heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 7 დეკემბერი 2018

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
ლელა ძეგველიშვილი

რეზიუმე

კვლევაში ყოველწლიური დროითი მწკრივის მეშვეობით გაანალიზებულია 1997-2017 წლებში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  ნაკადების გავლენა საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მომსახურება. ცვლადები, როგორიცაა მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის ფორმირება, ინფლაციის განაკვეთი, ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მოსახლეობის ზრდის ტემპი წარმოდგენილია მაკონტროლებელი ცვლადების სახით. მოცემულ კვლევაში ემპირიული ანალიზისათვის გამოყენებულია კლასიკური წრფივი რეგრესიის მოდელი და უმცირეს კვადრატთა მეთოდით შეფასებულია ცვლადების მნიშვნელობა. ემპირიული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა ეკონომიკის სექტორების დამატებული ღირებულების წილზე მთლიან შიდა პროდუქტში უმნიშვნელოა. კვლევამ გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის სექტორზე. მრეწველობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ისეთი ცვლადები როგორიცაა ინფლაცია, ვაჭრობის გახსნილობა და მოსახლეობის ზრდის ტემპი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული ცვლადები სტატისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი მათი გავლენის გათვალისწინება არ  არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდასა და მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის კოეფიციენტებს, ისინი დადებითად მოქმედებს  მრეწველობის სექტორის ზრდაზე და სტატისტიკურადაც მნიშვნელოვანია. ეკონომიკური ზრდა, მთლიანი კაპიტალის ფორმირება და სამუშაო ძალა უარყოფითად მოქმედებს მომსახურების დამატებული ღირებულების წილზე მშპ-ში. თუმცა ყველა ეს ცვლადი არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ვაჭრობის გახსნილობას, მისი დამოკიდებულება მომსახურების ზრდაზე არის დადებითი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. 

საკვანძო სიტყვები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეკონომიკური ზრდა, მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის ფორმირება, ვაჭრობის ლიბერალიზაცია. 

Abstract

This paper analyzes the effect of foreign direct investment (FDI) on industry, agricultural and service sector in Georgia. Annual time series data spanning from 1997 to 2017 are used to test the significance of the relationship between FDI inflow and industry, agriculture, and service value added-to-GDP ratio on one hand and FDI inflows and economic growth on the other hand.  Variables such as gross fixed capital formation, inflation rate, trade liberalization and population are considered as control variables. For the purpose of inference, the paper employs classical linear regression model. Ordinary least squares methods are used for estimation. The empirical study suggests that there is  no significant effect of FDI inflows on agriculture, industry and service value added-to-GDP ratio in Georgia.  The study showed that the liberalization of trade has negative impact on the agricultural sector. Variables such as inflation, trade liberalization and population growth has a negative impact on Industry. However, since the variables are not statistically significant, it is not advisable to take into account their influence. As for economic growth and the total fixed capital formation, they are positive in the growth of the industry sector and are statistically significant. Economic growth, total capital formation and work force have a negative impact on the value added of the service. However, all these variables are not statistically significant. As regards trade openness, its dependence on service growth is positive and statistically significant. 

Keywords: Foreign Direct Investments, Economic Growth, Formation of Total Fixed Capital, Trade Liberalization.  

შესავალი

გლობალიზაციის პროცესი განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს საერთაშორისო ვაჭრობასა და კაპიტალზე წვდომის საშუალებით. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესთან ერთად გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაც (პუი). პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ინვესტორებს აქტივების უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას აძლევს, ხოლო ინვესტიციების მიმღებ ქვეყნებს უკეთესი ტექნოლოგიის ათვისების, საერთაშორისო წარმოებისა და სავაჭრო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს (Athukorla, 2003). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტების თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტრუმენტის - საგადასახადო ბალანსის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და შესაბამისად, ეს აისახება  ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა განახორციელეს საინვესტიციო რეჟიმების მასიური ლიბერალიზაცია მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რადგან ინვესტიციების მოზიდვა განიხილება, როგორც ეკონომიკური განვითარების, მოდერნიზაციის, შემოსავლის ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობ ფაქტორად (OECD Annual Report, 2002). პუი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში, ქვეყნის ტექნოლოგიური დონის ამაღლებაში, ქმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს და განვითარებად ქვეყნებს გარე კაპიტალის წყაროს სთავაზობს (Loungani, 2001). გარდა ამისა, არსებობს სწავლის უპირატესობა, რომლის დროსაც პუი უზრუნველყოფს ადგილობრივ მთავრობებს, ბიზნესსა და მოქალაქეებს, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესის პრაქტიკას, მართვის ტექნიკასა და კონცეფციებს, რომლებიც ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას (Mahesh Kumar, 2014). სინამდვილეში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებს გლობალურ ბაზარზე ინტეგრირების და ინვესტიციებისათვის ხელმისაწვდომი კაპიტალის გაზრდის საშუალებას აძლევს, რითაც ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას და ცხოვრების სტანდარტების გაზრდას (Rutihinda, 2007). უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და რაციონალური გამოყენება საქართველოში ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ამ პრობლემის ოპტიმალურად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული ეკონომიკაში რეალური გარდაქმნების განხორციელება და საქართველოს ეკონომიკის ორგანული ჩართვა მსოფლიო მეურნეობაში. მოცემული კვლევის მიზანია, შევაფასოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე (ეკონომიკაზე მთლიანად და მის ცალკეულ სექტორებზე). ამ მიზნის მისაღწევად ჩავატარე ემპირიული დაკვირვება 1997-2017 წლებისთვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესასწავლად გამოვიყენე მსოფლიო ბანკის მონაცემები, რაც გაანალიზდა ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის STATA-ის მეშვეობით. წრფივი რეგრესიული განტოლებით (ვულდრიჯი, 2016) ფორმულირებულია ყველა ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია პოტენციურად მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეკონომიკის ცალკეული სექტორებისათვის დამატებული ღირებულების ფორმირებაში, რომელიც განისაზღვრება დამატებული ღირებულების წილით მთლიან შიდა პროდუქტსა და რეალურ ეკონომიკურ ზრდაში. 

ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევები უცხოური ინვესტიციების შესახებ ძირითადად ფოკუსირებას ახდენს მის გავლენაზე მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. ბოლმ-სტრომ (Magnus Blomström, 2003) ბურენშტაინისა და სხვების აზრით, (Borensztein, 1998) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი ქვეყნის განვითარებაში გამოიხატება საგადასახადო შემოსავლების გაზრდით, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესებითა და მასპინძელ ქვეყნებში შრომითი უნარ-ჩვევების ზრდით. ე.ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული რესურსების გამოყენების შედეგად მიღებული ეფექტი მიმღები ქვეყნისთვის არის თანამედროვე ტექნოლოგიებით მომუშავე სამუშაო ძალა, დაბეგვრის სისტემით მიღებული შემოსავლები, სამომხმარებლო ბაზრის გაჯერება. ამას გარდა, თვით მუშაკები არიან დაინტერესებულნი უცხოელ ინვესტორებთან მუშაობით, რადგან მათ საწარმოებში უფრო მაღალი ანაზღაურების ოდენობა და სოციალური პირობებია (ე.ბარათაშვილი, მაგრაქველიძე, 2009). ავალუი (Adewumi, 2006) აცხადებს, რომ განვითარებად ქვეყნებში გრძელვადიანი ინვესტიციების დასაფინანსებლად არასაკმარისი რესურსია, ხოლო საინვესტიციო ფონდების ნაკლებობა ეკონომიკური ზრდის ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ნეოკლასიკურითეორიის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კაპიტალის ოდენობის ზრდასთან ერთად უზრუნველყოფს შემოსავლის ზრდას გრძელვადიანი პერსპექტივით ისეთი ცვლადების მეშვეობით, როგორიცაა კვლევისა და განვითარების (R & D) და ადამიანური კაპიტალი. გარდა ამისა, უკუგების დონე, ინფრასტრუქტურის ხარისხი, ადამიანური კაპიტალი და პოლიტიკური სტაბილურობა მასპინძელ ქვეყანაში შეიძლება განისაზღვროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით (Msuya, 2007). თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე არ არის ავტომატური. პუი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას მხოლოდ მაშინ, როდესაც მასპინძელმა ქვეყანამ მიაღწია განვითარების მინიმუმ დონეს განათლების, ინფრასტრუქტურისა და ფინანსური ბაზრების კუთხით და შეძლო თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება (Borensztein, 1998). კლაინის განცხადებით (Klein, 2001) წარმატებული უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და შესაბამისად,  ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ის გარემო, რომელშიც უცხოელი ინვესტორები მუშაობენ  მიმღები ქვეყნის მიერ მაქსიმალურად უნდა იყოს მხარდაჭერილი და უქმნიდეს საქმიანობის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობებს, კერძოდ, უნდა არსებობდეს თანაბარი და კონკურენტუნარიანი სათამაშო მოედანი.

ემპირიული კვლევები ცხადყოფს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  მნიშვნელოვანია, რადგან ის ზრდის ქვეყანაში არსებული კაპიტალის მარაგს. მრავალი კვლევა, როგორიცაა ბოლმ-სტროს (Magnus Blomström, 2003), ჩენ & დიმურგერის (Chen, 2002) ადასტურებს, რომ პუი ხელს უწყობს წარმოების ფაქტორების პროდუქტიულობას და შემოსავლების ზრდას მასპინძელ ეკონომიკაში. თავის მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდის კონკურენციის დონეს ადგილობრივ ბაზარზე და ამ გზით ხელს უწყობს მაღალ პროდუქტიულობას, ინოვაციებს, შედარებით დაბალ ფასებს და რესურსების უფრო ეფექტიან გადანაწილებას.  უცხოურ ინვესტიციებს შეიძლება ქონდეს ადგილობრივი ინვესტიციების გამოდევნის ეფექტი. ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი ბაზრის ათვისების მიმართულებით ხორციელდება ინვესტიციები ადგილობრივი კომპანიები მნიშვნელოვან კონკურენციას ხვდებიან, რადგან უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიები დაბალი ზღვრული დანახარჯის გამო ზრდიან წარმოების მოცულობას და იზიდავენ მომხმარებელს. შემცირებული მოთხოვნის გამო კი ადგილობრივი მწარმოებლები ამცირებენ წარმოების მოცულობას და მათი ფიქსირებული დანახარჯი ერთ ერთეულ წარმოებაზე იზრდება. მაგრამ თუ ინვესტიცია არის საექსპორტო წარმოებაზე მიმართული მაშინ ადგილობრივი ინვესტიციების გამოდევნის ეფექტი ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად,  ემპირიული კვლევის შედეგად დავით სიხარულიძემ გვიჩვენა, რომ საქართველოში ფიქსირდება გამოდევნის ეფექტი (სიხარულიძე დ., 2018).  

ეკონომიკური ზრდის ახსნა ცალკეული სექტორების მიხედვით და გამოყენებული ცვლადების მიზანშეწონილობა

ემპირიული ანალიზისათვის მონაცემები აღებულია მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზიდან. ძირითადი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ პუი-ის ნაკადების მოდინება აისახება ეკონომიკის სექტორების დამატებული ღირებულების ზრდასა და მთლიანად ეკონომიკაზე ტექნოლოგიების მოდინებისა და მმართველობითი უნარების გაუმჯობესების საშუალებით.  თუმცა, პუი-ის გავლენა  ეკონომიკის სექტორებსა და მთლიანად ეკონომიკაზე  არ არის სწორხაზოვანი. მაგალითად, მოწინავე საწარმოო სიმძლავრეების გადაცემა, ახალი პროცესების დანერგვა და დასაქმებულთა გადამზადება რომელიც პუი-სთან ასოცირდება ძირითადად მიემართება სამრეწველო სექტორს ვიდრე სოფლის მეურნეობას (UNCTAD, 2001), (Alfaro, 2003). ამ მიზეზის გამო პუი-ს აქვს მიდრეკილება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სოფლის მეურნეობის სექტორზე.  ასევე სხვადასხვა კვლევა გვიჩვენებს, რომ როგორც კი რეალური მშპ-ი იზრდება მცირდება სოფლის მეურნეობის ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში. (Singaariya, 2015) . რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს ნეგატიური მიმართება  ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სა და  მშპ-ში სოფლის მეურნეობის სექტორის დამატებულ ღირებულების წილს შორის. სხვა დეტერმინანტებს რომელსაც კვლევისას გამოვიყენებთ არის ვაჭრობის გახსნილობა და მაკროეკონომიკური განუსაზღვრელობა. ამ უკანასკნელის  შესაფასებლად ვიყენებთ ისეთ ცვლადებს როგორიცაა ინფლაციის განაკვეთი და რეალური გაცვლითი კურსი. მთლიანობაში, მიღებულია, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს შორის ვაჭრობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმირებაში (Krugman P. , 1990). ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შეიძლება საშუალება მისცეს ადგილობრივ ფირმებს ჰქონდეთ იაფი და უკეთესი ტექნოლოგიებისადმი და მაღალ კვალიფიციური მმართველობით უნარისადმი წვდომა (Miller, 2000). სხვა თანაბარ პირობებში ვაჭრობის გახსნილობა ასტიმულირებს მწარმოებლურობის ზრდას (De Silva, 2013). ის ასტიმულირებს მწარმოებლურობას შეფარდებითი უპირატესობის გამოყენებით, რომელიც შეიძლება იყოს გაზრდილი ტექნოლოგიური ბაზის განვითარებით და მასშტაბის ეკონომიისადმი წვდომით (Jayanthakumaran, 2002). ამას გარდა, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი საშუალებას აძლევს დაბალ ხარჯებზე მომუშავე ფირმებს გააფართოონ თავიანთი წარმოება და გასცდნენ ადგილობრივ ბაზრებს (Krugman P. , 1990). მიუხედევად იმისა, რომ არსებობს ეკონომიკის გახსნილობის ხარისხის ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენის ემპირიული მტკიცებულება, არსებობს კვლევები, რომლებიც ეჭვ ქვეშ აყენებს ამ მიგნებას მეთოდოლოგიურ დონეზე (Rodrik, 1996). ეკონომიკის გახსნილობაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია რეალური გაცვლითი კურსის ანალიზი. გაცვლითი კურსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ეკონომიკურ ტრანზაქციებში. მაგალითად, მისმა ზრდამ შეიძლება გაზარდოს ადგილობრივ პროდუქტებზე მოთხოვნა და იმპორტირებული კაპიტალისა და სხვა იმპორტირებული საშუალებების ხარჯები. თუ ფირმა დიდად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საშუალებებზე მაშინ შედარებით მაღალი იქნება ცვალებადი ხარჯები და ნაკლები კაპიტალის ზღვრული მაჩვენებელი (Lotfalipour, 2013).

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, რომელიც არახელსაყრელად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. განუსაზღვრელობა, რომელიც დაკავშირებულია ინფლაციის მაღალ რყევებთან, შეუძლია უარი ათქმევინოს ფირმებს მომგებიან, თუმცა მაღალ რისკიან  პროექტებში განახორციელონ ინვესტიციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ემპირიული მტკიცებულება ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის მიმართების შესახებ არ არის სწორხაზოვანი (Bassanini, 2001). განსაკურებით კავშირი ამ ორ ცვლადს შორის ნაკლებად მკაფიოა საშუალო და დაბალი ინფლაციის შემთხვევაში (Edey, 1994). ასევე იმ ქვეყნებში, როდესაც ადგილი აქვს მოთხოვნის ინფლაციას, სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის გამო მწარმოებლები აბანდებენ კაპიტალს სოფლის მეურნეობის სექტორში, შედეგად ზრდის წარმოებას, რომელიც თავის მხრივ იწვევს სოფლის მეურნეობის წილის ზრდას მშპ-ში (De Sormeaux, 2011). სხვა კვლევებშიც ნაჩვენებია პოზიტიური და მნიშვნელოვანი კავშირი ინფლაციასა და სოფლის მეურნეობის ზრდას შორის. ამ არგუმენტების საპირისპიროდ, როდესაც ადგილი აქვს მიწოდების (დანახარჯების) ინფლაციას, ძირითადად სოფლის მეურნეობის ერთობლივი მიწოდების შემცირების გამო, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს  ნედლეულზე ფასების ზრდით, სოფლის მეურნეობის წარმოების ხარჯები იზრდება რაც თავის მხრივ იწვევს სოფლის მეურნეობის წილის შემცირებას მშპ-ში (De Sormeaux, 2011).   

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები და ეკონომიკური ზრდა  საქართველოში

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით (Bank W. , 2013), 1990-2013 წლებში საქართველოს ეკონომიკა დახასიათდა ოთხი ფაზით: კოლაფსი, სტაბილიზაცია, დაჩქარება, კრიზისი და გამოჯანსაღება. თითოეულ ფაზა გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და ინსტიტუციონალური პირობებით, რომელიც მთლიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის სპეციფიკას (სიხარულიძე, 2018). მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური განვითარება ყოველთვის დაკავშირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებთან. ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის გადანაწილებას სოფლის მეურნეობას, მომსახურებასა და მრეწველობას შორის, რომელსაც მოჰყვება ეკონომიკის მოდერნიზაცია, დასაქმებისა და შრომის ნაყოფიერების ზრდა. ნაშრომში ,,სამრეწველო და საწარმო პოლიტიკა“ (სიხარულიძე, 2018) 1990-2017წლებში სტრუქტურული ცვლილებების პერიოდი ოთხ ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი 1990 წლამდე, როდესაც სოფლის მეურნეობას, მომსახურებას და მრეწველობას თანაბრად შეაქვს წვლილი მშპ­-ის ფორმირებაში. მეორე ეტაპი, როდესაც მრეწველობისა და მომსახურების წილი მშპ­-ში მცირდება და იზრდება სმშპ-ში იწყებს სოფლის მეურნეობის წილი. მესამე ეტაპი, როდესაც სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი შემცირებას, ხოლო მომსახურების დამატებული ღირებულების წილი იზრდება. და მეოთხე ეტაპი, როდესაც მრეწველობის წილი მშპ-ში სტაბილურდება საშუალოდ 23%­-ზე, მკვეთრად იზრდება მომსახურების წილი 61%­-მდე და მკვეთრად მცირდება სოფლის მეურნეობის წილი და სტაბილურდება საშუალოდ 14%-მდე.

მშპ­-ის სტრუქტურაში მომსახურება წარმოადგენს ეკონომიკის მსხვილ სექტორს. 2016 წელს მისი მომსახურების დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში იყო 66%. მისი ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მომსახურების სექტორში მსხვილი კაპიტალის შემოდინებით. თუ სტრუქტურულ ცვლილებებს მშპ-ის დინამიკაში სექტორების წვლილით შევაფასებთ, მშპ-ის ზრდაზე ყველაზე მეტ გავლენას შემდეგი სექტორები ახდენდნენ: მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. ფინანსური კრიზისის შემდგომ წლებში ეკონომიკის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვანია მომსახურებისა და მრეწველობის წვლილი. კერძოდ, 2010-2012 წლებში მშპ-ის 6,5%­-იან ზრდაში მომსახურებაზე მოდიოდა 4,5%, ხოლო მრეწველობაზე 1,41%. მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის წვლილი ეკონომიკის გაჯანსაღებაში იყო უმნიშვნელო (Bank T. W.).

2004-2016 წლებში ეკონომიკური ზრდა ძირითადად იყო გამოწვეული მწარმოებლურობის გაუმჯობესებით, კაპიტალის აკუმულაციის წვლილით, რომელიც მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა. 2004-2017 წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი (საშუალოდ 5.5 %) ძირითადად გამოწვეული იყო მთლიანი ფაქტორული მწარმოებლურობის ზრდით, სადაც მთლიან ფაქტორულ მწარმოებლურობაზე მოდიოდა 5.2 %, მაშინ როდესაც კაპიტალის დაგროვებაზე მოდიოდა 2,3%. ამ პერიოდში სამუშაო ძალის წვლილი უმნიშვნელო იყო (იხ. დიაგრამა №1). 

მწარმოებლურობის წვლილი მშპ-ის ფორმირებაში 1997-2016 (Group, 2018)

                                                                                                                                                                   დიაგრამა №1

მწარმოებლურობასა და ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პუი-ის მოდინება. სწორედ ამ მხრივ საინტერესოა გავაანალიზოთ პუი-ის ტენდენციები საქართველოში.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1996-2018 წწ-ში ჯამურად 19 393,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა (905.5 მლნ. აშშ დოლარით). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კლება ძირითადად, განპირობებული იყო რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენით. 2010 წლიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2017 წელს აღწევს მაქსიმალურ ნიშნულს, კერძოდ 1 894,5 მლნ აშშ დოლარს. ეს განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და გაუმჯობესებული ბიზნესგარემო დადებითად აღიქმება ინვესტორების მიერ და მეტი ინვესტორი აგრძელებს ბიზნესგეგმებს საქართველოში. მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები რეინვესტორების მაღალი დონის შენარჩუნებისა და საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის ზრდის წინაპირობაა (სამინისტრო). წინა წლებთან შედარებით 2018 წელს ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი ვარდნა, კერძოდ, ამ წელს მან 998,7 მლნ აშშ დოალარი შეადგინა, რაც 2017 წლის მოცულობას 47.29%-ით ჩამორჩება.  შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სამსახური) (იხ დიაგრამა №2).  

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1996-2018 წლებში (სამსახური) (მლნ აშშ დოლარი)

                                                                                                                                                                დიაგრამა №2

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება-გადინების მაჩვენებლებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჯერ კიდევ ინვესტიციების ნეტო იმპორტიორი ქვეყანაა, თუმცა ქართული ფირმების გარკვეული ნაწილი თავისი უპირატესობის საგარეო ბაზრებზე დემონსტრირებას ცდილობს. კერძოდ, ჯამურად საქართველოდან საზღვარგარეთ 2.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა განხორციელებული. საქართველოდან საზღვარგარეთ პუი-ის ყველაზე მასშტაბური მოცულობით გადინება 2014 და 2016 წლებში განხორციელდა. ეს შეიძლება აიხსნას ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობით, აგრეთვე ქართველი ინვესტორების მხრიდან სახსრების საზღვარგარეთ (შედარებით უსაფრთხო ადგილას) დაბანდების სურვილით ან/და ქართული ფირმების ფინანსური მომძლავრებით (სიხარულიძე, ჭარაია, 2018) (იხ დიაგრამა  №3).

   

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება-გადინება საქართველოში($ მილიონი) (data)                                                                                                              

                                                                                                                                                                    დიაგრამა№3

განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, 2018 წლის ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: ნიდერლანდები (49.7 მლნ. აშშ დოლარი), კორეა (40.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (33.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (32.1 მლნ. აშშ დოლარი), პანამა (27.7 მლნ. აშშ დოლარი) (სამსახური). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა 2016 წლის კორეულმა ინვესტიციამ, ვინაიდან კორეამ ამ წელს პირველად განახორციელა  დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში (32.1 მლნ. აშშ დოლარი). ბოლო წლების განმავლობაში კი სხვებზე მეტად საქართველოთი ინტერესდება ნიდერლანდების სამეფო. პროცენტულად მასზე 2018 წელს 15.4% მოდის და იკავებს პირველ ადგილს.  რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, თუ ბოლო 10 წლის მონაცემებს გადავხედავთ, ისინი ინვესტორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ყოველთვის შედიოდნენ. 2018 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა №1, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 15.45%-ით, მეორე ადგილზეა კორეა - 12.5%-ით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი -10.3 %-ით (იხ დიაგრამა №4). 

           უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი პროცენტებში 2018 წლის III კვარტალში (სამსახური)

                                                                                                                                                                   დიაგრამა №4

 

მნიშვნელოვანია ისიც, ქვეყანაში არსებული რომელი სექტორებია ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისათვის და შესაბამისად, რომელი სექტორები ვითარდება უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობით. საინტერესოა, რომ 2007-2017 წლებში საქართველოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობაში  უცხოელი ინვესტორების მიერ დაბანდებული სახსრების მხოლოდ 1% მოდის, რაც სექტორის დაბალი რენტაბელობით აიხსნება. მნიშვნელოვანი წილი ენერგეტიკის სექტორზე მოდის -13%. უცხოელი ინვესტორებისთვის აგრეთვე მიმზიდველია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორები, რაც პოზიტიური ასპექტია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით (იხ დიაგრამა №5). 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით (2007-2017წწ) (დ. სიხარულიძე, 2018)

დიაგრამა №5 

 

2018 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, განხორციელებული ინვესტიციების ნახევარზე მეტი (56.5 მლნ.აშშ დოლარი) დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის. ინვესტორთათვის მეორე ყველაზე მიმზიდველი სექტორი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორია, მასზე 2018 წლის მესამე კვარტალში მოდის 54.5 მლნ აშშ დოლარი. მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილებს შესაბამისად, ინაწილებს ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორს, აქ 4.8 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული. როგორც ვთქვი ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა და 56.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ია. მეორე ადგილზეა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 54.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 46.3 მლნ. აშშ დოლარით. დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი ინვესტორთათვის მიმზიდველი არა მხოლოდ 2018 წლის მესამე კვარტალის მონაცემებითაა, არამედ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი სწორედ მათზე მოდის. მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია განხორციელებული ასევე ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებშიც. საინტერესოა წინა წლების ტენდენციებიც. 2016 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი - 39.2% ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, 12.3% - ენერგეტიკის სექტორში, ხოლო 9.9% - მშენებლობაში. საფინანსო სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა - 8.3%, დამამუშავებელ მრეწველობაში - 7.3%, სასტუმროებსა და რესტორნებში - 6.7% ხოლო უძრავ ქონებაში - 4.2% შეადგინა. რაც შეეხება 2017 წელს, წინასწარი მონაცემებით I კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი - 35% ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, უძრავ ქონებაში - 19.9%, საფინანსო სექტორში - 19.7%, მშენებლობაში - 13.8%, სასტუმროებსა და რესტორნებში - 3.9% სამთომოპოვებით მრეწველობაში - 2.1%, ხოლო ენერგეტიკაში - 1.7%. აღსანიშნავია პუი-ის დივერსიფიკაციის ზრდა ახალ სექტორებში ინვესტირებით. მაგალითად, 2015 წელს დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვაში განხორციელებული ინვესტიციების მკვეთრი ზრდა წინა წლებთან შედარებით. 2016 წელს კი 2015 წელთან შედარებით გაზრდილია ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი FDI-ის 12.3% შეადგინა (სამინისტრო). 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2018 წლის III კვარტალში (სამსახური)              

                                                                                                                                                                დიაგრამა №5 

 

მეთოდოლოგია 

მოდელის სპეციფიკაცია

კვლევაში გამოყენებულია წრფივი რეგრესიული განტოლება (ვულდრიჯი, 2016) რომელიც ერთი მხრივ განსაზღვრავს პუი-ის გავლენას მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობასა და მომსახურებაზე და მეორე მხრივ კავშირს პუი-სა და ეკონომიკურ ზრდას შორის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესასწავლად გამოიყენება მსოფლიო ბანკის მონაცემები. ემპირიული დაკვირვება ჩატარდა 1997-2017 წლებისათვის. მონაცემები გაანალიზებულია ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის STATA-ის  მეშვეობით. მოდელში ფორმულირებულია ყველა ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია პოტენციურად მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეკონომიკის ცალკეული სექტორებისათვის დამატებული ღირებულების ფორმირებაში, რომელიც განისაზღვრება დამატებული ღირებულების წილით მთლიან შიდა პროდუქტში და რეალურ ეკონომიკურ ზრდაში. ზემოთ განხილული ფუნდამენტური და ემპირიული ლიტერატურის ანალიზის მიხედვით, პუი-ის წილი მშპ-ში თანაფარდობის გარდა, ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის სექტორების ეკონომიკური მაჩვენებლები ძირითადად განისაზღვრება ფაქტორებით, როგორიცაა მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის ფორმირება, ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ვალუტის რეალური გაცვლითი კურსი, სამუშაო ძალა და ინფლაცია. ეკონომიკის სექტორებისათვის ფაქტორების გავლენის სპეციფიკური და მოსალოდნელი შედეგი შემდეგნაირად არის ფორმულირებული.   

AgrVA

სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი მთლიან შიდა პროდუქტში.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა (data.)

IndVA

მრეწველობის დამატებული ღირებულების წილი მთლიან შიდა პროდუქტში.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა

SerVA

მომსახურების დამატებული ღირებულების წილი მთლიან შიდა პროდუქტში.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა

Growth

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა

CFCF

მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის ფორმირება, წილი მშ-ში.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა

Infl

ინფლაციის განაკვეთი

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა

Trade

სავაჭრო ლიბერალიზაცია გულისხმობს ქვეყნებს შორის საქონლის თავისუფალ გაცვლას ყოველგვარი შეზღუდვებისა და ბარიერების გარეშე. იგი განისაზღვრება  მთლიანი სავაჭრო ბრუნვის ფარდობით მშპ-თან.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა

Labour

მოსახლეობის ზრდის ტემპი.

მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა

კვლევის შედეგები

ეკონომიკის სექტორებისა და ეკონომიკური ზრდის ფუნქციის შედეგები მოცემულია ცხრილი1,2,3,4-ში.  ცხრილ1-ში წარმოდგენილი ამხსნელი შედეგები მიუთითებს, რომ F სტატისტიკა არის მნიშვნელოვანი 1%-იან დონეზე და უარყოფილია ნულოვანი ჰიპოთეზა, რომ ყველა რეგრესორს აქვს ნულისგან განსხვავებული კოეფიციენტი. Durbin-watson-ის სტატისტიკა დაახლოებით 2-ის ტოლია რაც ნიშნავს, რომ არ სრულდება არა სერიული კორელაციის ნულოვანი ჰიპოტეზის უარყოფა რეგრესიის მოდელში. 

სოფლის მეურნეობის ზრდაზე მოქმედი ფაქტორები (დამოკიდებული ცვლადი: სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში)

ცხრილი 1

Number of obs =

21

F(  6,    14)

=   32.84

Prob > F

=  0.0000

R-squared

=  0.9337

Adj R-squared

=  0.9052

Root MSE

=  2.2032

 

AgrVA

Coef.

Std. Err.

t

P>t

Growth

.3249256*

.1540995

2,11

0.053

CFCF

.4416852**

.1502611

2,94

0.011

Infl

-.1839175

.1925106

-0.96

0.356

Trade

-.4329566***

.0448975

-9.64

0.000

Labour

.8071743*

.3684348

2,19

0.046

FDIGDP

.0114567

.1962757

0.06

0.954

_cons

-14.55167

22.43494

-0.65

0.527

 

გარდა ამისა, მორგებული R2  , რომელიც ადგენს თუ რამდენად კარგად ხსნის ამხსნელი ცვლადების სიმრავლე დამოკიდებულ ცვლადს, არის საკმარისად დიდი და გვიჩვენებს, რომ დაახლოებით ვარიაციის  90%-ით  არის ახსნილი სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში რეგრესორების მიერ 1997-2017 წლებში. ბროშ გოდფრის სერიული კორელაცია ლაგრანჟის მულტიპლიკატორით ასაბუთებს, რომ ნარჩენების პირობა მოდელში არ არის სერიულად კორელირებული.  ყველა ცვლადი უნდა იყოს სტაციონარული.

ემპირიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ პუი-ის კოეფიციენტი სტატისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი. ფაქტიურად, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდაზე (ცვლადი: სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში) პუი-ის შემოდინება არანაირ გავლენას არ ახდენდა 1997-2017 წლებში. ფაქტია, რომ მიუხედავად პუი-ის მნიშვნელოვანი ზრდის ეკონომიკაში, პუი-ის აქტიურობის არსებითი პროპორცია კონცენტრირებულია სხვა სექტორებზე. ამგვარად სოფლის მეურნეობის სექტორი ინარჩუნებს სტაგნაციას როგორც მშპ-ის ზრდის კუთხით,ისე პუი-ის მოდინების კუთხით.

ვაჭრობის ლიბერალიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის სექტორზე. 1997-2017 წლებში ვაჭრობის ლიბერალიზაციის კოეფიციენტი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მისი გავლენა სოფლის მეურნეობის სექტორზე არ არის სახარბიელო. კერძოდ, სხვა ფაქტორების მუდმივობის შემთხვევაში ვაჭრობის ლიბერალიზაციის 1%-იანი ცვლილება იწვევს მშპ-ში სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილის 0.4 %-ით შემცირებას .

საინტერესოა ასევე მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის გავლენა სოფლის მეურნეობაზე, მართალია დადებით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების ფორმირებაზე, კერძოდ მისი 1%-იანი ზრდა იწვევს სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების ზრდას 0,4% თუმცა ამ კოეფიციენტის სტატისტიკური მნიშვნელობა არის საშუალო. ასევე საშუალოა სამუშაო ძალისა და ეკონომიკური ზრდის სტატისტიკური მნიშვნელობა, თუმცა მათი გავლენა სოფლის მეურნეობის სექტორზე დადებითია. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდის 1%-იანი ცვლილება განაპირობებს სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილის ზრდას მშპ-შ 0.05%, ხოლო სამუშაო ძალის 1%-იანი ზრდა 0,8% ზრდის დამატებული ღირებულების წილს მშპ-ში.

რაც შეეხება მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელ კოეფიციენტს -  ინფლაციას - მისი გავლენა სოფლის მეურნეობის სექტორზე არ არის დადებითი, თუმცა მოცემული კოეფიციენტი სტატისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი.

 

მრეწველობის სექტორის ზრდაზე მოქმედი ფაქტორები (დამოკიდებული ცვლადი: მრეწველობის დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში)

ცხრილი 2

Source

SS

Df

MS

Number of obs

=

21,00

       

F(  6,    14)

=

45383,00

Model

27.7908132

6,00

4.6318022

Prob > F

=

0.0122

Residual

15.2822165

14,00

1.0915869

R-squared

=

0.6452

       

Adj R-squared

=

0.4931

Total

43.0730298

20,00

2.15365149

Root MSE

=

1.0448

 

IndVA

Coef.

Std. Err.

t

P>t

Growth

.2215036***

.0730777

43162,00

0.009

CFCF

.2495997***

.0712574

18323,00

0.004

Infl

-.1240232

.0912932

-1.36

0.196

Trade

-.0121896

.0212915

-0.57

0.576

Labour

-.1742395

.1747207

-1.00

0.336

FDIGDP

-.0775035

.0930787

-0.83

0.419

_cons

27.80606

10.63919

22313,00

0.020

 

ახლა კი განვიხილოთ მრეწველობის სექტორზე მოქმედი ფაქტორების გავლენა. როგორც ცხრილი 2 გვიჩვენებს, რომ პუი-ის გავლენა ინდუსტრიაზე არის უარყოფითი. თუმცა, სტატისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი. ასევე ინდუსტრიაზე უარყოფითად გავლენას ახდენს ისეთი ცვლადები როგორიცაა ინფლაცია, ვაჭრობის გახსნილობა და მოსახლეობის ზრდის ტემპი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული ცვლადები სტატისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი მათი გავლენის გათვალისწინება არ  არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდასა და მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის კოეფიციენტებს, ისინი დადებითად მოქმედებენ მრეწველობის სექტორის ზრდაზე და ასევე მოცემული კოეფიციენტები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. ანუ ეკონომიკური ზრდის 1%-ით ზრდა იწვევს ინდუსტრიის მშპ-ში დამატებული ღირებულების ზრდას 0.2%-ით, ხოლო მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის მოცულობის 1%-იანი ზრდა იწვევს მშპ-ში ინდუსტრიის დამატებული ღირებულების წილის ზრდას 0.2 %-ით.

 

მომსახურების სექტორის ზრდაზე მოქმედი ფაქტორები (დამოკიდებული ცვლადი: მომსახურების დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში)

ცხრილი 3

Source

SS

df

MS

Number of obs

=

21,00

       

F(  6,    14)

=

17380,00

Model

440.743694

6,00

73.4572823

Prob > F

=

0.0005

Residual

121.363825

14,00

8.66884466

R-squared

=

0.7841

       

Adj R-squared

=

0.6916

Total

562.107519

20,00

28.105376

Root MSE

=

2,94

 

SerVA

Coef.

Std. Err.

t

P>t

Growth

-.2971593

.205938

-1.44

0.171

CFCF

-.3310356

.2008083

-1.65

0.121

Infl

.1604277

.2572704

0.62

0.543

Trade

.3287315

.0600009

17654,00

0.000

Labour

-.5098118

.4923748

-1.04

0.318

FDIGDP

-.3949716

.262302

-1.51

0.154

_cons

71.50168

29.98197

13912,00

0.032

ახლა  კი განვიხილოთ, როგორ გავლენას ახდენს ლიტერატურის ანალიზში მოცემული ფაქტორები მომსახურების სექტორის ზრდაზე.

როგორც ცხრილი 3 გვიჩვენებს, დამოკიდებული ცვლადია მომსახურების დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში. ეკონომიკური ზრდა, მთლიანი კაპიტალის ფორმირება, სამუშაო ძალა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფით დამოკიდებულებაში იმყოფება მომსახურების დამატებული ღირებულების წილთან მშპ-ში. თუმცა ყველა ეს ცვლადი არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ვაჭრობის გახსნილობას, მისი დამოკიდებულება მომსახურების ზრდაზე არის დადებითი და ამავე დროს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, ანუ ვაჭრობის გახსნილობის 1%-იანი ზრდა იწვევს მომსახურების დამატებული ღირებულების ზრდას 0,3 %-ით. 

დასკვნა

კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დახასიათდა ოთხი ფაზით: კოლაფსი, სტაბილიზაცია, დაჩქარება, კრიზისი და გამოჯანსაღება. თითოეულ ფაზა გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და ინსტიტუციონალური პირობებით, რომელიც მთლიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის სპეციფიკას. 1990­-2017წლებში სტრუქტურული ცვლილებების პერიოდი ოთხ ეტაპადაა  დაყოფილი. პირველი ეტაპი 1990 წლამდე, როდესაც სოფლის მეურნეობას, მომსახურებას და მრეწველობას თანაბრად შეაქვს წვლილი მშპ­-ის ფორმირებაში. მეორე ეტაპი, როდესაც მრეწველობის და მომსახურების წილი მშპ-ში მცირდება და იზრდება სოფლის მეურნეობის წილი. მესამე ეტაპი, როდესაც სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში იწყებს შემცირებას, ხოლო მომსახურების დამატებული ღირებულების წილი იზრდება. და მეოთხე ეტაპი, როდესაც მრეწველობის წილი მშპ-ში სტაბილურდება საშუალოდ 23%­-ზე, მკვეთრად იზრდება მომსახურების წილი 61%­-მდე და მკვეთრად მცირდება სოფლის მეურნეობის წილი და სტაბილურდება საშუალოდ 14%­-მდე.

მოცემული კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდაზე პუი-ის შემოდინება არანაირ გავლენას არ ახდენდა 1997-2017 წლებში. მართალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან ეკონომიკაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ ძირითადად ეს სხვა სექტორების ხარჯზე ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ პუი ამ სექტორში სტაბილურობით ხასიათდება როგორც მშპ-ის ზრდის, ისე პუი-ის შემოდინების კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დარგის განვითარებისთვის უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. მაგალითად, ერთ-ერთი კარგი გზა ტექნოლოგიების შეტანა და სპეციალისტთა გადამზადებაა. 

პუი-ის გავლენა მრეწველობაზე არის უარყოფითი. თუმცა, სტატისტიკურად არ არის მნიშვნელოვანი. ეკონომიკური ზრდისა და მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის კოეფიციენტები დადებითად მოქმედებენ მრეწველობის სექტორის ზრდაზე და ასევე მოცემული კოეფიციენტები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. კვლევა ცხადყოფს, რომ ეკონომიკური ზრდისა და მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის მოცულობის 1%-ით ზრდა  მრეწველობის დამატებული ღირებულების წილს  0.2 %-ით ზრდიდა მშპ-ში.

დღეისთვის შეინიშნება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სექტორის წილის მნიშვნელოვანი კლება და მომსახურების სექტორის მოცულობის ზრდა. იგი არის ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის სექტორი საქართველოში.  კვლევით დგინდება რომ, ვაჭრობის გახსნილობის 1%-ით ზრდა  მომსახურების დამატებული ღირებულების წილს 0,35%-ით ზრდიდა.

რეკომენდაციის სახით კი ვიტყოდი: იმისათვის რომ ქვეყანამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომელი დარგებია პრიორიტეტული, რის შემდეგაც აუცილებელია გაიზარდოს დაფინანსება კვლევებისა და განვითარებისთვის როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ. მეცნიერთა აზრით, რაც უფრო მეტი ინვესტიციაა ჩადებული კვლევებსა და განვითარებაში, მით მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა აქვთ მულტინაციონალური კომპანიებისგან მიმღები ქვეყნის ფირმებს. საბოლოოდ ეს აისახება სამამულო ფირმების კომპეტენციების ზრდაზე და შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ უცხოელ კონკურენტებს. 

 

ბიბლიოგრაფია: 

Adewumi, S. (2006). The Impact of FDI on Growth in Developing Countries: An African Experinece. Jonkoping International Business School, Sweden.

Alfaro, L. (2003). Foreign Direct Investment and Growth: Does the Sector Matter? . Harvard Business School.

Alfaro, L. (2003). Foreign Direct Investment and Growth: Does the Sector Matter? . Working paper Harvard Business School.

Alfaro, L. (2003). Foreign Direct Investment and Growth: Does the Sector Matter? . working paper,Harvard Business School.

Alfaro, L. (2003). Foreign Direct Investment and Growth: Does the Sector Matter? . Harvard Business School.

Athukorla, C. (2003). Australian Economic History Review. An Asia-Pacific of Economic ,Business social history, 197-213.

Bank, T. W. (თ. გ.). The World Bank. მოპოვებული https://data.worldbank.org/country/georgia?view=chart -დან

Bank, W. (2013). Georgia Rising. Sustaining Rapid Economic Growth. washington.

Bassanini, A. a. (2001). The Driving Forces of Economic Growth: Panel Data Evidence for the OECD Countries. OECD Economic Studies,, 33, 9-56. მოპოვებული https://doi.org/10.1787/eco_studies-v2001-art10-en -დან

Borensztein, E. D. (1998). How Does Foreign Direct Invest-ment Affect Economic Growth? Journal Of International Economics, 45,115-135.

Chen, Y. a. (2002). Foreign Direct Investment and Manufacturing Productivity in China. CEPII Research Project on the Competitiveness of China’s Economy. [.

data, T. W. (თ. გ.). მოპოვებული https://data.worldbank.org/country/georgia?view=chart-დან

data., W. B. (თ. გ.). მოპოვებული World Bank data. https://data.worldbank.org/country/georgia?view=chart -დან

De Silva, N. M. (2013 წლის 2-5 February). Trade Liberalization Effects on Agricultural Production Growth: The Case. Southern Agricultural Economics Association Annual Meeting(SAEA).

De Sormeaux, A. a. (2011). Factors Influencing Agriculture’s Contribution to GDP: Latin America and the Caribbean. . Trinidad: Department of Agricultural Economics and Extension, The University of the West Indies, St. Augustine Campus,.

Edey, M. (1994). Costs and Benefits from Moving from Low Inflation to Price Stability. . OECD Economic Studies, No. 23, , 109-130. მოპოვებული https://www.oecd.org/eco/monetary/33929490.pdf -დან

Edey, M. (1994). Costs and Benefits from Moving from Low Inflation to Price Stability. OECD Economic Studies, No. 23, 109-130. მოპოვებული https://www.oecd.org/eco/monetary/33929490.pdf-დან

Group, W. B. (2018). Georgia: From reformer to performer. A systematic country diagnostic.

Jayanthakumaran, K. (2002). The Impact of Trade Liberalisation on Manufacturing Sector Performance in Developing Countries: A Survey of the Literature. Wollongong: Department of Economics,University of Wollongong.

Klein, M. A. (2001). Foreign Direct Investment and Poverty Reduction. Policy Research Working Paper, World Bank eLibrary. .

Krugman, P. (1990). Rethinking International Trade. Cambridge Massachusetts: MIT Press.

Krugman, P. (1990). Rethinking International Trade. Cambridge,Massachusetts: MIT Press.

Lotfalipour, R. A. (2013). Exchange Rate Impacts on Investment of Manufacturing Sectors in Iran. Business and Eonomic Research, 3,12-22. მოპოვებული https://doi.org/10.5296/ber.v3i2.3716-დან

Loungani, P. a. (2001). How Beneficial Is FDI for Developing Countries? მოპოვებული International Monetary Fund: http://www.imf.org/external/pubs/ft/fandd/2001/06/loungani.htm -დან

Magnus Blomström, A. K. (2003). THE Economics Of Foreign Direct Investment Incentives. Cambridge, MA 02138: NATIONAL BUREAU OF ECONOMIC RESEARCH ,. მოპოვებული http://www.nber.org/papers/w9489,-დან

Mahesh Kumar, M. (2014). FDI and Indian Economic Growth Factors—An Empirical Analysis. International Journal of Management and Commerce Innovations, 2,7-18.

Miller, S. a. (2000). The Effects of Openness, Trade Orientation and Human Capital on Total Factor Productivity. Journal od Development Economics, 63,399-423. მოპოვებული https://doi.org/10.1016/S0304-3878(00)00112-7-დან

Msuya, E. (2007). The Impact of Foreign Direct Investment on Agricultural Productivity and Poverty Reduction in Tanzania. Kyoto : Kyoto University.

Rodrik, D. (1996). Understanding Economic Policy Reform. Journal of Economic Literature, 34,9-41. მოპოვებული http://www.jstor.org/stable/2729408-დან

Rutihinda, C. (2007). Impact of Globalization on Small and Medium Size Firms in Tanzania. . Hawai,USA.

Singaariya, M. a. (2015). Relationships among Per Capita GDP, Agriculture and Manufacturing Sectors in India. Journal of Finance and Economics, 3,36-43.

UNCTAD. (2001). Trade and Investment Report. The United Nations,New Yorck.

დ. სიხარულიძე, ვ. ,. (2018). უცხოური პირდაპირი ინვესტიციები: თეორია და საქართველოსგ ამოცდილება. თბილისი. მოპოვებული http://eprints.tsu.ge-დან

დავით სიხარულიძე, ვ. ჭ. (2018). უცხოურიპ ირდაპირი ინვესტიციები: თეორია და საქართველოს გამოცდილება. თბილისი: ,,უნივერსალი".

ე.ბარათაშილი, დ. მ. (2009). საინვესტიციო გარემოს სრულყოფის პრინციპები. თბილისი.

ევგენი ბარათაშვილი, დ. მ. (2009). საქართველოს საინვესტიციო გარემოს სრულყოფისპ რინციპები. თბილისი.

ვულდრიჯი.ჯ. (2016). შესავალი ეკონომეტრიკაში. თბილისი: თსუ.

მექვაბიძე, რ. (2009). ეკონომეტრიკა პრაქტიკაში. თბილისი. მოპოვებული https://www.scribd.com/doc/179179154/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-დან

სამინისტრო, ს. ფ. (თ. გ.). მოპოვებული https://www.mof.ge/images/File/BROSHURA/2017/Outlook_August_2017_GEO.pdf -დან

სამინისტრო, ს. ფ. (თ. გ.). მოპოვებული https://www.mof.ge/images/File/BROSHURA/2017/Outlook_August_2017_GEO.pdf-დან

სამსახური, ს. ს. (თ. გ.). მოპოვებული http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/bop/ucxouri%20investiciebi%2010.12.2018%20(geo).pdf -დან

სამსახური, ს. ს. (თ. გ.). მოპოვებული http://www.geostat.ge/?action=page&p_id=2230&lang=geo -დან

სამსახური, ს. ს. (თ. გ.). მოპოვებული http://www.geostat.ge/?action=page&p_id=2230&lang=geo -დან

სამსახური, ს. ს. (თ. გ.). მოპოვებული http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/bop/ucxouri%20investiciebi%2010.12.2018%20(geo).pdf -დან

სამსახური, ს. ს. (თ. გ.). მოპოვებული http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/bop/ucxouri%20investiciebi%2010.12.2018%20(geo).pdf-დან

სიხარულიძე დ. (2018). ჩათრევისა და გამოდევნის ეფექტი და მისი გავლენა ადგილობრივ ინვესტიციებზე . გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში (გვ. pp. 352-358). თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ.

სიხარულიძე, დ. (2018). სამრეწველო და საწარმოო პოლიტიკა-,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა". საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

სიხარულიძე, დ. (2018). სამრეწველო და საწარმოო პოლიტიკა-,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა". თბილისი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.