ A ფაზა მეტნაკლები წარმატებით გაიარა, რაც დაგვირგვინდა იმით, რომ მათ კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრეს მშობლიური რუმინული ენის სახელმწიფო სტატუსი. ამით შეზღუდეს რუსული ენის დომინანტური პოზიცია და აიძულეს რუსულენოვანი პოლიტიკური ელიტა უკან დაეხია და შედარებით დაეთმო პოზიციები. B ფაზის დაწყებაც ცალსახაა მოლდოვას შემთხვევაში, რადგან აქ ვხვდებით ეროვნული იდეის პოპულარიზაციითა და განვითარებით დაინტერესებულ აქტივისტებს, ვინც აქტიურად ითხოვს წლების განმავლობაში მოლდოვური დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას, გამოდის რუსული ენის დომინანტური სტატუსის წინააღმდეგ და 2002 წელს უკან დაახევინა კიდეც პრეზიდენტ ვორნინს, როდესაც რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება სურდა, მაგრამ რამდენად გადავიდა მოლდოვა ნაციონალიზმის განვითარების C ფაზაზე, ეს საკამათოა, რადგან ერთიანი ეროვნული თვითშეგნება იმ პოლიტიკური დისკურსით, რაც ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ არსებობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია რუმინეთთან მიერთების მოთხოვნები, თუ რუსეთისკენ მომზირალი პოლიტიკური და კულტურული ელიტის ნოსტალგიური განწყობები საბჭოთა კავშირის მიმართ. მოლდოვას უმთავრესი პრობლემა ბელარუსისგან განსხვავებით არ მდგომარეობს რუსეთის, როგორც სხვის განსაზღვრაში და მის მიმართ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაში, რაც დადასტურდა რუსული ენის ეფექტური ჩანაცვლების პრცოცესით ყოველდღიურ ცხოვრებასა და საგანმანათლებლო სისტემაში, არამედ მისი მთავარი პრობლემა დაკავშირებულია რუმინეთთან საერთო ენის და ისტორიის არსებობასთან, რაც ხელს უშლის დამოუკიდებელი მოლდოვური იდენტობის ჩამოყალიბებას. თუკი რუმინეთთან თვითიდენტიფიკაციის გარკვეული დონე ხელს უწყობს მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოებასა და რუსეთის საწინააღმდეგო ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, იგი პრობლემას აწყდება უკვე თავად რუმინეთთან მიმართებაში. თუკი მოლდოვას სურს, რომ განვითარდეს როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური მოლდოვური ნაციონალური იდენტობის მქონე ერად, მას მოუწევს დაძლიოს რუმინეთის ფაქტორი და ამავდროულად განაგრძოს რუსეთისგან მომავალი ძლიერი დაბრკოლებების გადალახვა. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ მოლდოვაში ნაციონალიზმის განვითარება ამ ეტაპზე იმყოფება B ფაზაში და ჯერ კიდევ არ დაწყებულა C ფაზა, შესაბამისად აქაც, ისევე როგორც ბელარუსის შემთხვევაში, ნაციონალური იდენტობა სუსტია, რაც ხელს უწყობს მის მოწყვლადობას საგარეო პოლიტიკაში და განსაზღვრავს სახელმწიფო განვითარების მიმართულებებსა და მოდელს.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ეროვნული იდენტობის საკითხი და რუსეთთან ურთიერთობები გვიჩვენებს, როგორც ბელარუსში, ისევე ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში, ნაციონალური იდენტობის გრძნობა არ არის ძლიერად განვითარებული. ქვეყანა, რომელმაც ინდუსტრიალიზაცია საბჭოთა კავშირის პირობებში გაიარა და რომელშიც დიდი რუსული ენისა და კულტურის გავლენა, მარტივად აღმოჩნდა პოპულიზმისა და ავტორიტარიზმის მეთოდების კარგი მცოდნე ლუკაშენკოს გავლენბის ქვეშ, რომელიც ეფექტურად აპელირებს საბჭოთა წარსულის ნოსტალგიით და იმ არეულობებით, რომლებიც 90-იანი წლებიდან მრავლდაა ევროპასა და მსოფლიოში. ის შემობრუნებები ევროკავშირისა და დასავლეთისკენ, რომლებიც ლუკაშენკოს დროდადრო ახასიათებს, მიგვითითებს იმაზე, რომ იგი ცდილობს რუსეთის გარდა სხვა საგარეო პოლიტიკური მიმართულებების არსებობასაც გაუსვას ხაზი, რათა ძალაუფლების შენარჩუნების კრიზისი არ დაუდგეს და არა იმიტომ, რომ იზიდავს ევროპული ღირებულებები.

რაც შეეხება მოლდოვას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში და მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ევროკავშირის პერიფერიაში მდებარე ქვეყნად, რომლის სტაბილიზაციასაც ისურვებდა ევროპული გაერთიანება, რათა დამატებითი თავის ტკივლი არ ჰქონოდა საზღვრებთან. თუმცა, რუმინეთის ევროკავშირში გაერთიანების შემდგომ მოლდოვას სრულუფლებიან წევრობას აქტიური ადვოკატი გამოუჩნდა კავშირის შიგნით, რაც აჩენს იმედს, რომ იგი ოდესმე შესაძლოა ნამდვილად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. გეოგრაფიულად, კულტურულად და პოლიტიკურად მოლდოვას ევროპილი ინტეგრაციისთვის ხელს არაფერი უშლის, ერთადერთი რაც მას აფერხებს ეს რუსეთი და მისი იმპერიული მისწრაფებებია (Horber, 2009, pp. 644-645).

 

დასკვნა

დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ მოლდოვასა და ბელარუსის ნაციონალური იდენტობა პოსტსაბჭოთა პერიოდში, მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ ათეულ წელზე მეტის გასვლისა, ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. შესაძლებელია საუბარი იმაზე, რომ მოლდოვაში მოლდოვური ნაციონალური იდენტობის განვითარება შედარებით წინაა წასული ვიდრე ბელარუსში და იმყოფება მიროსლავ ჰროშის მიერ გამოყოფილი ფაზებიდან მეორე, B ფაზაზე, ხოლო ბელარუსი ჯერ კიდევ საწყის A ფაზაზე იმყოფება. ამ ყოველივეს განმაპირობებელი ფაქტორები კი პირველ რიგში ბელარუსისა და მოლდოვას ისტორიული გამოცდილება თუ გამოუცდელობაა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიმართულებით, ენასთან დაკავშირებული პრობლემები, რელიგიური ერთობა ბელარუსის რუსეთთან და მოლდოვას რუსეთთან და რუმინეთთან და ა.შ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი სუსტი ნაციონალური იდენტობა პირდაპირ აისახება ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასა და გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად სახელმწიფოს განვითარების მოდელებსა და ფორმებზე. ბელარუსში არსებული რეჟიმი ფაქტობრივად ტყვეა რუსული პოლიტიკის, რადგან სახელმწიფოს ავტორიტარული მმართველობის სტილისა და იდენტობის პრობლემის გამო დასავლეთთან ურთიერთობის მინიმალური შანსი აქვს, ადგილობრივი რეჟიმი დამოკიდებულია კრემლის სიმპათიებზე და განწყობებზე. მოლდოვას შემთხვევაში კი იგი იძულებულია, რომ საკუთარი ნაციონალური იდენტობის განსაზღვრის პროცესში, როდესაც უწევს თავი დაღწიოს როგორც რუსულ, ისე რუმინულ გავლენებს, გაითვალისწინოს როგორც მოსკოვის, ისე ბუქარესტის ინტერესები, რადგან კრემლს აქვს ძლიერი ბერკეტი დნესტრისპირეთის კონფლიქტის, რუსულენოვანი ეთნიკური უმცირესობისა და საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ელიტის სახით, ხოლო რუმინეთს რუმინული იდენტობის მქონე მოსახლეობის განწყობებისა და ევროკავშირის წევრობის მომხიბლავი ფაქტორით.

 

გამოყენებული ლიტერატურა

დავითაშვილი, ზ. (2003). ნაციონალიზმი და გლობალიზაცია. გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი

Baidaus, E. (2011). Canadian Slavonic Papers, Vol. 53, No. 1. Taylor and Francis

Bugajski, J. (1999). Slavic Review, Vol. 58, No. 3. Association for Slavic, East European and Eurasian Studies

Burant, S.(1995). Foreign Policy and National Identity: A Comparision of Ukraine and Belarus. Europa-Asia Studies, Vol. 47, No. 7, Taylor and Francis

Cebotari, S. (2010). The Republic of Moldova between Neutrality and NATO Memebership Status. (https://www.researchgate.net/publication/227452802_The_Republic_of_Moldova_between_Neutrality_and_NATO_Memebership_Status_English_version ბოლო ნახვა 4.07.2021)

Giger, M. & Sloboda, M. (2008). Language Management and Language Problems in Belarus: Education and Beyond. International Journal of Bilingual Education and Bilingualism, v11 n3-4 pp.315-339

Horber, T. (2009). International Affairs, Vol. 85, No. 3, Chatham House

Hroch, H. (2015). European Nations: Explaining Their Formation. Verso, London, UK

Hooper, M. (2016). Russia’s ‘traditional values’ leadership. (https://fpc.org.uk/russias-traditional-values-leadership/ ბოლო ნახვა 4.07.2021)

Koryakov, Yu. & Yazykovaya B. (2002). Situatsiya v Belorussii [Language Situation in Belarus]. Topics in the Study of Language, no. 2

Law, A. (2014).  Language policy in Belarus. Queen Mary, University of London

Loffe, G. (2019).  Split Identity and a Tug-of-War for Belarus’s Memory. The Jamestown Foundation

Lowevnhardt, J., Hill, R. J. and Light, M. (2001). A Wider Europe: The View from Minsk and Chsinau. International Affairs, Vol. 77, No. 3, Chatham House

Manaev, O., Manayeva, N. and Yuran, Dz. (2011). More State Than Nation: Lukashenko’s Belarus. Journal of International AffairsVol. 65, No. 1

Marples, D. R. (2005). Europe’s Last Dictatorship: The Roots and Perspectives of Authoritarianism in “White Russia”. Europe-Asia Studies, Vol. 57, No. 6, Taylor and Francis

Moldova, National bureau of statistics. https://statistica.gov.md/index.php?l=en

       National Statistical portal of the Republic of Belarus. https://www.belstat.gov.by

Panici, A. (2003). Romanian Nationalism in the Republic of Moldova. The Global Reviw of Ethnopolitics

Pavlenko, A. (2008). Russian in Post-Soviet Countires. Russian Linguistics, Vol. 32, No. 1, Springer 

Pustelnyk, L. (2009).  Development in Practice. Vol. 19, No. 6, Taylor and Francis

Rudling, P. A. (2015). The Beginnings of Modern Belarusian: Identity, Nation, and Politics in a European Borderland. The Journal of Belarusian Studies, London

Rumer, E. (2017). Moldova Between Russia and the West: A Delicate Balance. Carnegie Endowment for International Peace

Shraibman, A. (2018). The House That Lukashenko Built: The Foundation, Evolution, and Future of the Belarusian Regime. Carnegie Endowment for International Peace

Smok, V. (2013). Bela

rusian Identity: the Impact of Lukashenka’s Rule. Minsk-London

Titma, M. and Saar, E. (1995). Regional Differences in Soviet Secondary Education. European Sociological Review, Vol. 11, No. 1, Oxford University Press

Tsygankov, A. P. (2000). Defining State Interests after Empire: National Identity, Domestic Structures and Foreign Trade Policies of Latvia and Belarus. Review of International Political Economy, Vol. 7, No. , Taylor and Francis

Way, L. A. (2005).  Authoritarian State Building and the Sources of Regime Competitiveness in the fourth Wave: The Case of Belarus, Moldova, Russia, and Ukraine. World Politics, Vol. 57, No.2, Cambridge University Press

White, S., McAllister, I., Light, M. et al. (2002). A European or a Slavic Choice? Foreign Policy and Public Attitudes in Post-Soviet Europe. Europa-Asia Studies, Vol. 54, No. 2, Taylor and Francis