heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 6 მარტი 2018

პოლიტიკურ-ეთნიკური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები: მასების და ელიტების ძალადობა
ნინო ოხანაშვილი

რეზიუმე

წინამდებარე სტატია პოლიტიკურ-ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. სტატიის ძირითად მიზანს ეთნიკური ომის „საერთაშორისო“ თეორიის ჭრილში, პოლიტიკურ-ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების დადგენა  წარმოადგენს. 

ქენეთ უოლცის ანალიზის სამი დონე, რომელიც ხსნის სახელმწიფოთა შორის ომის გამომწვევ მიზეზებს,  სტატიაში, სტიუარტ კაუფმანის ეთნიკური ომის „საერთაშორისო“ თეორიის გამოყენებით, უოლცის თეორია გადმოტანილია შიდა დონეზე, ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების ასახსნელად. სტატიის მიზანია გადაამოწმოს ეთნიკური ომის „საერთაშორისო“ თეორიის ვარაუდები კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დადგენაში. სტატიაში ამ თეორიული არგუმენტების გადამოწმება ხორციელდება აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

კვლევაზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა ისეთი აპრობირებული გზა, როგორიც არის კვლევის თვისობრივი მეთოდი. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისთვის, კვლევის პროცესში, გაანალიზდა მეორადი წყაროები, სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც შესასწავლი საკითხის გარშემო არსებობს. ასევე გამოყენებულ იქნა მონაცემთა შეგროვების ისეთი კონკრეტული მეთოდოლოგიური ტექნიკა, როგორიცაა ჩაღრმავებული ინტერვიუები საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეთნიკური კონფლიქტის გამომზვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორც მასების, ასევე ელიტების მიერ მართული ძალადობა. ეთნიკური ომის  წინაპირობას ქმნის ეთნიკური დომინირების ისტორია, ეთნიკური სტერეოტიპები, ეთნიკური სიმბოლიკის საკითხები. თუ ეს ფაქტორები სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მტრობას უღვივებს, მასების მიერ მართული ძალადობა სავარაუდოა.  ელიტები დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესის კატალიზირებაში, ზოგჯერ კი მიჰყვებიან მასის განწყობებს, გამოხატავენ მიზნებს, რომლებიც უკვე წახალისებულია მასის ქცევისგან;  კვლევამ აჩვენა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საწყის ეტაპზე იყო მასების მიერ მართული, ხოლო აფხაზეთის - ელიტების მიერ მართული ძალადობა. ასევე, ეთნიკური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ხდება შიდა ჯგუფური უსაფრთხოების დილემა, რომელიც ეთნიკური გადაშენების შიშის შედეგად ამოძრავებს ერთ ან ორივე მხარეს, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც აფხაზეთის, ისე მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში.  

საკვანძო სიტყვები: მასები, ელიტები, უსაფრთხოების დილემა, ეთნიკური ძალადობა. 

Abstract

This article investigates the causes of the ethnic conflicts. The main purpose of the article is establishing the causes of the ethnic conflicts in the context of an ‘international’ theory of ethnic war.

The three levels of Kenneth Waltz’s analysis that explains the causes of the war between the states, in the article, using Stuart Kauffman’s ‘international’ theory of ethnic war, Waltz’s theory is brought to the internal level to explain the causes of the ethnic conflicts. The aim of the article is to review assumptions of the ‘international’ theory of ethnic war in determining the causes of the ethnolitical conflict.

In the article, these theoretical arguments are crosschecked on basis of the study and analysis of the conflicts of Abkhazia and Nagorno-Karabakh.

While working on the research, it has been used such approved way as qualitative method of research. In the process of the research for collecting the data and analysis, secondary sources, scientific literature were analyzed that are around the subject of the study. It has also used specific methodological techniques for data collection, such as in-depth interviews with representatives of expert circles.

As a result of the research, it was established that the cause of the ethnolitical conflict might be the violence ruled by masses’, as well as the elites’. Precondition of the ethnic war is created by the history of ethnic dominance, ethnic stereotypes and issues of ethnic symbolism. If these factors foments enmity to other ethnic groups, violence ruled by the masses is likely. Elites play a major role in catalyzing this process, and sometimes follow the attitude of mass, express their goals that are already encouraged by the behavior of the masses; The research showed that the Nagorno-Karabakh conflict was controlled by the masses, and the violence was managed by the elites of Abkhazia. In addition, the reason for the ethnolitical conflict is becoming the dilemma of internal group safety that motions one or other party due to fear of ethnic extinction that happened in the case of Abkhazia as well as in Nagorno-Karabakh. 

Keywords: masses, elites, security dilemma, ethnic violence, offensive realism. 

შესავალი 

აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების გამომწვევ მიზეზად უნდა გამოიყოს ორი მთავარი ფაქტორი: შიდა და საგარეო ფაქტორი.

აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების გაღვივებაში დიდი გავლენა იქონია საგარეო ფაქტორმა, კერძოდ, რუსეთის როლმა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი აქტიურად ცდლობდა შეენარჩუნებინა გავლენა რეგიონზე, შესაბამისად, დაინტერესებული იყო აღნიშნული კონფლიქტების გაღვივებით. კრემლი ახდენდა სამხრეთ კავკასიაში არსებული სეპარატისტული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას; დაინტერესებული იყო ამ რეგიონში დაძაბული და ფეთქებადი სიტუაცია შეექმნა. „დაყავი და იბატონე“ - მისი მოქმედების მთავარი პრინციპია. სამხრეთ კავკასიის რეგიონში მტრული ბანაკების არსებობა მუდმივი დაძაბულობის წყარო იქნება, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს არასტაბილური ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და რეგიონში გავლენა და კონტროლის მექანიზმები შეინარჩუნოს. რუსეთის მთავარი მიზანია რეგიონალური დომინანტობის შენარჩუნება და ამას ვერ შეძლებს თუ მისი გავლენა მხოლოდ თავისი ქვეყნის საზღვრებში ვრცელდება.  (ოხანაშვილი, 2017)

გამომდინარე იქიდან, რომ ამ კუთხით მრავალი ნაშრომი დაიწერა და უკვე შედარებით ნაკლებად წარმოადგენს სამეცნიერო ცოდნისთვის ღირებულ სიახლეს, ჩემი სტატია აღნიშნული კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების შიდა დონის ანალიზზეა ფოკუსირებული.

1959 წელს გამოცემულ წიგნში „ადამიანი, სახელმწიფო და ომი: თეორიული ანალიზი”, ქენეთ უოლცმა საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის სამი დონე გამოყო: 1. ინდივიდის დონე;  2. სახელმწიფოს დონე; 3. საერთაშორისო სისტემის დონე. აღნიშნული სამი განსხვავებული დონის მიხედვით, ქენეთ უოლცი სცემს პასუხს კითხვას, თუ რა იწვევს სახელმწიფოებს შორის ომებს (უოლცი, 2003).

სტატიის სიახლეს წარმოადგენს ის რომ, ქენეთ უოლცის ანალიზის სამი დონე, გამოყენებულია შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტის ახსნაში. "პირველი დონე" ფოკუსირებულია ადამიანის ბუნებაზე და მასის ქცევებზე; მეორე დონე-  სახელმწიფოს ბუნებასა და ელიტის ქცევაზე და მესამე დონე ფოკუსირებულია საერთაშორისო სისტემის ბუნებზე. ეთნიკური კონფლიქტის დროს, შესაძლოა შესწავლილ იქნეს მასის ქცევა (პირველი დონე),  ელიტის ქცევა (მეორე დონე) და პოლიტიკური სისტემის წესები, რომელშიც ჯგუფები ურთიერთქმედებენ (მესამე დონე). (Kaufman, 1996).

წლების განმავლობაში, მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ ეთნიკური ჯგუფები ძალადობრივ კონფლიქტში მოქმედებდნენ ისევე, როგორც ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში. ეთნიკური ომის „საერთაშორისო“  თეორია განიხილავს ანალიზის დონის პრობლემას. (Kaufman, 1996). ეთნიკურ ომს მოაქვს მასების, პოლიტიკური ელიტების  მტრობა და უსაფრთხოების დილემა. როდესაც სამივე ფაქტორია წარმოდგენილი, თითოეული იწვევს მეორის გამძაფრებას.

ეს ესკალაცია შეიძლება დაიწყოს ორი გზით. ერთ-ერთი შემთხვევა მოიცავს მასის ძალადობას, რომლის დროსაც ეთნიკური მტრული დამოკიდებულება ელიტებს უბიძგებს ეთნიკურ საკითხებზე უფრო მწვავე პოზიციების მიღებას. ასეთი ქცევა  ქმნის უსაფრთხოების დილემას და იწვევს ეთნიკურ ომს.

ეთნიკური ომის მეორე შემთხვევა არის ელიტის ძალადობა, ანუ ეთნიკური ომი, რომელიც წამოწყებულია ეთნიკური ჯგუფების ლიდერების მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის. ამ პროცესში იყენებენ თავიანთ კონტროლის მექანიზმებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, რათა ხელი შეუწყონ მტრობის გაღვივებას. შემდეგ ისინი ხელს უწყობენ ეთნიკურ ძალადობას, რათა წარმოიქმნას უსაფრთხოების დილემა.

სტატიაში გამოყენებულია ვილფრედო პარეტოს  „ელიტატა წრებრუნვის კონცეფცია“. პარეტოს სოციოლოგიურ სისტემაში ყველაზე დიდი ყურადღება ელიტათა თეორიამ მიიპყრო, რომლის ამოსავალ დებულებას წარმოადგენს ძალაუფლების მექანიზმი. პარეტოს აზრით, მასებისგან განსხვავებით, ელიტებს ახასიათებს სხვებში სუსტი და ყველაზე მგრძნობიარე ადგილების დანახვისა და მათი საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის გამოყენების უნარი.  ელიტათა წრებრუნვის კონცეფცია აღნიშნული კვლევისთვის რელევანტურია ყველაზე განსხვავებული თეორიული პოზიციებიდანაც კი.

სტატიაში მასების მიერ მართულ ძალადობად განხილულია  მთიანი ყარაბაღის, ხოლო ელიტების მიერ მართულ ძალადობად აფხაზეთის კონფლიქტი. მთიან ყარაბაღის კონფლიქტში, საწყის ეტაპზე,  საპროტესტო აქციები და ძალადობა არ ყოფილა ორგანიზებული ელიტების მიერ. აფხაზეთის შემთხვევაში კი ელიტებმა დიდწილად შეუწყეს ხელი  კონფლიქტის ესკალაციას.

სტატიაში ტერმინი - ეთნიკური ჯგუფი, განმარტებულია კოლექტიური სახელით: საერთო წარმოშობა, გაზიარებული ისტორია, კულტურა, ტერიტორიული გაერთიანებისა და სოლიდარობის განცდა. კულტურა მოიცავს ენას, რელიგიას. ეთნიკურ ომში მე ვგულისხმობ ფართომასშტაბიან, ორგანიზებულ ძალადობას, რომელშიც ჯგუფები და ღირებულებები განისაზღვრება ეთნიკური თვალსაზრისით. 

მეთოდოლოგია

კვლევაზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა ისეთი აპრობირებული გზა, როგორიც არის კვლევის თვისობრივი მეთოდი. მეთოდოლოგიურად სტატია თვისებრივი კვლევის კატეგორიაში მოიაზრება და საბაზისო მეთოდოლოგიურ მიდგომად შემთხვევის შესწავლის (Case-study) მეთოდს იყენებს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისთვის, კვლევის პროცესში, გაანალიზდა მეორადი წყაროები, სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც შესასწავლი საკითხის გარშემო არსებობს, რათა შექმნილიყო მეცნიერული საფუძველი კვლევის გასაგრძელებლად. ამგვარი მოდგომა, მეცნიერული თვალსაზრისით რელევანტურს ხდის კვლევის შედეგებს. კვლევაში ასევე გამოყენებულ იქნა მონაცემთა შეგროვების ისეთი კონკრეტული მეთოდოლოგიური ტექნიკა, როგორიცაა ჩაღრმავებული ინტერვიუები საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. აღნიშნულმა ინტერვიუებმა გარკვეულწილად ახალ კითხვებამდე და პასუხებამდე მიიყვანა კვლევა. 

სტატიის საკვანძო ამოცანაა პასუხი გასცეს თეორიულად და ემპირიულად მნიშვნელოვან შეკითხვას. კვლევაში დასახული ამოცანის შესაბამისად ჩამოყალიბდა შემდეგი საკვლევი კითხვა: რა იწვევს ეთნიკურ კონფლიქტს?   კვლევის კითხვიდან გამომდინარე შემუშავდა შემდეგი ჰიპოთეზა: ეთნიკური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ხდება როგორც მასების, ისე ელიტების ძალადობა.

კვლევა ჰიპოთეზის გადასამოწმებლად ეყრდნობა ორი ქეისის - მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთის კონფლიქტის ანალიზს და ამგვარად მოწმდება სტატიაში იდენტიფიცირებული თეორიების მოლოდინებსა და ემპირიულ შედეგებს შორის თავსებადობა. 

 1.       ლიტერატურის მიმოხილვა - ანალიზის დონეები და ეთნიკური ომის თეორიები; 

1.1.    ანალიზის პირველი დონით ახსნა: მასების მტრობა 

როდესაც სახელმწიფოები ომს ენთუზიაზმით იწყებენ, მთვრობის ლიდერები მუშაობენ ასეთი ენთუზიაზმი შექმნან საზოგადოებაშიც. ბევრი თეორეტიკოსი აღნიშნავს, რომ მასის მტრობის მნიშვნელობა, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი,  ხელს უწყობს საერთაშორისო ომს.

ჰანს მორგენთაუ, ამტკიცებს, რომ როდესაც ადამიანები გამოავლენენ აგრესიულ ნაციონალიზმს, აგრესიული ომის დაწყება სავარაუდოა. სტივენ ვან ევერა გამოყოფს ორ შეხედულებას: "ჰიპერნაციონალიზმი", რწმენა იმისა, რომ სხვა ერებზე უნდა დომინირებდნენ; და "მილიტარიზმი", რწმენა, რომ ომი არის კეთილშობილური ვალდებულება, რომელიც სასარგებლოა მთელი საზოგადოებისთვის. ეთნიკური კონფლიქტის კვლევებში ასევე აღინიშნება "ჰიპერნაციონალიზმის" მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება უფრო ზუსტად იყოს განმარტებული, როგორც ეთნიკური შოვინიზმი. როგორც დონალდ ჰოროვიცი აღნიშნავს, ეს დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში გამოხატულია ეთნიკური სიმბოლოების ან ეთნიკური ლიდერების სტატუსზე. შოვინისტური ეთნიკური ჯგუფების მიერ, შესაძლოა, ძალადობრივი კონფლიქტის პროვოცირება. (Kaufman, 1996).

მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი კვლევები ამტკიცებდა, რომ "ძალადობის კულტურა" ზოგადად შიდა პოლიტიკურ ძალადობას უკავშირდება, ეს არგუმენტი იშვიათად გამოიყენება ეთნიკურ ძალადობის გაანალიზებისას. თუმცა არგუმენტი აშკარად აქტუალურია. მაგალითად, იუგოსლავიის შემთხვევაში იყო სისხლიანი დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, ხოლო ჩეხოსლოვაკიაში კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდა. იუგოსლავიის ერები არიან მილიტარისტულნი: ხორვატები და სერბები განსაკუთრებით ამაყობენ თავიანთი წინაპრების მიერ გამოვლენილი საბრძოლო ნიჭით და ცდილობენ მიბაძონ მათ. ჩეხები, პირიქით, უფრო ამაყობენ თავიანთი კულტურითა და არაძალადობრივი  ისტორიით, ვიდრე წარსული საბრძოლო დიდებით (Kaufman, 1996).

შოვინიზმი ან მილიტარიზმი, უფრო ფართოდ გაგებულია, როგორც მასობრივი მტრული დამოკიდებულება. დონალდ ჰოროვიცი გამოყოფს რამდენიმე მიზეზს, რომელიც იწვევს ეთნიკურ ომს. პირველი წინაპირობა არის ერთი ჯგუფის ისტორიული დომინირება მეორეზე, ან უარეს შემთხვევაში, რომელიც ახლაც დომინირებს და დომინანტია. ეს ფაქტორები წარმოქმნის უსაფრთხოების დილემას ეთნიკურობის გადაშენების შიშით. მეორე ფაქტორი, უარყოფითი ეთნიკური სტერეოტიპების არსებობა არის ის, რაც ხელს უწყობს მასობრივ მტრულ დამოკიდებულებას. მესამე, ეთნიკური სიმბოლოების კონფლიქტი. მეოთხე ფაქტორი, ეკონომიკური გაჭირვება - ცხოვრების დონის შემცირების ტენდენცია. (Kaufman, 1996).

აღნიშნული მოსაზრებების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა შეიძლება ითქვას მასის ძალადობაზე. გრძელვადიანი შოვინისტური და მილიტარისტული შეხედულებების გამო და ეკონომიკური გაჭირვების გამწვავების პირობებში, ეთნიკური კონფლიქტი არის მასის ზეწოლის შედეგი: თუ კონკრეტული ლიდერი არ მიიღებს უკიდურეს პოზიციებს ეთნიკურ საკითხებზე, მას შეცვლის ლიდერს იმ ლიდერით, რომელიც ამას გააკეთებს. ამრიგად, ელიტა ან დაჰყვება მასების მოთხოვნას, ან მასები  ელიტას გამოცვლიან. (Welzel, 2003). ამდენად, შიდა ეთნიკური ექსტრემისტული პოლიტიკა კონკურენტული ხდება. ამან შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიო ეთნიკური ომი. 

1.2 მეორე დონე: ელიტების მიერ მართული ძალადობა; საშინაო პოლიტიკური პროცესები

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ნეოლიბერალურ სკოლაში ცენტრალური არგუმენტი ისაა, რომ უსაფრთხოების დილემა არ არის ანარქიის გარდაუვალი შედეგი. დემოკრატიული მშვიდობის თეორიის მიხედვით, რომ ლიბერალური ნორმებისა და დემოკრატიული პროცესების გამო, დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს არ წავლენ, ძირითადად ომები ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არიან აგრესორები, რომელთაც სურთ მისი დაწყება.

რატომ არიან სახელმწიფოები აგრესიულები? ვან ევერას არგუმენტი არის ის, რომ პოპულარული მილიტარისტული და "ჰიპერნაციონალისტური" იდეები ხშირად ელიტების პოლიტიკის შედეგია. (Kaufman, 1996). მაგალითად, პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში,  მილიტარისტული იდეები წინ წამოწიეს. ომი იყო აღქმული, როგორც  კეთილშობილური, სასარგებლო და გარდაუვალი.

ჯეკ სნაიდერი უფრო რთულად ხსნის მილიტარისტულ და შოვინისტურ პოლიტიკას. მისი თვალსაზრისით, გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ ლიდერები დარწმუნებულნი არიან თავიანთი და თავის ხალხის გარკვეული სტრატეგიული მითების ნამდვილობაში.

აგრესიული ელიტები იყენებენ ბიუროკრატიულ ბაზებს და მონოპოლიას მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, ავრცელებენ განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას, რათა დაარწმუნონ სხვები თავიანთი პოლიტიკის მხარდაჭერის სისწორეში. ისინი ცდილობენ თავიანთი მოსაზრებების გავრცელებას, ან თუ შესაძლებელია, ზეგავლენას ახდენენ მასმედიაზე.

ვილფრედო პარეტოს აზრით, ელიტა შეიძლება ვუწოდოთ იმათ, ვისაც აქვთ თავიანთი საქმიანობის სფეროში უმაღლესი მაჩვენებელი. ელიტა წარმოადგენს მოსახლეობის რჩეულ ნაწილს, დანარჩენი ნაწილი კი მხოლოდ „ეგუება მისგან მიღებულ სტიმულებს“. (მაცაბერიძე, 2014). ელიტას შესწევს უნარი სხვებში სუსტი და ყველაზე მგრძნობიარე ადგილების დანახვისა და მათი საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის გამოყენების უნარი, მაშინ, როდესაც მასები, რომლებიც ემოციებს არიან აყოლილნი. შესაბამისად, საზოგადოების ის ნაწილი (ელიტები), რომლებშიც ჭარბობს ცოდნა, მართავენ მათ, რომლებიც გრძნობებს და ემოციებს არიან აყოლილნი. მმართველ ელიტას ახასიათებს ადამიანთა ემოციებით მანიპულირებისას დარწმუნების უნარი და ძალის გამოყენების უნარი იქ, სადაც ამისი აუცილებლობა წარმოიქმნება. ელიტებისთვის მასების მართვა შესაძლებელი ხდება მათი გრძნობების მანიპულირების გზით და იმ იდეების დახმარებით, რომლებიც მასებს უქვემდებარებენ მმართველი კლასის ინტერესებს. „მთავრობის პოლიტიკა, მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო წარმატებით იყენებს იგი ემოციებს“. (მაცაბერიძე, 2014).

პარეტოს აზრით, ელიტა ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ბედის განსაზღვრაში, ვიდრე „არაორგანიზებული მასა“. შესაძლოა ელიტების მიერ მოხდეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური აღმასვლა, მაგრამ მასა ამისთვის მზად არ იყოს. (Higley, Pakulski, 1992). 

1.3 მესამე დონე: ანარქია და უსაფრთხოება

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის - ნეორეალიზმის სკოლის მიხედვით, საერთაშორისო სისტემის შესახებ დომინანტური ფაქტი არის ის, რომ სისტემა ანარქიულია. არ არის ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ქცევის წესები ყველა სახელმწიფოსთვის.  ანარქიული გარემო ხშირად აყენებს სახელმწიფოებს უსაფრთხოების დილემის წინაშე.  ეს არის სიტუცია, რომელშიც სახელმწიფოს მცდელობა გაზარდოს თავისი უსაფრთხოება, მეზობელ სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. მეორე სახელმწიფო თავის მხრივ ცდილობს საკუთარი ძლიერების გაზრდას და საბოლოო შედეგი ხანდახან ომია. (უოლცი, 2003).

მკაცრად რომ ვთქვათ, უსაფრთხოების დილემა არ უნდა იყოს სახელმწიფოში გამოყენებული ეთნიკურ ჯგუფებთან დასაპირისპირებლად, რადგან იშვიათად არიან სრულ ანარქიულ გარემოში. ანარქია შეიძლება არსებობდეს თუ ეთნიკური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან  ხელისუფლების ლეგიტიმაციას და მის კონტროლს ტერიტორიებზე. თუ ანარქია აღწევს იმ წერტილს, სადაც ხელისუფლება ვერ ახერხებს თავისი ტერიტორიის ეფექტიანად კონტროლს და ხალხის დაცვას, ხოლო ეს შეუძლიათ ეთნიკურ ორგანიზაციებს, მაშინ ეთნიკურ ორგანიზაციებს აქვთ საკმარისი სუვერენიტეტი უსაფრთხოების დილემის შესაქმნელად. ამ პირობებში თითოეული ჯგუფი ასკვნის, რომ უნდა დაიცვას საკუთარი წევრების ფიზიკური უსაფრთხოება, მაგალითად, შეიარაღებული ფორმირებების ან ფარული ჯგუფების შექმნის გზით, რითაც სხვა ჯგუფის შემდგომი დაუცველობის პროვოცირებას მოახდენს. უარესია, თუ რომელიმე ეთნიკური დასახლება შერეულია, უფრო სერიოზული უსაფრთხოების დილემა შეიძლება წარმოიშვას.

ზოგიერთი მკვლევარი ხაზს უსვამს უსაფრთხოების დილემის სხვადასხვა ასპექტს. ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოები ხშირად ინტერესდებიან სტატუს-კვოს შენარჩუნებით, მაგრამ ისინი ვერ იაზრებენ, რომ მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოს და შესაბამისად იქმნება მტრობა. 

2.       თეორიების მოლოდინებსა და ემპირიულ შედეგებს შორის თავსებადობა.

2.1    ასების მიერ მართული ძალადობა მთიან ყარაბაღში

ზოგადად, ძნელი წარმოსადგენია, მასის უკან არ იდგეს ლიდერი, მაგრამ კვლევები აჩვენებს და მასის მიერ მართული ძალადობის დეფინიცია  განმარტავს, რომ რათქმაუნდა ლიდერი რაღაც ეტაპზე ჩნდება, რადგან საბოლოო მიზნის მისაღწევად ლიდერის არსებობა აუცილებელია, რადგან ის აკეთებს პროცესის კოორდინირებას, მაგრამ საწყის ეტაპზე პროცესი ორად იყოფა: მასის მიერ წარმოებული და ელიტის მიერ წარმოებული ძალადობა.  ძნელია გამყოფი ხაზი გაავლო, თუ რომელი ეთნიკური კონფლიქტია მასის მიერ წარმოებული და რომელი ელიტის მიერ წარმოებული ძალადობა, რადგან ხდება გადასვლა ამ ორი ტიპის ძალადობას შორის. ძნელია ცალსახად ვთქვათ, რომ რომელიმე კონკრეტული კონფლიქტი იყო მასის მიერ წარმოებული, ან ელიტის მიერ წარმოებული ძალადობა, რადგან გარკვეული ეტაპის შემდეგ მასა შობს ლიდერს, რომელიც იმ ლოზუნგებს გააჟღერებს, რომლის მოსმენაც მასას უნდა. და პირიქით, ელიტა იწყებს მასის აზროვნების ფორმირებას. მასა ფაქტიურად იქცევა, როგორც ზომბირებული ერთეული, რადგან ის აკეთებს იმას, რაც ელიტას სურს.

როდესაც, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე ვსაუბრობთ, უნდა გამოიკვეთოს კონფლიქტის საწყის ეტაპზე ვის მიერ მართულ ძალადობასთან გვქონდა საქმე. მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, მეცნიერთა უფრო დიდი ნაწილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მასების როლი უფრო დიდი იყო, ვიდრე ადგილობრივი ელიტების. ყარაბაღელი სომხების განწყობა, რომ ყარაბაღი მათი მიწაა და ეს არ არის აზერბაიჯანული მიწა, უფრო  ღრმად არის ჩანერგილი და უფრო მასებიდან მომდინერე პროცესია, ვიდრე ელიტებიდან.

თუ მასობრივი ძალადობის ინიციატორი არის დაქვემდებარებული  ჯგუფი, ეს ერთ-ერთ მასობრივ ამბოხს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით დიდია უსაფრთხოების დილემა და ეთნიკური გადაშენების შიში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ თვალსაზრისს ასახავს: ყარაბაღის სომხებმა გაიხსენეს 1915 წლის მათი გენოციდი და გადაშენების შიში; როგორც კი გორბაჩოვის გლობალურმა პოლიტიკამ 1987 წელს საჭირო პოლიტიკური სივრცე გახსნა, მათ დაიწყეს აგიტაცია ამ რეგიონის ანექსიისთვის. აზერბაიჯანელებმა-სომხებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მათი რესპუბლიკის დამარცხებას, წინააღმდეგობა გაუწიეს. შედეგად, მასობრივი ძალადობა, ამბოხი მოხდა. (Kaufmnan, 1996).

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეთნიკური კონფლიქტია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. (Nygren, 2007)

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საუკუნეების მანძილზე სადაოდ იყო მიჩნეული. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები გააჩნდათ ტერიტორიის ფლობასთან დაკავშირებით.

1918-21 წლებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდში მთიანი ყარაბაღი სომხეთის დაქვემდებარებაში დარჩა. 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით, ოსმალეთმა და რუსეთმა ამირეკავკასია გაიყვეს, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაში შევიდა. საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო. 1988 წელს ძველმა ჭრილობებმა გაიღვიძა და სომხეთის ინიციატივით შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. ომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. მასობრივი სისხლიანი დაპირისპირება 1994 წელს ზავით დასრულდა. (Waal, 2003, p. 66)

აზერბაიჯანის დავა სომხებთან მთიანი ყარაბაღის გამო არის შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს მასის ეგიდით წარმოებულ კონფლიქტს. მთიან ყარაბაღში არსებობდა ყველა წინაპირობა ეთნიკური კონფლიქტის გასაჩაღებლად; იყო ეთნიკური კუთვნილების პრობლემა. აზერბაიჯანელები თვლიდნენ, რომ „მთიანი ყარაბაღი იყო იგივე აზერბაიჯანი, მაგრამ ეს ჯერ არ იყო გაცნობიერებული სომხების მიერ“. (Lynch, 2012). სომხები საბჭოთა პერიოდში, ყარაბაღში აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.  ძალიან სწრაფად, ყარაბაღი გახდა სიმბოლური საკითხი ორივე ჯგუფისთვის, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი სტერეოტიპები : სომხური მხარე პრეტენზიას აცხადებდა ამ ტერიტორიაზე და აზერბაიჯანელებს წარმოაჩენდნენ „სისხლიან მოაზროვნეებად“. (Kaufman, 1996) სომხების მისწრაფება ეს რეგიონი შეერთებოდა სომხეთს იყო უდავოდ მასის მიერ წარმოებული. 

საკითხი პირველად დღის წესრიგში  1918 წელს დადგა და არაერთხელ იქნა აღდგენილი. პეტიცია შემუშავდა 1960 იანი წლების შუა პერიოდში; დემონსტრაციებმა თავი იჩინა 1977 წელს და გამოჩენილი სომხების მიერ განმეორდა ინდივიდუალური მიმართვებით. ამრიგად, 1987 წლის ზაფხულში ეს საკითხი ახალი არ ყოფილა, როდესაც 75 ათასზე მეტმა სომეხმა რეგიონში ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც სთხოვდნენ მიხეილ გორბაჩოვს,  რომ ტერიტორია შეერთებულიყო  სომხეთთან. ყარაბაღის საკითხზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სწრაფად გავრცელდა რეგიონის გარეთ. სომხეთის დედაქალაქ - ერევანში დაიწყო სტეფანაკერტის საპროტესტო აქციების მხარდამჭერი აქციები, რომელსაც ათობით ათასი მონაწილე აპროტესტებდა. იმავდროულად, სტეფანკერტის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს მიმართეს თხოვნით რომ ყარაბაღი მოქცეულიყო სომხეთის იურისდიქციის ქვეშ. ამის შემდეგ, თებერვლის ბოლოს, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა ყარაბაღიდან განდევნილი 2,000 მდე დევნილის აფეთქების შესახებ, რის შედეგადაც გარდაცვლილების რიცხვი ოცდათერთმეტს აღწევდა. ეს მოვლენები ნათლად ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების დილემა რეგიონში შეიქმნა 1987-88 წლებში, როდესაც ორივე მხარის უმცირესობათა ჯგუფი ცდილობდა გაქცევას, რათა გადარჩენილიყო.

მომდევნო წლებში კონფლიქტი გაგარძელდა. ძალადობის ტალღები სომხეთსა და აზერბაიჯანში 1988 წლის შემოდგომაზე გადაიზარდა კონფლიქტში, რის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და 200 000 სომეხი და აზერბაიჯანელი დევნილად იქცა.

1989 წლის ბოლოს საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა მთიანი ყარაბაღის დაბრუნება აზერბაიჯანის იურისდიქციაში, სომხეთის მთავრობამ კი  ყარაბაღი სომხეთის ნაწილად გამოაცხადა.

მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე იკვეთება მასის მიერ წარმოებული ძალადობის ნიშნები. მტრული დამოკიდებულება და უსაფრთხოების დილემა წარმოიშვა, სანამ მედიის ტონი იქნებოდა მტრული და არა მედიის მტრული ტონის შედეგად. უსაფრთხოების დილემა გაჩნდა მანამ, სანამ ნაციონალისტურ ორგანიზაციებს გააჩნიათ ინსტიტუციონალური ძალა, რათა წამოეწყოთ კონფლიქტი, აქედან გამომდინარე, ძალადობა სპონტანური იყო. და ეთნიკური კონფლიქტის გაღვივება მოხდა მას შემდეგ, როდესაც უსაფრთხოების დილემა წარმოიშვა.

აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის არსებული ეთნიკური განსხვავება საშუალებას იძლევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განხილულ იქნეს ფართო ისტორიულ კონტექსტში, რაც ორივე ქვეყანაში უფრო ართულებს შემწყნარებლობასა და ურთიერთკომპრომისზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას. აზერბაიჯანელებისა და სომხების უმრავლესობას სჯერა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის არა ორ მთავრობას შორის, არამედ ორ ხალხს შორის არსებული დაპირისპირება. (მალაშხია, 2011).

2.2 ელიტების მიერ მართული ძალადობა აფხაზეთში

ელიტარულ ჯგუფებს, აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადოებაზე, ისევე ხელისუფლებაზე. ელიტებს გავლენა აქვთ მასაზე.  ელიტები ცდილობენ შედეგის ოპტიმიზაციას სხვა აქტორების ფონზე. შესაბამისად, ელიტებმა უნდა შეძლონ ალტერნატიული მიზნების დასახვა პრიორიტეტების განსაზღვრაში, შიდა და საერთაშორისო შეზღუდვების ფონზე. ეროვნულ დონეზე, ეთნიკურ ჯგუფები თავიანთ მიზნებს სხვადასხვა გზით ატარებენ, განსაკუთრებით, ხელისუფლებაზე ზეწოლის გზით, რათა მიიღონ ხელსაყრელი პოლიტიკა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისგან განსხვავებით, რომლის გამომწვევი მიზეზია  განსხვავებული ისტორიული ტრადიცია ორ ერს შორის და ისტორიული მტრობა, ქართველებს და აფხაზებს შორის არ არსებობს განსხვავებული ისტორიული ტრადიცია და მათ შორის ისტორიულ წარსულში, ეთნიკურ ნიადაგზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება არ მომხდარა. (მალაშხია, 2011)

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურების ფონზე, აფხაზეთში აქტიურდებიან ანტიქართული ძალები. 1988 წლის ნოემბერში შეიქმნა აფხაზთა სახალხო ფორუმი „აიდგილარა“(ერთობა), რომელიც უკიდურესად ანტიქართული განწყობილებით გამოირჩეოდა. 1989 წლის 18 მარტს „აიდგილარას“ ინიციატივით მიღებულ იქნა ე.წ. „ლიხნის მიმართვა“, რომელიც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას მოითხოვდა. 1989 წლიდან აფხაზეთში დაიწყო ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდისთვის მზადება. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის ხალხთა კონფედერაცია“, რომელიც აფხაზეთს თავის ნაწილად აცხადებდა, სოხუმს კი - კონფედერაციის დედაქალაქად.

1990 წლის დეკემბერში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოიუზის“ ერთ-ერთი ლიდერი ვ. არძინბა, რომელიც ანტიქართული პოზიციით გამოირჩეოდა. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, სეპარატისტულად განწყობილი დეპუტატების მეშვეობით მიიღო ანტიკონსტიტუციური დადგენილებები, მათ შორის ე.წ. აფხაზური „გვარდიის“ შექმნა, რაც საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.  საქართველოს სახელმწიფო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

1992 წელს აფხაზეთში არსებულ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით რთული ვითარება შეიქმნა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარები შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

არძინბას ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სეპარატისტულმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მობილიზაცია გამოაცხადა და შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს სოხუმის სტრატეგიული პუნქტები. ამის შემდეგ დაიწყო 1992-93 წლების საომარი მოქმედებები აფხაზეთში. (დავითაშვილი, 2001)

არძინბა მოუწოდებდა მხარდამჭერებს ძალადობისკენ, მისი მიზანი იყო საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება.  მისი წარმატების გასაღები შეიძლებოდა ყოფილიყო ეროვნული შოვინისტური კოალიციის ჩამოყალიბება ორგანიზაციული რესურსების გამოყენების გზით, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ. მაგალითად, არძინბამ კონტროლის დამყარება შეძლო ეფექტური პოლიტიკური მანევრების გზით. ეს საშუალებას აძლევს ლიდერებს მანიპულირება მოახდინონ  და უზრუნველყონ მხარდამჭერებისთვის შერჩევითი სტიმულები, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ელიტების მიერ წარმოებულ ეთნიკურ ომს წარმოშობს.

1988 წლიდან აფხაზური და ქართული ელიტა, პოლიტიკურიც და კულტურულიც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხზე საკუთარ მოსაზრებებს დაუფარავად აცხადებდა. დამოუკიდებლობის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვა იძლეოდა კონფლიქტის ესკალაციის საფუძველს. ორივე მხარეს განსხვავებული პასუხი ჰქონდათ კითხვაზე, თუ რა არის აფხაზეთი. ქართველებისთვის აფხაზეთი - იგივე საქართველოა, როგორც ქართლი, კახეთი და აშ. ხოლო აფხაზებისთვის, აფხაზეთი - ეს აფხაზეთია.

„ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში „ჯგუფური ინტერესების“ აშკარა კვალს შესაძლოა  აფხაზ მმართველ ელიტამდე მივყავდეთ“ (ნოდია, 1999).  1989 წლის მონაცემებით, ეთნიკური აფხაზები ავტონომიური რესპუბლიკის მხოლოდ 17 პროცენტს შეადგენდნენ, მაშინ, როცა ქართველები - 45% -ს. მიუხედავად ამისა, ქართველები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილინი აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოებში (მალაშხია, 2011). ბუნებრივია ისინი შიშობდნენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება, ზოგადი დემოკრატიული ნორმების საფუძველზე, ამგვარი პოლიტიკის გატარებას შეწყვეტდა. ცხადია, ასეთ ვითარებაში აფხაზურ ელიტას მართლაც ჰქონდა შეშფოთების საფუძველი და ვერც იმას ვიტყვით, თითქოს ქართული მხარე  საწინააღმდეგოს მტკიცებას ცდილობდა. (ნოდია, 1999)

ასევე, ზვიად გამსახურდიაც გამოხატავდა საკმაოდ ხისტ განწყობას ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რომელსაც საქართველოს ელიტა იზიარებდა. შესაბამისად, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ეროვნულმა მოძრაობამ აღნიშნული რეგიონების და ეთნიკური უმცირესობების გაუცხოება გამოიწვია ეთნო-ცენტრისტული ლოზუნგით - „საქართველო ქართველებისთვის“. ზოგჯერ, რადიკალური ანტი-აფხაზური მოწოდებებიც გაისმოდა ხოლმე, აფხაზური ავტონომიის საერთოდ გაუქმების თაობაზე. (მაგრამ ამგვარი რამ ოფიციალურ დონეზე არ ასახულა) როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა, მათ შორის გამსახურდია, თავად ჩამოდიოდა ხოლმე ამ „ეთნიკურ კარტს“ და საბოლოოდ, ქართული ელიტა უუნარო აღმოჩნდა, წინასწარ გაეთვალა აფხაზებისა და რუსების საკუთრივი ინტერესები (ნოდია, 1999).

აფხაზებსა და ქართველებს, რომლებსაც ისტორიულად დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გაზიარებული ქვეყნის იდენტობა და ისტორია, მხოლოდ რამოდენიმე ელიტამ შეძლო მასზე ზემოქმედება, ნაციონალისტური იდენტობის გამოყენებით მასობრივი განწყობის მანიპულირება. 

დასკვნა

ეთნიკური ძალადობის გამომწვევი მიზეზების ასახსნელად, აუცილებელია ანალიზის სამივე დონეზე მოქმედი ფაქტორების გაანალიზება. თეორიულად, სამივე შემთხვევაში, ეთნიკური ომის გამომწვევი მიზეზი ხდება: ეთნიკური კუთვნილების პრობლემა, ემოციებით მართული და უარყოფითი ეთნიკური სტერეოტიპები, სიმბოლური საკითხების დავის პრობლემა. ეს პირობები იწვევს ეთნიკურ მტრობას და ეთნიკური გადაშენების შიშს. ასეთ შემთხვევაში  ხშირია ძალადობა.

მტრობა და შიში ეთნიკური ომის ახსნის პირველი დონის  ნაწილია. ეთნიკური ძალადობა იწყება, როდესაც მტრობა გააქტიურებულია. მეორე ფაქტორი, ეთნიკური ჯგუფების მობილიზება პოლიტიკოსების მიერ მათი ინტერესების დაცვის მიზნით. და მესამე ფაქტორი, როდესაც  ძალადობა და მტრული დამოკიდებულება ქმნის უსაფრთხოების დილემას.

ზოგიერთ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე  ესკალაციის პროცესი მასის მიერაა წარმოებული. როგორც მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, მტრული განწყობები და ეთნიკური გადაშენების შიში ერთ მხარეს როცა გავრცელდა, ხალხი სპონტანურად მობილიზდა მათი ეთნიკური ინტერესების გათვალისწინებით, როგორც კი მათ მიეცათ შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ინტერესის გატარებამ საფრთხე შეუქმნა მათ ეთნიკურ მეზობლებს,  მეორე ჯგუფიც მობილიზდა, როგორც აზერბაიჯანში მოხდა. მტრული დამოკიდებულება იზრდება, როცა ერთი მხრიდან ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებას, ამას მოჰყვება მეორე მხარის მიერ ძალადობის შემდგომი ქმედება.

მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე ნაკლებად იყო ელიტის მიერ წარმოებული ძალადობის ნიშნები. მტრული დამოკიდებულება და უსაფრთხოების დილემა წარმოიშვა, სანამ მედიის ტონი იქნებოდა მტრული და არა მედიის მტრული ტონის შედეგად. უსაფრთხოების დილემა გაჩნდა მანამ, სანამ ნაციონალისტურ ორგანიზაციებს გააჩნიათ ინსტიტუციონალური ძალა, რათა წამოეწყოთ კონფლიქტი, აქედან გამომდინარე, ძალადობა სპონტანური იყო.

აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაში, ელიტების ძალადობის პროცესი დაიწყო  მტრული შოვინისტური დამოკიდებულებების ხელშეწყობით, სტრატეგიული მითების შექმნით და მისი გავრცელებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, რომლებიც ამართლებდნენ ამ აგრესიას. ლიდერები ავრცელებდნენ მითებს, რომ კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს რაიმე სახის საფრთხე ემუქრებოდათ, ვრცელდებოდა აგრესიული გზავნილები. ორგანიზაციულ რესურსს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შესარულოს.

ძალადობის ამგვარი აქტივობები  ქმნის ექსტრემისტულ შეიარაღებულ ფორმირებებს ან იწვევს ბრძოლას. მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები იწყება, უსაფრთხოების დილემა „მოძრაობს“: ყოველი ქმედება რომელსაც ერთი მხარე მიმართავს თავის დასაცავად, როგორც იმ საფრთხისგან თავის დაცვა, რომელსაც მეორე მხარე მიმართავს, საშუალებას იძლევა გაამართლონ შემდგომი ესკალაცია, რასაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთის კონფლიქტის დროს.  ეთნიკური ჯგუფის წარმოჩენა მთავარ „დროშად“ აგრესიულ ელიტას უფრო მეტად აძლიერებს. ლიდერები კომპრომისის ყველა გზას უშლის ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში, მტრული დამოკიდებულება იმდენად უკიდურესი ხდება, რომ ძალადობას მისი ინიციატორიც კი  ვეღარ შეაჩერებს.

ემოციები ხელს უწყობს ძალადობის სპონტანურ ეპიდემიას, უსაფრთხოების დილემის გააქტიურებას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს მტრობას და შიშს, რასაც ადგილი ჰქონდა მთიან ყარაბაღში. აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაში, მმართველი ელიტების მიერ ძალაუფლების ხელში აღება ერთ ეთნიკურ საზოგადოებაში, საფრთხე შეუქმნა სხვა ეთნიკური ჯგუფების უსაფრთხოებას.

ამ მიდგომის მეთოდოლოგიური სარგებლობა ისაა, რომ ჰიპოთეზის გადამოწმების საშუალებას იძლევა. თუ ეთნიკური ძალადობა არის მასის მიერ წარმოებული, მარტივად შეიძლება კითხო ეთნიკურ საზოგადოებას მათი პრეფერენციები. თუ მასა ირჩევს კონფრონტაციას, მაშინ ძალადობა მათ მიერაა წამოწყებული. თუ მასა უპირატესობას კომპრომისს ანიჭებს, მაშინ ძალადობა არის  ელიტების მიერ მართული.  ელიტის მიერ მართული ძალადობა შესაძლოა შეაჩეროს მესამე მხარემ, ზომიერი პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის და წყაროების მიწოდებით. ამის საწინააღმდეგოდ, თუ კონფლიქტი მასის მიერაა მართული ნებისმიერი ძალისხმევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული, მარცხს განიცდის: მასობრივი ვნება არ არის ადვილად შეცვლადი საგარეო საფრთხეებით. მათ, ვისაც სურთ ეთნიკური ძალადობის აღმოფხვრა, უნდა იმოქმედონ სანამ ელიტების მიერ მართული კონფლიქტი  წარმოიქმნება  და მიიღებს ხალხის აბსოლიტურ მხარდაჭერას (Kaufman, 1996).  კაუფმანის აღნიშნული მოსაზრება და ვილფრედო პარეტოს ვარაუდი, რომ ელიტა ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ბედის განსაზღვრაში, ვიდრე „არაორგანიზებული მასა“ (Higley, Pakulski, 1992) კვლევის შედეგად გაბათილდა. კვლევამ აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში, როგორც მასების, ისე ელიტების მიერ მართული ძალადობის შემთხვევაში პოლიტიკის შედეგები არ განსხვავდება.   ელიტების მიერ მართული ძალადობის შემთხვევაში (აფხაზეთი) დაძაბულობა კვლავ დიდი იყო და საომარი მოქმედებები განახლდა 1998  წლის მაისში, აფხაზეთის სამხრეთით, გალის რეგიონში. ისევე როგორც მასების მიერ მართული ძალადობის შემთხვევაში (მთიანი ყარაბაღი) ადგილი ჰქონდა დაძაბულობის ხელახალ ესკალაციას;  2014 წლის აგვისტოში  მთიანი ყარაბაღი ომის განახლების ზღვარზე იყო. 

 

ბიბლიოგრაფია   

Kaufman, B. (1996). An “International” Theory of Inter-Ethnic War.  p.p 149-171.

Lynch, D. (2012). Separatist States and Post-Soviet Conflicts.  JSTOR  p.p 832-844.

Nygren, B. (2007). The Rebuilding of Greater Russia. Routledge.  p.p. 106-109.

Higley, J., & Pakulski, A. (1992). Revolution and Elite Transformation in Eastern Europe,  Australian Journal of Political Science, vol. 27, pp. 104-119.

Welzel, C. (2003) Ronald Inglehart and Hans-Dieter Klingemann The theory of human development: A cross cultural analysis.  European Journal of Political Research 42: 341-379.

Waal, Thomas. (2003). Black Garden. New York University Press. p.p. 66-95

დავითაშვილი, ზ. (2001) კავკასიის კონფლიქტები. მიზეზები და შესაძლო შედეგები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 5-22

მალაშხია, შ. (2011). კონფლიქტების ანატომია, თბილისი: გამომცემლობა ფორმა. გვ. 59-132.

ნოდია, გ.(1999). კონფლიქტი აფხაზეთში- მიზეზები და გააზრება. თბილისი: CIPDD. გვ. 76.

ოხანაშვილი, ნ. (2017) აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზები თავდაცვითი და თავდასხმითი რეალიზმის ჭრილში. თბილისი: ჟურნალი - ინტელექტუალი.  გვ. 122-126.

უოლცი, ქ.  (2003). ადამიანი, სახელმწიფო და ომი. გამომცემლობა ჯისიაი. გვ.154-258. 

 

ჩაღრმავებული ინტერვიუები 

ნინო ფავლენიშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  ასოცირებული პროფესორი.

ავთანდილ ტუკვაძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორი.

ნიკა ჩიტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროფესორი; ექსპერტი.

დავით მაცაბერიძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასისტენტ პროფესორი.