heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 9 ოქტომბერი 2020

ევროკავშირის „პრინციპული პრაგმატიზმის“ პოლიტიკა პრაქტიკაში: რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობის მაგალითები
ნატა გარაყანიძე

აბსტრაქტი
აღნიშნული ნაშრომის მიზანია, გააანალიზოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური კურსი ბოლო წლების განმავლობაში და გაარკვიოს, როგორ ხორციელდება „პრინციპული პრაგმატიზმის“ სტრატეგია დღევანდელ რეალობაში. განხილული შემთხვევებიდან/მაგალითებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ურთიერთსაპირისპირო აზრის შემცველი „პრინციპული პრაგმატიზმის“ კონცეფცია რეალურად პრაგმატულ, რაციონალურ არჩევანზე დაფუძნებულ პოლიტიკას ნიშნავს, სადაც საერთო ევროპული პრინციპების/ღირებულებების როლი მეტნაკლებად დაკარგულია. ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაციონალური ინტერესების გამო ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან ითანამშრომლონ ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, როგორიცაა რუსეთი. ასევე ეკონომიკური სარგებლის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რეალურად განიხილავენ იმ სახელმწიფოსთან - ჩინეთთან - ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც 21-ე საუკუნეშიც იძულებითი შრომის პრაქტიკას იყენებს.

ნაშრომში განხილული შემთხვევების/მაგალითების ანალიზის შედეგად ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ, მიუხედავად ევროკავშირის „ერთი ხმის საუბრის“ პრინციპისა, საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მაინც წევრი სახელმწიფოების ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით მიიღება. რუსული გაზის მიღების საკითხში საკუთარი რაციონალური ინტერესების გამო გერმანია ნაკლებად ფიქრობს საერთო ევროპულ პრინციპებზე/ღირებულებებზე და „კოლექტიურ სარგებელზე“, რაც, თავის მხრივ, მოსკოვის მიმართ მკაცრი პოლიტიკით და სანქციების დაწესებით შეიძლება მიიღწეოდეს. გერმანია, საფრანგეთთან ერთად, ასევე ინიციატორია ჩინეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებისა, ვინაიდან ჩინეთის მზარდი ბაზარი განსაკუთრებით ამ ქვეყნების ეკონომიკებისთვისაა მნიშვნელოვანი.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი, პრინციპული პრაგმატიზმი, საგარეო პოლიტიკა.

 

Abstract

The purpose of this article is to study the contemporary EU foreign policy and the conduction of the new strategy called Principle Pragmatism. Based on the analysis of two cases, it becomes clear that, in reality, the contradictory Principle Pragmatism means a pragmatic, rational choice-based foreign policy with the lack of the superiority of any principles or values. Due to the energy security-related rational interests, EU members are willing to cooperate with an authoritarian state such as Russia. Furthermore, with an aim to gain some economic benefits, EU countries sign an investment deal with China, a country practicing forced labour in 21st century.

The two cases analyzed in this article also show the problems related to the EU’s principle of “speaking with one voice”. The contemporary EU foreign policy still reflects the national interests of the major member states. Germany securing the cheapest Russian gas supplies disregards the common European values and collective gain principle, which could be adhered to by imposing sanctions against the new gas project called Nord Stream 2. Moreover, Germany, together with France, has been the main supporter of the investment deal with China since the growing Chinese market is of particular rational interests of German and French companies.

Keywords: EU, Russia, China, Principled Pragmatism, Foreign Policy.

 

შესავალი
2016 წელს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ იქნა „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია“ - მთავარი საგარეო პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის პრიორიტეტებს და ინტერესებს ასახავს. ამ სტრატეგიის მთავარი სიახლე გახდა „პრინციპული პრაგმატიზმის“ კონცეფცია, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი უნდა გახდეს (ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, 2016).

აღსანიშნავია, რომ „პრინციპული პრაგმატიზმი“ სტრატეგიის ოფიციალურ დოკუმენტშიც არ არის ნათლად განმარტებული; მხოლოდ აღნიშნულია, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი იხელმძღვანელებს „მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარი პრინციპებით, რომლებიც არსებული სტრატეგიული ვითარების რეალურ შეფასებას ეფუძნება“ (ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, 2016, გვ. 8). თუმცა, საინტერესოა, რომ თავად ტერმინი „პრინციპული პრაგმატიზმი“ გარკვეულწილად ურთიერთსაპირისპირო ცნებებს მოიცავს, ვინაიდან, ერთის მხრივ, პრინციპულობა ნიშნავს ევროკავშირის მთავარი ღირებულებების/პრინციპების - დემოკრატიის გაძლიერება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. - უპირატესობას (რაც, თავის მხრივ, მკაფიოდ არის გაცხადებული 2003 წლის „ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიაში), ხოლო, მეორეს მხრივ, პრაგმატიზმი უფრო რეალპოლიტიკასთანაა ახლოს და მას ევროკავშირის მთავარი ღირებულებების/პრინციპების უზენაესობასთან საერთო ნაკლებად აქვს. ამდენად, ერთი შეხედვით, გაურკვეველი რჩება, რომელი მიმართულებით ხდება ევროკავშირის მიერ საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა - ძირითადი ღირებებულებების/პრინციპების გათვალისწინებით და მათი უპირატესობით, თუ რეალპოლიტიკური/პრაგმატული სტრატეგიით.

აღნიშნული ნაშრომის მიზანია, გააანალიზოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური კურსი ბოლო წლების განმავლობაში და გაარკვიოს, როგორ ხორციელდება „პრინციპული პრაგმატიზმის“ სტრატეგია რეალობაში. შესაბამისად, ნაშრომის მთავარი საკვლევი კითხვა ასე ყალიბდება: რა არის „პრინციპული პრაგმატიზმის“ სტრატეგია და როგორ ახორციელებს მას ევროკავშირი რეალურად პრაქტიკაში?

ნაშრომში წარმოდგენილი ჰიპოთეზა შემდეგში მდგომარეობს: მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირი ოფიციალურად ისევ აღიარებს ღირებულებებისა და პრინციპების მნიშვნელობას, რეალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას იგი პრაგმატიზმითა და რაციონალური არჩევანით ხელმძღვანელობს, რაც ძირითადად წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესებითაა განპირობებული (Lehne, 2017; Aggestam & Bicchi, 2019; Tonra & Christiansen, 2018). ზემოთხსენებული ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ნაშრომში განხილულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ორი მიმართულებით: (1) ენერგოპოლიტიკა რუსეთთან და (2) თანამშრომლობა ჩინეთთან. აღნიშნული მაგალითები შერჩეულია იმ მიზეზის გამო, რომ ნაშრომში მათი გაანალიზებისას ნათლად ჩანს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში „პრინციპულობასა“ და „პრაგმატიზმს“ შორის არჩევანის პრობლემა, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებთან. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან და ჩინეთთან საინტერესოა იმ კუთხით, რომ ეს ქვეყნები ნაკლებად იზიარებენ დასავლეთის მიერ აღიარებულ პრინციპებსა და ფასეულობებს და, ამდენად, ნაკლები საერთო აქვთ ევროკავშირთან ეს თანამშრომლობას უფრო ართულებს.. ნაშრომში გაანალიზებულია მხოლოდ 2016-2020 წწ. პერიოდი, ვინაიდან ოფიციალურად სწორედ ამ დროს მოხდა ევროკავშირის მიერ„პრინციპული პრაგმატიზმის“ პოლიტიკის შემუშავება და, ამავდროულად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ორ ურთიერთსაპირისპირო ცნებას - „პრინციპულობასა“ და „პრაგმატიზმს“ - შორის არჩევანის კუთხითაა საინტერესო.

ლიტერატურის მიმოხილვა და თეორიული ჩარჩო
საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართათვის ევროკავშირის მიერ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა. იგი სხვადასხვა თეორიის კონტექსტში განიხილება. მაგალითად, ზოგიერთი ავტორის აზრით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის ფარგლებში უნდა ავხსნათ, ვინაიდან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ძირითად როლს ევროპული ღირებულებების/პრინციპების არსებობა, საერთაშორისო სამართლის ნორმები და ისტორიული სამართლიანობის ფაქტორი ასრულებენ (Bulmer, 1993; Smith et al.,2008). ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის მიხედვით, ქვეყნები საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობით უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე დაპირისპირებით. ეს სახელმწიფოები ერთგვარი კოლექტიური აქტორები (collective actors) არიან, რომლებიც საერთო იდენტობას, ღირებულებებსა და საერთაშორისო სამართლის მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს იზიარებენ (Bulmer, 1993). შედარებითი სარგებლის (თითოეული ქვეყნის მეტი მოგება სხვასთან შედარებით) ნაცვლად მათთვის მთავარია ის „კოლექტიური სარგებელი“, რომელსაც ისინი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობისა და თანამშრომლობის შედეგად იღებენ (Tonra & Christiansen, 2018; Smith et al.2008). ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის მიხედვით, სახელმწიფოების ქმედება საერთაშორისო ორგანიზაციებში ეყრდნობა „შესაბამისობის ლოგიკას“ (Logic of Appropriateness). ეს ლოგიკა ძირითადად პრინციპებზე, ღირებულებებზე, წარსულ გამოცდილებაზე და ისტორიაზეა ორიენტირებული (March,2009). ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას აქტორები (სახელმწიფოები) ხელმძღვანელობენ წინასწარ დადგენილი წესებით. ეს წესები წარმოადგენენ უკვე ჩამოყალიბებულ პასუხებს ამა თუ იმ სიტუაციაზე/პრობლემაზე. შედეგად, აქტორები იყენებენ ამ პასუხებს, არგებენ მათ შესაბამის სიტუაციას ისე, რომ არ ახდენენ მათ ანალიზს, არ განიხილავენ მათ შესაძლო შედეგებს (Stinchcombe, 2001).

აღნიშნული ნაშრომი ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილ თეორიულ დებულებებს, ვინაიდან ევროკავშირის ბოლო წლების საგარეო პოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით, შეუძლებელია, დავასკვნათ, რომ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები ღირებულებებს, ისტორიულ გამოცდილებას, „შესაბამისობის ლოგიკას“, ან წევრი ქვეყნების „კოლექტიურ სარგებელს“ ასახავენ. ამის ამხსნელ ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიო პოლიტიკაში „რეალპოლიტიკის“ დომინირებაც სახელდება, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს ევროკავშირზეც (Lehne, 2017) და მის საგარეო პოლიტიკას არა მკაცრად ნორმატიულს, არამედ „მოქნილს“ ხდის (Juncos, 2017).

მართალია, ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპები ოფიციალურად „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის“ 2016 წლის დოკუმენტშიც (ისევე, როგორც 2003 წლის „ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიაში“) არის ნახსენები, თუმცა, რეალობაში მათი როლი საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ძალიან მცირეა. ამის უმთავრესი მიზეზი კი არის ის ფაქტი, რომ საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება ის სფეროებია, რომლებიც ევროკავშირში ხშირად არა სუპრანაციონალურ დონეზე, არამედ წევრი სახელმწიფოების კომპეტენციად განიხილება.სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები კი ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. ამდენად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად სწორედ წევრი ქვეყნების პოზიციების კონტექსტში განიხილება.

თეორიულ დონეზე ყველაზე სრულყოფილად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გაანალიზება რაციონალური არჩევანის თეორიის კონტექსტშია შესაძლებელი, ვინაიდან ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წევრი სახელმწიფოების რაციონალური არჩევანის საკითხს (Bache et al.,2011), ეს კი ხშირად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას პრობლემატურს ხდის (Orenstein & Kelemen, 2016). უნიტარული აქტორები - სახელმწიფოები - საკუთარ ქმედებებთან დაკავშირებული პოლიტიკური და მატერიალური ხარჯების მინიმიზაციისა და, ამავდროულად, სარგებლის მაქსიმიზაციის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმატებით იყენებენ. შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციები ასახავენ თითოეული წევრი სახელმწიფოს რაციონალურ ინტერესს. ქვეყნებს არ სჯერათ ამ ორგანიზაციების შედეგად მიღებული თანაბრად გადანაწილებული აბსოლიტური სარგებლის, მათთვის მთავარია, რომ თითოეულმა მათგანმა შედარებით მეტი მიიღოს, ვიდრე სხვა წევრებმა (Thompson, 2006). ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც სწორედ ასეთი შედარებითი სარგებლისა და რაციონალური არჩევანის მაგალითია, ვინაიდან თითოეული წევრი ქვეყანა ცდილობს იხელმძღვანელოს საკუთარი ინტერესებით და ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებაში თავისთვის სასარგებლო შედეგი ასახოს (Simón, 2017).

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ახსნა შედეგზე ორიენტირებული ლოგიკით (Logic of Consequences) ხდება, რომელიც პრაგმატულ ანალიზზე დაფუძნებულ ქმედებას გულისხმობს. ამ ლოგიკით, აქტორები განიხილავენ შესაძლო ქმედების რამდენიმე ალტერნატივას და აფასებენ თითოეული ვარიანტის შედეგებს. საბოლოოდ აქტორები ირჩევენ შესაძლო ქმედების მხოლოდ იმ ვარიანტს, რომელიც მათ რაციონალურ ინტერესს ყველაზე კარგად ასახავს (March, 2009). სწორედ ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობენ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირის წევრი ქვეყნები (Smith, 2014).

ზემოთ განხილული ლიტერატურის როლი მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასაანალიზებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებულ ნაშრომებში ძირითადად თეორიული მოსაზრებებია აღნიშნული; ნაკლებად გვხვდება მათი ინტერპრეტაცია რეალობაში, ანუ კონკრეტულ შემთხვევებზე., ან განხილულია ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ აზიის რეგიონში (Pennisi di Floristella, 2021).ეს ნაშრომი შეეცდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ არსებულ აკადემიურ დისკუსიას დამატებითი მაგალითების ანალიზი შემატოს, რაც გაამყარებს მოცემულ თეორიულ არგუმენტებს. ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითების განხილვის შედეგად, ნათელი ხდება, რომ ბოლო წლების ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესების გავლენის გამო უფრო პრაგმატიზმისა და რაციონალური არჩევანის თეორიის ჭრილში უნდა გავიაზროთ, ვიდრე „კოლექტიური სარგებლისა“ და „შესაბამისობის ლოგიკის“ კონტექსტში. ამის მაგალითია სწორედ გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე ახალი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროპაში და ასევე საფრანგეთის აქტიურობით ჩინეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერა 2020 წლის მიწურულს. ამდენად, ბოლო წლებში ევროკავშირის ფუნდამეტური პრინციპებისა და ღირებულებების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე ნაკლებად შეიმჩნევა.

მეთოდოლოგია
მთავარი საკვლევი კითხვიდან გამომდინარე, ნაშრომში ძირითადად თეორიული (არარიცხობრივი) მასალაა მოძიებული და დამუშავებული, რაც, თავის მხრივ, თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ამ ნაშრომში გამოყენებულია ერთ-ერთი ასეთი მეთოდი - შემთხვევის შესწავლა (case study), რომლის საშუალებითაც ხდება ამა თუ იმ მოვლენაზე სიღრმისეული დაკვირვება კონკრეტული შემთხვევის/მაგალითების (cases) მიხედვით (Gering, 2007, p. 37). ნაშრომში ასეთი „მოვლენაა“ ევროკავშირის „პრინციპული პრაგმატიზმის“ სტრატეგია, ხოლო „კონკრეტული მაგალითი“ კი ორია: 2016-2020 წწ. ევროკავშირის ენერგოპოლიტიკა რუსეთთან და 2020 წლიდან თანამშრომლობა ჩინეთთან, მით უფრო, რომ შემთხვევის შესწავლის მეთოდი ხშირად უფრო შედეგიანია არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე შემთხვევის განხილვისას და ანალიზისას, თუ ყველა მათგანი ერთ კონკრეტულ საკვლევ მოვლენას უკავშირდება (Yin, 2013).

შემთხვევის შესწავლის მეთოდი ძირითადად ეყრდნობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის სხვადასხვა თვისობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს (Lamnek, 2010). ამ ნაშრომშიც საკვლევი საკითხის - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ანალიზისას გამოყენებულია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ხასიათის ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან - სტატისტიკური მაჩვენებლები ევროკავშირის იმპორტდამოკიდებულების შესახებ, ევროკავშირის ექსპორტის მონაცემები ჩინეთში, ოფიციალური დოკუმენტები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ, აკადემიური სტატიები/წიგნები, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ა.შ.

ზემოთ ხსენებული წყაროების გამოყენება და დამუშავება თვისობრივი კვლევის კიდევ ერთი მეთოდის - კონტენტ ანალიზის - გამოყენებას გულისხმობს. ზოგადად, კონტენტ ანალიზი შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი (კონცენტრაცია დათვლაზე და აღირცხვაზე), ისე თვისობრივი (გაგებასა და ინტერპრეტირებაზე ორიენტირება)(Neuendorf and Kumar, 2015). ნაშრომში გამოყენებულია თვისობრივი კონტენტ ანალიზი, ვინაიდან ზემოთ ხსენებულ საჯარო წყაროებში მოხდა კვლევისათვის საინტერესო საკითხების შესახებ მონაცემების მოძიება და მათი დაკავშირება და ინტერპრეტირება (თეორიული კვლევა) საკვლევი თემის - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის - კონტექსტში. ამდენად, მოხდა კოდირება - მასალიდან საკვანძო ცნებების (ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელი სტატისტიკის და თეორიული დეტალების, ასევე ჩინეთთან მოლაპარაკებების პროცესის ამსახველი ფაქტების და თარიღების) ამოღება და მათი შეჯამება.

ენერგოპოლიტიკა რუსეთთან
ევროკავშირის პრაგმატულ და რაციონალურ საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობისას ხშირად ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა სახელდება (Forsberg, 2013; Kustova, 2015). 2003 წლის „ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიისგან“ განსხვავებით, 2016 წლის ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დოკუმენტში უკვე ოფიციალურად არის გაცხადებული, რომ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები „ერთმანეთზეა დამოკიდებული“ („...the EU and Russia are interdependent“) (ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, 2016, p. 33). ეს, თავის მხრივ, უკვე მიანიშნებს იმას, რომ ევროპის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და ოფიციალური დოკუმენტებით, არამედ შექმნილ რეალობაზე დაფუძნებული პრაგმატული მიდგომით ყალიბდება. გარდა ამისა, 2016 წლის დოკუმენტში აღარ არის ხაზი გასმული ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის „სწორად მართული“ (well-governed) დემოკრატიების არსებობის აუცილებლობაზეც (ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია, 2003), რასაც ევროპის საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა - დ. ტუსკმა მოგვიანებით „უტოპიაც“ უწოდა (Mihalache, 2016). ამდენად, თანამედროვე ევროპისთვის მისაღებია ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებზეც იყოს „ურთიერთდამოკიდებული“, როგორიც რუსეთია. ეს ყველაფერი მოსკოვს ბრიუსელთან მიმართებაში მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს, მით უფრო, რომ რუსეთის ხელშია ყველაზე მნიშვნელოვანი „იარაღი“ ევროპის წინააღმდეგ - ენერგორესურსებზე, კერძოდ კი, გაზზე, დამოკიდებულება. დღეისათვის ევროკავშირს იმპორტირებული გაზის დაახლოებით 40% სწორედ რუსეთიდან მიეწოდება (იხ. სურათი N1).

 

სურათი N1. ევროკავშირის 27 ქვეყნის გაზის იმპორტი 2019 წ და 2020 წლის პირველ ნახევარში

წყარო: EUROSTAT

გაზის საკითხი ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებას კარგად ასახავს. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო 2014 წ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგაც ევროკავშირმა აშშ-ის მიერ ინიცირებული სანქციები ენერგეტიკის სფეროში მხოლოდ ნავთობის სექტორში დააწესა. შედეგად, რუსეთის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი გაზის პროექტი - „ჩრდილოეთის დინება 2“ (რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი ოფშორული მილსადენი) - სანქციებს მიღმა დარჩა. უფრო მეტიც, 2020 წლის ზაფხულში ევროკავშირის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალურად დაუპირისპირდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის - აშშ-ის ინიციატივას აღნიშნული პროექტის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების მიღების შესახებ (Pallardy, 2020), ხოლო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯ. ბორელმა კი განაცხადა, რომ დაუშვებელია „მესამე მხარემ (ანუ აშშ-მ) ევროპულ ენერგოკომპანიებს დაუწესოს სანქციები კანონიერი ბიზნესის წარმართვის გამო“ (EEAS, 2020). ეს ყველაფერი ევროპისთვის რუსეთთან, როგორც გაზის მთავარ მომწოდებლთან, თანამშრომლობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. ამ თანამშრომლობის გამო ევროკავშირი მზადაა თვალი დახუჭოს ავტორიტარული რუსეთის მიერ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში (ადამიანის უფლებების ხშირი და უხეში დარღვევები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა - ა. ნავალნის მოწამვლის ფაქტიც და მასობრივი პროტესტის მონაწილეების უკანონო დაკავებაც ამის მაგალითია), არამედ „ახლო საზღვარგარეთში“ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე (მაგ., 2008 წლის აგრესია საქართველოს წინააღმდგ; 2014 წლის ყირიმის ანექსია), რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს/ღირებულებებს ეწინააღმდეგება (Bildt & Gressel, 2021). ამდენად, გაზის პრობლემა ევროკავშირისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია - რუსეთთან თანამშრომლობა ზოგადად ევროპული პრინციპების დამაჯერებლობას აყენებს ეჭვქვეშ.

ევროკავშირის ენერგოურთიერთობები რუსეთთან და კონკრეტულად, გაზის საკითხი, განსაკუთრებით საინტერესოა იმ გარემოების გამოც, რომ ამ კონტექსტში ნათლად იკვეთება ევროპის „ერთი ხმით საუბრის“ (speaking with one voice) პრობლემა საგარეო პოლიტიკის სფეროში. რუსული გაზი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და მომგებიანია გერმანიისთვის, რომელიც რუსულ გაზს ტრადიციულად უკრაინის გავლით და „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მილსადენით იღებს. თუმცა, 2006-2009 წწ. რუსეთ-უკრაინის გაზის ფასთან დაკავშირებული კონფლიქტების გამო გერმანიას უკვე შეექმნა ენერგოუსაფრთხოების პრობლემები უკრაინის ტრანზიტის გამო. ამდენად, უკრაინის გვერდის ავლით გაზის მიღების საკითხი გერმანიისთვის ისევე მომგებიანია (2006-2009 წწ. გამოცდილების გათვალისწინებით და ამ ქვეყნის რუსულ გაზზე დამოკიდებულებით; ევროკავშირში გერმანია ყველაზე მეტ რუსულ გაზს მოიხმარს; რუსეთი მისი ძირითადი დონორია (Wettengel, 2021)), როგორც თავად რუსეთისთვის. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 2020 წლის ზაფხულში გერმანიის კანცლერმა - ა. მერკელმა - საკუთარი ქვეყნის პოზიცია ოფიციალურად კიდევ ერთხელ დააფიქსირა, როდესაც უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ნებისმიერი სანქციის დაწესებაზე რუსეთში მთავარი ოპოზიციონერის - ა. ნავალნის ქიმიური ნივთიერება „ნავიჩოკის“ მოწამვლის ინციდენტის შემდეგაც კი (Staff, 2020). გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახლად არჩეული ლიდერი - ა. ლაშეტი (იგი ა. მერკელის შემცვლელად განიხილება), მისი ზოგიერთი კონკურენტისგან (მაგ., ფ. მერცი და ნ. როტგენი) განსხვავებით, იზიარებს გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში და თვლის, რომ დაუშვებელია რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობისა და გაზის საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება (REUTERS, 2021). ამდენად, ადვილად სავარაუდოა, რომ გერმანიის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ა. მერკელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც უცვლელი დარჩება. ეს პოზიცია, პირველ რიგში, გერმანიის რაციონალურ ინტერესებს ემსახურება და ნაკლებად ითვალისწინებს ევროკავშირის სხვა წევრების „კოლექტიურ სარგებელს“, მით უფრო, რომ სხვა წევრი ქვეყნები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთთან გაზის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. მაგალითად, 2016 წელს ჩეხეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და ხორვატიამ ოფიციალურ პეტიციას მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ “პოტენციურად დესტაბილიზაციური გეოპოლიტიკური შედეგების“ მომტანი იქნება (Sytas, 2016). ამ „გეოპოლიტიკურ შედეგებში“ არა მხოლოდ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უნდა ვიგულისხმოთ, არამედ თავად ამ ქვეყნების მდგომარეობაც, ვინაიდან უმრავლესობა რუსულ გაზზეა დამოკიდებული, რომელსაც მხოლოდ უკრაინაზე გამავალი მილსადენით იღებენ (Kedmey, 2014).ამდენად, რუსეთის მიერ უკრაინის მარშრუტზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ უკანასკნელს (მით უფრო, რომ გაზის ტრანზიტი უკრაინისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა(IMF Country Report No. 19/359 – Ukraine, 2019)), არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებასაც. ამდენად, გერმანიის ოპონენტთა პოზიცია საკუთარი რაციონალური ინტერესებითა და შედეგებზე ორიენტირებული ლოგიკითაც იყო განპირობებული - თითოეული მათგანი საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.

საბოლოოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და რუსეთთან თანამშრომლობის საკითხი მაინც გერმანიის სასარგებლოდ გადაწყდა; ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, რომლის ოფშორულ ტერიტორიასაც მილსადენი კვეთს, უკვე გასცა ფორმალური თანხმობა პროექტის განხორციელების შესახებ; მშენებლობის 90 პროცენტზე მეტი დასრულებულია (Flatley & Wadhams, 2021). მართალია, ოპონენტი ქვეყნების ლობირების შედეგად, 2019 წელს ევროკომისიამ წამოაყენა ინიციატივა რუსულ ენერგოპროექტზე ევროკავშირის შიდა საბაზრო წესების გავრცელების შესახებ („მესამე ენერგოპაკეტი“, რომელიც მიმწოდებლისა და ოპერატორის განცალკევებას და მილსადენზე მესამე მხარის წვდომას გულისხმობს) და მას ევროპარლამენტმაც დაუჭირა მხარი, თუმცა, ეს პროექტი ევროპის საბჭომ არ დაამტკიცა, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანმა ხმის მიმცემმა ქვეყნებმა - გერმანიამ და საფრანგეთმა შეძლეს კომპრომისის მიღწევა და საერთო პოზიციის ჩამოყალიბება,[1] რაც საბოლოოდ ევროკომისიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაბლოკვის შესაძლებლობას უკარგავდა. ცნობილია, რომ საფრანგეთმა გერმანიასთან კომპრომისის სანაცვლოდ ბერლინის მხარდაჭერის პირობა მიიღო ევროპის მონეტარული კავშირის რეფორმის საკითხში (De Maio, 2019).

აღსანიშნავია, რომ ორივე დაპირისპირებული „ბლოკი“ საკუთარი პოზიციების გამართლებას „კოლექტიური სარგებლის“ არგუმენტებით ცდილობს: გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სასარგებლოდ ნახშირის გაზით ჩანაცვლების საკითხს ასახელებს, რაც ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ (EU Green Deal) მნიშვნელოვანი ნაწილია; მოწინააღდეგე (აღმოსავლეთ ევროპის) სახელმწიფოები კი ამტკიცებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ბალტიის ზღვის ეკოსისტემას მნიშვნელოვნად დააზიანებს და ასევე ევროპის დამოკიდებულებას ენერგიის „ტრადიციულ“ წყაროებზე კიდევ უფრო გააღრმავებს, რასაც „მწვანე შეთანხმება“ გრძელვადიან პერსპექტივაში საერთოდ გამორიცხავს (Wettengel, 2020).

ევროკავშირის მიერ რუსეთთან გაზის საკითხში თანამშრომლობის საკითხი საერთო ჯამში ევროპული ქვეყნების პრაგმატულ და რაციონალურ არჩევანად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან არსებულ სიტუაციაში რუსულ გაზზე ხელმისაწვდომი არც ერთი რეალური ალტერნატივა არ არსებობს; აშშ-ის ფიქლების გაზის მიწოდება ევროპისთვის შორეული (საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო) და ძალიან ძვირი (პირველ რიგში, ტრანსპორტირების მანძილის და ხარჯების გათვალისწინებით) პერსპექტივაა; ასევე ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელიდან და კვიპროსიდან - „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის მილსადენით“ (EastMed Pipeline) გაზის ექსპორტი, ამ რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არარეალურია (ჩრდილოეთ კვიპროსი არ დაუშვებს ასეთი მილსადენს საკუთარ ოფშორულ ზონაში); „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტები კი მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის ექსპორტს (10 მლრდ. კუბ. მეტრი წლიურად) ითვალისწინებენ, რაც ევროპის მთლიანი მოხმარების მხოლოდ ორი პროცენტის დაკმაყოფილებას ნიშნავს. ამდენად, რუსული გაზი და მისი დამატებითი მოცულობის მიღება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საშუალებით ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის ყველაზე ხელსაყრელი, შედეგებზე ორიენტირებული პრაგმატული არჩევანია.

თანამშრომლობა ჩინეთთან

2020 წლის მიწურულს ევროკავშირმა ჩინეთთან „ყოვლისმომცველი საინვესტიციო ხელშეკრულების“ (Comprehensive Agreement on Investment, CAI) გაფორმება ოფიციალურად გამოაცხადა (EU Commission, Press Corner, 2020), რაც, ერთის მხრივ, ლოგიკური მოვლენა იყო, თუ ბოლო წლებში ევროპაში ჩინური პირდაპირი ინვესტიციებისა (იხ. სურათი N2), და ორ მხარეს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობების მოცულობას გავითვალისწინებთ (იხ. ცხრილი N1). თუმცა, გარკვეულწილად, აღნიშნული შეთანხმება მოულოდნელიც აღმოჩნდა, ვინაიდან, ჯერ კიდევ 2019 წელს ჩინეთის საგარეო მინისტრი - ვ. იმი - აცხადებდა, რომ ევროპასთან ხელშეკრულების გაფორმება არარეალური იქნებოდა, ვინაიდან ჩინეთი „განვითარებადი ეკონომიკაა“ (Fallon, 2021). ამდენად, მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმართვა და საბოლოო შეთანხმების მიღწევა საკმაოდ სწრაფად მოხდა, რაც ძირითადად გერმანიის დამსახურება იყო, რომელიც ცდილობდა ევროპის საბჭოში საკუთარი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე (2020 წ. 31 დეკემბერი) მიეღწია ჩინეთთან შეთანხმებისთვის (Von Der Burchard, 2021).

სურათი N2. ჩინეთის წლიური პირდაპირი ინვესტიციები ევროპაში.

წყარო: MERICS

ცხრილი N1. ევროკავშირის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები (მლრდ. ევრო).

წყარო: EUROSTAT

 

ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე თვალსაზრისითაა საინტერესო. პირველ რიგში, ამ შემთხვევაშიც ნათლად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესების უპირატესობის მნიშვნელობა. კერძოდ, შეთანხმების მთავარი ინიციატორი იყო გერმანია და საფრანგეთი, რომელთათვისაც ჩინეთთან საინვესტიციო გარიგება მნიშვნელოვანია საკუთარი ეკონომიკური მიზნებისა და სარგებლის კუთხით. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ შვიდწლიანი მოლაპარაკებების პროცესი სწორედ გერმანიის ევროპის საბჭოში პრეზიდენტობისას დასრულდა - ეს ნიშნავდა, რომ გერმანიის კანცლერს შეეძლო, ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ყოფილიყო ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთთან ხელშეკრულების გაფორმებისას, რაც ამ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დამატებითი სარგებელი იყო, მით უფრო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტიც (უ. ფონ ლაიდენი) და ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსიც (ს. ვეიანდი) გერმანელები არიან. სწორედ მათი აქტიურობით მოხდა შეთანხმების მიღწევა. თავად ევროკომისიას კი ჩინეთთან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისთვის სამართლებრივი მანდატი ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში მიენიჭა (იმ პერიოდში რიგი ევროპული ქვეყნები ჩინეთს არ აღიქვამდნენ ისეთ საფრთხედ, როგორც ახლა, ამიტომ სავაჭრო მოლაპარაკებებს ნაკლებ სახიფათოდ მიიჩნევდნენ), რაც საბოლოო შეთანხმების მისაღწევად გერმანიას მოქმედებისთვის მეტ თავისუფლებას აძელვდა (ევროკავშირის საბჭო, 2013).

გაფორმებული ხელშეკრულების ოფიციალური რატიფიკაცია ევროპის საბჭოში (ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ) 2022 წლის პირველ ნახევარში - საფრანგეთის პრეზიდენტობის პერიოდში - დაიგეგმა. თავად ხელშეკრულების ვირტუალურად გაფორმების პროცესშიც (30 დეკემბერი, 2020 წ.) ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებთან ერთად გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას, რამაც არაერთი ევროპული ქვეყნის უკმაყოფილებაც გამოიწვია (მაგალითად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმების ფორმატი მიუღებელი იყო, ვინაიდან ეს ნიშნავდა, რომ ევროკავშირთან ნებისმიერი გარიგების დადება, ან მოლაპარაკება, პირველ რიგში, გულისხმობს გერმანიასთან და საფრანგეთთან გარიგებას (Fubini, 2020)). გერმანიის მანქანათმშენებლობისა და მანუფაქტურის ბიზნესისთვის მზარდი ჩინური ბაზარი განსაკუთრებით მიმზიდველია, მით უფრო ახლა, როდესაც ჩინეთი საბოლოოდ დათანხმდა ევროპული კომპანიებისთვის ერთობლივი საწარმოს არსებობის (ჩინელი პარტნიორების თანამონაწილეობა) მოთხოვნის გაუქმებას და ახალი ენერგიის ავტომობილების (new energy vehicles) წარმოების ნებართვის გაცემას (აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ევროპის პირადპირი ინვესტიციების უმრავლესობა სწორედ მანქანათმშენებლობის სექტორზე მოდის, ამ სფეროში კი ლიდერი გერმანიაა (Fallon, 2021)). ჩინეთმა ასევე უარი თქვა ერთობლივი საწარმოს შექმნის აუცილებლობაზე ჯანდაცვის (კერძო კლინიკების) და ავიაციის სფეროებში დაარსების საკითხშიც, რაც, თავის მხრივ, საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო (ibid, 2021). ამდენად, ჩინეთში ინვესტიციების ზრდით გერმანია და საფრანგეთი განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებული. თუმცა, შეთანხმების გაფორმებისას ეს სახელმწიფოები ცდილობდნენ ჩინეთთან საინვესტიციო ხელშეკრულება საერთო ევროპულ ინტერესად და „კოლექტიურ სარგებლად“ წარმოეჩინათ; ა. მერკელის განცხადებით, ამ საკითხში „ევროპას ერთი ხმით უნდა ესაუბრა“, ვინაიდან პეკინთან გაფორმებული ხელშეკრულება ყველა წევრი ქვეყნის საერთო ინტერესების დაცვას ნიშნავდა (Nasr & Seythal, 2020).

ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულების „კოლექტიური სარგებლის“ ვერსიას არ იზიარებდნენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები - იტალია, ბელგია, პოლონეთი და ესპანეთი, რომლებიც თვლიდნენ, რომ პეკინთან ურთიერთობებში მრავალი პრობლემა არსებობდა მაგ., იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილის - ი. სკალფაროტოს თქმით, ხელშეკრულების გაფორმებით ევროკავშირი თანხმობას აცხადებდა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე (Hanke Vela, 2021). უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმწიფოების რაციონალური ინტერესებისთვის ჩინეთთან ოფიციალური ხელშეკრულების არსებობას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორც, მაგალითად, გერმანიისთვის; შედარებისთვის: 2019 წელს გერმანიის საერთო ექსპორტის მოცულობა ჩინეთში შეადგენდა 96 მლრდ. ევროს, ხოლო იტალიის - 13 მლრდ., ბელგიის - 7 მლრდ. ევროს (EUROSTAT, 2019). ხელშეკრულების ოპოზიციური ქვეყნები საკუთარ პოზიციას ამყარებდნენ საერთო ევროპული პრინციპების არგუმენტებით და მათთან ჩინეთის შეუთავსებლობით; ჩინეთის მთავრობის აგრესია უიღურების მიმართ, ტაივანის პრობლემა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები ქვეყნის შიგნით და ა.შ. ევროპისთვის პრობლემატური უნდა ყოფილიყო. ამ საკითხების გათვალისწინებით პეკინთან ნაჩქარევად ხელშეკრულების გაფორმება ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსთვის მიუღებელი იყო, მით უფრო, რომ მთავარი სტრატეგიული მოკავშირის - აშშ-ის პოზიცია ამ შეთანხმებასთან მიმართებაში გაურკვეველი იყო (ხელშეკრულებას ხელი ჯ. ბაიდენის ინაუგურაციამდე მოეწერა).

ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში საინტერესოა იმ გარემოების გამოც, რომ აღნიშნული ნაბიჯი, გარკვეულწილად, ევროპასა და აშშ-ს - ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირის - შეთანხმებულ პოლტიკაში ბზარის გაჩენას ნიშნავს. ეს, თავის მხრივ, კარგად ესმის ჩინეთსაც; ამიტომაც იყო, რომ პეკინმა სასწრაფოდ დათმო პოზიციები საერთო საწარმოების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რათა საბოლოო შეთანხმების გაფორმება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მომხდარიყო, მით უფრო, რომ თეთრი სახლის ახალმა ადმინისტრაციამ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხში აშშ-ის და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების აუცილებლობაზე უკვე ისაუბრა (Von der Burchard, 2021). ეს კი, თავის მხრივ, აშშ-ის ახალი მთავრობის დიპლომატიური გზავნილი იყო ევროკავშირის მიერ გადადგმული ნაბიჯების პასუხად. იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი აშშ-ის მხრიდან მკაცრ კრიტიკას იღებს ტაივანში განხორციელებული აგრესიისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, აშშ აწესებს შეზღუდვებს ჩინური პროდუქციის იმპორტზე და ამავდროულად ეხმარება ტაივანის მთავრობას (გააქტიურებული დიპლომატიური კონტაქტები, მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღით ვაჭრობა), პეკინისთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პოზიცია არ გაიზიაროს ევროპამაც, რომელიც საინვესტიციო შეთანხმებით მეტნაკლებად დაუახლოვდა ჩინეთს. ამდენად, ევროკავშირმა საერთო პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან (აშშ) შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ჩინეთთან - ქვეყანასთან, რომელსაც დასავლეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა, პირველ რიგში, განსხვავებული პრინციპებისა და ღირებულებების გამო.

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ევროკავშირსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, ევროპული პრინციპებისა და ღირებულებების საკითხია. მართალია, ევროკომისიის პრესის სამსახურის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკურლება მხარეებს შორის „ღირებულებებზე დაფუძნებულ საინვესტიციო ურთიერთობებს“ გულისხმობს (EU Commission, Press Corner, 2020), თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს განცხადება რეალობას შეესაბამებოდეს მაშინ, როდესაც შრომითი უფლებების საკითხი ხელმომწერ მხარეებს შორის გადაულახავ პრობლემად რჩება. ჩინეთში იძულებითი შრომა მიღებული პრაქტიკაა, რაც, თავის მხრივ, არც ერთ ევროპულ პრინციპსა, თუ ღირებულებას არ შეესაბამება (პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში). შრომითი უფლებების საკითხი გახდა ასევე აშშ-ის მიერ ჩინური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ერთ-ერთი ფაქტორიც. მართალია, ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი მომავალში მოახდენს იძულებით შრომასთან დაკავშირებულ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციების რატიფიკაციას (EU Commission, Press Corner, 2020), თუმცა, კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ არის. არც ის არის ნათელი, როგორ მოახერხებს ევროკავშირი ჩინეთის „იძულებას“, მოახდინოს ამ კონვენციების რატიფიკაცია და პრაქტიკაში განხორციელება, მით უფრო მაშინ, როდესაც ევროპასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასაც ჩინეთისთვის გადამწყვეტი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს და, შესაბამისად, ზეწოლის „იარაღადაც“ ვერ გამოდგება. პრაქტიკაში უკვე არსებობს პრეცედენტი - 2011 წელს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირსა და სამხრეთ კორეას შორის, როდესაც ევროპულმა მხარემ დღემდე ვერ „აიძულა“ სამხრეთ კორეა, მოეხდინა საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციების რატიფიკაცია. ჩინეთის შემთხვევაში ეს ბევრად უფრო რთული იქნება. გარდა ამისა, არსებობს ჩინეთის მიერ ევროპელი პარლამენტარებისა და მეცნიერების წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო სანქციების პრობლემაც, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი მიზეზი გახდა ევროპარლამენტის მიერ 2021 წლის მაისში ჩინეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირების პროცესის შეჩერებისა, ვინაიდან, ევროპარლამენტარების აზრით, აღნიშნული სანქციები „წარმოადგენს შეტევას ევროპული დემოკრატიის არსისა და ფასეულობების, ასევე კვლევითი საქმიანობის თავისუფლების წინააღმდეგ“ (ევროპარლამენტის რეზულუცია, 2021/2644(RSP)).

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა რაციონალური არჩევანის თეორიის კონტექსტში

ზემოთ ხსენებული შემთხვევების (ენერგოპოლიტიკა რუსეთთან; თანამშრომლობა ჩინეთთან) ანალიზი მნიშვნელოვანია ამ ნაშრომში განხილული თეორიული დებულებების დასამტკიცებლად. პირველ რიგში, ორივე შემთხვევის ანალიზის შედეგად, გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში მიღებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები ნაკლებად ითვალისწინებს საერთო ევროპულ ღირებულებებს/პრინციპებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ისტორიული სამართლიანობის ფაქტორს (ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის საპირისპიროდ). ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან ოფიციალურად ითანამშრომლონ ავტორიტარულ რუსეთთან და კომუნისტურ ჩინეთთან და თვალი დახუჭონ მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით (ეს, თავის მხრივ, არანაირ ევროპულ პრინციპს, თუ ღირებულებას არ შეესაბამება) როგორც თავად ამ ქვეყნების შიგნით, ისე - მათ გარეთ. ამგვარი თანამშრომლობა „შესაბამისობის ლოგიკას“ ვერანაირად ვერ დაექვემდებარება, ვინაიდან ის არც ევროპის წარსულ გამოცდილებაზე და არც ისტორიაზეა ორიენტირებული (როგორც ამას ლიბერალური ინსიტუციონალიზმი აღწერს), უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში რაციონალური ინტერესების გამო, როგორც გამოჩნდა, ევროკავშირი ისტორიულ სტრატეგიულ მოკავშირეს - აშშ-საც უპირისპირდება.

ამ ნაშრომში განხილული შემთხვევები ასევე ადასტურებს, რომ სუპრანაციონალური ორგანოების არსებობის მიუხედავად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური საკითხები უნიტარული აქტორების - წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესებისა და მათი რაციონალური არჩევანის დონეზე წყდება. რუსეთზე ურთიერდამოკიდებულების, მასთან ენერგოურთიერთობების გაღრმავებისა და ჩინეთში ინვესტიციების განხორციელების საკითხები არა საერთო ევროპული „კოლექტიური სარგებელი“, არამედ გარკვეული წევრი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი) რაციონალური ინტერესებია. როგორც ანალიზიდან გამოჩნდა, ამ ქვეყნების ქმედებები შედეგზე ორიენტირებულ ლოგიკაზე და პრაგმატულ გათვლაზეა დაფუძნებული და მხოლოდ საკუთარ (ანუ შედარებით) სარგებელს ითვალისწინებს (რაციონალური არჩევანის თეორიის შესაბამისად); ენერგოურთიერთობები რუსეთთან, დაგეგმილი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზის პროექტის ჩათვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანიის ენერგოუსაფრთხოებისთვისაა. საკუთარი რაციონალური ინტერესების გამო გერმანია ნაკლებად ფიქრობს საერთო ევროპულ პრინციპებზე/ღირებულებებზე და „კოლექტიურ სარგებელზე“, რაც, თავის მხრივ, რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკით და სანქციების დაწესებით შეიძლება მიიღწეოდეს. გერმანია, საფრანგეთთან ერთად, ასევე ინიციატორია ჩინეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებისა (სწორედ ეს სახელმწიფოები მონაწილეობდნენ ევროკავშირის სახელით ოფიციალური დოკუმენტის გაფორმების პროცესშიც), ვინაიდან ჩინეთის მზარდი ბაზარი განსაკუთრებით ამ ქვეყნების ეკონომიკებისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს სახელმწიფოები ახერხებენ, რომ ევროკავშირი (საერთაშორისო ორგანიზაცია) საკუთარი ინტერესების აღსრულებისთვის წარმატებით გამოიყენონ, თუნდაც, ეს სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის საფრთხის შემცველი იყოს (მაგ., რუსეთთან თანამშრომლობით შექმნილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების საფრთხე, ან ავტორიტარულ ჩინეთთან დაახლოება როგორც საერთო ევროპული ღირებულებების საფრთხე) ისევ და ისევ რაციონალურ ლოგიკაზე დაყრდნობით: ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობა ყველაზე ხელსაყრელი და პრაგმატული გამოსავალია შექმნილ რეალობაში.

დასკვნა

ევროკავშირის ენერგოპოლიტიკა რუსეთთან და თანამშრომლობა ჩინეთთან (შემთხვევები/მაგალითები - cases) განხილული იყო ევროკავშირის „პრინციპული პრაგმატიზმის“ სტრატეგიის დღევანდელ რეალობაში განხორციელების დემონსტრაციისთვის, რაც, თავის მხრივ, ნაშრომის მთავარი საკვლევი თემაცაა. განხილულ ორივე შემთხვევაში/მაგალითში ნათლად ჩანს, რომ ბოლო წლებში ევროკავშირის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა მთლიანად განთავისუფლებულია იმ იდეალიზმისაგან, რომელიც ევროპული პრინციპების/ ღირებულებების სხვა ქვეყნებზე გავრცელებას და „სწორად მართულ“ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ისახავდა მიზნად. სამაგიეროდ ის მკვეთრად განიცდის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების გავლენას. მართალია, პრინციპების/ღირებულებების მნიშვნელობა ისევ ხაზგასმული რჩება ევროკავშირის 2016 წლის სტრატეგიაშიც, თუმცა, ზემოთ ხსენებული მაგალითების (cases) განხილვით აშკარაა, რომ ურთიერთსაპირისპირო აზრის შემცველი „პრინციპული პრაგმატიზმის“ ცნება რეალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაგმატულ, რაციონალურ არჩევანსა და შედეგებზე ორიენტირებულ ლოგიკაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ნიშნავს, სადაც პრინციპების/ღირებულებების როლი მეტნაკლებად დაკარგულია. რაციონალური ინტერესების გამო ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან ითანამშრომლონ ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, როგორიცაა რუსეთი და დათანხმდნენ ისეთ სახელმწიფოსთან (ჩინეთი) საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც 21-ე საუკუნეშიც იძულებითი შრომის პრაქტიკას იყენებს. ამდენად, საერთო ჯამში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ფუნდამეტური პრინციპების/ღირებულებების გავლენა არ იგრძნობა. უფრო მეტიც, წევრი ქვეყნების რაციონალური ინტერესების გავლენით ევროკავშირი უპირისპირდება თავის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოკავშირეს - აშშ-ს, რომელთანაც სწორედ საერთო პრინციპები/ღირებულებები აკავშირებს.

 

ბიბლიოგრაფია:
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, ხელმისაწვდომია ონლაინ: https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/eugs_review_web_0.pdf

ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია (2003), ხელმისაწვდომია ონლაინ: https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-15895-2003-INIT/en/pdf

ევროკავშირის საბჭო (2013), 3266-ე შეხვედრის პრეს რელიზი, ხელმისაწვდომია ონლაინ: 8/10/2013, https://www.consilium.europa.eu/ueDocs/cms_Data/docs/pressData/EN/foraff/139062.pdf

ევროპარლამენტის რეზოლუცია 2021/2644(RSP), ხელმისაწვდომია ონლაინ: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2021-0255_EN.html

Aggestam, L., & Bicchi, F. (2019), New Directions in EU Foreign Policy Governance: Cross‐loading, Leadership and Informal Groupings, JCMS: journal of common market studies, 57(3), 515-532

Bildt, C. & Gressel, G. (2021), Push back, contain, and engage: How the EU should approach relations with Russia, European Council for Foreign Relations, Wilder Europe, 25/03/2021, https://ecfr.eu/publication/push-back-contain-and-engage-how-the-eu-should-approach-relations-with-russia/

Bulmer, S. (1993), The Governance of the European Union: A New Institutionalist Approach, Journal of Public Policy, Vo.13, No.4. 351-380

De Maio, G. (2019), Nord Stream 2: A failed test for EU unity and trans-Atlantic coordination, BROOKINGS, 22/04/2019,https://www.brookings.edu/blog/order-from-chaos/2019/04/22/nord-stream-2-a-failed-test-for-eu-unity-and-trans-atlantic-coordination/

EEAS (2020), Statement by the High Representative/Vice-President Josep Borrell on US sanctions Brussels, European External Action Service (EEAS), 17/07/2020, UNIQUE ID: 200717_22, https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/83105/statement-high-representativevice-president-josep-borrell-us-sanctions_en

EU Commission, Press Corner (2020), EU-China Leaders' meeting: Delivering results by standing firm on EU interests and values, https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/STATEMENT_20_2546, 30/12/2020

EUROSTAT (2019), Trade with China by Member State, https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/China-EU_-_international_trade_in_goods_statistics#EU-China_most_traded_goods

Fallon, T. (2021), The Strategic Implications of the China-EU Investment Deal, The Diplomat, 04/01/2021, https://thediplomat.com/2021/01/the-strategic-implications-of-the-china-eu-investment-deal/

Flatley D. & and Wadhams N., (2021), U.S. Calls Effort to Halt Nord Stream 2 Pipeline a Long Shot, Bloomberg, 19/05/2021, https://www.bloomberg.com/news/articles/2021-05-19/u-s-to-waive-new-sanctions-on-nord-stream-2-pipeline-to-germany

Forsberg, T. (2013), The Power of the European Union: What Explains the EU’s (lack of) Influence on Russia?, Politique Europeenne, 39, 1

Gerring, John (2007), Case Study Research: Principles and Practices. Cambridge University Press, ISBN 978-0-521-85928-8

IMF Country Report No. 19/359 - Ukraine (2019), IMF, https://www.imf.org/~/media/Files/Publications/CR/2019/1UKREA2019009.ashx

Juncos, A. E. (2017), Resilience as the new EU foreign policy paradigm: a pragmatist turn?. European security, 26(1), 1-18

Kedmey, D. (2014), 4 Countries That Get Every Last Drop of Natural Gas From Russia, TIME, 16/06/2021, https://time.com/2882185/russia-natural-gas/

Kustova, I. (2015), EU–Russia Energy Relations, EU Energy Integration, and Energy Security: The State of the Art and a Roadmap for Future Research, Journal of Contemporary European Research, 11, 3

Lamnek, S.(2010), Qualitative Sozialforschung: Lehrbuch, Weihnhein, Basel: Beltz. ISBN 978-3-621-27770-9

Lehne, S. (2017), Is there hope for EU foreign policy? (pp. 1-22). Carnegie Endowment for International PeaceMarch, J. (2009), A Primer on Decision Making: How Decisions Happen, New York: The Free Press. 2009

Nasr J. & Seythal T. (2020), Merkel urges EU unity on China, REUTERS, 03/07/2020, https://www.reuters.com/article/eu-germany-merkel-china-idUSS8N2DF01L

Mihalache, I. (2016), Principled pragmatism in EU foreign policy: A return to Realpolitik or rapprochement with Russia, Centre for Geopolitics & Security in Realism Studies, http://cgsrs.org/files/files/file-1547759911.pdf

Neuendorf, K. A. & Kumar, A. (2015), Content analysis In Gianpietro Mazzoleni (Ed.), ‘The international encyclopedia of political communication’ (pp.1-10). West Sussex: Wiley.

Orenstein, M. & Kelemen, R. (2016), Trojan Horses in EU Foreign Policy, JCMS: Journal of Common Market Studies. 55. 10.1111/jcms.12441.

Pallardy, D. (2020), EU Delegation opposes US sanctions on Russian gas pipe, Independent Commodity Intelligence Services, https://www.icis.com/explore/resources/news/2020/08/17/10541992/eu-delegation-opposes-us-sanctions-on-russian-gas-pipe

Pennisi di Floristella, A. (2021), EU Trade Policy: Principles versus Pragmatism. The Cases of Vietnam and Cambodia. The International Spectator, 1-16

Pistorious, M. (2020), Nord Stream 2: Europe stays quiet while US ‘tramples over EU sovereignty’, REUTERS, 15/01/2021, https://www.euractiv.com/section/energy-environment/news/nord-stream-2-europe-stays-quiet-while-us-tramples-over-eu-sovereignty/

REUTERS (2021), New German CDU leader sticks to support for Nord Stream 2, REUTERS, 25/01/ 2021, 7:38 PM,https://www.reuters.com/article/germany-politics-cdu-nordstream/new-german-cdu-leader-sticks-to-support-for-nord-stream-2-idUSL8N2K04HD

Simón, L. (2017), Neorealism, Security Cooperation, and Europe's Relative Gains Dilemma, Security Studies Volume 26, 2017 - Issue 2. 185-212

Smith, N.R. (2014), The Underpinning Realpolitik of the EU’s Policies towards Ukraine: An Analysis of Interests and Norms in the EU-Ukraine Association Agreement, European Foreign Affairs Review 19(4):581-596.

Smith, S., Hadfield, A. & Dunne T. (2008), Foreign Policy. Theories-Actors-Cases, Oxford University Press 2nd edition

Stinchcombe, A.L. (2001), When Formality Works. Authority and Abstraction in Law and Organizations, Chicago: University of Chicago Press

Sytas A. (2016), EU leaders sign letter objecting to Nord Stream-2 gas link, REUTERS, 16/03/2016, https://www.reuters.com/article/uk-eu-energy-nordstream/eu-leaders-sign-letter-objecting-to-nord-stream-2-gas-link-idUKKCN0WI1YV

Thompson A. (2006), Coercion Through IOs: The Security Council and the Logic of Information Transmission. International Organization 60(1). PP 6-8

Tonra, B., & Christiansen, T. (2018), The study of EU foreign policy: between international relations and European studies. In Rethinking European Union Foreign Policy. Manchester University Press

Von der Burchard, H. (2021), Germany’s drive for EU-China deal draws criticism from other EU countries, POLITICO, 01/01/2021, https://www.politico.eu/article/germanys-drive-for-eu-china-deal-draws-criticism-from-other-eu-countries/

Wettengel, J. (2020), Gas pipeline Nord Stream 2 links Germany to Russia, but splits Europe, Clean Energy Wire, 07/09/2020,https://www.cleanenergywire.org/factsheets/gas-pipeline-nord-stream-2-links-germany-russia-splits-europe

Yin, R. K. (2013), Case Study Research: Design and Methods, (5th ed.), Thousand Oaks, CA: SAGE Publications. ISBN 978-1-4833-2224-7

 

 

დანართი N1

გაანალიზებული მასალების ცხრილი


[1] ევროკავშირის „ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის“ (Ordinary Legislative Procedure) თანახმად, ევროკომისია ახდენს ამა თუ იმ კანონპროექტის ინიცირებას (ამ პროცესში დიდია წევრი ქვეყნების და სხვადასხვა ჯგუფების ლობირების როლი), რომელიც შემდეგ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ მტკიცდება. ევროპის საბჭოში წევრი სახელმწიფოების მიერ ხმის მიცემის პროცედურა ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად „კვალიფიციური უმრავლესობის“ (qualified majority) პრინციპით ხდება, რაც ნიშნავს, რომ ინიციატივას მხარს უნდა უჭერდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55 პროცენტი და ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65 პროცენტი. ამის მისაღწევად ევროპის საბჭოში ხშირია წევრ ქვეყნებს შორის საერთო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის სხვადასხვა საკითხებით „ვაჭრობის“ შემთხვევები.