heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 3 ივლისი 2016

თანამედროვე ქართველ მწერალ-მესვეტეთა შემოქმედებითი თავისებურებები
ნათია სვანიძე

რეზიუმე

ქართველი მწერლების პუბლიცისტური წერილები ოდითგანვე ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე იყო ორიენტირებული. ისინი წარმოაჩენდნენ და გაიაზრებდნენ ქვეყნაში არსებულ ვითარებას, მკითხველს იმ პრობლემებს აცნობდნენ, რომლებიც ხელს უშლიდა ერს განვითარებაში. ასე იყო მე-19 საუკუნეში. ეს ტრადიცია გაგრძელდა მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაშიც. მწერალს პუბლიკასთან კონტაქტი დღესაც არ დაუკარგავს და მასობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის ახალ-ახალ ფორმებს ეძებს.
კვლევის მიზანია, შევაფასოთ რა თემატური თავისებურებებით გამოირჩევა საავტორო სვეტი, როგორია მისი მიზანდასახულობა და როგორ იყენებენ ამ ჟანრობრივ სახეს თანამედროვე ქართველი მწერლები საკუთარი თვალსაზრისის დემონსტრირებისათვის. ძირითადად, რა პრობლემებზეა მწერალი-მესვეტის ყურადღება გამახვილებული; თვითგამოხატვის როგორ ფორმებს იყენებენ მწერალი-მესვეტეები სუბიექტური „მეს“ წარმოსაჩენად; რამდენად ეფექტიანია მწერალ-მესვეტეთა ხელწერა აქტუალურ თემებზე მსჯელობისას და რა შემოქმედებით საშუალებებს მიმართავენ ისინი საკუთარი პოზიციის მართებულობაში აუდიტორიის დასარწმუნებლად.

საკვანძო სიტყვები: საავტორო სვეტი, მწერალი-მესვეტე, „კალამნისტიკის“ სპეციფიკა, ჟურნალისტური სვეტის რაობა, სვეტის გენეზისი, სვეტის ტიპოლოგია.

Abstract

The journalistic essays of the Georgian writers were always focused on the problematic topics of the country. They have portrayed the real situation in the country. They were introducing the problems that prevent the nation development. So was in the 19th century. This tradition continued in 20th-century’s literature as well. The writer today has not lost contact with the audience and is looking for the new forms of the relationship with mass-audience.
The aim of the study is to evaluate what kind of thematic features characterize the personal column, what is its purpose and how the modern Georgian writers use this genre for the presentation of their own point of views. Basically, on what problems is the writer-columnist’s attention focused; How effective is the writer-columnist's handwriting while discussing the actual top-ics; What kind of creative means are they using to convince the audience in the correctness of their own position.

Key words: personal column, writer-columist, specifics of the “column”, journalistic column, genesis of the column, typolo-gy of the column

შესავალი
ისტორიულად, დიდი მწერალი, ამავე დროს, დიდი პუბლიცისტიც იყო. მწერლის მახვილსა და ანალიტიკურ თვალთახედვას არასოდეს გამოჰპარვია ერის ცხოვრების არცერთი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა. ქართველი მწერლების პუბლიცისტური წერილები ორიენტირებული იყო პრობლემურ თემებზე, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. ისინი წარმოაჩენდნენ და გაიაზრებდნენ ქვეყნაში არსებულ ვითარებას, მკითხველს აცნობდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლიდა ერს განვითარებაში. ასე იყო მე-19 საუკუნეში. ეს ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაშიც გაგრძელდა, განსაკუთრებით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში, ვიდრე ბოლშევიზმმა ჩვენი სუვერენიტეტი არ შეიწირა. მწერალს დღესაც არ დაუკარგავს პუბლიკასთან კონტაქტი და ახალ---ახალ ფორმებს ეძებს მასობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის.
ჩვენს საძიებელ თემატიკას ქართული პრესისთვის შედარებით ახალ პუბლიცისტურ ფორმად მიჩნეული -მწერლის სვეტი წარმოადგენს. შესაბამისად, წინამდებარე სტატიის მიზანია, გამოვარკვიოთ, რა თემატური თავისებურებებით გამოირჩევა საავტორო სვეტი, როგორია მისი მიზანდასახულობა და როგორ იყენებენ ამ ჟანრობრივ სახეს თანამედროვე ქართველი მწერლები საკუთარი თვალსაზრისის დემონსტრირებისათვის. კვლევისას მოვიშველიებთ ე.წ. კალამნისტიკის თეორიულ ასპექტებს, მიმოვიხილავთ ასევე პრესის თავისუფლების პოსტსაბჭოურ გამოცდილებასა და პოსტმოდერნისტული ფილოსოფიის გავლენას პოსტსაბჭოთა მედიის შემოქმედებითი სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე.

კვლევის მეთოდოლოგია
ნაშრომში გამოვიყენეთ თვისებრივი კვლევის მეთოდი. ცნობილია რომ კონტენტ-ანალიზი გამოიყენება როგორც ტექსტებზე (მაგ: სტატიები, მოხსენებები, ისტორიული მასალები, წერილები და სხვ.), ასევე სხვა ტიპის მასალაზე მუშაობისთვის (მაგ: ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშები). ჩვენს შემთხვევაში, დაკვირვების საგანია ქართულ პრესაში გამოქვეყნებული თანამედროვე ქართველი მწერლების საავტორო სვეტების ტექსტები. ზოგადად, კონტენტ-ანალიზი ორ კომპონენტს მოიცავს: მექანიკურსა და ინტერპრეტაციულს. მექანიკური ასპექტი ტექსტის ორგანიზებას და მონაცემების კატეგორიებად დაყოფას ნიშნავს, ხოლო ინტერპრეტაციული - იმის დასაბუთებას გულისხმობს, თუ რომელი კატეგორიაა მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე. ეს ორი კომპონენტი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენს ნაშრომში გამოყენებული კვლევის მეთოდი შედარებით სუბიექტურია და ნაკლებად ამჟღავნებს იმ მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება სამიზნე მასალის ინტერპრეტაცია. აქ უფრო მეტად მნიშვნელობას გაესმება ხაზი, ვიდრე რაოდენობას. შესაბამისად, უპირატესობა მივანიჭეთ მოძიებული ტექსტების შინაარსობრივ მხარეს, მათ თემატურ კლასიფიკაციას და არა ამ ტექსტების რაოდენობას.
ჩვენი ნაშრომი საბიბლიოთეკე გამოკვლევაა. გავეცანით თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სვეტებს შემდეგ პერიოდულ გამოცემებში: გაზეთები– „24 საათი“, „სარბიელი“, ჟურნალი – „ლიბერალი“. საკვლევად დროითი არეალი არ შემოგვისაზღვრავს. ჩვენი მხედველობის არეში სვეტის ყველა ის ნიმუში მოექცა, რომელიც ქართველი მწერლების მიერ აღნიშნულ გამოცემებში მათი დაარსებიდან დღემდე გამოქვეყნდა. ვფიქრობთ, ამ გზით დემოკრატიზაციის პროცესში ჟანრის ტრანსფორმაციის ასპექტები უკეთ გამოიკვეთება. მასალის სისტემატიზება-კლასიფიკაციის შედეგად ვიმსჯელეთ პუბლიკაციათა შინაარსობრივ თავისებურებებზე, წარმოვაჩინეთ მათი შემოქმედებითი მახასიათებლები და ავტორთა ხელწერის თავისებურებები.
კვლევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ვივარაუდეთ, რომ თანამედროვე ქართველი მწერლები „სვეტის“ ჟანრობრივ ფორმას ეფექტიანად იყენებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საზოგადოების აქტუალურ პრობლემატიკაზე მსჯელობისთვის; ცალკეულ საკითხებთან მიმართებით საკუთარი კრიტიკული თვალსაზრისის დაფიქსირებისა და აუდიტორიის მიმხრობისთვის.
შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ საკვლევი კითხვებიც:
1. ძირითადად, რა პრობლემებზეა მწერალი-მესვეტის ყურადღება გამახვილებული?
2. თვითგამოხატვის როგორ ფორმებს იყენებენ მწერალი-მესვეტეები სუბიექტური „მეს“ წარმოსაჩენად?
3. რამდენად ეფექტიანია მწერალ-მესვეტეთა ხელწერა აქტუალურ თემებზე მსჯელობისას და რა შემოქმედებით საშუალებებს მიმართავენ ისინი საკუთარი პოზიციის მართებულობაში აუდიტორიის დასარწმუნებლად?

სვეტი: ტრადიციული ჟანრი თუ ახალი ფორმა

სანამ უშუალოდ საკვლევ პრობლემატიკაზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ „კალამნისტიკის“ სპეციფიკა - ჟურნალისტური სვეტის რაობის, მისი ევოლუციისა და ტიპოლოგიის საკითხები.
საავტორო სვეტის ევოლუციის სპეციფიკის გააზრებისთვის, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საავტორო შენიშვნების, ინტერვიუს, რეპორტაჟისა და პორტრეტის პირველადი ფორმები ჯერ კიდევ უძველეს ეპოქაში წარმოიშვა. მათი ფორმები, თავდაპირველი ყოველკვირეული და ყოველთვიური გაზეთების აღმოცენების დროიდან, თანდათანობით სრულყოფის პროცესს განიცდიდა, თუმცა, საბოლოო სახე ჟურნალისტურმა ჟანრებმა მე-19 საუკუნეში - სარედაქციო საქმიანობის აღორძინების ეპოქაში მიიღო.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, საავტორო თავისუფლების ხარისხის ზრდამ პირდაპირ პროპორციულად იმოქმედა ისეთი ჟანრის აქტუალობის მატებაზე, როგორიცაა „საავტორო სვეტი“, აღნიშნული ვითარება მიუთითებდა იმდროინდელ საზოგადოებაში კონკრეტული ავტორის კომენტართა მნიშვნელობაზე, რის გამოც საავტორო სვეტი, საგაზეთო სტატიათა რიგითი ნაირსახეობიდან დამოუკიდებელ ჟანრად გარდაიქმნა, ეს კი კონკრეტული ჟურნალისტის პერსონალურ სვეტს გულისხმობდა.
ტერმინი „სვეტი“ წარმოადგენს ინგლისური „column“-ის თარგმანს, რის გამოც იმ ადამიანებს, რომელთა ტექსტებიც ამ სპეციალურ საგაზეთო სივრცეს ავსებს, „კალამნისტებს“ უწოდებდნენ. კოლუმბიის უნივერსიტეტის ელექტრონული ენციკლოპედია „კალამნისტს“ განსაზღვრავს, როგორც მრავალრიცხვოვან ესეთა ავტორს, რომლებიც რეგულარულად ჩნდება პერიოდიკაში, ყველაზე ხშირად კი - მუდმივ რუბრიკაში(1).
თემატური ორიენტაციის მხრივ, საავტორო სვეტი შესაძლოა იყოს ფილოსოფიური, სოციალურ--პოლიტიკური, მიმდინარე მოვლენათა ამსახველი; იგი შესაძლოა გადმოგვცემდეს ავტორის კერძო პოზიციას გარკვეულ მოვლენასთან მიმართებით. ამგვარად, სვეტი - წარმოადგენს განსაკუთრებულად გაფორმებულ მონაკვეთს საგაზეთო სივრცეში, რომელიც კონკრეტულ ტექნიკურ ამოცანათა გადაწყვეტისას გამოყენებად მასალათა აქცენტირების მაგალითია: ინფორმაციული ტექსტების, სტატისტიკური მონაცემების, ციტატების, გამოკითხვების და ა.შ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ის ჟურნალისტური ხერხი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ გაფორმებისთვის გამოიყენებოდა, დროსთან ერთად განსაკუთრებულ ინფორმაციულ ზონად გარდაიქმნა, რომლის კარიც ღიაა ყველა იმ მკითხველოსთვის, ვინც მასში მოცემული ავტორით და იმ თემებით ინტერესდება, რომლებიც სვეტში რეგულარულად განიხილება(2).
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სვეტი საავტორო სვეტად ვერ იწოდება. საავტორო სვეტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიცავდეს პრობლემის სუბიექტურ ხედვას და არა მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას. კალამნისტების უმთავრესი მიზანი არის არა აუდიტორიის ინფორმირება, არამედ მკითხველის დაინტერესება და მისი ყურადღების მიპყრობა აქტუალურ პრობლემაზე. მკითხველი ავტორის არსებობას უფრო მეტად რომ გრძნობდეს, როგორც წესი, სვეტს ავტორისვე ფოტოსურათით აფორმებენ. ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია ინგლისური გაზეთის „Daily Mirror”-ის ტრადიცია გავიხსენოთ, რომელშიც 30 წლის განმავლობაშიც ცნობილი კალამნისტის, უ. კონორის სვეტი მისი ფოტოსურათით იბეჭდებოდა. იგი საკუთარ ტექსტებს ფსევდონიმ „კასანდრას“ სახელით აქვეყნებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საავტორო სვეტებისთვის კომპაქტური მოცულობა, მასალის გადმოცემის ემოციურად გაფორმებული სტილი და მოვლენათა მკვეთრად გამოხატული სუბიექტური შეფასებებია დამახასიათებელი. საავტორო სვეტში უმთავრესია ავტორის პოზიცია, სიტუაციისა თუ პრობლემის მისეული ხედვა. შედეგად, კალამნისტი ყოველთვის ცნობადი სახელის მქონე ადამიანს წარმოადგენს. ამის გამო, ის მკითხველი, რომელიც, როგორც წესი, ახალ ამბებში თანხას არ იხდის, შესაძლოა ხალისით ყიდულობდეს ამა თუ იმ კალამნისტის საავტორო მოსაზრებებს სწორედ მათი ავტორიტეტულობის გამო. ამიტომ, კალამნისტიკა, როგორც საავტორო პუბლიცისტიკა, აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის იმგვარ ტექსტებს, რომლებშიც საავტორო საწყისი დომინირებს(3).
საყურადღებოა, რომ გარკვეულ ავტორთა საგაზეთო სვეტები წიგნებადაც არის გამოცემული. ამის მაგალითს ფრანკლინ პირს ადამსი და მაკლინ ტაიერი წარმოადგენენ. ამ უკანასკნელის წიგნი „The Big Town: New York Day By Day (1935)” რომელიც სწორედ ავტორის საგაზეთო სვეტების კრებულს წარმოადგენდა, ბესტსელერიც კი გახდა. ხოლო ფრანკლინ პირს ადამსის “The Melancholy Lute (1936)“ მოიცავდა მის მიერ სამი ათწლეულის განმავლობაში გამოქვეყნებულ რჩეულ საგაზეთო სვეტებს.
საინტერესოა ისიც, რომ ჟურნალისტიკის ისტორიისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი ისეთი სიტუაცია მაინც, როდესაც საავტორო სვეტი სრულყოფილ, წარმატებულ ჟურნალად გარდაიქმნა. როდესაც სირუს კურტისმა, 1879 წელს, „The Tribune And Farmer” დააფუძნა, იგი ოთხგვერდიან ყოველკვირეულ გამოცემას წარმოადგენდა, რომლის წლიური გამოწერის საფასურიც მხოლოდ 50 ცენტი იყო. შემდგომში მან გაზეთში ქალთა სვეტი შემოიღო, რომლის ავტორიც მისი მეუღლე, ლუიზი კნეპ კურტისი იყო, და ეს სვეტი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ 1883 წელს კურტისმა გადაწყვიტა იგი ცალკე დაებეჭდა, როგორც გაზეთის ყოველთვიური დამატება, „Ladies Journal And Practical Housekeeper”, რომლის რედაქტორიც ლუიზ კურტისი გახდა. გამოცემის პირველი წლის ბოლოსთვის, მას 25 000 გამომწერზე მეტი ჰყავდა. ეს გამოცემა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კურტისმა საკუთარი გაზეთი “The Tribune And Farmer” გაყიდა, რათა მთელი დრო და ენერგია ახალი გამოცემისთვის დაეთმო, რომელიც შემდგომში „Ladies’ Home Journal”--ის სახელით გახდა ცნობილი.

საგაზეთო სვეტის ტიპოლოგია

დღესდღეობით ჟურნალისტურ პრაქტიკაში ტერმინი „სვეტი“ სამი მნიშვნელობით გამოიყენება. მის პირველ მნიშვნელობაში გაზეთის ფურცლებზე მასალის გაფორმების სპეციფიკური ხერხი მოიაზრება, რომელიც კონკრეტული ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტისას არსებულ მასალათა აქცენტირების მაგალითს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ შესაძლოა მოიცავდეს საინფორმაციო მასალების შერჩევას, სტატისტიკურ მონაცემებს, ციტატებს და ა.შ(4).
„სვეტის“ მეორე მნიშვნელობას საავტორო რუბრიკა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში სვეტი უკვე სტრატეგიულ ამოცანებს ასრულებს - მას საგაზეთო სივრცეში შეჰყავს ავტორი, რაც თავის მხრივ აუდიტორიის ყურადღებას იზიდავს. ამგვარი სვეტის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა აუდიტორიის გარკვეული სეგმენტის ყურადღების ფიქსირება კონკრეტულ ავტორზე, როგორც გარკვეული ინფორმაციის მატარებელზე.
„სვეტის“ მესამე მნიშვნელობა განსაკუთრებული ჟანრის გაგებას უკავშირდება, რომელიც ავტორის პირადი განცდების აქტუალიზებას ახდენს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რაც მკითხველს ავტორისვე შეხედულებების დემონსტრირების სახით გადაეცემა.
თავდაპირველად, სვეტებში ის ინფორმაცია იბეჭდებოდა, რომელზეც გაზეთის რედაქციას ყურადღების გამახვილება სურდა. ამგვარი მასალა შესაძლოა ყოფილიყო: განცხადებები, ექსტერნული სიახლეები, ოფიციალური შეტყობინებები და ა.შ. თუმცა, თანდათანობით სვეტის მნიშვნელობამ უფრო საყოფაცხოვრებო-ყოველდღიური ხასიათი შეიძინა.
მე-19 საუკუნეში მკითხველთა შორის დიდი პოპულარობით ე. წ. „ჭორების“ სვეტი სარგებლობდა, რომელშიც ქვეყნდებოდა ცნობები მოქალაქეთა ცხოვრების შესახებ: დაბადების, ქორწინების, ნიშნობის, გარდაცვალების, მგზავრობის, შვებულების და სხვა ამგვარ მოვლენათა შესახებ. ამგვარად, სვეტი საგაზეთო სივრცის იმ ადგილად იქცა, სადაც რეგულარულად გამოქვეყნებული ფრაგმენტებისაგან ფორმირდებოდა ზოგადი სურათი რიგით ადამიანთა ცხოვრებიდან. ამ მხრივ, სვეტი გარკვეულ საყოფაცხოვრებო ფუნქციას ასრულებდა.
ამის შემდგომ, სვეტ-რუბრიკაში კონცენტრირება იწყო მკაფიოდ გამოკვეთილი საავტორო საწყისების მქონე ტექსტებმა: კომენტარებმა, ესეებმა, რეცენზიებმა და ა.შ. შემდეგ კი, ჟანრობრივი დიფუზიისა და ჰიბრიდიზაციის პროცესთა ზეგავლენით, და ასევე - ავტორისა და მკითხველის თვითშემეცნების ცვლილებისა და პუბლიცისტიკაში არსებული ახალი ტენდენციების გამო (როდესაც ინტერესი ცალკეული პიროვნების მიმართ იმდენად გაძლიერდა, რომ პრესაში შესაძლებელი გახდა დღიურისებური ჟანრების აღმოცენება) მოხდა სვეტის ჟანრის ფორმირება. ეს გულისხმობდა ავტორის განცდების ფიქსირებას ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, რაც მაქსიმალურად პირადი, ბიოგრაფიული ტექსტით გადმოიცემოდა.
მონიკა მაკქეიფ კარდოზა აღწერს საავტორო სვეტის სხვადასხვა ტიპს: რჩევების სვეტი, ბიზნესის სვეტი, საოჯახო სვეტი; ასევე სვეტები კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, ჯანმრთელობასა და სილამაზეზე, ჰობის, სახლისა და ინტერიერის შესახებ; იუმორის, რელიგიის, სამოგზაურო სვეტები და ა.შ(5).
კარდოზა აღნიშნავს, რომ საავტორო სვეტის ეფექტურობისათვის საჭიროა სადღეისოდ გავრცელებულ პუბლიკაციათა სტილისა და სახეობათა გააზრება. იგი აღნიშნავს, რომ საავტორო სვეტის გამოქვეყნებისთვის ყველაზე ხელსაყრელ სივრცეს ყოველდღიური გაზეთები წარმოადგენს, რადგანაც მათი უმეტესობა, მკითხველთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ფინანსურად კვლავ საკმაოდ წარმატებულია. ამის მიზეზი კი, როგორც კარდოზა აღნიშნავს, ისაა, რომ მრავალ ყოველდღიურ გაზეთს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი და ამდენად, ელექტრონულადაც ხელმისაწვდომია.
ყოველდღიური გაზეთების პოპულარობის მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ ისინი მკითხველს პოპულარულ თემათა ყოველდღიური გაშუქებით იზიდავენ. და ბოლოს, ყოველდღიური გაზეთები უფრო მეტ აქცენტს ადგილობრივ სიახლეებზე აკეთებენ, ვიდრე სხვა ტიპის გამოცემები. ალბათ სწორედ ამ მიზეზებით არის განპირობებული ის, რომ ამგვარ გამოცემებში საავტორო სვეტს, როგორც წესი, უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ყოველკვირეულ ან ყოველთვიურ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ საავტორო სვეტებს, ვინაიდან ამ უკანასკნელში საავტორო სვეტების თემატიკა შესაძლოა ისეთ საკითხებს მოიცავდეს, რომლებიც ფართო მასებისთვის რთულად გასაგებ ან ნაკლებად საინტერესო საკითხებს ეხება. გარდა ყოველდღიური გამოცემებისა, საავტორო სვეტები გვხვდება სხვადასხვა ტიპის ბეჭდვით მედიაშიც, როგორიცაა: საზოგადოებრივი გაზეთები, ყოველკვირეული ალტერნატიული გამოცემები, ჟურნალები, ონლაინპუბლიკაციები და სხვა.
სვეტები გვხვდება როგორც გაზეთებში, ისე ჟურნალებსა და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაში, მათ შორის - ბლოგებშიც. ისინი მოკლე ესეს სახით გადმოიცემა კონკრეტულ მწერალთა მიერ, რომლებიც მკითხველს საკუთარ შეხედულებებს სთავაზობენ(6).
უნდა აღინიშნოს, რომ საგაზეთო კალამნისტები გასული საუკუნის 30-40-იანი წლებიდან რადიოსა და ტელევიზიის სივრცეშიც იკვალავდნენ გზას. 1930-იანი და 1940-იანი წლების ისეთმა საგაზეთო კალამნისტებმა, როგორებიც იყვნენ: ფრანკლინ პირს ადამსი, ნიკ კენი, ჯონ კროსპი, ჯიმი ფიდლერი, დრიუ პირსონი, ედ სალივანი და ვოლტერ უინჩელი, უაღრესად ცნობილ ჟურნალისტთა სტატუსს მიაღწიეს და საკუთარ სინდიკატირებულ სვეტებს იყენებდნენ, როგორც რადიოსა და ტელევიზიაში გადასასვლელ ტრამპლინს. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად უინჩელისა და პერსონსის შემთხვევაში, მათი რადიოპროგრამები ფორმატით საკმაოდ წააგავდა მათივე საგაზეთო სვეტებს.
როგორც უკვე შევნიშნეთ, საავტორო სვეტები, გარდა ჟურნალ-გაზეთებისა, მედიის ისეთ სახეობებშიც გვხვდება, როგორიცაა ინტერნეტი და სამაუწყებლო მედია. საავტორო სვეტის ერთ-ერთ სახეობას რჩევების სვეტი წარმოადგენს, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატითაა წარმოდგენილი: მკითხველი ამა თუ იმ მედიასაშუალებას უგზავნის წერილს გარკვეულ პრობლემაზე შეკითხვის სახით, ხოლო მედიასაშუალება აწვდის პასუხს ან გამოხატავს რეაგირებას მის შეკითხვაზე. ეს პასუხები მრჩეველ-კალამნისტთა მიერ იწერება.

კრიტიკოსი-მესვეტე
კრიტიკოსი წარმოადგენს პროფესიონალს, რომელიც მკითხველთან კომუნიკაციას ამყარებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ საკუთარი მოსაზრებებისა და შეფასებების გადმოცემის მეშვეობით. მისი მსჯელობის საგანს შესაძლოა ხელოვნების ნებისმიერი ფორმა წარმოადგენდეს: - მხატვრობა, ლიტერატურა, კინო, თეატრი, მოდა, არქიტექტურა და სხვა. გარდა ხელოვნებისა, კრიტიკოსის ინტერესის სფერო შესაძლოა იყოს სოციალური ან სამთავრობო პოლიტიკაც. კრიტიკული შეფასებები, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა ისინი კრიტიკული აზროვნების შედეგს, მოიცავენ ფაქტორთა ფართო სპექტრს, მათ შორის - განხილული ობიექტის შესაბამისობას მის მიზანთან, მისი შემქმნელის განზრახვასა და კონტექსტის ცოდნასთან. კრიტიკა შესაძლოა მოიცავდეს კრიტიკოსის მხრიდან როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ პირად მოსაზრებებს(7).

რედაქტორისა და მოსაზრების სვეტები
როგორც ზემოთ აღინიშნა, საავტორო რუბრიკის ერთ-ერთი ფორმაა რედაქტორის სვეტი, რომელიც გაზეთის ან ჟურნალის სარედაქციო პოზიციას ასახავს ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან მიმართებით. რედაქტორის სვეტი “გაზეთის ხმას“ წარმოადგენს, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ, ერთი ადამიანის მიერ იწერება, როგორც წესი ხელმოუწერელია(8).
რედაქტორის სვეტის ავტორები იყენებენ პირველი პირის ნაცვალსახელს „ჩვენ“. ხოლო მოსაზრების სვეტი იმგვარადაა შექმნილი, რომ ერთი პიროვნების მოსაზრებებს გამოხატავს. საავტორო კალამნისტები იყენებენ პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელს „მე“. ჟურნალისტური „ლიცენზია“, რომელიც ავტორებს უფლებას აძლევს გამოიყენონ „მე“ და „ჩვენ“ ნაცვალსახელები, მხოლოდ რედაქტორის სვეტებსა და საავტორო სვეტის სხვადასხვა ფორმაზე ვრცელდება, რაც ამ კონკრეტულ ჟურნალისტთა ავტორიტეტს ამაღლებს. მკითხველისათვის ეს ორი ნაცვალსახელი ფაქტებზე დაფუძნებული აღწერიდან საავტორო ჟურნალისტიკაზე გადასვლის მანიშნებელს წარმოადგენს. ამ ნაცვალსახელთა გამოყენებით, საავტორო სვეტის სხვადასხვა სახეობის მწერლები, უპირველეს ყოვლისა, აქცენტს საკუთარ პირად რეპუტაციასა და გაზეთის სანდოობაზე აკეთებენ.
ქართულ პრესაში, კერძოდ კი - გაზეთ „კომუნისტში“ ტერმინი „რედაქტორის სვეტი“ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა, რაც იმ დროისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა საბჭოურ მედიაში. თუმცა, როგორც დ. ტყებუჩავა აღნიშნავს, იმდროინდელი რედაქტორები წმინდად შემოქმედებითი-ჟურნალისტური უნარების ნაკლებობას განიცდიდნენ, რაც თავის მხრივ საბჭოთა სისტემის სპეციფიკით იყო განპირობებული, რომელიც არათუ ჟურნალისტს, არამედ ყოველ ინდივიდს თავისუფალი აზროვნების ტენდენციათა გამოვლენას უკრძალავდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს არსებული „რედაქტორის სვეტი“ მაინც აძლევდა ავტორს საკუთარი სახის, მისი პიროვნებისა და კონცეფციის გამოკვეთის შესაძლებლობას, საბჭოთა ჟურნალისტიკის იმდროინდელი ფორმებისგან განსხვავებით.

საკითხის კვლევის ქართული გამოცდილებიდან

მიუხედავად პოსტსაბჭოთა ქართულ სინამდვილეში საავტორო ჟურნალისტიკის ფორმების აღმოცენება-განვითარების შეფერხებისა, საავტორო სვეტისა და „კალამნისტების“ არაფორმალური ისტორია სათავეს შესაძლოა მნიშვნელოვნად ადრე იღებდეს. დ. ტყებუჩავა, ქართული კალამნისტიკის წანამძღვრებად ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, არჩილ ჯორჯაძისა და სხვათა პუბლიცისტიკას მიიჩნევს. ამავე აზრს ავითარებს მ. შამილიშვილიც ნაშრომში: „ვაჟა-ფშაველა - მესვეტე“, რომელშიც მწერლის მიერ 1877-1878 წლებში, გაზეთ „დროებაში“ სვეტის ყაიდაზე დაბეჭდილ კორესპონდენციებზე ამახვილებს ყურადღებას(9).
საავტორო სვეტის სპეციფიკაზე საუბრობს მ. გერსამია წიგნში - „ელემენტარული ნაწილაკები ჟურნალისტიკაში“. იგი გამოყოფს ჟურნალისტური სვეტების ყველაზე გავრცელებულ სახეებს: რედაქტორის, მოსაზრების, რჩევის, თემატური სვეტებს. საავტორო სვეტებზე საუბრისას იგი შენიშნავს: „თუ წარმატებული რეპორტირებისას ჟურნალისტის ინდივიდუალობა ფერმკრთალდება, საავტორო სვეტებში წარმატებას სწორედ წერის პერსონალური მანერა განაპირობებს(10).“
აღსანიშნავია ისიც, რომ საავტორო სვეტის ერთ-ერთ სპეციფიკურ მახასიათებელს ავტორის მიერ სათქმელის ლაკონიურად და მკაფიოდ გადმოცემა წარმოადგენს. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, „ნართაულებით, მინიშნებებით, რიტორიკული კითხვების გამიზნულობით მკითხველი იოლად პოულობს პასუხს ზოგჯერ ძალზე აბურდულ სოციო-პოლიტიკურ ვითარებაში გასარკვევად(11).“ ამდენად, საავტორო სვეტის კიდევ ერთი უმთავრესი დანიშნულება მკითხველისათვის არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ვითარებაში გარკვევის ხელშეწყობაა.

მწერალი-მესვეტეები ქართულ ბეჭდვით მედიაში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ინტერესის საგანს თანამედროვე ქართულ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული სვეტები წარმოადგენს, რომელთა ავტორები ცნობილი მწერლები არიან. მოძიებულ ნიმუშთა თემატური კლასიფიკაციის შედეგად, გამოვკვეთეთ პრობლემატურ საკითხებზე მეტადრე აქცენტირებული პუბლიკაციები და გამოვარკვიეთ ავტორების მიზანდასახულობა, წარმოვაჩინეთ მათი სტილური თავისებურება და შემოქმედებითი ატრიბუტიკა.
აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი - ეს არასრული ჩამონათვალია თანამედროვე ქართველი მწერლებისა, რომლებიც ჟურნალ-გაზეთებში საავტორო სვეტებს წერენ. ჩვენ მიერ განხილულ გამოცემათა შორის, ამ მხრივ პროდუქტიულობით გაზეთი „24 საათი“ გამოირჩევა, რომელიც 2002 წლის 1 იანვარიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე ყოველდღიურად გამოდიოდა. იგი წლების განმავლობაში, ვიდრე ბეჭდური სახით არსებობას შეწყვეტდა, სისტემატურად უთმობდა ადგილს მწერლების პუბლიცისტურ ნაღვაწს. გაზეთ „24 საათის“ Columnist-ებს ტიპური ამერიკული („ნიუ-იორკ ტაიმსის“) სისტემით, კვირის დღეები ჰქონდათ განაწილებული: „დათო ტურაშვილის ხუთშაბათი“ და „ბასა ჯანიკაშვილის შაბათობები“ პირდაპირ მიანიშნებს სვეტების გამოსვლის დღეზე, ხოლო „ლაშა ბუღაძის კომენტარები მთავარზე“ ჟანრის სხვა მახასიათებლებს წამოსწევს წინა პლანზე. თუ ამერიკელ თეორეტიკოსთა კლასიფიკაციას გამოვიყენებთ, დათო ტურაშვილის, ლაშა ბუღაძისა და ბასა ჯანიკაშვილის სვეტები თვალსაზრისის სვეტებია (Opinion Column)(12).
ვერ ვიტყვით, რომ მწერლების სვეტები თემატური თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია. მათი ძირითადი საფიქრალი და განსასჯელი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა. ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებული დაძაბული პოლიტიკური გარემო, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სასამართლო სისტემის რეფორმა, ქვეყნის ევროპული არჩევანი, სამოქალაქო საზოგადოების შექმნა - ეს ის პრობლემური საკითხებია, რომელთა აქტუალიზებასაც სვეტების ავტორები ცდილობენ.
დათო ტურაშვილი არა მარტო თანამედროვეობის ცნობილი მწერალია, არამედ გასული საუკუნის 80-იანი წლების სტუდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილეცაა. იგი ყოველთვის ჩართული იყო ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი და დღემდე ღიად გამოხატავს თავის შეხედულებებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა თუ საზოგადოებისთვის პრობლემურ თემებზე.
გაზეთის 2004 წლის ნომრებში, ყოველ სამშაბათს იბეჭდებოდა დათო ტურაშვილის ორიგინალური ფორმის საავტორო სვეტი -- „SMS“, რუბრიკით - „ყოველ სამშაბათს“. 2009 წელს მისი სვეტები უკვე ხუთშაბათობით იბეჭდება, სახელწოდებით „დათო ტურაშვილის ხუთშაბათი“, რუბრიკაში - - „რევიუ“. წარმოდგენილ საავტორო სვეტებს წამძღვარებული აქვს ერთი წინადადება - „რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება (მათთვის, ვინც ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობს).“ რასაც შემდეგ მოსდევს ძირითადი ნაწილი - რამდენიმე მობილური ტელეფონის ნომერი და ნომრის ქვემოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება. მაგალითად: „877919909“
რამდენიმე დღის წინ გასაოცარი ამბავი მოხდა მოსკოვში, რუსეთის დედაქალაქში რწმუნებათა სიგელის გადასაცემად პრეზიდენტ პუტინთან, საქართველოს ახალი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვალერი ჩეჩელაშვილი, თეთრი ჩოხით მივიდა. გასაოცარი ეს არ იყო, გასაოცარი ის იყო, რაც მერე მოხდა - მართალია, ვალერი ჩეჩელაშვილს, საჩოხე ტანი არ ღმოაჩნდა (როგორც ტელეეკრანზე ჩანდა), მაგრამ აღმოაჩნდა თვისება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო წარმატებისთვის. რუსეთის პრეზიდენტის დაცვამ მოითხოვა, რომ საქართველოს ახალ ელჩს ხანჯალი მოეხსნა და ისე შესულიყო აუდიენციაზე. ჩოხა კი, ხანჯლის გარეშე, მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს და ყველასგან მოულოდნელად ვალერი ჩეჩელაშვილმა ისეთი პრინციპული სიჯიუტე გამოიჩინა, რომ რუსებსაც კი გაუკვირდათ. გაკვირვებულ რუსებს კი ისღა დარჩენოდათ, რომ დაეთმოთ და სწორედ ამ პრინციპულობას ველოდი და ამ პრინციპულობას ვქადაგებ აგერ უკვე ორასი წელია. დარწმუნებულიც ვარ, რომ თუ არ შეგვეშინდება და ვიქნებით პრინციპულები, რუსებიც ვერაფერს დაგვაკლებენ - როგორც ხანჯალი ვერ მოჭამეს ვალერი ჩეჩელაშვილს, აგერ სულ რამდენიმე დღის წინ...“ („24 საათი“, 2004 წ. 7 დეკემბერი).
აღნიშნული ტექსტის შემდეგ, ამავე სვეტში კიდევ მობილური ტელეფონის ოთხი სხვადასხვა ნომრისადმი მიწერილი სხვადასხვა შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებებია, რომლებშიც ავტორი იმ კვირისთვის აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს ძალიან მოკლედ მიმოიხილავს და ამ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს.
საავტორო სვეტებში ნათლად ჩანს ინდივიდუალისტური ხელწერა, სუბიექტური „მე“, მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ არის კონკრეტული კალამნისტი, როგორია მისი ბიოგრაფიული ბექგრაუნდიც, რა ქმნიდა მისი გამოცდილების კაპიტალს. თავის სვეტებში დათო ტურაშვილიც ინდივიდუალურ დაკვირვებას აწარმოებს გარე სამყაროზე და საჭირბოროტო თემატიკაზე მსჯელობისას საკუთარ თვალთახედვას გვთავაზობს. მისი ინტერესის მთავარი სფერო პოლიტიკაა. როგორც ვახსენეთ, მწერალი სტუდენტობიდან იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ იყო მიმართული.
თითოეულ სვეტში ფარულად თუ აშკარადაა გაცხადებული მწერლის პროტესტი და ანტიპათია რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკისა და ყველაფერი იმის მიმართ, რაც საბჭოთა კავშირთან ასოცირდება. ხშირად ავტორი ერთსა და იმავე თემატიკას ეხება, ზოგჯერ თემას განავრცობს და გაგრძელებებით გვთავაზობს მომდევნო კვირის სვეტში. მიუხედავად გამეორებებისა, დათო ტურაშვილის არცერთი სვეტი არაა ზედაპირული და გულწრფელობას მოკლებული. მისი წერის მანერა პუბლიცისტიკაშიც სრულად გადმოდის და ისეთივე სადა, ყველასთვის გასაგები და ლაკონური ენით გადმოგვცემს სათქმელს, როგორც ეს მის მხატვრულ ტექსტებშია გაცხადებული.
დათო ტურაშვილის სვეტებში სათქმელი ნათლადაა გამოხატული და მწერლის ღირებულებით პრიორიტეტებს წარმოაჩენს. მისი მთავარი საფიქრალი საქართველოს ევროპული არჩევანი და ამ გზაზე წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაა. ქვეყნის განვითარების ერთადერთ სწორ გზად ავტორს წარსულის გონივრული გააზრება და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებული მომავლის შენება მიაჩნია. აი, როგორ გამოხატავს იგი თავის აზრს ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის თაობაზე:
„პირადად ჩემთვის მთავარია არა პიროვნული ფაქტორი, არამედ ევროპული ფასეულობები, რისი დამკვიდრებაც ძალიან გვიჭირს დამოუკიდებელ საქართველოში, რადგან სინამდვილეში თავისუფლება დემოკრატიულ ფასეულობებს ეფუძნება. ის პოლიტიკოსები კი, ვისაც დემოკრატია სისუსტე ჰგონია არა უზარმაზარი ძალა, ვერასოდეს შექმნიან ისეთ საქართველოს, რომელიც რუსეთის იმპერიას თავს დააღწევს და ევროპულ სახლში დაბრუნდება. მე კი მართლა ისეთ ევროპულ საქართველოში მინდა ცხოვრება, სადაც ყველა იმ ტრადიციას, თვისებასა და ღირებულებებს შევინარჩუნებთ, რომელსაც წარსულში ვქმნიდით, მაგრამ მომავალშიც გამოგვადგება...“ (16.04.2009, „24 საათი“, „მიშა თუ გრიშა“).
დათო ტურაშვილის, როგორც მესვეტის, ხელწერის კიდევ ერთი თავისებურება მისი წერის მსუბუქი მანერაა. ის მძიმე პრობლემებზეც მსუბუქად და შთამბეჭდავად საუბრობს, ხშირად იუმორსაც მიმართავს, მაგრამ არასდროსაა ცინიკური. მისი მედიატექსტები ქართველი ხალხის წლობით მოუგვარებელი პრობლემების გამო დიდი გულისტკივილითა და წუხილითაა აღბეჭდილი.
ბასა ჯანიკაშვილი თავის სვეტებში ორიგინალურ ხელწერას გვთავაზობს. იგი თხრობისთვის ინტერვიუს ფორმას ირჩევს და ამ მობილური, დინამიური ჟანრის შესაძლებლობებს ეფექტურად იყენებს. „ბასა ჯანიკაშვილის შაბათობების“ სახელწოდებით წარმოდგენილ სვეტებში ყოველთვის საინტერესო თემებზეა საუბარი. თანაც, ავტორი სათქმელს არაორდინალური გზით, გამოგონილ რესპონდენტებთან საუბრის სახით გვეუბნება. მათ უცნაური სახელ-გვარები და სტატუსები აქვთ, თუმცა, მკითხველს არ გაუჭირდება ამ გამოგონილ პერსონაჟთა შარჟულ სახეებში თავისი თანამედროვეების ამოცნობა. ასე მაგალითად: ექიმი, ფსიქოლოგი, ატლანტიდის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი არმაზ მოდრეკილი; ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად შანტაჟისტი და პროვოკატორი თენგო; არასამთავრობო ორგანიზაცია „დიალოგი უპირველეს ყოვლისას“ პრეზიდენტი, პოლიტ-ექსპერტი, ალექსანდრე მიტისკული; ვენის დასუფთავების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალფრედ ლევან შოინბერგი; საქართველოს პი-არ ტექნოლოგიების წამყვანი სპეციალისტი სილიბისტრო დაბრეცილი...
ბასა ჯანიკაშვილის ერთ-ერთი სვეტში - „ინტერვიუ ოცდამეორე - აგენტები თუ არგენდობი“- რესპონდენტად შერჩეულია მოქალაქე, საპროტესტო ელექტორატის აქტიური შიგთავსი (ახალი ტერმინია) ნუნუ სიმფონია. სვეტის ავტორი ასე წარმოგვიდგენს სტუმარს: „ქალბატონი ნუნუ სიმფონია 1988 წლიდან მიტინგებით ცხოვრობს. მისთვის სულერთი არ არის ქვეყნის ბედი თუ უბედობა. ჩემთან საუბარში არაჩვეულებრივი პრინციპულობა და სითამამე გამოიჩინა. რაც, რა თქმა უნდა, პატივსაცემია, მხოლოდ, დაეთანხმებით თუ არა ეს თქვენთვის მომინდვია..“ და შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის ფორმით გრძელდება. რესპონდენტი ქვეყნის ბედზეა დადარდიანებული და უპრინციპო პოლიტიკოსთა ბრალს ხედავს ყველა იმ პრობლემაში, რაც ხალხს თავს დაატყდა. სამწუხაროდ, უკეთესის მცირედ შანსსაც არ ტოვებს მისი ბოლო რეპლიკა: „მინდა გადავცე ყველას, ნუ გეშინიათ, ყველაფერი ისედაც ცუდად იქნება“ (19 მაისი, 2009).
ბასა ჯანიკაშვილი ისევე, როგორც ჩვენ მიერ დამოწმებული სხვა მესვეტეები, მიუხედავად სუბიექტური ხედვისა, შეულამაზებლად წარმოაჩენს რეალობას. ცხადია, ფაქტების უბრალო შერჩევა--გამოყოფაც კი სუბიექტური მომენტია, რასაც ავტორის განწყობა მისი მოქალაქეობრივი პოზიცია, გემოვნება, განათლება, ერუდიცია და ა.შ. განაპირობებს. გამოგონილი რესპონდენტების პასუხები მესვეტის პასუხებია მისსავე შეკითხვებზე, ყველაფერი მისი სუბიექტური თვალთახედვის გამოხატულებაა. ავტორის შეფასებები მისივე უშუალო განცდებია, სიმპათია-ანტიპათიაა და ავტორის პოზიციის, კონცეფციის, იდეების დასაბუთებას ემსახურება.
ბასა ჯანიკაშვილის სვეტები ორიგინალური ხელწერით გადმოცემული აღქმაა რეალობისა. მისი პოზიცია ნათელი, მომჭირნე თხრობით გულწრფელად გამოხატული ხედვაა არსებული პრობლემებისა.
საჭირბოროტო პრობლემებს შეეხეო ზაალ სამადაშვილი თავის ერთ-ერთ საავტორო სვეტში „დელ პიეროს მაისური“ („24 საათი“, 11 იანვარი, 2003 წ.) იგი 14 წლის ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს და თვეში ას დოლარზე ცოტა მეტს გამოიმუშავებს. ას დოლარს დედას აძლევს, ცოტა მეტს კი ინახავს საყვარელი საფეხბურთო გუნდის „იუვენტუსის“ მაისურის საყიდლად, რადგან სკოლის ჩემპიონატში აპირებს მონაწილეობას. ბიჭი დარწმუნებულია, რომ ამ მაისურის წყალობით გოლებსაც გაიტანს და ახტომისას შემართულ ხელსაც ისე „გააშხუილებს ჰაერში, როგორც დელ პიერო“... 8 წლის იყო, მამა აფხაზეთის ომიდან რომ დაბრუნდა. პირველი დესანტი რომ გადასხეს ლესელიძეში, იქიდან მოყოლებული, სოხუმის დაცემამდე ომობდა. თერთმეტისა ხდებოდა, ისევ რომ წავიდა სახლიდან. ყოფილ მეომრებს დევნა და დატუსაღება დაუწყეს და მანაც გაქცევა არჩია ციხეში ჯდომას. ერთი წლის შემდეგ გაიგეს ბიჭმა და დედამისმა, რომ რუსეთში იმყოფებოდა, საიდანაც ყოველ სამ თვეში ერთხელ წერილს და ფულს აგზავნიდა. მაგრამ, ირკვევა, რომ „ასე გრძელდებოდა შარშანწინდლამდე. ბოლოს შარშანწინ, დეკემბრის პირველ რიცხვებში მოვიდა მისი გამოგზავნილი კაცი. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.“
ძალზე ემოციურია სვეტის დასასრული. მწერალი მოულოდნელ და შთამბეჭდავ ენდინგს გვთავაზობს: შობის წინა დღეს, ბენზინის გასამართი სადგურის შემინული ჯიხურიდან თოთხმეტი წლის ბიჭი გამოდის. ტყავის ქურთუკი აცვია, ვიღაცის ნაქონი, ოდნავ განიერი და ოდნავ გრძელი... ისე დინჯად მიაბიჯებს, თითქოს ბათინკებში აჭყაპუნებული წყლის გამო სიცივეს ერთიანად არ ჰყავდეს ატანილი... ბიჭი ახალგაზრდა, ოპელიან კაცს შეხვდება და კონვერტს და ფულს გადასცემს. ეს კაცი ზუსტად სამ საათზე მივა ბიჭთან და დედამისთან, კონვერტს მაგიდაზე დადებს, დედას ტირილი აუვარდება, აქამდე დაძაბული ბიჭი კიდევ უფრო დაიძაბება და როცა დედის თვალებში სიხარულს ამოიკითხავს, ისეთივე გრძნობა დაეუფლება, როგორიც Delle Alpi-ზე პირველად გასულ ალესანდრო დელ პიეროს...
ზაალ სამადაშვილის სვეტი მხატვრული ნაწარმოები უფროა, ვიდრე პუბლიცისტური წერილი, თუმცა ავტორი ამ ფორმით გადმოგვცემს მწარე რეალობას, რაც იმ წლების საქართველოში სუფევდა:- აფხაზეთისა და სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი, სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, უყველაფრობა, უკიდურესი გაჭირვება, რომელთან გამკლავებაც უწევდა ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას და მომავალი თაობის ოცნებების მსხვრევა. ავტორმა, ნაცნობისა და მარტივის ემოციური განზოგადებით, ქვეყნის და ხალხის წინაშე არსებული რთული და მნიშვნელოვანი პრობლემები კიდევ ერთხელ დაგვანახა...
ყველასათვის კარგად ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე, იგივე გიო ახვლედიანი, 1995 წლიდან 2009 წლამდე სპორტულ გაზეთ „სარბიელში“ მოღვაწეობდა. მწერალი სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა სვეტებს სპორტის თითქმის ყველა სახეობის, უმეტესად კი ფეხბურთის შესახებ. 14 წლის განმავლობაში ათასობით სვეტი დაწერა. 2010, 2011, 2014 წლებში აკა მორჩილაძის სვეტები ჟურნალ „ლიბერალშიც“ იბეჭდებოდა. აკა მორჩილაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი მესვეტეა, რომლის სვეტებიც წიგნად გამოიცა.
„ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმე შეკრებდა და გამოსცემდა ამ ლიბერალურ საფეხბურთო მზესუმზირას. რახან მოხდა და ასე გამოდის, ალბათ ეს წიგნაკი არაფერს დააშავებს და მზესუმზირადაც ივარგებს, სახალისოდაც და ახლო წარსულის სურათებსაც გაახსენებს მის გადამფურცლავ ფეხბურთის მოყვარულ ხალხს... “-- ასე შეაფასა თავად ავტორმა მისი სპორტული სვეტების წიგნებად დასტამბვის ფაქტი. უნდა ითქვას, რომ მათთაც კი, ვისთვისაც სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი, არცთუ მიმზიდველი თემაა, აკა მორჩილაძის სპორტული სვეტები სახალისო, მსუბუქი, სიამოვნებით წასაკითხია. ყველა სვეტს ეტყობა, რომ მას სპორტული კომენტატორი კი არა, მწერალი წერს.
აკა მორჩილაძის სპორტულ სვეტებში მსოფლიოს სპორტული ცხოვრების ამსახველი ფაქტობრივი მასალა მხატვრული ელემენტებითაა გაჯერებული და თხრობის გადამდები სისადავით გამოირჩევა. დავიმოწმებთ ნიმუშს:
„აჰმეთს ინგლისის არ სჯერა“
„... მსოფლიოში ბევრ გუნდს არ ეყოლება ისეთი მწვრთნელი, როგორც ინგლისს უშოვნია. ფაბიო კაპელო. გაგრძელება კი საჭირო არ არის. კაპელო და მორჩა... კაპელომ თქვა, - ოჯახობა, გელფრენდები და ასეთი რამეები აფრიკაში არ დავინახოო... მოკლედ ინგლისი ემზადება. კაპელოს ხელში, სადილზე სპორტულებით ვერ ჩახვალ, და საერთოდ, შორტებით ტანტალი და ინგლისელთათვის ტრადიციული ბანქოს თამაში თავისუფალ დროს დამთავრებული. სამაგიეროდ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება“ (31 მაისი-6 ივნისი, 2010 წ. ჟურნალი „ლიბერალი“).
თემატური მრავალფეროვანებით გამოირჩევა გაზეთ „24 საათში“ დაბეჭდილი ლაშა ბუღაძის სვეტები. ავტორი წერს ყველაფერზე, რაც მას აინტერესებს, აწუხებს და რაც საზოგადოებისთვისაც აქტუალურია. თუმცა, მწერლის მთავარი მიზანი სხვა მესვეტეთა და გაზეთის პუბლიკაციათა კრიტიკაა. მისი ხელწერა სარკასტულია და პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას აერთიანებს. თავის ერთ-ერთ სვეტში - „ღია წერილი ნოდარ ლადარიას“ (2005 წლის 28 მარტი, გაზეთი „24 საათი“) მწერალი საკუთარ მცდელობას ასე აფასებს:
„ბატონო ნოდარ, როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი თვეა „24 საათის“ ავტორების სვეტებისა და სტატიების პაროდიებს ვწერ. ვის აღარ შეეხო ჩემი მახვილი კალამი, ვის აღარ ჩამოვხსენი სახიდან ნიღაბი!... ბუნებრივია, თქვენი სტატიების პაროდიების ჯერიც დადგა, მაგრამ მე იმდენად დიდ პატივს ვცემ თქვენს ერუდიციას, და ისე მეშინია თქვენი სავარაუდო პასუხის ორშაბათის ნომერში, რომ უმალ სიკვდილი მირჩევნია, ვინემ თქვენი სპეტაკი, სუფთა და ლაკონური სტილის ქილიკი...“
მთელი 2009 წლის განმავლობაში ლ. ბუღაძის სვეტები გაზეთში იბეჭდება რუბრიკით -„კომენტარები მთავარზე“. მის დაუნდობელ კრიტიკას არაერთი პოლიტიკოსი გამოუყვანია მკითხველი აუდიტორიის სამსჯავროზე. მესვეტის მიერ გამათრახებულთა შორის თვით პრეზიდენტიც გვევლინება, თავის გარემოცვიანად. 2009 წლის 1 მაისის მრავლისმთქმელ სვეტში, სათაურით - „პრეზიდენტის სიზმარი“ ლაშა ბუღაძე მიხ. სააკაშვილის მმართველობის სტილსა და დაშვებულ შეცდომებზე, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ილია ჭავჭავაძეს ალაპარაკებს:
„რამდენიმე დღის წინ ილია ჭავჭავაძე დასიზმრებია პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოს პრეზიდენტს ილია ჭავჭავაძე ესიზმრება... ილია კარგად ყოფილა ინფორმირებული დღევანდელ პოლიტიკური კრიზისის შესახებ. სწორედ ამ კრიზისზე წაუკითხავს ლექცია პრეზიდენტისთვის: „მიხეილ, გენაცვალე“, - უთქვამს ილიას, „იცოდე, ბევრად უფრო მეტი ხალხია შენდამი კრიტიკული, ვინემ ეს მიტინგებზე ჩანს. ხალხს ცვლილებები და სამართალი უნდა... მიეც ამ ხალხს ახალი საარჩევნო კოდექსი, დაჰკა პანღური ამჟამინდელ საარჩევნო კომისიას, რომლის მიმართაც ეგზომი უნდობლობაა, შეამცირებინე თავი, ვითარცა პრეზიდენტმა, რომ მომავალში მაინც არ გადაგაგდონ, დასთანხმდი ხელისუფლების დაბალანსებას და დემოკრატი ვარო, რომ გაიძახი, სრულყოფილი დემოკრატი იყავ მაშინ!... მეტი რა ვქნა, შენ დაგესიზმრე და არა იმ მესაკნეს, ამ დროს, ყოველღამ მითხოვს, დამესიზმრეო... მაინც შენ გეცი ამ ეტაპზე პატივი. თუმცა გაფრთხილებ-კოშმარებსაც მოგივლენ, თუკი ჩემს ნათქვამს არ შეისმენ!...“
ასე ლაკონიურად, ორიგინალურად მიუთითა ავტორმა უმაღლეს ხელისუფალს. ეს რჩევაც იყო და გაფრთხილებაც, რასაც არც მაშინდელი და არც ახლანდელი ხელისუფალი ყურად არ იღებს, არაფრად დაგიდევს კრიტიკას, ხალხის აზრს და არც ინტელექტუალთა შეგონებები უღირს რამედ. მიზეზი ამ ყველაფრისა კონკრეტულ პიროვნებებში კი არ უნდა ვეძიოთ მხოლოდ, არამედ საზოგადო სენზე უნდა მივუთითოთ. ყველაფერში დამნაშავე თავად ჩვენ ვართ, საზოგადოება და ეს აზრია სწორედ გამოხატული ლაშა ბუღაძის მორიგ სვეტში - „უბედნიერესი ერი“, რომელიც 2009 წლის 8 მაისს, იმავე რუბრიკით დაიბეჭდა. ამონარიდი, რომელსაც დავიმოწმებთ მწერლის უმწვავესი რეაქციაა ქვეყანაში არსებულ სავალალო ვითარებაზე:
„არცერთი მხარე არ არის ორიენტირებული პოზიტივზე... ერთადერთი ორიენტირი - ძალადობაა. სიმშვიდე და რაციონალიზმი არააქტუალურია. კომპრომისისკენ მოწოდება - ღალატი და სისუსტის მაჩვენებელი… ყოველთვის ასეა, მთავარია პიროვნულად დავრჩეთ გამარჯვებულები, ეს უიღბლო ქვეყანა კი ჯანდაბამდეც წასულა! რა საშინელი ხალხი ვართ, რა საშინელი უფროსები გვყავს! ჩვენი ისტორია ჩვენივე იდიოტიზმის და ეგოცენტრიზმის ისტორიაა. მაგრამ ხომ იცით, რაც უფრო იდიოტია ადამიანი, ის მით უფრო ბედნიერია. თუ არ მენდობით, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ი. ჭავჭავძის „ბედნიერი ერი“
შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ბუღაძის სვეტებში თანადროულობის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და აქტუალური საკითხია განხილული. ავტორი თავის ჩვეულ სტილს არც ამჯერად ღალატობს და ირონიით, ნართაულად, სხარტი, მოქნილი ენით გადმოგვცემს საკუთარ სათქმელს, რომელიც მრავალთა თვალსაზრისსაც ეხმიანება.

დასკვნა
ამგვარად, ჩვენ მიერ შერჩეული მწერალ-მესვეტეთა ტექსტების ანალიზმა დაადასტურა ნაშრომის მიზანდასახულობა და ჩვენი ვარაუდი, რომ თანამედროვე ქართველი მწერლები „სვეტის“ ჟანრობრივ ფორმას ეფექტიანად იყენებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საზოგადოების აქტუალურ პრობლემატიკაზე მსჯელობისთვის; ცალკეულ საკითხებთან მიმართებით საკუთარი კრიტიკული თვალსაზრისის დაფიქსირებისა და აუდიტორიის მიმხრობისთვის.
კიდევ ერთხელ წარმოჩნდა სვეტის, როგორც პოპულარული ჟურნალისტური ფორმის ქმედითუნარიანობა. მისი მომარჯვებით ქართველი მწერლები ახერხებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის წარმოჩენას. ორიგინალური ხელწერით, განსხვავებული სტილითა და მდიდარი მხატვრული აქსესუარით გამორჩეული მედიატექსტები ცხადყოფს წარმოდგენილი ჟანრის სიცოცხლისუნარიანობას და მის ეფექტიანობას საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების აქცენტირებისათვის, რაც მათი მოგვარებისკენაა მიმართული. ეს კი, უპირველესად, მწერლის სამოქალაქო პოზიციით გაცხადებული სურვილი და ძალისხმევაა.

___________________________________________________

ბიბლიოგრაფია

Е. М. Деяк-Якобишина, Авторская колонка: Традиционный Жанр или Новая Форма, 2013, Веснік БДУ
Глушко А .К. Основы журналистских знаний,(2001),Киев,
Дэннис Э., Мэррил Дж . Беседы о массмедиа, (1997)
С.С. Ярцева, Жанровые Признаки Колонки, 2011 Воронежский государственный университет
https://en.wikipedia.org/wiki/Columnist
Dolan Jill, The Feminist Spectator as Critic, (2012-10-24),University of Michigan Press
Monica Mc Cape Cardoza, “You can write a column”,
გერსამია მარიამ, ელემენტარული ნაწილაკები ჟურნალისტიკაში, (2011), „უნივერსალი“
ზურაბიშვილი თინათინ, თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში, (2006), „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“
ტყებუჩავა დიანა, ჟურნალისტიკამცოდნეობა მომიჯნავე დისციპლინათა ჭრილში, (2009), გამომცემლობა „უნივერსალი“
შამილიშვილი მანანა, ვაჟა-ფშაველა მესვეტე, (2011), ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 

[1]Е. М. Деяк-Якобишина , Авторская колонка: Традиционный Жанр или Новая Форма, 2013, Веснік БДУ

[2]ГлушкоА .К .Основыжурналистскихзнаний, 2001, Киев

[3]Дэннис Э. Мэррил Дж. Беседы о массмедиа, 1997

[4]С.С. Ярцева, ЖанровыеПризнакиКолонки,2011 Воронежскийгосударственныйуниверситет

[5]Monica McCape Cardoza, “You can write a column”. 

[6]https://en.wikipedia.org/wiki/Columnist

[7] Dolan Jill, The Feminist Spectator as Critic, (2012-10-24),University of Michigan Press

[8] Monica McCape Cardoza, “You can write a column”,

[9]შამილიშვილი მ. ვაჟა-ფშაველა მესვეტე, 2011, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა

[10]გერსამია მ. ელემენტარული ნაწილაკები ჟურნალისტიკაში, 2011, „უნივერსალი“

[11] ტყებუჩავა დ. ჟურნალისტიკამცოდნეობა მომიჯნავე დისციპლინათა ჭრილში, თბილისი 2009, გამომცემლობა „უნივერსალი“

[12] ტყებუჩავა დ., ჟურნალისტიკამცოდნეობა მომიჯნავე დისციპლინათა ჭრილში, თბილისი 2009, გამომცემლობა „უნივერსალი“