heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 9 ოქტომბერი 2020

კიბერბულინგი სტუდენტთა პერსპერქტივიდან
ალექსანდრე სახეჩიძე ქეთევან წულაძე

აბსტრაქტი                                                   

ელექტრონული მოწყობილობებისთვის დამახასიათებელმა ანონიმურობის შესაძლებლობამ და დისტანცირების ეფექტმა ხელი შეუწყო ბულინგის ახალი სახეობის, კიბერბულინგის წარმოქმნას. კიბერბულინგი გულისხმობს განზრახ განხორციელებულ განმეორებად ზიანს ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც თავის დაცვა არ ძალუძს და რომლის საშუალებადაც სხვადასხვა ელექტრონული ხელსაწყო გამოიყენება.  ვინაიდან კიბერბულინგი დღესდღეობით ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოსთვის, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვესწავლა ამ მხრივ რა მდგომარეობაა საქართველოში, კერძოდ ქართველ სტუდენტებში. მოცემული კვლევის მიზანია ქართველი სტუდენტების კიბერბულინგის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების შესწავლა.  კვლევისათვის შეირჩა თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია.  მონაცემთა მოპოვებისათვის გამოყენებულია სიღრმისეული ინტერვიუ. შერჩევისთვის გამოყენებულ იქნა თოვლის გუნდის მეთოდი და ინტერვიუ ჩატარდა ბაკალავრიატის 14 სტუდენტთან 4 უნივერსიტეტიდან.  მონაცემთა ანალიზისათვის კი კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კონტენტანალიზი და დისკურსის ანალიზი.  კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ სტუდენტები კიბერბულინგის მიმართ არასრულად არიან ინფორმირებული.  რესპონდენტთა უმეტესობა კიბერბულინგს მხოლოდ ინტერნეტთან აკავშირებს და მობილური ტელეფონის ზარებსა და მესიჯებზე ნაკლებ აქცენტს აკეთებს. რესპონდენტთა ნაწილმა ისაუბრა კიბერბულინგის პირად შემთხვევებზე, რომლებიც შეეხებოდა კიბერშევიწროებას სატელეფონო ზარებითა და მესიჯებით, სექსტინგს და მუქარას სოციალურ ქსელში.  კვლევაში აღწერილი კიბერბულინგის შემთხვევების უმეტესობა კაცის მხრიდან ქალის შევიწროებას უკავშირდება, სადაც მისი ობიექტივიზაცია და  სექსუალიზება ხდება.  რესპონდენტთა დიდი ნაწილი კიბერბულინგის შემთხვევის გასაჯაროებას ერიდება და ამჯობინებს თავად გადაჭრას პრობლემა.  

საკვანძო სიტყვები: კიბერბულინგი, სტუდენტი, ინტერნეტი, მსხვერპლი, კიბერმჩაგვრელი, სოციალური ქსელი

 

Abstract

The inherent anonymity and distancing effect of electronic devices has led to the emergence of a new type of bullying, cyberbullying.  Cyberbullying is an aggressive act or behavior that is carried out using electronic means by a group or an individual repeatedly and over time against a victim who cannot easily defend him or herself. Since Cyberbullying is one of the biggest issues in the whole world, it became vitally important to study Cyberbullying in Georgia, in particular among Georgian students. The aim of this study is to study the knowledge and experience of Georgian students about cyberbullying.  For this study a qualitative research methodology was used.  An in-depth interview was selected as the data collection method.  Snowball sampling was used for selection and 14 undergraduate students from 4 universities were interviewed. Discourse analyze and qualitative content analyze methods were used for analyzing research findings. The research findings suggest that the majority of respondents connect cyberbullying only to the Internet and do not mention cell phone calls or messages.  Some respondents talked about their personal experiences of cyberbullying. The cases included harassment, sexting, threats in social media and through phone calls and messages.  The most cases described in this research are the cases of sexual harassment done by men to women.  Most of the respondents prefer not to make their experience as a victim public, they prefer to solve the problem themselves.     

Keywords: cyberbullying, student, victim, Cyberbully, social network, internet.

 

შესავალი

ინტერნეტმა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა სრულიად შეცვალეს ადამიანებს შორის ინტერაქციის ფორმა, რამაც მრავალი საქმიანობის თუ სფეროს განვითარებას შეუწყო ხელი.  მათი მეშვეობით ადამიანები შორ მანძილზეც სწრაფად და მარტივად ამყარებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.  ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვებაც (Leiner at al., 2009).  თუმცა ინტერნეტს დადებითის გარდა, ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. ერთ-ერთი მათგანია პირადი მონაცემების დაუცველობა.  ადამიანები ხშირად ინტერნეტის მოხმარებისას სხვადასხვა საიტებზე განათავსებენ თავიანთ პირად მონაცემებს, ფოტოებს, ვიდეოებს, რაც  მარტივად ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მათი ბოროტად გამოყენება სურთ.  ამასთანავე, ინტერნეტი, ისევე როგორც სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, ანონიმურობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, რის გამოც ის ბევრისთვის თავდასხმისა და ძალადობის განხორციელების მარტივ საშუალებად იქცა. ასევე, ტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის დამახასიათებელი დისტანცირების ეფექტი ახალგაზრდებს განაწყობს, გააკეთონ ან თქვან უფრო მეტად დამაზიანებელი რამ, ვიდრე ისინი ტრადიციული პირისპირ ბულინგისას გააკეთებდნენ (Donegan, 2012).

ზემოთ ჩამოთვლილმა ხელშემწყობმა ფაქტორებმა  წარმოქმნა ბულინგის ახალი სახეობა, კიბერბულინგი.  კიბერბულინგი,  ტრადიციული ბულინგისაგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსხვავდება ანონიმურობის შესაძლებლობით და ასევე, მარტივად გავრცელების საშუალებით.  მაგალითად, ადამიანი როდესაც ინტერნეტში აზიარებს სხვა ადამიანის შესახებ დამამცირებელი შინაარსის კონტენტს, მასზე ხელმისაწვდომობა აქვს მთელს ვირტუალურ სამყაროს.  ზოგადად, კიბერბულინგის განმარტება ასეთია, რომ ის გულისხმობს განზრახ განხორციელებულ განმეორებად ზიანს  იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია თავის მარტივად დაცვა, რომლის საშუალებად გამოიყენება კომპიუტერი, მობილური ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა (Smith, 2008).  კიბერბულინგად მოიაზრება უხეში, დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მესიჯების გაგზავნა, მუქარა, სხვისი პირადი ინფორმაციის გავრცელება, ადამიანების გარიყვა ონლაინ ჯგუფებიდან და  თავის შენიღბვა ვინმეს შესავიწროებლად (End Cyberbullying, 2017).

იმას, რომ კიბერბულინგი ერთ-ერთი დიდი პრობლემაა დღევანდელი მსოფლიოსთვის, ამას მრავალი ემპირიული კვლევა აჩვენებს.  კვლევამ, რომელმაც  ცენტრალურ და დასავლეთ ამერიკის შეერთებული შტატების 11-დან 15-წლამდე ასაკის 457 მოსწავლე მოიცვა (შემთხვევითი შერჩევით), აჩვენა, რომ მონაწილეთა 34.4% კიბერბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა, 21% კი ერთხელ ან უფრო მეტჯერ გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში (Hinduja & Patchin, 2015).  ასევე, 2016 წელს, იმავე მკვლევრების მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 12-17 წლამდე ასაკის 5,700 სკოლის მოსწავლე.  გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 33.8% სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი.  კიბერბულინგის სხვადასხვა შემთხვევებიდან ყველაზე ხშირად (22,5%) დასახელდა საწყენი და ბოროტი კომენტარების დაწერა სოციალურ ქსელში (Hinduja & Patchin, 2016).

პრობლემის გლობალურობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ რა მდგომარეობაა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაშიც. კიბერბულინგის გავრცელებაზე ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ რესპონდენტთა 15.4% ყოფილა როგორც ბულინგის მსხვერპლი კიბერსივრცეში, ასევე მჩაგვრელიც. ხოლო 52.9%-ს ჰქონია კიბერბულინგის გამოცდილება ერთ-ერთ როლში (Wong, Cheung & Xiao, 2018).

სერბეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდა ქალაქ ბელგრადის 387 საშუალო სკოლის მოსწავლე (11-15 წლის), საშუალოდ, კვლევაში მონაწილეთა 10% თავად ყოფილა მჩაგვრელი ონლაინ სივრცეში, ხოლო დაახლოებით 20% ყოფილა კიბერბულინგის მსხვერპლი (Popovic-Citic, Djuric, Cvetkovic, 2011).  საინტერესოა თურქეთში, 2011 წელს ჩატარებული კვლევაც, რომელმაც (მონაწილეობდა 254 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი) აჩვენა, რომ არსებობს კავშირი ვიქტიმიზაციასა და ჩაგვრას შორის.  კიბერსივრცეში მსხვერპლთა 23% თავად არის მჩაგვრელი (Akbulat & Eresti, 2011).

15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები იმ ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ინტერნეტით. მსოფლიო მასშტაბით ამ ასაკობრივი ჯგუფის 71% სარგებლობს ინტერნეტით მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს მონაცემი 48%-ს შეადგენს (Unicef, 2017).  კიბერბულინგის შესწავლა უნივერსიტეტის სტუდენტებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტები წარმოადგენენ საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ნაწილს ონლაინსივრცეში.  ქართველი სტუდენტების 81% ყოველდღიურად მოიხმარს ინტერნეტს (CRRC Georgia, 2020).  ასევე, ყოველდღიურად მოიხმარს მობილურ ტელეფონს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს ქართველების 51.7%  .   ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც მონაწილეობდა 134 სტუდენტი.  კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ხშირი გამოყენება და საზოგადოებრივი ზეწოლა (social pressure) კიბერბულინგის და მსგავსი ქმედებების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (Zhang, Land, Dick, 2010).

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ სამეცნიერო სივრცეში კიბერბულინგის თემატიკაზე არსებული შრომების სიმწირეა.  თითქმის არ ვხვდებით სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც ფოკუსირებულია სტუდენტთა კიბერბულინგის გამოცდილებაზე ქართულ კონტექსტში.  აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მოცემული ნაშრომი არსებულ სიცარიელეს შეავსებს და დაეხმარება მომავალ მკვლევრებს მოცემული საკითხის კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლაში.   

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის, ემპირიული კვლევების მონაცემების საფუძველზე, ჩანს  რომ კიბერბულინგი აქტუალური გლობალური პრობლემაა ახალგაზრდებისთვის.  ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართველ სტუდენტებში.

კვლევის მიზანი: ვიკვლიოთ, ქართველი სტუდენტების ცოდნა კიბერბულინგის შესახებ და მათი გამოცდილება ამ კუთხით.

 

საკვლევი კითხვები:

  1. როგორია ქართველი სტუდენტების ინფორმირებულობის დონე კიბერბულნგის შესახებ?
  2. რა დამოკიდებულებები და შეხედულებები აქვთ ქართველ სტუდენტებს  კიბერბულინგთან ბრძოლის  შესახებ?
  3. როგორია ქართველი სტუდენტების პირადი გამოცდილება კიბერბულინგის კუთხით (მსხვერპლის როლში, მჩაგვრელის როლში)?

ლიტერატურის მიმოხილვა

კიბერბულინგი წარმოადგენს აგრესიულ, წინასწარგანზრახულ ქმედებას ჯგუფის ან ინდივიდის მიერ, რომლის დროსაც კონტაქტი განხორციელებულია ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით.  ქმედება ხორციელდება არაერთხელ გარკვეული დროის პერიოდში, მსხვერპლის წინააღმდეგ, რომელსაც თავის დაცვა არ ძალუძს (Smith, Mahdavi, Carvalho, Fisher, Russell, & Tippett, 2008).   

კიბერბულინგი შესაძლოა განხორციელდეს მობილური ტელეფონის ზარებით, მესინჯერით (Instant messaging) ან ტექსტური შეტყობინებებით, ელ. ფოსტით, ფორუმების, ბლოგების, პირადი ვებსაიტების, სათამაშო საიტების ანდა სოციალური ქსელების საშუალებით (SNS), რომელთა შორისაც Facebook ლიდერია (Kowalski, Giumetti, Schroeder & Lattanner, 2014).

კიბერბულინგის კონცეპტუალური განსაზღვრა რთულდება იმ ფაქტით, რომ ის შეიძლება შეგვხვდეს მრავალი ფორმითა და მრავალ განსხვავებულ ადგილზე.  ვილარდმა (2008) განსაზღვრა კიბერბულინგის ტიპები, რომელიც მოიცავს ონლაინ ჩხუბებს, შევიწროებას (განმეორებადი, შეურაცხმყოფელი მესიჯები), მოტყუებას (პიროვნების პირადი ინფორმაციის ელექტრონულად გაზიარება ნებართვის გარეშე),  გამორიცხვას (გამოკლება ადამიანთა სიიდან (Buddy list)), სხვა ადამიანად თავის გასაღება - პოსტების გავრცელება მსხვერპლის სახელით ან/და ნეგატიური ან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდება სხვებისადმი, თითქოს ამას მსხვერპლი აკეთებდეს, სექსტინგი (Sexting) - სხვა პიროვნების შიშველი, სექსუალური კონტენტის შემცველი ფოტოების/ვიდეოების გავრცელება მისი ნებართვის გარეშე (Kowalski et al., 2014).  

კიბერბულინგი სოციალურ ქსელებში მოიცავს: ზიანის მომტან, შეურაცხმყოფელ, დამაშინებელ მესიჯებს, კომენტარებს, სტატუსებს, ჯგუფების შექმნას, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანის ან ჯგუფის სიძულვილისკენ, დამამცირებელი ფოტოების გავრცელებას და ჯგუფებიდან, დისკუსიებიდან ან ღონისძიებებიდან ადამიანის გამორიცხვას (Kowalski et al., 2014).

სოციალური ქსელებიდან ყველაზე მეტად Facebook-სთვის არის დამახასიათებელი კიბერბულინგის შემთხვევები.  2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Facebook-ს მოხმარება და ბულინგის შემთხვევების გაცხადება მნიშვნელოვან კორელაციაშია ერთმანეთთან, სხვა სოციალურ ქსელებთან კორელაცია არ ფიქსირდება (Carter, 2013).

Facebook-ს მომხმარებელთა რაოდენობამ 2017 წლის პირველი ნახევრის ბოლოს 2 მილიარდს მიაღწია და ის დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე გავლენიან სოციალურ ქსელს წარმოადგენს (Forbes, 2017). 2016 წლის მონაცემებით, კომპნია Facebook-ის სამესიჯო აპლიკაცია Messenger-ს 1.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს (Statista, 2021). აღსანიშნავია, რომ 18-24 (17%) და 25-34 (25%) ასაკობრივი კატეგორია Facebook მომხმარებელთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია აშშ-ში, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტთა უდიდესი ნაწილი ხვდება (Statista, 2018). საქართველოში 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 65% ინტერნეტში განხორციელებულ ყველაზე ხშირ აქტივობად Facebook-ს ასახელებს (კავკასიის ბარომეტრი: საქართველო, 2019)

კიბერბულინგის შემთხვევებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს წარმოადგენს დამკვირვებელი ანუ მესამე აქტორი.  მესამე აქტორი უფრო ხშირად წარმოდგება, როგორც კიბერმჩაგვრელებისა და მსხვერპლების გამამართლებელი, მხარდამჭერი და დამცავი, ვიდრე ნეიტრალური აგენტი. მესამე აქტორები ხშირად თავად უკავშირდებიან ინტერნეტ პროვაიდერებს ან მსხვერპლებსა და მჩაგვრელებს მოუწოდებენ, ბულინგის შემთხვევა განაცხადონ. ასევე, მათი ერთ-ერთი ფუნქციაა, მოირგონ განმანათლებლის როლი, ისინი მსხვერპლებსა და მჩაგვრელებს უხსნიან, რომ ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ (Carter, 2013).

კიბერბულინგი უნივერსიტეტის სტუდენტებში, ისევე როგორც სხვა სოციალურ ჯგუფებში, დიდ პრობლემასა და გამოწვევას წარმოადგენს. კვლევამ, რომელშიც ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის  339 სტუდენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დაახლოებით 10-დან 15%-მდე სტუდენტებისა მიუღია ელ. ფოსტა არაერთხელ, რომელიც შეიცავდა მუქარას, იყო შეურაცხმყოფელი ან შემავიწროებელი.  ასევე, კვლევაში მონაწილე სტუდენტთა ნახევარზე მეტს მიუღია არასასურველი პორნოგრაფიული მასალა.  დაახლოებით სტუდენტთა 7%-მა მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს ამ პრობლემის გამო (Finn, 2004).

2013 წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც  კიბერბულინგს შეისწავლის ემპირიულად სოციალურ-კოგნიტიური პერსპეცტივიდან. სოაციალურ-კოგნიტიური თეორია ადამიანის ფუნქციონირებას განიხილავს, როგორც პირადი, ქცევითი და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგს.  მოცემულ კვლევაში პირადი ფაქტორებიდან გამოყვეს: პიროვნების ინტერნეტ თვითეფექტურობა (Internet self-suficacy) - ადამიანთა დამოკიდებულება მათ შესაძლებლობებზე, რომ დაგეგმონ და განახორციელონ ქმედებები, მოტივაცია (ძალაუფლება, ყურადღება, მიმღებლობა), კიბერბულინგის გამოცდილება და დემოგრაფიული მახასიათებლები - ასაკი, გენდერი. რაც შეეხება გარემო ფაქტორებს, აქედან გამოყვეს სოციალური ნორმა, რომელიც სოციალურ-კოგნიტიური თეორიის მიხედვით, ქცევის ფორმირებას ახდენს.  კვლევა ჩატარდა ჰონგ კონგის 288 უნივერსიტეტის სტუდენტთან სტრუქტურირებული კითხვარის საშუალებით.  კვლევის შედეგების მიხედვით, მონაწილეთა 60.4%-ს თავად განუხორციელებია კიბერბულინგი, 71.9% ყოფილა კიბერბულინგის მსხვერპლი, გამოკითხულთაგან 51.7%-ს კი ორივე როლში ჰქონია გამოცდილება. კვლევამ აჩვენა, რომ კიბერბულინგის გამოცდილებას (b=0.338; r<0.01), ინტერნეტ თვითეფექტურობას (b=0.092; r<0.01), სოციალურ ნორმას (b=0.069; r<0.05) და მოტივაციას (b=0.530; r<0.01) აქვს მნიშვნელოვნად პოზიტიური ეფექტი, ხოლო ასაკსა (b=-0.088; r<0.01) და გენდერს  (b=-0.072; r<0.01) მნიშვნელოვნად ნეგატიური გავლენა კიბერბულინგზე.  ნავარაუდებია, რომ უფროსი და მამრობითი სქესის სტუდენტები ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კიბერბულინგის ქცევაში ჩაებან (Xiao & Wong, 2013).  

საინტერესოა ასევე კანადის 4 უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებში ჩატარებული კვლევა, რომელშიც გამოიკვეთა, რომ  გამოკითხულთა 24.1% გასული 12 თვის მანძილზე გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი (Faucher, Jackson & Cassidy, 2014). 

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ კიბერმჩაგვრელები მეტად ხასიათდებიან ფსიქოპათიური თვისებებით, გააჩნიათ მაღალი ხარისხის სენსაციის  გამოცდილების შეძენის სურვილი. ისინი არ ერიდებიან სიტუაციებს, სადაც სიტუაციის მართვა, კონტროლი რთულია. კიბერმსხვერპლები, მჩაგვრელებთან შედარებით, ემპათიის უფრო მაღალ ხარისხს ფლობენ. ფსიქოლოგები კიბერბულინგის გამომწვევ ფაქტორებად ვარაუდობენ დეპრესიასა და სოციალური უნარების ნაკლებობას (Kokkinos, Antoniadou & Markos, 2013).   

იქიდან გამომდინარე, რომ კიბერბულინგი ხორციელდება ვირტუალურ სივრცეში (ფიზიკური კონტაქტის გარეშე), მსხვერპლები განიცდიან ორმაგ ტანჯვას და თავს უუნაროდ თვლიან.  ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ შეუძლიათ შეაჩერონ მათ მიმართ განხორციელებული შევიწროება იმ მიზეზის გამო, რომ კიბერსივრცეში რთულია დაამტკიცო, თუ ვინ ძალადობს პირზე.  ამდენად, მსხვერპლები მენტალური ჯანმრთელობის ზიანის საფრთხის ქვეშ დგებიან, ხშირია დაბალი თვითშეფასება და დეპრესია.  რაც შეეხება კიბერმჩაგვრელებს, ისინი კიბერბულინგისას ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით შეიძლება მეტად  სასტიკები იყვნენ.  მათ ემპათიის განცდას ამცირებს ის ფაქტი, რომ ისინი ვერ ხედავენ მათი ქმედების შედეგს (Koplewicz, 2010).                      

მეთოდოლოგია

მეთოდოლოგიაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კიბერბულინგის წინა თავში ნახსენებ განმარტებებს ვეყრდნობით (Smith, 2008), (Donegan, 2012). საკვლევი კითხვა და ამოცანებიც სწორედ ამ ცნების ოპერაციონალიზაციას წარმოადგენენ. მეთოდოლოგია კი  სწორედ  საკვლევი კითხვებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ. უფრო დეტალურად ამაზე ქვევით ვისაუბრებთ.

შერჩევა

იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები 18-34 წლამდე ადამიანები არიან, მათ შორის კი სტუდენტები სოციალურად ყველაზე აქტიური ჯგუფია, ჩვენს სამიზნე აუდიტორიად სწორედ ისინი შევარჩიეთ. უფრო კონკრეტულად, კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. რესპონდენტები შევარჩიეთ თოვლის გუნდის მეთოდით.  პირველი ორი ინტერვიუ ჩავატარეთ ჩვენს ორ ნაცნობთან, რომელთაც, ჩვენი აზრით, საინტერესო გამოცდილება ჰქონდათ ამ კუთხით.  შემდეგ,  კი მათ ვთხოვეთ დავეკავშირებინეთ ისეთ სტუდენტებთან, რომელთაც ჩვენი კვლევისთვის რელევანტური ინფორმაციის მოცემა შეეძლოთ.  სულ ჩავატარეთ 14 სიღრმისეული ინტერვიუ შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტებთან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.

მონაცემების მოპოვების მეთოდები

მონაცემთა შესაგროვებლად შევარჩიეთ თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, კერძოდ, სიღრმისეული ინტერვიუ.  ამის მთავარი მიზეზები ასეთია: 1) სხვადასხვა ლიტერატურაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიბერბულინგის ცნება საკმაოდ ხშირად ყოფილა დაბნეულობის და გაურკვევლობის წყარო.  მაგალითად ხშირად დაბნეულობას იწვევს ის, თუ რა განსხვავებაა  უბრალოდ დაცინვასა (teasing) და კიბერბულინგს შორის.  არსებობს დებატი  იმის  შესახებაც,  თუ სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და კიბერბულინგს შორის და ხომ არ ზღუდავს ეს უკანასკნელი პირველს. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ასეთ კომპლექსურ და მრავალმხრივ საკითხზე ადამიანების აზრს უკეთ გავიგებდით სიღრმისეული ინტერვიუს საშუალებით.  2) მეორე მიზეზი კი ისევ ჩვენი მიზნიდან გამომდინარეობს, რადგან გვაინტერესებდა ადამიანების უშუალო გამოცდილება ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, რაოდენობრივი კვლევით ამის მიღწევა შეუძლებელი იყო. თვისებრივი კვლევის მეთოდი და ამ შემთხვევაში  სიღრმისეული ინტერვიუები, კი  საშუალებას მოგვცემდა რესპონდენტებთან რაპორტის დამყარების შემდეგ უფრო გულახდილად და სიღრმისეულად გვესაუბრა მათ გამოცდილებებზე.

მონაცემთა შეგროვება მიმდინარეობდა წინასწარ შედგენილი სადისკუსიო გეგმის მიხედვით. სადისკუსიო გეგმაში კითხვების 3 ძირითადი ბლოკი გვქონდა და ისინი შეეხებოდა: კიბერბულინგის შესახებ ინფორმირებულობას და დამოკიდებულებას, კიბერბულინგის პირად გამოცდილებას მსხვერპლისა და მჩაგვრელის როლში. საკვლევი თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, რესპონდენტებს ასევე შევთავაზეთ ბარათები, რომელიც მოიცავდა კიბერბულინგის შემთხვევათა სხვადასხვა ტიპს იმ შემთხვევისთვის თუ ამაზე პირადად საუბარი არ სურდათ.   ბარათებში კვლევის მონაწილეებს შეეძლოთ მოენიშნათ შემთხვევები, რომელშიც ისინი მსხვერპლის ან განმახორციელებლის როლში ყოფილან. ყველა ინტერვიუ ჩავწერეთ აუდიო ფირზე, რაზეც რესპოდენტების ინფორმირებული თანხმობა მივიღეთ ინტერვიუს დაწყებამდე.  საშუალოდ, ინტერვიუთა ხანგრძლივობა შედგენდა 30-35 წუთს.  კვლევაში მონაწილე სტუდენტთა სახელები კონფიდენციალობის დაცვის მიზნით შეცვლილია.  ასევე დაცულია კვლევის ეკითური ნორმები.

მონაცემების ანალიზის მეთოდები

კვლევის ანალიზისათვის გამოვიყენეთ თვისებრივი კონტენტანალიზი და დისკურსის ანალიზი, კერძოდ კი დისკურსის ანალიზის ინტერაქციულ-სოციოლოგიური მიდგომა. დისკურსის ანალიზის ეს მიდგომა ინტერაქციული სოციოლოგიის, სოციოლინგვისტიკის და საუბრის ანალიზის მიმართულებებს აერთიანებს, რაც დაგვეხმარა საუბრების ვერბალური და არავერბალური ნიშნების გაანალიზებაში (წულაძე, 2019, 252-258).   მოცემული მეთოდები შევარჩიეთ ჩვენი კვლევის მიზნისა და ამოცანების საფუძველზე. თვისებრივი კონტენტანალიზის მეშვეობით, შევძელით სიღრმისეულად გაგვეანალიზებინა ჩვენი შერჩევითი ერთობლიობის შინაარსობრივი დეტალები. დისკურსის ანალიზის ინტერაქციულ-სოციოლოგიური მიდგომა კი დაგვეხმარა, დაგვენახა წარმოდგენილ ნარატივებს მიღმა არსებული დეტალები და მოტივები და  სიღრმისეულად გაგვეანალიზებინა რესპონდენტთა ინტერვიუსების როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური ელემენტები.

მას შემდეგ, რაც მონაცემების შეგროვება დავასრულეთ, მონაცემების დამუშავების ეტაპზე გადავედით. კერძოდ, ტრანსკრიპტების პირველადი ღია კოდირება გავაკეთეთ, რაც ტექსტებიდან საკვანძო სიტყვების, იდეების და შინაარსის საფუძველზე მოკლე შეჯამებების მომზადებას გულისხმობს.  შემდეგ კი კატეგორიები გამოვყავით, რაც არსებულ კოდებს ერთად კრებს და მეტად ორგანიზებულად წარმოგვიდგენს.  ანალიზის მომდევნო ეტაპზე მონაცემთა ლოკალური და ინკლუზიური ინტეგრაციის ეტაპები გაკეთდა, რამაც საბოლოოდ მონაცემეთა ერთიან, ლოგიკურ ნარატივად წარმოდგენის საშუალება მოგვცა.  ლოკალური ინტეგრაციის ეტაპზე თითოეული კოდის ქვეშ არსებული ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია გავაკეთეთ, ხოლო ინკლუზიური ინტეგრაციის ეტაპზე კი ცალკეული კოდების ქვეშ არსებული ინფორმაციები, ამონარიდები, ფრაზები ერთმანეთთან მიმართებაში გავაანალიზეთ.     

კვლევის შედეგები და ანალიზი

ინტერნეტის მოხმარება სტუდენტებში

კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ინტერნეტს ყოველდღიურად, საკმაოდ ხშირად მოიხმარს. ისინი ამბობენ, რომ დღის განმავლობაში 4-5 საათს ატარებენ ინტერნეტში.  რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ისინი ინტერნეტს  ძირითადად სოციალურ ქსელ ფეისბუქისთვის იყენებენ. აღნიშნულ სოციალურ ქსელში განხორციელებული ძირითადი აქტივობები კი ასეთია: მუშაობა, ახლობლებთან/მეგობრებთან კომუნიკაცია, სიახლეების გაცნობა. 

სტუდენტები ფიქრობენ, რომ ინტერნეტს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრ რამეში ეხმარება, მაინც ბევრი უარყოფითი მახასიათებელი აქვს. ესენია: დროის ფლანგვა, ნეგატიური და ყალბი ინფორმაციები, აგრესიული ფონი,  კიბერბულინგი, (რამდენიმემ  ახსენა ე.წ ლურჯი ვეშაპი),  კიბერთავდასხმები და პირადი მონაცემების დაუცველობა.

ინფორმირებულობის დონე კიბერბულინგის შესახებ

ცნება კიბერბულინგის აღქმა რესპონდენტებში არაერთგვაროვანია.  ისინი ამ ტერმინს ძირითადად ინტერნეტთან აკავშირებენ, ანუ ისინი ამ ცნებას მოიაზრებენ, როგორც ინტერნეტის გზით განხორციელებულ ძალადობას.  თავად ცნება კიბერბულინგი მხოლოდ ინტერნეტით განხორციელებულ ძალადობას არ მოიცავს. კოვალსკის განსაზღვრებით, კიბერბულინგი შესაძლოა განხორციელდეს მობილური ტელეფონის ზარებით, სატელეფონო მესიჯებით, მესინჯერით და ა.შ (Kowalski, 2014).  ვფიქრობთ, რომ რესპონდენტთა კიბერბულინგის მხოლოდ ინტერნეტთან დაკავშირება შესაძლოა გამოწვეული იყოს თავად სიტყვის „კიბერ“ ინტერნეტთან ასოცირებით.  აგრეთვე, რესპონდენტთაგან კიბერბულინგის ცნების პირდაპირ ინტერნეტთან დაკავშირება და სატელეფონო ზარებისა და მესიჯებზე ნაკლები აქცენტი  შესაძლოა იმითაც აიხსნას, რომ დღესდღეობით კიბერბულინგი უფრო მეტად გავრცელებული სწორედ ინტერნეტშია.  კიბერმოძალადის პლატფორმად ხშირად სწორედ ის ტელეფონები ხდება, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტები კიბერბულინგის მაგალითებად ხშირად განიხილავენ ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში დაწერილ კომენტარებს, რასაც ხშირად „ლანძღვადაც“ მოიხსენიებენ.  მონაწილეები არ მიუთითებენ კიბერბულინგის დროში განმეორებადობას, ისინი გარკვეულ შემთხვევებში კიბერბულინგად მიიჩნევენ ერთჯერად შემთხვევებსაც, რაც კიბერბულინგის ბუნებას სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს და შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ სტუდენტთა ინფორმირებულობა კიბერბულინგის შესახებ  არასრულია.

კიბერბულინგის განხორციელების ხელშემწყობ ფაქტორად სტუდენტთა დიდი ნაწილი ინტერნეტში ბულინგის განხორციელების სიმარტივეს ასახელებს პირისპირ ბულინგთან შედარებით. ასევე, სტუდენტები ინტერნეტში ანონიმურობის შესაძლებლობასაც აღნიშნავენ.  ამბობენ, რომ კიბერმჩაგვრელის მიერ თავისი რეალური სახის დამალვა და ამ გზით გამბედაობის შეძენა ინტერნეტში ბევრად გამარტივებულია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.  უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად გამოკითხული რესპონდენტებისა, კიბერბულინგის პრობლემის სიმწვავის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მოცუმლ საკითხზე მომუშავე მეცნიერთა დიდი ნაწილი სწორედ მის სიმარტივეს ასახელებს.    

მიზეზი იმისა, თუ რატომ ახორციელებს ადამიანი კიბერბულინგს, სტუდენტების აზრით, შესაძლოა იყოს პირადი ანგარიშსწორება, პირადი ინტერესები ანდა შური. პირადმა უთანხმოებამ, კონფლიქტმა შესაძლოა ადამიანებს უბიძგოს, ინტერნეტის საშუალებით იძიოს ადამიანზე შური.  თუმცა, ასევე სტუდენტები აღნიშნავენ, რომ კიბერბულინგის მიზეზი შეიძლება უბრალო ხუმრობაც იყოს, შესაძლოა კიბერმჩაგვრელს არ ჰქონდეს მსხვერპლის მიმართ ზიანის მიყენების განზრახვა, თუმცა რეალურად დიდი ზიანი მიადგეს მსხვერპლს.  უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტების მიერ ჩამოთვლილი კიბერბულინგის გამომწვევი მიზეზები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ტოქსიკურ კიბერგარემოს, რაც დღესდღეობით ქართულ სოციალურ მედიაში გვხვდება.  ცხადია, ეს დღეს არსებულ ქართულ სოციალურ კონტექსტთან არის დაკავშირებული.  სოციალური მედია იქცა სივრცედ, რომელშიც ნეგატიურ დამოკიდებულებებს, უკუკავშირს დაუფარავად გამოხატავენ, რაც სავარაუდოდ ისევ საკუთარი გადაუჭრელი პრობლემებით არის გამოწვეული.         

კიბერბულინგის მსხვერპლის როლში გამოცდილება რესპონდენტებში, პირველ რიგში, ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზიანის მოტანასთან ასოცირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მსხვერპლის თვითაღქმასა და თვითშეფასებაზეც შეიძლება უარყოფითად აისახოს.  ასევე, ისეთი სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა: დეპრესია, შფოთვა და სტრესი.  შესაძლოა მსხვერპლს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეექმნას, მათ შორის მენტალური ჯანმრთელობის, სუიციდური აზრების გაჩენა და ა.შ. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანი სუიციდის მსხვერპლი გახდეს.

რესპონდენტებმა კიბერბულინგის მიმართ მოწყვლადობაზე საუბრისას, მოიხსენიეს საზოგადოების შემდეგი ჯგუფები:  საზოგადოების დომინანტური მახასიათებლებისაგან განსხვავებული, მარგინალიზებული ჯგუფები, სოციალური აქტივიზმით დაკავებული პირები, ახალგაზრდები, რომელთაც განსხვავებული გარეგნობა, ჩაცმის სტილი აქვთ და ცნობადი სახეები.  სტუდენტთა მიერ გამოყოფილი ჯგუფების მიმართ, ცხადია, რომ ქართული საზოგადოება არც თუ ისე ტოლერანტულია, განსაკუთრებით კი უმცირესობათა წარმომადგენლების მიმართ.  TDI-ს 2017 წლის კვლევის მიხედვით რესპონდენტებს სექსუალურ, რელიგიურ, თუ ეთნიკურ უმცირესობებზე საუბარიც კი ეუხერხულებათ. მიუღებლობის მიზეზად, კი, რელიგიასა და ქართულ მენტალიტეტს ასახელებენ (TDI, 2017).

კიბერბულინგის გამოცდილება

მოცემული კვლევის ფარგლებში  ჩვენს ერთ-ერთ  ინტერესს და შესაბამისად,  მთავარ საკვლევ კითხვას წარმოადგენდა ის, თუ როგორია სტუდენტების პირადი გამოცდილება კიბერბულინგის კუთხით.  რესპონდენტებს კიბერბულინგის გამოცდილებაზეც ვესაუბრეთ როგორც პირადად, ასევე ინტერვიუს მსვლელობისას  გადავეცით ბარათები, რომელშიც კიბერბულინგის სხვადასხვა ტიპი იყო ჩამოთვლილი.  მათ  კი უნდა მოენიშნათ, თუ რომელი ტიპის კიბერბულინგი გადახდენიათ თავს.  აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა თქვა, რომ კიბერბულინგის შემთხვევა არ ჰქონია, რასაც ხსნიან იმით, რომ სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურობენ, მეგობრებში არ იმატებენ უცხოებს,  საჯარო პოსტებზე კომენტარებს არ წერენ და ა.შ.  ამის მიუხედავად,  მათ  ბარათებში მონიშნეს კიბერბულინგის სხვადასხვა ტიპი.  კიბერბულინგის მსხვერპლის როლში უმეტესად შემდეგი გამოცდილება ვლინდება: „შევუწუხებივარ უცხო ადამიანს ტელეფონზე ხშირი რეკვით ან/და იმეილზე წერილებით, რამაც შეურაცხყო ან რაიმე სახის ზიანი მომაყენა.“ რაც შეეხება კიბერბულინგის განხორციელებას, აქ უმეტესად შემდეგი გამოცდილება გამოვლინდა „დამიცინია ან გამილანძღავს ვინმე სოციალურ ქსელში.“

ის ფაქტი რომ  ჩვენმა  რესპონდენტებმა  პირისპირ საუბარს  პასუხების  ბარათზე მონიშვნა ამჯობინეს   „სოციალურად სასურველი“ პერფორმანსით შეგვიძლია ავხსნათ, რადგან ადამიანებს ეუხერხულებათ იმის გამხელა, რომ   კიბერბულინგის მსხვერპლები და ბულერები ყოფილან.  შესაძლოა ფიქრობენ, რომ მათმა გამოცდილებამ მსხვერპლის როლში საზოგადოების წინაშე მათ იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედოს.  მეორე მხრივ, რა შეიძლება იყოს „უხერხულობის“ მიზეზი? საქართველოში კიბერბულინგის ყველაზე გავრცელებული და ყველასთვის ცნობილი შემთხვევებით  თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ რომ კიბერბულინგის მსხვერპლები საქმის გახმაურების შემდეგ ხშირად ხელმეორედ ხდებიან აგრესიის სამიზნეები უკვე საზოგადოების მხრიდან.  მოძალადეები კი დაუსჯელები რჩებიან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ქალი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერბულინგის შემთხვევები, როდესაც მათ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უვრცელებდნენ შერცხვენის მიზნით (ჩემი პარლამენტი, 2019).  შესაბამისად, კიბერბულინგის არამხოლოდ განმახორციელებლის, არამედ მსხვერპლის როლში ყოფნაც კი სტიგმასთან, მარგინალიზებასთან და სხვადასხვა სტერეოტიპებთან ასოცირდება, განსაკუთრებით ქალებისთვის.  ხსენებული მითები და სტერეოტიპები ხშირად გვხვდება  საჯარო დისკურსში, როგორც ინტერნეტ, ასევე სატელევიზიო სივრცეში, სადაც ცხადად ჩანს დღევანდელი სოციალური კონტექსტი და საზოგადოებრივი გულგრილობა. “გამოიწვია და იმიტომ იძალადა” - მსგავსი ფრაზები დღეს ძალიან ხშირია.  სწორედ მსგავსი წარმოდგენების გამო, ხშირად, მსხვერპლი საზოგადოების თვალში თავად იქცევა ხოლმე დამნაშავედ. ბოლო დროს გახმაურებული  შემთხვევაც სწორედ ამ მოსაზრების დასტურია, როდესაც 14 წლის გოგომ 21 წლის ბიჭის განმეორებითი შანტაჟის ნიადაგზე თავი მოიკლა, მისმა ბაბუამ კი თქვა, რომ ამით შვილიშვილმა საკუთარი დანაშაული გამოისყიდა (REGinfo, 2021).

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის მიხედვით ქალთა 3,5% აცხადებს, რომ ცხოვრების მანძილზე, ადევნების სხვადასხვა ფორმა გამოუცდია, ხოლო 3,3%-სათვის გასული 12 თვის განმავლობაში ადევნების ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებები ან ელექტრონული წერილები (2%), უმიზეზო ლოდინი ან ადევნება (1%) და შეურაცხმყოფელი, მუქარანარევი ან უხმო ზარები (1%) (ჩიტაშვილი, ჯავახიშვილი, არუთინოვი, წულაძე და ჩაჩანიძე, 2010).  თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატისტიკა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შესაძლოა რეალისტურად ვერ აღწერდეს სურათს.  ჩვენს კვლევაშიც გამოვლინდა, რომ კიბერბულინგის შემთხვევების უმეტესობა კაცის მხრიდან ქალის შევიწროვებას უკავშირდება, სადაც მისი ობიექტივიზაცია და  სექსუალიზება ხდება. ამას კი ისევ საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებამდე მივყავართ ქალის სექსუალობისა და სირცხვილის შესახებ.  ამის მაგალითები მრავლადაა ბოლო პერიოდშიც, როდესაც არასრულწლოვან გოგოებს ბიჭები აშანტაჟებდნენ სექსუალური შინაარსის მიმოწერებისა და ვიდეო და ფოტო მასალების გავრცელებით (on.ge, 2019).  დასაწყისში ვახსენეთ დაუსჯელობის სინდრომიც, რასაც ჩვენი კვლევაც ეხება. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსნებს შემთხვევას , როდესაც მას მობილური ტელეფონის  მეშვეობით სისტემუტურად უკავშირდებოდა პიროვნება, რომელსაც ეუბნებოდა, რომ მასთან კონტაქტი არ სურდა. „სულ მირეკავდა და შეხვედრას მთხოვდა, უარს რომ ვეუბნებოდი აგრესიული ტონით ლაპარაკზე გადავიდა, ბოლოს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მომმართავდა.“ (მარიამი, 23 წლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი).  აღსანიშნავია, რომ მარიამმა დასახმარებლად ძმას მიმართა. მას პოლიციის ჩარევა არ სურდა, რაც შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ არ ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან დახმარების და  პრობლემის გადაჭრის მოლოდინი.  ესეც არსებული სოციალური კონტექსტიდან გამომდინარეობს და საქართველოში პოლიციისა და სასამართლო სისტემის ხარვეზების დასტურია.  კავკასიის ბარომეტრის 2020 წლის კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემას გამოკითხულთა  მხოლოდ 26% ენდობა (CRRC Georgia, 2020).

კვლევაში მონაწილე სტუდენტები კიბერბულინგის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნავენ სექსტინგის, როგორც კიბერბულინგის შემთხვევებს.  მარიამი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოხდა.  მას უცნობი მამაკაცი უგზავნიდა შეტყობინებებს, რომელიც შეიცავდა სექსუალურ შინაარსს, ასევე ფოტოებს. ის ამბობს, რომ მოძალადის მხრიდან მუქარაც იყო, რომ მას მოიტაცებდა.  მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა აღვნიშნოთ, არის ის, რომ მარიამი საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას იძაბება, ჩანს, რომ მას არ სურს მოცემულ საკითხზე დეტალურად საუბარი.  თავდაპირველად, ცდილობს, რომ ამ საკითხზე საუბარი თავიდან აირიდოს, რისთვისაც გოფმანის ე.წ „კოდის გადართვას“ მიმართავს. ამბობს, რომ ჰქონია ასეთი შემთხვევა თუმცა ისეთი სერიოზული არა, რომ მასზე საუბარი ღირდეს.  თუმცა, შემდგომ საკითხზე ჩაღრმავებისას რესპონდენტი მეტად იხსნება და ინტერვიუერისთვის შესამჩნევი ხდება, რომ ღელვა ნელ-ნელა ეხსენება რესპონდენტს.  ის ფაქტი, რომ მოცემულ საკითხზე საუბარი რესპონდენტს ერთგვარ უხერხულობას უქმნის, ერთის მხრივ შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ შემთხვევა რესპონდენტისთვის ნეგატიურ, შესაძლოა ტრავმულ გამოცდილებას უკავშირდება, რის გამოც ცდილობს საუბარს თავი აარიდოს, მეორეს მხრივ კი ეს ქართულ სოციალურ კონტექსტსაც უსვამს ხაზს, რომ ქართული საზოგადოების წევრები ჯერ კიდევ არ არიან მზად იმისათვის, რომ მსგავს საკითხებზე ღიად, გამბედავად ისაუბრონ.  მოცემული შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, რომ განსაკუთრებით რთულია მსგავს გამოცდილებაზე საუბარი ქალებისთვის, რომელთა მიმართაც ხშირად ქართული საზოგადოება არატოლერანტულია. 

ანა იხსენებს ორ ასეთ შემთხვევას, ერთს სტუდენტობის პერიოდში, მეორეს კი - სკოლის პერიოდში.  სტუდენტობის პერიოდში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ფეისბუქში უცნობი ადამიანი სწერდა სექსუალური კონტენტის შემცველ მესიჯებს:  „ერთი ადამიანი პერიოდულად მწერდა უხამსი შინაარსის მქონე ტექსტებს, დაახლოებით 1-2 წლის წინ,“ მეორე შემთხვევაზე იხსენებს - „ასევე თინეიჯერობის პერიოდში მქონდა შემთხვევა, როცა „სკაიპში“ ნათესავისგან ზარს ველოდებოდი და უცნობი ადამიანისგან შემოვიდა ზარი.  ვუპასუხე, ნათესავი მეგონა და ვიღაც უცნობი ადამიანი იყო, შიშველი, ზრდასრული მამაკაცი, მაშინვე გავთიშე, ძალიან შემეშინდა.“ მისი თქმით, ამ შემთხვევამ იმდენად სერიოზული ზემოქმედება მოახდინა მასზე, რომ დღემდე სიფრთხილით მოიხმარს ამ სოციალურ ქსელს.  კვლევაში მონაწილე სტუდენტების სიტყვებში ჩანს არამხოლოდ ის, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს კიბერბულინგმა მსხვერპლს, ასევე, როგორც სხვადასხვა ავტორი აღნიშნავს, ჩანს, რომ კიბერბულინგის განსაზღვრა გარკვეულ შემთხვევებში რთულდება, რადგანაც ის შესაძლოა მსხვერპლმა საკუთარი ძალებით შეაჩეროს და შესაბამისად, მოძალადემ დროში რამდენჯერმე ვერ იმოქმედოს, როგორც მაგალითად, კვლევის მონაწილე აღნიშნავს, რომ მჩაგვრელის ანგარიში დაბლოკა.  აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ქმედება განხორციელდა მეორე პირის ნებართვის გარეშე, რაც სექსტინგს მოცემულ შემთხვევებში კიბერბულინგად აქცევს.         

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, საბა, იხსენებს შემთხვევას, რომელიც დაკავშირებულია მის ჯგუფელთან. მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში მეგობრებში დაიმატა ჯგუფელი გოგონა, რომელსაც საუნივერსიტეტო დავალების შესახებ რამდენჯერმე მისწერა.  გარკვეული დროის შემდეგ კი უცნობი პირისგან იღებს წერილს ისევ ფეისბუქის საშუალებით, რომელიც შეიცავდა მუქარას. წერილში აღნიშნული იყო, რომ ის მისი ჯგუფელის შეყვარებული იყო, რომელიც ფეისბუქში  დაიმეგობრა და რომ აღარ მიეწერა მისთვის, თორემ მასთან კონფლიქტი ექნებოდა. საბამ თქვა, რომ მისი ჯგუფელის პროფილის შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ მას უკვე წაშლილი ჰყავდა მეგობრებიდან.  მოცემული შემთხვევა შეიძლება მივაკუთვნოთ კიბერბულინგს, რადგან მესიჯი მოიცავს მუქარას,  მუქარა კი კიბერბულინგის ერთ-ერთ ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს.  ალენს (Allen) და ოვენს (Awan) თავიანთ ნაშრომებში, რომელიც ისლამოფობიას ეხებოდა, მუქარა წარმოდგენილი აქვთ კიბერბულინგის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ფორმად, რადგან ვერბალური მუქარა მსხვერპლში იწვევს შიშს, რომ ეს შესაძლოა ფიზიკურად, მატერიალურად განხორციელდეს (Tornberg & Tornberg, 2016).  ჩვენს რესპონდენტში ამას შესაძლოა შიში გამოეწვია, რომ ყველაფერი პირისპირ კონფლიქტში გადაიზრდებოდა და ფიზიკური ზიანი დაემუქრებოდა.    

გარდა იმისა, რომ საბას მიერ მოყოლილ ამბავში საკმაოდ რთული კიბერბულინგის შემთხვევაა აღწერილი, რაც ონლაინ სივრცეში მუქარას მოიცავდა, ასევე მკაფიოდ აჩენს იმ რთულ სოციალურ კონტექსტს, რომელშიც ქალებს უწევთ ცხოვრება.  პარტნიორის მხრიდან კონტროლი, მათ შორის პირადი სოციალური ქსელების გაკონტროლება, რომელიც აღწერილ შემთხვევაშიც ნათლად ჩანს, გვაჩვენებს, ქართულ საზოგადოებაში ქალთა მიმართ ჯერ კიდევ მრავალ შემზღუდველ ფაქტპს ვაწყდებით.  

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოცემული კვლევა აჩვენებს ტენდენციას, რომ სტუდენტების ცოდნა კიბერბულინგის შესახებ არასრულია, რადგანაც ისინი კიბერბულინგად ერთჯერად შეურაცხმყოფელ კომენტარს თუ სხვა სახის კონტენტსაც მიიჩნევენ, რაც კიბერბულინგის განსაზღვრების მიხედვით ვერ ჩაითვლება ამ ტიპის დანაშაულად.  რაც შეეხება კიბერბულინგის მიერ გამოწვეულ ზიანს, სტუდენტები ნათლად აანალიზებენ იმ საფრთხეებს, რაც შესაძლოა კიბერბულინგის მსხვერპლს მიადგეს, თუმცა დასახმარებლად იშვიათად მიმართავენ პოლიციას და ამჯობინებენ თავად გამოასწორონ პრობლემა ან ოჯახის წევრს მიმართონ, რაც პოლიციის მიმართ უნდობლობით ან საზოგადოების რეაქციის შიშით შეიძლება აიხსნას.  ეს უკანასკნელი იმაშიც გამოიხატება, რომ მათ პირისპირ თავიანთ გამოცდილებაზე საუბარს ურჩევნიათ ბარათებზე, ანონიმურობის  დაცვით მონიშნოთ თავიანთი პირადი გამოცდილების შესაბამისი პასუხი.  კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კიბერბულინგის ტრადიციული განსაზღვრება, გარკვეულ შემთხვევებს კიბერბულინგის კვალიფიკაციის გარეთ ტოვებს, რაც იმით არის განპირობებული, რომ თანამედროვე ტექნილოგიის სწრაფი განვითარება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ბულერს კიბერბულინგის დროში რამდენჯერმე განხორციელება შეუზღუდონ.     

სტუდენტების ნარატივებიდან იკვეთება, რომ კიბერბულინგის შემთხვევების მიმართ ეს ჯგუფი მართლაც მოწყვლადია.  კვლევაში მონაწილე სტუდენტები საუბრობენ საკუთარ გამოცდილებებზე.  კვლევის მონაწილეები ყოფილან კიბერბულინგის მსხვერპლები, რაც დროში განმეორებადი მუქარით, კიბერშევიწროვებით, სექსტინგის სახით გამოვლინდა.  კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უნდა ითქვას, რომ რესპონდენტების უმეტესობა ამჯობინებს თავად გადაჭრას პრობლემა და გამოყოფენ თავდაცვის შემდეგ საშუალებებს: იგნორირება, სოციალური ქსელებში მომხმარებლის დაბლოკვა/გასაჩივრება და ძალადობაზე ძალადობით პასუხი.   

სასურველი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით კიბერბულინგის შესახებ ცნობადობისა და მისი გამოცდილების შესწავლა სტუდენტებში.  მოცემულმა კვლევამ მნიშვნელოვანი კავშირი დაგვანახა გენდერსა და კიბერვიქტიმიზაციას შორის, თუმცა მოცემული კვლევის ფარგლებში ეს საკითხი ღრმად ვერ შევისწავლეთ. ამიტომ, ვფიქრობთ, ამ საკითხს ცალკე სიღრმისეული შესწავლა სჭირდება. ამას გარდა, აუცილებელია კვლევების ჩატარება მოზარდებში, რადგან სწორედ 10-18 წლამდე პირებშია ყველაზე ხშირი კიბერბულინგის შემთხვევები.

 

 

 

ბიბლიოგრაფია

Akbulat, Y., Eresti, B. (2011).  Cyberbullying Victimisation among Turkish university students.  Australian journal of educational technology.                                     

Carter, A. C., (2013). Third party observers witnessing cyber bullying on social media sites. Elsevier Ltd.

CRRC Georgia (2020).  Caucasus Barometer:  Georgia 2020.

CRRC Georgia (2017). Caucasus Barometer: Georgia 2017.

Donegan, R. (2012).  Bullying and Cyberbullying:  History, Statistics, Law, Prevention and Analysis. Elon University.

End Cyberbullying, (2017). What is the end to cyber bullying organization?  Retrieved From: http://www.endcyberbullying.org/about-us/    14.01.2021.

Faucher, C., Jackson, M., Cassidy, W. (2014). Cyberbullying Among University Students:  Gendered Experiences, Impacts, and Perspectives.  Windawi Publishing Corporation.

Finn, J. (2004). A survey of online harassment at a university campus. Journal of Interpersonal Violence 19(4).

Hinduja, S. Patchin, W. J. (2007) Bullying, Cyberbullying, and Suicide. Cyberbullying Research Center.

Hinduja, S. Patchin, W, J. (2016).  Cyberbullying Victimization.  Cyberbullying Research Center.

Jones, R. (2012).  Discourse Analysis.

Kokkinos, M., Antoniadou, N., Markos, A. (2013). Cyber-bullying: An investigation of the psychological profile of university student participants. Journal of Applied Developmental Psychology 35.

Koplewicz, H. (2010). The Psychiatric Issues Behind Cyberbullying. Huffpost. Retrieved from:  https://www.huffingtonpost.com/dr-harold-koplewicz/the-psychiatric-issues-be_b_655556.html

Kowalski, R. M., Giumetti, G. W., Schroeder, A. N., Lattanner. M. R. (2014). Bullying in the Digital Age: A Critical Review and Meta-Analysis of Cyberbullying Research Among Youth. ResearchGate. 

Leiner, B., Cerff, V., Clark, D., Kakh, R., Kleinrock, L., Lynch, D., Postel, J., Roberts, L., Stephen, W. (2009). A Brief History of the Internet. CCR.

Popović-Ćitić, B., Djurić, S., & Cvetković, V. (2011). The prevalence of cyberbullying among adolescents: A case study of middle schools in Serbia. School Psychology International

Smith, P. (2008). Cyberbullying: Another main type of bullying? Scandinavian Journal of Psychology. Vol. 48.

Smith, P. K., Mahdavi, J., Carvalho, M., Fisher, S., Russell, S., & Tippett, N. (2008). Cyberbullying:  Its nature and impact in secondary school pupils.  Wiley Online Library.  Retrieved From:    https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/j.1469-7610.2007.01846.x   13.01.2021.

Statista. (2018). Distribution of Facebook users in the United States as of January 2018, by age group and gender. Retrieved from: https://www.statista.com/statistics/187041/us-user-age-distribution-on-facebook/ 07.12.2020.

Statista. (2021).  Most popular global mobile messenger apps as of July 2021, based on number of monthly active users. Retrieved from:  https://www.statista.com/statistics/258749/most-popular-global-mobile-messenger-apps/

Unicef. (2017). მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა: ბავშვები ციფრულ სამყაროში.  

Wong, R., Cheung, C., Xiao, B. (2018).  Does gender matter in cyberbullying perpetriation? An empirical investigation. Computers in Human Behavior, vol 79 Issue C. 

Xiao, B. S., Wong, Y. M. (2013). Cyber-bullying Among University Students: An Empirical Investigation from the Social Cognitive Perspective. International Journal of Business and Information, Vol 8.

World Value Survey, (2014), Wave 6: 2010-2014

Zhang, A., Land, L., Dick, G. (2010). Key Influences of Cyberbullying for University Students.

On.ge.   (2019, თებერვალი, 25).  არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების კადრების ინტერნეტში შესაძლო ატვირთვაზე გამოძიება დაიწყო. 

TDI. (2017). სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი. თბილისი.

REGinfo. (2021, თებერვალი, 12). 14 წლის გოგონამ თავი გამოძიების გაჭიანურების გამო მოიკლა. ხელმისაწვდომია მისამართზე: https://reginfo.ge/people/item/21046-14-xlis-gogonam-tavi-gamowiebis-gachianurebis-gamo-moikla-axali-detalebi?fbclid=IwAR3_gvpFOjs7tDhzHhOOSEOW4CpcYlvMGnp8n1vLLn6rXfpLBXo7AzT7sIE 05.05.2021

ჩემი პარლამენტი. (2019, ნოემბერი 5).  რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოებრივად აქტიური ქალი საქართველოში.  ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.chemiparlamenti.ge/ka/publication/ra-gamocvevebis-cinashe-dgas-sazogadoebrivad-aktiuri-kali-sakartveloshi   10.01.2021

ჩიტაშვილი, მ., ჯავახიშვილი ნ., არუთინოვი, ლ., წულაძე, ლ., ჩაჩანიძე, ს. (2010). ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში. თბილისი.

წულაძე, ლ. (2020). სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები.  უნივერსიტეტის გამომცემლობა.