ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 10 ოქტომბერი 2021
აბსტრაქტი
STEM სფეროს, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას მოიცავს, თანამედროვე მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავია. მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით STEM-ით დაინტერესებული ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების, რაოდენობაზე. მიუხედავად ამისა, ტექნიკური და სამეცნიერო დარგების საზოგადოებრივი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მასთან დაკავშირებული სპეციალობები სტუდენტების მხიდან უყურადღებოდ არ რჩება. სწორედ ამიტომ, კვლევის მიზანი იყო, გაგვეგო ის ფაქტორები, რომლებიც STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონების ინტერესსა და მოტივაციას იწვევს მომავალი პროფესიის არჩევისას. ასევე, დაგვედგინა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის, სკოლისა და საუნივერსიტეტო გარემოს მათზე, როგორია ლექტორ/მასწავლებლების, ადმინისტრაციის და საზოგადოების დამოკიდებულება გოგონების მიმართ. ამ საკითხების შესასწავლად შეირჩა ტრიანგულაციის მეთოდი, რომელმაც მოიცვა კვლევის როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მიდგომა. თავდაპირველად, მონაცემები შეგროვდა სიღრმისეული ინტერვიუს სახით, რომელმაც მიზნობრივად შერჩეული 9 STEM სპეციალობის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტი გოგონა მოიცვა. ამის შემდეგ, თვისებრივი მონაცემების რაოდენობრივად ასახვისთვის, ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც 150-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებით გამოვლინდა, რომ გოგონების მთავარი მოტივატორი მათი პირადი სურვილი და ინტერესია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტთა პროფესიული არჩევნის გაკეთებისას, ოჯახის, მეგობრებისა და მასწავლებლების მხარდაჭერამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აგრეთვე, ხაზი გაესვა იმ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, რომელსაც გოგონები საკუთარი სპეციალობების გამო, საზოგადეობის მხრიდან გრძნობენ და გამოვლინდა ყველაზე ხშირად მოსმენილი სტერეოტიპული გამონათქვამი. შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ სამიზნე ჯგუფის ინტერესს, უმეტესად, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სიყვარული განაპირობებს, რაც თავის მხრივ, მათ მოტივაციაზეც აისახება.
საკვანძო სიტყვები: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა), მოტივაცია, ინტერესი, სტერეოტიპები, წინააღდეგობა
Abstract
The STEM field, which includes the natural sciences, computer technology, engineering and mathematics, occupies a leading place in the modern world. The demand for it is growing day by day, which can not be said about the number of young people, especially girls, interested in STEM. Nevertheless, the public importance of the technical and scientific fields is so great that the related specialties do not go unnoticed by the students. That is why the aim of the research was to understand the factors that arouses the interest and motivation to girl students, who are choosing STEM disciplines as a future profession. We also explored the importance of family, school and university environments in this regard and the attitudes of lecturers / teachers, administration and the community towards these girls. In order to study these issues, We chose a triangulation method, which included both qualitative and quantitative approaches of research. Initially, the data were collected in the form of an in-depth interview, which included 9 student girls who were selected from STEM specialties of selected public and private universities. Then, to quantitatively reflect the qualitative data, a survey was conducted in which 150 respondents participated. After processing of the obtained information, it was revealed that the main motivator of the girls is their personal desire and interest. However, it should be noted that the support of family, friends and teachers also played an important in their decision making process. Also, a stereotypical attitudes were highlighted, that girls feel from the public because of their specialties, and the most commonly heard stereotypical expression was revealed. In conclusion, it can be said that the interest of the target group is mostly driven by a love of mathematics and natural sciences, which in turn is reflected in their motivation.
Keywords: STEM (Science, Technology, Engineering, Math), Motivation, Interest, Stereotypes, Obstacle
შესავალი
ინგლისური აბრევიატურა STEM დღეს ფართოდ გამოიყენება აკადემიურ სივრცეში და მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებს (Science, Technology, Engineering and Math) მოიცავს. გავრცელებული განმარტების მიხედვით, STEM განათლება გულისხმობს სწავლის ინტერდისციპლინარულ მიდგომას, სადაც მკაცრი აკადემიური ცნებები დაკავშირებულია რეალური სამყაროს გამოცდილებასთან, იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტები მიღებულ ცოდნას თემში, სამსახურსა და გლობალურ საწარმოსთან ურთიერთობის დროს იყენებენ და კონკურენტულ ეკონომიკურ გარემოს ქმნიან (Tsupros, Kohler, Hallilen 2009). STEM-ის დარგში გამოცდილების მიღება ხელს უწყობს სამეცნიერო აღმოჩენებს და, ამასთანავე, ახალ სამსახურებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს უხსნის გზას. ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად, აშშ-ში STEM სამუშაო ადგილები ბოლო 10 წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა და ამ ტემპით აგრძელებს განვითარებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, კონკრეტული პოზიციებისთვის საჭირო კვალიფიციური სამუშაო კადრები, მასობრივი უმუშევრობის ფონზეც კი, არაა საკმარისი (Modi, Schoenberg, 2012).
ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ისეთი განვითარებული ქვეყნის სამუშაო ბაზარი, როგორიც ამერიკაა, STEM სფეროს პერსონალის დანაკლისს განიცდის, ჯერ კიდევ განვითარებადი სტატუსის მქონე საქართველოსთვის აღნიშნული პრობლემა ბევრად უფრო თვალშისაცემია. „აიფიემი“-ის (IPM) მიერ ჩატარებული 2014 წლის კვლევის თანახმად, დამსაქმებლებს კვლავაც უჭირთ საჭირო კვალიფიციის მქონე კადრების მოძიება, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. კერძოდ, ქვეყანაში ზოგადად ამ ტიპის სპეციალისტთა ნაკლებობაა, არსებული კადრების კვალიფიკაცია დაბალია, ეს პროფესიები არ მიიჩნევა მოდურად/პრესტიჟულად. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში STEM განათლებისადმი ინტერესი, სხვა სფეროებთან შედარებით, ბევრად დაბალია.
IPM-ის კვლევამ უფრო მნიშვნელოვანი საკითხიც წამოწია წინ, კერძოდ ის, რომ გოგონების პროცენტული მაჩვენებელი STEM საბაკალავრო პროგრამებზე 2-ჯერ ნაკლებია ბიჭების პროცენტულ მაჩვენებელზე. ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა და მეცნიერება კაცების საქმე უფროა, ვიდრე ქალების, რადგან ბიჭის ტვინი უკეთ ღებულობს და გადაამუშავებს ჩამოთვლილ სფეროებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ვიდრე გოგონასი. ამის კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს მშობლების დამოკიდებულება ქალიშვილის არჩევანისადმი, საკუთარი ძალები ტექნიკურ სფეროში მოსინჯოს. გარკვეულ შემთხვევებში, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ შვილის შესაძლებლობებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში STEM დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების, განსაკუთრებით, გოგონების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, საინტერესო ხდება ის ფაქტორები, რომლებიც მათში ინტერესსა და მოტივაციას აღვივებს და ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო სფეროებში წარმატების მიღწევისკენ უბიძგებს.
კვლევის ობიექტს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტი გოგონები, რომლებიც სწავლობენ STEM სპეციალობების საბაკალავრო პროგრამებზე, კერძოდ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, კომპიუტერულ ტექნოლოგიასა და ინჟინერიაზე და მათემატიკაზე.
კვლევის საგანი არის სამიზნე ჯგუფის დამოკიდებულებისა და მოტივაციის შესწავლა STEM სპეციალობების მიმართ.
კვლევა მიზნად ისახავდა თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონების ინტერესისა და მოტივაციის გამომწვევი ფაქტორების გამოკვეთასა და შესწავლას პროფესიის არჩევის დროს, შესაბამისად, კვლევითი კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რა ფაქტორები განაპირობებს უნივერსიტეტის STEM სპეციალობების სტუდენტ გოგონებში ინტერესსა და მოტივაციას, როდესაც ისინი STEM-ის სპეციალობას ირჩევენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარებისას?
მიზნიდან გამომდინარე, განისაზღვრა ძირითადი ამოცანები:
- რა მნიშვნელობა აქვს სკოლასა და ოჯახში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონებისთვის?
- როგორია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ლექტორ/მასწავლებლების დამოკიდებულება STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონების მიმართ?
- როგორია თანაკურსელი ბიჭებისა და გოგონების დამოკიდებულება STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონების მიმართ?
- როგორია ოჯახისა და საზოგადოების დამოკიდებულება STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონების მიმართ?
- რა გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ზემოთ აღნიშნული სპეციალობების წარმომადგენელ გოგონებზე?
კვლევის ჰიპოთეზა:STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონების ინტერესები პირდაპირ კავშირშია მათ მოტივაციასთან.
რადგანაც კვლევაში გამოყენებულ იქნა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მიდგომა, ჩამოყალიბდა სამი სამუშაო ჰიპოთეზა:
- გოგონების მოტივაცია კავშირშია პერსონალურ ინტერესებთან და სურვილთან;
- ოჯახის წევრების გავლენა მათ პროფესიულ არჩევანზე მნიშვნელოვანია;
- სტერეოტიპები უბიძგებს გოგონებს ინანონ თავიანთი არჩევანი STEM-ის სპეციალობების შესწავლასთან დაკავშირებით.
კვლევის მეთოდოლოგია
აღნიშნული თემის სიღრმისეულად საკვლევად შეირჩა მეთოდების ტრიანგულაცია, როგორც „ერთიდაიგივე ფენომენის შესწავლისას გამოყენებული ორი ან მეტი მეთოდის კომბინაცია“(Norman, 1978:291). კემპბელმა (Campbell) და ფისკემ (Fiske) „მრავალჯერადი ოპერაციონალიზაციის“ იდეა განავითარეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვალიდაციის პროცესში ერთზე მეტი მეთოდით ხელმძღვანელობაა საჭირო (Campbell & Fiske, 1959). თავდაპირველად, ჩატარდა თვისებრივი კვლევა, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდით - სიღრმისეული ინტერვიუთი განხორციელდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე, მექანიზმის მოქმედების შეწავლისა და მონაცემების რაოდენობრივი ანალიზის ჩატარების მიზნით, შეირჩა რაოდენობრივი გამოკითხვის მეთოდი.
გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენდნენ თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტი გოგონები, რომლებიც ე.წ. STEM სპეციალობებს სწავლობდნენ. უნივერსიტეტები შემდეგი ორი პრინციპის გათვალისწინებით შეირჩა: 1. რეიტინგულობა და მოთხოვნადობა, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ 2018 წლის სტატისტიკით განისაზღვრა და 2. კვლევით გათვალისწინებული ფაკულტეტები (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბიოფიზიკა, ბიოქიმია), კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინჟინერია, მათემატიკა). ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 9 სიღრმისეული ინტერვიუ, რომელმაც მოიცვა აღნიშნული სფეროს შემადგენელი ყველა სპეციალობის წარმომადგენელი სტუდენტი: ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, მათემატიკოსი, ინჟინერი, კომპიუტერული ინჟინერი და კომპიუტერული პროგრამისტი. სიღრმისეული ინტერვიუები საშუალოდ 40 წთ-დან 1 სთ-მდე გაგრძელდა და წარიმართა ინტერვიუს გზამკვლევის საშუალებით. ინტერვიუებით მიღებული მონაცემები დამუშავდა კატეგორიზაციის საშუალებით.
მომდევნო ეტაპზე, თვისებრივი მონაცემების მიხედვით მიღებული შედეგების რაოდენობრივად გასაანალიზებლად, ჩატარდა რაოდენობრივი გამოკითხვის მეთოდი, გამოიყო ძირითადი ცვლადები, მოტივაცია და ინტერესი, და მათი გასაზომი ინდიკატორები: ოჯახი, მეგობრები, მასწავლებლები, ლექტორები, საუნივერსიტეტო გარემო, პერსპექტივა, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების სიყვარული.
კვლევის ინსტრუმენტს ონლაინ კითხვარი წარმოადგენდა, რომელიც ე.წ. Google Form-ის პლატფორმაზე შეიქმნა. მის ძლიერ მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ სასურველი ინფორმაციის მიღება მოკლე დროსა და ნაკლები ხარჯის გარეშე გახდა შესაძლებელი. ამასთანავე, რესპონდენტებისთვის კითხვარზე წვდომა საკმაოდ მარტივი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის სისუსტეებიც, რაც რაოდენობრივი კვლევის ნაწილს ახლდა თან. კერძოდ, მკვლევარს ონლაინ გამოკითხვის სრული კონტროლი არ შეეძლო და ცალკეულ შეკითხვებზე რესპონდენტების მხრიდან ჩასაწერ პასუხებთან დაკავშირებული ინტერპრეტაციის გაგება სირთულეს წარმოადგენდა.
მონაწილეები შეირჩნენ მიზნობრივი შერჩევის საფუძველზე და მოიცვეს თითქმის ზემოთ ნახსენები კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები. არსებული კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 150 გოგონა და დაფიქსირდა არგამოპასუხების 20 შემთხვევა. კითხვარის შევსებას, საშუალოდ, 15-20 წუთი დასჭირდა და ამ პროცესმა ერთ კვირას გასტანა. კითხვარების შევსების შემდგომ დაიწყო მონაცემთა დამუშავება, რომლის პირველი საფეხურიც იყო მონაცემების შეყვანა SPSS-ში, შემდეგ კი - მათი რეკოდირება. ამის შემდგომ განხორციელდა მონაცემთა კროსტაბულაცია და კორელაციური ანალიზი.
კვლევის შედეგების შეზღუდვას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შერჩევა არც ისე ფართოა და მოიცავს მხოლოდ თბილისის მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებს, რაც გენერალურ ერთობლიობაზე შედეგების განზოგადების საშუალებას ნაკლებად იძლევა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რაოდენობრივი ნაწილი ზოგადი სურათის განმტკიცებაში გვეხმარება. შესაბამისად, წარმომადგენლობითობაზე აქცენტი ნაკლებადაა გაკეთებული, რადგან რაოდენობრივი კვლევა თვისებრივი მონაცემებით მიღებული შედეგების გადამოწმებას ემყარებოდა. ასე რომ, თვისებრივმაც და რაოდენობრივმა ნაწილმაც დაახლოებით ერთი ტიპის პოპულაცია მოიცვა.
ლიტერატურის მიმოხილვა
მადარა და ნამაგო მსოფლიოში მიმდინარე ისეთი პროცესების ფონზე, როგორებიცაა: გლობალიზაცია, კლიმატის ცვლილების შემსუბუქება და ადაპტაცია, სიღარიბესთან ბრძოლა, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი და ა.შ., ხაზს უსვამენ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მნიშვნელობასა და დანიშნულებას. მათი თქმით, გამოცდილი და მრავალფეროვანი უნარებით დაჯილდოებული ინჟინრების საჭიროება ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, რადგანაც, დღევანდელი ბაზრის პირობებში, პროდუქტიულობა წარმოუდგენლად იზრდება ისეთ სპეციალისტებში, რომლებიც მაღალკომპეტენტურები არიან მათემატიკასა და მეცნიერებაში და სწრაფად ცვალებად პროფესიებს მარტივად ეგუებიან (Madara, Namago, 2016). მშობლებისა და მასწავლებლების გენდერული სტერეოტიპები, რწმენები და წარმოდგენები, რომლებიც მიმართულია ბავშვების მათემატიკისადმი დამოკიდებულებისკენ, შემდგომში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათზე. მშობლებს ღრმად სწამთ, რომ მათ ვაჟებს, გოგონებთან შედარებით, ბუნებრივი მათემატიკური ტალანტი აქვთ და, შესაბამისად, ამ სფეროში მეტს მიაღწევენ, გოგონებს კი იმავე კარიერის გაკეთება ბევრად გაურთულდებათ (Eccles, 1990).
მოს-რაკუზინი და დოვიდიო აღნიშნავენ, რომ ხალხის დამოკიდებულება მეცნიერი ქალებისადმი ყალიბდება დაფარული ან გაუთვალისწინებელი მიკერძოებით, რომელიც გავრცელებული კულტურული სტერეოტიპებიდან მომდინარეობს. ისინი ქალს ნაკლებად კომპეტენტურად წარმოაჩენენ, თუმცა, ამავდროულად, გამოკვეთენ მათ სითბოსა და კეთილგანწყობას, კაცებთან შედარებით. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სექსიზმის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს დახვეწილი გენდერული მიკერძოებები, ხშირად, ყველაზე ეგალიტარულ ინდივიდებშიც კი ვლინდება და როგორც კაცების, ისე ქალების მხრიდან გამოიხატება (Moss-Racusin, Dovidio, 2012). მსგავსი სიტუაციაა საქართველოშიც, სადაც გამოკითხულ დამსაქმებელთა 92% აცხადებს, რომ ისინი ვერ ხედავენ ქალების წარმომადგენლობის გაზრდის საჭიროებას საკუთარ კომპანიაში/საწარმოში (Gay, Javakhishvili, 2014).
ტელისა და ორტიზის მიხედვით, გოგონები, რომლებიც ირჩევენ მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას, მოტივაციის მნიშვნელოვან წყაროდ ასახელებენ „კარიერის პარამეტრებს“ და „ოჯახის მხარდაჭერას“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ხშირად, სტრესსა და წინააღმდეგობებს აწყდებიან, მაინც თავდაჯერებულნი არიან საკუთარი შრომისმოყვარეობის უნარში და ფიქრობენ, რომ ყველაზე მთავარი თვითმოტივაციაა. მათ არ აშინებთ ის ფაქტი, რომ სქესის გამო, გარშემომყოფები ნაკლებ მოლოდინებს ამყარებენ მათზე (Talley, Ortiz, 2016).
ონგი დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იკვლევდა STEM სპეციალობებზე მყოფი გოგონების პოსტ-საშუალო განათლების გამოცდილებას, რათა დაედგინა ის ფაქტორები, რომლებიც ქალების ტექნიკურ სპეციალობებზე მოხვედრის დაჟინებულ სურვილს, მიზანდასახულობასა თუ, პირიქით, მათ მიერ თავის შეკავებას განაპირობებდა. მათგან მნიშვნელოვანი კი გამდრიდრების პერსპექტივა, თანატოლებთან და ფაკულტეტთან ინტერაქცია, აკადემიური თვითშეგრძნება და პერსონალური სურვილი აღმოჩნდა (Ong, 2011). მეორე მხრივ, ედზის (Edzie) კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ გოგონების სამოტივაციოდ მნიშვნელოვანია შემდეგი კომპონენტები: ალტრუიზმი, კარიერული გზები, თავდაჯერებულობა და STEM სპეციალობებისადმი მიდრეკილება. ამასთანავე, გამოიკვეთა მშობლების ფაქტორიც, კერძოდ, ბევრმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ ამ დარგის შესწავლის სურვილი გაუჩნდა დედ-მამისგან, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას STEM-ში (Edzie, 2014).
მოტივაციის კიდევ ერთი ინტეგრირებული მოდელი ეკუთვნის ლეონარდს, ბარბუტოსა და შოლს, რომლებიც 5 ძირითად წყაროს გამოყოფენ. პირველი მათგანია „მოტივაციის შინაგანი პროცესი“, რომლის დროსაც ინდივიდები მოტივაციას არსებითად სასიამოვნო ამოცანების შესრულების დროს იღებენ, თუმცა, შინაგანი მოტივატორის დაკარგვის შემთხვევაში, ეს პროცესიც სრულდება. მეორე ელემენტია „ინსტრუმენტული მოტივაცია“, როდესაც ინდივიდს სჯერა, რომ მისი მოტივაცია რაიმე მანქანა ან ინსტრუმენტია, რომელსაც მივყავართ ისეთ შედეგებამდე, როგორებიცაა: კარგი ქულები, სტაჟირება, სამსახურის შეთავაზებები და ა.შ. მესამე ელემენტს წარმოადგენს „გარეგან თვით-კონცეფციაზე დაფუძნებული მოტივაცია“, რომლის წარმმართველი წყარო კონკრეტული ჯგუფის წარმოდგენები და მითითებებია. შემდეგი ელემენტი „შინაგან თვით-კონცეფციაზე დაფუძნებული მოტივაციაა“, როდესაც ინდივიდმა ზუსტად იცის, როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. მეხუთე ელემენტად კი „მიზნის ინტერნალიზაცია“ გვესახება, რომელშიც ინდივიდის ფასეულობათა სისტემა შეესაბამება მის შინაგან ქცევებსა და დამოკიდებულებებს (Leonard & Scholl, 1998).
კვლევის ფარგლებში გამოყენებეული მეთოდოლოგიური მიდგომაც სწორედ ზემოთ მოცემულ აბზაცში ხაზგასმულ მოტივაციის ძირითად წყაროებს ეფუძნება და, მიღებული შედეგების საფუძველზე, ამ ცნების ოპერაციონალიზაციას ახდენს.
შედეგების ინტერპრეტაცია
რესპონდენტებმა სიღრმისეულ ინტერვიუებში ისაუბრეს მომავალი პროფესიის არჩევის წინაპირობებზე. აღმოჩნდა, რომ მათმა უმეტესობამ კონკრეტული სპეციალობის სწავლა პირადი ინტერესის გამო გადაწყვიტა, თუმცა, საგულისხმოა მომავალი პერსპექტივის ფაქტორიც (საკუთარი პროფესიით დასაქმება, კარგი ანაზღაურება, აღიარება), რომელიც გოგონებმა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად დაასახელეს. ინტერვიუს მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ, უნივერსიტეტის გარდა, რესპონდენტები პარალელურად დასაქმებულები არიან როგორც საკუთარი სპეციალობით, ისე მასთან ახლოს მდგარ დარგებში და, ამასთანავე, აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სახის აქტივობაში.
გოგონებმა აღნიშნეს, რომ ლექციების შემდეგ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. მათგან თითქმის ყველა კერძო რეპეტიტორია და თავისუფალ დროს მოსწავლეებსა და სტუდენტებს ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში ამეცადინებს. რესპონდენტების თქმით, ეს საქმე მათთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომლისგანაც თავადაც ბევრ სიახლეს იღებენ და სწავლობენ.
რეპეტიტორობა გოგონებისთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროსა და თავშესაქცევს არ წარმოადგენს, ამით ისინი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ პროფესიულ ცოდნას იმყარებენ და მომავალში აკადემიურ სფეროში თავის დამკვიდრების ნიადაგსაც იმზადებენ. სასკოლო რეპეტიტორული სწავლების 65-მა დამოუკიდებელმა შეფასებამ, საგანმანათლებლო შედეგების მეტა-ანალიზისას (Cohen, Kulik, & Kulik, 1982), აჩვენა, რომ სტუდენტი ტუტორები საგნის მნიშვნელობას მოსწავლეების მომზადების დროს ბევრად უკეთ იგებენ, ვიდრე სწავლის პერიოდში ესმოდათ. მათ, სხვებისთვის სწავლების ინტერაქტიულ პროცესში, რეფლექსიური ცოდნა უვითარდებათ (Roscoe & Chi, 2008).
თვითდასაქმების გარდა, გოგონები კერძო კომპანიებში არიან დასაქმებულები და უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. მათი აზრით, საკუთარი პროფესიით მუშაობა თავდაჯერებულობასა და სიამაყის განცდას ჰმატებთ. ჰულის (Hooley) მიხედვით, STEM-ის კურსდამთავრებულებს აქვთ ცოდნა, რომელიც შრომის ბაზარზე საკმაოდ დაფასებულია. არსებობს სამუშაო ადგილები, რომლებიც STEM ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა, ვინც ამ სფეროს სწავლობს, საკუთარი პროფესიით არ საქმდება. ეს ფაქტი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ყველა სპეციალობაზე ერთნაირი მოთხოვნა არ არის. მაგალითად, ინჟინერისთვის უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობებია შრომით ბაზარზე, ვიდრე ფიზიკოსისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის კურსდამთავრებულები უდავოდ გამოიყენებენ თავიანთ უნარებს (Hooley, Hutchinson & Neary, 2012).
STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონები საკმაოდ აქტიურები არიან. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ისინი ხშირად ერთვებიან მოხალისეობრივ საქმიანობაში, მონაწილეობას იღებენ ტექნოლოგიურ პროექტებში, სამეცნიერო კონფერენციებში, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პრაქტიკებში. ამას გარდა, სხვა სტუდენტებსაც ეხმარებიან ცოდნის მიღებაში და საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ.
ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, რომ რესპონდენტებისთვის პროფესიის არჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პერსპექტივა, რომელშიც გოგონებმა საკუთარი სპეციალობით დასაქმება, კარგი ფულადი ანაზღაურება, სახელი და აღიარება იგულისხმეს. შესაბამისად, თავიანთი სურვილისა და მისწრაფებების გარდა, იმასაც ითვალისწინებდნენ, თუ რამდენად შეძლებდნენ კონკრეტული პროფესიით ამ ყველაფრის რეალიზებას. მეორეს მხრივ, იყო შემთხვევები, როცა გოგონები უნივერსიტეტში ჩაბარებამდე საერთოდ ვერ ხედავდნენ თავიანთი მომავალი პროფესიის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას და, იმის გამო, რომ, მათი აზრით, კონკრეტული სფეროები ქართულ ბაზარზე არც ისე გავრცელებული და დაფასებულია, დიდხანს ფიქრობდნენ და ორჭოფობდნენ საკუთარ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, სპეციალობისადმი სიყვარული და მისი სიღრმისეულად შესწავლის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ არსებულ ეჭვებზე თვალი დახუჭეს.
გოგონებმა STEM სფეროს არჩევაში, ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, ოჯახისა და მეგობრების განსაკუთრებული წვლილიც აღნიშნეს და მათ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივატორად მიიჩნიეს. მეორე მხრივ, იმ წინააღმდეგობებზეც ისაუბრეს, რომლებიც პროფესიის არჩევის დროს მშობლების მხრიდან შეხვდათ. რესპონდენტების ნაწილს ოჯახის მხრიდან საკუთარ არჩევანში სრული თავისუფლება ჰქონდა. მათი თქმით, დედ-მამა შვილის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ჩარეულა და ყველანაირად უწყობდა ხელს, რათა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილისამებრ, დამოუკიდებლად მიეღო. იყო შემთხვევები, როდესაც გოგონებს სწორედ მშობლებმა მისცეს ბიძგი, რომ ის საქმიანობა აერჩიათ, რაც მოსწონდათ და უნდოდათ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეტანათ. დედები, მამებთან შედარებით, უფრო დიდ გავლენას ახდენენ შვილის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, პროფესიულ არჩევანზე. ამის მიზეზად შეიძლება დედაშვილური დამოკიდებულება მივიჩნიოთ. დედები ბავშვებთან, განსაკუთრებით, გოგონებთან, უფრო დიდ ემოციური კავშირს ამყარებენ. (David, Ball, 2003).
გამოიკვეთა მამების როლიც, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ან ნაკლებად ერეოდნენ შვილების საქმეში, ან ყველანაირად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და მათი არჩევანი წაეხალისებინათ. ზოგ შემთხვევაში რესპონდენტებმა გადაწყვიტეს, მამების გზას გაჰყოლოდნენ და ეს ერთგვარ ბარიერადაც ექცათ. კერძოდ, გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ მათ პროფესია გაუცნობიერებლად აირჩიეს. თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ მშობლების პროფესიებმა და იმ გარემომ, რომელშიც გაიზარდნენ, გარკვეულწილად, მათი მომავალი განაპირობა. მშობელთა როლურ მოდელებს საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვთ შვილების ჩართულობასა და ღირებულებებზე. როდესაც ბავშვები მშობლებს აკვირდებიან და ამჩნევენ, რომ მათ მოსწონთ და აფასებენ მათემატიკას, შემდგომ ეს ქცევები საკუთარ ცხოვრებაში გადმოაქვთ და ერთგვარ იმიტაციას აკეთებენ (Bandura & Walters, 1963).
მშობლები, რომლებიც STEM სფეროსთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებს ეთანხმებიან, სავარაუდოდ, საკუთარი ქალიშვილების შესაძლებლობებს არ აფასებენ, რასაც ვერ ვიტყვით ვაჟებთან მიმართებით მათ დამოკიდებულებაზე (Frome & Eccles, 1998). ტრადიციული გენდერული სტერეოტიპების მქონე დედების ქალიშვილებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ პროფესიებად ფიზიკური და მათემატიკური მეცნიერებები აირჩიონ. (Jacobs & Bleeker, 2004). ამ შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მშობელთა რწმენები ერთგვარად განაპირობებს ახალგაზრდების რწმენას თავიანთი შესაძლებლობების მიმართ, რაც, თავისთავად, მათ მომავალ მიღწევებსა და კარიერულ არჩევანზე აისახება (Gunderson, 2012). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ, ძირითად შემთხვევებში, მსგავსი დამოკიდებულება მაშინვე იცვლება, როდესაც გოგონები სპეციალობების შესწავლას აქტიურად იწყებენ და მშობლებიც ხედავენ, რომ თავიანთი შვილები ნამდვილად კარგ და ღირებულ საქმეს აკეთებენ.
ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, რომ სამეგობრო წრე ძალიან დიდ როლს თამაშობს გოგონების მოტივაციის გაზრდასა და მათთვის ემოციური მხარდაჭერის საქმეში. როდესაც ისინი გრძნობენ, რომ საყვარელ ადამიანებს მათი სჯერა, თავდაჯერებულობა და სიმტკიცე ემატებათ და მიზნის მისაღწევად საჭირო გზაზე სიარულს უფრო თამამად განაგრძობენ, რითიც, ხშირად, თავად ხდებიან მისაბაძი მაგალითები.
ამას გარდა, გამოიკვეთა, რომ რესპონდენტთა ნაწილისთვის სკოლის მასწავლებელი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი და საკუთარი მომავალი სპეციალობისადმი ინტერესის გამღვივებელი იყო. ხაზი გაესვა მის მიდგომასა და გადმოცემის უნარს, რადგან, როგორც გოგონებმა ახსენეს, როცა მასწავლებელი კარგად და გასაგებად ხსნიდა მასალას, თავადაც ბევრად სიამოვნებდათ იმ საგნის სწავლა და მეტი გულისყურით ეკიდებოდნენ მას. ამასთანავე, მასწავლებლის მხრიდან პროფესიული არჩევნის მოწონება უფრო უმყარებდათ გადაწყვეტილებას. მასწავლებლის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდების ჩართულობისა და მოტივაციისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეები მათემატიკურ ცოდნას გონებრივ შესაძლებლობებთან აიგივებენ, ტექნიკურ საგნებში წარმოშობილ სირთულეებს, ჩვეულებრივ, ნაკლები უნარების ქონას დააბრალებენ. აქედან გამომდინარე, მხარდამჭერი პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეების შესაძლებლობებს სათანადოდ შეაფასებს და მათ ერთმანეთში დაპირისპირებას თავიდან ააცილებს, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სწავლის მოტივაციის გაზრდას (Ryan & Patrick, 2001).
ზემოთ მოყვანილი მაგალითებისგან განსხვავებით, რესპონდენტებმა გაიხსენეს ისეთი შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი არათუ გოგონების ინტერესსა და მოტივაციაზე ზრუნავდა, არამედ ვერც კი ხსნიდა საგანს ისე, რომ ბავშვებს რაიმე გაეგოთ. რამდენიმე გოგონამ აღნიშნა, რომ უკვირთ კიდეც, რატომ შეუყვარდათ ასე თავიანთი სპეციალობა მაშინ, როცა სკოლიდან საკმარისი ცოდნა ვერ წამოიღეს. ამ ფაქტის ასახსნელად შეიძლება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა მოვიხმოთ. საქართველოში ხანდაზმული პედაგოგების წილი ძალიან მაღალია, რაც მიწოდების და მოთხოვნის ნაკლებობას შეიძლება იწვევდეს და, ამასთანავე, ამცირებდეს ურთიერთგაგების შესაძლებლობას (ანდღულაძე, 2016).
გოგონებმა განსაკუთრებული ყურადღება საუნივერსიტეტო გარემოსა და სწავლებაზე გაამახვილეს. ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ აირჩიეს თავიანთი უნივერსიტეტი და რამდენად გაუმართლდათ ის მოლოდინები, რომლებიც იქ ჩაბარებამდე ჰქონდათ. ამასთანავე, ხაზი გაუსვეს ლექტორის, როგორც მოტივაციის მომცემი ერთ-ერთი ფაქტორის როლს, თანაკურსელების დამოკიდებულებასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუდენტებთან ურთიერთობას.
რესპონდენტებმა ლექტორები ორ ნაწილად დაყვეს. პირველი კატეგორიის ლექტორები მაქსიმალურად ცდილობენ, ყველა სტუდენტს თანაბრად მიაწოდონ ახალი ინფორმაცია და არც იმას ზარდებიან, რომ ერთიდაიგივე მასალა რამდენჯერმე ახსნან იმისთვის, რომ სტუდენტებმა კარგად გაიგონ მისი არსი. ამასთანავე, სტუდენტთან აუდიტორიის გარეთ კონტაქტსაც არ თაკილობენ. როგორც ჩანს, ლექტორები პირდაპირი თუ ირიბი გზებით სტუდენტების გაძლიერებას უზრუნველყოფენ და მათ პრობლემებს ეცნობიან, ამიტომაც, ზოგჯერ, სტუდენტები ყველაზე მცოდნე და სანდრო დამხმარეებად სწორედ მათ სახავენ. ეს ფაქტი იმითაც აიხსნება, რომ ლექტორებს მათთან ინტერაქციისთვის და ცოდნის გაზიარებისთვის საჭირო პლატფორმა გააჩნიათ (Gerard, 2007). შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მოზარდებს კარიერულ და აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით რჩევის მიღება პროფესორებისგან ურჩევნიათ (Alexitch, 2002).
რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მასში შემავალი ლექტორები, გარდა იმისა, რომ მასალას კარგად ვერ ხსნიან, სტერეოტიპული გამონათქვამებითაც გამოირჩევიან, რითიც გოგონებს აკნინებენ და მათი ტექნიკურ სფეროში ყოფნისადმი აღშფოთებას გამოხატავენ. თუმცა, რამდენიმე რესპონდენტმა ხაზი გასუვა იმასაც, რომ ბევრჯერ უგრძვნია თავი პრივილეგირებულად თავისი გენდერის გამო. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ლექტორის პირდაპირი მოვალეობაა, ისინი ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დამატებითი ძალისხმევა უნდა ჩადონ ყველა დეტალის გაგებაში, კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებისთვის მაინც სჭირდებათ გზამკვლევი, ამ შემთხვევაში - ლექტორი, რომელიც მათთვის საჭირო ძირითად ცნებებს აუხსნის (Mulligan, Kirkpatrick, 2000).
სირთულეებზე საუბრისას, გოგონებმა ის სტერეოტიპები გაიხსენეს, რომლებსაც საკუთარი მომავალი პროფესიის გამო ხვდებიან ყოველდღიურობაში. ყველაზე გავრცელებული შეხედულებით, მათ შესაძლებლობებს ყოველთვის კაცის ტვინთან და უნარებთან ადარებენ და ამბობენ, რომ ბიჭი მეტადაა მიდრეკილი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებისკენ, ვიდრე გოგო, რადგან ქალს არ აქვს იმხელა გონებრივი რესურსი, რამდენიც - მისი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. მოზარდობის ასაკი იდენტობის ფორმირების ძირითადი პერიოდია. ამ დროს სკოლის საგნების ერთგვარი დახარისხება მიმდინარეობს, კერძოდ, მოსწავლეები გარკვეულ საგნებთან იდენტიფიცირებას ახდენენ, ხოლო დანარჩენს - უარყოფენ და ამგვარად აყალიბებენ საკუთარ პიროვნებას. იმის გამო, რომ ზოგიერთი საგანი უფრო მეტად მასკულინური, ხოლო ზოგი - ფემინური ჩანს, არჩევანი მხოლოდ აკადემიურ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე დამოკიდებული აღარ არის (Hannover & Kessels, 2004). ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ არამარტო უცხოსგან, საკუთარი მშობლისგანაც კი მოუსმენია მსგავსი შეხედულება.
გამოიკვეთა, რომ STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონები თავიანთი პროფესიით, უმეტესად, საზოგადოების გაკვირვებას იწვევენ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ხალხი მათგან არ ელის ისეთი საქმის შესრულებას, რომელსაც, უმეტესად, კაცები ასრულებენ. ამ ფაქტს ისიც ცხადყოფს, რომ, მათთან ერთად, სამსახურში უფრო მეტი მამრობითი სქესის წარმომადგენლები მუშაობს, ვიდრე - მდედრობითი. ერთ-ერთმა გოგონამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული მშობლებზე და იმაზე, თუ როგორ აღზრდიან ბავშვს და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებენ. გოგონების უმრავლესობის თქმით, მათ, ასევე, ხშირად ესმით ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, STEM სფეროში მომუშავე ქალს ვერ ექნება პირადი ცხოვრება, არ ეყოლება ოჯახი და შვილები და მხოლოდ სამსახურზე მოუწევს კონცენტრირება, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 150 გოგონა გამოიკითხა. მათი რაოდენობა, ფაკულტეტების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბიოფიზიკა, ბიოქიმია) – 82 გოგონა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინჟინერია - 45 გოგონა, მათემატიკა - 23 გოგონა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეულ მათგანს კითხვარი დაეგზავნა პირადად, მკვლევრის მიერ, შესაბამისად, იმის საფრთხე, რომ კვლევაში მონაწილეობა სამიზნე ჯგუფის გარეთ მყოფ ადამიანს მიეღო, ნაკლები იყო.
რადგანაც რაოდენობრივი ნაწილის მიზანი, თვისებრივის მსგავსად, STEM სპეციალობების სტუდენტი გოგონების ინტერესისა და მოტივაციის შესწავლა და მათი გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა იყო, თავდაპირველად დასმული კითხვებიც პირდაპირ ეხმიანებოდა იმ ძირითად სუბიექტსა და ობიექტს, რომლებმაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მათ არჩევანში. აღმოჩნდა, რომ 34%-სთვის პროფესიის არჩევნის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი საკუთარი სურვილი აღმოჩნდა, 29%-მა ბიძგის მიმცემად ოჯახის წევრი დაასახელა, 15%-მა - სკოლის მასწავლებელი, ხოლო 10%-მა - მეგობარი (იხ. გრაფიკი1). ეს შედეგი ცხადყოფს, რომ „შინაგანი მოტივაცია“ უმთავრესია იმ ფაქტორებთაგან, რომლებიც პიროვნების მიზნის მიღწევისა და წარმატებისკენ სწრაფვას განაპირობებს (Leonard, Barbuto & Scholl, 1998). ამასთანავე, კიდევ ერთხელ ადასტურებს თვისებრივი კვლევის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, ოჯახი, სკოლის მასწავლებლები და მეგობრები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ STEM სფეროთი გატაცებული გოგონების ინტერესებისა და მოტივაციის ფორმირების საქმეში. ლეონარდის კონცეფციის თანახმად, აღნიშნული შედეგი შეიძლება „გარეგან თვით-კონცეფციაზე დაფუძნებული მოტივაციას“ მივაკუთვნოთ, რადგანაც, ამ შემთხვევაში, მოტივაციის წარმმართველი წყარო კონკრეტული ჯგუფის წარმოდგენლები და მათი მითითებებია (Leonard, Barbuto & Scholl, 1998). ამ ჯგუფში იგულისხმება როგორც მშობლები, ოჯახის სხვა წევრები, ისე - მეგობრები, სკოლის მასწავლებლები და ლექტორები.
გრაფიკი 1 – STEM სფეროს არჩევის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი
გარდა ამისა, გამოიყო ის მატერიალური თუ არამატერიალური ფაქტორებიც, რომლებმაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია გოგონების არჩევანზე. მათმა 59%-მა უპირატესობა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სიყვარულს მიანიჭა, 30%-ის თქმით, მათი არჩევნის მიზეზი პერსპექტივა გახდა, 4%-მა მიზეზად საინჟინრო და ტექნოლოგიური პროექტი, 3%-მა კი დედის ან მამის STEM სფეროში მუშაობა დაასახელა(იხ.გრაფიკი2). ამ კონკრეტულ შედეგს შეიძლება „ინსტრუმენტული მოტივაცია“ დავუკავშიროთ, იქიდან გამომდინარე, რომ გოგონებისთვის მათი მოტივაცია რაიმე მანქანა ან ინსტრუმენტია, რომელსაც მივყავართ ისეთ შედეგებამდე, როგორებიცაა: კარგი ქულები, სტაჟირება, სამსახურის შეთავაზებები (Leonard, Barbuto & Scholl, 1998), შესაბამისად, იმ სასურველ მიზნამდე, რომელსაც პერსპექტივა ეწოდება, მისვლა მეტ სტიმულს სძენს მათ.
გრაფიკი 2 - კონკრეტული სპეციალობის არჩევის განმაპირობებელი ფაქტორი
კითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული სპეციალობა (იხ. გრაფიკი 5), ძირითადი მიმართულების სფეროს ინტერესს 51% სრულიად დაეთანხმა, 4%-მა კი მთლიანად უარყო ეს პასუხი. 37%-სთვის ძირითადი სპეციალობის პერსპექტიულობა სრულიად მართალ დაშვებად მიიჩნა, ხოლო 13%-თვის - ნეიტრალურად. 26% თავის სფეროს ფულის შოვნის კარგ საშუალებად ასახელებს, 7% კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ დებულებას. საკმაოდ საინტერესო იყო იმ დაშვებაზე გაცემული პასუხები, რომლის მიხედვითაც, სპეციალობის არჩევის მთავარი მიზეზი კაცობრიობისთვის რაიმე ღირებულის შექმნა იყო. 67% ამ დებულებას დაეთანხმა, 10%-მა ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, ხოლო 7%-მა - უარყო. რაც შეეხება მოტივატორებს (იხ. გრაფიკი 6), მშობლების/ოჯახის წევრების მხარდაჭერა 45%-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, 23%-სთვის - უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უმნიშვნელო, ხოლო 8%-სთვის - უმნიშვნელო. მეგობრების მხარდაჭერას შედარებით ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი ხვდა წილად, ეს ფაქტორი მნიშნელოვნად 25%-მა მიიჩნია, უმნიშვნელოდ კი - 11%-მა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ინტერვიუების დროს რესპონდენტების მხრიდან დასახელდა, იყო წინააღმდეგობა ოჯახის ან საზოგადოების მხრიდან. გამოკითხვის შედეგად, 17% მას მნიშვნელობას ანიჭებს, 36% კი საპირისპირო აზრზეა. საუნივერსიტეტო სწავლებასა და გარემოსთან და ლექტორების კეთილგანწყობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით შედეგები, დაახლოებით, ერთნაირად ნაწილდება და გამოკითხულთა უმრავლესობა მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. იგივე შეიძლება ითქვას სამუშაო გამოცდილებაზეც. ტელისა და ორტიზის (Talley & Ortiz) მიერ ჩატარებულ 2016 წლის ანალოგიური შინაარსის კვლევაში სამუშაო შესაძლებლობები და სახელფასო პირობები პროფესიის არჩევის ერთ-ერთ წამყვან მიზეზებად სახელდება. ამასთანავე, ედზის (Edzie, 2014) კვლევაში მეგობრების ფაქტორი ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებლით შეფასდა, შესაბამისად, დაემთხვა ამ კვლევის შედეგს.
მონაცემების დამუშავების დროს, კროსტაბულაციური ანალიზით დადგინდა, რომ იმ სტუდენტ გოგონათაგან, რომლებიც საკუთარი ძირითადი მიმართულების სფერო პერსპექტივის გამო აირჩიეს, მხოლოდ 17% მუშაობს პროფესიით, 72%-ს კი არასდროს უმუშავია(იხ. გრაფიკი 3). ასევე, მათგან, ვინც სპეციალობა ფულის შოვნის კარგ საშუალებად მიიჩნიეს, 32%-ია დასაქმებული, 54% კი - არა.
გრაფიკი 3 - პერსპექტივისა და დასაქმების ურთიერთკავშირი
რაც შეეხება სპეციალობაზე უარის თქმის სურვილს (იხ. გრაფიკი7), რომელმაც წინა თავშიც გაიჟღერა, აქ შედეგები თითქმის თანაბრად გადანაწილდა. კერძოდ, 47%-მა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს სპეციალობის შეცვლა სურდა, 48%-მა ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო „არ ვიცი“ პასუხი 5%-მა მონიშნა. საინტერესო იყო ის მიზეზებიც (იხ. გრაფიკი 8), რომელთა გამოც გოგონები მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აპირებდნენ. კროსტაბულაციამ აჩვენა, რომ მათგან 38%-ს ეგონა, კონკრეტულ სპეციალობას ვერ დაძლევდა, 34%-ს იმის შიში ჰქონდა, რომ საკუთარი პროფესიით მუშაობას ვერ შეძლებდა. ასევე, საუნივერსიტეტო სწავლებით უკმაყოფილება მიზეზად 31%-მა დაასახელა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უნდა გამოიყოს, არის სტერეოტიპების გავლენა გოგონებზე. მათმა 49%-მა დაადასტურა, რომ პროფესიის არჩევის კუთხით გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს წააწყდნენ, 41%-მა კი აღნიშნული უარყო (იხ. გრაფიკი4). თუმცა, მასთან ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის მეორე კითხვის პასუხები, რომლის თანახმადაც, მხოლოდ 29%-ს უგრძვნია საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება, 63%-ს კი - არა. ამ ორ კითხვას მოჰყვებოდა იმ სტერეოტიპული გამონათქვამების ჩამონათვალი, რომლებიც რესპონდენტებს ერთხელ მაინც მოუსმენიათ. შემდეგ, გაკეთდა კროსტაბულაციური ანალიზი და გაირკვა, რომ იმ გოგონებს, რომლებიც გამხდარან სტერეოტიპების მსხვერპლნი, ყველაზე მეტი ინტენსივობით გაგონილი აქვთ შემდეგი სტერეოტიპი - "კაცის ტვინი მაინც სულ სხვაა, კაცებს უფრო აქვთ მათემატიკური აზროვნება".
გრაფიკი 4 - საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გავლენა გოგონებზე STEM პროფესიის არჩევის დროს
კვლევის ერთ-ერთი ჰიპოთეზის შესამოწმებლად და გოგონების ინტერესებსა და მოტივაციას შორის კავშირის დასანახად, საჭირო გახდა ინტერესისა და მოტივაციის გამომწვევი ფაქტორების ჩამონათვლებს შორის კორელაციური ანალიზის გაკეთება. რადგანაც Q_6 და Q_7 რიგის სკალის ცვლადები იყო და მიმართულებებიც მსგავსი ჰქონდა, კერძოდ, Q_6-ის შემთხვევაში, 1 = სრულებით მცდარს, ხოლო 7 = სრულებით მართალს, Q_7-ის შემთხვევაში კი 1 = სრულებით უმნიშვნელოს, ხოლო 7 = სრულებით მნიშვნელოვანს, მათ შორის კავშირის დასადგენად, შეიქმნა ორივე ცვლადის ინდექსი. შემდგომ, ამ ინდექსებს შორის გაკეთდა კორელაცია, რომელმაც აჩვენა, რომ კავშირი, მართალია სუსტია, მაგრამ არსებობს და Sig = 0,01. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული ბივარიაციული კორელაცია ჩატარდა პირსონის კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც რაოდენობრივ ცვლადებს შორის წრფივი კავშირის სიძლიერეს და მის მიმართულებას ზომავს. იმის მიუხედავად, რომ Q_6 და Q_7 ცვლადების დებულებები რიგის სკალის იყო, მათი დაჯამების შედეგად წარმოქმნილი ინდექსები გახდა რაოდენობრივი და მასზე დატანილ ქულებს, ამ შემთხვევაში, არანაირი სიტყვიერი დატვირთვა არ აქვს. ეს ქულები გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რამდენმა რესპონდენტმა დააფიქსირა ყველა დებულებაზე 1, ან - 7 და ა.შ. მაგალითად, Q_6 ინდექსი გვიჩვენებს, რომ 3-მა რესპონდენტმა 10-ივე დებულებაზე 7= „სრულებით მართალი“ მონიშნა, ხოლო 1-მა რესპონდენტმა ყველა დებულება 1 = „სრულებით მცდარი“-თ შეაფასა. Q_7 ინდექსის შემთხვევაში, 4-მა ადამიანმა ყველა დებულებას 7 ქულა = „სრულებით მნიშვნელოვანი“ მიანიჭა, 1 ქულა = „სრულებით უმნიშვნელო“ კი ყველა დებულებაზე 3-მა გოგონამ მონიშნა. ამ ორი ინდექსის შესადარებლად, დაითვალა თითოეულის საშუალო და აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანში ჩამოთვლილი დებულებები თითქმის ერთნაირი ქულებით შეფასდა: MeanQ_6 ინდექსი = 55, MeanQ_7 ინდექსი = 54.
დასკვნა
კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ გოგონებისთვის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც პროფესიის არჩევის დროს მათ STEM-ის სპეციალობების დაუფლებისა და ამ სფეროში კარიერის შექმნისკენ უბიძგებს, საკუთარი სურვილი და ინტერესია. როგორც აღმოჩნდა, ეს ინტერესი სხვადასხვა წყაროდან იღებს სათავეს. თვისებრივი და რაოდენობრივი მიდგომების კომბინაციამ ცხადყო, რომ ოჯახის წევრების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გოგონების მათემატიკური და მეცნიერული აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, რადგან სწორედ მშობლების ყურადღება და ხელშეწყობა ხდება სამიზნე ჯგუფის მომავალი პროფესიული წარმატების საწინდარი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოჯახი მათ მიმართ ყოველთვის მხარდამჭერი არ არის და წინააღმდეგობაშიც კი მოდის მათ გადაწყვეტილებასთან, თუმცა, ეს ფაქტი, უმეტესად, სტიმულის მიმცემი ხდება.
სიღრმისეულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ გოგონების თავდაჯერებულობაზე მეგობრების ფაქტორს საკმაოდ ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან ისინი ყველაზე კარგად ახერხებენ, რესპონდენტები წაახალისონ და საკუთარ შესაძლებლობებში დააჯერონ. მიუხედავად ამისა, გამოკითხვის შედეგებმა ეს ფაქტორი არც ისე მნიშვნელოვნად მიიჩნია და აღნიშნული როლი სკოლის მასწავლებლებსა და ლექტორებს დააკისრა. ოჯახის შემდეგ, მასწავლებლები ხდებიან ის მოტივატორები, რომლებიც გოგონების STEM კარიერას უზრუნველყოფენ. დადასტურდა, რომ კარგ მასწავლებელს და ლექტორს, რომელიც ყურადღებით ეკიდება მოსწავლისა და სტუდენტის ინტერესებსა და შესაძლებლობებს და ცდილობს, სრულყოფილად მიაწოდო საჭირო მასალა, შეუძლია კონკრეტული საგანი შეაყვაროს მას, რაც, თავის მხრივ, მოქმედებს კიდეც გოგონების პროფესიულ არჩევანზე. რაოდენობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 59%-მა STEM სპეციალობა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სიყვარულის გამო აირჩია. ამასთან ერთად, ერთ-ერთ მოტივატორად საუნივერსიტეტო გარემო და ადმინისტრაცია დასახელდა.
კიდევ ერთი ძირითადი შედეგი, რომელიც ორივე მიდგომის პროცესის დროს გამოიყო, გოგონების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ჰიპოთეზა, რომელიც სტერეოტიპების გავლენას რესპონდენტებზე უმნიშვნელოდ მიიჩნევდა, თვისებრივი კვლევის დროს დადასტურდა, რადგანაც რესპონდენტების სრულმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სტუდენტობის პერიოდში არცერთხელ უნანიათ საკუთარი გადაწყვეტილება და სდომებიათ პროფესიის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპული გამონათქვამები არაერთხელ სმენიათ როგორც საზოგადოების, ისე ოჯახის წევრების მხრიდან. რაც შეეხება რაოდენობრივ ნაწილს, აქ გოგონების 49%-მა დაადასტურა, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს საკუთარი სპეციალობის გამო სტერეოტიპების მსხვერპლი გამხდარა, 47%-მა კი აღნიშნა, რომ პროფესიის შეცვლაზე უფიქრია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ, მათი თქმით, ამის მიზეზი სტერეოტიპები ნაკლებად ყოფილა, ამიტომ მათი გავლენა არც ისე ძლიერი იყო.
აღნიშნული თემა აქამდეც ყოფილა შესწავლილი, თუმცა, ძირითადად, გენდერულ ჭრილში, იმ მოტივაციების და ინტერესების გამომწვევი ფაქტორების კვლევა კი, რომლებიც გოგონების პროფესიულ არჩევანს განაპირობებს, ქართულ რეალობაში არ ჩატარებულა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ნაშრომისთვის ერთგვარ სტიმულსაც წარმოადგენდა. გარდა ამისა, კვლევამ სხვა ბევრ საინტერესო მიგნებასთან მიგვიყვანა. მაგალითად, გამოიკვეთა, რომ დედებს ბევრად ძლიერი გავლენა აქვთ ქალიშვილებზე, ვიდრე მამებს და, გოგონები, სპეციალობის არჩევის დროს, ხშირად, წინააღმდეგობას სწორედ მათგან აწყდებიან.
გამოყენებული ლიტერატურა
ანდღულაძე, ნ. (2016). მასწავლებლის შეფასება საქართველოში პროფესიული კაპიტალის პერსპექტივიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
Alexitch, L. R. (2002). The Role of Help-Seeking Attitudes and Tendencies in Students' Preferences for Academic Advising. Journal of College Student Development, 43(1), 5-19.
Bandura, A., & Walters, R. H. (1963). Social learning and personality development. New York, Holt, Rinehart and Winston;
Barbuto, J. E., & Scholl, R. W. (1998). Motivation sources inventory: development and validation of new scales to measure an integrative taxonomy of motivation. Psychological Reports, 82, 1011–1022;
Bleeker, M. M., & Jacobs, J. E. (2004). Achievement in math and science: Do mothers' beliefs matter 12 years later?. Journal of Educational Psychology, 96(1), 97;
Campbell, D. T., & Fiske, D. W. (1959). Convergent and discriminant validation by the multitrait-multimethod matrix. Psychological bulletin, 56(2), 81;
Cohen, P. A., Kulik, J. A., & Kulik, C. L. C. (1982). Educational outcomes of tutoring: A meta-analysis of findings. American educational research journal, 19(2), 237-248;
David, E. M., Ball, J. S., Davies, J. & Reay, D. (2003). Gender Issues in Parental Involvement in Student Choices of Higher Education, Gender and Education, 15(1), 21-36
Edzie, R. L. (2014). Exploring the factors that influence and motivate female students to enroll and persist in collegiate STEM degree programs: A mixed methods study. Lincoln: University of Nebraska;
Frome, P. M., & Eccles, J. S. (1998). Parents' influence on children's achievement-related perceptions. Journal of personality and social psychology, 74(2), 435.
Gay, P., Javakhishvili, N., & Shubitidze, G. (2014). Studies of Labor Demand, Barriers to Participation in STEM Education Programs and Occupations in Georgia.: Millennium Challenge Corporation;
Gunderson, E. A., Ramirez, G., Levine, S. C., & Beilock, S. L. (2012). The role of parents and teachers in the development of gender-related math attitudes. Sex roles, 66(3-4), 153-166.
Hannover, B., & Kessels, U. (2004). Self-to-prototype matching as a strategy for making academic choices. Why high school students do not like math and science. Learning and instruction, 14(1), 51-67.
Hooley, T., Hutchinson, J., & Neary, S. (2012). Supporting STEM students into STEM careers: A practical introduction for academics. International Centre for Guidance Studies. Kedleston Road: University of Derby;
Madara, S. D., Namago, S. (2016). Perceptions of Female High School Students on Engineering. Journal of Education and Practice. Vol.7, (25);
Modi, K., Schoenberg, J., & Salmond, K. (2012). Generation STEM: what girls say about science, technology, engineering, and math, New York: Girl Scout Research Institute;
Moss-Racusin, C. A., Dovidio, J. F., Brescoll, V. L., Graham, M. J., & Handelsman, J. (2012). Science faculty’s subtle gender biases favor male students. Proceedings of the National Academy of Sciences, 109(41), 16474-16479;
Mulligan, D., & Kirkpatrick, A. (2000). How much do they understand? Lectures, students and comprehension. Higher Education Research & Development, 19(3), 311-335;
Norman, D. (1978). The research act: a theoretical introduction to sociological methods. New York: Routledge;
Ong, M., Wright, C., Espinosa, L. L., & Orfield, G. (2011). Inside the double bind: a synthesis of empirical research on undergraduate and graduate women of color in science, technology, engineering and mathematics. Harvard Educational Review, 81, 172;
Roscoe, R. D., & Chi, M. T. (2008). Tutor learning: The role of explaining and responding to questions. Instructional Science, 36(4), 321-350;
Scholl, R. W. (2015). Work motivation overview. Retrieved October, 15, 2015.
Tsupros, N., Kohler, R., & Hallinen, J. (2009). STEM education: A project to identify the missing components. Intermediate Unit, 1, 11-17.