ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 6 მარტი 2018
რეზიუმე
წარმოდგენილ სტატიაში განხილული იქნება რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის ევოლუცია საქართველოში, რეპროდუქციული ორიენტაციების ცვლილება, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე. თემა არჩეულია საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით. საქართველოს მოსახლეობისთვის დამახასიათებელი დემოგრაფიული მაჩვენებლები მოწმობს, რომ ქვეყანა განიცდის მწვავე დემოგრაფიულ კრიზისს, რამაც გამოხატულება, უწინარეს ყოვლისა, შობადობის მკვეთრად შემცირებაში ჰპოვა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროა მისი საწყისების ძიება, პროცესის ევოლუციისთვის თვალის გადევნება და იმ ფაქტორების გამოვლენა რომლებიც განაპირობებს შობადობის არსებულ მდგომარეობას. ამ ყოველივეს კი რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის ცვლილება უდევს საფუძვლად.
ნაშრომის მიზანს და სიახლეს წარმოადგენს საქართველოში რეპროდუქციული განწყობისა და რეპროდუქციული ქცევის ევოლუციის შესწავლა, რომელმაც მოიცვა შემდეგი ამოცანები და საკითხები: რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის თემატიკაზე ჩატარებული კვლევებისა და 2017 წელს, ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის - „რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის კვლევა ახალგაზრდებში“, შეპირისპირებული ანალიზი, არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება და ახსნა; პარალელების გავლება წარსულსა და დღევანდელბას შორის, იმ ძირითადი ტენდენციებისა და ასპექტების გამოყოფა, რომლებმაც განიცადეს ცვლილება ნახევარი საუკუნის მანძილზე და რამაც საქართველო დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დააყენა. აგრეთვე, ახალგაზრდების (18-35 წლის კატეგორია) რეპროდუქციული ორიენტაციებისა და მათი დამოკიდებულებების გამოვლენა / შეფასება შობადობის, მასზე მოქმედი ფაქტორებისა და შობადობის საკითხებში სახელმწიფოს როლის განსაზღვრის მიმართ. ახალგაზრდების რეპროდუქცული განწყობისა და ქცევის კვლევა ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ისინი არიან / გახდებიან XXI საუკუნის საქართველოში სოციალურ-კულტურული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრებისა და რაღა თქმა უნდა თაობათა აღწარმოების მთავარი სუბიექტები / აქტორები.
საკვანძო სიტყვები: რეპროდუქციული განწყობა, რეპროდუქციული ქცევა, ბავშვის ყოლის მოთხოვნილება, შობადობის ხელშემწყობი/ხელისშემშლელი ფაქტორები, დემოგრაფიული პოლიტიკა.
Abstract
The purpose of the article is to analyze the evolution of reproductive disposition and behaviour in Georgia and the changes of reproductive orientations from the 70s of the last century to the present day. The topic was chosen due to its actuality. Demographic indicators of Georgian population show that the country is in a severe demographic crisis, which first of all, has dramatically reflected in the decrease of the childbirth. To find the solution, it is essential, to find the source of the problem, to trace the evolution of the process and to display the factors determining the actual condition of fertility and the changes of the reproductive disposition and behaviourare the bases for it.
The aim and the novelty of this article is the study of reproductive disposition and behaviour in Georgia, which covers next objectives and issues: analyzing and comparing the existing researches (about the issues of reproductive disposition and behaviour) and the results of the research “Survey of Reproductive Disposition and Behaviour of the Youth” (conducted by me, in 2017), showing and explaining their causal connections, making the comparable parallels between past and present, underlining the main tendencies and aspects that have been changed during the half century and that drove Georgia into the demographic crisis. Also the article aims to reveal and examine the reproductive orientations and attitudes of the youth (18-35 age category) towards to childbirth, the factors effecting on the childbirth, as well as to define the role of the state in this area. The study of the youth reproductive disposition and behaviour is very important, because this generation will become / already is the main actor of social-cultural and political-economic life and the renewal of generation of XXI century’s Georgia.
Key words: Reproductive Disposition, Reproductive Behaviour, Need of Having Children, Fertility Factors, Demographic Policy.
1. შესავალი
1.1. საკითხის აქტუალობა
თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გლობალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთ პრობლემას დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა წარმოადგენს. მსოფლიო მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპის ფონზე, საქართველოში საპირისპირო ტენდენციაა - მოსახლეობა სწრაფი ტემპით კლებულობს.
გაეროს 2017 წლის მოსახლეობის გადასინჯვის მონაცემებზე დაყრდნობით, პროგნოზის დაბალი ვარიანტის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) 2015-დან 2050 წლამდე პერიოდში 23.7%-ით, ანუ 935 000 კაცით შემცირდება და საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის 3 017 000 ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, მოსახლეობის საშუალოწლიური ზრდის ტემპი[1] უარყოფითი იქნება (-0,68%) და ყოველწლიურად, ქვეყნის მოსახლეობა საშუალოდ 26 714 კაცით შემცირდება (United Nations, DESA / Population Division, 2017)[2]. დღეს, საქართველო მოსახლეობის ზრდის ტემპის მიხედვით, 234 ქვეყანას შორის 198 ადგილზე იმყოფება (CIA. The World Factbook).
საქართველოს მოსახლეობის შობადობის, მოკვდაობის, ბუნებრივი მატების, ქორწინებისა და გარე მიგრაციის მონაცემები მოწმობს, რომ მოსახლეობა განიცდის მწვავე დემოგრაფიულ კრიზისს. დღის წესრიგში დგება ეფექტიანი და მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც წარმოუდგენელია მოსახლეობის რეპროდუქიცული ორიენტაციების სიღრმისეული შესწავლის გარეშე. აღნიშნულ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა და უგულვებელყოფილია სახელმწიფოს მხრიდან.
დემოგრაფიული განწყობისა და ქცევის შესწავლისკენ მიმართული კომპლექსური კვლევები დღეს-დღეობით სამწუხაროდ არ ხორციელდება. შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიე, რომ ჩამეტარებინა მრავალპლანიანი კვლევა ახალგაზრდების რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის შესასწავლად.
ჩემი კვლევა მიმართული იყო 18-35 წლის ახალგაზრდებზე, რომლებიც XXI საუკუნის საქართველოში სოციალურ-კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ერთ-ერთი შემოქმედი და თაობათა აღწარმოების[3] სუბიექტი არის / გახდება. შობადობა, მოსახლეობის აღწარმოების ერთ-ერთი წარმმართველი და უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია. შესაბამისად, ახალგაზრდების რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის შესწავლა, მიმდინარე პროცესების ანალიზი და სამომავლო ტენდენციების განსაზღვრა ყველა დროში არსებითია, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც მოსახლეობის კლება ასეთი თვალშისაცემია.
1.2. ნაშრომის მიზანი
ნაშრომის მიზანი გახლდათ - საქართველოში რეპროდუქციული განწყობისა და რეპროდუქციული ქცევის ევოლუციის შესწავლა (გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული - დღემდე). ნაშრომის ფარგლებში გადაიჭრა შემდეგი ამოცანები: მიღებული და გაანალიზირებული იქნა უახლესი სურათი რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების კუთხით (ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევაზე - „რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის კვლევა ახალგაზრდებში“ (2017 წ.) დაყრდნობით); გაივლო პარალელები წარსულსა და დღვანდელობას შორის (ჩატარებული კვლევების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე); მოხდა მიღებული შედეგების შეპირისპირებული ანალიზი და დადგინდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები; გამოიყო ის ძირითადი ტენდენციები და ასპექტები, რომლებმაც ნახევარი საუკუნის მანძილზე განიცადეს ცვლილებები (რამაც, შედეგად, საქართველო დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დააყენა); გამოვლინდა და გაანალიზდა დღვანდელი ახალგაზრდების რეპროდუქციული ორიენტაციები და დამოკიდებულებები, შობადობის, მასზე მოქმედი ფაქტორებისა და შობადობის საკითხებში სახელმწიფოს როლის განსაზღვრის კუთხით.
2. ლიტერატურის მიმოხილვა
ბოლო წლების საქართველოში, მძიმე დემოგრაფიული სიტუაცია თვალნათლივ აისახა შობადობის მკვეთრად შემცირების პროცესში. საკმაოდ მოკლე პერიოდში, ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებამ, განაპირობა შობადობის ისედაც რთული პროცესის დეფორმირება.
საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესებისა და კერძოდ, მოსახლეობის რეპროდუქციული ორიენტაციების შესწავლაზე მრავალი ქართველი მეცნიერი მუშაობდა. მათ შორის უნდა აღინიშნოს ბ-ნი. გ. წულაძის შრომები, რომლებიც სიღრმისეულად და ფუნდამენტურად იკვლევს რეპროდუქციულ ქცევასა და რეპროდუქციულ განწყობებს. აღნიშნული საკითხების შესწავლაში აგრეთვე დიდი წვლილი აქვთ შეტანილი შემდეგ მეცნიერებს: მ. ხმალაძე, ბ. კოტრიკაძე, ზ. ცხოვრებაძე, გ. მელაძე, ლ. ჩიქავა და სხვ. სწორედ მათ ნაშრომებს უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს ხელთ არსებულ იმ მნიშვნელოვან მონაცემებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დიდ სამსახურს გაუწევს სფეროთი დაინტერესებულ პირებს, სპეციალისტებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს. მოცემული სტატიაც მნიშვნელოვანწილად მათ ნაშრომებს ეყრდნობა, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ პროცესის დროში დანახვა და გაანალიზება.
მეტი სიცხადისათვის განვიხილოთ, ის დემოგრაფიული კატეგორიები, რომლებიც მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ორიენტაციების შესწავლაში. დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით, სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა სხვადასხვა ფაზაში იმყოფება, რომელთა გავლასაც განსხვავებული პერიოდები სჭირდება. დემოგრაფიაში, მოსახლეობის აღწარმოების მნიშვნელოვანი თვისებრივ-რაოდენობრივი ცვლილებების ასახსნელად, გამოიყენება დემოგრაფიული გადასვლის კონცეფცია. აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, საქართველო 60-იანი წლებიდან მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მესამე ფაზაში იმყოფებოდა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შობადობის შემცირება და მოკვდაობის ზრდა (ეს უკანასკნელი უმეტესად გამოწვეულია ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებით, მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერებით). შობადობის შემცირება თანდათან ნელდება და მესამე ფაზის ბოლოს მარტივი აღწარმოებისთვის[4] საჭირო დონეს (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი[5] უტოლდება 2.1-ს, შობადობის ზოგადი კოეფიციენტი[6] კი - 13.7‰-ს) აღწევს. თუმცა მოკვდაობა მაინც შობადობაზე ნაკლებია. მომდევნო მეოთხე ფაზისთვის კი დემოგრაფიული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი (წულაძე, მელაძე და გაჩეჩილაძე, 1997). მოსახლეობის აღწარმოების მეოთხე ფაზის დროს მოკვდაობა იზრდება და აღწევს შობადობის დონეს (დაახლოებით 13‰-ს), რითაც დემოგრაფიული სტაბილიზაციის პროცესი უნდა დამთავრდეს, მოსახლეობის ზრდა უნდა შეწყდეს და ერთ უცვლელ დონეზე დარჩეს (წულაძე გ. , 2012).
დემოგრაფიული მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეზე, დემოგრაფიული პროცესების შესწავლისათვის, აუცილებელია მოსახლეობის დემოგრაფიული განწყობისა და დემოგრაფიული ქცევის ანალიზი. მოკლედ მიმოვიხილოთ ის ძირითადი კატეგორიები, რომლებიც დაგვეხმარება განსახილველი საკითხის უკეთ გაგებასა და წვდომაში.
დემოგრაფიული განწყობა წარმოადგენს პიროვნების დამოკიდებულებას დემოგრაფიული პროცესების მიმართ. მათ შორის გამოიყოფა რეპროდუქციული განწყობა (დამოკიდებულება შობადობის მიმართ), საქორწინო განწყობა, მიგრაციული განწყობა და სხვა. დემოგრაფიული განწყობისა და დემოგრაფიული ქცევის ცენტრალური საკითხი გახლავთ რეპროდუქციული განწყობა და რეპროდუქციული ქცევა. აღნიშნული კატეგორიები ახასიათებს ადამიანების შეხედულებებს ბავშვთა რაოდენობისა და მათი დაბადების დროის შესახებ (ხმალაძე, 1981).
რეპროდუქციული განწყობა წარმოადგენს ადამიანის მზადყოფნას ფსიქოფიზიკური აქტივობისთვის, რომელიც მიმართულია „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილებისაკენ. რეპროდუქციული განწყობა წინ უსწრებს რეპროდუქციულ ქცევას, წარმოადგენს გარკვეული სახის მზადყოფნას და განსაზღვრავს რეპროდუქციული ქცევის მიმდინარეობას. „ბავშვის ყოლის მოთხოვნილება“ დემოგრაფიაში განიმარტება, როგორც ადამიანის მდგომარეობა, რომელიც წარმართავს მას ბავშვების ყოლისთვის. „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებამ“ ძველი დროიდან დღემდე ევოლუცია და ტრანსფორმაცია განიცადა. მისი ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება. განსაზღვრულ, დასრულებულ სახეს კი დაქორწინებისა და ცოლ-ქმრული ცხოვრების რამდენიმე წელიწადში (1-2) ღებულობს, რის შემდეგაც აღარ იცვლება (წულაძე გ. , 2012).
რეპროდუქციული ქცევა კი არის აქტივობა, რომელიც მიმართულია „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ დასაკმაყოფილებლად. რეპროდუქციული ქცევა განისაზღვრება „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებით“ და იმ სიტუაციით, რომელშიც შესაძლებელია ამ „მოთხოვნილების“ დაკმაყოფილება. რეპროდუქციული ქცევა წარმოადგენს შესაბამისი რეპროდუქციული განწყობის რეალიზაციას. რეპროდუქციული ქცევა შეიძლება იყოს შემდეგი სამი ტიპის: მრავალშვილიანობა, საშუალოშვილიანობა, მცირეშვილიანობა. თითოეული რეპროდუქციული ქცევის ტიპს ახასიათებს შესაბამისი რეპროდუქციული ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვების გარკვეული რაოდენობის ყოლასთან და მიღებულია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში. მრავალშვილიანობის რეპროდუქციული ნორმები ჩვილთა და საერთო მოკვდაობის მაღალი დონის შემთხვევაში იყო გაბატონებული და მათზე შესაბამის რეაქციას წარმოადგენდა. თუმცა, მოკვდაობის კლების პირობებში აღარ აღმოჩნდა საჭირო, რასაც დაემატა ოჯახის ფუნქციების ცვლილება და გარეოჯახური ორიენტაციების გაძლიერება. შესაბამისად, მრავალშვილიანობის ნორმები ჯერ საშუალოშვილიანობის, შემდგომ კი მცირეშვილიანობის ნორმებით ჩანაცვლდა. საშუალოშვილიანი რეპროდუქციული ქცევა განპირობებულია 3-4 „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებით“. მცირეშვილიანი რეპროდუქციული ქცევა კი - 1-2 „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებით“. აღნიშნულ პროცესს თან სდევდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისა და აბორტის ფართოდ გავრცელება (წულაძე გ. , 2012).
რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის გამოვლენა და შესწავლა შესაძლებელია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე - სოციოლოგიურ-დემოგრაფიული კვლევებით (იხ. სქემა 1) (ხმალაძე, 1981).
წყარო: სქემა შედგენილია ავტორის მიერ, დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიურ ლექსიკონზე დაყრდნობით (წულაძე გ.,2012)
პირველად, რეპროდუქციული ორიენტაციების მაჩვენებლების შესახებ მონაცემები მიღებულ იქნა აშშ-ში, XX საუკუნის პირველ ნახევარსა და 50-იანი წლების შუა პერიოდისთვის. საქართველოში, რეპროდუქციული ორიენტაციების კვლევები კი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ზოგ მათგანში მეტი ყურადღება ექცეოდა რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის სიღრმისეულ შესწავლას, ზოგი კი ამ საკითხს ნაწილობრივ, მხოლოდ რამდენიმე შეკითხვით ეხებოდა. კვლევების უმეტესი ნაწილი ძირითადად შეისწავლიდა არსებული რეპროდუქციული ქცევის ამსახველ სურათს და უფრო ნაკლებად რეპროდუქციულ განწყობას, მოლოდინებსა და განზრახვებს. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი უთმობდა ყურადღებას როგორც არსებული რეპროდუქიცული ორიენტაციების, ისე მათზე მოქმედი შესაძლო ფაქტორების გავლენის შესწავლას, რაც მათ მინუსად უნდა ჩაითვალოს.
კვლევების უმეტესობამ გამოავლინა, რომ ქართველები განწყობილნი იყვნენ / არიან რეპროდუქციული ორიენტაციების საკმაოდ მაღალი მახასიათებლებისკენ, მაგრამ რეალურად რეპროდუქციულ ქცევაში მათი ეს სურვილები არ / ვერ აისახება. რატომ? სწორედ ეს საკითხი არის საკვლევი, სწორედ ეს საკითხი არის საქართველოს დემოგრაფიული კრიზისის „აქილევსის ქუსლი“.
დასკვნის სახით შგვიძლია ვთქვათ, რომ დემოგრაფიული ქცევა წარმოადგენს მოქმედებათა ურთიერთდაკავშირებულ სისტემას, რომელიც განცალკევებულად კი არა, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფორმაციის ჭრილში უნდა განვიხილოთ. რეპროდუქციულ ორიენტაციებზე და შესაბამისად მის მახასიათებელ მაჩვენებლებზე გავლენას ახდენს რიგი დემოგრაფიული, სოციალურ-დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ფაქტორები. შესაბამისად, დემოგრაფიული კრიზისის დაძლევისთვის საჭიროა ფუნდამენტური თვისებრივი კვლევების ჩატარება, რომელშიც დემოგრაფიასთან ერთად ჩართული უნდა იყოს ისეთი დარგები, როგორებიცაა ეთნო და სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტუროლოგია და სხვა.
3. მეთოდოლოგია
რეპროდუქიცული განწყობისა და ქცევის ევოლუციის საკითხების კვლევისას, საწყის ეტაპზე, გამოყენებულ იქნა მონაცემების ანალიზის[7] მეთოდი, აღნიშნულ საკითხზე არსებული ლიტერატურისა და საქართველოში ჩატარებული კვლევების შესწავლისა და ანალიზის მიზნით. საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლისთვის (რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის ევოლუციაში მომხდარი ძირეული ცვლილებების ჩვენების, ამ პროცესების განმაპირობებელი ფაქტორების ახსნისა და დღეს არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით) ჩავატარე მრავალპლანიანი კვლევა - „რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის კვლევა ახალგაზრდებში“ (2017 წელი), რომელშიც გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. კვლევა განხორციელდა ელქტრონული გამოკითხვის მეშვეობით (ვებ გვერდის - www.surveymonkey.com პროგრამაში). კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა სტრუქტურიზებული კითხვარი დახურული, ნახევრად დახურული და ღია კითხვებით.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18-35 წლის 563 რესპონდენტი. ახალგაზრდათა ამ ასაკობრივი ჯგუფის შერჩევა მოხდა იმ პრინციპით, რომ აღნიშნულ ასაკში მყოფი ადამიანები ყველაზე აქტიურ რეპროდუქციულ ფაზაში არიან (ფსიქო-ფიზიოლოგიური სიმწიფის გათვალისწინებით) და შესაბამისად, აქტიურად მონაწილეობენ თაობათა აღწარმოების პროცესში.
გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთი კვირის მანძილზე - 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემთა შეყვანა და დამუშავება მოხდა სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით (მოხდა მონაცემების როგორც ერთ, ისე ორგანზომილებიანი ანალიზი).
რესპონდენტთა კვლევაში ჩართვა მოხდა ნებაყოფლობით, კითხვარის პრეამბულაში მითითებული კვლევის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების გაცნობით. კვლევა სრულად იცავდა რესპონდენტთა ანონიმურობასა და კონფიდენციალობას.
4.რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის ევოლუცია - კვლევების შედარებითი ანალიზი
კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შობადობის შესწავლაში. იმისათვის, რომ მოხდეს დღევანდელი სურათის სწორად შეფასება, განსაკუთრებით კი სამომავლო პერსპექტივებისა და მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება, საჭიროა საკითხისადმი თანმიმდევრული, სისტემური მიდგომა, რეპროდუქციული ორიენტაციების სიღრმისეულად შესწავლა, მათი ცვლილების ევოლუციისთვის თვალის მიდევნება და კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზის გაკეთება.
სწორედ ამ საკითხებს ეთმობა მოცემული ნაშრომი, სადაც შევეცადე რომ პარალელები გამევლო და თვალსაჩინოდ წარმომედგინა საქართველოში რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის ცვალებადობა, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
ჩვენამდე ჩატარებული სოციოლოგიურ-დემოგრაფიული კვლევებიდან, ზოგი უფრო სიღრმისეულად, ზოგი კი ზედაპირულად ეხებოდა რეპროდუქციული ორიენტაციების შესწავლას, ამიტომ მათ შორის პარალელების გავლება მხოლოდ საერთო მონაცემების არსებობის შემთხვევაში მოხერხდა.ამასთანავე, ყველა ჩატარებული კვლევა რაოდენობრივი გახლდათ, რაც არ იძლეოდა საკითხში სათანადოდ ჩაღრმავების საშუალებას და იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რეპროდუქციული ორიენტაციების ცვლილებაზე. თუმცა, ჩემს ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შევეცადე მეჩვენებინა რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის ევოლუციაში მომხდარი ძირეული ცვლილებები და ამეხსნა ამ პროცესების განმაპირობებელი ფაქტორები.
რეპროდუქციული განწობისა და ქცევის კვლევის მთავარ კატეგორიებს წარმოაგდენს ბავშვების იდეალური, სასურველი და მოსალოდნელი რაოდენობა, რომლებიც ხასიათდება შესაბამისი მაჩვენებლებით. ბავშვების იდეალური რაოდენობა გულისხმობს ადამიანის წარმოდგენას, ოჯახში ბავშვების საუკეთესო რაოდენობის შესახებ საერთოდ, პირადი უპირატესობის მინიჭებისა და ცხოვრების კონკრეტული პირობების გაუთვალისწინებლად. ბავშვების სასურველი რაოდენობა გულისხმობს ბავშვების იმ რაოდენობას, რომლის ყოლასაც ამჯობინებდა ადამიანი თავის ოჯახში პირადი მისწრაფებებიდან გამომდინარე, ცხოვრების კონკრეტული პირობების გაუთვალისწინებლად. ხოლო, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა წარმოადგენს ბავშვების იმ რაოდენობას, რომლის ყოლასაც აპირებს ადამიანი საერთოდ, „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებიდან” გამომდინარე, კონკრეტული ცხოვრებისეული პირობების გათვალისწინებით (წულაძე გ. , 2012).
ამგვარად, ნათლად ჩანს, რომ ოჯახში ბავშვების რაოდენობის განმსაზღვრელი კატეგორიები (ბავშვების იდეალური, სასურველი და მოსალოდნელი რაოდენობა) მართალია ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავდება, მაგრამ ყველა გაერთიანებულია რეპროდუქციულ განწყობაში და მისი შესწავლისთვის გამოიყენება. აღნიშნული კატეგორიები ერთმანეთის მიმართ გარკვეულ კანონზომიერებას ამჟღავნებენ. კერძოდ, ოჯახში ბავშვების საშუალო იდელაური რაოდენობის მაჩვენებლი აღემატება სასურველს, ხოლო სასურველი აღემატება მოსალოდნელს (თუმცა გამორიცხული არ არის მაჩვენებლთა სიდიდეების დამთხვევა ან პირიქითი მდგომარეობა).
ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის რეპროდუქციული ორიენტაციები აღნიშნულ კანონზომიერებას იმეორებს, თუმცა მაჩვენებლები სტაბილური დაღმავალი ან აღმავალი ცვლილებით არ ხასიათდება, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დემოგრაფიული პროცესები მჭიდრო კავშირშია ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან და მის ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენს.
განვიხილოთ თითოეული კატეგორია ცალ-ცალკე (იხ. გრაფიკი 1). ბავშვების იდეალური რაოდენობა, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებულ რეპროდუქციულ ნორმას წარმოადგენს, საქართველოში, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე 1 ბავშვით შემცირდა და დღეისთვის 2.94-ს შეადგენს. რეპროდუქციული ორიენტაციების ყველა მაჩვენებელმა (განსაკუთრებით კი ბავშვების იდეალურმა რაოდენობამ), თვალშისაცემი ვარდნა 1990-იან წლებში განიცადა და XXI საუკუნის დასაწყისამდე მუდმივი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა მოსახლეობის მარტივი აღწარმოების ზღვარს გაუთანაბრდა (2.15 ბავშვი – 1996 წელს). რეპროდუქიცული ორიენტაციების ესოდენ სწრაფი ცვლილება ემთხვევა 1990-იან წლებში საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცვლილებებს, რამაც ბუნებრივია, პირდაპირი ასახვა ჰპოვა დემოგრაფიულ და განსაკუთრებით კი რეპროდუქციულ ქცევაში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 1999 წლიდან შეინიშნებოდა რეპროდუქციული ორიენტაციების ნელი ტემპით, თუმცა მაინც ზრდის ტენდენცია. სავარაუდოა, რომ რეპროდუქციული ორიენტაციების ზრდა განპირობებული ყოფილიყო შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: ქვეყნის გამოსვლა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან; საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის ახალი ტენდენციები, როგორებიცაა: საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, სამუშაო ადგილების გაჩენა, სახელმწიფო სტრუქტურების - საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემების გამართვა; პატრიარქის შობადობის წამახალისებელი ინიციატივა და სხვა.
რაც შეეხება ბავშვების სასურველ რაოდენობას, რაც „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ გამოხატულების მაჩვენებლს წარმოადგენს, მასაც ისეთივე ცვლილების ხაზი ახასიათებს, როგორიც ბავშვების იდეალურ რაოდენობას. 1969 წლიდან 2017 წლამდე, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, ბავშვების სასურველი რაოდენობის მაჩვენებელი 1.11-ით შემცირდა (3.9-დან 2.79-მდე). თუმცა საინტერესოა, რომ ბავშვების იდეალური და სასურველი რაოდენობის მაჩვენებლები ერთმანეთთან ყველაზე ახლოს 1969 წლის შემდეგ, ჩემს მიერ ჩატარებული - 2017 წლის კვლევის დროს დაფიქსირდა და მათ შორის სხვაობამ მხოლოდ 0.15 შეადგინა. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავება დიდი იყო (0.3-0.65-ის ფარგლებში).
საინტერესოა, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობის მაჩვენებელის დინამიკისთვის თვალის გადევნება. აღნიშნული მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ რეალურად ასახავს როგორც რეპროდუქციულ განწყობას, ისე რეპროდუქციულ ქცევას (ბავშვების იდეალური და სასურველი რაოდენობებისგან განსხვავებით), ყველაზე ნაკლებად შეიცვალა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, კლებამ მხოლოდ 0.23 შეადგინა (2.88-დან 2.65-მდე). უნდა აღინიშნოს მისი საგანგაშო ვარდნა 2003 წელს, როდესაც მარტივი აღწარმოების ზღვარს ქვევით დაეშვა და მხოლოდ 1.9 შეადგინა (სამწუხაროდ 2003 წელს ჩატარებული კვლევა არ იძლეოდა ამ პროცესის ახსნას). უკანასკნელ წლებში, ბავშვების მოსალოდელი რაოდენობის მაჩვენებელი მატების ტენდენციითაც კი ხასიათდებოდა. რას უნდა მიუთითებდეს მისი მეტ-ნაკლები სტაბილურობა? რატომ იყო გასულ საუკუნეში ასეთი დიდი სხვაობა მოსახლეობის რეპროდუქიცულ ორიენტაციებს შორის? ვთვლი, რომ ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ სიღრმისეული, კომბინირებული კვლევების ანალიზის შედეგად შეიძლება გაეცეს. თუმცა, ამ ეტაპზე, შესაძლოა გამოითქვას შემდეგი მოსაზრება - 1970-იან წლებში არსებობდა მაღალი რეპროდუქციული ნორმები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იზიარებდა (რასაც ცხადყოფს საკმაოდ მაღალი რეპროდუქცული ორიენტაციების მაჩვენებლები ბავშვების იდეალური და სასურველი რაოდენობის შემთხვევაში - თითქმის 4 ბავშვი), მათი იდეალები და სურვილები მრავალშვილიანობისკენ იყო მიმართული. რეპროდუქციული ქცევის არსებული სოციალური ნორმა და პირადი მისწრაფებები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიოდა. მიუხედავად ამისა, ამავე პერიოდში, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა 1-ზე მეტი ბავშვით ნაკლები იყო რესპონდენტთა სურვილებზე. ვინაიდან ბავშვის მოსალოდნელი რაოდენობა ითვალისწინებს კონკრეტულ ცხოვრებისეულ პირობებს და ინდივიდუალურ ოპტიმუმს წარმოადგენს, შესაძლოა დავასკვნათ, რომ იმ ხანადაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვის აღზრდის ხარისხი და არა რაოდენობა. არსებული გარემო-პირობები კი, მრავალშვილიანობის ამსახველი რეპროდუქციული განწყობის რეალიზაციის საშუალებას არ იძლეოდა. გასულ საუკუნეში, სახელმწიფოს სათანადო ყურადღება რომ მიექცია მოსახლეობის რეპორდუქციული ორიენტაციების კლებისთვის, გაეტარებინა შებამასისი ღონსძიებები და შეემუშავებინა სისტემური დემოგრაფიული პოლიტიკა, დღეს ამ კუთხით, უკეთესი სურათი გვექნებოდა.
როგორც აღამოჩნდა, რეპროდუქციულ ორიენტაცებს შორის ყველაზე დიდი ვარდნა ბავშვების იდეალურმა და სასურველმა რაოდენობებმა განიცადა, სწორედ იმ კატეგორიებმა, რომლებიც დაკავშირებულია რეპროდუქციული ქცევის სოციალურ ნორმებთან და პირად მისწრაფებებთან, ცხოვრების კონკრეტული პირობების გაუთვალისწინებლად. ორივე მათგანზე დიდია სოციალური გარემოს გავლენა. შესაბამისად, ამ პროცესის ახსნა იმ დემოგრაფიული ფასეულობების ცვლილებაში უნდა ვეძიოთ, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეპროდუქიცული ორიენტაციების ფორმირებაში. დემოგრაფიულ ფასეულობებში აისახება ამა თუ იმ ხალხის ცხოვრების წესი, ზნე-ჩვეულება, საქორწინო და საოჯახო ფორმები და ტრადიციები, ინტერესები და მოთხოვნები, ოჯახის დაგეგმვის გამოცდილება და საბოლოო ჯამში მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმი. „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ შემცირება, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ქართველებისთვის არ არის დამახასიათებელი. ეს ტენდენცია ქვეყნის განვითარებისა და ცხოვრების წესის თანმდევი შეუქცევადი პროცესია. ადამიანები უფრო და უფრო მეტ ორიენტირს აკეთებენ ბავშვების აღზრდის ხარისხზე და არა მათ რაოდენობაზე. ამასთან, თანამედროვე ცხოვრების წესი და მოთხოვნები უბიძგებს მათ მეტი თვითაქტივობისკენ ოჯახს გარეთ. წინა პლანზე გამოდის ახალი ეპოქის გამოწვევები და მოტივები, რის შედეგადაც ყალიბდება სხვადასხვა ფასეულობები, რომელშიც ახალგაზრდები თავის თავს არა მხოლოდ მშობლებად, არამედ აქტიურ მოქალაქეებად წარმოიდგენენ, ესენია: ფართო ინტერესები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება, პერსონალური და კარიერული წინსვლა, მყარი მატერიალური საფუძვლის შექმნა, დამოუკიდებლად ცხოვრების მოთხოვნილება, ქალთა ემანსიპაცია, ბავშვების აღზრდის ხარისხი და სხვა. ცხოვრების ახალი წესის პირობებში, თანდათან მცირდება „ბავშვის ყოლის მოთხოვნილება“, რადგან ბავშვის გაჩენა ადამიანის ცნობიერი არჩევანის შედეგი ხდება. შესაბამისად, ადამიანები ნაკლებად არიან ორიენტირებულნი ბავშვების ყოლაზე, რაც ხსნის კვლევების შედეგად მიღებულ სურათს, თუ რატომ მცირდება „ბავშვთა ფასეულობა“, რატომ იკლებს მრავალშვილიანი და საშუალოშვილიანი ოჯახების ფასეულობა, მის უკუპროპორციულად იზრდება მცირეშვილიანობის ფასეულობა და შესაბამისად მკვიდრდება აღნიშნული რეპროდუქციული ნორმა - რაოდენიბრივად ცოტა ბავშვი ოჯახში, სამაგიეროდ, ბავშვთა აღზრდის ხარისხის ზრდა. მცირეშვილიანობა კი, თავისთავად შობადობის შემცირების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია.
კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში, რეპროდუქციული ორიენტაციების ამსახველ თითოეულ კატეგორიას შორის სხვაობა შედარებით შემცირდა და მათი მაჩვენებლები ერთმანეთს დაუახლოვდა. საინტერესოა, რომ 2014 და 2017 წლის კვლევებს შორის, მართალია ბავშვების იდეალური რაოდნეობა მცირედით დაკლებულია, მაგრამ ბავშვების სასურველი და მოსალოდნელი რაოდენობა გაზრდილია. ამასთან, 2017 წლის მონაცემებით, რეპროდუქციული ორიენტაციების მაჩვენებლები ერთმანეთს ძალზე დაუახლოვდა (თითოეულ მათგანს შორის სხვაობამ დაახლოებით 0.15 შეადგინა, რაც აქამდე ჩატარებულ არცერთ კვლევაში არ დაფიქსირებულა). რეპროდუქიცული ორიენტაციების მაჩვენებელების ერთმანეთთან ესოდენ ახლოს დგომა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ დღეს ახალგაზრდები უფრო პრაგმატულად უდგებიან ცხოვრებას. მათი იდეალები და სურვილები რეალური განხორციელების შესაძლებლობებს პასუხობს. ეს ყოველივე კი განაპირობებს რეპროდუქციული განწყობის დღევანდელ სურათს, რომელიც თავის მრივ, ახლოს იქნება მისი რეალიზაციის შედეგებთან - ფაქტობრივ მდგომარეობასთან.
რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის შესწავლისას მეტად მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ორიენტაციების კვლევა, რადგან ყველაზე აქტიურად სწორედ ისინი არიან ჩართულნი ან უახლოეს პერიოდში ჩაერთვებიან თაობათა აღწარმოების პროცესში. ბავშვების იდეალური რაოდენობის დინამიკა სტუდენტთა შორის ბოლო 45-48 წელში მნიშვნელოვნად შეიცვალა (იხ. გრაფიკი 2). ყველაზე დიდი კლება განიცადა 4 ბავშვის კატეგორიამ, რომელიც თითქმის 4-ჯერ (36.5 პროცენტული პუნქტით) შემცირდა - 49.4%-დან 12.9%-მდე. მის საპირისპიროდ კი, ოჯახში 2 ბავშვის ყოლას იდეალურად, გასულ საუკუნესთან შედარებით (7.1%), ახალგაზრდების 3-ჯერ მეტი წილი - 21.7% მიიჩნევს. რესპონდენტთა თითქმის ნახევრისთვის, დღეს იდეალურია 3-ბავშვიანი ოჯახი. დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, ეს ტენდენცია მეტად დამაიმედებელად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა მისი რეალიზებისთვის (შენარჩუნებისთვის მაინც, რადგან ზრდაზე რთულია საუბარი) აუცილებელია, სახელმწიფოში შეიქმნას ერთი მხრივ, ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური გარემო და მეორე მხრივ, შემუშავდეს სათანადო დემოგრაფიული პოლიტიკა.
როგორც ცნობილია, რეპროდუქციული განწყობის მახასიათებლებს პროგნოსტიკული მნიშვნელობა აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს მათ გარდაუვალ რეალიზებას მომავალში. ბავშვებზე მოთხოვნილება რეპროდუქციული ქცევის განხორციელების მნიშვნელოვანი და აუცილებლი, მაგრამ არა ერთადერთი პირობაა. აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი სიტუაცია და განხორციელების შესაძლებლობა, რაც არცთუ ისე იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, ფაქტობრივად რეალიზებული რეპროდუქციული ქცევის შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე განზრახული. ამას ადასტურებს შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტისა და ბავშვების მოსალოდენლი რაოდენობის დინამიკის ცვლილების ანალიზი, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე (იხ. გრაფიკი 3).
გრაფიკი 3. ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობისა და შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის დინამიკა 1969-2014
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ, მითითებულ წლებში ჩატარებული კვლევების ანგარიშებსა და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით
რეპროდუქციული ქცევისა და შესაბამისად შვილიანობის ტიპის ცვლილებას, თან სდევს ბავშვების რიგითობის ხვედრითი წილის ცვლაც. ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის დინამიკის განხილვა 1970-იანი წლებიდან დღემდე. მრავალშვილიანობიდან საშუალოშვილიანობის და შემდგომ მცირეშვილიანობის რეპროდუქციულ ნორმაზე გადასვლისას იკლებდა მეოთხე და მეხუთე ბავშვთა ხვედრითი წილი, რომლის ხარჯზეც იზრდებოდა სხვა დანარჩენი რიგითობების წილი. კვლევების შედეგების შეპირისპირებისას ცხადად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ოჯახის ფუნქციონირების ცვლილებასა და გარეოჯახური ორიენტაციების გაძლიერებას თან სდევს მრავალშვილიანობის ნორმების შეცვლა საშუალოშვილიანობისა და შემდეგ მცირეშვილიანობის ნორმებით.
როგორც ჩანს, ორივე მაჩვენებელი თანადროულად იცვლებოდა და ზუსტად ერთსა და იმავე პერიოდში ჰქონდათ კლებისა თუ მატების ტენდენცია. მათ შორის (რეპროდუქციულ განწყობასა და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის) სხვაობა მერყეობდა 0.26-დან 0.6-ის ფარგლებში. 1990-იანი წლებში, რეპროდუქციული ორიენტაციებისა და შობადობის დონის დაცემას ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობისა და შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტის მაჩვენებლებს შორის სხვაობის ზრდაც მოჰყვა, რაც ბუნებრივია, რადგან სტაბილური შობადობის პირობებში, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა ფაქტობრივთან ახლოსაა, ხოლო როდესაც შობადობა სწრაფად იცვლება, ეს მაჩვენებელიც შორდება ფაქტობრივ მდგომარეობას. თუმცა დღეს, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა და შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი კვლავ საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. აღნიშნულ მაჩვენებლებს შორის არსებული ურთიერთმიმართების, კვლევის შედეგებისა და ოფიციალური წყაროების მონაცემების შედარებით გამოვლენილმა ტენდენციებმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობის მაჩვენებელს საკმაოდ სტაბილური ხასიათი აქვს და საშუალოდ საკმაოდ ზუსტად რეალიზდება. შესაბამისად, ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა, უმეტესწილად რეალურად ასახავს როგორც მშობლების განწყობას, ისე მათი მომავალი რეპროდუქციული ქცევის შედეგებს, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია შობადობის მომავალი ტენდენციების წარმოდგენა და მოსახლეობის დინამიკის პროგნოზირება.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით (იხ. გრაფიკი 4), 1970-იანი წლებიდან დღემდე, მეხუთე ბავშვის ხვედრითმა წილმა 6.25-ჯერ დაიკლო (7.6%-დან 1.2%-მდე), 4 ბავშვისამ კი - 2.28-ჯერ (8%-დან 3.5%-მდე). შესაბამისად, მოიმატა პირველი (4%-ით) და მეორე (7%-ით) ბავშვის ხვედრითმა წილმა. საინტერესოა, რომ მესამე ბავშვის ხვედრითი წილი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა (მხოლოდ 0.1%-ით დაიკლო). ამ საანალიზო პერიოდში, ბავშვების რიგითობის ხვედრითი წილის ცვლილება თანმიმდევრული არ ყოფილა.
გრაფიკი 4. დაბადებების რიგითობის დინამიკა 1970-2016
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით
განსაკუთრებით თვალშისაცემია მესამე რიგითობის ბავშვთა ხვედრითი წილის დაცემა 1990-იანი წლებიდან (16%-დან) 2005 წლამდე (9%-მდე) პერიოდში, რასაც თან სდევდა პირველი რიგითობის ბავშვის ხვედრითი წილის მნიშვნელოვანი ზრდა (14%-იანი ზრდა), რომელმაც 2005 წლისათვის თითქმის 60%-ს მიაღწია. ზუსტად ამავე პერიოდს ემთხვეოდა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის რადიკალური კლება (მოსახლეობის მარტივი აღწარმოების ზღვარს ქვევით ვარდნა) და ამავდროულად, მოსახლეობის რეპროდუქციული ორიენტაციების შემცირება (განსაკუთრებით კი ბავშვთა მოსალოდნელი რაოდენობის). თუმცა, იმედის მომცემია მესამე ბავშვის ხვედრითი წილის ხელახალი ზრდის ტენდენცია, რაც 2005 წლის შემდგომი პერიოდიდან აღინიშნება. ექსპერტთა აზრით, აღნიშნული, ერთი მხრივ, დაკავშირებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია-II-ის, ინიციატივასთან, რომლის მიხედვითაც პატრიარქი მართლმადიდებლურ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო რიგითობის ბავშვის ნათლია გახდება; ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებლების რეგისტრაციის გაუმჯობესებასთან.[8] ექსპერტების გარდა, საზოგადოების დიდი ნაწილიც, პატრიარქის აღნიშნულ ინიციატივას, შობადობის წამახალისებელ ფაქტორად მიიჩნევს, რაც 2017 წლის კვლევის შედეგებშიც გამოვლინდა. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი „ეთანხმება“ (55.6%) და „უფრო ეთანხმება, ვიდრე არ ეთანხმება“ (33.1%) მოსაზრებას, რომ ილია II-ის ინიციატივამ, მესამე რიგითობის ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებით, ხელი შეუწყო შობადობის წახალისებას.
5. „რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის კვლევა ახალგაზრდებში“ (2017 წელი) - ანალიზი
ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა სახელწოდებით - „რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის კვლევა ახალგაზრდებში“ (2017 წელი) მიზნად ისახავდა ახალგაზრდების რეპროდუქციული ორიენტაციების მრავალპლანიან კვლევას (რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა, მათზე ცხოვრებისეული გარემო პირობებისა და ფაქტორების გავლენა, შობადობის საკითხებში სახელმწიფოს როლის განსაზღვრა და სხვ.) და იმ ასპექტების გამოყოფას, რაც ადრეულ კვლევებში არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიე რამდენიმე საკითხის გამოყოფა და განხილვა / გაანალიზება.
5.1. ბავშვების ყოლის, მათი რაოდენობისა და აღზრდის მიმართ დამოკიდებულება
ბავშვების ყოლის, მათი რაოდენობისა და აღზრდის მიმართ დამოკიდებულებას დიდწილად განსაზღვრავს ესა თუ ის მოტივები (მოტივაცია), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანის სამომავლო ქცევის (ჩვენს შემთხვევაში რეპროდუქციული ქცევის) პროგნოზირება. აქედან გამომიდნარე, რეპროდუქციული მოტივაცია ორ ძირითად ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ბავშვების ყოლის ხელშემწყობი და ბავშვების ყოლის ხელისშემშლელი მოტივები.
ჩვენს კვლევაში მონაწილე ახალგაზრდებისათვის, მცირეშვილიანობა განმტკიცებული გახლდათ ბავშვთა აღზრდის ხარისხისა და მშობელთა პასუხისმგებლობის გაზრდის არგუმენტით, რაც თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ბავშვთა ყოლის მოტივებს ემთხვევა (იხ. გრაფიკი 5). კვლევის შედეგებისა და ბავშვთა შობის მოტივების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ თანამედროვე ეტაპზე თანდათან მცირდება ეკონომიკური და სოციალური მოტივების როლი და წინა პლანზე გამოდის ფსიქოლოგიური მოტივები, რასაც მცირეშვილიანობისკენ მივყავართ. ოჯახში, სულ უფრო და უფრო, წინა პლანზე გამოდის მშობელთა პასუხისმგებლობა შვილებლისადმი, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი, განათლებისა და განვითარებისადმი. ეს პროცესი კი უდავოდ შეამცირებს ბავშვთა შობადობის ინტენსივობას, რაც მოსახლეობის რიცხოვნების შემცირების ერთ-ერთი ძირითად ფაქტორად იქცევა.
გრაფიკი 5. დებულებების - ბავშვების ყოლის რაოდენობასა და მათი აღზრდის ხარისხთან დაკავშირებულ დებულებებზე პასუხიების განაწილება
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (2017 წ.)
5.2. თაობებს შორის რეპროდუქციული ქცევის ევოლუცია
რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის შესწავლა საინტერესოა წინა თაობების რეპროდუქციული ქცევის გათვალისწინებით, რათა თაობათა ცვლის ფონზე მოხდეს პროცესის დინამიკაში გაანალიზება. ამასთან საგულისხმოა, რომ რეპროდუქციული ორიენტაციების ჩამოყალიბებაზე ცხოვრების წესის ცვლილებისა და სხვა გარემო ფაქტორების გარდა, ასევე დიდწილად მოქმედებს ოჯახის ზომა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენწევრიან ოჯახში იზრდებიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალში თავად ჩაერთვებიან თაობათა აღწარმოების პროცესში. 2017 წლის კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარზე მეტი მცირეშვილიანი ოჯახების (მათგან 33% - 4-წევრიანი ოჯახების) წარმომადგენლები იყვნენ. შესაბამისად, მათი მშობლების რეპროდუქიცული ორიენტაციები უკვე შემცირებული იყო (რესპონდენტთა მშობლების (55%-ის) მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობამ საშუალოდ 2.28-ს შეადგინა, ბებია-ბაბუების კი (30%-ის) - საშუალოდ 3 ბავშვს უდრიდა). სამშვილიანი ოჯახების წილი დაკლებულია (23%-ს შეადგენს), შესაბაისად იგივე ტენდენცია გამოვლინდა სამზე მეტ შვილიანი ოჯახების განაწილებაში. უკვე ბებია-ბაბუებისა და მშობლების თაობებს შორის შეინიშნებოდა ბავშვთა რაოდენობის კლება და მცირეშვილიანი ოჯახების წლის ზრდა (იხ. გრაფიკი 6; გრაფიკი 7). სულ უფრო და უფრო გავრცელებულ სახეს იღებს ოჯახების ნუკლეარიზაციის[9] პროცესი (განსაკუთრებით ურბანულ არეალებში). დიდი და მრავალწევრიანი ოჯახები ბებია-ბაბუის თაობებში რჩება, რომლის გაგრძელებასაც ახალგაზრდა თაობა აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ფორმირდება ახლებური იდეალები და დამოკიდებულებები, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს რეპროდუქციული განწყობის მაჩვენებლების შემცირებასა და მცირეშვილიანობის რეპროდუქციული ნორმების დამკვიდრებაზე.
გრაფიკი 6. ოჯახების განაწილება წევრთა რაოდენობა მიხედვით
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (2017 წ.)
გრაფიკი 7. ბავშვების რაოდენობის ცვლილება მშობლებისა და ბებიების თაობაში
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (2017 წ.)
5.3. ბავშვების ყოლის ხელისშემშლელი ფაქტორები
რეპროდუქციული ქცევა მნიშვნელოვნად განიცდის ცხოვრებისეული გარემო პირობების გავლენას. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ რეპროდუქციულ ფაქტორებს, რომლებიც რეპროდუქციული ქცევის განმსაზღვრელ, ადამიანის ან ოჯახისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა მაჩვენებლს (ფიზიოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა) გულისხმობს (წულაძე გ. , 2012).
რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის კვლევისას, მეტად მნიშვნელოვნია იმ ფაქტორების კვლევა და გაანალიზება, რომლებიც აფერხებს ბავშვების სასურველი რაოდენობის ყოლას. 2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მთელი სიმძაფრით აისახება ახალგაზრდების ამჟამინდელ და სამომავლო ცხოვრებაზე (ჩვენს შემთხვევაში - ბავშვების ყოლის მიმართულებით). გამოკითხულთა უმრავლესობამ (66%) მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად „მატერიალური პირობები“ დაასახელა, ასევე დიდი პროცენტული წილი ერგო „კარიერული წინსვლის შეფერხებას“ (30.7%), „დროის დეფიციტს“ (29.7%) და „ჯანმრთელობის მდგომარეობას“ (20.7%). რესპონდენტებმა ასევე მიუთითეს ისეთ შემაფერხებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ცუდი საბინაო პირობები, მომავლის რწმენის უქონლობა, სამუშაოზე მეტისმეტი დატვირთულობა, სამუშაოს დაკარგვის შიში, ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია და სხვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვნად ამცირებს რეპროდუქციული განწყობის მაჩვენებლებს და შესაბამისად, მისი რეალიზების ხარისხს რეპროდუქციულ ქცევაში (იხ. გრაფიკი 8).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველოში რეპროდუქციული ქცევის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებს შორის წინა პლანზეა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები. შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და იმ სათანადო ღონისძიებების გატარება (დემოგრაფიული მიზნების მქონე სოციალური პოლიტიკის), რომლებიც ორიენტირებული იქნება „ბავშის ყოლის მოთხოვნილების“ რეალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორების მოხსნაზე / შესუსტებაზე, გარკვეულწილად გამოიწვევს რეპროდუქციული ორიენტაციების ზრდას.
გრაფიკი 8. ბავშვების სასურველი რაოდენობის ყოლის შემაფერხებელი ფაქტორების განაწილება
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (2017 წ.)
5.4. დემოგრაფიული ვითარებისა და მასში სახელმწიფოს როლის შეფასება
2017 წლის კვლევის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, იმ საკითხს თუ როგორ აფასებს ახალგაზრდობა ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებას და რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ის. ამასთან, არსებითი გახლდათ მათი აზრის გაგება იმ ღონისძიებებთან დაკავშრებით, რაც სასურველია, რომ სახელმწიფომ გაატაროს შობადობის წასახალისებლად.
საგულისხმოა, რომ ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს მძიმე დემოგრაფიული ვითარება საკმაოდ გაცნობიერებული აქვთ და სავალალოდ მიაჩნიათ (იხ. გრაფიკი 9). თუმცა, საკმაოდ ბევრმა მათგანმა - 27.7%-მა, დააფიქსირა პოზიცია, რომ ვერაფერს იღონებს მოსახლეობის შემცირების პრობლემის გადასაჭრელად. შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ „სახეზეა“ სახელმწიფოს მხრიდან არსებული სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების უგულვებელყოფა და უმოქმედობა, რაც ახალგაზრდებში იწვევს უპერსპექტივობის განცდას, აპათიას, ან საკუთარი თავის რეალიზებისათვის ალტერნატიული გზების გამოძებნის სურვილის გაჩენას - ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ რესპონდენტთა ძალზე მცირე ნაწილი აპირებს ბავშვის ყოლას, იმ შემთხვევაში, თუ იქნება მხარდამჭერი დემოგრაფიული პოლიტიკა (იხ. გრაფიკი 10). ეს კი იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ახალგაზრდები სკეპტიკურად უყურებენ სახელმწიფოს ჩართულობას ამ კუთხით. ქვეყანაში სათანადოდ არ ხორციელდება თანმიმდევრული მუშაობა კომპლექსური დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად. ხოლო ერთეული ღონისძიებები ცხადია არ არის საკმარისი და არც გადამწყვეტი შედეგების მომტანია. ამიტომ, ახალგაზრდების ცნობიერებაშიც არ არის გათავისებული დემოგრაფიული პოლიტიკის მიერ გატარებული / ან გასატარებელი იმ ღონისძიებების მნიშვნელობა და როლი, რამაც შესაძლოა მათსავე რეპროდუქციულ ქცევაზე იმოქმედოს.
გრაფიკი 9. დემოგრაფიული ვითარების შეფასება და დამოკიდებულება მოსახლეობის შემცირების პრობლემისადმი
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (2017 წ.)
გრაფიკი 10. საქართველოს მოსახლეობის კლების პრობლემასთან დაკავშირებით ახალგაზრდების დამოკიდებულების განაწილება
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (2017 წ.)
5.5. სახელმწიფოს მიერ შობადობის წასახალისებლად გასატარებელი ღონისძიებები
კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ახალგაზრდების აზრის გაგება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ შობადობის წახალისებისთვის. ამის დასადგენად გამოყენებული იქნა ღია კითხვა. შესაბამისად, რესპონდენტები სრულად თავისუფლები იყვნენ პასუხის გაცემისას და მოსაზრებების დაფიქსირებისას (იხ. გრაფიკი 11).
კვლევაში რესპონდენტების მიერ დაფიქსირებულმა პასუხებმა შემდეგი სპექტრი მოიცვა: გამოკითხულთა უმრავლესობა (45.5%) თვლიდა, რომ აუცილებელია: გრძელვადიანი ფულადი დახმარებები და შეღავათები არა მხოლოდ მრავალშვილიანი, არამედ ერთშვილიანი ოჯახებისთვის; სპეციალური სოციალური პროგრამები და მოსახერხებელი საკრედიტო პირობები; სტუდენტი ოჯახების მხარდაჭერა; რეგიონალური პროგრამების განხორციელება მრავალშვილიანი ოჯახებისათვის; ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნდათ შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სამსახურთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება; დეკრეტული შვებულების სისტემის დახვეწა; სტაბილური შემოსავლების გაზრდა; მშობლებისთვის შეღავათები სამსახურში; შვებულების დღეების გაზრდა; ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ბავშვების სამედიცინო დაზღვევის სრულყოფა; ქვეყანაში მშვიდი, დაცული და კომფორტული გარემოს შექმნა; მეტი კეთილდღეობა; ბაღებსა და სკოლებში მომხასურების ხარისხის ზრდა; დემოგრაფიული პოლიტიკის პრიორიტეტად გამოცხადება, უცხოეთის დემოგრაფიული პოლიტიკის გაზიარება და გატარება.
უდავოა, რომ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული დემოგრაფიული პოლიტიკის დაგეგმვისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების თანმიმდევრული შესწავლა. დემოგრაფიული პოლიტიკის მიერ გატარებული (თუ გასატარებელი) ღონისძიებები კი მოსახლეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული და შესაბამისად, უნდა იკვლევდეს და ითვალისწინებდეს სწორედ მოსახლეობის აზრს, სურვილებსა თუ საჭირობებს, რაც ყველაზე უკეთ სიღრმისეული კვლევების მეშვეობით არის შესაძლებელი.
გრაფიკი 11. სახელმწიფოს მიერ შობადობის წასახალისებლად გასატარებელი ღონისძიებები
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით (2017 წ.)
6. დასკვნები და რეკომენდაციები
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, XXI საუკუნის დასაწყისში, დემოგრაფიული პროცესები მკვეთრად უარყოფითი ტენდენციებით ხასიათდება, რაც აუცილებელს ხდის ეფექტიანი და მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორის - შობადობის ისეთ დონემდე შემცირება, რომ ის საკმარისი აღარ აღმოჩნდება მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვისაც კი, რასაც უცილობლად მოჰყვება დეპოპულაცია[10].
ქვეყანაში აუცილებელია დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რადგან ჯერ კიდევ, რეპროდუქციული განწყობის მაჩვენებლები სჭარბობს რეალიზებული რეპროდუქციული ქცევის მაჩვენებლებს. ადეკვატური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება ხელს შეუწყობს მოსახლეობის რეპროდუქციული განწყობისა და შობადობის დონის ზრდის რეზერვის[11] ნაწილობრივ რეალიზებას მაინც (სრულ რეალიზებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია) და შედეგად, შობადობის დონის ამაღლებას.
თანამედროვე ეტაპზე, საქართველოში, შობადობის შემცირება უმთავრესად განპირობებულია „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებისა“ და „ბავშვების ფასეულობის“ შემცირებით. ამასთან, ბოლომდე არ ხდება ისედაც შემცირებული „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილება. ამიტომ, უპრიანი იქნება, შობადობის ოპტიმიზაციისკენ მიმართული დემოგრაფიული პოლიტიკა წარიმართოს შემდეგი ორი მიმართულებით:
- არსებული „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა / სრულყოფა;
- „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ საზოგადოებრივად საჭირო დონისა და შესაბამისი განწყობის შექმნისთვის აუცილებელი პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.
არსებული „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ რეალიზაციის სრულყოფის მნიშვნელოვან ღონისძიებებს წარმოადგენს: სხვადასხვა სახის დახმარებები და წახალისებები, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და ყველა იმ სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიების გატარება, რომელიც მიმართული იქნება ოჯახში ბავშვების სასურველი რაოდენობის ყოლისკენ - არსებული რეპროდუქციული განწყობის რეალიზებისკენ. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ დემოგრაფიული პოლიტიკის აღნიშნული ღონისძიებების გატარებას ვერ მოჰყვება დემოგრაფიული ვითარების არსებითი გაუმჯობესება - კერძოდ, შობადობის რეგულირება სასურველ ფარგლებში. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გარკვეულწილად გამოიწვევს რეპროდუქცული ორიენტაციებისა და ნორმების ზრდას. საწყის ეტაპზე, შობადობის დონის განმსაზღვრელი სხვადასხვა ხელისშემშლელი პირობის, როგორც „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ რეალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორების მოხსნამ, უნდა გამოიწვიოს შობადობის ზრდა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მატერიალური მდგომარეობისა და სხვა პირობების კიდევ გაუმჯობესებას ასევე პერმანენტულად მოჰყვება შობადობის ზრდაც (წულაძე და ცხოვრებაძე, 1989). იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ბავშვების რაოდენობა და მათზე მშობლების მოთხოვნილება ერთმანეთის ტოლია, მაშინ ცხოვრების პირობების ნებისმიერი გაუმჯობესება ამ რიცხვის გაზრდას ვერ გამოიწვევს. მაგრამ თუ ბავშვების ფაქტობრივი რაოდნეობა „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ დონეზე ნაკლებია, მაშინ ამ მოთხოვნილების რეალიზაციისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, დაბადებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ადამიანს შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმი გააჩნია. ამიტომ, ცხოვრების ერთი და იგივე პირობები შეიძლება ერთმა აღიქვას, როგორც ხელშემწყობი, მეორემ კი პირიქით - როგორც არახელსაყრელი (მენაბდიშვილი, 2004).
ყოველივე ზემოთ განხილულს კვლავ მივყავართ რეპროდუქციულ განწყობასთან, რაც რეპროდუქიცული ქცევის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსახლეობის კვლავწარმოების ოპტიმალური რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სათანადო ღონისძიებების (დემოგრაფიული მიზნების მქონე სოციალური პოლიტიკის) გატარება, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია (თუ უფრო მნიშვნელოვანი არა) შობადობის ოპტიმიზაციისკენ მიმართული დემოგრაფიული პოლიტიკის მეორე ძირითადი მიმართულების გატარება - „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“, „ბავშვების ფასეულობისა“ და საზოგადოებრივად საჭირო დონის შესაბამისი რეპროდუქციული განწყობის ფორმირება.
დემოგრაფიული პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცავდეს აღმზრდელობით-ფსიქოლოგიურ მიმართულებას, რაც გულისხმობს: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით რეპროდუქციული ორიენტაციების გარკვეული სტანდარტების პროპაგანდასა და ფიქსაციას, რაც ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებების განხორციელების პარალელურად, ფსიქოლოგიური და საზოგადოებრივი ფასეულობების განმტკიცებას გულისხმობს. მისგან მიღებული ეფექტი საკმაოდ მაღალი იქნება, რაც რეზულტატით არ ჩამორჩება არსებული „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ რეალიზაციის პირობების სრულყოფით მიღებულ შედეგებს. მეცნიერთა აზრით, „ბავშვის ყოლის მოთხოვნილებისა“ და შესაბამისი განწყობის ფორმირებას გაცილებით ნაკლები მატერიალური სახსრები სჭირდება, ვიდრე არსებული „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ რეალიზაციის პირობების სრულყოფას. კარგი იქნებოდა, რომ შობადობის ოპტიმიზაციისკენ მიმართული დემოგრაფიული პოლიტიკის ობიექტი სკოლის ასაკის მოსწავლეებიც იყვნენ, რადგან ოჯახში ბავშვების რაოდენობის შესახებ წარმოდგენის ფორმირება, საკმაოდ პატარა ასაკში იწყება. 18 წლის ასაკში კი უკვე ყალიბდება „ბავშვის ყოლის მოთხოვნილების“ სახით, რაც სამომავლოდ თან სდევს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე და განსაზღვრავს მის რეპროდუქციულ ქცევას. ცნობილია, რომ ადამიანები არასდროს გააჩენენ იმაზე მეტ ბავშვს, ვიდრე თავად მათ სურთ. ეს ფაქტი თავის გამოხატულებას ჰპოვებს რეპროდუქციულ განწყობაში (კონკრეტულად კი ბავშვთა სასურველი რაოდენობაში) და გვიჩვენებს შობადობის მაქსიმალურ ზღვარს. შესაბამისად, ნათელია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციული განწყობის ფორმირების პროცესს, მასზე მოქმედი ფაქტორების შესწავლასა და კვლევას.
სახელმწიფო, ამა თუ იმ ფორმით, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის ზემოქმედებდა დემოგრაფიულ პროცესებზე. ამ ფაქტის გათვალისწინებით, უნდა აღვნიშნო, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არის გაცნობიერებული დემოგრაფიული პროცესები თავად სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ჯგუფების, ოჯახისა და პიროვნებების მიერ. ჩვენს შემთხვევაში, საზოგადოება, ოჯახი და ადამიანები უფრო მეტად არიან მიმართულნი დემოგრაფიული პროცესების დარეგულირებისკენ, ვიდრე სახელმწიფო. არადა, ამ უკანასკნელის ჩარევის გარეშე, საქართველოს დემოგრაფიული ვითარება სულ უფრო და უფრო სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა დაიგეგმოს რეპროდუქციული განწყობისა და ქცევის ევოლუციის გაანალიზების საფუძველზე და უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის საჭიროებებსა და სურვილებს. ამის განხორციელება კი ყველაზე უკეთ მულტიდისციპლინალური კვლევებისა და მათი სიღრმისეული ანალიზის მეშვებოთ შეიძლება, რაშიც აისახება როგორც მოსახლების რეპროდუქციული განწყობები და ქცევა, ასევე არსებული პრობლემის გადაჭრის გზები, რადგან დემოგრაფიული ღონისძიებები თავად ადამიანებზე, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
დემოგრაფიული ქცევის შეცვლა მყისიერად არასდროს ხდება. მის ნებისმიერ კორექტირებას, განსაკუთრებით კი რეპროდუქციული ქცევის სტიმულირებას, კარგად დაგეგმილი, თანმიმდევრული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება სჭირდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე თაობის შემდეგ აისახება მოსახლეობის დემოგრაფიულ ქცევაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე რთული გახლავთ განწყობებისა და არაცნობიერი მისწრაფებების (ჩვენს შემთხვევაში რეპროდუქციული განწყობის) ცვლილება, რაც რეპროდუქცული ქცევისა და შობადობის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ საკითხის გადადებამ და უგულვებელყოფამ შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს რეპროდუქიცული ორიენტაციების კუთხით სიღრმისეული კვლევების განხორციელებას, რომელთა შედეგებზე დაყრდნობითაც, შეძლებს შობადობის ხელშემწყობი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას.
ბიბლიოგრაფია
ახალაია, ნ. (2005). მოსახლეობის რეპროდუქციული ქცევა თანამედროვე დემოგრაფიული კრიზისის პირობებში. სამეცნიერო ჟურნალი დემოგრაფია, N 1-2 (9-10), გვ.123-128.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. (2010). ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში, 2010, საბოლოო ანგარიში. თბილისი: შპს "ვესტა".
დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი. (2006). ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში, 2005, საბოლოო ანგარიში. თბილისი: შპს "პოლიგრაფ +".
მენაბდიშვილი, ნ. (2004). ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკა ქართულ მოსახლეობაში. მაკრო მიკრო ეკონომიკა, N2, გვ.35-36.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. www.geostat.ge
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2009). საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული. თბილისი. http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=643&lang=geo
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2016). დემოგრაფიული ვითარება საქართველოში, სტატისტიკური კრებული. თბილისი. http://geostat.ge/index.php?action=wnews&lang=geo&npid=493
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2016). ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში. თბილისი. http://geostat.ge/index.php?action=wnews&lang=geo&npid=530
უზნაძე, დ. (1949). განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძლები (ტ. 6). ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები.
ფრანკფორტ-ნაჩმაისი, ჩ., და ნაჩმაისი, დ. (2009). კვლევის მეთოდები სოციოლოგიურ მეცნიერებაში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
შუშტაკაშვილი, ვ., და წიკლაური, შ. (2014). შობადობა და რეპროდუქციული ქცევა საქართველოს ქალაქებში. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები, შრომების კრებული, გვ.63-75. http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/86162/1/Shromata_Krebuli.pdf
წულაძე, გ. (1981). რეპროდუქციული განწყობის ცნების დაზუსტებისთვის. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, N4, გვ.47-50.
წულაძე, გ. (1984). შობადობის სოციოლოგიის საკითხები . თბილისი: მეცნიერება.
წულაძე, გ. (2012). დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: შპს "ვესტა".
წულაძე, გ., და ცხოვრებაძე, ზ. (1989). შობადობის ოპტიმიზაციისკენ მიმართული დემოგრაფიული პოლიტიკა. ჟურნალი საქართველოს კომუნისტი, N7, გვ.63-66.
წულაძე, გ., და ხმალაძე, მ. (2001). შობადობის თანამედროვე ტენდენციები საქართველოში. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები, შრომების კრებული, I, გვ.39-46.
წულაძე, გ., მელაძე, გ., და გაჩეჩილაძე, ე. (1997). შობადობისა და რეპროდუქციული ქცევის ტენდენციები თანამედროვე საქართველოში. ჟურნალი ეკონომიკა, N1-3, გვ.75-78.
წულაძე, გ., ცხოვრებაძე, ზ., და მელაძე, გ. (1993). რეპროდუქციული ორიენტაციების პროგნოსტიკული შესაძლებლობები. ჟურნალი ეკონომიკა, N10-11, გვ.61-63.
ხმალაძე, გ. (1981). საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განწყობის შესახებ. თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია, ტ. 7, გვ.204-209.
Blacke, J. (1989). Family size and achievement. University of California Press.
Caldwell, J. (1982). Theory of Fertility Decline. London: Academic Press.
Carvajal, M. J., & Geithman, D. T. (1976). Family Planning and Family Size Determination. University Press of Florida.
CIA. The World Factbook. Retrieved from Central Intelligence Agency: https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/gg.html
United Nations, DESA / Population Division. (2017, 07). United Nations, Department of Economic and Social Affairs, Population Division (2017). World Population Prospects: The 2017 Revision, DVD Edition. Retrieved from UNITED NATIONS: https://esa.un.org/unpd/wpp/Download/Standard/Population/