heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754



ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 1 ივლისი 2015

მცირე ქვეყნებისთვის ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებების განხორციელების მიზანშეწონილობა
გიორგი ყალიჩავა

რეზიუმე

თანამედროვე ეპოქა ხასიათდება ეკონომიკური პრობლემების სიმრავლით, რაც დიდ ზეწოლას ახდენს იმ მცირე ქვეყნებზე, რომლებსაც უპირისპირდება მათზე ძლიერი მოწინააღმდეგე. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური მიდგომების შემუშავების აუცილებლობას ქმნის. აღნიშნულ კვლევაში გაანალიზებული იქნება სამხედრო ძალების ორგანიზების ახალი მეთოდები, რომლებიც აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ასევე ასიმეტრიულ (არატრადიციულ, მაგალითად, პარტიზანულ) მიდგომებს. ნაშრომში განხილული იქნება, თუ რა პერსპექტივა აქვთ მცირე სახელმწიფოებს ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებების (ტრადიციული და ასიმეტრიული მეთოდების კომბინაცია) დროს. კვლევაში ნაჩვენები იქნება აღნიშნული მიდგომის გამოყენების უპირატესობები, განსაკუთრებით იმ მცირე ქვეყნებისთვის, რომლებსაც უპირისპირდება მათზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფო. 

იმის დასამტკიცებლად, რამდენად მიზანშეწონილია სამხედრო ძალების ორგანიზების შემოთავაზებული მოდელის გამოყენება, ნაშრომში გაანალიზებული იქნება სამი სიტუაციური მაგალითი (case study): ჩეჩნეთის პირველი ომი, 2006 წლის ომი ლიბანში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. აღნიშნული მოდელი წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ძალთა ორგანიზების ალტერნატივის სახით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ თემატიკაზე კვლევა ამ დრომდე არ განხორციელებულა და ნაშრომის ერთ-ერთ მიზანს ამ საკითხზე სამეცნიერო დებატების ინიცირება წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: მცირე ქვეყნები, ჰიბრიდული ომი                                                               

Abstract

The contemporary age of austerity puts considerable pressure on the governments of small states that face much stronger opponents. This creates the need for innovative solutions to existing security challenges in small states. This research introduces new ways of force organization which combines traditional and unconventional (for example guerilla warfare) structures. The possibility of waging hybrid warfare (a mix of traditional and unconventional warfare) by small states is examined.   

Advantages of the proposed model, especially for small states which are faced by larger opponents, will be demonstrated in the paper. Three case studies (The First Chechen War, the 2006 War in Lebanon and the 2008 Russia Georgia War) are analyzed to demonstrate the rationality of the proposed model which is offered as an alternative to the traditional force organization. It has to be mentioned that so far research on this subject has not been conducted.  The purpose of this paper is to initiate a scholarly debate in this direction.

Keywords: Falkland’s conflict, political elites, diversionary war, public opinion

1. შე­სა­ვა­ლი­

მწირი რესურსების მქონე მცირე ქვეყნები არახელსაყრელ მდგომარეობაში ექცევიან, როდესაც მათ უწევთ ბევრად ძლიერ სახელმწიფოსთან დაპირისპირება. მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი ქვეყანა აიძულა, მნიშვნელოვნად შეემცირებინა თავდაცვის ხარჯები. ამასთანავე, ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო შეამცირა პატარა სახელმწიფოების ფარდობითი სამხედრო პოტენციალი (Keohane, 1969). უახლესი სამხედრო ტექნოლოგიური მიღწევების ათვისება მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ კარგად განვითარებული ეკონომიკა და მატერიალური რესურსები. მცირე ქვეყნებს კი ხშირად სიძვირის გამო არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ მათთვის საჭირო რაოდენობის თანამედროვე შეიარაღება, რაც კიდევ უფრო ზრდის უთანასწორობას დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის (Keohane, 1969).

უსაფრთხოების კუთხით არსებული ამ გამოწვევების საპასუხოდ მოცემულ ნაშრომში მოყვანილი იქნება არგუმენტები, რათა დავამტკიცოთ შემდეგი: მცირე ქვეყნებისათვის, რომლებსაც უპირისპირდება მათზე ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგე, ძლიერი კონვენციური არმიის შესაქმნელად გაცილებით მიზანშეწონილი იქნება ე. წ. ჰიბრიდული (კონვენციური და ასიმეტრიული[†] სამხედრო ძალის კომბინაცია) მოდელის გამოყენება დიდი დანახარჯების გაწევის ნაცვლად.

ნაშრომში გამოყენებულია ხარისხობრივი კვლევის მეთოდი და მოყვანილია სამი სიტუაციური მაგალითის (case study) შედარებითი ანალიზი. კვლევის მეთოდოლოგიური მხარე ეყრდნობა მოპოვებული მასალების ანალიზს, კერძოდ: სამეცნიერო სტატიებს, წიგნებს, ოფიციალურ დოკუმენტებს და პუბლიკაციებს, ასევე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი სამხედროებისა და ექსპერტების ინტერვიუებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად ამ დრომდე არ გამოკვლეულა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულების შესასწავლად ჯერ კიდევ დიდი სამუშაო არის ჩასატარებელი.  

მოცემული საკითხის განხილვამდე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ ლექსიკონში პატარა ქვეყნის ზუსტი დეფინიცია არ არსებობს. თუმცა, მოსახლეობის რაოდენობა არის ყველაზე გავრცელებული კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მცირე ქვეყნების გამოვლენა. აღნიშნულ ნაშრომში გამოყენებულია ფილიპ ჰეინისეული განმარტება, რომლის მიხედვითაც მცირედ ითვლება ის სახელმწიფო, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 15 მილიონს (Hein, 1985). 

ჰიბრიდული ომის, როგორც კონცეფციის ცნება განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2007 წლის შემდეგ, როდესაც ფრენკ ჰოფმანმა გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით: „21-ე  საუკუნის კონფლიქტები: ჰიბრიდული ომების განვითარება“  (Conflict in the 21st Century: The Rise of Hybrid Wars). ჰოფმანი ჰიბრიდულ ომს შემდეგნაირად  განმარტავს: „ეს არის ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის კონვენციურის, არარეგულარული ტაქტიკის და ფორმირებების, ტერორისტული და კრიმინალური მოქმედებების კომბინირებული გამოყენება გამარჯვების მისაღწევად“ (Hoffman, 2007). მისი აზრით, მომავალ ომებში გაერთიანებული იქნება ტრადიციული და არარეგულარული საბრძოლო მოქმედებები, ტრადიციული კონფლიქტის ლეტალურობა შერწყმული იქნება არარეგულარული ბრძოლის ფანატიზმსა და გრძელვადიან ბუნებასთან (Hoffman, 2007).

ზოგადად, ომი ძალადობის მიზანმიმართული გამოყენებაა (Footsoldier, 2015). აშშ-ის სამხედრო დოქტრინის თანახმად, ომი წარმოადგენს სოციალურად სანქცირებულ ძალადობას, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხოლო საბრძოლო მოქმედებები არის მტრის წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტის მექნიზმი და მეთოდი (Doctrine for the Armed Forces of the United States, 2013).

21-ე საუკუნეში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ და გლობალიზაციამ გავლენა მოახდინა როგორც საბრძოლო მოქმედებების მეთოდებზე, ასევე ომის ბუნებაზე. თანამედროვე კონფლიქტები აღარ არის სწორხაზოვანი და დაპირისპირებული მხარეები ხშირად აწარმოებენ არაპირდაპირ ომს (proxy war) ერთმანეთთან  სხვა ძალების და აქტორების გამოყენებით. ამ ტიპის ომის კარგი მაგალითია კონფლიქტი ყირიმსა და დონბასის რეგიონში, სადაც რუსეთი სეპარატისტების საშუალებით არაპირდაპირ ებრძვის უკრაინის სახელმწიფოს. კრემლი იყენებს როგორც კონვენციურ ძალას (მაგალითად, ყირიმის ანექსიის დროს), ასევე არარეგულარულ და სპეციალურ სამხედრო ფორმირებებს (დონბასის რეგიონში) (Grobe, 2015); ასევე მის ხელშია ეკონომიკური ბერკეტები, საინფორმაციო და კიბერსივრცეც. ყველა ამ ბერკეტის კომბინირებულ გამოყენებას დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ნატოს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის, განმარტებით, "ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებები აერთიანებს სხვადასხვა საფრთხეებს, მათ შორის კონვენციურს, ძირგამომთხრელს  (ასიმეტრიულს) და კიბერსაფრთხეს" (Agence France-Presse, 2015).

ჰიბრიდული ომები თავისი შინაარსით, ფაქტობრივად, წარმოადგენს მეოთხე თაობის[‡] საბრძოლო მოქმედებებს, რომელთა კონცეპტუალური ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მაოს მიერ აგორებული სახალხო ომის დროს დაიწყო. მეოთხე თაობის ომებში მიზნის მისაღწევად გამოიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო სფეროები (თითქმის ასეთივე განმარტება აქვს ჰიბრიდულ ომს) (Colonel Hammes, 2006). ამ ტიპის ომები იმით განსხვავდება წინამორბედი თაობის ომებისაგან, რომ მთავარი ძალისხმევა მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების დამარცხების ნაცვლად მიმართულია ოპონენტის პოლიტიკური ნების წინააღმდეგ (Boot, 2006). 

ომებში სახელმწიფოები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს და ინსტრუმენტს დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. გამოიყენება როგორც ეკონომიკური ბერკეტები, დიპლომატია, საინფორმაციო და კიბერსივრცე, ასევე სამხედრო ძალა (Doctrine for the Armed Forces of the United States, 2013). თანამედროვე  ომში ხუთივე ეს ელემენტი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა სტატიაში ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება სამხედრო შემადგენელზე და მის გამოყენებაზე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალა მნიშვნელოვნად აღემატება მცირე ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი სამხედრო კომპონენტის გამართული მოქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ ომში, რადგან მისი განადგურება, როგორც წესი, ავტომატურად იწვევს სხვა კომპონენტების მარცხს. ასევე მოყვანილი იქნება არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ კონვენციურად მოწყობილი შეიარაღებული ძალები ნაკლებად ადაპტირებულია ომის თანამედროვე ბუნებასთან  და მცირე ქვეყნებისათვის გაცილებით მიზანშეწონილია ჰიბრიდული მეთოდების დანერგვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს კონვენციურ ძალებზე უარის თქმას, პირიქით, უნდა მოხდეს მისი ტრანსფორმაცია და დაემატოს ის ელემენტები, რომლებიც მას უფრო მოქნილს და ადაპტირებულს გახდის.   

2.1. დისკუსია                                                                                                                                                         

როგორც წესი, პატარა ქვეყნებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მათზე ძლიერ სახელმწიფოებთან ჰქონდეთ აგრესიული და ძალისმიერი პოლიტიკა, რადგან მათ არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები ამის განსახორციელებლად (Doctrine for the Armed Forces of the United States, 2013). ამიტომ, პატარა სახელმწიფოებისათვის მიზანშეწონილია თავდაცვაზე ორიენტირებული სამხედრო ძალების ჩამოყალიბება.  მოცემულ ნაშრომში დასაბუთებული იქნება ის, რომ ბრძოლის კონვენციური და ასიმეტრიული (მაგალითად, პარტიზანული) მეთოდების ინტეგრირება უკეთეს შედეგებს მოუტანს პატარა ქვეყანას ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისას. ბრძოლის კონვენციური და ასიმეტრიული ელემენტების კომბინირებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების ნიველირება. შემოთავაზებულ მოდელში შედის:

  • ქვეითი საბრძოლო ჯგუფების, შენაერთების შექმნა (მსუბუქ ჯავშანმანქანებზე) – რომლებიც იქნება შეიარაღებული ძალების მთავარი კომპონენტი.                    
  • ტერიტორიული არმიის (რეზერვის) ბატალიონების შექმნა, რომლებიც მხარს დაუჭერენ ქვეითი საბრძოლო ჯგუფების მოქმედებებს.          
  • ქვეყნის შიგნით თავდაცვის ზონების შექმნა და ერთი ქვეითი საბრძოლო ჯგუფის განთავსება, რომელსაც დაეხმარება არმიის 3-4 ტერიტორიული ბატალიონი თავდაცვის თითოეულ ზონაში. ქვეითი საბრძოლო ჯგუფების გარკვეული რაოდენობა უნდა დარჩეს რეზერვში.  
  • საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, მოიერიშე ვერტმფრენების და სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდა, რათა შემცირდეს პრობლემები რომლებსაც გამოიწვევს ავიაციის, ტანკების და მძიმე ჯავშანმანქანების შეიარაღებიდან მოხსნა.      
  • მართვის, კონტროლის, კავშირგაბმულობის და დაზვერვის შესაძლებლობების განვითრება. 
  • ტანკების, 10 ტონაზე მძიმე ჯავშანმანქანების (მათ შორის, ტ-72, ბმპ-1, ბმპ-2, ბტრ-70, ბტრ-80 და ა.შ.) და თვითმფრინავის გაყიდვა და სანაცვლოდ მოიერიშე ვერტმფრენების, არტილერიის და მსუბუქი ჯავშანტექნიკის (მაგალითად, დიდგორის და ოტოკარ კობრას ტიპის) პარკის გაზრდა.

კარგად შეიარაღებული ქვეითთა ძალების ჩამოყალიბება საშუალებას მისცემს პატარა ქვეყნის თავდაცვით ძალებს, ჩაატარონ ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებები. შედარებით მცირე ზომის ქვეითთა ქვედანაყოფები ნაკლებად დაზიანდება მოწინააღმდეგის თვითმფრინავების მიერ და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს მათ მობილურობას. პროფესიონალი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული ქვეითი საბრძოლო ჯგუფები იქნება ძირითადი საბრძოლო ძალა, რომელსაც დახმარებას გაუწევენ რეზერვისტებით დაკომპლექტებული ტერიტორიული არმიის ბატალიონები. აღსანიშნავია, რომ ტანკებისა და თვითმფრინავებისგან განსხვავებით, ხელით გადასატანი შეიარაღების სისტემები და მსუბუქი ჯავშანმანქანები შედარებით იაფია და არ მოითხოვს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას, თუ ძალთა სტრუქტურის შემოთავაზებული მოდელი იქნება მიღებული. პირიქით, შესაძლებელი გახდება ძალების ოპტიმიზაცია და ხარისხობრივი ზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ჰიბრიდული ომი“ ახლახან გაჩნდა, თავად კონცეფცია არ წარმოადგენს სიახლეს (Mansoor, 2012) და ძველი რომიდან (ომები გერმანიაში) დღევანდელ დღემდე ხშირად გამოიყენებოდა (Lacey, 2012). ჩეჩნეთის პირველი ომი და 2006 წლის კონფლიქტი ლიბანში ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებების უახლესი მაგალითებია. ცნობილია, რომ ჩეჩნეთი არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. ჰეზბოლა არის არასახელმწიფო გასამხედროებული დაჯგუფება და მათი ზოგიერთი ტაქტიკა, როგორიცაა მოსახლეობაში შერევა და ტერორისტული მოქმედებები, მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოსთვის. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კონფლიქტები ფასეულ გაკვეთილებს წარმოადგენს პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც მათზე ძლიერ მოწინააღმდეგეს უპირისპირდებიან. 

2.2. ჩეჩნეთის პირველი ომი  

ჩეჩნეთის პირველმა ომმა აჩვენა, რამდენად ეფექტურია ჰიბრიდული ტაქტიკა. სწორედ პარტიზანული და კონვენციური სამხედრო მოქმედებების კომბინირებით შეძლეს ჩეჩნებმა სასურველი შედეგის მიღწევა აღნიშნულ ომში. მხოლოდ კონვენციური მეთოდით ბრძოლა შედეგს ვერ გამოიღებდა, რადგან რუსებს გაცილებით მეტი რესურსი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ომი თითქმის ორ წელიწადს გაგრძელდა და 1996 წლის 31 აგვისტოს ხასავიურთის ხელშეკრულებით დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად, რუსებს უნდა გაეყვანათ ჯარები ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან და ხუთი წლის შემდეგ (ანუ 2001 წელს) უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი მისი სტატუსის შესახებ; შესაბამისად, ჩეჩნებმა მოიპოვეს უფლება, თავად გადაეწყვიტათ, დარჩენილიყვნენ რუსეთის ფედერაციაში თუ არა (Knezys & Sedlickas, 1999). თუმცა ამ წარმატების გამოყენება ქვეყანამ ვეღარ მოახერხა, რადგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა უკვე ჯიჰადად ტრანსფორმაციას განიცდიდა და მთელ ჩრდილოეთ კავკასიას ემუქრებოდა, რაც, თავის მხრივ, მეორე ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა (Schaefer, 2011). ცალკე განხორციელებული პარტიზანული მოქმედებებიც არ იქნებოდა ეფექტური, რადგან მოწინააღმდეგე დაიკავებდა ყველა ქალაქს და ეტაპობრივად გაანადგურებდა ამბოხებულებს, როგორც ეს ჩეჩნეთის მეორე ომში მოხდა. როდესაც კონფლიქტი გაჩაღდა, ჩეჩნეთის არმია ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა პროფესიონალურ შეიარაღებულ ძალას და გააჩნდა მხოლოდ რამდენიმე კარგად გაწვრთნილი ქვედანაყოფი (Gall & De Waal, 1997).

ომის პირველივე დღეებში რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად განადგურდა 130-ზე მეტი თვითმფრინავი და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მდებარე ოთხივე აეროდრომი (Troshev, 2001), რის გამოც ჩეჩნეთს შეეზღუდა საჰაერო ოპერაციები. საჰაერო დარტყმებმა ასევე გაანადგურა ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი (Troshev, 2001). მძიმე ტექნიკის გადაადგილებასა და მანევრს ხელს უშლიდა რუსული ავიაცია და აიძულებდა ჩეჩნებს, რომ დარჩენილი საშუალებები მხოლოდ შეზღუდული მასშტაბით და ქვეტაქტიკურ დონეზე გამოეყენებინათ. 

ის ფაქტი, რომ ამბოხებულების მიერ დაბლობში ჩატარებული სამხედრო ოპერაციები არ იყო ეფექტური, გარკვეულწილად, შესაძლოა იყოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის ბრალიც, რადგან  ამ ოპერაციებს უმეტესწილად ქვეითი ქვედანაყოფები ატარებდნენ. სწორედ ამიტომ, ძალის ტრადიციული ორგანიზება შეიძლება უფრო კარგი არჩევანი იყოს იმ ტერიტორიებზე, სადაც უმეტესწილად სწორი რელიეფი და მცირე ბუნებრივი საფარია. მეორე მხრივ, მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ქვედანაყოფების გამოყენება უფრო ეფექტური იქნება სატანკო დანაყოფების წინააღმდეგ დასახლებულ პუნქტებსა და მთებში. გროზნოში 131-ე მოტომსროლელი ბრიგადის განადგურება კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მომაკვდინებელი ძალის მქონე შეიძლება იყოს კარგად შეიარაღებული ქვეითი ჯარი, რომელიც ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

ამბოხებულების მიერ წარმატებით ჩატარებული სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჩეჩნეთის პირველ ომში  ბრძოლის ჰიბრიდული მეთოდების ჭკვიანური გამოყენება იყო. პროფესიონალი სამხედროების მიერ დაკომპლექტებული რაზმების გარშემო მოხალისეთა შენაერთების ჩამოყალიბების კონცეფცია და ჩეჩნების მიერ შემუშავებული ქვედანაყოფის შემადგენლობა ძალიან ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ბევრად უფრო ძლიერი ოპონენტის წინააღმდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდა საცეცხლე ძალის კუთხით. ომის წარმოების ჰიბრიდული მოდელის ქვაკუთხედს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების განეიტრალება და მისთვის ახლო ბრძოლაში მაქსიმალური ზიანის მიყენება.  

ამის საპირისპიროდ ჩეჩნების მიერ საავიაციო და სატანკო პოლკების შექმნას არ ჰქონია  მნიშვნელოვანი გავლენა კამპანიის შედეგზე. სავარაუდოდ, ჩეჩნებსაც ჰქონდათ ჯავშანსატანკო და  საჰაერო ელემენტების გამოყენების გეგმები, თუმცა ომის მსვლელობამ დაადასტურა, რომ სამხედრო ძალების ტრადიციული მოდელი უსარგებლო იყო. ამ ქვედანაყოფების ჩამოყალიბების ნაცვლად ჩეჩნებს მეტი ძალისხმევა უნდა მიემართათ უკეთესი საჰაერო თავდაცვის შექმნისთვის. მათ არ გააჩნდათ საშუალო სიშორის საჰაერო თავდაცვის საშუალებები და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ჰქონდათ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო საშუალებები, რის გამოც რუსებმა მაქსიმალური ეფექტურობით გამოიყენეს საჰაერო უპირატესობა. ჩეჩნებს ჰიბრიდულ ტაქტიკასთან ერთად მეტად რომ გაეძლიერებინათ საჰაერო თავდაცვის საშუალებები,  შესაძლოა ნაკლები დანაკარგი ჰქონოდათ და უკეთესი შედეგისთვის მიეღწიათ (ეს ფაქტორი გათვალიწინებულია შემოთავაზებული მოდელის შექმნის დროს).  

2.3. 2006 წლის ომი ლიბანში

ჩეჩნების მსგავსად ომის წარმოების ჰიბრიდული მეთოდი წარმატებით გამოიყენეს ჰეზბოლას მებრძოლებმა 2006 წლის ლიბანის ომის დროს, რომელიც თვეზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა. თუკი ჩეჩნების წარმატება ფედერალური ძალების წინააღმდეგ ნაწილობრივ მაინც შეიძლება აიხსნას რუსული არმიის არაკომპეტენტურობით, ლიბანის ომმა აჩვენა, რომ ომის წარმოების ჰიბრიდული მეთოდებით საკმაოდ კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება ისეთი პროფესიონალური და კარგად გაწვრთნილი არმიის წინააღმდეგაც კი, როგორიც  ისრაელის თავდაცვის ძალებია.  

როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ლიბანის საზღვარი, ჰეზბოლას მებრძოლებს მოწინააღმდეგესთან დასაპირისპირებლად არ გამოუყენებიათ ბრძოლის არც ტრადიციული და არც მხოლოდ პარტიზანული მეთოდები. სანაცვლოდ, მათ გამოიყენეს ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, იბრძოლეს თითოეული ძირითადი დასახლებული პუნქტისთვის სამხრეთ ლიბანში და დიდი დანაკარგი მიაყენეს ისრაელის თავდაცვის ძალებს. ჰეზბოლას ოპერაციებს მეტი საერთო ჰქონდა ტრადიციულ ქალაქის ბრძოლასთან, ვიდრე კლასიკურ წინააღმდეგობის მოძრაობასთან და მათი დისციპლინა და კოორდინაცია კონვენციური არმიების მსგავსი იყო (Mozgovaya & Haaretz Correspondent, 2008).

ლიბანის 2006 წლის ომმა აჩვენა, რომ ჰიბრიდული ტაქტიკა და ძალების ორგანიზება შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული გაცილებით ძლიერი ოპონენტის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ჰეზბოლას დანაკარგები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ისრაელის თავდაცვის ძალებისა, იმის მანიშნებელია, რომ ქვეითი ქვედანაყოფები, როგორც წესი, უფრო დიდ დანაკარგს განიცდიან, თუ მათ კარგად გაწვრთნილი არმია უპირისპირდება.   თუმცა კონვენციურად ჩამოყალიბებული შეიარაღებული ძალებიც არ არის დაზღვეული მძიმე დანაკარგებიგან, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგე დიდი ალბათობით შეძლებს, მიაღწიოს ჰაერში ბატონობას. 

ომის ბოლო ეტაპის დროს ისრაელის თავდასხმითი ოპერაციის წარმატება იმას მოწმობს, რომ ძლიერი ოპონენტი საბოლოო ჯამში მაინც ახერხებს თავდაცვაში მყოფის ძლევას, თუ ეს უკანასკნელი ვერ ახორციელებს ურთიერთმხარდამჭერ მოქმედებებს. საშუალო და შორი წვდომის საჰაერო თავდაცვის საშუალებების უქონლობა კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რამაც ისრაელის საჰაერო ძალებს გაუადვილა ბატონობა საჰაერო სივრცეში. ამის საპასუხოდ შემოთავაზებულ მოდელში ქვეითთა საბრძოლო ჯგუფებს აქვთ უფრო ძლიერი ძალთა სტრუქტურა და შესაძლებლობები (რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვასაც), ვიდრე ჰეზბოლას ჰქონდა 2006 წლის ომის დროს. ქვეითთა საბრძოლო ჯგუფები ისეა მოწყობილი, რომ მათ თავიანთი პასუხისმგებლობის რაიონში უნდა განახორციელონ ურთიერთმხარდაჭერის მოქმედებები და მიაღწიონ უკეთეს შედეგებს. ამასთან ერთად ქვეითთა საბრძოლო ჯგუფებს აქვთ ორგანული საცეცხლე მხარდაჭერის  საშუალებები, რაც აძლიერებს მათ  შესაძლებლობებს.

მიუხედავად ჰეზბოლას პრობლემებისა ძალთა დაცვის კუთხით, მისმა ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა და ქვეითებმა მაინც სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ისრაელის თავდაცვის ძალებს. ვადი სალუქის ბრძოლის დროს ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლით დაზიანებული თერთმეტი მერკავას ტიპის ტანკი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე სრულად აკონტროლებს ცას, მობილურ და მძიმედ შეიარაღებულ ქვეითთა ჯგუფებს შესწევთ უნარი, დიდი დანაკარგი მიაყენონ მოწინააღმდეგეს (Eshel, 2006). ამასთან ერთად ჯარის უზრუნველყოფაზე წნეხის შემცირების მიზნით სამხრეთ ლიბანში ლოგისტიკური მარაგების წინასწარი განლაგება და მომარაგების პუნქტების შექმნა ეფექტური ნაბიჯი იყო, რამაც ასევე შეამცირა ჰეზბოლას მოწყვლადობა. ამ ყველაფრის გარეშე ჰეზბოლას ლოგისტიკის ჯაჭვი ისრაელის საჰაერო ძალების გამუდმებული შეტევების შედეგად უცილობლად ჩამოიშლებოდა.

სამხრეთ ლიბანში მიმოფანტული ჰეზბოლას რაზმები არ წარმოადგენდა კარგ სამიზნეს ისრაელის საჰაერო ძალებისთვის და სწორედ ამიტომ  მოახერხეს მათ გადარჩენა. ჰეზბოლას ტრადიციული ძალთა სტრუქტურა რომ ჰქონოდა, შესაძლოა ომის პირველივე დღეებში განადგურებულიყო. მიუხედავად შედარებით დიდი დანაკარგისა, ჰეზბოლას ძალისხმევა მაინც გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე იმ არაბული არმიებისა, რომლებიც  ისრაელს ებრაული სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე დაპირისპირებიან (Mozgovaya & Haaretz Correspondent, 2008). ომის დაწყებამდე ისრაელის მიერ გაცხადებული კამპანიის მიზნებიდან ვერცერთი ვერ შესრულდა. ცახალისთვის ეს იყო პირველი მტკივნეული მარცხი, რომლის შემდეგაც არმიაში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები.

2.4. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი

საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინონ ომის ალტერნატიული მიდგომა პატარა სახელმწიფოებმა. ამ ომში გამოვლინდა, რამდენად არასახარბიელო შედეგები შეიძლება მოუტანოს პატარა ქვეყნებს მათზე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლამ მხოლოდ კონვენციური მეთოდების გამოყენებით.

ზოგიერთმა ექსპერტმა შეისწავლა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) მიერ 2008 წელს ჩატარებული ოპერაციები, დაასკვნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც ზიანი მიაყენა ქართული მხარის ძალისხმევას, მართვასა და კონტროლის სისტემაში არსებული პრობლემები და ქართული ქვედანაყოფების არასაკმარისი წვრთნის დონე იყო (Hamilton, 2010). რა თქმა უნდა, აღნიშნული არგუმენტები სწორია, თუმცა საქართველოს დამარცხების არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ შეიარაღებული ძალების ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელმაც  სშძ-ის ქვედანაყოფებს მობილურობა და მოქნილობა შეუზღუდა. საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში, რომელიც 2007 წელს დამტკიცდა, აღნიშნული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში სშძ-ს უნდა მიემართათ ასიმეტრიული (ჰიბრიდული) ტაქტიკისათვის, რათა შეენარჩუნებინათ საბრძოლო საშუალებები და მოწინააღმდეგისთვის საგრძნობი ზიანი მიყენებინათ (National Military Strategy of Georgia, 2007). მიუხედავად ამისა, როგორც 2008 წლის ომმა აჩვენა, ამ მიმართულებით ცოტა რამ გაკეთდა. მეტიც, არჩევანი შეჩერდა მძიმე ტანკების შეძენაზე და განხორციელდა მსხვილი ინვესტირება ავიაციის სფეროში.

2008 წლის ომის მაგალითმა ნათლად დაგვანახა, რომ მძიმე ტანკები ვერაფერს გახდებიან მაშინ, როცა მოწინააღმდეგე საჰაერო უპირატესობას ფლობს. სშძ-ის სატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფები რუსული ბომბდამშენების უწყვეტი თავდასხმების ქვეშ მოექცნენ და, შესაბამისად, ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ვერ შეძლეს. მთლიანობაში, ომის მსვლელობაში საქართველომ თავისი სატანკო ძალის მეოთხედი და შეიარაღების სხვა პლატფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა (Felgenhauer, 2009). მოწინააღმდეგის მიერ საჰაერო უპირატესობის ფლობის პირობებში სატანკო ქვედანაყოფების მომარაგება ლოგისტიკოსებისთვის სრულ კოშმარად იქცა. აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორ დღეში ბევრი მექანიზებული ქვედანაყოფი მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. 2008 წლის ომმა ცხადყო, რომ ტანკების შეძენამ ქართულ მხარეს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. ასევე ვერ გაამართლა ავიაციაში განხორციელებულმა მსხვილმა დანახარჯებმა (Lavrov, 2010).

უნდა აღინიშნოს, რომ მარნეულის, სენაკის, კოპიტნარის, შირაქის, ვაზიანისა და თბილისის ავიაქარხნის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმებმა დააზიანა. დიდი სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი ქართველები ვერ შეძლებდნენ თავიანთი თვითმფრინავების გამოყენებას დაზიანებული ბილიკების გამო. სანამ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები ჯერ კიდევ მწყობრში იყო, ქართველებმა მოახერხეს შეტევაზე გადმოსული რუსული ქვედანაყოფების დაბომბვა როკის გვირაბთან, თუმცა ამით მათ სერიოზული ზიანი ვერ მიაყენეს( Lavrov, 2010). შეტევაზე გადმოსული რუსული ძალების წინააღმდეგ სშძ-მა ასევე გამოიყენა MI-24-ის ტიპის შვეულმფრენები და რამდენიმე მიზანი გაანადგურა კიდევაც, მაგრამ რომელიმე ცალკეული ბრძოლის შედეგზე გავლენა ვერც ამით მოახდინეს.

ავიაციის სახმელეთო ძალების მმართველობაში, ხოლო საზღვაო ფლოტის სანაპირო დაცვის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, განაპირობა 2008 წლის გამოცდილებამ, რომელმაც გამოააშკარავა, რომ აღნიშნულმა სახეობებმა მცირეოდენი გავლენაც კი ვერ მოახდინეს ომის დროს განვითარებული ბრძოლების მსვლელობაზე (Tseluiko, 2010a, p. 82). საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ე. წ. „ასიმეტრიულმა აზროვნებამ“ ჯერჯერობით ვერ სძლია ტრადიციულ მიდგომას. არსებული ძალთა ორგანიზაცია კვლავაც ტრადიციულ მოდელს ეყრდნობა, რომელიც აქცენტს სატანკო, მექანიზებულ და მსხვილ საარტილერიო ქვედანაყოფებზე აკეთებს. სშძ-ის ამჟამინდელი სტრუქტურა და ცალკეულ ქვედანაყოფში დიდი რაოდენობით მძიმე შეიარაღების პლატფორმების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ უპირატესობა კვლავ ძალთა ორგანიზების ტრადიციულ მეთოდებს ენიჭება.   

სშძ-ში დიდი რაოდენობით ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების არსებობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ოდესმე საჭირო გახდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავდასხმითი ოპერაციების ჩატარება. თუმცა, ასეთ სიტუაციაში გამორიცხული არაა, ჩვენც იმავე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ, რომელთა წინაშეც დადგნენ რუსები და ებრაელები ჩეჩნეთისა და ლიბანის ომებში. სშძ-ის მწირი შესაძლებლობების გათვალისწინებით მსგავსი კონფლიქტის შემთხვევაში ავტონომიების წინააღმდეგ ტრადიციული ძალთა სტრუქტურის მქონე შენაერთების გამოყენება საქართველოსთვის შეიძლება კიდევ უფრო სავალალო აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დადგა 2008 წლის ომში, იყო საიმედო სარეზერვო ძალის არარსებობა, რომელიც სშძ-ის თავდაცვის ხაზებში არსებული ნაპრალების შევსებასა და რეგულარული ქვედანაყოფების ოპერაციების გაძლიერებას შეძლებდა. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის სავალდებულო პრინციპით დაკომპლექტებული დიდი სარეზერვო ძალის შექმნა ზედმეტად ამბიციური პროექტი აღმოჩნდა. შეზღუდული რესურსების მქონე პატარა სახელმწიფოს უფრო მეტად შეეფერება შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი რეზერვი, რომელიც მოხალისეებით იქნება დაკომპლექტებული.

სახმელეთო ჯარებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების ორგანიზება სშძ-ის მორიგი პრობლემა იყო. ქვეითი ბრიგადების ძალთა სტრუქტურაც კი არ შეესაბამებოდა ოპერაციის იმ ტიპებს, რომელთა განხორციელებამაც მათ 2008 წლის ომში მოუწიათ. უპირველეს ყოვლისა, ბრიგადის სიდიდის შენაერთები შეუფერებელი გამოდგა იმ ოპერაციებისთვის, რომლებშიც მოწინააღმდეგეს საჰაერო უპირატესობა გააჩნდა, მათი თვითმფრინავებისთვის ეს ადვილად გამოსაცნობი მიზანი იყო. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვით პოზიციებში არსებული ხარვეზები მოწინააღმდეგეს აძლევდა ქართული ქვეითი ქვედანაყოფებისათვის ფლანგებიდან შემოვლისა და მანევრირებაში დაჯაბნის საშუალებას. დაბოლოს, სშძ-ს უბრალოდ არ ჰქონდა ბრიგადების საკმარისი რაოდენობა ქვეყნის მთელი ტერიტორიის დასაცავად. ქართველებს რომც მოეხერხებინათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ქვედანაყოფების შეჩერება, რუსები მაინც შეძლებდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დაკავებას. გარდა ამისა, სომხეთში დისლოცირებულ რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს შეეძლოთ თბილისზე შეტევის განხორციელება სამხრეთიდან, რის შედეგადაც სშძ-ის ქვედანაყოფებს ალყაში მოაქცევდნენ. სავარაუდოდ, რუსეთის გენერალური შტაბი ამ ვარიანტსაც განიხილავდა, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანა საჭირო აღარ გამხდარა, რუსეთის ფედერალურმა ძალებმა ისედაც საკმაოდ ადვილად მიაღწიეს თავიანთ საბოლოო მიზანს. ომის შემდეგ რუსმა ექსპერტმა ვიაჩესლავ ცელუიკომ აღნიშნა, რომ “გარკვეულ გარემოებებში სომხეთში დისლოცირებულ რუსულ ძალებს შეეძლოთ, ჩართულიყვნენ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საომარ მოქმედებებში და სამხრეთიდან დედაქალაქის მიმართულებით განეხორციელებინათ შეტევა” (Tseluiko, 2010a, p. 90).

საქართველოში რუსეთმა ხუთიოდე დღეში მიაღწია გადამწყვეტ გამარჯვებას, ჩეჩნეთში კი თითქმის ორწლიანი ბრძოლის შედეგად იძულებული გახდა, ხელი მოეწერა ხასავიურთის ხელშეკრულებაზე კრემლისთვის წამგებიანი პირობებით. ამრიგად, ორი ზემოაღნიშნული მაგალითის ანალიზი უნდა დავიწყოთ ერთმანეთისგან ასე დიამეტრულად განსხვავებული ორი შედეგის მიზეზების დადგენით. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჩეჩენი მეამბოხეები (განსაკუთრებით, მოხალისეები), რომლებიც რუსეთს პირველ ჩეჩნურ ომში დაუპირისპირდნენ, ქართველებთან შედარებით ნაკლებად იყვნენ მომზადებული (Gall & De Waal, 1997). ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომამდე სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამა ჰქონდათ გავლილი და საბრძოლო გამოცდილებაც გააჩნდათ (საქართველოში, ერაყსა და კოსოვოში). ჩნდება კითხვა: თუკი ნაკლებად მომზადებულმა ჩეჩნებმა შეძლეს, რუსეთს წარმატებით დაპირისპირებოდნენ, რატომ იგემეს ქართველებმა ასეთი მტკივნეული მარცხი? 

2.5. რუსეთ-საქართველოს და ჩეჩნეთის პირველი ომების შედარებითი ანალიზი 

2008 წლის ომში რუსეთის ძალების მოქმედებები ცხადყოფს, რომ ჩეჩნეთის ორი კამპანიის შემდეგ მისი სამხედრო სისტემა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა. საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან არსებული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) ყოფილმა უფროსმა რობერტ ჰამილტონმა 2008 წელს რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ „რუსეთისა და საქართველოს სამხედრო ქმედებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის სარკისებრ ანარეკლს წარმოადგენდა“ (Cohen & Hamilton, 2012).  მეტიც, საქართველოში წარმოებულ ოპერაციაში თითქმის იმდენივე რუსი ჯარისკაცი იყო ჩართული, რამდენიც ჩეჩნეთის პირველ ომში. ამრიგად, ქართველების დამარცხებას და ჩეჩნების წარმატებას ვერ მივაწერთ იმას, რომ ჩეჩნეთის კამპანიების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკეთესად მოქმედებდა.

უდავოა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციების დაგეგმვაში დაშვებულმა შეცდომებმა და სამოქალაქო ლიდერების ჩარევამ მათი სავალალო შედეგებით დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუმცა, როგორც ჩეჩნეთის პირველი ომის მაგალითის განხილვისას აღვნიშნეთ, მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები ჩეჩენ მეამბოხეებსაც ჰქონდათ, რაც განსაკუთრებით გროზნოსა და ვედენოს დაკარგვის შემდეგ გამოვლინდა. ამასთანავე, არასწორია თითქმის 20 000-იანი ქართული არმიის რამდენიმე დღეში დამარცხების მიზეზად მხოლოდ სამოქალაქო და სამხედრო ლიდერების არასწორ გათვლებზე აპელირება. მარცხის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საქართველოს შეიარაღებული ძალების კონვენციურ მოწყობაში მდგომარეობდა. როგორც ომის შემდგომ რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვიაჩესლავ ცელუიკომ აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა გადასულიყო „პარტიზანულ-ქსელური“ ომის წარმოებაზე, რომელშიც საქართველოს სახმელეთო ძალების ბირთვს, მსუბუქ ქვეით ბატალიონებს, მოქმედების ფართო თავისუფლება უნდა მისცემოდა (Tseluiko, 2010b). სშძ-ს ასეთი ჰიბრიდული მეთოდი რომ გამოეყენებინა, შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს ომი ხუთი დღის ნაცვლად ბევრად დიდხანს გაგრძელებულიყო და სრულიად განსხვავებული შედეგით დასრულებულიყო.

ჩეჩნეთის პირველ ომში ბოევიკების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, ექსპერტების მიერ სახელდება განსხვავებული ციფრები (1500-დან 45000-მდე) (Seely, 2001). თუმცა ჩეჩნების ლოგისტიკური და სამობილიზაციო შესაძლებლობების და მათ ხელთ არსებული შეირაღების რაოდენობის გათვალისწინებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მათ დაახლოებით 15-20 ათასი მებრძოლი ჰყავდათ (German, 2003). მათ უპირისპირდებოდა რუსული ფედერალური ძალების დაჯგუფება, რომელიც საწყის ეტაპზე 23 800 ადამიანს შეადგენდა და შემდეგ 38 000-მდე გაიზარდა. მის შეიარაღებაში იყო 1100 ერთეულამდე მძიმე ჯავშანმანქანა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 90 ვერტმფრენი და თვითმფრინავების შეუზღუდავი მხარდაჭერა (Kulikov, 2002; Seely, 2001). რუსეთ-საქართველოს ომში რუსების დაჯგუფებაში შედიოდა 30-40 ჯარისკაცი, 1200 ერთეულამდე საბრძოლო ტექნიკა, 40 ვერტმფრენი და 200-მდე თვითმფრინავი (Cohen & Hamilton, 2012). ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ძალთა თანაფარდობა რუსეთ-საქართველოს ომში და ჩეჩნეთის პირველი კამპანიის დროს თითქმის თანაბარი იყო. 

ერთი მხრივ, საქართველოს შეიარაღებული ძალების, ხოლო, მეორე მხრივ, ჩეჩენი მეამბოხეების მაგალითების ანალიზმა აჩვენა, რომ შედარებით თანაბარ პირობებში, ერთსა და იმავე მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ჩეჩნებმა გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენეს. მნიშვნელოვანწილად, ეს ჩეჩნების მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებამ განაპირობა (ლიპარტელიანი, 2015). სადაც ძალთა ბალანსი მათ მხარეს არ იყო, ჩეჩნები პარტიზანულ ქმედებებზე გადადიოდნენ, ხოლო იქ, სადაც რუსებს ნაკლები ძალები ჰყავდათ, მეამბოხეები კონვენციურ ტაქტიკას იყენებდნენ და პირწმინდად ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეს. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოსთვის, რომელიც მასზე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდა, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჰეზბოლას მსგავსი ძალთა ორგანიზების მოდელი (Grant, 2008). მსგავს დასკვნებამდე მიდიან ქართველი სამხედროები და ექსპერტებიც. მაგალითად, ვიცეპოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი, რომელიც აგვისტოს ომის დროს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო, მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული მოდელის მიხედვით შექმნილი ქვედანაყოფები მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებდნენ ქართული ჯარის ეფექტურობას და უკეთეს შედეგებს მიაღწევდნენ (ლიპარტელიანი, 2015). თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე და აშშ-ის თადარიგის პოლკოვნიკი ჯონ სკოტი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კონვენციური შესაძლებლობების პარალელურად საქართველოს ასევე უნდა გააჩნდეს ასიმეტრიული (პარტიზანული) ბრძოლის წარმოების შესაძლებლობა, თუ ის კვლავ გახდება პირდაპირი აგრესიის მსხვერპლი რუსეთის მხრიდან (სიხარულიძე, 2015; სკოტი, 2015).

2.6. ომის ჰიბრიდული მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებული ასპექტები

მოცემულ ნაშრომში განხილული მაგალითები მიგვანიშნებს იმაზე, რომ პატარა ქვეყნებს, რომლებსაც მათზე გაცილებით დიდი ძალა უპირისპირდება, ტრადიციული ძალთა ორგანიზებისგან განსხვავებული ალტერნატიული მოდელების გამოყენება მართებთ. თუმცა, აქვე გათვალისწინებული უნდა იყოს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტი. 

უნდა ითქვას, რომ ჩეჩენი მეამბოხეებისა და ჰეზბოლას მიერ გამოყენებული ძალთა ორგანიზების მოდელების ათვისება მათი საგრძნობი გაუმჯობესების გარეშე პატარა ქვეყანას სასურველ შედეგებს ვერ მოუტანს. როგორც ჩეჩნები, ისე ჰეზბოლას მებრძოლები ხშირად ირეოდნენ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაში, რის გამოც მოწინააღმდეგე ვერ ასხვავებდა მათ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, შესაბამისად, იზრდებოდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. აშკარაა, რომ სუვერენული სახელმწიფოსთვის ასეთი ტაქტიკა მიუღებელია. გარდა ამისა, ჰეზბოლას არ ჰქონდა ნაკისრი რაიმე ვალდებულება მოსახლეობისა და ლიბანის სუვერენიტეტის დაცვაზე და პასუხს არ აგებდა ლიბანელი ხალხის უსაფრთხოებაზე. მოქმედების თავისუფლება ჰქონდათ ჩეჩნებსაც, რომლებიც ხშირად ადგილობრივ (განსაკუთრებით, რუსებით დასახლებულ) თემებს დაუცველად ტოვებდნენ.  

ჰიბრიდული ომის საწარმოებლად შემოთავაზებული მოდელის მიხედვით ორგანიზების შემთხვევაში ასეთი მეთოდებით მოქმედება არ იქნება აუცილებელი გამარჯვების მისაღწევად. ასევე არ იქნება საჭირო მოსახლეობაში შერევა, ვინაიდან კარგად ორგანიზებულ საბრძოლო ჯგუფებს საჰაერო თავდაცვის და არტილერიის დახმარებით შეუძლიათ მოწინააღმდეგის კონტროლიც და ეფექტური შეტევაც. გამუდმებული იერიშების მოგერიების პირობებში მოწინააღმდეგეს უკიდურესად გაუჭირდება მოქმედება და დაკავებულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მაგალითმა აჩვენა, რომ ტრადიციული მოდელით შექმნილი ძალა ვერ შეძლებს ქვეყნის სრული ტერიტორიის დაცვას, აღმოჩნდება რა ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ, რომელსაც ხელთ უპყრია სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალი მიახლოების მარშრუტი. ჰიბრიდული მოდელი კი საშუალებას მისცემს პატარა სახელმწიფოს, დაიცვას ქვეყანა ყველა მხრიდან და უზრუნველყოს მისი ძალების უკეთესი მობილობა და გადარჩენისუნარიანობა საომარი მოქმედებების დროს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამხედრო სისტემის ტრადიციული მეთოდებით აშენებამ და საჰაერო ძალებსა და მძიმე ტექნიკაში მსხვილი ინვესტიციების ჩადებამ შესაძლოა, მსგავსი სახის სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ეს გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი არასტაბილური ეკონომიკური ვითარება დიდ გავლენას ახდენს პატარა სახელმწიფოებზე, რის გამოც მათი მთავრობები ხშირად იძულებული ხდებიან, შეკვეცონ თავდაცვის ბიუჯეტი, პრობლემის ძვირადღირებული გადაჭრა მათთვის არ იქნება მისაღები.

ალბათ, ყველაზე დიდი ნაკლი, რაც კი ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ძალთა ორგანიზების მოდელს გააჩნია, თავდასხმითი შესაძლებლობების ნაკლებობაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოთავაზებული მოდელი აქცენტს აკეთებს ქვეყნის თავდაცვაზე, შესაბამისად, მისი თავდასხმითი პოტენციალი შემცირებულია. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც წესი, პატარა სახელმწიფო წარმოადგენს მცირე ძალას, რომელსაც თავის დაცვა უწევს და ნაკლებად შეუძლია აგრესიული მოქმედებების განხორციელება (Maass, 2009). საქართველოს შემთხვევაშიც კი, რომელსაც ორი სეპარატისტული რეგიონი განუდგა, ზემოხსენებული მოდელით შექმნილი ძალები უკეთესად იქნება აღჭურვილი სეპარატისტების დასამარცხებლად, რომლებიც თავიანთი მხრივ შეეცდებიან საქართველოს სახმელეთო ჯარების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებას. უკრაინაში მოქმედი რუსი სეპარატისტებიც სწორედ ჰიბრიდულ ძალებს და ტაქტიკას იყენებენ და კონვენციურად მოწყობილ უკრაინულ არმიას უჭირს მათთან გამკლავება.

3. დასკვნა

სამხედრო სფეროში დღემდე განხორციელებული კვლევების უმრავლესობა  დიდი და საშუალო სიდიდის სახელმწიფოების მიერ იყო წამოწყებული და მხარდაჭერილი. აღნიშნული სახელმწიფოების მიერ შემუშავებული სამხედრო ორგანიზაცია და ტაქტიკა პატარა ქვეყნის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, პატარა სახელმწიფოები დიდი სახელმწიფოებისგან იღებდნენ აღნიშნულ ტაქტიკას, მეთოდოლოგიასა და ქვედანაყოფების ორგანიზების წესს, არგებდნენ თავიანთ საჭიროებას და შემდეგ პრაქტიკაში ამკვიდრებდნენ მათ.  ამის შემდეგ არც არის გასაკვირი იმ მასალებისა და კვლევების სიმწირე, რომლებშიც გაანალიზებულია, როგორ უნდა განავითარონ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები პატარა სახელმწიფოებმა გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების დროს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულების შესასწავლად ჯერ კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო. მოცემულ ნაშრომში შემოთავაზებული ანალიზისა და კონკრეტული მაგალითების განხილვის შედეგად ცხადი გახდა, რომ ბრძოლისა და ძალთა ორგანიზების შედარებით იაფი ჰიბრიდული მეთოდების მეშვეობით შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთ შედეგებს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში აღემატება კიდეც ტრადიციულ მიდგომებს.

   მოცემულ ნაშრომში ნაჩვენებია, რამდენად რაციონალური და მისაღებია პატარა სახელმწიფოებისთვის ბრძოლისა და ძალთა ორგანიზების ჰიბრიდული მეთოდები. კონვენციური სამხედრო ძალის ჰიბრიდულ ძალად გარდაქმნის შედეგად ომში ჩაბმული პატარა ქვეყნის წარმატების შანსები ერთიორად იზრდება. ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებული ქვეყანა, რომელიც ჰიბრიდულ ძალებს ფლობს, ასევე აღწევს მნიშვნელოვან შემაკავებელ ეფექტს და უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად იყენებს შედარებით რენტაბელურ მიდგომას. იმის დასადგენად, რა ტიპის ძალას საჭიროებს კონკრეტული მცირე ქვეყანა, აუცილებელია დამატებითი კვლევის ჩატარება. სწორი დიზაინისა და გამოყენების შემთხვევაში შემოთავაზებული მოდელის მიერ ჩამოყალიბებულმა ქვედანაყოფებმა შეიძლება გაცილებით უფრო დიდ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისას ისეთივე ეფექტი მოახდინონ, როგორიც თავის დროზე დავითმა ქვისა და შურდულის მეშვეობით მოახდინა გოლიათზე.

 ________________________________________

ბიბლიოგრაფია

ლიპარტელიანი, ზ. (2015 წლის 15 ივნისი). პირადი ინტერვიუ.

სიხარულიძე, დ. (2015 წლის 15 ივნისი). პირადი ინტერვიუ.

სკოტი, ჯ. (2015 წლის 15 ივნისი). პირადი ინტერვიუ.

Agence France-Presse (2015 May 14). NATO, EU To Work Against 'Hybrid Warfare' . Retrieved from http://www.defensenews.com/story/defense/international/europe/2015/05/14/nato-eu-work-together-hybrid-warfare/27333967/

Boot, M. (2006). War made new: Weapons, warriors, and the making of the modern world. New York, NY: Gotham books. (chapter 4, chapter 5).

Cohen, A., & Hamilton R., E. (2012).The Russian military and the Georgia War: Lessons and implications. Strategic Studies Institute.

Colonel Hammes, T. (2006). The sling and the stone: On war in the 21st century. Minneapolis, MN: Zenith. 

Doctrine for the Armed Forces of the United States. (2013), Joint publication 1.  http://www.dtic.mil/doctrine/new_pubs/jp1.pdf  

Eshel, D. (2006). Lebanon 2006. Tank Magazine, retrieved from http://www.combat-diaries.co.uk/diary30/lebanon%202006.htm

Felgenhauer, P. (2009). After August 7: the escalation of the Russia-Georgia War. In Svante E. Cornell & S. Frederick Starr (eds.), The guns of August 2008 Russia’s War in Georgia. London: M.E. Sharpe.

Footsoldier, D. H. (2015 Feb 16). When is a war not a war? When it’s Hybrid. Retrieved from  http://www.thinkdefence.co.uk/2015/02/war-not-war-hybrid/

Gall, C. & De Waal, T. (1997). Chechnya, a small victorious war. London: Mackays of Chatham (pp. 188-189).

German, T. C. (2003). Russia’s Chechen war.  London: Routledge Curzon, (58).

Grant, G. (2008, Sep 4). Rebuilding Georgia’s Military. DoD Buzz, online defence and acquisition journal. retrieved from http://www.dodbuzz.com/2008/09/04/rebuilding-georgias-military/

Grobe, S. (2015 May 25).Stoltenberg: NATO massively stepping up military presence in Europe. Retrieved fromhttp://www.euronews.com/2015/03/25/stoltenberg-nato-massively-stepping-up-military-presence-in-europe/

Hamilton, R. (2010). The Bear came through the tunnel: an analysis of Georgian planning and operations in the Russo-Georgian War and implications for the US policy.  In Paul B. Rich (edt.), Crisis in the Caucasus: Russia, Georgia and the West. London: Routledge. 

Hein, P. (1985). The study of microstates, In Edward Dommen and Philippe Hein (eds.), States, microstates and Islands.  London: Croom Helm, (24-25).   

Hoffman, F. (2007) Conflict in the 21st Century: The Rise of Hybrid Wars. Potomac institute for policy studies, (8-28).

Keohane, R. (1969).Lilliputians’ Dillemas: Small states in international politics. International Organization Vol. 23, No. 2. University of Wisconsin Press, 291-310.

Knezys, S. & Sedlickas, R. (1999). The War in Chechnya. Texas, USA:  Texas A&M University Press, (298-320).

Kulikov, A. (2002). TiazolieZviozdi. Moscow, Russia: Voina I Mir Books.  (143-161).  

Lacey, J. (2012).  A province too far, In Williamson Murray and Peter R. Mansoor (eds.), Hybrid warfare: fighting complex opponents from the ancient world to the present. Cambridge, USA: Cambridge University Press. (Chapter 1)

Lavrov, A. 2010.  Timeline of Russian-Georgian hostilities in august 2008. In Ruslan Pukhov & David Glantz (eds.), The tanks of August.  Moscow, Russia: Centre for analysis of strategies and technologies.

Maass, M. (2009 January). The elusive definition of the small state.  International Politics volume 46, Number 1. 65-83. 

Mansoor, P. R. (2012). Hybrid warfare in history, In Williamson Murray and Peter R. Mansoor (eds.), Hybrid warfare: fighting complex opponents from the ancient world to the present. Cambridge, USA: Cambridge university Press.

Mozgovaya, N. & Haaretz Correspondent.  (2008, Sep, 4).  U.S. report: Hezbollah fought Israel better than any Arab army. Haaretz, retrieved from http://www.haaretz.com/print-edition/news/u-s-report-hezbollah-fought-israel-better-than-any-arab-army-1.259847

National Military Strategy of Georgia. (2007). Ministry of Defence of Georgia, (p 9).

Schaefer, R. W. (2011). The insurgency in Chechnya and the North Caucasus, from Gazavat to Jihad. Oxford: Praeger, 144-150.

Seely, R. (2001). Russo-Chechen Conflict, 1800-2000, a deadly embrace. London: Frank Cass, (225-230).

Troshev, G. (2001). Moia voina, zapiski okopnogo generala. Moscow, Russia: Vagrius, (21).

Tseluiko, V. (2010a). Present and future of the Georgian-Russian conflict. Military aspect. In Ruslan Pukhov & David Glantz (eds.), The tanks of august, (p. 82).  Moscow, Russia: Centre for analysis of strategies and technologies.

Tseluiko, V. (2010b). Georgian army reform under Saakashvili prior to the 2008 Five Day War. In Pukhov R., & Glantz  D., (eds.), The tanks of august, (p. 16).  Moscow, Russia: Centre for analysis of strategies and technologies.

გამოყენებული ლიტერატურა

ინტერვიუები

1. დავით თევზაძე (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1998-2004 წლებში)

2. დავით სიხარულიძე (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2008-09 წლებში).

3. თადარიგის პოლკოვნიკი ჯონ სკოტი, აშშ-ის არმია. 

4. ვიცეპოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი (2008 წლის ომის დროს მეთაურობდა მე-2 ქვეით ბრიგადას).

წიგნები

Colonel Hammes, T. (2006). The sling and the stone: On war in the 21st century. Minneapolis, MN: Zenith.  

Boot, M. (2006). War made new: Weapons, warriors, and the making of the modern world. New York, NY: Gotham books.

Achcar, Gilbert, and Warschawski Michel. (2007) The 33-day War, Israel’s War on Hezbollah in Lebanon and its aftermath. London: Saqibiiks.

Ariel Cohen and Robert E. Hamilton, (2011). The Russian military and the Georgia War: Lessons and implications. Milton Keynes, UK: Strategic Studies Institute,.

Belograd Vladislav, (2007).Tnaki v boiahza Grozny, part 1. Moscow, Russia: Strategia KM.

Belograd Vladislav, (2008).Tnaki v boiahza Grozny, part 2. Moscow, Russia: Strategia KM.

Cornell, E. Svante, & Starr S. Frederick (eds.), (2009). The guns of August 2008 Russia’s War in Georgia. London: M.E. Sharpe.  

Cordesman, H.Antony, Sullivan George, & Sullivan D.William, (2007). Lessons of the 2006 Israeli-Hezbollah War. Washington, USA: The CSIS Press. 

Dommen, Edward, & HeinPhilippe, (1985) States, microstates and Islands.London: Croom Helm.

Gall, Carlotta & de Waal Thomas, (1997).Chechnya, a small victorious war.London: Mackays of Chatham plc.

German C.Tracey. Russia’s Chechen war (2003). London: Routledge Curzon,.

Knezys, Stasys, and Sedlickas Romanas (1999).The War in Chechnya.Texas, USA: Texas A&M University Press.  

Kulikov, Anatoli, TiazolieZviozdi (2002). Moscow, Russia:Voina i Mir Books,. 

Makovsky, David, and White Jeffrey (2006).Lessons and Implications of the Israel-Hizballah War A Preliminary Assessment. Washington, USA: The Washington Institute for Near East Policy. 

Murray, Williamson and Mansoor R. Peter (eds.) (2012). Hybrid warfare: fighting complex opponents from the ancient world to the present. Cambridge, USA.

Paul B. Rich (2010). Crisis in the Caucasus: Russia, Georgia and the West. London: Routledge.

Robert W. Schaefer (2011).The insurgency in Chechnya and the North Caucasus, from Gazavat to Jihad. Oxford: Praeger. 

RuslanPukhov and David Glantz, eds. (2010). The tanks of August.Moscow, Russia: Centre for analysis of strategies and technologies.

Rehrl Jochen and Weisserth Hans-Bernhard eds. (2012) The common security and Defence Policy of the European Union, second addition.Vienna, Austria: Directorate for Security Policy of the Federal Ministry of Defence and Sports of the Republic of Austria,.  

Seely, Robert, (2001). Russo-Chechen Conflict, 1800-2000, a deadly embrace. London: Frank Cass. 

TroshevGenadii, (2001).Moiavoina, zapiski okopnogo generala. Moscow, Russia: Vagrius.

2006 Israel-Lebanon Conflict: 2006 Lebanon War. (2010) International reactions to the 2006 Lebanon War, timeline of the 2006 Lebanon War. Memphis, USA: Books LLC.

Hamilton Robert (2010). The Bear came through the tunnel: an analysis of Georgian planning and operations in the Russo-Georgian War and implications for the US policy. In Paul B. Rich (eds.) Crisis in the Caucasus: Russia, Georgia and the West. London: Routledge.

სტატიები

Chadwick Andrew (Sep 11, 2012). The 2006 Lebanon War: A Short History. Small Wars Journal, retrieved from http://smallwarsjournal.com/jrnl/art/the-2006-lebanon-war-a-short-history.

Eshel David (Dec 2006). “Lebanon 2006” Tank Magazine, http://www.combat-diaries.co.uk/diary30/lebanon%202006.htm

Grant Greg (Sep 4, 2008). “Rebuilding Georgia’s Military”, DoD Buzz, online defence and acquisition journal. http://www.dodbuzz.com/2008/09/04/rebuilding-georgias-military/

Glenn, W. Russell (2009). Thoughts on Hybrid Conflict, Small Wars Journal, http://smallwarsjournal.com/blog/journal/docs-temp/188-glenn.pdf?q=mag/docs-temp/188-glenn.pdf.

Keohane Robert (1969). “Lilliputians’ Dillemas: Small states in international politics”, International Organization Vol. 23, No. 2,: 291-310.

Karasik, Theodore (March 15 2000).“Chechen clan military tactics and Russian warfare”, Central Asia-Caucasus Analyst. http://old.cacianalyst.org/?q=node/353.

Lambeth, S. Benjamin,(2012). “Israel’s War in Gasa: A Paradigm of effective military learning and adaptation”, International security, Vol 37, No 2: 81-118.

Mozgovaya Natasha & Haaretz Correspondent (Sep 4, 2008).  U.S. report: Hezbollah fought Israel better than any Arab army, Haaretz, http://www.haaretz.com/print-edition/news/u-s-report-hezbollah-fought-israel-better-than-any-arab-army-1.259847.

Maass, Matthias (2009). The elusive definition of the small state, International Politics volume 46, Number 1: 65-83.

Ministry of Defence of the Netherlands. “Dutch tank history ends with a bang”. (26 May 2011 ) http://www.defensie.nl/english/latest/news/2011/05/26/48183133/dutch_tank_history_ends_with_a_bang.

Neumann,Iver B, & Gstohl Sieglinde (2004). Lilliputians in Gulliver’s world? Small states in international relations, Centre for small state studies, Institute of international affairs: 1-28. http://ams.hi.is/sites/ams.hi.is/files/Lilliputians%20Endanlegt%202004.pdf

Summit Declaration on Defence Capabilities: Toward NATO Forces 2020 (May 20, 2012) http://www.nato.int/cps/en/natolive/official_texts_87594.htm.

Hoffman Frank. (2007) Conflict in the 21st Century: The Rise of Hybrid Wars. Potomac institute for policy studies.

Footsoldier, D. H., (2015 Feb 16). When is a war not a war? When it’s Hybrid. Retrieved from  http://www.thinkdefence.co.uk/2015/02/war-not-war-hybrid/  

Dr. Grobe, S., (2015 May 25).Stoltenberg: NATO massively stepping up military presence in Europe. Retrieved from

http://www.euronews.com/2015/03/25/stoltenberg-nato-massively-stepping-up-military-presence-in-europe/ 

Agence France-Presse (2015 May 14). NATO, EU To Work Against 'Hybrid Warfare' . Retrieved from http://www.defensenews.com/story/defense/international/europe/2015/05/14/nato-eu-work-together-hybrid-warfare/27333967/

ოფიციალური დოკუმენტები

Charter of the United Nations and statute of the International court of Justice. San Francisco, USA: 1945.

Strategic Defence Review, final report 2007, unclassified.  Tbilisi, Georgia: Ministry of Defence of Georgia, 2007. 

National Military Strategy of Georgia, unclassified. Tbilisi, Georgia: Ministry of Defence of Georgia, 2007.

Treaty of Conventional Armed Forces in Europe http://www.nti.org/treaties-and-regimes/treaty-conventional-armed-forces-europe-cfe/.

Doctrine for the Armed Forces of the United States. (2013),  Joint publication 1 http://www.dtic.mil/doctrine/new_pubs/jp1.pdf


[†] ასიმეტრიული ბრძოლა არის კონვენციური ბრძოლის საპირისპირო ომის წარმოების მეთოდი. ტერმინი გამოიყენება არაპირდაპირი ბრძოლის სტრატეგიის აღსაწერად. ამ დროს ოპონენტების ძალებს შორის არის მნიშვნელოვანი დისბალანსი. თუ კონვენციური მოქმედებები უმეტესწილად მიმართულია ოპონენტის სამხედრო ძალის გასანეიტრალებლად, ასიმეტრიული მიდგომა გამიზნულია გამარჯვების მოსაპოვებლად სხვადასხვა ფარული და სპეციალური ხასიათის მეთოდების გამოყენებით, მაგალითად პარტიზანული ბრძოლით. 

[‡] პირველი თაობის ომები იწყება 1648 წლიდან (ვესტფალიის ზავის შემდეგ, როდესაც შეიქმნა ერი სახელმწიფოები), მეორე თაობის - 1800-იანი წლებიდან (როდესაც გამოიგონეს ნაჭდევებიანი შაშხანა), ხოლო მესამე თაობის ომები იწყება გერმანული ბრიცკრიგით და ომის მექანიზაციით.