heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 2 დეკემბერი 2015

ოჯახების გაძლიერების პრევენციული როლი ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკაში
სალომე ნამიჭეიშვილი

რეზიუმე

კვლევის მიზანია, შევაფასოთ, საქართველოში რამდენად შეძლო, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმამ ეპასუხა არსებული გამოწვევებისათვის; ბავშვების მშობლებისაგან განცალკევების პრევენციისა და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაციის მიმართულებით. კვლევის ფარგლებში შემუშავდა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მიმდინარე ეტაპზე გასათვალისწინებელი საჯარო პოლიტიკის რეკომენდაციები.
კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ: ა) დოკუმენტების ანალიზი; ბ) ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც ჩატარდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის სოციალური მომსახურების მენეჯერებთან, პრაქტიკოსებთან და ბენეფიციარებთან; გ) ექსპერტული ინტერვიუები განხორციელდა ბავშვზე ზრუნვის სფეროს ექსპერტებთან, კერძოდ, მთავრობის წარმომადგენლებთან, პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემქმნელებსა და გადაწყვეტილების მიმღებებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
კვლევამ გამოავლინა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ხარვეზები, ბავშვის ოჯახისაგან განცალკევების პრევენციის თვალსაზრისით, ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის ნეგატიური დისკრიმინაციის პრობლემა, მომსახურების დეცენტრალიზაციის საჭიროება, ინსტიტუციური ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების სიმწირე და დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებათა შექმნა/განვითარების საჭიროება.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საჯარო პოლიტიკის რეკომენდაციები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოღვაწე ძირითადი დაინტერესებული პირების კოორდინაცია; ოჯახის მხარდამჭერ და დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებათა განვითარება; სფეროში მოქმედი დაინტერესებული პირების ცოდნისა და უნარების გაძლიერება; სამიზნე ჯგუფების წარმომადგენელთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ბავშვის ბიოლოგიური ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაზრდა.

საკვანძო სიტყვები: ბავშვთა კეთილდღეობა; ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება; სოციალური მუშაკი; სოციალური დაცვა; ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენცია; საჯარო პოლიტიკა.

Abstract

The study was to assess whether the Child Welfare Reform was able to respond to the existing challenges concerninig prevention of child-parents separation and reintegration of children from state care back to their families. The research aimed at elaboration of public policy recommendations due to be considered at the ongoing stage of the child welfare re-form.

The study used qualitative methods of research - a) documantation analysis; b) focus groups with representatives of governmental and non-governmental social services and service users; c) in-depth interviews with child care experts.

The research has revealed flaws in the child welfare system with regard of prevention of child-family separation, nega-tive discrimination of child's biological family, need for decentralization of the services, lack of family and community based services alternative to institutional care and employment support services creation/development need.

Based on the results of the study public policy recommendations were developed with regard to main stakeholders co-ordination in child welfare field; family support and employment support service development; stakeholders’ knowledge and skills development; and the target groups’ participation in the decision-making process. One of the recommendations was to increase social assistance to children’s biological families.

Keywords: Falkland’s conflict, political elites, diversionary war, public opinion 

1. შესავალი

2012 წლის 24 აპრილს დამტკიცდა „ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს, გააგრძელოს 2008-2011 წლებში განხორციელებული ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის კურსი და ხელი შეუწყოს განსაკუთრებით, მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას. გეგმის მიხედვით, დღესაც მიმდინარეობს რეფორმა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. რეფორმის არსი იყო და არის ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია, რაც გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და თემზე დაფუძნებულ ზრუნვაზე გადასვლას.
რეფორმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ინსტიტუციური ზრუნვა არ შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და უგულებელყოფს ბავშვის უფლებას, იზრდებოდეს ოჯახში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში (OHCHR, 1989). რეფორმის პროცესში სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ოჯახსა და თემზე დაფუძნებულ ალტერნატიულ ზრუნვაზე გადასვლისათვის საკმარისი ძალისხმევის უზრუნველყოფა, იმ პირობებში, როცა დიდ ინსტიტუციებზე უარის თქმით დაიკარგა, დიდი მასშტაბიდან გამომდინარე, ეკონომიის შესაძლებლობა.
რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბავშვების მშობლებისგან განცალკევების პრევენცია იყო ადეკვატური მხარდაჭერით; ბავშვების მშობლებთან რეინტეგრაციითა და მათი ოჯახების გაძლიერებით. ამასთანავე, რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენდა როგორც ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვისა და მომსახურების მიწოდების გაზრდა, ისე ზრუნვის სისტემიდან გასვლისთვის (გადასვლა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე) ახალგაზრდების მომზადება, მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობით.
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ინსტიტუციური ზრუნვის გრძელვადიანი გავლენა ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე ვლინდება 18 წლის შემდეგაც (Browne, 2009). ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ინსტიტუციებში, არ უყალიბდებათ უწყვეტი მიჯაჭვულობის გრძნობა ძირითად მზრუნველთან ამ ტიპის ზრუნვის ფორმისთვის დამახასიათებელი რიგიდულობისა და არაინდივიდუალური გარემოს გამო (J. Williamson, 2010).
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაცული უნდა იყოს ოჯახის მხარდაჭერით. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება აძლიერებს და ინარჩუნებს ოჯახის მთლიანობას. მას შეუძლია მშობლების კომპეტენციების ჩამოყალიბება და ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაზრდა, რაც აისახება ბავშვების მდგომარეობაზე (EuroChild, 2013). ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ეფექტიანობის მტკიცებულებები ძირითადად მოიპოვება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. მათი დადებითი გავლენა დასტურდება დაბადების რეგისტრაციაზე, ბავშვთა შრომაზე, ბავშვთა ქორწინებასა და ოჯახების დაშლის პრევენციაზე. ამასთანავე, სიღარიბის შემცირების სტრატეგიებს გავლენა აქვთ ბავშვთა ძალადობის შემცირებაზე (Barrientos A.J., 2013). ხანგრძლივ პერიოდში დაკვირვების მეთოდით განხორციელებულმა ნორვეგიულმა კვლევამ (NOVA, 2009) აჩვენა, რომ სიღარიბე ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებასა და მშობლობაზე, რაც საჭიროს ხდის ოჯახის მხარდამჭერი საჯარო პოლიტიკის არსებობას.
საზოგადოებისათვის საინტერესოა, საქართველოში რამდენად შეძლო რეფორმამ, ეპასუხა არსებული გამოწვევისათვის და დაეკმაყოფილებინა ის საჭიროება, რამაც სათავე დაუდო ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარების რეფორმას. კერძოდ, კვლევის კითხვები უკავშირდება რეფორმის იმ მიმართულების ეფექტიანობას, რომელიც ეხებოდა პრევენცია/რეინტეგრაციასა და ოჯახების გაძლიერებას. ჰქონდა თუ არა და რა ხარვეზები ახალ სისტემას გამოყენებული რესურსების, დამკვიდრებული პროცესებისა და შექმნილი მომსახურებების თვალსაზრისით? ამ კითხვების საპასუხოდ კვლევამ მიზნად დაისახა, შეეფასებინა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება – პრევენცია/რეინტეგრაცია და ოჯახების გაძლიერება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ძირითადი საჭიროებები და ჩამოყალიბდა რეკომენდაციები ბავშვთა დაცვის არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. გამოყენების თვალსაზრისით, კვლევა ნიშანდობლივია სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატობისას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.
წინამდებარე სტატია სამი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი მოიცავს დოკუმენტების ანალიზს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ამ ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღირებულებებს, უფლებადაცვით დოკუმენტებსა და კარგ პრაქტიკებს გულისხმობს ბავშვთა კეთილდღეობის დაცვა თანამედროვე ეტაპზე; მეორე ნაწილი აღწერს კვლევის მეთოდებს; მესამე ნაწილში კი მოცემულია კვლევის შედეგები და მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება დღევანდელი პრაქტიკა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს იმ საერთაშორისო სტანდარტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ უფლებების დაცვას, რომლებსაც საქართველოც აღიარებს.
2012 წლის 24 აპრილს დამტკიცდა „ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს, გააგრძელოს 2008-2011 წლებში განხორციელებული ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის კურსი და ხელი შეუწყოს განსაკუთრებით, მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას. გეგმის მიხედვით, დღესაც მიმდინარეობს რეფორმა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. რეფორმის არსი იყო და არის ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია, რაც გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და თემზე დაფუძნებულ ზრუნვაზე გადასვლას.
რეფორმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ინსტიტუციური ზრუნვა არ შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და უგულებელყოფს ბავშვის უფლებას, იზრდებოდეს ოჯახში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში (OHCHR, 1989). რეფორმის პროცესში სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ოჯახსა და თემზე დაფუძნებულ ალტერნატიულ ზრუნვაზე გადასვლისათვის საკმარისი ძალისხმევის უზრუნველყოფა, იმ პირობებში, როცა დიდ ინსტიტუციებზე უარის თქმით დაიკარგა, დიდი მასშტაბიდან გამომდინარე, ეკონომიის შესაძლებლობა.
რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბავშვების მშობლებისგან განცალკევების პრევენცია იყო ადეკვატური მხარდაჭერით; ბავშვების მშობლებთან რეინტეგრაციითა და მათი ოჯახების გაძლიერებით. ამასთანავე, რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენდა როგორც ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვისა და მომსახურების მიწოდების გაზრდა, ისე ზრუნვის სისტემიდან გასვლისთვის (გადასვლა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე) ახალგაზრდების მომზადება, მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობით.
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ინსტიტუციური ზრუნვის გრძელვადიანი გავლენა ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე ვლინდება 18 წლის შემდეგაც (Browne, 2009). ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ინსტიტუციებში, არ უყალიბდებათ უწყვეტი მიჯაჭვულობის გრძნობა ძირითად მზრუნველთან ამ ტიპის ზრუნვის ფორმისთვის დამახასიათებელი რიგიდულობისა და არაინდივიდუალური გარემოს გამო (J. Williamson, 2010).
ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაცული უნდა იყოს ოჯახის მხარდაჭერით. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება აძლიერებს და ინარჩუნებს ოჯახის მთლიანობას. მას შეუძლია მშობლების კომპეტენციების ჩამოყალიბება და ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაზრდა, რაც აისახება ბავშვების მდგომარეობაზე (EuroChild, 2013). ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ეფექტიანობის მტკიცებულებები ძირითადად მოიპოვება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. მათი დადებითი გავლენა დასტურდება დაბადების რეგისტრაციაზე, ბავშვთა შრომაზე, ბავშვთა ქორწინებასა და ოჯახების დაშლის პრევენციაზე. ამასთანავე, სიღარიბის შემცირების სტრატეგიებს გავლენა აქვთ ბავშვთა ძალადობის შემცირებაზე (Barrientos A.J., 2013). ხანგრძლივ პერიოდში დაკვირვების მეთოდით განხორციელებულმა ნორვეგიულმა კვლევამ (NOVA, 2009) აჩვენა, რომ სიღარიბე ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებასა და მშობლობაზე, რაც საჭიროს ხდის ოჯახის მხარდამჭერი საჯარო პოლიტიკის არსებობას.
საზოგადოებისათვის საინტერესოა, საქართველოში რამდენად შეძლო რეფორმამ, ეპასუხა არსებული გამოწვევისათვის და დაეკმაყოფილებინა ის საჭიროება, რამაც სათავე დაუდო ალტერნატიული ზრუნვის სისტემის განვითარების რეფორმას. კერძოდ, კვლევის კითხვები უკავშირდება რეფორმის იმ მიმართულების ეფექტიანობას, რომელიც ეხებოდა პრევენცია/რეინტეგრაციასა და ოჯახების გაძლიერებას. ჰქონდა თუ არა და რა ხარვეზები ახალ სისტემას გამოყენებული რესურსების, დამკვიდრებული პროცესებისა და შექმნილი მომსახურებების თვალსაზრისით? ამ კითხვების საპასუხოდ კვლევამ მიზნად დაისახა, შეეფასებინა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება – პრევენცია/რეინტეგრაცია და ოჯახების გაძლიერება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ძირითადი საჭიროებები და ჩამოყალიბდა რეკომენდაციები ბავშვთა დაცვის არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. გამოყენების თვალსაზრისით, კვლევა ნიშანდობლივია სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატობისას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.
წინამდებარე სტატია სამი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი მოიცავს დოკუმენტების ანალიზს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ამ ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღირებულებებს, უფლებადაცვით დოკუმენტებსა და კარგ პრაქტიკებს გულისხმობს ბავშვთა კეთილდღეობის დაცვა თანამედროვე ეტაპზე; მეორე ნაწილი აღწერს კვლევის მეთოდებს; მესამე ნაწილში კი მოცემულია კვლევის შედეგები და მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება დღევანდელი პრაქტიკა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს იმ საერთაშორისო სტანდარტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ უფლებების დაცვას, რომლებსაც საქართველოც აღიარებს.

2. დოკუმენტების ანალიზი

2.1. ბავშვის ოჯახისაგან განცალკევება
2.1.1. ოჯახისაგან განცალკევების მიზეზები

ხშირად სხვადასხვა სოციალური ფაქტორი, მათ შორის, ოჯახური და საზოგადოებრივი სტრესორების კომბინაცია, განაპირობებს ბავშვების მშობლებისგან განცალკევებასა და მათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მოხვედრას. ეს ფაქტორებია: მშობლების, ასევე, ბავშვის გარშემო სხვა მზრუნველის არარსებობა, სიღარიბე, უმუშევრობა, უსახლკარობა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახის შემადგენლობის შეცვლა (განქორწინება, მშობლის მეორე ქორწინება), ეთნიკური წარმომავლობა, ოჯახის მიგრაცია, ძალადობა ოჯახში, ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობა და ბავშვის ასოციალური ქცევა. ამ ფაქტორებს შორის, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობა სახელდება. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები 17-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ხვდებიან ინსტიტუციებში, ვიდრე ჯანმრთელი ბავშვები (Palayret, 2012).
ბავშვის უფლებებზე ზემოაღნიშნული ფაქტორების ნეგატიური გავლენების ნიველირება სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა თანმიმდევრული ოჯახის გაძლიერების პოლიტიკის დანერგვით (UNICEF, 2010). სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს 24 საათიან ზრუნვაში ბავშვების განთავსების საფუძვლების დაცვა. 24 საათიან ზრუნვაში ბავშვის განთავსების ლეგიტიმური საფუძვლები, ძირითადად, შემდეგია: ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, ან რისკის წინაშე; ბავშვი მიტოვებულია ან ორივე მშობლით ობოლია და არ არსებობს ისეთი პირი, რომელიც იზრუნებს მასზე. სიღარიბის, გაბატონებული ცრურწმენების, შეზღუდული შესაძლებლობისა და სოციალური გარიყულობის გამო არ უნდა ხდებოდეს ბავშვის ოჯახისგან განცალკევება. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების, ფინანსური ტრანსფერების, სოციალური საცხოვრისისა და სიღარიბის დაძლევის სხვა ზომების მეშვეობით ოჯახებმა უნდა შეძლონ, გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს.

2.1.2. ოჯახისგან განცალკევებულ ბავშვებზე ზრუნვის ფორმები

ინსტიტუციური ზრუნვა
დღესდღეობით თანხმდებიან იმაზე, რომ ინსტიტუციური ზრუნვა არ შეესაბამება უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას (Parker, 2011). ინსტიტუციური ზრუნვის კულტურისთვის დამახასიათებელია შემდეგი ელემენტები: დეპორსონალიზაცია, მკაცრი რუტინები, კოლექტიური მოპყრობა და სოციალური გაუცხოება. რაც უფრო დიდი ზომის არის დაწესებულება, ბავშვებს ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფრო ნაკლები შანსები აქვთ (Costa, 2012). 

ინსტიტუციური ზრუნვის გავლენა გრძელვადიანია და მისი ეფექტები ვლინდება 18 წლის შემდეგაც, როდესაც გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები იჩენს თავს, განათლების მიღებისას და დასაქმებისას (Mare, 2006). ხშირია სკოლის მიტოვება, დაუსაქმებლობა, უსახლკარობა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა, რაც, თავის მხრივ, სიღარიბესა და სოციალურ გარიყულობას განაპირობებს.
ინსტიტუციური ზრუნვა, რომელშიც ასევე იგულისხმება მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ბავშვებისთვის უნდა იყოს უკიდურესი ზომა (COUNCIL OF EUROPE, 2005).

ზრუნვის ალტერნატიული ფორმები
ოჯახისგან განცალკევებული ბავშვებისათვის ინსტიტუციური ზრუნვის ალტერნატივაა ოჯახსა და თემზე დაფუძნებული ზრუნვა (ნათესაური მინდობით აღზრდა ; მინდობით აღზრდა ; ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის სხვა სახეები; ზედამხედველობის ქვეშ ნახევრად დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი ცხოვრების ფორმები). 

ერთი მხრივ, რეზიდენტული ზრუნვა, რომელიც ერთი ინსტიტუციის ფარგლებში ბევრ ბავშვს ემსახურება, უფრო იაფი ჯდება ვიდრე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები, თუმცა ამ შემთხვევაში ზრუნვის სტანდარტების ხარისხი და ბავშვის ფუნდამენტური უფლებები არ არის გათვალისწინებული (Costa, 2012). მეორე მხრივ, დაბალი ხარისხის ინსტიტუციური ზრუნვა სახელმწიფოს გრძელ ვადაში უფრო ძვირი უჯდება სოციალური კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და საჯარო უსაფრთხოების ხარჯების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ხარისხის ოჯახსა და თემზე დაფუძნებული მომსახურება ძვირია, კომპლექსური და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის პრიორიტეტი უნდა მიეცეს ბავშვის ცხოვრების ხარისხს (Costa, 2012). ამავე დროს, ბავშვთა მომსახურებების რეფორმა, რომელიც აქცენტს აკეთებს ადრეულ ინტერვენციაზე, ოჯახის მხარდაჭერასა და რეინტეგრაციაზე, საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, დაზოგოს დანახარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში (Costa, 2012). 

2.2. ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენცია და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია

ბავშვზე ზრუნვის სისტემის მთავარი მიზანია ბიოლოგიური ოჯახისგან ბავშვების განცალკევების პრევენცია. ბავშვის ოჯახისგან განცალკევების მთავარი ამოცანა კი მათი კვლავ ოჯახში რეინტეგრაციაა (Costa, 2012).

2.2.1. ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკებიბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს დაცული ბავშვის ოჯახის მხარდაჭერით (მე-18 მუხლი). კონვენციის მე-9 მუხლი ხაზს უსვამს ოჯახში ცხოვრების უპირატესობას. 27-ე მუხლი აღნიშნავს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს ბავშვიანი ოჯახები მატერიალური დახმარებითა და მხარდაჭერის პროგრამებით. მე-19 მუხლის თანახმად, ბავშვის უფლება დაცული უნდა იყოს ყველა ტიპის ძალადობისგან, აქ ყურადღება გამახვილებულია ისეთი სოციალური პროგრამების დანერგვის აუცილებლობზე, რომელთა მიზანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად. 

სახელმწიფოსა და ოჯახს შორის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია ბავშვის უფლებების რეალიზებისათვის. ეს უფლებები უნივერსალურია და მოიცავს ბავშვის განვითარების ყველა ეტაპს. მხარდაჭერა განსაკუთრებით ეფექტიანია ბავშვის ადრეული განვითარებისა და მოზარდობის ეტაპზე (OHCHR, 1989).
ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკისთვის ცენტრალურია პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერა. პოზიტიური მშობლობა ეფუძნება რა ბავშვის უფლებების აღიარებას, გულისხმობს ბავშვზე ზრუნვას, ზედამხედველობას, გაძლიერებასა და არაძალადობრივ აღზრდას (Council of Europe, 2006).
ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკაში მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული საზოგადოების ჩამოყალიბების პრინციპი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ინვესტიციას ბავშვიან ოჯახებში. ევროპული მიდგომები აქცენტს აკეთებს, ერთი მხრივ, უნივერსალური პოლიტიკების არსებობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, დამატებითი მიზნობრივი პოლიტიკების შემუშავებაზე, რომლებიც ორიენტირებულია მოწყვლად მოსახლეობაზე (Council of Europe, 2006).
ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკების ამოცანები შემდეგია: შრომის ბაზარზე მშობლების მონაწილეობის მხარდაჭერა; ადრეული ბავშვობის პერიოდში ინვესტირება; ადეკვატური ცხოვრების სტანდარტების შეთავაზება ოჯახებისთვის სხვადასხვა ბენეფიტის კომბინირების მეშვეობით; ბავშვების მხარდაჭერა მონაწილეობა მიიღონ თამაშში, კულტურულ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში; ოჯახის მხარდამჭერი და ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების გაძლიერება (Council of Europe, 2006).

2.2.2. ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება
ოჯახის მხარდამჭერი მომსახურება აძლიერებს და ინარჩუნებს ოჯახის მთლიანობას. მას შეუძლია მშობლების კომპეტენციების ჩამოყალიბება და ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაზრდა, რაც აისახება ოჯახში ბავშვების მდგომარეობაზე (EuroChild, 2013). ამ ტიპის მომსახურების მიმართულებებია მშობლების განათლება, ბავშვზე ზრუნვაში, დღის განმავლობაში დახმარება, ოჯახებისთვის სამართლებრივი კონსულტაციები, ოჯახის/ინდივიდუალური თერაპიული მხარდაჭერა და მომსახურებებთან დაკავშირება. 

ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ეფექტიანობის მტკიცებულებები, ძირითადად, მოიპოვება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. მათი დადებითი გავლენა დასტურდება დაბადების რეგისტრაციაზე, ბავშვთა შრომაზე, ბავშვთა ქორწინებასა და ოჯახების დაშლის პრევენციაზე. ამასთანავე, სიღარიბის შემცირების სტრატეგიებს გავლენა აქვთ ბავშვთა ძალადობის შემცირებაზე (Barrientos A.J., 2013).

2.2.3. ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა სოციალური დაცვის კონტექსტში
მშობლობა განსაკუთრებით რთულდება სოციალური გარიყულობის რისკების არსებობისას. ამდენად, ოჯახებისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური უფლებების გარანტიები. გაეროს ბავშვთა ფონდი ცენტრალურ ადგილს ანიჭებს ოჯახისა და მშობლობის მხარდაჭერას სოციალური დაცვის დღის წესრიგში. ფონდის მიხედვით, სოციალური დაცვა განისაზღვრება როგორც „საჯარო და კერძო პოლიტიკებისა და პროგრამების ერთობლიობა, რომელთა მიზანია პრევენცია, სიღარიბისა და დეპრივაციის გამომწვევი ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობის შემცირება და აღმოფხვრა“ (UNICEF, 2012). სოციალური დაცვის უფლებას ფონდი განმარტავს, როგორც საბაზისო შემოსავალზე, ჯანდაცვის ძირითად მომსახურებებზე, თავშესაფარსა და საცხოვრისზე, წყლისა და სანიტარულ პირობებზე, საკვებსა და განათლების ყველაზე საბაზისო ფორმებზე ხელმისაწვდომობის უფლებას.

უკვე დიდი ხანია არსებობს სოციალური დაცვის მოქმედი სისტემები, მაგრამ, ძირითადად, შედარებით განვითარებულ ქვეყნებში. დღესდღეობით გამოცდილება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია, სოციალური დაცვის გარკვეული ფორმა არსებობდეს ყველა ქვეყანაში (Global Coalition for Social Protection Floors, 2014).
დღეს იცვლება დისკურსი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით არა მარტო განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც. უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ სოციალური უთანასწორობა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ძირითადი საფრთხეა. სოციალური სამართლიანობის არგუმენტები მომგებიანი ხდება როგორც პოლიტიკურ, ისე აკადემიურ დისკუსიებში (Krugman, 2014). სოციალური დაცვის პროგრამები უღარიბესი ქვეყნებისთვისაც კი ხელმისაწვდომია, რამდენადაც ისინი არა მარტო სიღარიბის დაძლევაშია ეფექტური, არამედ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაშიც (THE ROLE OF EMPLOYMENT AND SOCIAL PROTECTION MAKING ECONOMIC GROWTH MORE PRO-POOR, 2009). არგუმენტები სოციალური პროგრამების პრიორიტეტის წინააღმდეგ (მომჭირნეობის, მთავრობის ფისკალური პასუხისმგებლობის და ა. შ.) არარელევანტურია იმ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში, რომელიც ეკონომიკაში ხასიათდება დეფლაციური და ზრდის ტემპის შენელების ტენდენციებით (Dorfman, 2014). ამ სივრცეში ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა სოციალური პროგრამების გაფართოებისათვის არა მარტო შესაძლებელი, არამედ სასურველიცაა, ეკონომიკური ზრდისათვის.

2.3. ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში რეფორმამდე ზრუნვის ყველაზე ეფექტიან ფორმად დიდი ზომის ინსტიტუციები ითვლებოდა. ამ დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების 90%-ზე მეტი სიღარიბისა და მისგან წარმოქმნილი პრობლემების, შეზღუდული შესაძლებლობისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების არარსებობის გამო მოხვდა. ამ ბავშვთა მხოლოდ 10 %-ზე ნაკლები იყო ორივე მშობლით ობოლი. როგორც ზემო თავებშია განხილული, ქვეყნებში, სადაც სოციალური კეთილდღეობის სისტემები ეფექტიანი, ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, როდესაც ყველა საშუალება ბავშვის ოჯახში დასახმარებლად ამოწურულია. ეს არის „გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის“ მთავარი პრინციპი. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რითაც სათავე დაედო ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას, რომელიც აქტიურ ფაზაში 2004 წლიდან შევიდა (ნამიჭეიშვილი, ს., & მგელიაშვილი, მ. 2010). 

საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის დღევანდელი სისტემა არსებითად ცენტრალიზებული ხასიათისაა. 2013 წლის ჩათვლით, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმის მთავარ წარმმართველ პოლიტიკად რჩებოდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც საქართველოში დიდი ზომის ინსტიტუციები (ბავშვთა სახლები, სკოლა-პანსიონები) დაიხურა და ისინი ზრუნვის ალტერნატიული ფორმებით (მინდობითი აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები) ჩანაცვლდა. ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და პოლიტიკის დოკუმენტები, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის დონეზე, ხელს უწყობენ ზრუნვის ალტერნატიული ფორმების ფუნქციონირებას (საქართველოს კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები, ბავშვთა კეთილდღეობის სამოქმედო გეგმა 2012-2015 წწ.), მაგრამ რეფორმის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ოჯახის დამხმარე და ბავშვთა პრევენციული მომსახურების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა.
„ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წწ. სამოქმედო გეგმა“ ყურადღებას ამახვილებს ზრუნვის სისტემაში მყოფი მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობაზე. 2012 წელს საქართველოს მთავრობამ, ასევე შეიმუშავა ახალგაზრდული (14-25 წელი) პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება თანასწორობისა და სოციალური ინტეგრაციის პრინციპებს. თუმცა არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი, მწყობრი კონცეფცია, რომელიც დაეხმარება მოზარდს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებასა და ზრუნვიდან გასვლის შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
ბავშვთა დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისაგან „ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წწ. სამოქმედო გეგმის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2010 წელს ხელი მოეწერა სამი სამინისტროს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროების) ერთობლივ ბრძანებას „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ბრძანება აყალიბებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა იდენტიფიცირებისა და მიმართვიანობის მექანიზმებს და ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სახავს რეაგირების სტრატეგიას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის მომსახურების განვითარებას (სამოქმედო გეგმა, 2012-2015, მიმართულება #2, პუნქტი 2.8). დღევანდელი მდგომარეობით, არსებით სირთულეს შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს პრაქტიკაში (SoS Children's Villages Georgia and GASW, 2012). ასევე, ბავშვზე ძალადობის მიმართვიანობის ერთ-ერთ ბარიერს ქმნის ზოგადად, ქვეყანაში არსებული გარემო, რომელიც ძალადობისადმი ტოლერანტულადაა განწყობილი (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2013).

3. მეთოდოლოგია

3.1.კვლევის მეთოდები
კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, ა) დოკუმენტების ანალიზი; ბ) ფოკუს–ჯგუფები, რომლებიც ჩატარდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის სოციალური მომსახურების მენეჯერებთან, პრაქტიკოსებსა და ბენეფიციარებთან; გ) ექსპერტული ინტერვიუები განხორციელდა სფეროს ექსპერტებთან, კერძოდ, მთავრობის წარმომადგენლებთან, პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემქმნელებსა და გადაწყვეტილების მიმღებებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

3.2. კვლევის მონაწილეები, შერჩევა
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის მთავარმა აქტორებმა, კერძოდ, ჩატარდა ექსპერტული ინტერვიუ 15 რესპონდენტთან და 10 ფოკუს–ჯგუფი მომსახურების მენეჯერებსა და პრაქტიკოსებთან (სულ 37 მონაწილე) და ბენეფიციარებთან (სულ 44 მონაწილე). 

ექსპერტების გამოკითხვის დროს შერჩევა ეფუძნებოდა მიზნობრივ შერჩევას, კერძოდ კი, მსჯელობით (დანიშნულებით) შერჩევის პრინციპებს.
ბენეფიციარებისა და მათი მშობლების ფოკუს–ჯგუფების მონაწილეები შეირჩნენ ალბათურად სამიზნე ჯგუფებიდან. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ შეირჩნენ მხოლოდ თბილისის რაიონების ბენეფიციარები.

3.3. კვლევის შედეგები

3.3.1. აქტორების საერთო ხედვები და მიდგომები
სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს მსგავსი ხედვები აქვთ ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში არსებული პრობლემების თაობაზე. ამას ხელს უწყობს ამ სექტორებს შორის კოორდინირებული მუშაობის გამოცდილება. მათი ხედვების საერთო საფუძველია ბავშვის უფლება, გაიზარდოს ოჯახში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში, აღიარებენ რა „ოჯახის უპირატეს როლს ბავშვის ცხოვრებაში“. 

ამ მხრივ, განსხვავებული სურათი გვაქვს საპატრიარქოს სოციალურ სამსახურში, რომლის მიდგომებში ვლინდება მეტი აქცენტი ოჯახის ჩანაცვლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებენ ოჯახის „ჩაუნაცვლებელ როლს“ ბავშვის აღზრდის პროცესში. იკვეთება რიგიდული დამოკიდებულება საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისადმი. საპატრიარქოს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის აზრით, ეს პროცესი „რთული განსახორციელებელი იქნება საპატრიარქოსთვის“, რადგან „ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ინსტიტუციებში, გრძნობენ, რომ ყველაზე უახლოესები თვითონ არიან ერთმანეთისთვის, ნათესავებად აღიქვამენ ერთმანეთს“ და მათთვის ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება, მაგალითად „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილება, ისეთივე ტრავმა იქნება, როგორც, დედისაგან რომ შვილი მოწყვიტო“. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ამ სახლებში მცხოვრები ბავშვების უმრავლესობას ჰყავთ მშობლები“, რომლებიც სწორედ „სიღარიბისა და ოჯახის მთლიანობის შესანარჩუნებლად არარსებული მხარდაჭერის გამო აბარებენ ბავშვებს ამ სახლებში“. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საპატრიარქოს დაწესებულებებში ბავშვების განთავსება სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდის ავლით ხდება, ისმის კითხვა, რამდენად ეფექტიანია „ჭიშკრის დარაჯობის“ პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ბავშვების განთავსების საფუძვლების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს 24 საათიან ზრუნვაში/ზრუნვიდან ბავშვების განთავსება/გამოსვლა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მიხედვით, ამ პოლიტიკის „ამოსავალი ის არის, რომ სოციალური დახმარებისა და მომსახურების მიწოდების მთავარი მიზანი ბავშვის ოჯახში შენარჩუნებაა, რისთვისაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული რესურსი ბავშვის ოჯახის გაძლიერებისათვის, რათა ოჯახმა თავად შეძლოს შვილზე ზრუნვა“. ეს უკანასკნელი პრინციპი კი უგულებელყოფილია საპარტიარქოს სოციალური სამსახურის მიერ.
მიუხედავად ხედვების სიახლოვისა და თანამშრომლობის გამოცდილებისა, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას პრობლემებიც ახლავს. ხშირად, სახელმწიფო ვერ ხარჯავს სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზე გამოყოფილ ფულს, მაგრამ არ ქირაობს არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურებას. ასევე, სახელმწიფო აწესებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რაც ერთი მხრივ, მისასალმებელია, თუმცა მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო „არ გამოყოფს შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას, რაც არასამთავრობო მომსახურებას მისცემს საშუალებს დაიცვას ზრუნვის სტანდარტები“. როგორც თავად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არასაკმარისი კოორდინაციაც ხელს უშლის ეფექტიან თანამშრომლობას. „კოორდინირებული მუშაობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას შორის კვლავ გამოწვევაა“, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კოალიცია, რომელიც აერთიანებს 50-მდე ორგანიზაციას და რომლის ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ კოორდინაციის გაუმჯობესებაა.
ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა, მათი კეთილდღეობის შესახებ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღიარებული პრინციპია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო აქტორების მიერ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები გამოთქვამენ უკმაყოფილებას მათი მონაწილეობის ხარისხის შესახებ მათივე ცხოვრების დაგეგმვაში და აღწერენ პრაქტიკას, როცა “არავინ არაფერს გეკითხება“, მონაწილეობა არათუ წახალისებულია, „ კითხვებზე პასუხსაც არ გცემენ“ და ამასთან დაკავშირებით „პროტესტს ცუდ ქცევად გითვლიან“.

3.3.2. სისტემის ხარვეზები ადამიანური რესურსის თვალსაზრისით
ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ხერხემალს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული 250- მდე სოციალური მუშაკი, რომლებიც 22 მიმართულებით მუშაობენ. მიუხედავად ამისა, სოციალური მუშაკის ინსტიტუტი საჭიროებს განვითარებას. დღეს აღნიშნული სამსახური ვერ პასუხობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს. სოციალური მუშაკების, როგორც რესურსის, არასაკმარისი რაოდენობა, რთული სამუშაო პირობები, კადრების გადინება და უწყვეტი განათლების ხელმიუწვდომლობა განაპირობებს მათი ინტერვენციების სისუსტეს. სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო მოხელის ბიუროკრატიული ფუნქცია ზღუდავს მათი ინტერვენციების მრავალფეროვნებას, ხოლო გადატვირთული სამუშაო გრაფიკი საფრთხის ქვეშ აყენებს მომსახურების ხარისხს. თავად სოციალური მუშაკები აცნობიერებენ რა აღნიშნულს, („ხშირად ერთ სოციალურ მუშაკს დიდ ქალაქებში 100-მდე შემთხვევაზე უწევს მუშაობა, ასეთ პირობებში შეუძლებელია ხარისხზე საუბარი“) „პროფესიული გადაწვის ზღვარსაც კი გასცდნენ“. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ სახელმწიფო სოციალური მუშაკები მცირე, თუმცა ხელმისაწვდომ, ოჯახის მხარდამჭერ რესურსსაც არ იყენებენ ხშირ შემთხვევაში, რადგან „ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების და ურჩევნიათ, არსად არ ჩართონ ბავშვი“. 

ერთ-ერთ პრობლემად იკვეთება მზრუნველის ინსტიტუტის განვითარება. მზრუნველები, რომლებიც მუშაობენ ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებაში, არიან „ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ბავშვებთან, მინიმალური ანაზღაურებით და შეზღუდული მხარდაჭერის პირობებში“. პრაქტიკოსები საუბრობენ მზრუნველების კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც, როდესაც „მზრუნველებმა არ იციან, როგორ იმუშაონ ბავშვებთან, რომელთაც ტრამვული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და რთული ქცევებით ხასიათდებიან“, რადგან „ნაკლებად კეთდება აქცენტი მათ პროფესიულ მომზადებაზე ამ მიმართულებით“. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უმრავლესობას, რომელიც ოჯახის ჩამნაცვლებელ ალტერნატიულ ზრუნვაში ხვდება, სწორედ ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ.

3.3.3. სისტემის ხარვეზები პროცესის თვალსაზრისით
პრევენციული მიდგომა
დღევანდელი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა რეაქტიულია. სახელმწიფოს მხრიდან ვერ ხერხდება რისკჯგუფის ბავშვებისა და ოჯახების გამოვლენა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ დღევანდელი მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტს აქვს რეაქტიული ხასიათი, მიუხედავად იმისა, რომ „სოციალური მუშაკების სამუშაო აღწერილობაში არის აღნიშნული „აუთრიჩის“ კომპონენტი“. სისტემა „რეაგირებს მხოლოდ შემოსულ მომართვებზე“ და არ მიმდინარეობს მუშაობა ახალი მომართვების მოსაძიებლად თემში. ეს, თავის მხრივ, ზღუდავს რისკჯგუფის ბავშვთა დროულ იდენტიფიკაციასა და პრევენციულ საქმიანობას. ამასთან, სახელმწიფო ვერ იყენებს ეფექტიანად არსებულ რესურსებს, მაგალითად, სოციალურ აგენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მუშაობენ. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელების მოსაზრებებით, რადგან დღესდღეობით სახელმწიფოს სოციალური მუშაკების საკმარისი რესურსი არ გააჩნია, უნდა შეიქმნას რეფერირების ისეთი სისტემა, რომელშიც „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტი იქნება ჩართული, „რადგანაც ყველაზე მეტად სწორედ სოციალური აგენტებისთვის არის მისაწვდომი ყველაზე მოწყვლადი ოჯახები“.
ასევე ვლინდება, პირველადი ჯანდაცვის და სამშობიარო სახლების ჩართულობის საჭიროებაც ოჯახისგან ბავშვის დაშორების პრევენციის უზრუნველყოფაში. პრაქტიკოსების აზრით, „წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მიერ მანკიერ პრაქტიკას ლომის წილი ჰქონდა და აქვს ბავშვების ოჯახებისგან დაშორების საქმეში“, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში“. იკვეთება სოციალური სამსახურის დანერგვის აუცილებლობა პირველადი ჯანდაცვის ობიექტებსა და სამშობიარო სახლებში, რათა მოხდეს სოციალური რისკების დროული და ეფექტიანი ინდენტიფიცირება.
პრევენციული კომპონენტის გაძლიერების კუთხით გამოიკვეთა სკოლების ჩართულობის საჭიროებაც. „სკოლა ერთ-ერთი სუსტ რგოლად გვევლინება ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში, სადაც პრევენციული მიმართულები მუშაობა საერთოდ არ მიმდინარეობს“,– აღნიშნავენ ექსპერტები. პრაქტიკოსების მიხედვით, სკოლებში ვლინდება პრობლემები რთული ქცევის ბავშვების მიმღებლობასთან დაკავშირებითაც, როცა „სკოლა ცდილობს თავიდან მოიცილოს ბავშვი, რომელიც პრობლემებს ქმნის, რათა ამით სკოლის იმიჯი არ დაზარალდეს“, ხოლო არსებული მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს სკოლას იმუშაოს ბავშვსა და ოჯახთან პრაქტიკულად არაეფექტიანია.

დისკრიმინაციის პრობლემა
ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პრევენციული მიდგომის განხორციელების პროცესში პრობლემაა ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების დისკრიმინაცია. ერთი მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკა მთავარ ამოცანად სახავს ბავშვის ოჯახში შენარჩუნებასა და ოჯახის გაძლიერების მექანიზმების განვითარებაზე მუშაობას. ამ დროს საქართველოში ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახურ გარემოში აღზრდისთვის ბიოლოგიური ოჯახი, მეურვე ან მზრუნველი იღებს თითქმის ხუთჯერ ნაკლები ოდენობის თანხას მინდობით აღმზრდელ ოჯახთან შედარებით. ეწინააღმდეგება რა კონსტიტუციის მე–14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორი მოპყრობის პრინციპს, სახალხო დამცველის ოფისმა ეს შეაფასა კიდეც უთანასწორო მოპყრობის თვალსაჩინო შემთხვევად. თუ სახელმწიფოს დეკლარირებული მიზანი ბავშვის კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში მათი დეინსტიტუციონალიზაცია და მიტოვების პრევენციაა, აშკარაა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მშობლისთვის უფრო ცუდი პირობების შეთავაზება, ვიდრე უცხო ოჯახისთვის, მიზნის მიღწევის გონივრულ საშუალებას არ წარმოადგენს. მეორე მხრივ, დადებით შეფასებას იმსახურებს სახელმწიფოს მიერ „რეინტეგრაციის წესის“ დამტკიცება. აღნიშნული წესის მიხედვით, რეინტეგრირებული ოჯახები მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად მიიღებენ სახელმწიფოსგან შემწეობას (თვეში 90 ლარი). ასევე, პოზიტიური ნაბიჯია სახელმწიფოს მიერ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარების ფონდის შექმნა, რომლის მიზანია კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა ბავშვზე ზრუნვის პროცესში, თუმცა, ექსპერტების აზრით, „ფონდი მოქნილად ვერ ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს“, როგორც ეს ხდებოდა 2011-2013 წლებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მართული პრევენციის ფონდის მიერ ბავშვზე ზრუნვის მომსახურებისა და სისტემის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა ამერიკის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ახალგაზრდებიც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო, „ვისაც რა საჭიროება აქვს, იმით უნდა დაეხმაროს... ზოგისთვის ეს არის ბინის ქირა, სხვისთვის - ავეჯი, ზოგს, უბრალოდ ბავშვის რჩენა უჭირს“.
არსებობს სხვაგვარი ტიპის დისკრიმინაციის პრობლემაც. ბოშა ბავშვებისა და მათი ოჯახების დისკრიმინაცია გავრცელებული პრაქტიკაა და გამოიხატება სახელმწიფო მომსახურებაზე მათთვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში. „ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო არც კი რეაგირებს მომართვაზე, რომელიც ბოშა ბავშვებს ეხება, მხოლოდ იმიტომ რომ ბოშები არიან“.
სახელმწიფო ზრუნვის თვალსაზრისით, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები დისკრიმინირებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით. განსხვავებით მინდობით აღსაზრდელებისაგან, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებს ხელი მიუწვდებათ მართალია მწირ, მაგრამ რიგ მომსახურებაზე ზრუნვის სისტემიდან გასვლისთვის მოსამზადებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, უფრო აქტიურად ცდილობენ, იზრუნონ აღსაზრდელების მომავალი ცხოვრების შესაძლებლობების შექმნაზე, ვიდრე ამას აკეთებს სახელმწიფო, რომელიც მართავს მინდობით აღზრდას. საჭიროა, სახელმწიფო სთავაზობდეს ამ ბავშებს დამატებით მომსახურებას, რომელიც მათ ოჯახებს დაეხმარება აღსაზრდელების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაში.
ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი წარმატებული ინტეგრაცია საზოგადოებაში. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების აზრით, სახელმწიფო „არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა 18 წლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება“. როგორც გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტი აღნიშნავს, სამზრუნველო სისტემაში განთავსებული ბავშვები ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ ცალკე ქვეკლასს ქმნიან და მნიშვნელოვან პრობლემებს უპირისპირდებიან საზოგადოებაში ინტეგრაციის დროს. ასეთი სტატუსი, პირველყოვლისა, უკავშირდება ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდებისათვის საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამების ნაკლებობას.

დეცენტრალიზაციის საჭიროება
იკვეთება მუნიციპალური სოციალური მომსახურების რეფორმირების აუცილებლობაც, კერძოდ, რისკჯგუფების იდენტიფიცირებისა და პრევენციული, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების განვითარების მიმართულებით. დღეისათვის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური ნაკლებად პასუხობს მოქალაქეთა განსხვავებულ საჭიროებებს. იკვეთება აუცილებლობა, რომ სოციალური მუშაკები არა რაიონულ, არამედ სოფლებისა და თემის დონეზე მუშაობდნენ, რათა მათ ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ რისკი და ბავშვს და ოჯახს ადეკვატური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის დეპარტამენტის წარმომადგნელების აზრით, რომელსაც ექსპერტებიც იზიარებენ, „სწორედაც თვითმართველობას უკეთესად შეუძლია რისკჯგუფის ბავშვების გამოვლენა თემების დონეზე და შემდეგ საჭიროებისამებრ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში გადამისამართება... ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა ჰყავდეთ სოციალურ მუშაკი, რომელიც მედიატორისა და სოციალური ადვოკატის ფუნქციას შეასრულებს. ეს იქნება პირველადი სოციალურ ადვოკატობა, შემთხვევისთვის სწორი მიმართულების მიცემა”. თავად მუნიციპალიტეტის სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „ამ მიმართულებით არ არიან ჩართულნი არც ერთ სამუშაო ჯგუფში“, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სოციალური მუშაკის მომსახურების დეცენტრალიზაციას შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფის პირობებში.

3.3. 4. სისტემის ხარვეზები მომსახურების თვალსაზრისით
რისკის ჯგუფების ბავშვთა მომსახურება

სახელმწიფოს მხრიდან რისკის ჯგუფების ოჯახთათვის შეთავაზებული მხარდამჭერი მომსახურება საკმაოდ მწირი და ძნელად ხელმისაწვდომია, თუმცა მთავარი აქტორები თანხმდებიან, რომ „პრევენციულ და ოჯახის მხარდამჭერ პოლიტიკასა და პროგრამებს უდიდესი როლი აქვთ ბავშვის სამზრუნველო დაწესებულებაში განთავსების პრევენციის დროს“. როგორც „გეითქიფინგის“ პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი (2012 წ.) აღნიშნავს, „გეითქიფინგი“ შეთანხმებული ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის დამხმარე მომსახურებებსა და დახმარებებზე ხელმისაწვდომობას და იცავს ბავშვს 24 საათიან ზრუნვის სისტემაში განთავსებისაგან. მიუხედავად პოლიტიკის დონეზე დოკუმენტების არსებობისა, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ „ოჯახებისათვის დამხმარე და პრევენციული პროგრამების რაოდენობა მწირია და შეზღუდულ ხასიათს ატარებს“. ეს პრობლემა მეტად გამოხატულია თბილისის გარეთ, რეგიონებში, „განსაკუთრებით კი - მაღალმთიან რეგიონებში“.
ამავე დროს, სოციალური მომსახურების პრაქტიკოსები და თეორეტიკოსები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა მშობლებისთვის ისეთი გამაძლიერებელი მომსახურების მიწოდება, რომელიც დაეხმარება ოჯახებს მშობლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში „ოჯახებს ესაჭიროებათ ბავშვის აღზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და აღზრდის პროცესში ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების, ბავშვზე ორიენტირებული ღირებულებებისა და მიდგომების სწავლება“.
ამ საჭიროებებს აღიქვამენ როგორც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ისე სახელმწიფო ზრუნვაში მყოფნი. მათ სურთ მშობლებთან ერთად ცხოვრება და, ამასთან, უნდათ, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს მათი ოჯახების გაძლიერებაზე. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს დასაქმებასა და პროფესიულ მომზადებას. ბავშვები და ახალგაზრდები ყურადღებას ამახვილებენ აღზრდის საკითხებში მშობლების ცნობიერების ამაღლების საჭიროების შესახებ „საჭიროა მშობლებს გააგებინონ, რომ არაა კარგი ბავშვზე ძალადობა იხმარო“, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ მშობლების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე, რომ მშობლები „უკეთესად უგებდნენ თავიანთ შვილებს“.

დეინსიტუციონალიზაცია და ალტერნატიულ მომსახურებათა სიმწირე

ალტერნატიულ მომსახურებათა სიმწირე მნიშვნელოვან სირთულეს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პრობლემას არასათანადო ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ “დამაფიქრებელია რეფორმის ტემპი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. ჯერაც არ დახურულა დიდი ზომის დაწესებულებები ამ პირთათვის“. რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ეფექტიანი იდენტიფიკაცია და მათთვის დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა უდავო პრობლემაა. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის მიხედვით, ”მხოლოდ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან იდენტიფიცირებულები, რომლებსაც სტატუსი აქვთ დადგენილი და იღებენ ფულად კონპენსაციას და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს ბაშვები ჩანან სოციალური სფეროსთვის. დღეს მხოლოდ 8890 ბავშვი ატარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს, ხოლო დანარჩენები, განსაკუთრებით რეგიონებში, იდენტიფიცირებულიც კი არ არიან და, შესაბამისად, ვერ იღებენ სახელმწიფო დახმარებას“. გადაუდებელ აუცილებლობად იკვეთება, ასევე, ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვის და ალტერნატიული ზრუნვის შესაძლებლობების შეთავაზებაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვილებისთვის.

დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებათა საჭიროება
ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ეფექტიანობის მიღწევისათვის, ქვეყანაში მნიშვნელობა აქვს, როგორც ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე სახელმწიფოს როლის გაძლიერებას სამიზნე ოჯახების დასაქმების მიმართულებით. ხშირად, სოციალური დახმარების მიმღები ოჯახები უარს ამბობენ დასაქმებაზე. ძირითადად, ამგვარი „სიზარმაცის“ მიზეზი სოციალურ დახმარების მოხსნის შიშია. მათ მიერ წამოწყებული მცირე ეკონომიკური აქტივობა და ხელმისაწვდომი დასაქმების შესაძლებლობებიც (რომელიც არ არის გრძელვადიანი და მდგრადი) შესაძლოა, გახდეს სოციალური დახმარების დაკარგვის მიზეზი. „რეალურად სახელმწიფო ხელ-ფეხს გიბოჭავს რაიმე აკეთო, იმუშავო, მუდმივ შიშში ხარ, რომ იმ მცირე სტაბილურ დახმარებასაც მოგიხსნიან“, – აღნიშნავენ მშობლები. ამ პრობლემის გადაწყვეტის გარდა საჭიროა ისეთი აქტიური სამუშაო ბაზრის პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოჯახების გააქტიურებას, მათი ცნობიერების შეცვლას, მცირე ბიზნესში ჩართულობას და ჯამში, მათ გაძლიერებას.

4. დასკვნა
ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეფასებისას გამოიკვეთა საჭიროებები სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებთან მიმართებით.

4. 1. სახელმწიფო სექტორი
სახელმწიფოსთან მიმართებით გამოიყო ძირითადი კატეგორიები, როგორებიცაა სისტემური საკითხები, ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.

4.1.1. სისტემური საკითხები
ბავშვთა კეთლდღეობის სფეროში, ყველაზე მნიშვნელოვანად არის აღიარებული სისტემური მიდგომების მხარდაჭერა, პროაქტიულობა, მულტიდისციპლინური, მუდისექტორული და ეკოსისტემური მიდგომების გამოყენება. არანაკლები ყურადღებაა გამახვილებული ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების სამართლებრივ რეგულირებას სახელმწიფოს მიერ. საინტერესოა, რომ დიდია აქცენტი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე (როგორიცაა ოჯახების ფინანსური გაძლიერება, განსაკუთრებით, რეინტეგრირებული ოჯახების სოციალური შემწეობის გაზრდა) და ქვეყანაში ზოგადი სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესება. გამოიკვეთა სოციალურ მუშაკთა კადრების გაზრდის აუცილებლობა, მათი პროფესიული უნარების დახვეწისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საჭიროება, ასევე, მზრუნველის ინსტიტუტის განვითარება. აშკარად იკვეთება მუნიციპალიტეტების დონეზე სოციალური მუშაობის სამსახურის განვითარების ფოკუსი. ყოველივე ზემოთ დასახელებულის განსახორციელებლად კი ხაზგასმულია სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობა და მტკიცებულებებზე, კვლევებზე დაფუძნებული რეფორმების მხარდაჭერა.

4.1.2. ოჯახის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები
ზოგადად შეიძლება აღინიშნოს, რომ რესპონდენტების მიერ „ოჯახის კატეგორიის“ ცალკე გამოყოფა და წინ წამოწევა მიუთითებს ოჯახის მხარდაჭერის გაძლიერების როლზე ბავშვთა კეთილდღეობის, ბავშვზე ზრუნვის ხარისხიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის გაძლიერების ქვეშ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ოჯახების ფსიქოლოგიურ, ცნობიერების დონეზე მხარდაჭერას, ვიდრე ფინანსურ, მატერიალურ ინტერვენციებს. დანახულია იმის საჭიროება, რომ ოჯახი არ გახდეს სახელმწიფოზე ფსიქოლოგიურად მიჯაჭვული და არ „გაზარმაცდეს“. თუმცა ამავდროულად ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე (როგორიცაა რეინტეგრირებული ოჯახების სოციალური შემწეობის გაზრდა). აქცენტები კეთდება მარტოხელა მშობლისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერაზე. გამოიკვეთა, რომ პრევენციული მიმართულების გაძლიერება პირდაპირ უკავშირდება ოჯახების გაძლიერებას მათთვის დივერსიფიცირებული (მატერიალური, ფსიქო-სოციალური, სამედიცინო, კვებითი, რეკრეაციული და სხვა დახმარებები), ოჯახზე მორგებული მომსახურებათა განვითარების გზით.

4.1.3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში იკვეთება საჭიროება, განვითარდეს და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს მრავალფეროვანი მომსახურება. ხაზგასმულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადრეული ინტერვენციების მნიშვნელობა, სკოლამდელი დღის ცენტრებისა და ბაგა-ბაღების განვითარების საჭიროება და ამ მომსახურებებში მათი ჩართულობა. ასევე, ფორმალურად არსებული ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში წარმატებით განხორციელება როგორც ურბანულ, ისე რურარულ დონეზე. კანონმდებლობის დახვეწაში რესპონდენტები გულისხმობდნენ, რომ სოციალურად დაუცველობის სტატუსი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მომსახურების მიღება არ იყოს დაკავშირებული. ასევე, დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინსტიტუციების საკითხის მოგვარების საჭიროება. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტების უმრავლესობა აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საჭირო მომსახურების შესახებ ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას.

4.1.4. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები
ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით აღიარებულია „ამ ბავშვების არსებობის პრობლემა“, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის გზები ნათლად არ არის გააზრებული. ძირითადად, თავად ბენეფიციარებისგანა წამოსულია იდეა, რომ საჭიროა მათი ოჯახების დახმარება ფინანსური მხარდაჭერით, მშობლის უნარების სწავლებისა და მოძალადის რეაბილიტაციით. ქუჩაში მყოფი ბავშვების მიერ ხაზგასმულია, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, ძალადობისაგან დაცული გარემოს უზრუნველყოფა. ძალადობრივი გარემო არსებობს არა მხოლოდ მათ ოჯახებში, ასევე, ქუჩაში, სადაც უხდებათ ცხოვრება. გამოკვეთილია იმის საჭიროება, რომ ასეთი ბავშვები მოიაზრებოდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონედ და მათთვის სახელმწიფომ ამ მიმართულებით განახორციელოს პროგრამები.

4.2. არასამთავრობო სექტორი
არასამთავრობო სექტორის როლი გააზრებულია დაუცველი ჯგუფებისათვის მრავალფეროვანი მომსახურებების, ოჯახების პრევენციული პროგრამების პილოტირების კუთხით. ოჯახების პრევენციულ ღონისძიებებში რესპონდენტები გულისხმობდნენ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის ოჯახების ფსიქოლოგიურ დახმარებას, საგანმანათლებლო კუთხით მუშაობას (ტრენინგები), ბავშვების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამების ხელშეწყობას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მრავალფეროვანი სათემო მომსახურების პილოტირება-განვითარებაზე. ხაზგასმულია საჭიროება, გაიზარდოს არასამთვრობო სექტორის პროფესიონალიზმი, კოორდინაცია და კონსოლიდაცია ადვოკატირების მიმართულებით, ასევე, დაფინანსების წყაროები, განსაკუთრებით, ხაზგასმულია, კერძო ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობა.

5. რეკომენდაციები
ძირითადი რეკომენდაციები უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კოორდინაცია, მომსახურებათა განვითარება, სოციალურ დახმარების გაზრდა, დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებათა განვითარება, განათლება და ცნობიერების გაზრდა და გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა.

5.1.კოორდინაცია
უნდა ჩაეყაროს საფუძველი სისტემატურ დიალოგს სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევის პოლიტიკის საკითხებზე. უნდა მოხერხდეს ამ დიალოგში საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართვა, რამაც უნდა მიგვიყვანოს სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს სოციალურ სამსახურებს შორის კოორდინაციის გაძლიერებასთან.
სახელმწიფომ უნდა შემოიღოს ყველა პროვაიდერის (მათ შორის, რელიგიური კონფესიების) მიერ შეთავაზებულ 24-საათიანი ზრუნვის მომსახურებებში ბავშვების განთავსების რეგულირება (“გეითქიფინგის“ ეფექტიანობის უზრუნველყოფა).
უნდა გაუმჯობესდეს კოორდინაცია ოჯახის დამხმარე მომსახურებებსა და რეფერალურ სისტემას შორის, რათა სისტემა გახდეს პროაქტიული და შეძლოს პრობლემისადმი სისტემური მიდგომის განხორციელება. ამის მისაღწევად, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს რისკჯგუფის ბავშვებისა და ოჯახების გამოვლენა.
რისკჯგუფების ეფექტიანად გამოსავლენად იდენტიფიკაციის სისტემა უნდა გახდეს მულტისექტორული. მასში უნდა მონაწილეობდნენ, როგორც მუნიციპალური მომსახურებები (რწმუნებული) და პირველადი ჯანდაცვის ერთეულები (პოლიკლინიკა, სოფლის ექიმი), ასევე, სკოლაც. რისკის ჯგუფი ბავშვებისა და ოჯახების იდენტიფიცირების ფუნქცია უნდა გაიწეროს სოციალური აგენტის სამუშაო აღწერილობაშიც.

5. 2. მომსახურებათა განვითარება
უნდა განვითარდეს ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებზე მორგებული ოჯახების მხარდამჭერი დივერსიფიცირებული და ხელმისაწვდომი მომსახურებები. იკვეთება ქვემოთ აღწერილი მომსახურების საჭიროება:
- სკოლის ბაზაზე არსებული ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების, კერძოდ კი, ოჯახის კონსულტირების მომსახურების განვითარება რეკომენდირებულია განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მომსახურების სიმწირეა. აღნიშნულის მისაღწევად უნდა დაინერგოს სკოლის სოციალური მუშაობა. ამ მუშაობის კონცეფცია უნდა აღიარებდეს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან სამკუთხედს – ოჯახი, სკოლა და სამეზობლო - შორის თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს როგორც ოჯახისათვის დახმარების აღმოჩენას, ისე რისკჯგუფ ბავშვთა დროულ იდენტიფიკაციას და მათ დაცვას.
ასევე, რეკომენდებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურების სამსახურში მომუშავე მუშაკების როლის გააქტიურება, მათი სამუშაო აღწერილობის გადახედვა და შესაბამისი პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფა.
-დღის ცენტრის მომსახურების განვითარება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (ბაგა-ბაღის ტიპის მომსახურება) სოფლების დონეზე უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების მიერ არასამთავრობო სექტორიდან აღნიშნული მომსახურების შესყიდვის პრაქტიკის დამკვიდრებით.
-მუნიციპალიტეტების დონეზე, ასევე უნდა დაინერგოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი. მუნიციპალური სოციალური მუშაკები ხელს შეუწყობენ თემში რისკის ჯგუფის ბავშვთა იდენტიფიკაციას, რეფერირებას განახორციელებენ თემში არსებულ პრევენციულ მომსახურებაში და უზრუნველყოფენ ბავშვის მიმართვას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან. ხოლო ამ სააგენტოში არსებული სოციალური მუშაობის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს სპეციალობების მიმართულებით (მაგ. ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საკითხებს მომუშავე სოციალური მუშაკები, მინდობით აღზრდაზე მომუშავე სოციალური მუშაკები და ა.შ.).

5. 3. სოციალური დახმარების გაზრდა
სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებისთვის ფინანსური დახმარება, კერძოდ:
-რეინტეგრაციის შემწეობის გაზრდით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახისათვის სახელმწიფომ უნდა აღმოფხვრას უთანასწორო მოპყრობის არსებული პრაქტიკა. პარალელურად, უნდა გაძლიერდეს რეინტეგრირებული ოჯახების მონიტორინგისა და მხარდაჭერის მექანიზმი სახელმწიფო სოციალური სამსახურის მიერ.
-24-საათიან ზრუნვაში მოხვედრის პრევენციის მიზნით სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის უნდა დაწესდეს ბავშვზე ცალკე ფულადი სარგებელი (ბენეფიტი). სიღარიბის საზომად შეიძლება აღებული იქნეს სიღარიბის დაძლევის პროგრამის ქულა (მაგ. 57000–ს ქვემოთ). მსგავსი სარგებლის მიმღებ ოჯახებს მონიტორინგი უნდა გაუწიოს სახელმწიფო სოციალურმა მუშაკმა.
-მიზანშეწონილია, მარტოხელა და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დაწესდეს ფულადი დახმარება. იგი სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პრევენციული პაკეტის მხოლოდ ერთ მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს და მოწყვლადი ოჯახების მხარდამჭერ სხვა მომსახურებასთან ერთად, მუდმივ სახელმწიფო მონიტორინგს უნდა ექვემდებარებოდეს.

5.4. დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებათა განვითარება
ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ეფექტიანობის მისაღწევად უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოს როლი სამიზნე ოჯახების დასაქმების მიმართულებით. კერძოდ, უნდა განვითარდეს აქტიური სამუშაო ბაზრის პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოჯახების გააქტიურებას, მათი ცნობიერების შეცვლას, მცირე ბიზნესში ჩართულობასა და, ჯამში, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.

5.5. განათლება და ცნობიერების გაზრდა
უნდა გაღრმავდეს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ჩართული სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საჭირო მომსახურებების სპეციფიკის თაობაზე. უნდა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურების განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
საჭიროა ბოშათა ოჯახებისა და ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და სიტუაციური ანალიზი, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, უკეთ ჩამოაყალიბონ ამ უმცირესობათა ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის სტრატეგია.
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები ხშირად იცვლიან ზრუნვის ფორმას. ზრუნვის ფორმის ხშირი ცვლილება უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებაზე. ამ პრობლემის დასაძლევად საჭიროა მისი მიზეზების შესწავლა და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება.

5.6. უნარების განვითარება
უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო სოციალური მუშაკის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს როგორც სოციალური მუშაკის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას, ისე მათი კვალიფიკაციის გაზრდას. მიღწეულ უნდა იქნეს სოციალური მუშაკების როგორც ადეკვატური რაოდენობა, ისე მათი ანაზღაურების, სამუშაო პირობების, უსაფრთხოებისა და პროფესიული სუპერვიზიის საკანონმდებლო უზრუნველყოფა. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაკების ხარისხიანი პრაქტიკა და ადეკვატური, თემზე დაფუძნებული, მომსახურებების განვითარება.
უნდა განვითარდეს მზრუნველების სამუშაო პირობები, კვალიფიკაცია და პროფესიული სუპერვიზია, რათა მათ შეძლონ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა.
უნდა გაძლიერდეს საპატრიარქოს სოციალური სამსახურის პროფესიული შესაძლებლობები, მათ შორის, გამოცდილების გაზიარებით ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მიზნებისა და ამოცანების მიღწევის საქმეში.

5.7. გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ჩართულობა მათი კეთილდღეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. მისასალმებელია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლობა ბავშვთა და ახალგაზრდების მრჩეველთა საბჭოებისა თუ საკონსულტაციო ჯგუფებთან, თუმცა მსგავს მონაწილეობას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი ჩართულობით მანიპულირების რისკი. აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ბავშვის მომსახურების გეგმასა თუ ინდივიდუალური განვითარების გეგმაში აისახოს ბავშვის აქტიური მონაწილეობა. შესაძლებელია, ბავშვი თავისი ხელით გაკეთებული ჩანაწერებით ამდიდრებდეს გეგმას და თავად გეგმა იყოს ბავშვზე მორგებული. 

____________________________________________________________________

ბიბლიოგრაფია

Barrientos A.J., B. J. (2013). Social Transfers and Child Protection. Florence: UNICEF Office of Re-search.
Browne, K. (2009). The Risk of Harm to Young Children in Institutional Care. Save the Children.
Costa, M. (2012, October 1). Opening Doors for Europe's Children. Retrieved from eurochild.org: www.eurochild.org
COUNCIL OF EUROPE. (2005, March 16). COMMITTEE OF MINISTERS, Recommendation. Re-trieved from wcd.coe.int: https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=835953
Council of Europe. (2006, December 13). Recommendation (2006)19 Committee of Ministers. Re-trieved from wcd.coe.int: https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1073507
Dorfman, J. (2014 , 1 23). Why Some People Oppose Expanding Government Aid To The Poor. Re-trieved from forbes.com: http://www.forbes.com/sites/jeffreydorfman/2014/01/23/why-some-people-oppose-expanding-government-aid-to-the-poor/
EuroChild. (2013). Round Table Repot, Family and Parenting Support in Challenging Times . Brus-sels: EuroChild.
Global Coalition for Social Protection Floors. (2014, January 27). Global Coalition for Social Pro-tection Floors. Retrieved from ifsw.org: http://cdn.ifsw.org/assets/ifsw_22348-2.pdf
Harwin, A. B. (2003). Chaning Minds, Policies and Lives, Improving Protection of Children in Eastern Europe and Central Asia. Gatekeeping Services for Vulnurable Children and Families. UNICEF and World Bank.
J. Williamson, A. G. (2010). Families, Not Orphanages. Better Care Network.
Krugman, P. ( 2014, JANUERY 9). The War Over Poverty. Retrieved from nytimes.com: http://www.nytimes.com/2014/01/10/opinion/krugman-the-war-over-poverty.html?ref=opinion&_r=1
Mare, B. (2006). Procedure Guide for the Social Integration of Youngsters Leaving the National Care System. Europrint.
NOVA. (2009). Children's level of living - the impact of family economy for children's lives. Oslo and Akershus University College of Applied Sciences.
OHCHR. (1989, November 20). Convention on the Rights of the Child. Retrieved April 28, 2015, from Uited Ntions Human Rights Offfice of High Commissioner for Human Rights: http://www.ohchr.org/en/professionalinterest/pages/crc.aspx
Palayret, G. (2012, 10 31). Central and Eastern Europe, Commonwealth of Independent States. Re-trieved from unicef.org:
http://www.unicef.org/ceecis/UNICEF_Report_Children_Under_3_FINAL.pdf
Parker, C. (2011). Forgotten Europeans, Forgotten Rights. Retrieved from europe.ohchr.org: http://www.europe.ohchr.org/Documents/Publications/Forgotten_Europeans.pdf
Pillay, A. G. (2012, May 16). Commettee on Economic, Social, and Cultural rights. Retrieved from United nations Human Rights Office of the High Commissioner: http://www2.ohchr.org/english/bodies/cescr/docs/LetterCESCRtoSP16.05.12.pdf
THE ROLE OF EMPLOYMENT AND SOCIAL PROTECTION MAKING ECONOMIC GROWTH MORE PRO-POOR. (2009, May 28). Retrieved from oecd.org: http://www.oecd.org/development/povertyreduction/43514572.pdf
The UNICEF Innocenti Research Centre. (2006). General Comments of the Committee on the Rights of the Child. Retrieved from unicef-irc.org: http://www.unicef irc.org/publications/pdf/crcgencommen.pdf
UNICEF . (2012). Integrated Social Protection Systems: Enhancing Equity for Chilren. UNICEF
UNICEF. (2010, February 24). Resolution adopted by the General Assembly, Guidelines for the Al-ternative Care of Children. Retrieved from UNICEF: http://www.unicef.org/protection/alternative_care_Guidelines-English.pdf
UNICEF. (2011, June 28). End placing children under three years in institutions - A call to action. Re-trieved from unicef.org: http://www.unicef.org/ceecis/media_17370.html
UNICEF. (2012). Keeping families together. INSIGHTS: CHILD RIGHTS IN CENTRAL AND EASTERN EUROPE AND CENTRAL ASIA.
United Nations. (2006, August 29). General Assembly. Retrieved from unicef.org: http://www.unicef.org/violencestudy/reports/SG_violencestudy_en.pdf
SoS Children’s Villages, Georgia & Georgian Association of Social Workers (2012). Child Rights Sit-uation Analysis.
გაეროს ბავშვთა ფონდი. (2013). ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში, ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ.
ნამიჭეიშვილი, ს., & მგელიაშვილი, მ. (2010). სოციალური სამუშაოს პრაქტიკის საფუძვლები. (თავი 2).
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია. (2014). სოციალური დაცვის უფლების განხორციელება ყველასათვის - პირველადად მისაღწევი მიზანი ადმიანის უფლებათა დაცვის პროცესში. gasw.org. მოპოვებული http://www.gasw.org/ka.html?start=35-დან