heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 6 მარტი 2018

2012-2014 წლების ყველაზე სკანდალური ამბის ვიზუალიზება თანამედროვე ქართულ ბეჭდვით მედიაში
თინათინ მაჭარაშვილი

რეზიუმე 

ჩვენი სტატიის მიზანია, წარმოვაჩინოთ, თუ როგორ ხდებოდა 2012-2014 წლების ყველაზე სკანდალური ამბის ვიზუალიზება მაშინდელ ქართულ ბეჭდვით მედიაში, რა დამატებით ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს არავერბალური კოდით გადმოცემული ქვეტექსტური მნიშვნელობები. კვლევის ემპირიულ ბაზას შემდეგი ჟურნალ-გაზეთები წარმოადგენს: „24 საათი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „პრაიმ ტაიმი“, „ასავალ-დასავალი“, „ტაბულა“ და „ლიბერალი“.

ანალიტიკურ მიდგომად ვიყენებთ სემიოტიკურ ანალიზს, კერძოდ, მითების ანალიზს, ხოლო საკვლევ ტექნიკად - კონტენტანალიზს. სემიოტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა, რომ არავერბალური კოდებით გადმოცემული ინფორმაციის დეკოდირებისას გამოიკვეთოს როგორც ექსპლიციტური, ასევე კონოტაციური მნიშვნელობები. აღნიშნულ ჟურნალ-გაზეთებში „ციხის სკანდალის“ საილუსტრაციოდ გამოყენებულია თემატური ფოტოები, გასაშუქებელ ინფორმაციასთან კონცეპტუალურად დაკავშირებული, სიტუაციის ამსახველი და პირადული ფოტოები, რაც, ახდენს რა რეალობის დენოტაციას, მეტი დამაჯერებლობით ტვირთავს შეტყობინებას და ასევე, ციფრულ-გრაფიკული ხერხი, კერძოდ, ცხრილი, რომელიც მკითხველს ამბის ობიექტურად გადმოცემაში არწმუნებს.

         შესწავლილი ჟურნალ-გაზეთების ვიზუალური სახის სემიოტიკური ანალიზი წარმოაჩენს, როგორც უშუალოდ სტატიის ავტორის შეხედულებებს ასევე პუბლიკაციის სარედაცქიო პოზიციას „ციხის სკანდალთან“ მიმართებაში.

         საკვანძო სიტყვები: ციხის სკანდალი, მითოლოგიური ანალიზი (მითი), ფოტოს დეკოდირება, კონოტაციური მნიშვნელობების დემონტაჟი, ცხრილის კონტექსტუალური ანალიზი.

 

Abstract

               

The aim of our research based on the semiotic analysis is to demonstrate the editorial policy of our studied publications regarding the "prison scandal”.

The empirical basis of our study - Visualization of the most scandalous story of 2012-2014 in contemporary Georgian print media - include the Georgian press in 2012-2014, in particular, the following magazines and newspapers: “24 Hours”, “Resonance”, “Kviris Palitra”, “Prime Time”, “Asaval-Dasavali”, "Tabula" and "Liberal".

Based on mythological analysis, this method of research allows for the exploitation of the information provided by the non-verbal code as an exploitative and conduction value. In these magazines and newspapers, the thematic photographs are used to illustrate thematicly, contextually reflective and personalized photos, which denotes reality, load more conviction, and at last, digital graphical method, namely, the table that makes the reader objective in conclusion and persuaded. 

The semiotic analysis of the visuals of the studied magazines and newspapers clearly demonstrate the points of view of the author of the article as well as the publication's position on the "prison scandal". 

შესავალი

ჩვენი კვლევის პერიოდის, კერძოდ, 2012-2014 წლების ყველაზე გახმაურებული ამბავი, ეგრეთ წოდებული „ციხის სკანდალი“ გახლავთ, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში, საპალამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით დაიწყო. იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში მომხდარი პატიმართა ცემის და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ქართულმა ტელეარხებმა გაასაჯაროვეს, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და დაიწყო საპროტესტო აქციები.

შედეგად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მ. სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა და ხელისუფლებაში ბ. ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა. ის ფაქტი, რომ იმ დროისთვის პატიმართა საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაში მიცემული იყო საპატიმრო დაწესებულებების 70 თანამშრომელი, ხოლო მათგან 42-ს სხვადასხვა ვადის პატიმრობა მიესაჯა, მოწმობს ამ საქმის მასშტაბურობას.

„ციხის სკანდალმა“ გადამწყვეტი როლი რომ ითამაშა საქართველოში ხელისუფლების საარჩევნო გზით შეცვლაში, მოწმობს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს 2012 წლის 29 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება: „არჩევნებში გადამწყვეტი როლი „ციხის სკანდალმა“ შეასრულა. ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე ხნით არდე არ იცოდნენ, ვისთვის მიეცათ ხმა, კონკრეტული გადაწყვეტილება ციხის სკანდალმა მიაღებინა, სწორედ ამ ადამიანებმა დაიკავეს პოლიტიკური ცენტრი“.

აშკარაა, რომ არა ეს კსანდალი, შესაძლოა, სრულიად სხვა შედეგი გამოეღო არჩევნებს. ჩვენთვის საინტერესოა, საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის გაშუქებისას მაშინდელი ბეჭდვითი მედია ვიზუალიზების რომელ ხერხს ანიჭებდა უპირატესობას, რათა გაემდიდრებინა ვერბალური კოდით გადმოცემული ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომთანამედროვე ჟურნალ-გაზეთები, სადაც ილუსტაციები ლინგვისტურ ტექსტს სჭარბობს, ინფორმაციის ვიზუალიზებისთვის მრავალ საშუალებას მიმართავენ, როგორიც არის ფოტო, კარიკატურა, ციფრულ-გრაფიკული გამოსახულებები და სტატიების გასაფორმებლად გამოყენებული დიზაინის ხერხები: შრიფტი, ცარიელი სივრცე და ფერები. მაიკლ ფრინდლი ინფორმაციის ვიზუალიზაციას განმარტავს როგორც სწავლებას ინფორმაციის ვიზუალური წარმოდგენის შესახებ. მისივე აზრით, ვიზუალიზების ხერხები აადვილებენ ინფორმაციის აღქმას, გააზრებასა და დამახსოვრებას. აქედან გამომდინარე ვიზუალური შემადგენელი მხოლოდ ვერბალური ტექსტის ილუსტრირებას არ ახდენს.

         საგულისხმოა, რომ ვიზუალური კულტურის ეპოქაში ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე მომრავლდა კრეოლიზებული მედიატექსტები. ტერმინი -“კრეოლიზებული ტექსტები“ ჯერ კიდევ 1990 წელს გამოიყენეს მეცნიერებმა - ი. ა. სოროკინმა და ე. ფ. ტარასოვმა, რათა აღენიშნათ ორი არაჰომოგენური ნაწილისგან (ვერბალური და იკონური გამომსახველობითი საშუალებებისგან) შემდგარი ტექსტი.  გამოსახულებისა და ტექსტის ერთიან კონტექსტში განხილვისთვის დავიმოწმებთ მ. შამილიშვილის ნაშრომს “ზურაბ ქარუმიძის კრეოლიზებული მედიატექსტები”. გამოყოფენ ნაწილობრივ ან მთლიანად კრეოლიზებულ ტექსტებს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი ტექსტები, რომელშიც ვერბალური ნაწილი ავტონომიურია, ხოლო გამომსახველობითი ელემენტები მასზე დაქვემდებარებული. ასეთი ავტოსემანტიკური ურთიერთობა ვერბალურ და იკონურ კომპონენტებს შორის გვხვდება საგაზეთო, სამეცნიერო-პოპულარულ და ლიტერატურულ ტექსტებში, ხოლო ინსემანტიკური - გამოსახულებისა და ვერბალური ტექსტის სრული შერწყმა - რეკლამაში, სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ ტექსტებში (შამილიშვილი, 2014).

                ნათელია, რომ ბეჭდვით მედიაში იკონური კოდი დამატებითი ინფორმაციით ავსებს სტატიის ავტორის სათქმელს და ამავედროს, როგორც სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი ტვირთავს კონოტაციური მნიშვნელობებით. იკონურ და ვერბალურ კომპონენტებს შორის ავტოსემანტიკური ურთიერთმიმაგრების საფუძველზე წარმოქმნილი იმპლიციტური ინფორმაციის დეკოდირებას ყველაზე ნათლად ბეჭდვითი მედიის ვიზუალური სახის სემიოტიკური ანალიზი, კერძოდ, კი მითების ანალიზი ახდენს, ამიტომ ჩვენც არჩევანი თანამედროვე ქართულ ბეჭდვით მედიაში 2012-2014 წლების ყველაზე სკანდალური ამბის ვიზუალიზების შესწავლისას მასზე შევაჩერეთ.

 

მითური მნიშვნელობების ამოხსნის სქემა ფრანგ სემილოგს, როლან ბარტს ეკუთვნის, რასაც თავად „მეორეულ ამოხსნას“ უწოდებს, რაც საგნის კონოტაციური, თანმდევი მნიშვნელობების დეკოდირებას გულისხმობს. ჩვენც კვლევას, რა თქმა უნდა, ამ სქემის მიხედვით წარვმართავთ. ავტორი ამტკიცებს, რომ მეორადი ამოხსნის ანუ კონოტაციის დროს წარმოიქმნება ის, რასაც თვითონ „მითს“ უწოდებს. ამაში კი ბარტი მოიაზრებს იდეოლოგიას, როგორც იდეებისა და მეთოდების ღერძს, რომელიც ამყარებს და აქტიურად უწყობს ხელს დომინირებული ჯგუფების ფასეულობებსა და ინტერესებს საზოგადოებაში (სთორი,2007). ჟურნალ-გაზეთების, როგორც მასობრივი კულტურის, ვიზუალური სახის აღწერა და ახსნა სემიოტიკური ანალიზის ამოცანას წარმოადგენს, რადგან სწორედ ეს არის, როგორც ბარტი უწოდებს, „ბუნებისა და ისტორიის აღრევის დეკორატიული გამოფენა“, სადაც საგნები იძენენ კონოტაციურ მნიშვნელობებს.

როლან ბარტმა სოსიურის ლინგვისტურ მოდელზე დაყრდნობით შექმნა მითის ამოხსნის სქემა. შვეიცარიელი ენათმეცნიერი, ფერდინანდ დე სოსიური, ენობრივ სისტემას განიხილავდა, როგორც სემიოლოგიურ და სოციალურ მოვლენას. სოსიურის ფორმულას - აღმნიშვნელი + აღნიშნული = ნიშანი - ბარტი მეორე დონეს ამატებს.

N1 ცხრილი

როგორც მოცემულ ცხრილში ჩანს, მითის ამოხსნა ნიშნით იწყება (სთორი, 2007). არაბული რიცხვებით აღნიშნულია ლინგვისტური სემიოლოგიური სისტემა, რომელშიც აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ერთობლიობა ქმნის ნიშანს, ჯაჭვის ბოლო წევრს. ხოლო რომაული რიცხვებით გადმოცემულია მითი, მეორე სემიოლიური სისტემა, რომელშიც ლინგვისტური სისტემის ბოლო წევრით - ნიშნით - იწყება ახალი სისტემა. მითის თვალსაზრისით, ავტორი აღმნიშვნელს უწოდებს ფორმას, რადგან ის იგივეა, რაც ლინგვისტური თვალსაზრისით აზრი, რომელიც არის სახის და ცნების ერთიანი ასოციაციის შედეგი. ბარტი აღსანიშნს ცნებას უწოდებს, ხოლო ნიშანს - მნიშვნელობას.

ბარტის აზრით, მკითხველი მითს არ აღიქვამს როგორც სემიოტიკურ სისტემას, არამედ ინდუქციურ სისტემად ხედავს, სადაც მხოლოდ ერთი ეკვივალენტი არსებობს. მის თვალში აღმნიშვნელსა და აღნიშნულს ბუნებრივი ურთიერთკავშირი აქვს. მითის მომხმარებელი ფაქტების სისტემას ანიჭებს მნიშვნელობას. შედეგად, მითი იკითხება, როგორც ფაქტების სისტემა, მაშინ, როცა ის მხოლოდ სემიოლოგიური სისტემაა. ვიზუალური სახის ანალიზისას, ჩვენ შევეცდებით, მნიშვნელობათა დემონტაჟი ორივე დონეზე, დენოტაციურ და კონოტაციურ დონეზე განვახორციელოთ, რათა მითის, როგორც ნიშანთა სისტემის, მნიშვნელობა წარმოვაჩინოთ. 

ბეჭდვით მედიაში ინფორმაციის ვიზუალიზების ძირითადი ხერხები

თანამედროვე ჟურნალ-გაზეთები სტატიების საილუსტრაციოდ მრავალ საშუალებას მიმართავენ, თუმცა, მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებული ფოტო და ციფრულ-გრაფიკული მონაცემებია.

ფოტო ინფორმაციის ვიზუალიზების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა, ამიტომ მიოკიდა ასე მყარად ფეხი ჟურნალისტიკაში და ცალკე მიმდინარეობადაც - ფოტოჟურნალისტიკად ჩამოყალიბდა.

დღევანდელი ფოტოჟურნალისტიკა სარეკლამო ფოტოგრაფიის ტექნიკას სესხულობს აბსტრაქტულ იდეებზე დამყარებული აზრის ილუსტრირებისთვის“, - წერს კ. კოუბრე ნაშრომში „ფოტოჟურნალისტიკა, პროფესიული მიდგომა“ (კოუბრე, 2005, 172) და მას სარედაქციო ილუსტრაციას უწოდებს, რაც ბეჭდვით მედიაში ახალმა ტენდენციამ - ფაქტის აღწერიდან ანალიზზე გადასვლამ წარმოშვა. ჟურნალისტურ გამომსახველობაში მომხდარმა ცვლილებამ სარედაქციო კონცეფციის ილუსტრირებისას იდეის ვიზუალიზებისთვის ვიზუალური მეტაფორები შექმნა. ვიზუალური მეტაფორა გულისხმობს ერთი საგნის მეორეთი შეცვლას, რათა აჩვენოს მათ შორის მსგავსება. ავტორს მაგალითად მოყავს ქვიშის საათი, რომლის ქვედა ნაწილში მეტი ქვიშაა, რაც მნახველს მიახვედრებს, რომ ეს საგანი მოხუცებულობას, ანუ ძალის, ენერგიისა და წლების ხარჯვას გამოსახავს.

ფოტოს ძირითადი ფუნქციის განმარტების მიზნით დავიმოწმებთ რ. დოლიძისა და მ. რუსეიშვილის ნაშრომს „სემიოტიკა და მასმედია“ (2009). ავტორები მიიჩნევენ, რომ ფოტოსურათი, რომელიც აქტუალურობითა და რეალობის კონოტაციით ხასიათდება, ასახავს სინამდვილეს, ხოლო მისი პრაგმატული ფუნქცია მკითხველის ყურადღების მიპყრობაა. მკვლევართა აზრით, ინფორმაციის აღქმის პროცესზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ლინგვისტური და ვიზუალური კონოტაციური კოდები, რადგან მკითხველის მიერ ჟურნალ-გაზეთებით გადმოცემული ამბავი აღიქმება ფრეიმებით, რომლებიც კოდირდება ჟურნალისტის მიერ და დეკოდირდება რეციპიენტის მიერ მისი ინტელექტის, ინტერესების, სოციალური მდგომარეობისა და იდეოლოგიური შეხედულებების საფუძველზე (დოლიძე, რუსეიშვილი, 2009, 26-27).

ფოტოს მნიშვნელობის დეკოდირების ყველაზე ცნობილი მაგალითი რ. ბარტის მიერ განხილული „Paris Match“-ის (1955) გარეკანია.

მითის ახსნა იწყება ლინგვისტური სისტემის ბოლო წევრიდან ანუ ნიშნიდან - შავკანიანი ჯარისკაცი ფრანგულ დროშას სამხედრო სალამს აძლევს, რომლის აღსანიშნი ანუ ცნება გამოხატავს ფრანგობისა და გასამხედროების მიზანმიმართულ ნაზავს, ხოლო ნიშანი, ანუ მნიშვნელობა, რაც მითმა შეიძინა არის „Paris Match“-ის მცდელობა, შექმნას ფრანგული იმპერიალიზმის დადებითი იერსახე.

მითის აღქმაში, როგორც რ. ბარტი „ფოტოგრაფიულ გზავნილში“ (1974) წერს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პუბლიკაციის კონტექსტი. „პარი მაჩის“ („Paris Match“) გარეკანის ფოტო სოციალისტური ჟურნალის ყდაზე ირონიულად განწყობილი მკითხველის მიერ ფრანგული იმპერიალიზმის დადებითი სახის ნაცვლად, იმპერიული ექსპლუატაციის ნიშნად იქნებოდა აღქმული, რაც განპირობებულია საფრანგეთის ვიეტნამში (1946) დამარცხებისა და ალჟრში მარცხის (1954) ისტორიული კონტექსტებით.

კრისტიან მეცი სტატიაში “ანალოგიის მიღმა, სახე“ („Au–delà de l’analogie, l’image“) წერს, რომ ვიზუალური სახე არ ქმნის თავის თავში ჩაკეტილ და ავტონომიურ იმპერიას, ერთგვარ დახურულ სამყაროს. პირიქით, მის მნიშვნელობას სწორედ გარშემომყოფი ელემენტები განსაზღვრავს, ამიტომაც არავერბალური კოდი მუდმივად იქნება სიტყვათა თამაშის და საერთოდ ყველა იმ სიახლის მსხვერპლი, რაც მოცემულ სოციუმში ქმნის ნიშნის მნიშვნელობას (მეტცი, 1970). კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ერთი და იგივე ნიშანი, ვერბალური თუ არავერბალური, სხვადასხვა დროსა და სივრცეში სხვადასხვანაირად იქნება გაგებული და აღქმული.

ე. ვერონი კი „პრესის ფოტოს“ სემიოტიკური ანალიზისას, მნიშვნელობას ანიჭებს დროის იმ მონაკვეთს, როდესაც ფოტო პრესის საშუალებით პირველად იყო გავრცელებული, რადგან ჟურნალ-გაზეთებში ვხვდებით ძირითადად სამი ტიპის ფოტოს. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი ფოტო, რომელიც მის გავრცელებამდე რამდენიმე საათის ან მაქსიმუმ რამდენიმე დღის წინ მომხდარ მოვლენას ასახავს; მეორე კატეგორიას - პიროვნების „საიდენტიფიკაციოდ“ გამოყენებული ფოტო, რომელიც არავინ იცის, როდის არის გადაღებული, ხოლო მესამეს - არქივიდან ამოღებული ფოტო, რომელზეც ნათლად არის მითითებული წყარო.

რაც შეეხება ინფორმაციიის ციფრულ-გრაფიკული ხერხებით წარმოჩენას, უნდა აღინიშნოს, რომ ციფრების საშუალებით ინფორმაციის ვიზუალიზების საკითხს მრავალი მკვლევარი შეეხო. ჯერ კიდევ 1970 წელს სამეცნიერო ჟურნალის „კომუნიკასიონის“ („Communications”) ფურცლებზე დაიბეჭდა ჟაკ დურანის ნაშრომი „რიცხვის რიტორიკა“ („Rhétorique du nombre“). ავტორი განიხილავდა იმ დროისთვის დამკვიდრებულ ორ ძირითად მოსაზრებას: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ რიცხვი არაფერს აღნიშნავდა და ამგვარად, მეტყველების ნაწილს არ წარმოადგენდა, მეორეთა აზრით, რიცხვი იყო ნიშანი, რომელსაც მხოლოდ დენოტაციურ დონეზე ჰქონდა მნიშვნელობა და ამდენად, არ წარმოადგენდა რიტორიკის შესწავლის საგანს. ჟ. დურანი კი თვლიდა, რომ განსაკუთრებით მასკომუნიკაციაში გამოყენებულ რიცხვს გააჩნდა მრავალი ექსპრესიული ნიშან-თვისება. ამ მოსაზრების თანახმად, ციფრებითა თუ რიცხვებით გადმოცემულ ინფორმაციას მართებულად მიიჩნევდა რიტორიკული ანალიზის წყაროდ.

იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთების კვლევის საფუძველზე ჟ. დურანმა დაასკვნა, რომ რიცხვების გამოყენებით მედიატექსტი, მოცემულ შემთხვევაში ბეჭდვითი მედიატექსტი, მიმართავს ისეთ სპეციფიურ რიტორიკულ ხერხებს, როგორებიცაა:

• გამეორება, მაგალითად „5 დღე: 555 ფრანკი“ (განცხადება ეარაფრიკა. 1967), რომელმაც მკითხველში უნდა მოახდინოს „ბედისწერის იდეის“ გენერირება;

•  ანტითეზა(„დაპირისპირება“), რომელიც მხატვრულ ლიტერატურასა და ორატორულ ხელოვნებაში სტილისტიკური ხერხია, რაც მდგომარეობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებათა შეპირისპირებაში და გამოიყენება შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, უმეტესწილად, ხდება მცირე და დიდი რიცხვების შეპირისპირება;

•  პლეონაზმი, ვიზუალური ხერხებით ილუსტრირებული რიცხვი (მაგალითად, პერსონაჟი თითებით გამოსახავს რიცხვს). (Durand, 1970, 128-129)

 დასასრულს, ავტორი აღნიშნავს, რომ რიცხვითი სახელი, ციფრებით თუ სიტყვით გამოსახული, როგორც მეტყველების ნაწილი, წარმოადგენს კოდს, რომელიც არის ნაწილობრივ ექსპლიციტური, ხოლო იმპიციტური კოდები დატვირთულია კონოტაციური აღსანიშნით.

თანამედროვე ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე ხშირად ვხვდებით ისეთ კრეოლიზებულ მედიატექსტებს, რომელშიც არავერბალური კომპონენტი გადმოცემულია დიაგრამის გრაფიკული მრავალსახეობით, როგორიცაა: ცხრილი, სფერო, სქემა, დიაგრამა, რუკა... ინფორმაციის ვიზუალიზების აღნიშნული სახის არსებობა, რა თქმა უნდა, განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით.

ინფორმაციის ციფრებით გადმოცემას თითქმის ყველა სფეროში ვხვდებით, თუმცა მაინც უნდა გამოვყოთ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სპორტული დისკურსი, რადგან მეტი აქტიურობით სწორედ აღნიშნულ დარგებში გამოიყენება სტატისტიკური მონაცემები. მკვლევრები პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო ნაშრომში „პოლიტიკაში ციფრების მეტყველება“ („Le langage des Chiffres en politique“), რომელიც დაიბეჭდა 2012 წელს სამეცნიერო ჟურნალის „Mots. Les langages du politique” მეასე ნომერში და სრულად მიეძღვნა პოლიტიკურ დისკურსში ციფრებისა და რიცხვების შესწავლას, აღნიშნავდნენ: „სადაც არის სტატისტიკა, იქ სახელმწიფოცაა“ (ბაკო, et al., 2012, 5). ამიტომაც, მათ საკითხის შესწავლა დაიწყეს შემდეგ კითხვაზე: ყოველთვის რატომ არის პოლიტიკურ დისკურსში წარმოდგენილი რიცხვები? - პასუხის მოძიებით.

თუკი ციფრები და რიცხვები წარმოადგენს ისეთი დისციპლინის საბაზისო კონცეფციას, როგორიც არის მათემატიკა, მათი გამომხატველი სიტყვები და სიმბოლოები გვხვდება ნებისმიერი სახის დისკურსში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ციფრებს აქვს ერთდროულად დენოტაციური და კონოტაციური ღირებულება.

ხოლო რაც შეეხება მათი გამოხატვის მრავალფეროვან ვიზუალურ ხერხებს, (ცხრილი, სქემა, დიაგრამა, სფერო...), ზემოთ დასახელებული მკვლევრების თანახმად, ისინი სემიოტიკური ტრანსფორმაციის მეორე დონეს მიეკუთვნებიან. რადგანაც თავად ციფრი ქმნის ინფორმაციის იკონურ გამოსახვას, სემიოტიკური ტრანსფორმაციის პირველ დონეს. გრაფიკულად გამოსახული ციფრული მონაცემის გასაფორმებლად უმეტესწილად მიმართავენ ფერებს, რაც ავტორთა აზრით, რეალობის შემცირების დამატებით დონეს წარმოადგენს, ხოლო ამ დასკვნამდე საკითხის შემდეგი კუთხით გაშუქებით მივიდნენ.

პ. ბაკო, დ. დესმარშელიე და ს. რემი-ჟირო სტატისტიკურ მონაცემებს შემდეგნაირად განიხილავენ: „რიცხვებით გამოსახულ რაოდენობრივ ინფორმაციას ქმნიან ექსპერტები, სოციოლოგები, დარგის სპეციალისტები. თუმცა, მონაცემთა საზოგადოებაში გავრცელებას თავად იშვიათად ეწევიან. აღნიშნულ ინფორმაციას,  პირველწყაროსთან მეტნაკლებად მიმსგავსებულს, ავრცელებენ სხვადასხვა ინსტიტუციები: პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული, კულტურულ-სპორტული, რეგიონალური, ეროვნული, საერთაშორისო და სხვა მრავალი. მათ მიერ გავრცელებული რაოდენობრივი ინფორმაცია მრავალმხრივ ფორმაშეცვლილი და მედიატიზებულია“ ( ბაკო, et al., 2012, 9). ერთგვარად პარადოქსულია, რომ ციფრები, რომლებიც მიჩნეულია ზუსტ, ობიექტურ და ნეიტრალურ ინფორმაციად, მანიპულირების კარგ საშუალებას იძლევა, ამიტომაც მას ხშირად მიმართავენ რიტორიკული, არგუმენტაციური და პოლემიკური ხასიათის პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მიზანი მსმენელის დარწმუნებაა.  

მსგავსი ტიპის ინფორმაცია განსაკუთრებულად მატულობს წინასაარჩევნო პერიოდში. ციფრების, როგორც „ზუსტი და ობიექტური“ ინფორმაციის, მოხმობა ხელსუწყობს პოლიტიკოსის დადებითი იმიჯის შექმნას. არისტოტელესეული დარწმუნების სამი ხერხიდან პირველი - ეთოსი, ანუ სანდოობის მოპოვება ორატორის პიროვნულ თვისებებზე აპელირებით, - სრულად ვლინდება სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრისას. საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, რიცხვებით გადმოცემული რაოდენობრივი ინფორმაცია ხელს უწყობს ადრესანტს, შეიქმნას სერიუზული, არაზედაპირული, საკითხის ზედმიწევნით მცოდნის იმიჯი.

ამრიგად, ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე სტატისტიკური მონაცემების ხშირი გამოჩენა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად მედიასაშუალების იმიჯის შექმნასაც ემსახურება.

სკანდალი, როგორც პოლიტიკური დისკურსის შემადგენელი ელემენტი

„სკანდალი თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია“, - წერს ე. შეიგალი „პოლიტიკური დისკურსის სემიოტიკა“-ში (შეიგალი, 2000). როგორც ავტორი აღნიშნავს პოლიტიკაში ტერმინი „სკანდალი“ ორი სახის მოვლენას ასახავს. სკანდალი მაშინ წარმოიშვება, როდესაც ცნობილი ხდება, რომ პოლიტიკოსი ფარულად ახორციელებს პირად მიზნებს კანონების, საზოგადოებრივი ნდობისა და პოლიტიკური ნორმების დარღვევით, ან როდესაც მსგავსი ნომრმები ღიად იღრვევა. გარდა ამისა, სკანდალი ხშირად აბსოლუტურად „უვნებელი“ მასალისგან წარმოიშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად პოლიტიკოსის სრულიად ლეგიტიმურ და მორალურ ქმედებას ეძლევა სპეციფიური, ცილისმწამებლური ინტერპრეტაცია. პოლიტიკურ სკანდალს თან ახლავს საპროტესტო აქციები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, მიტინგები და სხ., სპონტანური პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც, როგორც წესი, არ არის წინასწარ დაგეგმილი და წარმოადგენს ერთგვარ რეაქციას არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე. სკანდალი საზოგადოებრივ აზრს აღვივებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლტიკური ცხოვრების ხერხემლად იქცევა და შესაბამისად, პოლიტიკური დისკურსისაც. ყველაზე ცნობილი სკანდალები იღებენ ენობრივ ფუნქციურ ფიქსაციას და მათი დენომინაცია კულტურულ-ისტორიული კოდის ნიშნებად გადაიქცევა (შეიგალი, 2000).

 სკანდალი პოლიტიკური კომუნიკაციის ერთ-ერთ ჟანრს განეკუთვნება. პოლიტიკური სკანდალის განმარტების მიზნით, დავიმოწმებთ ხ. მაისაშვილის ნაშრომს „პოლიტიკური დისკურსის კონტენტანალიზი“, სადაც ავტორი ახდენს რა პოლიტიკური კომუნიკაციის ჟანრების გრადუირებას მაქსიმალური არაფორმალურობიდან მაქსიმალურ ოფიციალურობამდე პოლიტიკურ სკანდალს განათავსებს პირადისა და ინსტიტუციურის მიჯნაზე. ეს კი მისივე აზრით, ინფორმაციის წრაყოდ მოიაზრებს როგორც ოფიციალურ ასევე არაოფიციალურს, სკანდალური ფაქტები ქვეყნდება საჯაროდ, ე.ი., კომუნიკაციის არხი ოფიციალურია, რაც შეეხება სკანდალის მოტივაციას, როგორც წესი, პიროვნულია, სკანდალის წამომწყებს პირადი ინტერესები ამოძრავებს (მაისაშვილი,2017). დედუქციური ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკური კომუნიკაციის მთავარი დანიშნულება - ხელისუფლებისთვის ბრძოლა და მისი მოპოვება - პოლიტიკურ სკანდალზეც, როგორც პოლიტიკური კომუნიკაციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზეც, რა თქმა უნდა, ვრცელდება. ჩვენ მიერ შესწავლილი „ციხის სკანდალის“ მიზანიც, როგორც ვნახეთ ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო, რასაც ასევე მოწმობს სკანდალური ფაქტების გადამღების, ვლადიმერ ბედუკაძის 2013 წლის 10 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც ეხებოდა ვიდეომასალის მედიასაშუალებების მიერ გასაჯაროების პერიოდს, კერძოდ, ის აღნიშნავს: „ვიდეოები გასაჯაროვდა მაშინ, როცა იყო ამის რეალური საშუალება და ამის აუცილებელი გარემო პირობები შექმნილი“. ინფორმაციის წყარო ამ შემთხვევაში ოფიციალური გახლდათ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელიც გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნასა და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავებას ეხებოდა). კომუნიკაციის არხიც ოფიციალურია, კერძოდ, ქართული ტელეარხები.

თანამედროვე ქართულ ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებული ვიზუალური მასალის სემიოტიკური ანალიზის მიხედვით განხილვისას შევეცდებით, გამოვკვეთოთ ის ჰიპერტექსტები, რომლითაც ჩვენ მიერ შესწავლილი ჟურნალ-გაზეთები ახდენდნენ აღნიშნული თემის გაშუქებას.

 

მეთოდი

2012-2014 წლების ყველაზე გახმაურებული ამბის, ეგრეთ წოდებული „ციხის სკანდალის“, ვიზუალიზებისთვის გამოყენებული ხერხები შევისწავლეთ შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: „24 საათი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „პრაიმ ტაიმი“, „ასავალ-დასავალი“, „ტაბულა“ და „ლიბერალი“. მათი შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა:

  • ამ გამოცემების მაღალი ტირაჟით, სტაბილურიბითა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებით;
  • კომუნიკაციის განსხვავებული ფუნქციითა და მიზნით;
  • სარედაქციო დამოუკიდებლობის სხვადასხვა ხარისხით;
  • გამომსახველობითი საშუალებების სიჭარბით, კერძოდ, სტატიების მრავალფეროვანი ფოტოებით გაფორმებით.

ჩვენ მიერ შერჩეული გამოცემებიდან „კვირის პალიტრა“, „პრაიმ ტაიმი“, „ლიბერალი“, „ასავალ-დასავალი“ ყოველკვირეულია, ხოლო „ტაბულა“ მხოლოდ 2012 წელს გამოდიოდა ყოველ კვირას, 2013-2014 წლებში კი ყოველთვიურად, „24 საათი“ და „რეზონანსი“ კი ყოველდღიური გამოცემებია. პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტთა გათვალისწინებით, სემიოტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, შევისწავლეთ „კვირის პალიტრის“ 144 ნომერი, „პრაიმ ტაიმის“ – 143, „ლიბერალის“ – 141, „ასავალ-დასავალის“ - 140, „ტაბულას“ - 72, „24 საათის“ – 950, „რეზონანსის“ – 950 ნომერი. კვლევის მიზნიდან გამომდინარე - წარმოგვეჩინა, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ სკანდალური ინფორმაციის საილუსტრაციოდ გამოყენებული ვიზიალური მასალა შეიცავს თუ არა გარკვეულ ქვეტექსტსა და მინიშნებებს, რამდენად სიმბოლიზებულია, გამოხატავს თუ არა სტატიის ავტორის პოზიციას და ზოგადად, სარედაქციო პოლიტიკას - სემიოტიკურ ანალიზზე დაყრდნობით შევისწავლეთ იკონური კოდი.

                საძიებო სამუშაოების შემდეგ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ჟურნალ-გაზეთების ნომრების შესწავლით დასრულდა, მოვახდინეთ შეგროვებული მასალის სისტემატიზაცია. ანალიზის საზრისისეულ ერთეულად აღებულ იქნა ინფორმაციის ვიზუალიზების ხერხი, ვიანიდან ჩვენს საკვლევ ინტერესს წარმოადგენდა, თუ როგორ გადმოიცემოდა არავერბალური კოდით ციხეებში მომხდარი ამბები. გამოიკვეთა 3 კატეგორია: ფოტო, ფოტოკოლაჟი და ცხრილი, რომლითაც საკვლევი ჟურნალ-გაზეთები აშუქებდნენ ციხეში მიმდინარე მოვლენებს. საკვლევ ჟურნალ-გაზეთებში ფოტოების შემდეგ ტიპებს შევხვდით:

  • ამბის მნიშვნელობის (Newsworthiness), ანუ ამბის ღირებულების მიხედვით, წამყვანი ინფორმაციის საილუსტრაციო ფოტო,
  •  პერსონალური (Personal), ანუ პირადული,
  •  სიტუაციური (Situational), საგაზეთო ამბავში სიტუაციის ამსახველი,
  • თემატური (Technical) ანუ შეტყობინების თემასთან კონცეპტუალურად დაკავშირებული.

                ვიზუალიზების აღნიშნული ხერხები კოდირებულ იქნა მათში სტატიის ავტორის პოზიციისა თუ სარედაქციო პოლიტიკის სიმბოლიზებულ-ქვეტექსტური შემცველობის ნიშნით ეგრეთ წოდებული „ციხის სკანდალის“ მედიური რეპრეზენტაციისას.

                საზრისისეული ერთეულები გაანალიზდა სემიოტიკური ანალიზის, კერძოდ, მითების ანალიზის მიხედვით. შემდეგ კი, იმ მიზნით, რომ წარმოგვეჩინა, იკონური კოდისა და ვერბალური შემადგენელის ურთიერთმომაგრებით ვიზუალიზებული ინფორმაცია რამდენად გამოხატავდა სტატიის ავტორისა თუ რედაქციის პოზიციას, მითების ანალიზის შედეგები განვათავსეთ შემდეგ კატეგორიებში:

  • ატრიბუცია „ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლა“: ამ ცვლადისთვის კოდი „1“ მიენიჭა ვიზუალურ კოდებს, რომლებიც ქვეტექსტურად გამოხატავენ მშვიდობიან ფორმებს, ხოლო კოდი „2“ - უფრო მეტად აგრესიულ ფორმებს. ამ ჯგუფისთვის კოდირებულ იქნა 5 საზრისისეული ერთეული.
  • ატრიბუცია „მაშინდელი მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება“: ამ ცვლადისთვის კოდი „1“ მიენიჭა ვიზუალურ კოდებს, რომლებიც ქვეტექსტურად გამოხატავენ ლოიალურ დამოკიდებულებას მაშინდელი მოქმედი ხელისუფლების მიმართ, ხოლო კოდი „2“ - უფრო მეტად ნეგატიურ დამოკიდებულებას. ამ ჯგუფისთვის კოდირებულ იქნა 5 საზრისისეული ერთეული.
  • ატრიბუცია „მკითხველის ჩართულობისკენ მოწოდება“: კოდი „1“ მიენიჭა ვიზუალურ კოდებს, რომლებიც ქვეტექსტურად გამოხატავენ, რომ მედიასაშუალება ანგაჟირებულია, ხოლო კოდი „2“ - ნაკლებად ანგაჟირებულია, სხვა გვარად რომ ვთქვათ, ახდენს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას. ამ ჯგუფისთვის კოდირებულ იქნა 9 საზრისისეული ერთეული.

                 

                სემიოტიკური ანალიზი

                ჟურნალი „ლიბერალის“ 2012 წლის 24-30 სექტემბრის ნომრის გარეკანზე გამოტანილია იმ დროისთვის ყველაზე სენსაციური ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა ციხეში ადამიანების წამების ფაქტების გამოაშკარავებას.

ფოტო, რომლითაც ჟურნალის ყდა არის გაფორმებული, ასახავს საპროტესტო აქციაზე ცოცხების დაწვის მომენტს. თუ მკითხველმა არ იცის, რომ ციხეებში გადაღებული და შემდგომ გასაჯაროებული კადრების მიხედვით, პატიმრებს ცოცხებით აწამებდნენ, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგებარი დარჩება ვერბალური ტექსტის - „ტერორი ციხეში“ და ვიზუალური ინფორმაციის - ცეცხლწაკიდებული ცოცხების - ურთერთმიმართება. საგულისხმოა, რომ სოციო-კულტურულ კოდებს გარდა თემატური ფოტოებისა სიტუაციის ამსახველ ფოტოებშიც ვხვდებით. მითი, რომელსაც ქმნის ჟურნალი ლიბერალი ცეცხლწაკიდებული ცოცხებით მთავარი გვერდის გაფორმებით არის მცდელობა წამროაჩინოს რედაქციის დამოკიდებულება აღნიშნულ ფაქტთან, რომელსაც ცალსახად გმობს, რაც ცეცხლის მიერ ცოცხების განადგურებით არის ქვეტექსტურად გადმოცემული.

იგივე ნომერში ფოტორეპორტაჟი სახელწოდებით „არ აწამო!“ სამდღიანი აქციების ქრონიკა“ ვერბალური კოდის გარეშე მოგვითხრობს პატიმართა წამების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. მას დაეთმო ათი გვერდი. სულ დაიბეჭდა სიტუაციის ამსახველი თექვსმეტი ფოტო.

  • პირველი ფოტო, რომელიც ორ გვერდზეა განთავსებული, ისეა დაგაღებული, რომ მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ აქციას ზემოდან დაჰყურებს. აქცენტირებულია აქციონერთა რაოდენობა. ღამით გადაღებულ ფოტოზე ჩანს მშვიდად მდგარი აქციონერები, რაც ხაზს უსვამს, რომ აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და რომ ნამდვილად მშვიდობიანია. მიზანი ცალსახაა, დაარწმუნოს მკითხველი, რომ აქციის მონაწილეები მშვიდობიანი გზით ითხოვენ ადამიანის უფლებების დაცვას და ამგვარად, უპირისპირდებიან იმ შემზარავ აგრესიას, რაც გლდანის ციხეში და არა მარტო იქ ხდებოდა.
  • შემდეგ სამ ფოტოზე, რომლებიც ერთმანეთის თანმიმდევრობითაა განლაგებული, ვხედავთ აქციონერთა ტრანსპარანტებს. ფოტოების დანიშნულებაა მკითხველს ინფორმაცია მიაწოდოს აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებ: 1. „არ აწამო. იწამე ადამიანი“, 2. „ჩვენი უზენაესი ღირებულებაა ადამიანი“. ამ ლოზუნგის ქვეშ ჩანს რუპორი, რაც იმპლიცისტურად მიგვანიშნებს, რამდენად დაჟინებით ითხოვენ საზოგადოების წარმომადგენლები და მათ შორის თავად ჟურნალი „ლიბერალი“, რომ უპირველეს ყოვლისა დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, რომ სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია მათთვის და მოუწოდებენ მოსახლეობას შეუერთდეს მათ პროტესტს, რაც სიმბოლურად რუპორით არის გამოხატული. 3. „არ აწამო!“ ილუსტრირებულია კომიქსის სახით: ერთი სამართალდამცავი ურტყამს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც შეშინებული სახით გარბის, მეორე სამართალდამცავი კი აჩერებს კოლეგას ამ სიტყვებით: „არა, წამო!“ იმპიციტური მნიშვნელობა გულისხმობს, რომ აქციონერები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დაიცვან ადამიანის უპირველესი უფლება. 
  • მეოთხე ფოტო, რომლითაც სრულდება გვერდი, ასახავს მტირალ მოხუც ქალს. ფოტოს მინაწერით ვიგებთ, რომ ფოტო გადაღებულია 2012 წლის 19 სექტემბერს გლდანის მე-8 საპყრობილესთან, მოხუცი კი პატიმრის ნათესავია. ამ ვიზუალური ტექსტით დენოტირებულია ის მტანჯველი ტკივილი, რაც „ციხის სკანდალმა“ გამოიწვია მოსახლეობაში. მითი, კი რომელიც იქმნება, რედაქციის მცდელობაა, მკითხველში გამოიწვიოს თანაგრძნობა, რაც თავის მხრივ გააძლიერებს მასში პროტესტს არსებული რეალობის წინააღმდეგ. 
  • შემდეგი ორი ფოტო ერთმანეთის თანმიმდევრობით ერთ გვერდზე განთავსებული ასახავს პეკინის გამზირზე 2012 წლის 20 სექტემბერს გამართულ მსვლელობას. პირველი ფოტოთი, რომელიც ზემოდან არის გადაღებული, დენოტირებულია მსვლელობის მშვიდობიანი ხასიათი. მეორე ფოტოზე აღბეჭდილია აქციონერთა ტრანსპარანტი წარწერით: „ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში!“ ამ ფოტოთი დენოტირებულია აქციონერთა მოთხოვნა, ხოლო იმპლიცისტურად წარმოჩენილია დამნაშავეთა მიმართ როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე ტავად რედაქციის დამოკიდებულება. 
  • შემდეგ გვერდზე განთავსებული ორი ფოტო ასახავს მოდულის შენობის წინ იმავე დღეს, 20 სექტემბერს, გამართულ აქციას. პირველი ფოტოთი დენოტირებულია აქციონერთა რაოდენობა, მეორე ფოტო კი გვაწვდის ინფორმაციას, რომ აქციონერები მშიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს - ფოტოზე ვხედავთ, როგორ იწვის ცოცხები. 
  • მომდევნო ორ გვერდზე სამი ფოტოთი ასახულია აქციონერთა სამი სხვადასხვა ლოკაცია: პროკურატურა, გლდანის ციხე და პრეზიდენტის რეზიდენცია. პროკურატურის წინ დღისით გადაღებული ფოტოთი დენოტირებულია აქციონერთა სიმრავლე. მის ქვემოთ განთავსებული ორივე ფოტო ღამით არის გადაღებული, რაც ამძაფრებს შთაბეჭდილებას მით უმეტეს, როცა ციხის წინ მხოლოდ აჩრდილები ჩანს. პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გადაღებულ ფოტოზე აქცენტირებულია აქციონერთა მოთხოვნა. ტრანსპარანტზე იკითხება: „SOS! შეწყდეს ძალა“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სიტყვა „ძალადობა“ სრულად არ ჩანს, მკითხველისთვის შირაარსი სრულიად გასაგებია.
  • ბოლო ოთხი ფოტო ისეა გადანაწილებული ორ გვერდზე, რომ დღისით გადაღებული გლდანის ციხის ამსახველი კადრები ფურცლის ზედა ნახევარშია განთავსებული, ღამით კოსტავას გამზირზე დაგაღებული ორი ფოტო კი მათ ქვეშ. განვიხილოთ გლდანის ციხესთან გამართული აქციის ფოტოები. პირველ ფოტოზე აქცენტირებულია საგუშაგო, სადაც გუშაგიც ჩანს, წინა პლანზე კი თავჩაღუნულ ქალს ვხედავთ. მისი პოზით იქმნება მითი, რაც არის პუბლიკაციის მცდელობა, არსებულ რეალობაზე დააფიქროს მოსახლეობა. მის გვერდით ფოტო ისეა განთავსებული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გუშაგი აქციონერებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ნანგრევებისგან დარჩენილ სვეტზე ასულები გადაჰყურებენ ციხეს. იმპლიცისტურად ფოტოების ასეთი განლაგებით გამოხატულია საპროტესტო აქციის მონაწილეთა დანიშნულება: იდგნენ ციხეში პატიმართა უფლებების საგუშაგოზე. ბოლო ორი ფოტო, როგორც აღვნიშნეთ, ასახავს კოსტავას მოედანზე გამართულ აქციას. ფოტოები აგრესიულ ხასიათს იძენს, რადგან მათზე აღბეჭდილია ის აქციონერები, რომელთაგან ერთი, ბენდენით ცხვირ-პირ წაკრული, მალავს სახეს, მეორე კი წელზევით შიშველი მიმართავს აქციის ახალგაზრდა მონაწილეებს. მის გვერდით განთავსებული ფოტო კი ზურგის მხრიდან ასახავს ახალგაზრდა აქციონერებს, რომელთა შორის განირჩევა ტანშიშველი და სახეზე ბენდენააკრული ბიჭები. ფოტოს რაკურსით იქმნება მითური მნიშვნელობა, რომლითაც სიმბოლურად გადმოცემულია პუბლიკაციის პოზიცია, რომ აგრესიის ნიშნების მატარებელ აქციას ზურგი შეაქციონ ანუ არ შეუერთდნენ თუნდაც დანარჩენი აქციონერები.

განხილული ფოტოების ერთობლიობა წარმოაჩენს ფოტორეპორტაჟის როგორც ექსპლიცისტურ ასევე ფარულ მნიშვნელობებს. ფოტორეპორტაჟით დენოტირებულია 19-20 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმართა წამების საზარელი ფაქტების გასაჯაროების შემდეგ გამართული აქციების სიმრავლე და მშვიდობიანი ხასიათი, ხოლო კონოტაციურად გამოხატულია პუბლიკაციის დამოკიდებულება არნიშნული საპროტესტო აქციების მიმართ. კერძოდ, ჟურნალი „ლიბერალი“ უერთდება მშვიდობიანი ფორმით ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართულ პროტესტს და მკითხველსაც მოუწოდებს თანაგრძნობისკენ, სამაგიეროდ გმობს აქციებზე გამოხატულ აგრესიის ნიშნებს და აფრთხილებს საზოგადოებას, რომ მშვიდობიანი აქცია თუ გადაიზრდება აგრესიულ მსვლელობებში, ზურგი შეაქციოს და არ შეუერთდეს.

ყოველკვირეული გაზეთი „კვირის პალიტრა“ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში შეეხო ციხეში პატიმრების ყოფის საკითხს.

 

23-29 იანვრის ნომრის სარედაქციო ფოტოს სათაურია: „N1 საპატიმრო“ ანუ არასაპატიო ადგილი ევროპაში!“, რომელშიც სიტყვები ფერებისა და ფონტის ზომების გამოყენებით კომპოზიციურად ისეა გადანაწილებული, რომ მკითხველს მიეწოდება მთავარი გზავნილი: „N1 საპატიმრო“ ევროპაში!“ ფოტო, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, თემატური ფოტოს კატეგორიას მიეკუთვნება. ერთზე ძველებური ხის სატუსაღოს გისოსებზე რვა ადამიანის ხელია აღბეჭდილი იმგვარად, თითქოს მისი ჩამოღება სურთ, მეორეზე კი ქართული მხატვრული ფილმის „ყვარყვარე თუთაბერის“ კადრია, რომელზეც თავად ყვარყვარეა გამოსახული და ფოტოს მინაწერად მისივე სიტყვებია მოხმობილი: „კარი იკეტება? აბა, დატეულან და ეგ არის!“ ინტერტექსტუალიზმით გამდიდრებული შეტყობინების კონოტაციური მნიშვნელობის გაგება მთლიანად მკითხველის ისტორიული და კულტურული ცოდნის მარაგზეა დამოკიდებული.

ამ სარედაქციო სტატიის გაშუქებისას აღნიშნული თემატური ფოტო დაშლილია.

 

 შენარჩუნებულია მხოლოდ ფილმის კადრი. სტატია ყვარყვარეს ნათქვამით იწყება. აქ, საილუტრაციოდ გამოყენებულია თემატური ფოტო წარწერით: „ეს არის ქართველი ერის შეფარული გენოციდი“. მასზე აღბეჭდილია შუახნის მამაკაცის სახე ციხის გისოსებს უკან სიგარეტით პირში. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ეგრეთ წოდებული „ციხის ამბების“ საილუსტრაციოდ გამოყენებულია ციფრულ-გრაფიკული საშუალება, კერძოდ, ცხრილი, რომელზეც საქართველო მეოთხე ადგილზეა აღნიშნული, რაც წინააღმდეგობაში მოდის სათაურთან („N1 საპატიმრო“... ევროპაში“). აშკარაა, რომ ეს ცხრილი, რომელზეც ნაჩვენებია 100 000 მცხოვრებზე პატიმართა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით და არა ევროპის, აბნევს მკითხველს. ზოგადად, სტატისტიკურ მონაცემებს მეტი დამაჯერებლობისთვის მოიხმობენ. ჩვენ მიერ შესწავლილ მაგალითში კი ის პირიქით არასანდოობის ეფექტს ქმნის.

იგივე გამოცემა უშუალოდ „ციხის სკანდალს“ 24-30 სექტემბრის ნომერში აქვეყნებს მთავარ თემად.

ამ სარედაქციო ფოტოს წინა პლანზე ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი ზემოთაწეული მუშტშეკრული მარცხენა ხელით, თეთრი ყელსაბამით, ხუთქიმიანი წითელ ვარსკვლავიანი ბერეტით და ცეცხლწაკიდებული ცოცხით მარჯვენა ხელში, უკანა პლანზე კი გისოსებჩამონგრეული საკნის ფანჯარაა. სარედაქციო სტატიის სათაური და ფოტოს ელემენტები კომპოზიციურად ისეა გადანაწილებული, რომ ცეცხლწაკიდებული ცოცხის თავზე წითლად წერია: „გამოცხადებული სადიზმი“, ხოლო მის გვერდით შავ ფონზე - თეთრად: „და გამოცოცხლება სიკვდილის შემდეგ!!!“. სიტყვა „გამოცოცხლება“-ში „ცოცხ“ წითლად არის აღნიშნული.

ვიზუალაური სახით შექმნილი მითის ანალიზისთვის პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ის სოციო-კულტურული კოდები, რომელიც ფოტოს შესაქმნელად არის გამოყენებული. პერსონაჟი ბერეტზე გამოსახული ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავით „ჩე გევარას“ სიმბოლურ სახეს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“ იყო მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი. ცოცხი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2012 წლის „ციხის სკანდალის“ გამომხატველი ნიშანია. ცეცხლწაკიდებული ცოცხით კონოტირებულია ციხეებში პატიმართა წამების აღმოფხვრა. ზემოთაწეული მუშტშეკრული მარცხენა ხელით დენოტირებულია ხალხის ერთ მუშტად შეკვრა, გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, ხოლო კონოტაციურად აღნიშნავს მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გამარჯვებას, რადგან სწორედ ეს ჟესტი იყო გაერთიანების ერთ-ერთი სიმბოლო. თეთრი ყელსახვევი გამოხატავს მშვიდობიან მოთხოვნას, რომელიც უპირისპირდება ყველანაირ ძალადობრივ ქმედებას, ციხის გამონგრეული სარკმელი კი - გისოსებს მიღმა არსებული რეალობის გამოაშკარავებას.

მითი, რომელიც იქმნება სარედაქციო ფოტოთი, არის გაზეთ „კვირის პალიტრის“ მცდელობა, მოახდინოს საზოგადოების მობილიზება, რათა მშვიდობიანი გზით ერთ მუშტად შეკრულმა, გასაჯაროებული ფაქტების საფუძველზე, იბრძოლოს ციხეებში პატიმართა წამების აღმოსაფხვრელად.

„ციხის სკანდალის“ საილუტრაციოდ პირადული ფოტოც გამოქვეყნდა გაზეთი „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე.

 2012 წლის 24-30 სექტემბრის ნომერში მთავარ გვერდზე დაბეჭდილია ხათუნა კალმახელიძის (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი 2009-2012 წლებში) პირადული ფოტო წარწერით: „სკანდალური ინტერვიუ გლდანის ციხის ყოფილ პატიმართან! ...კალმახელიძე და მისი თაყვანისმცემელი შამპანურს სვამდნენ და სიამოვნებით უყურებდნენ პატიმრის წამებას!“ სტატიის საილუსტრაციოდ იგივე ფოტოა გამოყენებული.

არავერბალური ტექსტის მიმაგრება ლინგვისტურ გზავნილთან ტვირთავს რა მას კონოტაციებით ახდენს რეალობის დენოტირებას და, ამგვარად, მეტ დამაჯერებლობას სძენს გზავნილს, მაგალითად, სიტყვა „სიამოვნებით“ და ხ. კალმახელიძის მომღიმარი სახის ურთიერთმიმართება.

2013 წლის ერთ-ერთ მთავარ საგაზეთო თემად დარჩა ციხეში პატიმართა წამების გასაჯაროებული ფაქტები. მაგალითად, 2013 წლის 17-23 ივნისის „კვირის პალიტრასა“ და 2013 წლის 24 ივნისის „პრაიმ ტაიმის“ ნომრებში დაიბეჭდა ერთი და იგივე ფოტო.

 

 

 განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ „პრაიმ ტაიმი“, რომელმაც „კვირის პალიტრის“ შემდეგ ერთი კვირის თავზე გამოაქვეყნა იგივე ფოტო, სკანდალურ ექსკლუზივს არქმევს მას, რაც ცხადია, ექსკლუზივი ვერ იქნებოდა. „პრაიმ ტაიმის“ ფოტო ფერადია, „კვირის პალიტრის“ - შავ-თეთრი. პირველი ფოტოს მინაწერი თეთრი ასოებით დიდი შრიფტით ფოტოზევეა: „18 წლის ბიჭის გაუპატიურებას ცნობილი პოლიციელი ცდილობდა“. „კვირის პალიტრა“ კი ფოტოს თავზე აწერს: „ბუთლიაშვილი იყო ყველაზე სასტიკი ჯალათი“. ეს მინაწერი სტატიის სათაურის: „ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია“ ქვემოთ არის განთავსებული. სათაურის გასწვრივ გოგა ბუთლიაშვილის პორტრეტია.

მთავარი გზავნილი, რომელსაც გაზეთი „კვირის პალიტრა“ ქმნის ორი ფოტოთი და მათზე მიმაგრებული ვერბალური ტექსტებით, ასე შეიძლება, გავაანალიზოთ: ფოტოზე ასახული სადიზმის ავტორი გ. ბუთლიაშვილია, რომელიც ისევ დაუსჯელია. იმპლიცისტურად ერთი მხრივ, იკვეთება არა მარტო ავტორის, არამედ რედაქციის პოზიციაც, რომ სადისტები უნდა დაისაჯონ და მეორე მხრივ, გაკრიტიკებულია სასამართლო ხელისუფლების უუნარობა.

რაც შეეხება „პრაიმ ტაიმს“, აქ, „სკანდალური ექსკლუზივი“, რომელიც ეხება ცნობილი პოლიციელის მიერ 18 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობას, ქმნის მითს, რაც არის პუბლიკაციის მცდელობა, შექმნას საკუთარი იმიჯი, რომ მას სკანდალური ამბების გაშუქების ექსკლუზიური უფლება აქვს მოპოვებული, რაც, როგორც ვნახეთ, ამჯერად სიცრუე აღმოჩნდა.

ამგვარად, ერთი და იგივე ინფორმაცია ილუსტრირებული ერთი და იგივე ფოტოთი გამოცემის სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე სრულიად განსხვავებულ კონოტაციურ მნიშვნელობას იძენს.

გაზეთი „რეზონანსი“ 2012 წლის 19 სექტემბრის ნომერში მთავარ გვერდს უთმობს „ციხის სკანდალს“ სათაურით: „ნაციონალური“ წამების კადრები“.

მთავარ გვერდზე წამყვანი ინფორმაციის საილუსტრაციოდ გამოყენებულია სიტუაციის ამსახველი სამი ფოტო და ერთიც ამ შემზარავი კადრების გადამღები ბედუკაძის პორტრეტი, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფებოდა. ოთხივე ფოტო ბარტისეული ერთ-ერთი კონოტაციური ხერხის მიხედვით, „სინტაქსურად“ არის განლაგებული. პირველი ბედუკაძის პორტრეტია. მისი სახის მიმიკა გამოხატავს გაკვირვებას, რისი გაზიარებაც სურს მკითხველისთვის, რადგან მისი მზერა ადრესატისკენ არის მიპყრობილი. შემდეგ მოსდევს სიტუაციის ამსახველი სამი ფოტო, ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი, რაზეც მიუთითებს ფოტობის წარწერა. გაზეთმა ამგვარი ხერხების გამოყენებით შექმნა მითი, თითქოს მკითხველს ამ საზარელ ამბავს თავად ბედუკაძე აცნობს, რაც, თავის მხრივ, გაზეთს მეტ ობიექტურობას სძენს.

გაზეთ „რეზონანსის“ 2012 წლის 20 სექტემბრის ნომრის წამყვანი ინფორმაციაც „ციხის სკანდალს“ ეხება. საილუსტრაციოდ კვლავ სიტუაციის ამსახველი ფოტოა გამოყენებული, მაგრამ ამჯერად საპროტესტო აქციის ამსახველი.

„წამება და არჩევნები“ ასეთი სათაურით დაიბეჭდა მთავარი სტატია, რომელსაც თავზე შედარებით პატარა შრიფტით აწერია: „უპრეცედენტო პროტესტი და უპრეცედენტოდ „დარცხვენილი“ ხელისუფლება“. საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტოზე ტრანსპარანტების წინ ვხედავთ ორ ახალგაზრდა ქალს, მათი ჟესტების მიხედვით, ერთი სტვენით გამოთქვამს პროტესტს, მეორე კი - ყვირილით. ორივეს მზერა მკითხველისკენ არის მიმართული, რაც იმპლიცისტურად ერთგვარ მოწოდებას გამოხატავს. სათაურისა და ფოტოს ურთიერთმიმაგრებით იქმნება მითი, რაც დეკოდირდება როგორც მოწოდება, რომ არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა გაიხსენოს ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები და საპროტესტო აქციის მონაწილეთა მსგავსად ხმა „დარცხვენილი ხელისუფლების“ ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცეს.

გაზეთი „რეზონანსი“ მომდევნო ნომრებში აქტიურად აშუქებს საპროტესტო აქციებს, რაც მოჰყვა ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების გასაჯაროებას. სტატიების საილუსტრაციოდ კვლავ იყენებს სიტუაციის ამსახველ ფოტოებს, თუმცა, ამჯერად აქცენტი ტრანსპარანტებზეა გადატანილი.

მოწოდებებში დომინირებს სიტყვა „ცოცხი“, მაგალითად, „მოცოცხეთ აქედან!“ და „ გამო-ცოცხ-ლდით!“. მოგეხსენებათ, ცოცხი ამ ფაქტების სიმბოლოდ იქცა. ამგვარი ფოტოებით სტატიების გაფორმება მიგვანიშნებს გაზეთის მცდელობაზე, ერთი მხრივ, წარმოაჩინოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა კრეატიულობა, მეორე მხრივ, კი მკითხველის ფსიქიკაზე მოახდინოს ძლიერი ზემოქმედება იმ ასოციაციებით, რასაც „ცოცხი“ გამოიწვევს რეციპიენტში.

გაზეთი „24 საათი“ 2012 წლის 19 სექტემბრის ნომერში მთავარ გვერდზე პირველ ინფორმაციად აქვეყნებს სტატიას: „ძალადობა გლდანის ციხეში“.

 საილუსტრაციოდ იყენებს სიტუაციურ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე ხალხის მსვლელობა. ფოტო ისეთი რაკურსით არის გადაღებული, რომ პროტესტის მონაწილეთა ზურგებს ან პროფილს ხედავს მკითხველი. ილუსტრაციით კონოტირებულია პუბლიკაციის პოზიცია: „24 საათი“ მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას ახდენს. ყოველდღიური გამოცემის ინტერესი საზოგადოების მობილიზება რომ ყოფილიყო, ფოტო ისეთი რაკურსით იქნებოდა გადაღებული, მკითხველი მინიმუმ თავისკენ მომავალ ადამიანთა ჯგუფებს დაინახავდა.

შემდეგ ნომერშიც, მთავარ გვერდზე იბეჭდება სტატია სათაურით: „პროტესტი გრძელდება“. საილუტრაციოდ კვლავ სიტუაციური ფოტოა გამოყენებული. ამჯერადაც, ისეთი ფოტოა, რომ ტრანსპარანტებიც კი არ ჩანს.

უშუალოდ სტატიის გასაფორმებლადაც სიტუაციური ფოტოა დაბეჭდილი. ფოტოზე ასახულია საპროტესტო აქციაზე მყოფი სამი ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხებით ხელში.

ნათელია, რომ გაზეთი „24 საათი“ ერთგული რჩება არჩეული პოზიციის, რომ საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გააშუქოს როგორც უბრალოდ ფაქტი.

ჟურნალი „ტაბულა“ 2012 წლის 19 სექტემბრის ნომრის ყდას აფორმებს ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქის „მიწიერ სიამოვნებათა ბაღის“ მარჯვენა პანელის იმ ნაწილით, რომელზეც ჯოჯოხეთია დახატული.

 

ორიგინალში ნახატი ფერადია, ჟურნალი კი მას შავ-თეთრად ბეჭდავს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციურ შთაბეჭდილებას. ყდაზე წარწერაა: „გლდანტანამო ანუ სისტემური მარცხი“. “გლდანტანამო“ გლდანისა და გვანტანამოს შერწყმით არის მიღებული. გლდანი მიუთითებს იმ ციხის გეოგრაფიულ მდებარეობას, სადაც ფარულად იყო გადაღებული პატიმართა წამების ფაქტები, გვანტანამო კი მოგეხსენებათ, კუბის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზაზე შექმნილი ციხეა, სადაც ტერორიზმსა და ჯაშუშობაში ბრალდებულები იხდიან სასჯელს. „სისტემური მარცხი“ აპელირებს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მომხდარ მსგავს ფაქტზე, როდესაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანტანამოს ციხეში პატიმართა წამების ფაქტები გასაჯაროვდა. ამერიკაში სისტემური მარცხი მოჰყვა პატიმართა წამების ფაქტების გასაჯაროებას და შედეგად, რესპუბლიკელთა მმართველობა დამარცხდა (მოქმედი პრეზიდენტი, ჯორჯ უოლკერ ბუში, რესპუბლიკელი იყო). დემოკრატებმა ამით ხმების უმრავლესობა მოიპოვეს და შედეგად, ბარაკ ობამამ დაამარცხა რესპუბლიკელი კონკურენტი ჯონ მაკ-კეინი და გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

ამრიგად, ვიზუალური კოდით, ბოსხის ფერწერული ნამუშევრით დენოტირებულია პატიმართა წამების შემზარავი ფაქტები, ხოლო კონოტაციურად გამოხატავს ჟურნალის რედაქციის მიერ ამ ფაქტების შეფასებას, რომ, რაც გლდანის ციხეში ხდება, ნამდვილი ჯოჯოხეთია და შესაბამისად, დასაგმობია. ვერბალური კოდით დენოტირებულია, რომ გვანტანამოს სკანდალის მსგავსად გლდანის ციხის გახმაურებული ფაქტებიც სისტემურ ცვლილებას მოახდენს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო კონოტაციურად მკითხველს მიანიშნებს, რომ სენსაციური, რომლის ანალოგიც მსოლიოში არ არსებობს, არაფერი მომხდარა, რაც თავისთავად აკნინებს „ცოხის სკანდალი“ არავერბალური კოდით კონოტირებულ შეფასებას.

მითი, რომელიც იქმნება, გამოხატავს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის ორმაგ სტანდარტს: ერთი შეხედვით, ფაქტს აფასებს, როგორც ჯოჯოხეთურს, საბოლოოდ, კი ამაში ისეთს ვერაფერს ხედავს, რაც ანალოგი არ ჰყავს.

შედეგები

სემიოტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, გამოვიკვლიეთ ის მითები, რომელსაც ჩვენ მიერ შესწავლილი ჟურნალ-გაზეთები ქმნიდნენ იკონური და ვერბალური კოდების ურთიერთმიმაგრებით ეგრეთ წოდებული „ციხის სკანდალის“ ვიზუალიზებისას. მითების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი იმპიციტური მნიშვნელობები განვათავსეთ გადაუდებელი კოდირების სისტემაში.

გამოიკვეთა, რომ ჩვენ მიერ შესწავლილ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული ვიზუალური ინფორმაცია „ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლის“ უფრო მეტად მშვიდობიანი ფორმის ილუსტრირებას ახდენს, ვიდრე აგრესიულის (იხ. დიაგრამა 1). რაც შეეხება ვიზუალური შემადგენლის კონოტაციური მნიშვნელობებით მაშინდელი ხელისუფლებისადმი (ნაციონალური მოძრაობის მმართველობისადმი) გამოხატულ დამოკიდებულებას, აშკარაა, რომ უმეტესად ნეგატიურია, ლოიალობა კი იშვიათად იკვეთება (იხ. დიაგრამა 2). კვლევის მიზნიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო შეგვესწავლა ვიზუალიზებული ინფორმაცია იმპლიციტურად რამდენად მოუწოდებდა მკითხველს საპროტესტო აქციებში ჩართულობისკენ. კვლევამ აჩვენა, რომ იკონურ შემადგენელში სიმბოლიზებული ინფორმაცია უფრო ხშირად წარმოაჩენს მედიასაშუალების ანგაჟირებულ სახეს, ვიდრე არაანგაჟირებულს (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა N1

 

დიაგრამა N2

 

 

დიაგრამა N3

 

 


 

დასკვნა

კონკრეტული მაგალითების სემოიტიკური, კერძოდ კი, მითების ანალიზის საფუძველზე განხილვის შედეგად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჩვენი კვლევის პერიოდის, კერძოდ, 2012-2014 წლების ყველაზე სკანდალური ინფორმაცია, „ციხის სკანდალის“ სახელით დამკვიდრებული მრავალფეროვნად არის გაშუქებული თანამედროვე ქართული ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე.

როგორც ვნახეთ, „ციხის სკანდალის“ საილუსტრაციოდ გამოყენებულია თემატური ფოტოები, გასაშუქებელ ინფორმაციასთან კონცეპტუალურად დაკავშირებული, სიტუაციური და პირადული ფოტოები, რაც ახდენს რა რეალობის დენოტირებას, მეტი დამაჯერებლობით ტვირთავს შეტყობინებას და ბოლოს, ციფრულ-გრაფიკული ხერხი, კერძოდ, ცხრილი, რომელიც ზოგადად მკითხველს ამბის ობიექტურად გადმოცემაში არწმუნებს. თუმცა, განხილულმა მაგალითმა ნათელჰყო, რომ სტატისტიკურ მონაცემებზე არასწორად დასმული აქცენტები პირიქით, აბნევს მკითხველს და ობიექტურობის ნაცვლად ზრდის არასანდოობის კოეფიციენტს.

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, განსაკუთრებით, თემატური ფოტოს შექმნისას სოციალურ-კულტურული კოდების გარდა ამოქმედებულია ინტერტექსტუალური მნიშვნელობებიც, რაც ერევა კონოტაციების შექმნაში და აძლიერებეს იმპლიცისტურ მნიშვნელობებს.

ჩვენი საკვლევი პერიოდის, კერძოდ, 2012-2014 წლების ყველაზე გახმაურებული ამბის „ციხის სკანდალის“ ვიზუალიზების ხერხების შესწავლის საფუძველზე, აშკარად გამოიკვეთა ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო პოლიტიკა. მაგალითად, თუ შევადარებთ ყოველდღიურ გამოცემებს „24 საათსა“ და „რეზონანსს“, ნათლად დავინახავთ მათ სრულიად განსხვავებულ მიდგომას: „24 საათი“ ისე აშუქებს სკანდალს, რომ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით შემოიფარგლება, „რეზონანსი“ კი ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს მკითხველზე. გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ საკუთარი იმიჯის შესაქმნელად იყენებს სკანდალურ ინფორმაციას. ის ცდილობს, დაარწმუნოს მკითხველი, რომ ექსკუზიური უფლებით სარგებლობს. „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“ ვიზუალიზების ისეთ ფორმებს (თემატური და პირადული ფოტოები) მიმართავენ, რაც ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოახდენს მკითხველზე და არსებული რეალობის შეცვლის სურვილით გამსჭვალავს.

რაც შეეხება ჟურნალებს, „ლიბერალი“ სკანდალის გაშუქებისთვის სიტუაციის, ამ შემთხვევაში საპროტესტო აქციის, ამსახველ ფოტოებს ანიჭებს უპირატესობას, „ტაბულა“ კი - თემატურ ფოტოს, რომელიც საკითხის უფრო სიღრმისეული წვდომის საშუალებას იძლევა და ვიზუალურ კოდს მრავალი იმპიციტური მნიშვნელობებით ტვირთავს.

კვლევამ ნათელყო, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი ჟურნალ-გაზეთების ვიზუალური კომპონენტით გადმოცემული სიმბოლიზებული ინფორმაცია აშკარად გამოხატავს არა მარტო სტატიის ავტორის პოზიციას, არამედ მთლიანად სარედაქციო პოლიტიკას.

 

ბიბლიოგრაფია

Bacot, P. Desmarchelier, D. et Remi-Giraud, S. (2016, 05 23). Mots. Les langages du politique. Retrieved from Le langage des chiffres en politique: http://mots.revues.org/20977

Barthes, R. (1961). Le message photographique. Communications.

Barthes, R. (1964). Rhetorique de l'image. Communications.

Barthes, R. (1967). Elements of Semiology. London: Jonathan Cape.

Barthes, R. (1980). La chambre claire Note sur la photographie. Paris: Gallimard.

Durand, J. (1970). Rhétorique du nombre. Communications.

Metz, C. (1970). Au-dela de l'analogie, l'image. Communications.

Сорокин, Ю. А. Тарасов, Е. Ф. . (1990). Креолизованныетекстыиихкоммуникативнаяфункция. Москва: Высшая школа.

ШЕЙГАЛ, Е. (2000). Семиотикаполитическогодискурса. Волгоград.

ბარტი, რ. (2011). მითოლოგიები. თბილისი: აგორა.

დოლიძე, რ. რუსეიშვილი, მ. (2009). სემიოტიკა და მასმედია. In სამეცნიეროძიებანი XXX Linguistic papers (pp. 25-31). თბილისი: ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

კოუბრე, კ. (2005). ფოტოჟურნალისტიკა: პროფესიულიმიდგომა. თბილისი: დიოგენე.

მაისაშვილი, ხ. (2017). პოლიტიკურიდისკურსისკონტენტანალიზი. https://idocslide.com/docx-3MKLMve.

სთორი, ჯ. (2007). კულტურისკვლევებიდაპოპულარულიკულტურისშესწავლა. თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი.

შამილიშვილი, მ. (2014). ზურაბ ქარუმიძის კრეოლიზებული მედიატექსტები. კრიტიკა.