ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 1 ივლისი 2015
რეზიუმე
კვლევა სახელწოდებით განქორწინება ქართველ ახალგაზრდებში (18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) განხორციელდა თვისებ- რივი მეთოდის, კერძოდ, ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუს გამოყენებით 2013-2014 წლებში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში განქორწინების განმაპირობებელი ფაქტორების იდენტიფიცირება. კვლევითი პროექტის ფარგლებში მიზნის მისაღწევად გამოყენებულია როგორც თვისებრივი კვლევა, ასევე მეორეული მონაცემების ანალიზი.
კვლევაში მეორეული მონაცემებისთვის გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზები, მათ შორის 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები. იმის დასადგენად, რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას განქორწინებისადმი, გამოვიყენე საქართველოს ბარომეტრის 2013 წლის შედეგები სამხრეთი კავკასიის მასშტაბით (სომხეთი, საქართ- ველო, აზერბაიჯანი). მონაცემების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი გახდა პრობლემის მასშტაბურობისა და საზოგადოების პერსპექტივის ჩვენება.
სტატიაში განხილულია განქორწინება კანონიკური სამართლის მიხედვით და განქორწინების ისტორიული განვითარების პროცესი საქართველოში. აღნიშნული წყაროების განხილვის მიზანია განქორწინებაზე ისტორიული და რელიგიური გავლენების ჩვენება. თვისებრივი კვლევის მეშვეობით გაანალიზდა ახალგაზრდების (18-24 წელი) განქორწინების ჰიპოთეტური ფაქტორები: წყვილის ქორწინებამდელი და შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პირველადი და ოჯახური გარემო, ახალგაზრდების ოჯახური თანაცხოვრებისთვის მზაობა, განათლება და კარიერა. შეფასდა თითოეული მათგანის რეალური როლის მნიშვნელობა საკვლევ საკითხთან მიმართებით.
საკვანძო სიტყვები: განქორწინება ახალგაზრდებში, ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუ, განქორწინების ფაქტორები.
Abstract
Fieldwork for the “Divorce at a Young Age (18-24)” project was conducted in 2013-2014. Biographic-narrative interview was used as a qualitative method. The object of study was to identify factors which cause divorce at a young age. During the research project, primary and secondary data were analyzed.
I used the databases of the National Statistical Office of Georgia and Georgia Barometer 2013 as secondary sources to identify social attitudes towards divorce and the scale and extent of divorce in the South Caucasus (Armenia, Azerbaijan, and Georgia). The article discusses the historical development of divorce in Georgia, and the canonical justice approach to divorce. All mentioned subjects elucidate the historical and religious perspective of public opinion toward divorce.
The qualitative research analyzed hypothetical factors leading to youth divorce (18-24) including the couple’s socio-economic sta-
tus before and after marriage, primary and family environment, readiness for living together, education and career. The study iden-
tifies factors, which cause divorce at young ages.
Keywords: Divorce at a young age, Biographic-Narrative interview, factors which cause divorce
1. შესავალი
საქართველოში განქორწინების რაოდენობამ 1990 წლის მაჩვენებელს პირველად 2013 წელს გა- დააჭარბა. ამასთან, 2005 წლის შემდეგ განქორწინების მაჩვენებელი ახალგაზრდებში (18–24) იზრდება და შეადგენს 2%-ს, როცა დაქორწინების მაჩვენებელია 36%, ხოლო სხვა ასაკობრივი ჯგუფის განქორწინების მაჩვენებელი არის 3% და დაქორწინების - 71%. მოყვანილი მაჩვენებლები ქვეყანაში პრობლემის აქტუალობას ადასტურებს. განქორწინების ასაკობრივ ჭრილში განხილვისას 18–24 წლის ახალგაზრდებში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ზრდის ტენდენცია იკვეთება.
მსოფლიოში ჩატარებული კვლევები განქორწინების დუალისტურ შედეგებს აჩვენებს. ჯუდით ვალერნშტაინმა და მისმა კოლეგებმა ჩრდილოეთ კალიფორნიაში ჩაატარეს კვლევა, რომელიც დაიწყო 1971 წელს, სულ შეირჩა 3-დან 18 წლამდე ასაკის 131 ბავშვი. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, რა გავლენას ახდენს განქორწინების შემდგომი ეტაპი ბავშვის განვითარებაზე, თავდაჯერებულობაზე, იდენტობის ჩამოყალიბებაზე, ქცევაზე. რადგან კვლევა მიმდინარეობდა თითქმის 30 წელი, მკვლევრებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან ინტერვიუების ჩატარების საშუალება ჰქონდათ (Child-hood; Aboslescence; Youing adult- hood; Adulthood).
განქორწინების შემდგომი წლები ძირითადად ხასიათდება ახალ ადგილთან შეგუებით, მეგობრების დაკარგვით, ბავშვებისთვის ახალი სკოლით, ახალი ადამიანების გაცნობით, განქორწინებული მშობლების- თვის ახალი ცხოვრების დაწყებით. აღნიშნული ფაქტორები მთლიანობაში პრობლემურ გარემოს ქმნის ბავშვებისთვის. მშობლების განქორწინებიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ ჩატარებულ ინტერვიუებში ბავშვების უმრავლესობას არ ახსენდებოდა მშობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტები. თუმცა განქო- რწინების შემდგომ პერიოდს ისინი უარყოფითად აფასებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ იმ პერიოდში ყველა- სა და ყველაფრის მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი და თავს მარტოსულად გრძნობდნენ (Waller- stein & Lewis, 2004).
ჩვენი აზრით, განქორწინების პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მისი უარყოფითი გავლე- ნა შობადობაზე. საქართველო არ გამოირჩევა შობადობის მაღალი დონით. ქვეყნის მოსახლეობის საყოვე- ლთაო აღწერის 1979 და 1989 წლების მონაცემების მიხედვით განქორწინება ნეგატიურად მოქმედებს შობადობაზე (მელაძე, 2002).
2010 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა ოჯახში ქალებზე ძალადობის საკითხებზე. ოჯახში ემო- ციური ძალადობა (შეურაცხყოფა, დამცირება სხვების თანდასწრებით, დაშინება ან დამუქრება) აღიარა ქა- ლების 14%-მა, ასევე 35%-ის მეუღლეს ახასიათებს მაკონტროლებელი ქმედებები (ქალს არ აქვს უფლება კომუნიკაცია ჰქონდეს საკუთარ ოჯახთან ან მეგობრებთან, სჭირდება ნებართვა ექიმთან წასასვლელად და
ა.შ. ).
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ ქალთა შორის, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან დაქორწინებულები, 14% არის ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო მათგან 35%-ს მიუღია სხეულის დაზიანება. ფიზიკური დაზიანების ფორმებს შორის ფიგურირებს - ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები (ჩიტაშვილი, ჯავახიშვილი, არუთინოვი, წულაძე, ჩაჩანიძე, 2010). იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც განიცდიან ფიზიკურ ძალადობას ან ექვემდებარებიან მეუღლეების მაკონტროლებელ ქმედებას, განქორწინება შეიძლება დადებით მოვლენად ჩაითვალოს.
2. საქართველოში განქორწინების ისტორიული მიმოხილვა
საზოგადოებაში არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება განქორწინებისადმი. მას სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული შეფასება ჰქონდა. ასევე სხვადასხვანაირად აფასებენ მას თანამედროვე ეპოქაში განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენლები (“Caucasus Barometer 2013 Georgia | Always justified/never justified,” n.d.).
ქორწინების ისტორიული მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ საზოგადოების დამოკიდებულება ამ სოციალური მოვლენის მიმართ ისტორიულ კონტექსტში. ამ დროს თვალსაჩინო ხდება ის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდებოდა დაქორწინება/განქორწინება და მათი წინა თუ შემდგომი ეტაპები. საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომ ქორწინების წესების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ვალერიან მეტრეველი „ქართული სამართლის ისტორიაში” აღნი- შნავს, რომ ძველი ქართული საოჯახო სამართლის პრინციპები სრულ თანაფარდობაში იყო შუასაუკუნეობრივ მართლმადიდებლურ თუ, საერთოდ, ქრისტიანული ქვეყნების საჯარო სამართლის პრინციპებთან” (მეტრეველი, 2004).
მთლიანი პროცესის პირველი საფეხური იყო ნიშნობის წინა პერიოდი, რაც გულისხმობდა დასანიშნი გოგოს შერჩევას. ამ საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში იწყებოდა ნიშნობის პროცესი. ნიშნობის პროცესისთვის არსებობდა სხვადასხვა სახის რიტუალი, რაც გულისხმობდა ერთგვარ შეთანხმებას იმაზე, რომ ქალი და კაცი მომავალში დაქორწინდებოდნენ. ვალერიან მეტრეველი სხვადასხვა წყაროზე დაყრდ- ნობით აღნიშნავს, რომ ნიშნობას ჰქონდა სამართლებრივი ფორმა, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ, თუ რო- მელიმე მხარე გარიგებას დაარღვევდა, ის უპირობოდ დაისჯებოდა. ნიშნობის დასრულების შემდგომ უკვე ხდებოდა საპატარძლოსა და სასიძოს დაქორწინება.
დაქორწინების განხილვისას მნიშვნელოვანი საკითხია ქორწინების ასაკი, ის მინიმალური ზღვარი, რის შემდეგაც შეუძლია ადამიანს დაქორწინება. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნე- ლოვანი. მათგან ერთ-ერთია ის ფაქტი, რომ კრებაზე შეთანხმების საფუძველზე აიკრძალა ჩვილთა ქორწინება.
„საქართველოში ქორწინების არსი და დანიშნულება ქრისტიანული მოძღვრებით იყო განსაზღვრული” (მეტრეველი, 2004). ჩვენში ყველა ის პირობა არსებობდა, რაც პანაიოტისს ჰქონდა წარმოდგენილი თავის წი- გნში (ბუმისი, 2013): ნათესაობის არარსებობა, ნებაყოფლობითი ქორწინება, კაცსა და ქალს შორის ქორწინება და სხვ. ამ დაბრკოლებების გარდა, საქართველოში არსებობდა შემდეგი სახის შეზღუდვები: ერთ სო- ფელში ცხოვრება, ერთი და იმავე ეკლესიის მრევლობა, მოგვარეობა და ასევე ყველა სხვა წესი, რომლებიც ოჯახების დაახლოებას იწვევდა.
აღსანიშნავია, რომ, როგორც დაქორწინების პირობებში, ისე განქორწინების მიზეზებშიც, ბევრია ისეთი, რაც პანაიოტისს აქვს განხილული. მრუშობა საქართველოშიც ითვლებოდა განქორწინების მიზეზად, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალერიან მეტრეველი ასეთ განმარტებას აკეთებს: თუ ქალი ქმარს სხვა მამაკაცთან უღალა- ტებდა, ქმარს განქორწინების უფლება ჰქონდა. ქალის მრუშობა კაცისთვის დამამცირებელ ქმედებადაც ით- ვლებოდა, ქართული სამართალი ნებას აძლევდა ქმარს, მოღალატე ცოლი ადგილზე მოეკლა, თუ იგი წაას- წრებდა სხვასთან და ამისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფალი იყო (მეტრეველი, 2004). ქმრის მხრიდან ცოლის ღალატი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა განქორწინების მიზეზი, თუ ქალი ქმრიანი აღმოჩნდებოდა. ჩამოთვლილი მიზეზები, რა თქმა უნდა, ქალისა და კაცის გენდერულ უთანასწორობაზე მიგვანიშნებს. ვახტანგ მეექვსის „სამართლის წიგნის” მიხედვით, უშვილობა არ ითვლეობდა განქორწინების მი- ზეზად, ასევე ქალის შეურაცხყოფა. ამ უკანასკნელისათვის არსებობდა გარკვეული სახის სასჯელი. წიგნში ასევე ნათლადაა წარმოჩენილი, რომ ავტორი ღალატს („ბოზობა”) განქორწინების მთავარ და უპირობო მი- ზეზად მიიჩნევდა. ამ შემთხვევაშიც განქორწინების ინიციატორი მამაკაცი იყო.
3. განქორწინება კანონიკური სამართლის მიხედვით
საზოგადოებაში, რომლის უდიდესი ნაწილი (72%) (“Caucasus Barometer 2013 Georgia | Level of trust in Georgian Orthodox church | Online Data Analysis,” n.d.) ენდობა ეკლესიას, საინტერესოა, განვიხილოთ კანონიკური სამართლის დამოკიდებულება განქორწინების მიმართ. პანაიოტის ბუმისი გამოყოფს პირობებს განქორწინებისთვის, რომლებიც საეკლესიო წესებიდან გამომდინარეობს. ეს პირობები გულისხმობს გარკვეული რეალობის არსებობას, როცა ჯვრის აყრა ლეგიტიმურია. თუკი კანონიკური წესით დაქორწინებულ წყვილს გარკვეული პერიოდის შემდგომ ჯვრის აყრის (აღსრულე- ბული წესის გაუქმების) სურვილი გაუჩნდება, ამისათვის საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. ეკლესიის პოზიცია ასეთია: „განქორწინების ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის ეკლესია ეძიებს გამოსავალს „მოთმინებითა და იკონომიით (შეწყალებით). ეკლესია არასდროს აწყნარებს ამა სოფლის ცოდვილ აზრსა და ჩვევას” (ბუმისი, 2013). გამონაკლისები არსებობს კანონიკური სამართლისათვის, რაც შეიძლება განქორწინების მიზეზებად ჩაითვალოს. მრუშობად ითვლება ქმედება, როდესაც ერთ-ერთ მეუღლეს სხვას- თან სქესობრივი ურთიერთობა აქვს. ასეთ დროს განქორწინება შეუძლია მოითხოვოს როგორც მამაკაცმა, ისე ქალმა. მიზეზად ითვლება აგრეთვე ის ფაქტი, როცა მეუღლე პარტნიორზე ძალადობს. ეს შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. განქორწინება დაშვებულია, როდესაც თანაცხოვრებას აზრი ეკარგება, ინტერესს კარგავენ ერთმანეთის მიმართ და ერთად ცხოვრება შეუძლებელი ხდება. შესაძლოა, განქორწინების საფუძვლად ჩაითვალოს დაავადება ან აზროვნების დაქვეითება, რაც ხელს უშლის თანაცხოვრებას.
4. ზოგადი სიტუაცია სამხრეთი კავკასიის რეგიონის მასშტაბით
ზოგადი მონაცემების მიხედვით სამხრეთი კავკასიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი განქორწინებას, როგორც მოვლენას, ყოველთვის გაუმართლებლად თვლის.
რუკა #1. განქორწინებისადმი დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიაში, წყარო: (“Caucasus Barometer 2013 regional dataset | Always
justified/never justified,” n.d.)http://www.diva-gis.org/gdata.
შენიშვნა: რუკა შექმნილია სტატიის ავტორის მიერ.
კავკასიის 2013 წლის ბარომეტრის მიხედვით, სამხრეთი კავკასიის რეგიონის მასშტაბით აზერბაიჯანის მოსახლეობაში პროცენტულად ყველაზე მეტი მიიჩნევს, რომ განქორწინება „არასდროს არის გამართლებული”. საქართველოში, როგორ რუკაზე ჩანს, ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველების 27%-მა ნეიტრალური დამოკიდებულება დააფიქსირა. საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტია იმ ადამიანების ხვედრითი წილი, რომელთა აზრითაც განქორწინება უნდა შეფასდეს სიტუ- აციურად. რუკაზე ნათლად ჩანს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით, ყველაზე მე- ტად სომხეთში მცხოვრები ადამიანები თვლიან განქორწინებას ყოველთვის გამართლებულად.
5. ლიტერატურის მიმოხილვა
ქვემოთ განხილულ თვისებრივ კვლევაში განქორწინება ქართველ ახალგაზრდებში (18-24) გამოყოფილია სოციალურ-ეკონომიკური, პირველადი ჯგუფის, ქორწინების მზაობის არარსებობის, მშობლების როლის, განათლების, კარიერისა და რელიგიურობის გავლენის დამოკიდებულება განქორწინებაზე.
განქორწინების ფაქტორები ამბივალენტურია. ქალის განათლება შეიძლება ჩაითვალოს როგორც განქორწინების გამომწვევ ფაქტორად, ასევე ოჯახის სტაბილურობის საფუძვლად.
ქალის განათლება, როგორც განქორწინების გამომწვევი ფაქტორი, ბეკერის მიხედვით, აქტუალურია იმის გამო, რომ განათლებულ ქალს დასაქმების მეტი შანსი აქვს შრომის ბაზარზე. გარდა ამისა, განათლებულ ქალს აქვს ლიბერალური ღირებულებები, რაც განქორწინების გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს (Humphries & Becker, 1982).
საწინააღმდეგო პოზიციის მკვლევრები განათლებას მიიჩნევენ, როგორც ოჯახის შენარჩუნების ფაქტორს. ისინი შემდეგ მიზეზებს გამოყოფენ: განათლება იძლევა ეკონომიკურ, სოციალურ და კოგნიტურ უნარებს, რომლებიც ოჯახს (წყვილს) სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება (Härkönen & Dronkers, 2006). საინტერესოა, რომ ქალი რესპონდენტების მხრიდან ყურადღება ძირითადად გამახვილდა არა განათლება- ზე, როგორც უკვე არსებულ შედეგზე, არამედ განათლების მიღებისკენ სწრაფვაზე, როგორც განქორწინების ერთ-ერთ მიზეზზე; გამოიკვეთა, რომ ისინი ორიენტირებულნი იყვნენ განათლების მიღებაზე კარიერული წი- ნსვლის მიზნით, ამასთან მათი იმჟამინდელი ეკონომიური მდგომარეობა არ იყო მყარი და ეკონომიური მდგრადობის გარანტის როლს გოგონას მშობლები ასრულებდნენ. ამ ფონზე განათლების მიღებისკენ სწრაფვა აღმოჩნდა განქორწინების ფაქტორი. ასეთი შედეგი საკვლევი ჯგუფის მცირე ასაკით შეიძლება აიხსნას და იმის მაჩვენებელია, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში ოჯახის მდგარდობასთან დაკავში- რებული საკითხების შესწავლა სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა ლიბერალური მოძრაობის გააქტიურებამ, სექსუალურმა რევოლუციამ, ქალების წილის გაზრდამ შრომის ბაზარზე და, აგრეთვე, ამ მიმართულებით კანონების ლიბერალიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა განქორწინების რიცხვის გაზრდაში -განქორწინებათა რაოდენობა მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში სამოციან წლებთან შედარებით დაახლოებით ორჯერ გაიზარდა (Stevenson & Wolfers, 2007).
ბეკერი ოჯახის სტაბილურობის ეკონომიკური ანალიზის თეორიული მიმოხილვის დასკვნით ნაწილში ყურადღებას ამახვილებს ასაკსა და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე რაც უფრო ახალგაზრდაა წყვილი, მით ნაკლებია მათი ინფორმირებულობა არა მხოლოდ მეწყვილის, არამედ საკუთარი თავის შესახებაც. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ წყვილის ასაკის მატებასთან ერთად განქორწინებათა რაოდენობა მცირდება (Becker, Landes, & Michael, 1977). ანალოგიური შედეგი მივიღეთ ჩვენ მიერ ჩატა- რებული კვლევის შედეგადაც: განქორწინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ქორწინები- სთვის მზაობის დაბალი ხარისხი. ამასთან, კონკრეტულად გამოიკვეთა ის მახასიათებლები, რომლებიც ქორწინებისთვის მოუმზადებლობას განაპირობებს: 1) წყვილი ვერ ახერხებს პრობლემებთან გამკლავებას (ასეთის წარმოქმნის შემთხვევაში); 2) ინფორმირებულობის ნაკლებობა განაპირობებს მოულოდნელი და არასასიამოვნო შემთხვევების რაოდენობის ზრდას; 3) წყვილს არ გააჩნია ოჯახის სრულფასოვნად ფუნქციონირების მყარი სოციალურ-ეკონომიკური საფუძველი.
6. მეთოდოლოგია
კვლევის მიზანია ახალგაზრდებში განქორწინების განმაპირობებელი ფაქტორების იდენტიფიცირება. მიზ- ნის მისაღწევად გამოიყო შემდეგი საკვლევი ამოცანები: წყვილის ქორწინებამდელი და შემდგომი სოცია- ლურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი, ოჯახური გარემო, ახალგაზრდების ოჯახური თანაცხოვრებისთვის მზაობის შეფასება, განათლება და კარიერა, ახალგაზრდა წყვილის რელიგიურობა და სოციალური ინსტიტუტები, რომლებშიც ჩართულნი არიან კვლევის ობიექტები სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური. თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდის, ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუს, შერჩევა განაპირობა, ერთი მხრივ, თავად მეთოდის მახასიათებლებმა, მეორე მხრივ, კვლევის მიზანმა და სოციალურმა პრობლემამ, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ. სიღრმისეული ინტერვიუს გამოყენებით შესაძლებელია ადამიანების მონათხრობზე დაყრდნობით კანონზომიერების გამოვლენა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებამ მოგვცა შესაძლებლობა, საფუძვლიანად შეგვესწავლა საკვლევი საკითხი; გაგვეანალიზებინა, თუ რა გავლენას ახდენს ცხოვრებისეული გამოცდილება, სოციალიზაცია, პიროვნული თუ არაპიროვნული მახასიათებლები განქორწინებაზე ახალგაზრდებში.
ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუს გამოყენების ერთ-ერთ ძირითად მოტივს წარმოადგენს სოციალური ფენომენის სიღრმისეული შესწავლა არსებული სტატისტიკური ინფორმაციის ინტერპრეტაციის, ახსნისა და გამდიდრების მიზნით.
რესპონდენტთა შერჩევის კრიტერიუმებად განისაზღვრა: დაქორწინების ასაკი - 18-დან 24 წლამდე; ქორწინების ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი წელი; ინტერვალი განქორწინებიდან ინტერვიუმდე - არაუმეტეს ხუთი წლისა; ოჯახის ტიპი განქორწინებამდე - ნუკლეარული. სულ ჩატარდა 10 ინტერვიუ. რესპონდენტთაგან 6 იყო ქალი და 4 მამაკაცი.
მეორეული მონაცემების გასაანალიზებლად სტატისტიკური ანალიზის მეთოდი, წარმოებული მაჩვენებლები, გამოვიყვანეთ, რათა საკვლევი საკითხი განგვეხილა სხვადასხვა ჭრილში. მონაცემები მოპოვებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზებიდან.
7. შედეგები
განქორწინების ანალიზი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით განქორწინების, როგორც აქტუალური სოციალური პრობლემის შესწავლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც საკითხის სიღრმისეული შინაარსობრივი გაანალიზე- ბა, ისე მისი სოციალური მასშტაბისა და სამომავლო ტენდენციების შეფასება.
განქორწინების სტატისტიკური ანალიზისათვის გამოვიყენეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს მონაცემთა ბაზები.
საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის სააღწერო ფურცელში† მეცამეტე კითხვის მიხედვით რესპონდენტმა საკუთარი ქორწინების სტატუსი უნდა დაასახელოს. კატეგორიებში შედის: „დაქორწინებული”, „არასდროს დაქორწინებული”, „ქვრივი” და „განქორწინებული/განშორებული” (ერთად). აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევისთვის საინტერესო ორი კატეგორიის - „დაქორწინებული” და „განქორწინებული/განშორებული” - შესაბამისი ინფორმაცია გარკვეულ ხარვეზს შეიცავს, თითოეულ მათგანში ორი განსხვავებული ტიპის ინფორმაციაა ინტეგრირებული და არ იძლევა დიფერენცირების საშუალებას: დაქორწინებული ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს სამოქალაქო წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში ან მხოლოდ თანაცხოვრებაში (არ იყოს სამოქალაქო წესით რეგისტრირებული); ანალოგიურად, რესპონდენტი ავსებს გრაფას, რომელშიც ერთდროულად არის მითითებული განშორებული/განქორწინებული და არა აქვს საშუალება, ერთმნიშვნელოვნად მიუთითოს, განქორწინებულია სამოქალაქო წესით თუ განშორებულია (სამოქალაქო წესის გარეშე). იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიური მონაცემები, რომელთაც იუსტიციის სახლი აწვდის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, მოიცავს მხოლოდ სამოქალაქო წესით დაქორწინების ან განქორწინების შემთხვევებს, შეუძლებელია შეფასდეს ქორწინებისა და განქორწინების სრულყოფილი დინამიკა.
საინტერესოა, რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში ამ მხრივ. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ რამდენიმე ქვეყნის საყოველთაო აღწერის სააღწერო ფურცელი. სომხეთში 2011 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით ქორწინების კატეგორიებში შესაძლებელი იყო რესპონდენტს მიეთითებინა შემდეგი სახის ინფორმაცია: დაქორწინდა სამოქალაქო ქორწინებით (Married-registered), სამოქალაქო ქორწინების გარეშე (Married-Not registered), მხოლოდ ეკლესიის კანონიკური რიტუალით# (Married carried out only with church canonical ritual) . საქართველოში ჩატარებული აღწერისაგან განსხვავებით, სომხეთში ცალცალკე ცვლადებად იყო განქორწინება (Divorced-registered) და განშორება (Separated-Not registered). ავსტრალიის§ 2011 წლის საყოველთაო აღწერაში, სომხეთის მსგავსად, განქორწინება და განშორება ცალ-ცალკე არის გამოყოფილი. ჩვენი აზრით, სომხეთის მიერ გამოყენებული სააღწერო ფურცლის ქორწინების კატეგორიების ფორმატი მეტ შესაძლებლობას იძლევა სტატისტიკური ანალიზის დროს და რეალური ტენდენციების დადგენაშიც გვეხმარება. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ არც საქართველოს საპატრიარქო აწარმოებს ჯვრისწერისა და ჯვრის აყრის სტატისტიკას. შესაბამისად, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იწყებს/ამთავრებს თანაცხოვრებას ამ წესით.
გრაფიკი #1. ქორწინების კატეგორიები (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, 2002 წელი)
2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, როგორც გრაფიკზე (იხ. გრაფიკი #1) ჩანს, იმ ქალების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც არასდროს დაქორწინებულან, ემთხვევა კაცებისას. მკვეთრად განსხვავებულია ქვრივების პროცენტული წილი, რაც 17%-ს შეადგენს, ხოლო განქორწინებულთა/განშორებულთა რაოდენობა ქალებში, კაცებისგან განსხვავებით, 2%-დან 4%-მდე იზრდება. ეს განსხვავება გარკვეულწილად, ასიმეტრიული გენდერული ტრადიციებით შეიძლება აიხსნას: განქორწინებულ ან ქვრივ მამაკაცს ახალი ოჯახის შექმნის მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ქალს. 2011 წლის მონაცემებით განმეორებით დაქორწინებულთა რაოდენობა სქესის ნიშნით შემდეგნაირად გადანაწილდა: 44% ქალები და 66% კაცები. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს ქალების პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო (39%). საქსტატის მონაცემთა ბაზა საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ განქორწინების ტენდენციები წლებისა და საცხოვრებელი ადგილის (სოფელი, ქალაქი) მიხედვით.
წლების მიხედვით ტენდენციების გასაანალიზებლად გამოვიყენე 1990-2013 წლების მონაცემთა ბაზა, რომლის გრაფიკული (იხ. გრაფიკი #2) გამოსახულებაცაა წარმოდგენილი. 1990 წლიდან მოყოლებული 2000 წლამდე საქართველოში განქორწინების კლების ტენდენცია შეინიშნება. 1999 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 1 622. 2005-2006 წლების შემდეგ განქორწინებულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. 2013 წელს გადააჭარბა 1990 წლის მაჩვენებელს და განქორწინების კოეფიციენტი ყოველ 1000 მოსახლეზე შეადგენს 1.8‰-ს.
გრაფიკი #2. განქორწინების რაოდენობა წლების მიხედვით (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)
შენიშვნა: 1993 წლის დეტალური მონაცემთა ბაზა არ არსებობს, ტექნიკური მიზეზის გამო წაეშალა საქსტატს.
დღეს საქართველოში ქალაქსა და სოფელში მოსახლეობა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლად ცხოვრობს 46% და ქალაქში 54%**. ასეთ პირობებში განქორწინების რიცხვი საცხოვრებლის მიხედ- ვით ასე გადანაწილდა: ქალაქში განქორწინებულთა პროცენტული წილი არის 70%, ხოლო სოფლად - 30%. შესაძლებელია ერთდროულად საცხოვრებლის ტიპისა და წლების მიხედვით ტენდენციების შეფასებაც. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ურბანიზაციის დონე საქართველოში მატულობს, 2012 წლის მონაცემებით სოფლად განქორწინებათა რაოდენობა 2.5-ჯერ მეტია დღეს, ვიდრე 22 წლის წინ იყო. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქში განქორწინებულთა რაოდენობამ მხოლოდ 2013 წელს გადააჭარბა 1990 წლის მაჩვენებელს. თუ დაქორწინებას წლების მიხედვით განვიხილავთ, 1991 წლის შემდეგ მან უმაღლეს ნიშნულს 2010 წელს მიაღწია - 34 675, 2011 და 2012 წლებში შედარებით დაბალი მაჩვენებელი იყო, ხოლო 2013 წელს ისევ მოიმატა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ქორწინებათა რაოდენობა სტაბილურია და არ იცვლება, მაშინ როდესაც განქორწინებათა რაოდენობა იზრდება.
რეგიონების მიხედვით არსებული მონაცემების განხილვა საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რა მდგომარეობაა კონკრეტულად რეგიონებში და არა მხოლოდ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მოსახ- ლეობის რაოდენობა რეგიონების მიხედვით მთელი ქვეყნის მასშტაბით არათანაბრად არის გადანაწილებული, ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეალური სურათის აღსაწერად, უმჯობესია განვიხილოთ განქორწინების კოეფიციენტი ყოველ 1000 მოსახლეზე.
რუკა #2. განქორწინება საქართველოში (რეგიონულ ჭრილში) (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2013წ.), http://www.diva-gis.org/gdata ).
შენიშვნა: აფხაზეთის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს;
შენიშვნა: რუკა შექმნილია სტატიის ავტორის მიერ.
როგორც რუკაზე (იხ. რუკა #2) ჩანს, ყოველ 1000 მოსახლეზე განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.
8. განქორწინება ქართველ ახალგაზრდებში (18–24)/თვისებრივი კვლევა
8.1 სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა
რესპონდენტები და მათი მეუღლეები იზრდებოდნენ ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; ამავდროულად, ისინი არ იზრდებოდნენ ერთსა და იმავე ქალაქში/სოფელში (სოციალურ გარემოში), შესაბამისად, მათი მენტალობაც (სოციალიზაცია) განსხვავებული იყო. ამ ფაქტორთან ერთად უნდა განვიხილოთ ის მომენტიც, რომ გოგონების ოჯახებს, მათი მეუღლეების ოჯახებთან შედარებით, თანაბარი ან უმეტეს შემთხვევაში უკეთესი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ. კარგი შემოსავლის მქონე მშობლები შვილებს ათამამებდნენ: ,,ხშირად მათამამებდნენ, ტუტუცი ბავშვი ვიყავი, ეხ- ლა რო ვუყურებ ჩემ ბავშვობას” (გოგონა-29 წლის). დაქორწინების შემდეგ მათ მიერ შექმნილ ოჯახში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გასხვავდებოდა იმ გარემოსგან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. შექმნილი სიტუაციის მიმართ გაცილებით მძაფრი ნეგატიური დამოკიდებულება აღინიშნა მდედრო- ბითი სქესის რესპონდენტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ აღმოჩნდნენ გარემოში, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა მათი ღირებულებებისა და ჩვეული გარემოსგან: „მეორე დღესვე რო შევხედე.. სად აღმოვ- ჩნდი, ... ვინანე ძალიან” (გოგონა-24 წლის).
საყურადღებოა, რომ მდედრობითი სქესის რესპონდენტების მშობლებს ჰქონდათ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა და უმეტესწილად შვილების ოჯახის ძირითადი ან ერთადერთი დამფინანსებელნი იყვნენ, რადგან ახლადშექმნილი ოჯახები ფინანსურად საკუთარ თავს ვერ უზრუნველყოფდნენ. გამოვლინდა ფაქტები, როდესაც სწორედ სიდედრი უზრუნველყოფდა სიძეს ტანსაცმლით ან სხვა ნივთებით. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ სიძე ცოლის მშობლების კეთილგანწყობას არ იმსახურებდა. თუმცა, რესპონდენტების განმარტებით, მშობლების მხრიდან ეს იყო ჟესტი მათ დასახმარებლად და არანაირად არ წარმოადგენდა რაიმე ნაბიჯს, რომლითაც შვილებს განქორწინებისკენ უბიძგებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქმრები ცოლებსა და შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევდნენ და არანაირად არ ცდილობდნენ, გამოესწორებინათ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა: ,,რამდენიმე გასაუბრებაზეც კი ჩავწერე მე თვითონ... მაგრამ უშედეგოდ, თვითონ არ მოწონდა, როგორც წესი” (გოგონა–24 წლის).
ზემოთ განხილულმა ფაქტორებმა შემდეგი სურათი დაგვიხატა: განსხვავებული სოციალური ფონი, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად არასტაბილური შემოსავალი და საკუთარი, მუდმივი სა- ცხოვრებელი ადგილის არქონა იყო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც უთანხმოება ჰქონდათ მეუღლეებს ერთმანეთთან. ქმრები, რომლებიც არ მუშაობდნენ, ამჟღავნებდნენ უყურადღებობას მეუღლისადმი (და შექმნილი ეკონომიური პრობლემისადმი), რაც ცოლების ძალიან დიდ უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას იწვევდა.
8.2 პირველადი, ოჯახური გარემო
რესპონდენტების უმრავლესობა დაიბადა ოჯახში, სადაც მშობლები ერთად ცხოვრობდნენ მხოლოდ გარკ- ვეული დროის განმავლობაში, შემდეგ კი რესპონდენტების ნაწილს მოუწია ერთმშობლიან ოჯახში ცხოვრება დაობლების ან მშობლების დაშორების გამო. შესაბამისად, მათ ჰქონდათ როგორც ორმშობლიან, ასევე მონომშობლიან ოჯახში ცხოვრების გამოცდილება. აქედან გამომდინარე, რესპონდენტებს შეეძლოთ, თავი წარმოედგინათ საკუთარი შვილების ადგილას, როდესაც გაშორების გადაწყვეტილებას იღებდნენ, ბავშვე- ბის გადმოსახედიდან შეეფასებინათ ეს ნაბიჯი. ამ ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილება არ შეფასდა ახალ- გაზრდებში განქორწინების შემაფერხებელ ფაქტორად. ამასთან, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ გოგონებისთვის მაგალითი იყო მათი მშობლების მარტოხელად ცხოვრება. მათი ცხოვრების ისტორიაში იყო განქორწინებისა და მარტო ცხოვრების გამოცდილება.
რაც შეეხება რესპონდენტების მშობლების დაოჯახებას, მათი წინაპირობები განსხვავებული იყო: ზოგიერთი დაქორწინდა გარიგებით, ზოგი მესამე პირის ჩარევის გარეშე. ამავდროულად, მშობლების დაოჯახების ასაკი განსხვავებული იყო. ყველაფერი ეს რესპონდენტებისთვის არ წარმოადგენდა ნიმუშს, როგორ ან როდის შეექმნათ ოჯახი.
კვლევის დროს გამოვლინდა შემდეგი საინტერესო ფაქტი: დაოჯახებამდე იმ რესპონდენტებს, რომლებიც იზრდებოდნენ ორმშობლიან ოჯახში, ჰქონდათ დედ-მამასთან კარგი ურთიერთობა. ხოლო, იმ რესპონდენტებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწიათ ერთმშობლიან ოჯახში ცხოვრება, არ ჰქონდათ დედასთან/მამასთან ახლო ურთიერთობა, არ მოიხსენიებდნენ მშობელს მეგობრად ან ახლობელ ადამიანად. ამასთან, რესპონდენტები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშობლებთან სრულფასოვანი ურთიერთობა (მშობლების გაშორების, გარდაცვალების ან თუნდაც იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი მშობელი მუშაობდა და ხშირად ვერ ნახულობდა მათ), ამბობდნენ, რომ ეს მათთვის დიდი დანაკლისი იყო. ამ ფაქტს განიცდიდნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. ეს იყო ერთი იმ მიზეზთაგანი, რის გამოც რესპონდენტები გათხოვებამდე/დაქორწინებამდე თავს მარტო გრძნობდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ დაქორწინება ხელს შეუწყობდა და გაამარტივებდა მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტას. იყო შემთხვევაც, როდესაც მომავალი მეუღლე რესპონდენტისთვის წარმატების მისაღწევად „აუცილებლობას” წარმოადგენდა: „ქაოსი შეიქმნა უცებ რა. ანუ აქ დედა გარდაიცვალა, იქ ვიღაცეები გარდაიცვალნენ, სტრესი, მაშინ გინდა, რომ შენით გაქაჩო, ვიღაცა გჭირდება გვერდში და, ალბათ, მეგონა ის ვიღაცა ის იქნებოდა” (ბიჭი-24 წლის).
რესპონდენტების ოჯახებში შვილების აღზრდის დროს და ოჯახური საქმიანობების გაძღოლისას უფრო აქტიურობით გამოირჩეოდნენ დედები. ამიტომ განქორწინების გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშა აღნიშნულმა ფაქტმა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გოგონების ოჯა- ხები უფრო ეხმარებოდნენ შვილების ოჯახებს, ვიდრე ვაჟებისა. აქედან გამომდინარე, გოგონებისთვის უფ- რო მარტივი იქნებოდა განქორწინების გადაწყვეტილების მიღება, რადგან ისინი ამ პირობებში არ დარჩებოდნენ საარსებო მინიმუმის გარეშე.
8.3 ქორწინებისთვის მზაობის არარსებობა
ოჯახის შექმნამდე, თანაცხოვრების დაწყებამდე სასურველია, ბიჭს/გოგონას ჰქონდეს ინფორმაცია: უსაფრთხო სექსის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახური დაგეგმარებისა და იმ საკითხების შესახებ, რომ- ლებიც აღნიშნულ სიტუაციაში სჭირდებათ. სამწუხაროდ, მშობლების მცირე ნაწილი ესაუბრება მათ მსგავს საკითხებზე, ამიტომაც განათლების დონე ამ კუთხით შესამჩნევად დაბალია. ჩვენს კვლევაში ეს ფაქტი სხვადასხვა სიტუაციაში გამოვლინდა. ზოგ შემთხვევაში, დაქორწინების შემდეგ, თვითონაც იაზრებდნენ წყვილები, რომ მზად არ იყვნენ თანაცხოვრებისთვის. ხვდებოდნენ, რომ წარმოქმნილ პრობლემებთან (არაეკონომიკურთან) გამკლავებას ვერ ახერხებდნენ. უჩნდებოდათ კითხვები და სურვილი პრობლემის გადაჭრისა, მაგრამ ვერ პოულობდნენ გადაწყვეტის გზებს. ასეთ შემთხვევაში არცერთ მათგანს არ მიუმართავს ფსიქოლოგისთვის, სოციალური მუშაკისთვის ან მღვდლისთვის. ერთი რესპონდენტის ისტორიის მიხედვით, მის მეუღლეს ავარიის შემდეგ სეანსები ჰქონდა ფსიქოლოგთან. მიუხედავად ამისა, წყვილს ერთობლივად არ ჰქონია საუბრები ფსიქოლოგთან. არც უფიქრიათ იმის შესახებ, რომ წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტაში დამხმარე როლი გაეწია მესამე პირს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფსიქოლოგს.
რესპონდენტები დაქორწინდნენ გაუაზრებლად. არცერთი მათგანი არ გეგმავდა ოჯახის შექმნას უახლოეს მომავალში, თუმცა სიტუაციურმა ფაქტებმა დააჩქარა დაქორწინება. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ოჯახის არამდგრადობისა, რადგან მომავალი მეუღლეები ოჯახის შექმნის დროს საფუძვლიანად არ იცნობდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის ყოველდღიურ გარემოსა და ცხოვრების სტილს, არ ჰქონდათ მომზადებული სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ამასთანავე, ქორწინებამდე არცერთ მათგანს არ ჰქონია მომავალ მეუღ- ლესთან თანაცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილება, მათი თქმით, ქართული ტრადიცი- ებისა და რელიგიური ღირებულებების გამო: “არა, არა რას ლაპარაკობ, საქართველოში ხარ, არა ერთად არ ვცხოვრობდით” (ბიჭი-24 წლის). ახალგაზრდებში დაქორწინება, ამ მხრივ, სექსის ლეგიტიმაციას ემსგავსება.
წყვილები მზად არ იყვნენ ოჯახის შესაქმნელად სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგრამ არის ერთი, გამორჩეული ფაქტორი, რომელიც ყველა რესპონდენტის ნარატივში ჩანდა - „ურთიერთობით” და „ცხოვრებით” მიღებუ- ლი სიამოვნების უკმარისობის განცდა. განსხვავებული სქესის რესპონდენტები ამას სხვადასხვაგვარად გა- მოხატავდნენ. ბიჭი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დაქორწინების შემდგომ მისი ცხოვრება ერთფეროვანი გახდა: „არ უნდა იჩქარო... ჯერ რაღაცა ნახო ცხოვრებაში”, „სტანდარტულად ვცხოვრობდით, ჩვენი ცხოვრე- ბა „завод — кравот-ს“ დაემსგავსა” (ბიჭი-24წლის). გოგონა რესპონდენტები თანაცხოვრებაში წარმოქმ- ნილ ვალდებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას. დიდი „სიცარიელეა” ქორწინებამდე და ქორწინებისშემ- დგომ ცხოვრებაში. მათ უძნელდებათ ადაპტაცია, თავისუფალი “შეყვარებულობის” მდგომარეობიდან პირ- დაპირ ვალდებულებებით სავსე თანაცხოვრებაში გადასვლა: „ჯერ იყო შეყვარებულობა, მერე პირდაპირ დე- დობა, ძალიან ცუდია” (გოგონა-29 წლის).
8.4 მშობლის/მშობლების როლი
მშობლების, როგორც ფაქტორის განხილვისას აუცილებელია, გამოვყოთ მათი ჩარევა წყვილის ურთიერთობაში და ასევე როლი განქორწინებაში. კვლევის დროს გამოვლინდა, რომ მშობლები არ ერეოდნენ მათი შვილების პირად ურთიერთობაში; არც წყვილის ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებს ამძაფრებდნენ, პირიქით, ცდილობდნენ, ეკონომიკურად დახმარებოდნენ და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაშიც თავიანთი როლი შეესრულებინათ. მათი პოზიციის მიხედვით, რადგან შვილებმა აირჩიეს ეს გზა, ისინი თავს ვალდებულად თვლიდნენ, გვერდით დადგომოდნენ მათ. რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი მშობლების განწყობა არ იყო დადებითი, როდესაც შვილების დაოჯახების შესახებ გაიგეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევი იყო მათი ასაკიდან გამომდინარე.
ძირითადად, მხარდაჭერას ახლადშექმნილი ოჯახის მიმართ გოგოს მშობლები ავლენდნენ: „დედაჩემმა უყიდა ერთი მანქანა, მერე მეორე... ნადირობა უყვარდა და თოფიც დედაჩემმა უყიდა” (გოგონა-24 წლის). ამ კუთხით არ შეიძლება, მშობლების როლი ჩაითვალოს განქორწინების ფაქტორად.
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ჰქონდათ მშობლების ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მხარდაჭერის იმედი. ეს კი შეიძლება განქორწინების ფაქტორად ჩაითვალოს, რადგან ახალგაზრდა გოგონასთვის განქორწინების გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკური შესაძლებლობა, თუ როგორ შეძლებს იგი მარტო ცხოვრების გაგრძელებას; ამასთანავე მნიშვნე- ლოვანია, როგორ შეაფასებს საზოგადოება, პირველადი ჯგუფი მის გადაწყვეტილებას. ჩვენ მიერ გამოკით- ხულ გოგონა რესპონდენტებს მშობლებისგან ჰქონდათ როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, შესაბამისად, განქორწინების გადაწყვეტილების მიღებისას ეს შემაფერხებელი ფაქტორი მოხსნილი იყო.
8.5 განათლება და კარიერა
გოგონები დაოჯახების პერიოდში იყვნენ სტუდენტები და დაქორწინების შემდეგ გააგრძელეს სწავლა. რაც შეეხება მათ მეუღლეებს, ისინი უფრო არასერიოზულად ეკიდებოდნენ უმაღლეს განათლებას. ზოგიერთს საერთოდ არ ჩაუბარებია უნივერსიტეტში ან არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი.
გოგონებისთვის პრიორიტეტული იყო განათლება და კარიერა (ოჯახის შექმნა მათ გეგმაში არ შედიოდა და იმედოვნებდნენ კარგი კარიერის შექმნას). ეს პრიორიტეტი არც შემდეგ შეცვლილა. ქმრები არ იყვნენ წინააღმდეგნი, მათ ცოლებს განთლება მიეღოთ. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც მეუღლე არ აძლევდა ერთ- ერთ გოგონას საშუალებას, ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში მაშინ, როდესაც თვითონ არც სამსახური და არც განათლება არ ჰქონდა და მატერიალურად სხვაზე იყო დამოკიდებული. რესპონდენტებისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან განათლებას ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ, თუნდაც პირადი ურთიერთობების სწორად წარმართვაში: „შემდეგ, აი, როგორ ვთქვა, სკოლის შემდეგ ერთი საფეხური მაინც... სულ სხვანაირი ხედვა აქვს ცხოვრებაზე, ვიდრე იმას, ვისაც სკოლის განათლება აქვს” (გოგო-24 წლის). ზოგიერთი რესპონდენტი, რომელიც მეუღლის განათლებით უკმაყოფილო იყო, აღნიშნავს: ეს ფაქტი დიდ როლს თამაშობდა მათ ურთიერთობაში, რადგან განათლებული ადამიანი პრობლემებს/სიტუაციას უფრო ჯანსაღად აფასებს და მათ მოგვარებას ცდილობს; მათ შემთხევაში კი ასე არ ხდებოდა. ამ ფაქტს უკა- ვშირებენ სხვადასხვა წამოჭრილ პრობლემას, რის შემდგომაც მათი ურთიერთობები გაცივდა.
როგორც აღვნიშნე, ცოლები ცდილობდნენ, მათი მეუღლეებისთვის ეპოვათ სამსახური, რათა მათ უქმად არ გაეტარებინათ დრო. შეიძლება ითქვას, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ოჯახური ცხოვრები- სადმი უფრო მეტი მზაობით გამოირჩეოდნენ და მეტს ფიქრობდნენ ოჯახის მომავალ პერსპექტივებზე, განს- ხვავებით მეუღლეებისგან.
რელიგიურობა
რესპონდენტები საკუთარ თავს არ მიიჩნევენ ღრმად მორწმუნე ადამიანებად, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს აქვს რელიგიური რიტუალების შესრულების გამოცდილება (აღსარება, ზიარება). ასევე თითქმის ყველა მათგანს ჰქონდა ან აპირებდა ჯვრისწერას. მათი ოჯახებიც ჩართულნი იყვნენ რელიგიურ რიტუალებში შედარებით უფრო აქტიურად, ვიდრე შვილები. ყოველივე ამის მიუხედავად, რწმენა ვერ იქცა განქორწინების შემაფერხებელ ფაქტორად, რაც გამოიხატა შემდეგში: პრობლემის წარმოქმნის შემთხვევა- ში და განქორწინების გადაწყვეტილების მიღებისას არ ფიგურირებდა ეკლესია. ამასთან ფაქტორები, რო- მელთა გამოც მოხდა წყვილის განქორწინება, არ იყო განპირობებული ეკლესიის მიერ დადგენილი „განქორწინების მიზეზებით”††. რესპონდენტების განცხადებით, რელიგიურობას არ მოუხდენია გავლენა მათი ოჯახური ცხოვრების სტილზე და არც მათი ოჯახის დაშლა/არდაშლაში შეუტანია გარკვეული წვლილი. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი მშობლები უფრო მორწმუნეები არიან, მაგრამ მათი მხრიდანაც არ იყო არანაირი წინააღმდეგობა განქორწინების დროს ამ ფაქტორით.
8.6 ძირითადი მიგნებები (დასკვნა/დისკუსია)
- ახალგაზრდებში დაქორწინების მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის მარტოობისგან გაქცევის, ასევე ოჯახური (იგულისხმება მშობლების ოჯახი) ურთიერთობების გაუცხოების შედეგად წარმოქმნილი ცარიელი ადგილის შევსების მცდელობა და არა საკუთარი ოჯახის შექმნის გაცნობიერებული სურვილი და მზაობა ამისათვის. ადრეულ ასაკში ახალგაზრდები ნაკლებად აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ოჯახს ახლავს თან. ამასთან, მათი წარმოდგენები დაოჯახების შემდგომი თანაცხოვრებისა და ოჯახის ფუნქციონირების შესახებ ნაკლებად ეფუძნება რეალისტურ ფაქტორებს, რაც იწვევს სინამდვილესა და წარმოდგენებს შორის შეუსაბამობას.
- საკვლევი ასაკის ახალგაზრდებში განქორწინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქორწინებამდელი ურთიერთობების ხანგრძლივობა, რაც საქართველოს რეალობაში ძირითა- დად ხანმოკლე პერიოდია. ურთიერთობის შეწყვეტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რეს- პონდენტები უარყოფითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ დაოჯახებამდე საფუძვლიანად არ იცნობდნენ მომავალ მეუღლეს, მის ყოველდღიურ გარემოს (ოჯახს, მეგობრებს, მისი ცხოვრების სტილს).
- ასაკობრივი ჯგუფი 18-დან 24 წლამდე ხასიათდება მომავალ მეუღლესთან თანაცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილების არქონით, რაც გამოწვეულია ქართული ტრადიციებითა და რელიგიური ღირებულებებით. ახალგაზრდებში დაქორწინება ამ მხრივ სექსის ლეგიტიმაციას ემსგავსება.
- საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდები ოჯახის შექმნამდე ორიენტირებულნი არიან კარიერაზე და სურთ, კარგი სამსახური ჰქონდეთ. სამომავლო გეგმაში არ შედის დაოჯახება ამ გადაწყვეტილების მიღებას უფრო სპონტანური ხასიათი აქვს და მათი გეგმების საპირისპიროდ მოქმე- დებს. დაქორწინების გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში მიიღეს დაუგეგმავად, სპონტანურად. განქორწინების შემდეგ კი ისინი ცალსახად ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ნაადრევი იყო მათ ცხოვრებაში. ოჯახის ფორმირების ეკონომიკური მიდგომის მიხედვით, წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძე- ლებს მაშინ, როცა მათთვის ერთად ყოფნა უფრო მომგებიანია ეკონომიკურად, ვიდრე ცალ-ცალკე (Stevenson & Wolfers, 2007). ჩვენს კვლევაში განქორწინების მიზეზი გოგონებში შეიძლება ამ მიდგომით აიხსნას, მაგრამ დაქორწინების პროცესში არ ხდებოდა რაციონალური (ეკონომიკური ბენეფიტების) გააზრება.
- დაოჯახების შემდეგ მეუღლესთან ურთიერთობები, რესპონდენტების სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,завод — кравот-ად” იქცევა; მათივე შეფასებით, წყვილი განიცდის საერთო ინტერესების ნაკლებობას, ოჯახური ცხოვრება იღებს იძულებითი ვალდებულების სახეს. ,,завод — кравот“-ის ფენომენი კარგად გამოხატავს ოჯახური ბედნიერებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას.
- სტაბილური შემოსავლისა და საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონა წყვილში კონფლიქტის წარმოქმნის მნიშვნელოვანი მიზეზია. უმუშევარი ქმრები ამჟღავნებდნენ უყურადღებო- ბას მეუღლისადმი (წარმოქმნილი პრობლემების მიმართ), რაც იწვევდა ცოლების უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას; იმაზე მეტ უკმაყოფილებასაც კი, ვიდრე მეუღლის უმუშევრობა და ოჯახის ელემენტარული საჭიროებებით დაუკმაყოფილებლობა.
- რაც შეეხება მშობლების ჩარევას ახლადშექმნილ ოჯახში, არსებულ ნარატივებზე დაყრდნობით შეუძლებელია მათი მიჩნევა განქორწინების მამოტივირებელ მიზეზად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში მშობლები შვილების ურთიერთობებში ერეოდნენ, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მხარდაჭერას მათთვის რთულ მომენტებში და არ უბიძგებდნენ განქორწინებისაკენ. აგრეთვე კვლევამ არ დაადასტურა რელიგიის ფაქტორის გავლენა განქორწინებაზე.
_________________________________________________
ბიბლიოგრაფია
Becker, G. S., Landes, E. M., & Michael, R. T. (1977). An Economic Analysis of Marital Instability. Journal of Political Economy, 85(6), 1141–1187.
Booth, A., Johnson, D. R., White, L. K., & Edwards, J. N. (1986). Divorce and marital instability over the life course. Journal of Family Issues, 7(4), 421–442. Caucasus Barometer 2013 Georgia | Always justified/never justified: Getting a divorce by Age group | Online Data Analysis. (n.d.). Retrieved May 31, 2015, from http://caucasusbarome - ter.org/en/cb2013ge/JUSDVRS-by-AGEGROUP/
Caucasus Barometer 2013 Georgia | Level of trust in Georgian Orthodox church | Online Data Analysis. (n.d.). Retrieved April 26, 2015, from http://caucasusbarometer.org/en/cb2013ge/TRUGOCH/ Caucasus Barometer 2013 regional dataset | Always justified/never justified : Getting a divorce | Online Data Analysis. (n.d.). Retrieved April 18, 2015, from http://caucasusbarome - ter.org/en/cb2013/JUSDVRS/Härkönen, J., & Dronkers, J. (2006). Stability and change in the educational gradient of divorce. A comparison of seventeen countries. European Sociological Review, 22(5), 501–517.
Humphries, J., & Becker, G. S. (1982). A Treatise on the Family. The Economic Journal, 92(367), 739. http://doi.org/10.2307/2232577
Stevenson, B., & Wolfers, J. (2007). Marriage and divorce: Changes and their driving forces. National
Bureau of Economic Research. Retrieved from http://www.nber.org/papers/w12944
Wallerstein, J. S., & Lewis, J. M. (2004). The unexpected legacy of divorce. Psychoanalytic Psychology,
21(3), 353–370.
ბუმისი პანაიოტის. (2013). კანონიკური სამართალი. თბილისი: ალილო.
მელაძე გიორგი. (2002). განქორწინებათა გავლენა შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტების დინამიკაზე.
დემოგრაფია, 1(5), 84–87.
მეტრეველი ვალერიან. (2004). ქართული სამართლის ისტორია. თბილისი: მერიდიანი.
ჩიტაშვილი მარინე, ჯავახიშვილი ნინო, არუთინოვი ლუიზა, წულაძე ლია, & ჩაჩანიძე სოფო. (2010). ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში (pp. 12–14). თბილსი.
წულაძე გიორგი. (2012). დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი (3rd ed.). თბილისი.
†http://unstats.un.org/unsd/demographic/sources/census/quest/GEO2002enIn.pdf
‡http://unstats.un.org/unsd/demographic/sources/census/quest/ARM2011enT.pdf
§http://unstats.un.org/unsd/demographic/sources/census/quest/AUS2011en.pdf
**საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2013)