heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 8 სექტემბერი 2019

მოლდოვას ევროინტეგრაციის ხარისხი: რა განსაზღვრავს ქვეყნის ევროინტეგრაციის დონეს?
მარიამ გრიგალაშვილი

 აბსტრაქტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია სულ უფრო დიდი ინტერესის საგანი ხდება. ამ მხრივ მოლდოვას ევროინტეგრაციის ხარისხის განსაზღვრა წინამდებარე ნაშრომის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს. ნაშრომი განიხილავს იმას თუ რამდენად ახდენს გავლენას სტრუქტურული ფაქტორების სიახლოვე ქვეყნის ევროპეიზაცია-დემოკრატიზაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოლდოვას პირველი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, მიუხედავად მოლდოვას ეთნიკურ-კულტურული სიახლოვისა, ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ რუმინეთთან, მოლდოვას დემოკრატიზაცია-ევროპეიზაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, ამის დასტურია ის საერთაშორისო ინდექსები რასაც მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები აქვეყნებენ. გამომდინარე აქედან, მოლდოვას ევროპეიზაციის გზაზე სხვა ფაქტორების შესწავლა, როგორიცაა მესამე აქტორი (რუსეთის ფედერაცია) და ქვეყნის შიდა ელიტა, კვლევის მთავარ სიახლეს წარმოადგენს. სტატია განიხილავს მოლდოვას დამოკიდებულების ხარისხს სტრუქტურული ელემენტების გაანალიზებით, როგორც ევროკავშირთნა ასევე რუსეთთან. დამოკიდებულების გაანალიზების შემდეგ, სტატია წარმოაჩენს იმ ელემენტების ერთობლიობას, რომელიც მიუხედავად მაღალი დამოკიდებულების პირობებში, აჩერებს მოდლოვას ევროინტეგრაციის კურსს.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სტატია იძლება შემდეგ დასკვნის გამოტანის საშუალებას: მიუხედავად სტრუქტურული ფაქტორების სიახლოვისა რაც მოლდოვას ევროკავშირთან აკავშირებს, არადემოკრატიულ აქტორთან სიახლოვე და პოლიტიკური ელიტის არასტაბილურობა აფერხებს მოლდოვას ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის ხარისხის დაწინაურებას.

საკვანძო სიტყვები: ევროინტეგრაცია, მოლდოვა, სტრუქტურული ფაქტორები, საგარეო აქტორები, პოლიტიკური ელიტა.

 Abstract

The Europeanization and democratization of the Eastern Partnership Countries is a subject of growing interest. In this case, the degree of Moldova's European integration has been the main focus of the paper. The document will discuss how integrated/dependent has Moldova become on EU and Russia. While the Moldova's first trading partner is the European Union and it has culturally close relationship with the Romania (member of the EU), Moldova's democratization-Europeanization process is still suffering from being delayed. This is proved by the international indexes published by leading research organizations around the world. Therefore, aggregated examination of the external and internal actors is the main novelty of the research. Through the using structural elements of Moldova, document analyses the degrees of Moldova’s dependences with both the EU and Russia. After analyzing the degree of dependency, the document identifies a set of elements that may impede Moldova’s European integration process, despite the structural factors’ proximity to the European Union.

Overall, we can derive main conclusion from the analysis to answer research objectives. Despite the proximity of the structural elements of Moldova to the EU, non-democratic regional actor and destabilized political elite impede Moldova’s democratization process.

Keywords: European integration, Moldova, structural factor, foreign actors, political elite

 

შესავალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შექმნის შემდეგ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამეცნიერო სფეროში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პარტნიორობის ფარგლებში გაერთიანებული ქვეყნების ინტეგრაციული დონის განსაზღვრამ. კონცეპტუალურად შემუშავდა ის ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებების გაზომვა/შესწავლისას შესაძლებელი ხდება ევროინტეგრაციის ხარისხის განსაზღვრა. თუმცა, მიუხედავად ამისა მკვლევარების სრული უმრავლესობა ინტეგრაციის ხარისხის დადგენისას აქცენტს აკეთებს უშუალო მოცემულობაზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა ამ ინტეგრაციის ხარისხის მიღწევის ფაქტორების განსაზღვრას (Jonavicius, 2009). შესაბამისად, ზემოაღნიშნული კვლევები არაფერს ამბობენ რეგიონის სხვა აქტორის შემაფერხებელ როლზე ევროინტეგრაციის პროცესში ან ქვეყნის შიდა ელიტის, როგორც ე.წ გეითქიფერების მნიშვნელობაზე. შესაბამისად,  ნაშრომში წარმოდგენილია ევროინტეგრაციის პროცესების კომპლექსური ანალიზი მოლდოვას მაგალითზე. სტატია სვამს კითხვას: რა განსაზღვრავს მოლდოვას  ევროპული ინტეგრაციის ხარისხს და ტემპს. აღნიშნულის გაზომვისას ერთ-ერთ მთავარ სადისკუსიო თემას წარმოადგენს ევროკავშირთან და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან სამიზნე ქვეყნის  დამოკიდებულების განსაზღვრა. ზემოაღნიშნული დამოკიდებულება იყოფა  ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა ქვემიმართულებებად (იმპორტი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, პოლიტიკური „ლიდერშიფი“ და ა.შ). დამოკიდებულების ხარისხის მდგრადობა ყველაზე ხშირად ამ მიმართულებებისა და ქვემიმართულებების კომბინაციით განისაზღვრება.  მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი მიმართულებითაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დამოკიდებულების ხარისხი მზარდი ევროკავშირზე, მით მეტ სფეროში ხდება ინტეგრაციული პროცესები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე სტატია, წარმოაჩენს მოლდოვას კავშირებს ევროკავშირთან ეკონომიკურ და პოლიტიკური მიმართულებით; განსაზღვრავს მოლდოვას საგარეო ვაჭრობის დინამიკას; აფიქსირებს პოლიტიკური დაახლოების ტემპსა და აღნიშნულის საფუძველზე ზომავს მოლდოვას ინტეგრაციის ხარისხს ევროკავშირთან მიმართებით. ნაშრომის მიზანია მოლდოვას ინტეგრაციის ხარისხის განსაზღვრისას, გამოიკვლიოს ის ფაქტორები, რაც ხელს უწყობს/ ხელს უშლის მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე. ნაშრომი ლიტერატურაზე დაყრდნობით აკეთებს შემდეგი ჰიპოთეზის დატესტვას: მოლდოვას ევროინტეგრაციის ხარისხს განსაზღვრავს არამხოლოდ სტრუქტურული კავშირები ევროკავშირთან, არამედ მოლდოვას „გეითქიფერ“ ელიტა და მესამე არადემოკრატიული ძალის (რუსეთის) კავშირები მოლდოვასთან.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად მოლდოვას სტრუქტურული/ფაქტობრივი სიახლოვისა ევროკავშირთან (გეოგრაფიული სიახლოვე, ეკონომიკური სიახლოვე, კულტურული სიახლოვე, სოციალურ/პოლიტიკური კავშირები) მოლდოვას ევროინტეგრაციის ინდექსის  დაწინაურება/ჩამორჩენაში არა საკუთრივ მოლდოვას ევროკავშირთან სიახლოვე თამაშობს გადამწყვეტ როლს,  არამედ პოლიტიკური ელიტა და რეგიონის სხვა  აქტორზე დამოკიდებულება.

 თეორიული ჩარჩო

გასული წლების განმავლობაში მრავალი ნაშრომი დაიწერა დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის გზაზე შემდგარი სახელმწიფოების გარემოს გასაანალიზებლად.  გაჩნდა უფრო მეტი კითხვა,  თუ რა როლი აკისრია დემოკრატიული ტრანზიციის დროს საგარეო აქტორებს. ზოგადი თეორიული სურათის წარმოსადგენად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე მიმართულება რაც პორტ-საბჭოთა ქვეყნების ტრანსფორმაციის ახსნისას აკადემიურ ნაშრომებში გამოიყენება: წინა სოციალისტური სისტემის გამოცდილება, არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პოსტ-კომუნისტური რეფორმების ბუნება, ისტორიული მეხსიერება- გარკვეული რეჟიმის წევრობა (Pavlínek, 2003). აღნიშნულნი თეორიულ მიდგომებში ორ ჯგუფად თავსდება:  (1) თეოლოგიკური „ტრანზიცია“, უფრო ცნობილი როგორც ტრანზისტოლოგია (transitology) - მეტწილად ნეო-ლიბერალური და ნეო-კლასიკური ეკონომიკური მოდელების ინტერპრეტაცია. (2) არა-თეოლოგიკური მიდგომა- „ტრანსფორმაცია“, რომელიც უფრო მეტად გამომდინარეობს ევოლუციური და ინსტიტუციური ეკონომიკიდან (Pavlínek, 2003). ნაშრომის მიერ გამოყენებული ძირითადი თეორიული ჩარჩო ლევინსკისა და ვეის „ბერკეტები და კავშირები“ სწორედ ტრანზისტოლოგიის სტუქტურალისტურ თეორიულ სკოლას მიეკუთვნება.

პროფესორი სტევენ ლევინსკი და ლუკან ვეის თეორია დემოკრატიზაციის გზაზე მხოლოდ დასავლეთის გავლენას განიხილავს. მათი ახსნით დასავლეთის ზეგავლენა ვრცელდება სამიზნე ქვეყანაზე როგორც შედეგი ბერკეტებისა და კავშირების.  ბერკეტები თავის მხრივ გაიგივებულია სამიზნე ქვეყნის მოწყვლადობასთან, რომელსაც გარე აქტორი იყენებს განსხვავებული გზებით, როგორიცაა პოლიტიკური მდგომარეობა, სანქციები, დიპლომატიური წნეხი და სამხედრო ინტერვენცია.  ლევინსკისა და ვეის ახსნით დასავლური ბერკეტი არის „ხარისხი რა ხარისხითაც მთავრობები არიან მოწყვლადნი საგარეო აქტორის დემოკრატიზაციის წნეხის მიმართ“ (Levitsky, and Way, 2006). ავტორები გვთავაზობენ კავშირების განსაზღვრის 5 მიმართულებას : ეკონომიკური კავშირები; გეოპოლიტიკური კავშირები; სოციალური კავშირები; კომუნიკაციური კავშირები და ტრანსნაციონალური სამოქალაქო კავშირები; მიუხედავად იმისა რომ ლევინსკი და ვეი თავიანთ ნაშრომში ყურადღებას ამახვილებენ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ევროკავშირის ზეგავლენის გავრცელებას სწორედ ბერკეტებისა და კავშირების გავლით, მთავარი მინუსი ამ თეორიული მიდგომის გახლავთ ის რომ , ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ, მეორე გარე აქტორის როლზე, ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორზე. მაშასადამე, თეორიის ნაკლოვანება დემოკრატიზაციის პროცესში მხოლოდ ხელშემწყობი აქტორის გაანალიზებაა და ყურადღების მიღმა ხელისშემშლელი აქტორის არსებობა.

რაც შეეხება, აღნიშნული  თემის ჰიპოთეზის დაშვების მეორე მნიშვნელოვან ლიტერატურას, იგი ეყრდნობა იდეას ე.წ. „გეითქიფერ ელიტების“ შესახებ თეორიას. ზოგადი წარმოდგენა „გეითქიფერ ელიტებზე“ მდგომარეობს შემდეგში, ისინი არიან მთავარი მედიატორები რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას რა ინფორმაცია შემოვა, ან არ შემოვა ქვეყანაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: გეითქიფერები იღებენ სოციალურ  სისტემაში გადაწყვეტილებას რა განსაზღვრული პროდუქტი - მატერიალები, საქონელი ინფორმაცია, შემოვა სისტემის შიგნით.’ მნიშვნელოვანია, აგრეთვე გავაანალიზოთ, რომ „გეითქიფერებს“ შესწევთ უნარი აკონტროლონ საზოგადოების ცნობიერება გარკვეული ინფორმაციების მიღების დაშვებით ან მათი უგულვებელყოფით. „გეითქიფერებს“ შეუძლიათ ასევე არეგულირონ ინფორმაციის შემოდინებასთან ერთად პოლიტიკური ზეგავლენის ხარისხი (Linz and Stepan,1996) .“

პოლიტიკურის მეცნიერების ასოცირებული პროფესორის იაქობ ტოლსტრაფის მიერ შემუშავებული „გეითქიფერ ელიტის“ თეორია ერთგვარ გადახედვას წარმოადგენს ლევინსკისა და ვეის სტრუქტურული თეორიის (Tolstrup, 2012). ტოლსტრაფი განსაზღვრავს სამ ტიპს გეითქიფერებისა: პოლიტიკური ელიტა, ეკონომიკური ელიტა და სამოქალაქო ელიტა.  გამიჯვნა ამ სამი ჯგუფისა არც თუ ისე მარტივია. მაგალითისთვის, მოლდოვას წარმატებული ბიზნეს ელიტა ყოველთვის ცდილობდა მოეპოვებინა პოლიტიკური ძალაუფლება, რათა მფარველობა გაეწიათ საკუთარი ბიზნესებისთვის. იგივე ხდება სამოქალაქო ელიტის შემთხვევაშიც. მაშასადამე, გასაკვირი არაა, თუ მთლიან ორიენტირს გავაკეთებთ პოლიტიკურ ელიტაზე, რომლებიც რეალურად ფლობენ ქვეყნის მართვის ბერკეტებს. მაშინ როცა ეკონომიკური ელიტა ან სამოქალაქო ელიტა დაიწყებს პირდაპირ ჩარევას პოლიტიკურ თამაშში, სახელმწიფო აპარატზე კორტოლის მოპოვებით ან მცდელობით დაიკავონ მაღალი თანამდებობები, ისინი იწოდებიან როგორც პოლიტიკური ელიტა და არა როგორც ეკონომიკური ან სამოქლაქო ელიტა (Linz and Stepan, 1996). მაშასადამე, როცა ოლიგარქებს სხვადასხვა გუბერნიებში, ერთი მხრივ უკავიათ ბიზნეს ელიტის სადავეები, ხოლო მეორე მხრივ ფორმალურად თუ არაფორმალურად მმართველები არიან პოლიტიკური კლასის, ძნელია დიფერენციაცია მოახდინო პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სამოქალაქო ელიტას შორის.

ქვეყნის დემოკრატიზაციის განხილვისას ტოლსტრაფი არ უარყოფს, „ბერკეტებისა და კავშირების“ მნიშვნელობას ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დასძენს რომ „ბერკეტები და კავშირები“ არ არის გარდაუვალი მოცემულობა, და რომ „გეითქიფერ ელიტას“ შესწევს ძალა წამოიწყოს ახალი კავშირები სტრუქტურული ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სტრუქტურული თეორიის მიმდევრებს, რომელთა მოსაზრებით გეოგრაფია, ისტორია, ეკონომიკური კავშირები არიან განმსაზღვრელი ელემენტები ქვეყნის პრო/ანტი პოლიტიკის გატარებისას საგარეო აქტორის მიმართ. ტოლსტრაფი აღნიშნავს რომ კავშირები არ არიან განსაზღვრულნი ქვეყნის გეოგრაფიული, ისტორიული თუ კულტურული ელემენტებიდან გამომდინარე. მისი აზრით, გეითქიფერ ელიტას შეუძლია შექმნას ზემოაღნიშნული სრუქტურული წინაპირობებისგან დამოუკიდებელი გარემო.

თუკი ზემოაღნიშნული ავტორების ძირითად იდეას შევაჯამებთ მოლდოვას მაგალითზე, მივიღებთ შემდეგ სურათს: ლევინსკის და ვეის თეორიიდან გამომდინარე, ეკონომიკური კავშირები (ვაჭრობა, კრედიტები, ინვესტირება) არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი საგარეო აქტორზე დამოკიდებულების, რომელიც არის მოცემულობა, ხოლო ტოლსრაფისეული განმარტებით მმართველ ელიტას  შესწევს ძალა, შეაკავოს გარე აქტორის ზეგავლენა და წამოიწყოს ახალი კავშირები განსხვავებულ აქტორებთან (Tolstrup, 2012). თუკი მოლდოვას დემოკრატიზაცია-ევროპეიზაციის გზას განვიხილავთ, როგორც საგარეო აქტორთა (ევროკავშირ-რუსეთის) ბერკეტებისა და კავშირების ჭიდილს, შევამჩნევთ რომ რუსეთის ხელთ არსებულმა ბერკეტებმა კარგად იმუშავა შეეჩერებინა ევროკავშირიდან წამოსული „ზეგავლენა“, თუმცა ნაშრომი ტოლსტრაფის მიერ შემუშავებულ გეითქიფერების თეორიას განიხილავს, როგორც ალტერნატიულ სცენარს მოლდოვაში, ძლიერი პროდასავლური პოლიტიკური ელიტის შემთხვევაში  „ბერკეტებისა და კავშირების“ ევროკავშირის სასარგებლოდ წარსამართავად.

ევროპეიზაცია-დემოკრატიზაციის ლიტერატურის მიმოხილვა

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც პოლიტიკური ამინდის ფორმირება და განვითარება მხოლოდ საკანონმდებლო- აღმასრულებელი ურთიერთობების ფორმაზე აღარ არის დამოკიდებული, ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის ტრადიციული კონცეპტუალიზაცია არსებული მნიშვნელოვანი სირთულეების გამო, შედარებით იშვიათად გამოიყენება (Munck and Verkuillen, 2002). მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ადვილაა დაასახელო ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის მთავარი ელემენტები, სინამდვილეში პრობლემას სწორედ ამ კომპონენტთა მრავალფეროვნება და კომპლექსურობა ქმნის. ავტორების აზრით, ევროპეოზაციისა და დემოკრატიზაციის გაზომვისთვის არსებული ინდექსების გაზომა კომპლექსური ხასიათისაა და  შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებენ მათ ნაკლოვანებებზე, რაც გულისხმობს ინდიკატორების სიმწირეს ან გადაჭარბებულ რაოდენობას (Coppedge, 2017).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ლევიცკისა და ვეის ნაშრომის მიხედვით დემოკრატიზაციაზე და ევროკავშირში ინტეგრაციაზე  გავლენა აქვთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორებიცაა ისტორიული და გეოგრაფიული სიახლოვე. ამ თემაზე შექმნილი პუბლიკაციების ძირითად ნაწილი თანხმდება, რომ დემოკრატიზაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ნობელიტეტისა და ბურჟაზიის ურთიერთობათა დინამიკა. გერმანიისა და ინგლისის მაგალითზე დაკვირვებით დგინდება, რომ ძლიერი ბურჟუაზია პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის ჩამოყალიბებასა და მდგრდობასთან (Moore, 1966).

მნიშვნელოვანია აგრეთვე ყურადღება გამახვილდეს დემოკრატიის ხელშეწყობის ინსტრუმენტებზე. მოცემული საკითხის განხილვა ავტორების მიერ ხდება ძირითადად ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ ჭრილში. თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში, სადაც სახელმწიფოები მუდმივ ურთიერთქმედებაში არიან, ადგილი აქვს ე.წ დიფუზიის ეფექტს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზრდის კიდევაც დემოკრატიის ხარისხს (Starr, 1991).

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის ფაქტორს მოლდოვის ევროპეიზაციასთან დაკავშირებით, ავტორები ერთპიროვნულად თანხმდებიან, რომ რუსეთისათვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროპეიზაცია საკმაოდ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს რუსეთისათვის რეგიონში პოლიტიკური დომინირების კუთხით (Del Medico, 2014). საგულისხმოა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ბერკეტი, გავლენის გასაზრდელად და ევროკავშირის დასაბალანსებლად (Gower & Timmins, 2009). თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ლიტერატურის სიმწირეს უშუალოდ ევროკავშირისა და რუსეთის გავლენების შედარების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური ნაშრომების უმეტესობა დაწვრილებით აანალიზებს როგორც ევროკავშირის გავლენას აღმ. პარტნიორობის ქვეყნებზე, აგრეთვე რუსეთის პოლიტიკას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი ფაქტორის სინთეზური ანალიზი საკმაოდ იშვიათია. ლიტერატურის შესწავლის შედეგად შესაძლოა ითქვას, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა საკმაოდ კარგად არის შესწავლილი აკადემიურ სფეროში. განხილულია მოდელები და ინსტრუმენტები, რომლებიც თავის დროზე წარმატებულად იქნა გამოყენებული თავად ევროკავშირის მიერ. თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს, რომ შესამჩნევად მწირია უშუალოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნების/აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისადმი მიძღვნილი ლიტერატურა, რომელიც ჩაეძიებოდა იმ გარეშე ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ მოლდოვას ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის დაჩქარებას ან პირიქით, შენელებას.

 მეთოდოლოგია

სტატია ეყრდნობა პროფესორი სტევენ ლევიცკისა და ლუკან ვეის მიერ შემუშავებული თეორიული მიდგომების ინდიკატორებს, რომელიც თავის მხრივ შეიძლება დავაჯგუფოდ როგორც ეკონომიკურ ჭრილში, ასევე პოლიტიკურ ჭრილში (Lebanidze, 2019). ავტორები გვთავაზობენ კავშირების მიმართულებებს მაგალითად: სავაჭრო ბრუნვა, ფულადი გზავნილები, გეოპოლიტიკური კავშირები, სოციალური კავშირები (მიგრაციის მაჩვენებელი) და ა.შ. (Levitsky and Way, 2006). ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით შემუშავებული ცხრილი განსაზღვრავს ინტეგრაციის სავარაუდო ხარისხს. საბოლოო ინტეგრაციის ხარისხის მისაღებად, წინასწარ ირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები, ხდება მათი ანალიზი, ფასდება 0-დან 2 ქულამდე ფასდება თითოეული ინდიკატორის რანგი და საბოლოო აგგრეგაციის მეშვეობით მიიღება ინტეგრაციის დონის საერთო სურათი (Lebanidze, 2019). კვლევის მიხედვით აღნიშნული მიდგომა, გამოიყენება, როგორც ევროკავშირის, ასევე რუსეთის მაგალითზე. შესაბამისად, მოლდოვას მაგალითზე რეგიონის ორი საპირისპირო აქტორის შედარებით, კვლევა წარმოაჩენს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელ აქტორთან დაახლოების პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებას.

 მოლდოვას სტრუქტურული კავშირები (მისი ეკონომიკური ინტეგრაციის დონე) ევროკავშირთან და რუსეთთან (დსთ-ს ქვეყნებთან)

მოლდოვას ეკონომიკური დამოკიდებულების დასადგენად, გამოიყოფა კლასიკური ინდიკატორები, რომლებიც მოიცავს ექსპორტს, იმპორტს, ფულად გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ეკონომიკური ინდიკატორები მოლდოვას მაგალითზე გაზომილია ორი ჯგუფის ევროკავშირისა და დსთ-ს (სადაც წამყვანი ადგილი რუსეთს უკავია) ფარგლებში. აღნიშნული დაყოფა, გამომდინარეობდა  ევროკავშირის, როგორც 29 სახელმწიფოს გაერთიანების არარაციონალურ შედარებასთან მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. შესაბამისად, კვლევა ეკონომიკურ ფაქტორებს ზომავს ევროკავშირისა და დსთ-ს შედარების საფუძველზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შექმნის შემდეგ ევროკავშირთან მოლდოვას სავაჭრო ურთიერთობები სულ უფრო მზარდი ტემპით ხასიათდება.  მოლდოვას ექსპორტი 2016-2018 წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა სწორედ ევროკავშირის მიმართულებით. 2018 წლის მონაცემებით ევროკავშირთან ექსპორტი მთლიანი ექსპორტით 68% შეადგენს, მაშინ როდესაც იგივე ინდიკატორი დსთ-ს ქვეყნებთან მხოლოდ 29%-ს უდრის. (იხილეთ გრაფიკი1).

 

  გრაფიკი 1. საგარეო ვაჭრობა ქვეყნების ჯგუფისა და წლების მიხედვით (ექსპორტი)

რაც შეეხება იმპორტს, ამ მხრივაც ევროკავშირი უპირობო ლიდერია. მოლდოვას მთლიანი იმპორტის 49% ევროკავშირზე მოდის. აგრეთვე ნიშანდობლივია, რომ 2009 წლიდან მოყოლებული იმპორტის დონე ცვალებადია, 2015 წელს მან სერიოზული კლება განიცადა, ხოლო 2015 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად იზრდება (იხილეთ გრაფიკი2 (National bureau of Statistics of Moldova, Import, 2019). აღსანიშნავია, რომ ზრდის ტემპი ახასიათებს აგრეთვე დსთ-ს ქვეყნების ჯგუფსაც, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული 2018 წლამდე ეტაპობრივი ზრდით ხასიათდება (ძირითადად რუსეთის ხარჯზე).

 გრაფიკი 2. საგარეო ვაჭრობა ქვეყნების ჯგუფისა და წლების მიხედვით (იმპორტი)

 

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, აღნიშნული ქვემიმართულებაც ეკონომიკური დამოკიდებულების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ქვეყნებიდან მოლდოვაში ფულადი გზავნილების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ 2019 წელს ისევე, როგორც გასულ წლებში, ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები მთლიანი გზავნილების 40%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც დსთ-ს ქვეყნების ჯგუფიდან (უპირატესობა უპირობოდ რუსეთიდან) 25 % მოდის. ბოლო ნოემბრის თვის სტატისტიკიდან კი იკვეთება რომ ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 50% გაუთანაბრდა, ხოლო დსთ-დან კი 21%. (იხილეთ გრაფიკი 3). ეკონომიკური ინდიკატორების კიდევ ერთ სახეს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციები, მოლდოვას სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 80% -ზე მეტი მოლდოვაში ევროკავშირისგან მოდის. ინვესტორები დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნებიდან შეადგენენ მხოლოდ 6% -ს (Agenția Informațională de Stat, 2018).

ეკონომიკურ ინდიკატორებზე დაყრდნობით, ფაქტია, რომ მოლდოვას ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან მაღალია. შესაბამისად შესავალშივე გაჟღერებული დაშვება, რომ ეკონომიკური სტრუქტურული ფაქტორების სიახლოვე ევროკავშირთან,  ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ საკუთრივ მასთან სიახლოვე არ განსაზღვრავს სრულად ინტეგრაციის დონეს მტკიცდება. ამის დასტურია, დაკვირვების მნიშვნელოვანი შედეგიც, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად ეკონომიკური დამოკიდებულებისა ევროკავშირზე, ბიზნეს სექტორი, რომელიც პირდაპირ სარგებელს ნახულობს ევროკავშირიდან სრულებით არ ცდილობენ, ევროპეიზაციის პროცესის წახალისებას ან მის მხარდაჭერას თუნდაც მესიჯების დონეზე (Pagun, S.,Ghiletchi, S., 2018).  შესაბამისად, შესაძლებელია ევროკავშირს ცალკეული ჯგუფებისთვის უკიდურეს მოგება მოჰქონდეს, მაგრამ მათი დამოკიდებულება ევროკავშირისადმი არ ატარებდეს პოზიტიურ ხასიათს. საგულისხმოა, რომ მოლდოვას ყოველწლიური რიპორტის მიხედვით, მოლდოველი მოქალაქეების 79% იცის, ევროკავშირის ეკონომიკური დახმარებისა და ევროკავშირის როლის შესახებ, თუმცა ვერ ხედავს მის ეფექტიანობას (Annyal Survey Report: Modlova 2019), რაც უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობებზე.

როგორც ინდიკატორების ანალიზმა გვიჩვენა, მოლდოვას დამოკიდებულება ევროკავშირისადმი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მაღალია, თუმცა რეგიონის მეორე აქტორის (რუსეთის) ბერკეტებიც მზარდი ტენდენციის ხასიათს ატარებს, რაც ქვეყნის შიგნით გეითქიფერების განწყობებზეც აისახება.

გრაფიკი 3. ფულადი გზავნილები მოლდოვაში, ნოემბრის თვის სტატისტიკა (მოლდოვას ეროვნული ბანკი, 2019).

 

 

 „გეითქიფერ ელიტა“_მოლდოვაში მიმინარე პოლიტიკური პროცესები

მოლდოვას ევროინტეგრაციის ხარისხი არამხოლოდ ეკონომიკური კავშირების მეშვეობით, არამედ პოლიტიკურ ჭრილის გაანალიზებით უნდა განვიხილოთ. პოლიტიკური განზომილება მოიცავს უსაფრთხოების, სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებს (ლებანიძე და გრიგალაშვილი, 2018). ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო ერთი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების მიმოხილვა.  2019 წლის 8 ივნისს, იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი „AСUM“-ი, სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ (Reuters, June,8, 2019). მათ, მთავრობაში წარმოდგენილი „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ვლადიმერ პლაჰოტნიუკის საწინააღმდეგოდ „დროებით შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი. პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც ახლადშექმნილი კოალიციის დეპუტატები ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩეულ იქნა პროევროპულ ბლოკში შემავალი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ (PAS) კანდიდატი - მაია სანდუ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ კი - „სოციალისტური პარტიის“ ლიდერი – ზინაიდა გრეჩანი (Radio Free Europe, June, 2019). გამომდინარე პოლიტიკური და იდეოლოგიური სხვაობისა, კოალიციის სრული შეჯერება ვერ მოხერხდა, რამაც ხელახალი კრიზისისკენ წაიყვანა მოლდოვა.  საგულისხმოა, რომ აღნიშნული კოალიციის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა როგორც რუსეთის, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებმაც. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოლდოვის კოალიციურ მთავრობას მხარდაჭერას გამოუცხადეს. მოგვიანებით, ანალოგიური პათოსით საერთო განცხადება გაავრცელეს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა. აღსანიშნავია, სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, კიშინიოვს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი (European Commision, 2019)  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის ოფისის დირექტორი ბრედ ფრიდენი და რუსეთის  ვიცე-პრემიერი, დიმიტრი კოზაკი სტუმრობდნენ. ვიზიტების შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია ღია წყაროებში არ გავრცელებულა.

სწორედ აღნიშნული პროცესების ფონზე გაჟღერდა პროცესებამდე წინმსწრები კიდევ ერთი შესაძლო კოალიციის  პლაჰოტნიუკისა და დოდონის მოლაპარაკებების მთავარი აქცენტები.  იგორ დოდონი ვლადიმერ პლაჰოტნიუკს საპარლამენტო კოალიციის შექმნის წინაპირობად, მოლდოვის ფედერაციული მოწყობის მხარდაჭერას უყენებდა. აღნიშნულ ფაქტს, მხარეების მხრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები მოჰყვა. პლაჰოტნიუკის პარტიის განმარტებით, „ფედერალიზაციის“ იდეის განხორციელება ღიად რუსულ სცენარს წარმოადგენს  და სწორედ ამის გამო, ვერ მოხერხდა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა. დოდონის პოზიციის თანახმად, მოლდოვის „ფედერალიზაციის“ იდეა, სწორედ პლაჰოტნიუკისგან მოდიოდა, რაც მან მოსკოვს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ შესთავაზა. ამავეს ადასტურებს ოფიციალური კრემლის ნარატივიც, რომლის მიხედვით, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოლდოვის ფედერალიზაციის გზით მოგვარების შეთავაზება, სწორედ პლაჰოტნიუკის ინიციატივას წარმოადგენდა. მიუხედავად „დემოკრატიული პარტიის“ მიერ გაცხადებული პროდასავლური კურსისა, ბოლო წლებში, პარტიის ლიდერი, პლაჰოტნიუკი დასავლეთის ნდობით აღარ სარგებლობდა. კორუფციულმა სქემებმა და ქვეყნის არადემოკრატიული პრინციპებით მართვამ, ევროკავშირში მილიარდელის მიმართ კრიტიკა გაზარდა. ამასთან, პლაჰოტნიუკის ხელთ არსებული რესურსების  მიუხედავად, მის პარტიას მოსახლეობის მხოლოდ 23% უჭერს მხარს.

პოლიტიკური კრიზისი და დასავლეთი-რუსეთის ინტერესების ფონზე სიტუაციის ესკალაციის საფრთხე ყოველკვირეულად მატულობს. ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ტურბულენტური ზონიდან, ამას მოწმობს მოლდოვას პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მან 12 ნოემბერს მაია სანდუს მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა (რადიო თავისუფლება, 12 ნოემბერი). მინისტრთა კაბინეტის გადასაყენებლად, 101 ხმიდან 51 ხმა იყო საკმარისი. შედეგად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალისტებისა და დემოკრატების 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა. საბოლოოდ, მოლდოვის პოლიტიკური რეალობა დადგა შემდეგი ფაქტის წინაშე, მოლდოვის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრო-რუსულ სოციალისტურ პარტიასა და პრო-დასავლურ პოლიტიკურ ბლოკ ACUM-ს შორის შექმნილი კოალიციის შედეგად ჩამოყალიბებულ პრემიერ-მინისტრ სანდუს მთავრობას (პროდასავლელი), რის შემდეგაც სიტუაციური კოალიცია დაიშალა და ყოფილი მმართველი ძალის, დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით, პრეზიდენტს იგორ დოდონის სოციალისტურმა პარტიამ ჩამოაყალიბა ე.წ. უმცირესობის მთავრობა, რომელიც სრულად დაკომპლექტდა მასთან დაახლოვებული პირებით და მისი პოზიციების უკიდურესად გაძლიერდა[2].

როგორც აღნიშნული ქეისის მიმოხილვამ ცხადყო, რეალურად მოლდოვაში ორი ურთიერთ რადიკალური პოლიტიკური მიმართულება ვითარდება: (1) მოდლოვას ევროპული ინტეგრაცია; (2) რუსულ ორბიტაზე ტრიალი (Pagun, Ghiletchi, 2018). დღესდღეობით მმართველი პოლიტიკური ელიტის არჩევანი რუსული ორბიტაზე ყოფნა და მასთან მყარი ურთიერთობების შენარჩუნებაა. აღნიშნული დამოკიდებულება არ წარმოადგენს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებას. მოსახლეობის ფრაგმენტაცია (გეითქიფერების ფრაგმენტაცია), პოლიტიკური ვექტრის დივერსიფიკაცია არის ის პოლიტიკური მოცემულება რაც დღეს მოლდოვაში ვითარდება.

გარდა ელიტების დამოკიდებულებისა, პოლიტიკური დამოკიდებულების განსაზღვრის  კიდევ ერთი ელემენტია მოლდოვას სამხედრო კავშირები საგარეო აქტორთან. ევროკავშირთან მოდლოვას სამხედრო თანამშრომლობა იდეაშივე არარაციონალურია, ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის არსიდან, თუმცა მოდლოვას არც ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან აქვს რაიმე სახის სამხედრო ხასიათის მჭიდრო ურთიერთობა (Devyatkov, 2017). რაც შეეხება რუსეთს, კრემლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს მოდლოვასთან მიმართებით სწორედ ხისტი ძალა წარმოადგენს. აღნიშნული ძალა, მოლდოვაში (დნესტრისპირეთში) რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობით მყარდება. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი ცდილობს მოლდოვის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის შენარჩუნებას, ერთი მხრივ დნესტრისპირეთის გადაუჭრელი პრობლემით, ხოლო მეორე მხრივ რეგიონში ჯარების განთავსებით.

 

დაახლოება რუსეთთან: მოლდოვის პოლიტიკური ელიტა და საზოგადოების აზრი

დღესდღეობით მოდლვას პოლიტიკური ელიტა ძალიან ფრაგმენტულია. დემოკრატიული პარტია მკვეთრად არის დაპირისპირებული ACUM-თან, მიუხედავად იმისა რომ იდეაში ორივე პროდასავლურ ფრთას წარმოადგენენ მათ შორის კოალიცის ჩამოყალიბება ფაქტობრივად გამორიცხულია. თავის მხრივ, დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საჯარო დაპირისპირების მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში თანამშრომლობდა სოციალისტურ პარტიასთან, რამაც შექმნა წინაპირობა იგორ დოდონის მიერ მოლდოვის შიდა პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი გარდატეხისთვის. კერძოდ, 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, დემოკრატიული პარტიის რეიტინგის მკვეთრად შემცირდა და შესაბამისად, პარტიას არ აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის პრევენციის ერთადერთ გზას წარმოადგენს სამთავრობო კრიზისის არდაშავება. აღნიშნული წარმატებით გამოიყენა დოდონმა და დემოკრატიულ პარტიასთან შევიდა არაფორმალურ ალიანსში, რადგან ფორმალური კოალიცია არ აისახებოდა დადებითად დოდონისა და სოციალისტური პარტიის რეიტინგზე.

დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის უზრუნველყოფის შემდეგ, დოდონმა გენერალური პროკურორის შერჩევის საკითხი გამოიყენა კოალიციის დაშლის ფორმალურ მიზეზად. დემოკრატების დახმარებით დაითხოვა სანდუს მთავრობა და დაამტკიცა უშუალოდ მასთან დაახლოვებული პირებით დაკომპლექტებული ახალი მინისტრთა კაბინეტი (Radio Free Europe, November 2019), რომელსაც უწოდებენ ე.წ. სპუტნიკის მთავრობას, რადგან მისი წევრების უმრავლესობა იყვნენ საინფორმაციო სააგენტოს „სპუტნიკი“ მოლდოვის რედაქციის ხშირი კომენტატორები/ავტორები.

ახალ მთავრობას ჯერჯერობით არ განუცხადებია მოლდოვის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ და ფორმალურად იგი აგრძელევს ინერციით არსებულ პრო-დასავლურ პოლიტიკას, თუმცა ცალკეულ შემთვევებში უკვე გამოიკვეთა საგარეო კურსის ცვლილების ნიშნები. მათ შორის, პრემიერ-მინისტრ იონ კიკუ ნოემბერში პირველი საგარეო ვიზიტით იმყოფებოდა რფ-ში, სადაც შეხვედრა გამართა რფ-ის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელ დიმიტრი მედვედევთან. აღნიშნულის შემდეგ, რფ-მ განაცხადა მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის ფასის შემცირების, ასევე მოლდოვის ცალკეულ პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად,  მოლდოვის მთავრობა სკეპტიკურ დამოკიდებულებას აფიქსირებს მსოფლიო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შესახებ. ზემოაღნიშნული ფაქტორები წარმოადგენს მოლდოვის პრო-დასავლური კურსის ცვლილების ნიშნებს და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში მოლდოვამ შესაძლოა შეასუსტოს/უარი თქვა ევროკავშირთან ინტენსიურ ურთიერთობებზე და დაიწყოს რფ-სთან/მის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობა (მოლდოვას უკვე აქვს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი).

აღნიშნული მოვლენების ფონზე ნათელი გახდა, რომ პრორუსული პოლიტიკური ელიტა არც თუ ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს მოლდოვურ საზოგადოებაში. ასევე შკარაა, მმართველი ელიტის მოწადინება, მეტი პოლიტიკური კავშირები დაამყაროს რუსეთთან, რითაც შეუძლია ეთნიკურად არამოლოდველი, მოლდოვის მოქალაქეების გულის მოგებაც. მითუმეტეს რომ მოლდოვას არამოლდოველ უმცირესობებში რუსეთისადმი მხარდაჭერა 80% უტოლდება (Pagun, Ghiletchi, 2018). როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად მოლდოვას სტრუქტურული სიახლოვისა ევროკავშირთან, ეროვნული კონსენსუსი ევროინტეგრაციისა და ევროსტრუქტურებში გაერთიანების მაინც არ არსებობს. ამის დასტურია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  გამოკითხვა, სადაც მოლდოვის მასშტაბით, მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირებისა, საზოგადოების აღქმა განსხვავებულია. კითხვაზე რომელი ქვეყანა არის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილის 36% მიაჩნია, რომ რუსეთი მოლდოვას მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.  რაც შეეხება პოლიტიკურ პარტნიორს, ამ შემთხვევაში მოლდოველების აზრით მოლდოვას მთავარი პარტნიორი რუსეთი და ევროკავშირია (28-28%-ით)  (IRI, 2019, იხ. გრაფიკი 4). როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად მოდლოვას სტრუქტურული ობიექტური ფაქტორების სიახლოვისა ევროკავშირთან, მოსახლეობის აღქმები რუსეთის მიმართ გაცილებით გაზვიადებულია (ვიდრე ობიექტური ციფრები გვთავაზობს), ამას ემატება საზოგადოებსი უკიდურესი პოლარიზება, რომელიც საერთო ეროვნულ კონსენსუსამდე არ არის მისული (Pagun, Ghiletchi, 2018). შესაბამისად, ლევიცკისა და ვეის დაშვება, რომ სტრუქტურული სიახლოვე (ეკონომიკური კავშირები, გეოგრაფიული სიახლოვე და ა.შ) განსაზღვრავს ქვეყნის ინტეგრაციულ დონეს მოლდოვას შემთხვევაში რელევანტური არ არის. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასაწყისშივე არსებული დაშვება, რომ ქვეყნის ინტეგრაციის დონეს ევროკავშირთან, მხოლოდ ევროკავშირთან სიახლოვე არ განაპირობებს, და საყურადღებო და გასათვალისწინებელია მესამე აქტორის ჩართულობა, დადასტურდა. 

გრაფიკი 4. რომელი ქვეყანა მიგაჩნიათ მოლდოვის მთვარ ეკონომიკურ, პოლიტიკურ პარტნიორად და მთავარ საფრთხედ?

 

 დასკვნა

მოლდოვას ქეისის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის სირთულეები, რაც ევროპეიზაციის პროცესში შესაძლოა ქვეყნის წინაშე არსებობდეს. პირველადი დასკვნები, თითქოს მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორები ან მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორები განაპირობებენ ქვეყნის ევრონტეგრაციას, კვლევის შედეგად არ დასასტურდა. სინამდვილეში, ქვეყნების დამოკიდებულება ევროკავშირზე არ არის აპრიორი წინაპირობა მისი ევროინტეგრციის/დემოკრატიზაციის კურისის ურყეობის. მოლდოვას მაგალითმა გვიჩვენა, რომ იგი 50% მეტი დოზით არის ეკონომიკურად დამოკიდებული ევროკავშირზე, თუმცა  მოწყვნალოდბის დონე რუსეთის მიმართ უფრო მაღალი აქვს, რადგან რუსეთი არის ის ხელისშემშლელი აქტორი, რომელიც მოლდოვას თუნდაც საშუალოდ 20% დამოკიდებულებას თავისი პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად აქცევს. შესაბამისად, კვლევის დასაწყისში გაკეთებული დაშვება, ევროინტეგრაციის ხელისშემშლელი/ხელშემწყობი პროცესების გასაანალიზებლად, მოლდოვა-ევროკავშირის დამოკიდებულების გარდა, განგვეხილა მესამე აქტორის ჩართულობა, სურათს უფრო სრულყოფილს ხდის. ამავე დროს, კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სანამ პოლიტიკური ელიტა ტურბულენტურ/გაურკვეველ პერიოდშია შესული, თითქმის გამორიცხულია მოდლოვას დემოკრატიული დაწინაურება. როგორც კვლევის შედეგად გამოჩნდა, მოლდოვას პოლიტიკურ დღის წესრიგს ძირითადად სამი ძალა ქმნის, მათგან ერთი ცალსახად პრორუსული ორიენტაციისაა, მაშინ როდესაც ყოფილი სამთავრობო ძალა (პლაჰოტნიუკის პარტია) თითქოს პროდასავლურ ორიენტაციას ატარებს, მაგრამ მისი მმართველობის სტილი, კორუფციული გარიგებები, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა შორს დგას/იდგა დასავლური სტანდარტებისგან. დასაწყისში გაჟღერებული „გეითქიფერ ელიტა“, როგორც ჩანს არამხოლოდ იდეურად, არამედ საგარეო ორიენტაციების მხრივაც ფრაგმენტაციულია, შესაბამისად ძნელია ამგვარი ხელისშემშლელი ფაქტორებით კონკრეტული დემოკრატიული შედეგების მიღწევა, მითუმეტეს ევროინტეგრაციის დაჩქარება.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრუქტურალისტების მიდგომა, მხოლოდ ცალმხრივად განიხილონ ევროინტეგრაციის პროცესები, როგორც კავშირი ევროკავშირსა და სამიზნე ქვეყანას შორის, გადახედვას საჭიროებს. მოლდოვის მაგალითმა ცხადყო, რომ ევროკავშირზე მხოლოდ ეკონომიკური, გეოგრაფიული, სოციალური დამოკიდებულებით ევროინტეგრაციის სასურველი შედეგები ვერ მიიღწევა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამაბრკოლებელი აქტორების არსებობა, რომელიც ცდილობს შედარებით მცირე დამოკიდებულების ხარისხით, თუმცა მაინც გასათვალისწინებელი ბერკეტებით, ხელი შეუშალოს პროცესების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას.

 

დამოკიდებულების ხარისხის გაზომვა[3]

 

ეკონომიკური ინდიკატორები

 

 

მოლდოვას დამოკიდებულების ხარისხი ევროკავშირთან

 

 

მოლდოვას დამოკიდებულების ხარისხი რუსეთთან

1. ექსპორტი;

განმარტება: ცვლადი აღნიშნავს ქვეყნის ექსპორტის გარე მოთამაშეზე დამოკიდებულების ხარისხს.

მინიმუმი = 0; მაქსიმუმი = 2

  • გარე მოთამაშესთან ექსპორტი მთლიანი საექსპორტო მოცულობის 15%-ს აღემატება;
  • გარე მოთამაშესთან ექსპორტი მთლიანი საექსპორტო მოცულობის 5%-დან 15%-მდე მერყეობს;
  • გარე მოთამაშესთან ექსპორტი მთლიანი საექსპორტო მოცულობის 5%-ზე ნაკლებია;

 

 

2019 წლის მონაცემებით მოლდოვას საექსპორტო წილის 68 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

შესაბამისად, აღნიშნული კომპონენტი განისაზღვრება 2 ქულით.

 

 

2019 წლის მონაცემებით რუსეთს მიეკუთვნება 2 ქულა.

2. იმპორტი;

განმარტება: ცვლადი აღნიშნავს ქვეყნის იმპორტის გარე მოთამაშეზე დამოკიდებულების ხარისხს.

მინიმუმი = 0; მაქსიმუმი = 2

  • გარე მოთამაშისგან იმპორტი მთლიანი იმპორტის მოცულობის 20%-ს აღემატება;
  • გარე მოთამაშისგან იმპორტი მთლიანი იმპორტის მოცულობის 10%-დან 20%-მდე მერყეობს;
  • გარე მოთამაშისგან იმპორტი მთლიანი იმპორტის მოცულობის 10%-ზე ნაკლებია;

 

ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონდლის წილი, მთლიანი იმპორტის წილის 49 პროცენტს შეადგენს.

შესაბამიდან, იმპორტის კრიტერიუმშიც გარე მოთამაშისგან იმპორის მოცულობა შეფასებულია 2 ქულით.

 

რუსეთზე იმპორტის 20 % მოდის შესაბამისან აქ აღნიშნება 1 ქულით.

3. ფულადი გზავნილები;

განმარტება: ცვლადი აღნიშნავს ქვეყნის ფულადი გზავნილების გარე მოთამაშეზე დამოკიდებულების ხარისხს.

მინიმუმი = 0; მაქსიმუმი = 2

  • ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ს 4%-ზე მეტს შეადგენს;
  • ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ს 2%-დან 4%-მდე მერყეობს;
  • ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ს 2%-ზე ნაკლებია;

 

 

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 40% უდრის. რაც მოლდოვის ქვეყნის მშპს 4% მეტს შეადგენს. შესაბამიდან ამ მხრივ ცვლადის ქულა 1 უდრის.

 

რუსეთიდან ფულადი გზავნილების 25 % მოდის, რაც 4 მშპ 4 პროცენტზე დავალია 0 ქულა.

4. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია;

განმარტება: ცვლადი აღნიშნავს გარეშე მოთამაშის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე ქვეყნის დამოკიდებულებას

მინიმუმი = 0; მაქსიმუმი = 2

  • პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მთლიანი უცხოური ინვეტიციის 20%-ს შეადგენს;
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მთლიანი უცხოური ინვეტიციის 10%-დან 20%-მდე მერყეობს;
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მთლიანი უცხოური ინვეტიციის 10%-ზე ნაკლებია;

 

2018 წლის მონაცემებით მთლიანი უცხოური ინვესტიციების 45 პროცენტი სწორედ ევროკავშირიდან მოდის. შესაბამიდან კომპონენტი შეფასებულია 2 ქულით.

2018 წლის მონაცემებით მთლიანი უცხოური ინვესტიციების 6%.

0 ქულა.

 

 

მოლდოვას კრიტერიუმები და ინდიკატორები პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამოკიდებულების გასაზომად ევროკავშირთან მიმართებით/რუსეთთან მიმართებით

5. პოლიტიკური ინტეგრაცია

მინიმუმი = 0; მაქსიმუმი = 2

  • ცხადად გამოხატული სურვილი შეუერთდეს გარე მოთამაშის მიერ დომინირებულ ერთზე მეტ ორგანიზაციას;
  • ცხადად გამოხატული სურვილი შეუერთდეს გარე მოთამაშის მიერ დომინირებულ ყველაზე ცოტა ერთ ორგანიზაციას;
  • გარე მოთამაშის მიერ დომინირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილის არარსებობა;

 

 

აღნიშნულ კომპონენტში მოლდოვას სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი შეიძლება არ მივიჩნიოთ ცხადად გამოხატულ სურვილად.  შეფასებულია 1 ქულით.

ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია მოსახლეობის 30% სურს. შესაბამისად აქ რუსეთსაც 1 ქულა დაეწერება.

6. მმართველი ელიტის იდეოლოგიური სიახლოვე

მინიმუმი = 0; მაქსიმუმი = 2

  • მმართველი ელიტა [ფორმალურად ან რეალურად] ერთგულია გარე მოთამაშის ღირებულებებთან მიახლოებული ღირებულებების და ამ მოთამაშესთან მჭიდრო ინტეგრაციაზე ფოკუსირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს;
  • მმართველი ელიტა ერთგულია გარე მოთამაშის ღირებულებებთან მიახლოებული ღირებულებების, მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკა არ არის ამ მოთამაშესთან ინტეგრაციაზე ორიენტირებული;
  • მმართველი ელიტა არ არის ღირებულებების ერთგული და არ ეწევა გარე მოთამაშესთან ინტეგრაციაზე ორიენტირებულ პოლიტიკას;

 

აღნიშნული კომპონენტი შეიძლება შეფასდეს 1 ქულით.

ამ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებით 2 ქულა დაიწერება (დოდონის მმართველობა და პროდასავლური მერყევი ელიტა)

7. სამოქალაქო-სამხედრო კავშირები;

მინიმუმი = 0; მაქსიმუმი = 2

  • გარე მოთამაშეს ყავს [მეგობრულად განწყობილი]სამხედრო-სამოქალაქო წარმომადგენლობა მოლდოვაში, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას;
  • გარე მოთამაშეს ყავს [მეგობრულად განწყობილი] სამოქალაქო-სამხედრო წარმომადგენლობა, რომელიც მოლდოვას უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოა;
  • გარე მოთამაშეს არ ყავს [მეგობრულად განწყობილი] სამოქალაქო-სამხედრო წარმომადგენლობა მოდლოვაში;

 

აღნიშნული კომპონენტიც შეფასებულია 0 ქულით.

აღნიშნული კომპონენტიც შეფასებულია 2 ქულით.

 

(დამოკიდებულების ინდიკატორების გრაფიკულ გამოსახულება)

 

ბიბლიოგრაფია

Moldova State News Agency (2018). Retrieved from: https://www.moldpres.md/news/2019/03/30/19002533

Annual survey Report: Moldova, https://www.euneighbours.eu/sites/default/files/publications/2018-

07/EU%20NEIGBOURS%20east_AnnualSurvey2018report_MOLDOVA.pdf.

Coppedge, M., Gerring, J., Lindberg, S., Skaaning, S-E, Teorell, J. (2017). V-Dem Comparisons and Contrasts with Other Measurement Projects. V-Dem Working Papers series 2017:45

Del Medico, N. (2014). A Black Knight in the Eastern Neighbourhood? Russia and EU Democracy Promotion in Armenia and Moldova, EU Diplomacy Paper 7, College of Europe, p. 1-42

Devyatkov, Andrey (2017). Dynamics of Russian Power in Moldova, Foreign policy research Institute. p.-5

European Commission, 2019. Commissioner Hahn visits Chisinau, the Republic of Moldova, to reiterate the EU's support to the new government. Retrieved from: https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/news_corner/news/commissioner-hahn-visits-chisinau-republic-moldova-reiterate-eus-support-new_en

IRI (2019). Public Opinion Survey: Residents of Moldova, https://www.iri.org/sites/default/files/iri_moldova_may-june_2019_poll_final.pdf

Jonavicius, L,. (2009). WHY UKRAINE AND GEORGIA HAVE NOT USED THE “WINDOW OF OPPORTUNITY”? NEO-INSTITUTIONAL ANALYSIS OF TRANSFORMATIONAL STAGNATION IN GEORGIA AND UKRAINE Laurynas, Vilnius University, Institute of International Relations and Political Science (TSPMI) , UNISCI Discussion Papers, Nº 19

Lebanidze, Bidzina (2019). Russia, EU and the post-Soviet democratic failure. Springer.

Levitsky, S., and Way, Lucan A. (2006). ‘Linkage Versus Leverage: Rethinking the International Dimension of Regime Change’. Comparative Politics 38, no. 4, 379–400 379p

Linz and Stepan, (1996). Problems of Democratic Transition, 66. Though they use the term state elites. Journal of Democracy 7.2, 14-33 

Moore, B. (1966). Social Origins of Dictatorship and Democracy. Beacon Press, preface and chapter 7, p. 413-433.

Munck, G. and J. Verkuilen. (2002). Conceptualizing and Measuring Democracy. Evaluating Alternative Indices. Comparative Political Studies, vol. 35(1): p.5-34

National bureau of Statistics of Moldova (ექსპორტი, 2019).

https://statbank.statistica.md/pxweb/pxweb/en/40%20Statistica%20economica/40%20Statistica%20economica__21%20EXT__EXT010__serii%20anuale/EXT010100.px/table/tableViewLayout1/?rxid=b2ff27d7-0b96-43c9-934b-42e1a2a9a774

National bureau of Statistics of Moldova (იმპორტი, 2019).

ხელმისაწვდომია: https://statbank.statistica.md/pxweb/pxweb/en/40%20Statistica%20economica/40%20Statistica%20economica__21%20EXT__EXT010__serii%20anuale/EXT010100.px/table/tableViewLayout1/?rxid=b2ff27d7-0b96-43c9-934b-42e1a2a9a774

Pavlinek, P., (2003). Alternative Approaches to Post-Communist Transformations in Central and Eastern Euro.

Pagung, S., Ghiletchi, S., (2018). Moldova’s Europeanization and interethnic cohesion a delicate balancing act, Policy paper.p11-12.

Radio Free Europe, (June, 2019). Moldovan Parliament Approves New Government Over Constitutional Court's Objections.

Radio Free Europe, November 2019, Moldova's Dodon Names Adviser Chicu As Prime Minister https://www.rferl.org/a/moldovan-president-favors-technocrat-government-after-pm-toppled/30269487.html

Radio Free Europe, November (2019). Moldovan Government Collapses; EU Calls Development 'Worrying'

Reuters, (June,8, 2019). Moldovan parties agree to form government after months of deadlock. Retrieved from: https://www.reuters.com/article/us-moldova-politics/moldovan-parties-agree-to-form-government-after-months-of-deadlock-idUSKCN1T90MT 

Starr, H. (1991). Democratic Dominoes: Diffusion Approaches to the Spread of Democracy in the International System. The Journal of Conflict Resolution, vol. 35(2): p. 356-381.

Tolstrup, J., (2012). When can external actors influence democratization? Leverage, linkages, and gatekeeper elites, Democratization, Department of Political Science and Government, Aarhus University.

ლებანიძე, ბ,.  და გრიგალაშვილი, მ., (2018). ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.

მოლდოვას ეროვნული ბანკი, (2019).  Retrieved from: https://www.bnm.md/en/content/graphical-analysis-money-transfers-abroad-favour-individuals-february-2019



[1]ელ ფოსტა: grigalashvilimariam@gmail.com

[2] კოალიციაში უთანხმოების ფორმალური მიზეზი გახდა ქვეყნის გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი. კერძოდ, აღნიშნულ თანამდებობას ორივე მხარე ანიჭებდა კრიტიკულ მნიშვნელობას და შესაბამისად, თითოეულ მათგანს სურდა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირის ან როგორც მინიმუმ, დამოუკიდებელი - მეორე მხარესთან შეხების არმქონე კანდიდატის შერჩევა. სოციალისტებმა დაბლოკეს სანდუს სასურველი კანდიდატები, თუმცა პრემიერ-მინისტრი შეეცადა გენერალური პროკურორის შერჩევის წესის შეცვლა, რაც დოდონმა დაუშვებლად მიიჩნია და ყოფილი მმართველი ძალის - დემოკრატიული პარტიისა და სოციალისტების ერთობლივი ძალისხმევით პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა სანდუს მთავრობას.

[3] გაზომვის მეთოდოლოგია აღებულია ბიძინა ლევანიძისა და მარიამ გრიგალაშვილის ნაშრომიდან “ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში”, 2018 წელი.