ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 9 ოქტომბერი 2020
აბსტრაქტი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ეთნოსს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელსაც თანაცხოვრება უწევს განსხვავებული კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების მქონე საზოგადოებაში. ამას კი ხშირად სდევს გარკვეული სახის პრობლემები და მთელ რიგ შესაძლებლობებთან შეზღუდული წვდომის არსებობა. სწორედ ამიტომ, წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის ხარისხის განსაზღვრა და მათი თვითიდენტობის კვლევა. აქედან გამომდინარე გამოიკვეთა ძირითადი ამოცანები: 1) აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების ადგილობრივ კულტურასთან ადაპტაციის ხარისხის შეფასება, 2) მათი ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათება, 3) ქართველების კულტურული თვითიდენტობის ძირითადი ასპექტების გამოვლენა, 4) ქართველების პოლიტიკური და სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობა, 5) „ქართველების თვალით დანახული“ აზერბაიჯანელთა განწყობების შეფასება მათ მიმართ, 6)გამოვლენილი პრობემების გადაჭრისთვის საჭირო სტრატეგიების განსაზღვრა სამიზნე ჯგუფის მიერ. კვლევა ჩატარდა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით. შერჩევამ მოიცვა 249 რესპონდენტი. რაოდენობრივი მონაცემები დამუშავდა პროგრამა SPSS-ში. გამოვლენილ შედეგებს შორის აღსანიშნავია: 1) კახის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები დღემდე ინარჩუნებ ქართულ ტრადიციებს, კულტურასა და რელიგიას. 2) მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა თითქმის აზერბაიჯანელების მსგავსია. 3) პოლიტიკურ და სამოქალაქო საქმიანობაში ჩართვისას გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. 4) გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან სწავლების პროცესში.
საკვანძო სიტყვები: ეთნიკური უმცირესობები, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები, კულტურული ინტეგრაცია, სოციალური ინტეგრაცია, დისკრიმინაცია.
შესავალი
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, წარსულიდან მოყოლებული ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ტერიტორიებისა და მოქალაქეების შენარჩუნება. სხვადასხვა მიზეზის გამო, ისტორიის გარკვეულ ეტაპზე რამდენიმე რეგიონი ჩამოშორდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობას და ძირითადად მეზობელ სახელმწიფოთა საზღვრების ფარგლებში შევიდა. ერთ-ერთ ასეთ დიდ ქართულ ეთნოსს წარმოადგენენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საინგილოში, მცხოვრები ქართველები.
საინგილო ეწოდება მხარეს, რომელიც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებაორეობს და დღესდღეობით კახის, ზაქათალასა ადა ბელაქანის რაიონებით აზერბაიჯანის ფარგლებშია მოქცეული. ის საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა 1921 წლამდე, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის შემდგომ, აზერბაიჯანს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 14 877 ქართველი ცხოვრობს, მათ შორის: ქ. ბაქოში – 2340, კახის რაიონში – 7450, ბელაქანის რაიონში – 1731, ზაქათალის რაიონში – 3071 და სხვა რეგიონში – 285. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა გაცილებით მეტია. რეგიონში ქართველები, ძირითადად, ცხოვრობენ შემდეგ სოფლებში: კახის რაიონი – კახინგილო, ქოთოქლო, ალიბეგლო, მეშაბაში, ალათემური; ზაქათალის რაიონი – მოსული და ალიაბადი; ბელაქანის რაიონი – ითითალა. ქართველები ასევე ცხოვრობენ სხვა სოფლებშიც (დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, 2015).
საინგილოში მცხოვრები ქართველები განსხვავდებიან რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით. ქრისტიანი ინგილოები ცხოვრობენ კახის რაიონის სოფლებში, მუსლიმები კი ზაქათალასა და ბელაქანში. კახის რაიონში არსებობს 2 ქართული მოქმედი ეკლესია: კახის წმინდა გიორგის სახელობის და ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები. აგრეთვე, არის რამდენიმე ტაძარი, რომლებიც არაა მოქმედი. მათგან აღსანიშნავია, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მხოლოდ წელიწადში ორჯერ, გიორგობის დღესასწაულზე, აღევლინება ლოცვა.
საყურადღებოა, ფაქტი იმის შესახებ, რომ მუსლიმ ინგილოთა რიგ სოფლებში ქართულად აღარ მეტყველებენ. გარდა ამისა, ქართული სახელები და გვარები შეცვლილი აქვთ. თუმცა, ის მუსლიმი ინგილოები, რომლებმაც დღემდე შემოინახეს ქართული ენა, უფრო სალიტერატურო ქართულს ლაპარაკობენ, ვიდრე ქრისტიანი ინგილოები. ეს გამოწვეული იმით, რომ მუსლიმ ინგილოთა სოფლები, ქვემოთ, ალაზნის მახლობლად მდებარეობს, რის გამოც საქართველოსთან, წითელწყაროს რაიონის ქართველებთან უფრო მჭიდრო და ხშირი ურთიერთობა აქვთ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ყოფა და მათი პრობლემები დღემდე არ არის საფუძვლიანად შესწავლილი, არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის მიერ. მათდამი ინტერესი სახელმწიფოსა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხრიდან არც თუ ისე მაღალია. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ არ მოიძებნება არანაირი კვლევა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრებას, მათ საჭიროებებს, პრობლემებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სწორედ ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც ჩვენი ეთნოსის წარმომადგენლები არიან და საკუთარ თავს ქართველებად მოიხსენიებენ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება აზერბაიჯანულ საზოგადოებაში მათი სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის ხარისხისა და თვითიდენტობის კვლევა. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, თუ რა სახის ბარიერებს აწყდებიან მოცემულ საზოგადოებაში და როგორია მათი ყოფა საქართველოს მიღმა, ისევ „საქართველოში“.
ლიტერატურის მიმოხილვა
ინდივიდებისათვის საკუთარ თავში გარკვევა და გარემოში ორიენტირება იმაზე გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს საუკუნეების წინ იყო შესაძლებელი. ადამიანები მუდმივად ინფორმაციული ნაკადების ძლიერ შემოტევებს ექვემდებარებიან და იდენტობის ძიებაში არიან. ცხოვრება მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი კულტურული ელემენტების გარემოცვაში მიმდინარეობს. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად რთულდება ამ სამყაროში საკუთარი ადგილისა და იდენტობის პოვნა (Linger, 2007).
აღსანიშნავია, რომ ერიკ ერიქსონის თვალსაზრისით, იდენტობა ყალიბდება სოციალურ ინტერაქციაში და ის განსაზღვრულია სოციალურ-კულტურული კონტექსტით. პოსტმოდერნისტები კი იდენტობას პიროვნების მოძრავ სიტუაციურ ასპექტად განიხილავენ, მაგალითად რომელიმე სოციალური ერთობის კუთვნილებით. თანამედროვე სოციალურ სამეცნიერო დისკურსში იდენტობის ამგვარი მნიშვნელობები ნაწილობრივ კვლავაც ნარჩუნდება, თუმცა, მისი მნიშვნელობა დღეს უფრო დახვეწილი და შინაგანად დატვირთულია (Орлова, 2010).
კოლექტიური კუთვნილებისა და იდენტობის ცნება საკმაოდ ახალია. ის უახლეს წარსულში შემოიტანა იტალიელმა მკვლევარმა, ანტონიო მელუჩიმ. მისი აზრით, კოლექტიური იდენტობა სოციალური იდენტობისაგან იმით განსხვავდება, რომ ის აღნიშნავს არა ინდივიდის ადგილს ჯგუფში, არამედ მთლიანად ჯგუფის (თავად ჯგუფის) იდენტობას. კოლექტიური იდენტობა ვლინდება ჯგუფურ/სოციალურ მოქმედებაში. მელუჩი მიუთითებს, რომ კოლექტიური იდენტობა ინდივიდთა კოლექტიური აქტივობისა და საზიარო აქტივობის რეპრეზენტაციას წარმოადგენს. ის გამყარებულია ჯგუფის წევრებს შორის ინტენსიური კომუნიკაციით. ჯგუფს შიგნით (in-group) ინტენსიური კომუნიკაციის გარეშე კოლექტიური იდენტობა ქრება. კოლექტიური იდენტობის ცნება ჯგუფური/სოციალური მოქმედების საინტერპრეტაციო კონცეპტუალური ინსტრუმენტია მაშინ, როცა სოციალური იდენტობა მხოლოდ ინდივიდუალური თვითკატეგორიზაციის პროცესს აღწერს (Meluci, 1996).
არსებული საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ჯონ ბერის მიერ შემუშავებული აკულტურაციისა და ადაპტაციის თეორია, რომელშიც აღნიშნავს რომ, ახალ გარემოში მოხვედრილ ჯგუფებს უწევთ, გაიარონ ფსიქოლოგიური, სოციოკულტურული და ეკონომიკური ადაპტაციის ეტაპები. იგი საუბრობს აკულტურაციაზე და განსაზღვრავს მას, როგორც ფენომენს, რომელიც ასახავს ურთიერთობის პროცესში ჯგუფთა კულტურული პატერნების ცვლილებას. (Berry, 1997).
ამის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს ფრანგი მკვლევარი, კამილერი საკუთარ თეორიაში „სოციალიზაცია და თვითიდენტობის სტრატეგიები“, რომელშიც იგი წერს ინკულტურაციაზე, რაც გულისხმობს ადაპტაციისას მიმდინარე განსხვავებული ჯგუფების კულტურული ღირებულებების ათვისებას. ჯონ ბერი კი აღნიშნავს, რომ ინკულტურაცია და აკულტურაცია თითქმის ერთმანეთის მსგავსი ცნებებია, თუმცა გამოყოფს ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას, რაც ინკულტურაციას ახალი კულტურის ჩამოყალიბების მიმართ მეტი ინტერსით გამოარჩევს (Berry, 1997).
კამილერი თავის თანაავტორ მალევსკა-პიერთან ერთად ხაზს უსვამს ახალ კულტურასთან ადაპტაციის პროცესში ინტეგრაციის მნიშვნელობას. ინკულტურაცია არ განსხვავდება სოციალიზაციისა და განათლების მიღებისაგან. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ინდივიდი მზად უნდა იყოს დესოციალიზაციისა და რესოციალიზაციისთვის. მათ ყველანაირი კულტურული წესებისა და ღირებულებების დაცვით უნდა მოახერხონ, საზოგადოებაში პატივსაცემი წევრები გახდნენ. კულტურა მთავარი მაინტეგრირებელი სისტემაა, ინტეგრაცია კი კულტურულ ცვლილებათა შეგუების საუკეთესო გზაა. ინდივიდებმა უნდა მოახერხონ საკუთარი იდენტობის დაცვა და ამავდროულად ყოველგვარი წინააღმდეგობების გადალახვით ახალ კულტურასთან ინტეგრაცია, რათა არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია.
კამილერი და მალევსკა-პიერი იდენტობის კოჰერენტულობის შენარჩუნების ორ ძირითად, ონტოლოგიურსა და პრაგმატულ სტრატეგიებს გამოყოფენ, რომლის მიხედვით, ინდივიდმა უნდა დაიცვას საკუთარი და ამავდროულად უნდა გაიზიაროს მიმღები კულტურული ღირებულები. როგორც ავტორები ხსნიან, ონტოლოგიური სტრატეგია გულისხმობს საკუთარი კულტურის ერთგულებას, ხოლო პრაგმატული - დომინანტურ კულტურასთან შეგუებას და მისი ღირებულებების გაზიარებას. ინდივიდმა შეიძლება სტრატეგიები მარტივ და რთულ დონეზე გამოიყენოს, რის მიხედვითაც იგი ირჩევს ორი სტრატეგიიდან ერთ-ერთს, ან ახდენს მის სინთეზს. მარტივ დონეზე , ინტეგრაციის პროცესში კონფლიქტისა და სტიგმატიზაციის თავიდან არიდების სამი სტრატეგია გამოიყოფა. პირველი ონტოლოგიურია და საკუთარ კულტურულ ღირებულებებს ებღაუჭება. მეორე სტრატეგია პრაგმატულია და ინდივიდები მაშინ მიმართავენ, როდესაც სტრესულ სიტუაციაში იმყოფებიან და შესაძლოა გააკეთონ ის, რასაც სხვა დროს არ გააკეთებდნენ. ხოლო მესამე სტრატეგიას „ქამელეონის იდენტობას“ უწოდებენ, რომლის ქმედებებსაც გარემოებები განაპირობებენ (Malewska-Peyre, H., & Camilleri, C., 1997).
ამგვარად, ჩანს, რომ განსხვავებულ კულტურასთან ინტეგრაციის სხვადასხვა გზა არსებობს, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება ინდივიდის თუ კოლექტივის იდენტობაზე. საინტერესოა, ამ მხრივ, როგორი მდგომარეობაა აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებთან და ისინი დღემდე არიან საკუთარი იდენტობის მატარებლები თუ მოუწიათ დომინანტურ კულტურასთან შეგუება.
მეთოდოლოგია
საკვლევ მიზანს წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის ხარისხის განსაზღვრა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში და მათი თვითიდენტობის კვლევა. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
- ისტორიული ჰერეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების ადგილობრივ აზერბაიჯანელთა კულტურასთან ადაპტაციის ხარისხის შეფასება.
- ისტორიული ჰერეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების ზოგადი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათება და ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების იდენტიფიცირება.
- ისტორიული ჰერეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების კულტურული თვითიდენტობის ძირითადი ასპექტების გამოვლენა.
- ისტორიული ჰერეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების პოლიტიკურ და სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობის ხარისხის იდენტიფიცირება.
- ისტორიული ჰერეთის რეგიონში მცხოვრები „ქართველების თვალით დანახული“ აზერბაიჯანელთა განწყობების შეფასება მათ მიმართ.
- გამოვლენილი პრობემების გადაჭრისთვის საჭირო სტრატეგიების განსაზღვრა სამიზნე ჯგუფის მიერ.
აღნიშნული თემის შესასწავლად, შეირჩა თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდები. თვისებრივი მეთოდის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფი. მისი დადებითი მხარე მდგომარეობდა იმაში, რომ მცირე დროში არსებული თემის შესახებ, ერთდროულად რამდენიმე რესპონდენტის გამოკითხვისა და სიღრმისეული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლეოდა. საკვლევი თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კითხვა-პასუხის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რესპონდენტთა გულახდილობა, რაც მაგალითად, სიღრმისეული ინტერვიუსთან შედარებით, ფოკუს-ჯგუფის პირობებში უფრო მარტივი მისაღწევია, რადგან ერთი წევრის გულწრფელობა, გარკვეულ ეფექტს სხვებზეც ახდენს. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფის გზამკვლევი, რომელმაც ფაქტობრივად, საკითხის შესასწავლად საჭირო ყველა მინიშვნელოვანი შეკითხვა მოიცვა.
ვინაიდან კვლევის სამიზნე ჯგუფს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები წარმოადგენდნენ, ფოკუს ჯგუფების ჩატარება დაიგეგმა ეროვნული უმცირესობებით ყველაზე კომპაქტურად დასახლებული რეგიონის მთავარ ქალაქში-კახში და სოფელ ალიბეგლოში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 3 ფოკუს ჯგუფი და საბოლოო ჯამში გამოიკითხა 24 რესპონდენტი, აქედან 13 მდედრობითი, ხოლო 11 მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელთა ასაკიც მერყეობდა 19 წლიდან 83 წლამდე. რესპონდენტთა შერჩევის პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული იყო მათი გათვითცნობიერებულობა ამ საკითხის მიმართ და თითოეული მათგანი შესასწავლი სოციუმის წევრი იყო. იმისათვის, რომ ფოკუსჯგუფის მონაწილეთა ჰომოგენურობა დაცული ყოფილიყო, ასაკობრივი კატეგორიების გამოყოფასთან ერთად, მონაწილეები შეირჩნენ განათლებისა (საშუალო, პროფესიული და უმაღლესი) და დასაქმების სტატუსის (დასაქმებული და დაუსაქმებელი) მიხედვითაც.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენდა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, შერჩევით ერთობლიობას კი, ქალაქ კახსა და მის მდებარე ქართულ სოფლებში მცხოვრები ქართველები, რომელთა გამოსაკითხად გამოვიყენეთ რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდი სტრუქტურირებული ინტერვიუ. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ბლოკისგან. გამოკითხულ რესპონდენტთა რაოდენობამ შეადგენა 249 კაცი, რომელთა ასაკიც 18 წლიდან 85 წლამდე მერყეობდა. რესპონდენტთა შერჩევის ჩარჩომ მოიცვა სოფელ ალიბეგლოს 200 კომლი. იმის გათვალისწინებით, რომ სოფელში კომლების რაოდენობა ბევრი არ იყო, გადაწყდა ყოველი მათგანი მოხვედრილიყო შერჩევაში. ამრიგად, ეს რიცხვი ალიბეგლოში არსებულ მთლიან კომლთა რაოდენობას წარმოაგდგენს. თითოეული მათგანიდან გამოკითხულ იქნა ოჯახის ის წევრი, რომელსაც ყველაზე ბოლოს ჰქონდა დაბადების დღე. დანარჩენი 49 რესპონდენტი კი შეირჩა ქალაქ კახში, ქართველებით დასახლებულ უბნებში, ყოველ მესამე ოჯახში ზემოთ ნახსენები იმავე პრინციპით.
რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად გამოვიყენეთ სტატისტიკური კომპიუტერული პროგრამა SPSS. დამუშავებისას და ანალიზისას გამოვიყენეთ უნივარიაციული და ბივარიაციული ანალიზის მეთოდები, როგორიცაა სიხშირული (ერთგანზომილებიანი) განაწილება, ცენტრალური ტენდენციის მაჩვენებლები, კროსტაბოლაციური ანალიზი, რეგრესია, ფაქტორული ანალიზი და სხვა. რაც შეეხება თვისებრივი მონაცემების დამუშავებას, ამისთვის გამოყენებულ იქნა პროგრამა NVivo. მისი მეშვეობით, დაკოდირდა და დაჯგუფდა დისკუსიის შედეგად მიღებული მონაცემები, რის შემდეგაც გამოიყო ცალკეული კატეგორიები.
თვისებრივი კვლევის შედეგები
1.აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები - საგანმანათლებლო გარემო
განათლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისათვის. ისინი აღნიშნავენ, რომ ცოდნის მიღების პროცესში არაერთი პრობლემა ექმენაბათ. ქალაქ კახსა და მის შემოგარენში არსებულ ქართულ სოფლებში, მთლიანობაში, არის 7 ქართულენოვანი სკოლა, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები აწყდებიან მრავალ დაბრკოლებას. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებული სირთულეები ძირითადად უკავშირდება სკოლებში საჭირო ინვენტარის არქონას, ქართული ლიტერატურის სიმწირესა და რაც ყველაზე მთავარია, ინფრასტრუქტურას, რომელიც არის მოძველებული და ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშიც კი. როგორც კვლევის მონაწილეებმა მიუთითეს, სკოლაში ხშირად ყოფილა ბათქაშის ჩამოყრის ან იატაკის ჩავარდნის ფაქტები, რასაც საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია.
განათლების სისტემაზე საუბრისას, რომლის ფარგლებშიც იღებენ განათლებას აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები, რესპონდენტებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმძღვანელოებზე. მათი თქმით, სულ რამდენიმე წელია, რაც ქართულენოვანი წიგნებით სწავლობენ მოსწავლეები, იქამდე კი აზერბაიჯანულად მიეწოდებოდათ სასკოლო მასალა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დისკუსიის შედეგად გამოვლინდა, ეხება ისტორიისა და გეოგრაფიის სასწავლო პროგრამას. კვლევაში მონაწილეთა უმეტესობა გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, რომ ეთნიკურად ქართველ მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება მიიღონ ცოდნა საქართველოს ისტორიისა და ასევე, გეოგრაფიის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოში გამოცემული სახელმძღვანელოები მხოლოდ მსოფლიოსა და საკუთარი ქვეყნის წარსულზე მოგვითხრობს და საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციაა მოცემული. მისი თქმით:
„ისტორიის წიგნში ქართელები ალბანელებად არიან მოხსენიებულნი, რომლებმაც საუკუნეების წინ დაიპყრეს აზერბაიჯანის გარკვეული ტერიტორიები და დასახლდნენ. სწორედ მათი შთამომავლები არიან დღესდღეობით ბელაქანში, ზაქათალასა და კახში მცხოვრები ქართველები“ (კ.ბ.,მდედრ., 40წ.).
გარდა ამ საკითხებისა, კვლევაში მონაწილეებმა ისაუბრეს სკოლაში არსებულ საჭირო ინვენტარსა და ინფრასტრუქტურაზე. როგორც ისინი ამბობენ, სკოლებში არ არის ელემენტარული პირობები, იმისთვის, რომ მოსწავლემ მიიღოს საჭირო განათლება და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას. ქართულენოვანი სკოლები არ არის ტექნიკურად აღჭურვილი, რაშიც იგულისხმება თუნდაც კომპიუტერების არსებობა. ეს ყველაფერი კი დაბრკოლებას ქმნის ცოდნის მიღების გზაზე.
სკოლების ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, რესპონდენტებმა აღწერეს ის პირობები, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სწავლების პროცესი. მათი თქმით, არცერთი ქართულენოვანი სკოლა არ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებსაც კი. შენობები არის ძალიან ძველი და ზოგიერთ მათგანს დანგრევის საფრთხეც კი ემუქრება. რაც შეეხება აზერბაიჯანულ სკოლებს, ისინი აღჭურვილია სწავლისათვის აუცილებელი ყველა საჭირო ინვენტარით და თითოეული მათგანი უმაღლეს დონეზეა გარემონტებული. თუმცა არსებული განსხვავებების მიუხედავად, კვლევაში მონაწილენი აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანული განათლების ხარისხი მნიშვნელოვანწილად ჩამორჩება ქართულს.
საბოლოოდ, კვლევამ დაადგინა, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები განათლების მიღების პროცესში აწყდებიან სხვადასხვა სახის პრობლემას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. გარდა ამისა, იქ არსებულ ქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებს უწევთ შეგუება რთულ გარემო-პირობებთან.
2.აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების დასაქმების შესაძლებლობები
კვლევაში მონაწილეთა თქმით, აზერბაიჯანული სახელმწიფო დასაქმების ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით კი პატარა ქალაქებსა და სოფლებში. ქართველებით დასახლებულ რეგიონებში თითქმის არ არის სამუშაო ადგილები. თუმცა, რესპონდენტებმა აღნიშნეს ისიც, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვისაც რთულია სამსახურის პოვნა და ისინი ძირითადად ვაჭრობას მისდევენ.
კვლევის პროცესში გამოვლინდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ქართველები სოფელში ძირითადად სკოლებში, ან სამედიცინო პუნქტებში მუშაობენ, რადგან დასაქმების სხვა არეალი ფაქტობრივად არ მოიძებნება. ექიმის პროფესია ძალიან მაღალანაზღაურებადია და ქართველი ექიმები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეთნიკურად აზერბაიჯანელებიც საჭიროების შემთხვევაში ქართველ ექიმებს მიმართავენ, რადგან დარწმუნებულები არიან მათ კვალიფიკაციაში.
დასაქმების კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს სოფელ ალიბეგლოში არსებული ქართული თეატრი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, საჭირო ფინანსებისა და პირობების არქონის მიუხედავად. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, „იმის გამო, რომ დასაქმების სექტორი ძალიან ვიწროა, ახალგაზრდები ძირითადად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც აქ სამსახურის დაწყებაში გამოადგება. ასეთია, მედიცინა და პედაგოგობა“ (ნ.ო., მდედრ., 22წ.).
ამის გარდა, ქართველი მოსახლეობის შემოსავლისა და დასაქმების ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, ისინი დაკავებულნი არიან მეცხოველეობით, მებოსტნეობითა და მებაღეობით, საიდანაც მიღებულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. ამ მხრივ, ქართველები უპირატესობას ფლობენ აზერბაიჯანელებთან შედარებით, რადგან მათ აქვთ დიდი მიწის ნაკვეთები, სადაც სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ. „კიდევ კარგი ბუნება მაინც გვიწყობს ხელს და ამ დალოცვილი მიწის წყალობით გვიადვილდება ოჯახისათვის ლუკმა-პურის შოვნა“ (პ.ბ., მამრ., 83წ.).
ეთნიკურად ქართველებმა, ასევე, ისაუბრეს დასაქმებისა და თვითდასაქმების იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ განასხვავებთ აზერბაიჯანელებისაგან. არსებულ საკითხზე მსჯელობისას გამოვლინდა, რომ დასაქმებისას არსებობს განსხვავებები ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის.
რესპონდენტთა აზრით, დასაქმების ყველაზე დიდი შანსი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უმაღლესი განათლება აზერბაიჯანში მიიღეს. ვინაიდან მათ კარგად იციან სახელმწიფო ენა, კანონმდებლობა და ყველაფერი ის, რაც დაეხმარებათ მაღალი თანამდებობების დაკავებაში, ქართველი ახალგაზრდები კი ცოდნის გასაღრმავებლად საქართველოს უნივერსიტეტებს ირჩევენ, რასაც შემდგომში თან ახლავს გარკვეული დაბრკოლებები. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ერთ-ერთი კვლევაში მონაწილის შეხედულება:
„საქართველოში რომ მიდიან ჩვენი ახლაგაზრდები და მაგალითად, იურიდიულზე სწავლობენ ისინი ეუფლებიან საქართველოს კანონმდებლობას აქ კი მოგეხსენებათ სხვა კანონებია, ეს სხვა სახელმწიფოა. ამიტომ იქმენება თუნდაც სამუშაოს პრობლემა“ (ნ.ო., მდედრ., 22წ.).
გარდა ამისა, აზერბაიჯანელებს ჰყავთ გავლენიანი სანათესაო/სანაცნობო წრე, რომელთა ხელშეწყობაც დასაქმების შედარებით მეტ შესაძლებლობას იძლევა. ეს უკანასკნელი ხშირად კარიერული წინსვლის განმსაზღვრელია. ამგვარად, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი სახელდება, როგორც დასაქმებისათვის აუცილებელი ფაქტორი.
დასაქმების სფეროში ქართველებისა და აზერბაიჯანელებს შორის არსებული არათანაბარი მდგომარეობა გარკვეულწილად იწვევს ეკონომიკურ განსხვავებასაც. თუმცა, როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს არსებული განსხვავება უფრო მეტად თვალსაჩინოა ქალაქში, ვიდრე სოფლებში. „რიგით მოსახლეობას შორის დიდი განსხვავება არაა. სოფლებში როგორც ქართველები, არიან ჩართული სოფლის მეურნეობაში, ასევე არიან აზერბაიჯანელებიც“ (თ.ყ., მდედრ., 49წ.). ამისგან განსხვავებით, ზოგიერთი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სოფლებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა, ეკონომიკური თვალსაზრისით, პრივილეგირებულია, რადგან უფრო მეტ მიწას ფლობს და მეურნეობაც განვითარებული აქვს.
საბოლოოდ, რესპონდენტებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კარგად გამოჩნდა თუ რა შესაძლებლობები და ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს აზერბაიჯანში ქართველების დასაქმების საკითხში. როგორც გაირკვა, დასაქმების სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აზერბაიჯანელებისთვისაც, რაც ძირითადად განპირობებულია კორუფციითა და სამუშაო ადგილების სიმცირით. ქართველების შემთხვევაში კი ამას თან ერთვის ენობრივი ბარიერიც.
3.აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობა
პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება, გამოკითხული რესპონდენტების გადმოსახედიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივიზმი მათი აზრით, გადამწყვეტია, რადგან თვლიან, რომ ამ გზით უკეთ შეძლებენ არსებულ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მის სრულფასოვან წევრებად გახდომას. ამავდროულად, საჭიროა ეთნიკურ ქართველთა წარმომადგენლობა საჯარო და სახელმწიფო ორგანოებში, რათა მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც ამ თემის წინაშე ჯერ კიდევ მწვავედ დგას. თუმცა, ამის პარალელურად აღნიშნავენ, რომ მსგავს საქმიანობაში ჩართვა ზოგადად ძალიან რთულია რიგითი მოქალაქისთვის, მაგრამ ეთნიკურად ქართველის სტატუსი კიდევ უფრო აძნელებს მონაწილეობის მიღებას გარკვეულ პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივიზმში. ამის ერთ–ერთი მიზეზი არის ე.წ „კლანური მართველობები“, როგორც ადგილობრივ ასევე სახელმწიფო დონეზე, რაშიც იგულისხმება თანამდებობების მემკვიდრეობით გადაცემა და ნეპოტიზმით ან კორუფციის გზით დაკავება. ამ სიტუაციის მიუხედავად, ქართველები ვალდებულებად მიიჩნევენ თავიანთ ჩართულობას მსგავსს საქმიანობაში, რადგან ისინიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ქვეყანაზე ზრუნვა გარკვეულწილად მათი მოვალეობაცაა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ერთ–ერთმა მონაწილემ განაცხადა:
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მაინც შორს ვართ ასეთი საქმისგან. ამის ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ ჩვენი ეროვნებაა. აი, მაგალითად ევროპაში ხომ არ ექცევა ადამიანის წარმომავლობას მნიშვნელობა და ყველას თავისუფლად შეუძლია პოლიტიკაში ყოფნა. თუნდაც გერმანიის ბუნდესტაგში რამდენი ეთნიკურად თურქი წევრია და ყველა საერთო საქმისთვის მიიღწვის. აქ კი ეგრე არაა“ (თ.ბ., მამრ., 52წ.).
პოლიტიკური თვალსაზრისით ჩართულობა, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობისათვის მხოლოდ არჩევნებზე სიარულით შემოიფარგლება. თუმცა, მათი უმეტესობა ამ პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და საკუთარ როლს მეორეხარისხოვნად აღიქვამს, რაც შეიძლება არა რაიმე ეთნიკური ნიშნით, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არსებული ვითარებით აიხსნას.
პოლიტიკაში ჩართულობის მსგავსად, სამოქალაქო აქტივობებშიც ეთნიკურად ქართველები მონაწილეობას ნაკლებად იღებენ, რადგან თითქმის არ ხორციელდება მსგავსი საქმიანობები. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს არა მხოლოდ ქართველების, არამედ აზერბაიჯანელების პრობლემასაც წარმოადგენს, ვინაიდან ქვეყნის ზოგადი მდგომარეობაა საგანგაშო მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის მხრივ. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ხელისუფლება არ ცდილობს საკუთარი მოქალაქეების სრულ ინტეგრაციასა და არ სურს მათი გარკვეული ჩარევა ქვეყანაში არსებულ სისტემაში. ამის გამოვლინებაა სახელმწიფოს მიერ საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი სახის პროტესტის ჩახშობა და აზრის დაფიქსირების უფლების შეზღუდვა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აზერბაიჯანულ სახელმწიფოს თითოეულ რეგიონსა და სოფელში არსებობს ოცი ადამიანისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ადგილობრივ პრობელემებს აგვარებს, ჩართულია გარკვეულ საზოგადოებრივ აქტივობაში და ასევე, სასულიერო საქმიანობას უძღვება. ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი ქართული სოფლის ოცმეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ეკლესიას საერო პირი უდგას სათავეში და სწორედ არსებული საბჭო ირჩევს მოძღვარსაც. გარდა, ამისა ისინი ეწევიან გარკვეული სახის სამოქალაქო საქმიანობას. როგორიცაა მაგალითად, ეკლესიის ეზოს დალაგება, რომელშიც ცდილობენ ჩართონ ადგილობრივი ახალგაზრდობა.
არსებულ საკითხზე მსჯელობისას, გამოიკვეთა გენდერული უთანასწორობის პრობლემა სამოქალაქო საქმიანობაში ჩართვის პროცესში. ქალები მონაწილეობას ნაკლებად იღებენ მსგავს აქტივობებში, მაგალითად, ისინი არ მონაწილეობენ მათ დასახლებაში არსებულ საბჭოში და ოცივე წევრი მამრობითი სქესის წარმომადგენელია, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
საბოლოოდ, ჩვენი კვლევიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა თითქმის არ არის ჩართული ადგილობრივ პოლიტიკურ და სამოქალაქო საქმიანობაში. ამას, ერთი მხრივ, განსაზღვრავს მათი პირადი სურვილის არ არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული პოლიტიკური გარემო და სოციუმი.
4.აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების კულტურული და რელიგიური ტრადიციები
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების ტრადიციები თითქმის არ განსხვავდება ქართული ტრადიციებისგან, უბრალოდ აქვთ განსხვავებული ელემენტები, ისევე, როგორც, მაგალითად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. არსებული ტრადიციებიდან კვლევის მონაწილეებმა გამოყვეს რამდენიმე მათგანი, ქორწილის ტრადიცია, გასვენება, ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულების აღნიშვნის წესები.
ერთად საუკუნოვანი თანაცხოვრების მიუხედავად, ქართველთა და აზერბაიჯანელთა კულტურული ტრადიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება გარკვეული დაპირისპირების მიზეზი ეთნოსებს შორის, თუმცა მას მასშტაბური ხასიათი არ აქვს. კონფლიქტები ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე ვლინდება, როდესაც აზერბაიჯანელები ცდილობენ ქართველებს საშუალება არ მისცენ შეასრულონ თავიანთი ტრადიციები. შესაბამისად, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონია პრობლემა საკუთარი რელიგიის, კულტურისა და ეთნიკურობის გამო. თუმცა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კახის რაიონში და მის მიმდებარე ქართულ სოფლებში იშვიათად ხდება მსგავსი შემთხვევები, ხოლო რაც შეეხება ზაქათალასა და ბელაქნის რაიონებს, იქ უფრო რთული სიტუაციაა. ქართული მოსახლეობის უმეტესობამ ვერ შეინარჩუნა საკუთარი რელიგია და კულტურა. ისინი გარემო პირობებმა აიძულა, რომ მიეღოთ ისლამი, რის შედეგადაც წინაპრების დატოვებული ტრადიციებიც ნელ-ნელა დაკარგეს. ქალები, რომლებიც ამ რეგიონებიდან კახის რაიონში თხოვდებიან, ახერხებენ და ინათლებიან ქრიასტიანულად. ამის გარდა, ზაქათალასა და ბელაქანში არსებულ პრობლემებს თან დაერთო, აზერბაიჯანელების მხრიდან მათი იძულება, რომ ქართული სახელი და გვარები შეეცვალათ. ერთადერთი რისი შენარჩუნებაც მოახერხეს, არის ქართული ენა.
„ძველ სალიტერატურო ქართულთან ძალიან ახლოა მათი ენა. თქვენ ყველაფრის გაგება გაგიადვილდებათ. ჩვენთან ხომ არის რაღაც სიტყვები რასაც ვერ იგებთ, იმათ გამართული ქართული აქვთ. მაგრამ საჯაროდ ვერ საუბრობენ, მხოლოდ ერთმანეთში. თან ახალგაზრდობამ აღარ იცის უკვე და მარტო მოხუცებს აქვთ შემონახული, რადგან იქ ქართული სკოლები გაუქმებულია, აღარც ეკლესიებია“ (თ.ყ., მდედრ., 49წ.).
რაც შეეხება კახს, იმის მიუხედავად, რომ ის ყველაზე შორსაა საქართველოდან და ძირითადად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებული ქალაქები ესაზღვრება, დღემდე შენარჩუნებულია როგორც ქართული ტრადიციები, ისე ენა, რელიგია და ეროვნული იდენტობა. ამის მიზეზი იქ მცხოვრები ქართველებისთვისაც გაურკვეველია. მათი აზრით, ის პრობლემები, რომლებიც ზაქათალასა და ბელაქანშია წესით კახიდან უნდა დაწყებულიყო გეოგრაფიული მდებარეობის გამო.
მართალია, მთელი რიგი პრობლემები არსებობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელებისა და ქართველების რიგით ურთიერთობებში ის დიდ მნიშვნელობას არ თამაშობს. მათ ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა: „ვინც განათლებულია კარგად ესმის, ის რომ ღმერთი ერთია და რელიგიის გამო არ ქმნის პრობლემებს“ (რ.ბ., მდედრ., 77წ.). იმის გათვალისწინებით, რომ კახში, ქართულ სოფლებთან შედარებით, ეთნოსები შერეულია, მოსახლეობა ტოლერანტულადაა განწყობილი სხვისი ტრადიციების მიმართ. „მე აზერი ნაცნობები მყავს და ხშირად დავდივართ ერთმანეთის ქორწილებსა და გასვენებებში“ (თ.ბ., მამრ., 52წ.). მოსახლეობას შორის ცივილიზებული ურთიერთობის მიუხედავად, გარკვეულ საკითხებში რესპონდენტებმა რადიკალური პოზიცია გამოამჟღავნეს. განსაკუთრებით უარყოფითად უყურებენ ქართველი გოგოს აზერბაიჯანელზე გათხოვების ფაქტს. ამას არსებულ საზოგადოებაში მამაკაცის დომინანტური მდგომარეობით ხსნიან. ეს ნიშნავს, რომ ცოლს მოუწევს უარი თქვას თავის კულტურასა და რელიგიაზე და რაც ყველაზე მთავარია, შთამომავლობაც მამის ხაზს გაყვება. თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, გამონაკლისების მიმართ საზოგადოება ლოიალურია და ცდილობს გაგებით მოეკიდოს მოცემულობას.
მიუხედავად ამგვარი პირობებისა და აზერბაიჯანული საზოგადოების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობებისა, რაც განპირობებულია მათი რელიგიური განსხვავებულობით, ეთნიკურად ქართველები უფრთხილდებიან თავიანთ რელიგიასა და ტრადიციებს. ძალიან დიდია მათთვის ეროვნულობისა და ქართველად იდენტიფიცირების განცდა.
რაოდენობრივი კვლევის შედეგები
კვლევაში მონაწილეთა ასაკობრივი მაჩვენებელები 4 კატეგორიად დავყავით. რესპონდენტების 18% არის 15-დან 25-მდე შუალედში, ხოლო 24% - 26-35 წლის. მესამე კატეგორიაში თავი მოიყარა 31%-მა, რომელთა ასაკიც 36-დან 50-მდე მერყეობს. ხოლო ასაკობრივ ზედა ზღვარს წარმოადგენდნენ 51 ან უფრო მეტი წლის რესპონდენტები, რომელთა საერთო რაოდენობაც 26%-ს შეადგენს.
საინტერესოა, რესპონდენტთა პროცენტული განაწილება განათლების საფეხურის მიხედვით. როგორც აღმოჩნდა, უმეტესობას: 61%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, 16%-ს სრული საშუალო განათლება, ხოლო 8%-ს არასრული საშუალო განათლება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, გამოკითხულთა 13%-ს გარკვეული სპეციალობაში პროფესიული განათლება აქვთ.
იმის გასაზომად, თუ განათლების მიღების რა შესაძლებლობები გააჩნიათ აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს, კითხვარში შეტანილი იყო გარკვეული შეფასებითი ხასიათის შეკითხვები, რომლის საშუალებითაც გამოვლინდა რესპონდენტთა დამოკიდებულება ქართულენოვანი სკოლების მდგომარეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების საქმიანობის მიმართ განათლების სფეროში. გამოკითხულთა 90% იქ არსებულ სკოლების ხარისხს აფასებს, როგორც „ცუდს“ ან არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, რაზეც პასუხისმგებლობას ძირითადად ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს. ასევე, გამოვლინდა, რომ კვლევაში მონაწილეთა 93%-ის ძირითად პრობლემას წარმოადგენს საჭირო სასწავლო ინვენტარის არქონა იქ არსებულ ქართულენოვან სკოლებში. 89%-მა დააფიქსირა ქართულ ენაზე კლასგარეშე ლიტერატურის ნაკლებობაც. გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, რომ სკოლაში სწავლების პროცესში, მათთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი აზერბაიჯანული ენის არცოდნაა, ხოლო რაც შეეხება ქართული ენის არ ცოდნას, მხოლოდ 7% განიხილავს, მას როგორც პრობლემას.
რაოდენობრივი კვლევის შედეგების გასაანალიზებლად გამოვიყენე ფაქტორული ანალიზი. მისი საშუალებით გამოიყო 2 ფაქტორი. თითოეულმა მათგანმა გააერთიანა ის პრობლემები, რომლებიც ექმნებათ ეთნიკურად ქართველ ბავშვებს, სკოლაში სწავლისას. პირველი ფაქტორი ეხება საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მოიცავს ქართული ენის არცოდნის საკითხს, სასწავლო ინვენტარის არქონასა და აზერბაიჯანელ თანატოლებთან უთანხმოებას. მეორე ფაქტორმა მოიცვა სწავლის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია და გამოიყო შემდეგი ჯგუფები: ქართულ ენაზე კლასგარეშე ლიტერატურის ნაკლებობა, აზერბაიჯანული ენის არცოდნა და პედაგოგების მხრიდან ცუდი დამოკიდებულება.
აღსანიშნავია, რომ პირველი ფაქტორი მხოლოდ რესპონდენტთა 7%-სთვის წარმოადგენს პრობლემას. აქედან გამომდინარე კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასში გაერთიანებული ჯგუფები ნაკლებად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველებისთვის. რაც შეეხება, მეორე ფაქტორს, როგორც გაირკვა, მეტად აქტუალური აღმოჩნდა გამოკითხულთათვის და მონაცემების 89% ახსნა. თუმცა, საინტერესოა, რომ მასში შემავალი ცვლადების პროცენტული წილი საკმაოდ არათანაბრად გადანაწილდა და უმთავრეს საკითხად სკოლებში ქართულ ენაზე კლასგარეშე ლიტერატურის ნაკლებობა დაფიქსირდა. სასკოლო გარემოს შეფასებისას აზერბაიჯანული ენის არცოდნა მხოლოდ რესპონდენტების 14%-სთვის წარმოადგენს პრობლემას, ხოლო პედაგოგების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება 4%-მა დაასახელა.
ფაქტორული ანალიზის შედეგად გამოვლენილი პრობლემები ერთმანეთს შევადარეთ რეგრესიული ანალიზის გამოყენებით, რომლებიც უკავშირდება სკოლაში სწავლის პროცესს, და ქართველი მოსწავლეების ჩართულობის ხარისხი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. აღმოჩნდა, რომ ამ ორ ცვლადს შორის არსებობს დამოკიდებულება და რეგრესიულობის ხარისხი (Beta-ბეტა კოეფიციენტი) არის -0,3, ხოლო სტატისტიკური მნიშვნელოვნების კოეფიციენტი 0-ს უახლოვდება (Sig=0,00). არსებული სურათი მიუთითებს, რომ დაბალია იმ ადამიანების ჩართულობის ხარისხი საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებისთვისაც ორივე ფაქტორში არსებული საკითხები პრობლემურია. შესაბამისად ფაქტორებში თავმოყრილი პრობლემების ხარისხი თუ მაღალია, მაშინ ჩართულობის მაჩვენებელი მასთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია. მიღებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ პირველი და მეორე ფაქტორი უარყოფით გავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროექტებში ქართველი მოსწავლეების ჩართულობაზე.
კარგი განათლება და დასაქმება ლოგიკურად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტების აზრი ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია იმ პოლიტიკური და სოციალური გარემოს გათვალისწინებით, სადაც ისინი ცხოვრობენ. მათი 54% თვლის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასაქმებისთვის აუცილებელია გავლენიანი სანაცნობო წრე და ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობა (37%). განათლება და პროფესიონალიზმი კი უკანა პლანზეა და მხოლოდ 6% მიიჩნევს მას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კარგი სამსახურის დაწყების უმთავრეს პირობად. ზოგიერთი მათგანისთვის (4%) კი დასაქმების პროცესში ეთნიკურ წარმომავლობასაც ექცევა ყურადღება. დასაქმების პრობლემის არსებობის პირობებში, ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, ეთნიკურად ქართველების ზოგადი სურათი ასეთია: გამოკითხულთა 76%-ს ფული ჰყოფნის საკვებსა და ტანსაცმელზე, თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა ყოველთვის სასურველი ძვირადღირებული ნივთები შეიძინონ, ხოლო 22%-სთვის ამის შესაძლებლობაც არსებობს. მხოლოდ 2%-ია ისეთი, რომელის შემოსავალიც საკვებს ჰყოფნის.
დასაქმების გარდა, საინტერესოა, ეთნიკურდ ქართველები ჩართულები არიან თუ არა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში. ამის შესაფასებლად, მათ უპასუხეს შემდეგ შეკითხვების: ყოფილან თუ არა რომელიმე არასამთავრობო ან სათემო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის წევრი. როგორც გაირკვა, არცერთი რესპონდენტი არ ყოფილა რომელიმე მათგანის წევრი. რაც შეეხება საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობას, გამოკითხულთა 59%-ს არასდროს მიუღია მონაწილეობა მსგავსი სახის აქტივობაში, ხოლო 41% მეტნაკლებად ცდილობს ჩართვას. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კი მხოლოდ არჩევნებზე სიარულში გამოიხატება, რაც დასტურდება რესპონდენტთა 87%-ის პასუხით.
კროსტაბულაციური ანალიზის გამოყენებით ერთმანეთს შევადარე ორი ცვლადი: რესპონდენტებს ეთნიკური წარმომავლობის გამო ჰქონიათ თუ არა პრობლემა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისას და რამდენად თანაბარი პოლიტიკური უფლებები აქვთ მათ და აზერბაიჯანელებს, რათა დამედგინა გარკვეული სახის პოლიტიკურ დისკრიმინაციას ხომ არ აქვს ადგილი. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ არსებულ ცვლადებს შორის კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნების დონე 0-ს უახლოვდება (Sig=0.00). გამოვლენილი შედეგი კი შემდეგნაირად შეიძლება ინტერპრეტირდეს: იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც ჰქონიათ პრობლემა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის პროცესში და ამავე დროს მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანელებს და ქართველებს ერთნაირი პოლიტიკური უფლებები აქვთ, არის 9%. ხოლო ვინც ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელებს უფრო მეტი უფლება აქვთ ამ მხრივ, არის 18%. დანარჩენი 31%-ის აზრით, ორივე ეთნიკური ჯგუფი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ამის საპირისპიროდ, გამოკითხულთა 91% არასდროს ყოფილა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისას და ამავე დროს მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელებს და ქართველებს თანაბარი უფლებები აქვთ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკურად ქართველებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ საკუთარი აღმსარებლობა, კულტურა და ტრადიციები იმ გარემოში, სადაც ისინი თანაცხოვრობენ განსხვავებულ საზოგადოებასთან ერთად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ისინი ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი სხვადასხვა ნიშნით, როგორც ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
დასკვნა
მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა, რომ გვეპასუხა კვლევის დასაწყისში წამოჭრილ ამოცანებზე. როგორც გამოვლინდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების სოციალურ-კულტურული ინტეგრაცია არც თუ ისე რთულად მიმდინარეობს, თუმცა ამის მიუხედავად, არაერთი პრობლემისა თუ საჭიროების წინაშე დგანან. პირველ რიგში, აღსანიშნავია განათლების მიღების ის შესაძლებლობები, რომლებიც გააჩნიათ ეთნიკურად ქართველებს. შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აქვთ ელემენტარული პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა. ამაზე მეტყველებს კახის რაიონში არსებული ქართულენოვანი სკოლები, სადაც მოსწავლეები მოკლებულნი არიან ყოველგვარ საშუალებას, იმისთვის რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. მათ არ მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ან უცხოენოვან ლიტერატურაზე, არ აქვთ საჭირო ინვენტარი, ვერ ერთვებიან სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტში. თავის მხრივ, ასეთ პირობებში პედაგოგებსაც არ ეძლევათ საშუალება სწავლებისას გამოიყენონ განათლბის სფეროში არსებული ინოვაციური მიდგომები.
გარდა ამისა, სირთულეების დიდი ნაწილი უკავშირდება აზერბაიჯანის სახელმწიფო ენის არცოდნას, რაც იწვევს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ასევე, არსებულ საზოგადოებაში პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჩართულობის ნაკლებობას. სწორედ ამ მიზეზით, ეთნიკურად ქართველები ვერ იღებენ უმაღლეს განათლებას აზერბაიჯანში, რის გამოც საქართველოში უწევთ წასვლა. ასევე, ენის არცოდნის გამო აქვთ საჯარო სამსახურში დასაქმების პრობლემებიც. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმეტესობა თვითდასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ამას, ერთი მხრივ, თან სდევს განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა, აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან შედარებით. კერძოდ, როგორც გაირკვა, აზერბაიჯანელების უმეტესობას უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.
ეთნიკურად ქართველებს არ აქვთ შესაძლებლობა აზერბაიჯანელების მსგავსად აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეს ორი მიზეზით არის განპირობებული: 1. ქვეყნის ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას არ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს გახდნენ პოლიტიკურად აქტიურები და 2. ქართველთა არასაკმარისი კვალიფიკაცია და მათი ცოდნის აზერბაიჯანული განათლების სისტემის მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივიზმის დაბალ ხარისხს განაპირობებს ქართველთა კომპაქტურად ცხოვრება. ისინი თითქმის არ ერთვებიან სხვადასხვა სახის სოციალურ საქმიანობაში, აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან ერთად და მათი სოციალური გარემო შემოფარგლულია მხოლოდ ქართული საზოგადოებით. ასეთ პირობებში, ეთნიკურად ქართველები იჩენენ პასიურობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამ ყველაფრის ფონზე, ეთნიკურად ქართველები დღემდე ინარჩუნებენ საკუთარ ტრადიციებს, კულტურასა და რელიგიას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ, მრავალფეროვან საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება, წინაპრებისგან მიღებულ წესჩვეულებებს ახალ თაობასაც გადასცემენ და ქართული იდენტობით ზრდიან. ამის კვადაკვალ, რა თქმა უნდა, ხშირად ყოფილან აზერბაიჯანელი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლნი, თუმცა ეს არ აძლევს მათ იმის მიზეზს, რომ უარი თქვან ქრისტიანობაზე. როგორც, რესპონდენტებმა აღნიშნეს, აზერბაიჯანელები ხშირად იჩენენ უპატივცემულობას ქართული რელიგიური ძეგლების მიმართ, რაც გამოიხატება მათ ვანდალურ ქმედებაში. გარდა ამისა, მათი ეს დამოკიდებულება უშუალოდ პიროვნულ ურთიერთობებზეც აისახება და ზოგიერთ, ქართველებით დასახლებულ, რეგიონში უმძიმესი სიტუაციაა. კერძოდ, ისინი იძულებულები არიან უარი თქვან ქრისტიანულ აღმსარებლობაზე და მიიღონ ისლამი. ასევე, უწევთ ქართული სახელებისა და გვარების გადაკეთება. ხელისუფლების მხრიდანაც, ჩანს გარკვეული რელიგიური დისკრიმინაციის შემცველი ქმედებები, რაც გამოიხატება ეკლესიების დახურვასა და რელიგიური მსახურების აკრძალვაში. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ქართველებს რთულ პირობებში უწევთ აღმსარებლობის შენარჩუნება.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი ქართველები პრობლემურ გარემოში ცხოვრებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ზემოთ ნახსენები საკითხი პროგრესირებადია და თუ მაგალითად, რომელიმე მათგანი, რამდენიმე ათეული წლის წინ მწვავე არ იყო, დღეს ის მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს და მომავალშიც შეიძლება უფრო მეტი საფრთხისმომტანი აღმოჩნდეს ქართველთათვის იდენტობის შენარჩუნებისას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. http://diaspora.gov.ge
2.ჩანგაშვილი, გ., (1970). საინგილო. თბილისი: მეცნიერება
3.Berry, J. W. (1997). Immigration, Acculturation and Adaptation. UK: International Association of Applied Psychology.
4.Linger, D. T. (2007). Identity. In C. Casey, & Robert B. Edgerton, A Companion to psychological anthropology: modernity and psychocultural change. New Jersey: Blackwel Publishing.
5.Malewska-Peyre, H., & Camilleri, C. (1997). Socialization and Identity Strategies. In J. W. Berry, P. R. Dosen, & T. Saraswathi, Handbook of Cross-cultural Psychology: Basic processes and human development.
6.Meluci, A. (1996). Challenging codes: Collective action in the information age. Cambridge: Cambridge University Press.
7.Орлова, Э. А. (2010). ВОПРОСЫ СОЦИАЛЬНОЙ ТЕОРИИ. Москва: Институт философии РАН.