heder

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი

E ISSN: 2346-7754

(მომზადებულია Purdue  Owl  და  Elsevier  რესურსების მიხედვით)

ზოგადი მიმოხილვა

ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ შესრულებულ სტატიას. ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური კვლევის შედეგი. მიუღებელია კომპილაციური ხასიათის ტექსტები, რომლებშიც არ ჩანს ავტორის კვლევა და  თვალთახედვა.  რედაქციაში შემოსული   სტატია ან მისი მოზრდილი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან კიდევ – სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი.  პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად დისკვალიფიცირდება და ავტორის მიერ  მოწოდებული  სხვა ტექსტები  შემდგომში  აღარ მიიღება.

წარმოდგენილი ნაშრომი სტრუქტურირებული უნდა იყოს IMRAD (Introduction, Methods, Results, Discussion) ფორმატის მიხედვით. რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს 6000 სიტყვამდე მოცულობის ტექსტს.

ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის ანონიმურ  გარე რეცენზირებას. რეცენზენტებად მოიაზრებიან საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური ინტერესები თანხვდება სარეცენზიო სტატიის თემატიკას.

სტრუქტურა

გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე და  გაფორმებული ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილით (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ). აუცილებელია ნაშრომს ახლდეს მოკლე აბსტრაქტი (150-200 სიტყვის მოცულობით), როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, ტექსტს უნდა ერთვოდეს ოთხი ან ხუთი საკვანძო სიტყვა, რომლებიც  ნაშრომის თემატიკასა და საკვლევ პრობლემას ასახავს. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში, სავალდებულოა მიეთითოს საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელთანაც რედაქცია  დაკავშირებას შეძლებს.

ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word-ის ფორმატში (.doc გაფართოებით). ფაილის სახელწოდებად გამოტანილი უნდა იყოს ავტორის გვარი, მაგალითად: sichinava.doc ან რამდენიმეს შემთხვევაში – sichinava_et_al.doc. სტატიის ტექსტი იკრიბება Times New Roman გარნიტურის გამოყენებით (ქართული ტექსტის შემთხვევაში, Sylfaen-ში), 12 ზომის კეგლით და სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 1 ინტერვალს.

ნაშრომის პირველი გვერდი წარმოადგენს სატიტულო ფურცელს, რომელზედაც აღნიშნულია ნაშრომის დასახელება, ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი, საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტის მისამართი, მიმართულების, ფაკულტეტისა და სასწავლო დაწესებულების დასახელება, ასევე, ნაშრომის გამოგზავნის თარიღი. ინგლისურენოვანი ტექსტის შემთხვევაში, სათაური ფორმდება მთავრული ასოებით (იხ. დანართი 1). სათაური აკრეფილი უნდა იყოს 14 ზომის კეგლით, ხოლო მთლიანი ტექსტი – სტანდარტული 12 ზომის კეგლით. ტექსტის გამუქება და ხაზგასმა საჭირო არ არის.

აბსტრაქტი – ნაშრომს აუცილებლად უნდა ერთვოდეს აბსტრაქტი, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 – 200 სიტყვას. აბსტრაქტი მოკლედ უნდა ასახავდეს კვლევის მიზანს, მთავარ შედეგებსა და ძირითად დასკვნებს. თუკი საჭიროება არ მოითხოვს, მოერიდეთ ციტირების გამოყენებას.

საკვანძო სიტყვები – აბსტრაქტს თან ახლავს ოთხი ან ხუთი საკვანძო სიტყვა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასახავს ნაშრომის  სამეცნიერო დისციპლინადმი კუთვნილებას და მასში განხილულ ძირითად კონცეფციებს. ნუ გამოიყენებთ აბრევიატურებს, ასევე, ზოგად და რამდენიმე კონცეფციის მომცველ სიტყვებს.

ნაშრომის შესავალი – როგორც წესი, შესავალი მოკლედ აჯამებს რელევანტურ კვლევებს, აქვე ავტორი ნათლად უნდა აღწერდეს საკვლევ პრობლემას.

ლიტერატურის მიმოხილვა – ამ ნაწილში ავტორს განხილული უნდა ქონდეს ნაშრომისთვის შესაბამისი ლიტერატურა. ჟურნალი განსაკუთრებით აფასებს მიმოხილვის ისეთ ტექსტს, რომელშიც რელევანტური თეორიული მასალა კრიტიკულად იქნება მიმოხილული და საკმარის საფუძველს შექმნის ემპირიული ნაწილისთვის.

მეთოდოლოგია – ავტორმა დაწვრილებით და გასაგებად უნდა ახსნას გამოყენებული მეთოდოლოგია. ამ ნაწილში მკითხველი უნდა დარწმუნდეს, რომ მეთოდოლოგია შესატყვისია მოცემული საკითხის საკვლევად.

შედეგები/დისკუსია – ამ სექციებში გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული მონაცემთა ანალიზი და მისი შედეგები. ავტორის მიერ გაკეთებული დასკვნები უნდა ემყარებოდეს ემპირიულ მასალას. ამასთან, ავტორმა მკაფიოდ და გასაგებად უნდა დაუკავშიროს მის მიერ მიღებული შედეგები არსებულ თეორიულ მასალას.

ტექსტის ენობრივი ხარისხი – ავტორმა ენობრივად გამართული ტექსტი უნდა გამოგზავნოს. ინგლისურენოვანი ტექსტის შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ ამერიკული ან ბრიტანული სტილი, თუმცა, არავითარ შემთხვევაში – ამ ორის ნაზავი. ტექსტში არ უნდა იყოს გრამატიკული შეცდომები.

ციტირების სტილი – გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით. ავტორებმა უნდა გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის ხელსაწყო, ან ბიბლიოგრაფიის მენეჯმენტის პროგრამები (მაგ. Zotero, RefMan, Endnote, JabRef), რათა ბიბლიოგრაფია ამომწურავად იყოს წარმოდგენილი. ქვემოთ მოცემულია ციტირების რამდენიმე მაგალითი:

სტატია:

Vander Geer, J., Hanraads, J. A. J., &Lupton, R. A. (2010). Theart of writing a scientific article. Journal of Scientific Communications, 163, 51–59.

წიგნი:

Strunk, W., Jr., & White, E. B. (2000). The elements of style. (4th ed.). NewYork: Longman, (Chapter 4).

კრებულის ცალკეული თავის ციტირება:

Mettam, G. R., & Adams, L. B. (2009). How to prepare an electronic version of your article. In B. S. Jones, & R. Z. Smith (Eds.), Introduction to the electronic age (pp. 281–304). NewYork: E-Publishing Inc.

ცხრილები, დიაგრამები და სხვა ვიზუალური მასალა: თუკი ავტორი იყენებს ვიზუალურ მასალას, დიაგრამებს ან ცხრილებს, ისინი აუცილებლად უნდა  დაინომროს (მაგ. ცხრილი 1, დიაგრამა 2, ნახატი 3). ცხრილი  პირდაპირ არ უნდა იყოს გადმოტანილი სტატისტიკური პროგრამიდან,  უნდა მომზადდეს APA სტილის მიხედვით (იხ. დიაგრამა 1). ვიზუალური მასალაც, ასევე APA სტილით უნდა გაფორმდეს (მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ PurdueOWL-ის შესაბამისი გვერდი[1]).

sample-table

დიაგრამა 1 (წყარო: Purdue OWL)

სექციებისა და სიების გაფორმება: სექციების სათაურები და სიები უნდა გაფორმდეს APA სტილის მიხედვით. პირველი დონის სათაური უნდა იყოს გამსხვილებული და ფურცლის შუაში გამოტანილი, ხოლო მეორე და მესამე დონეებისა – მსხვილი და ცენტრიდან მარცხნივ განთავსებული. ბოლოში დაისმის წერტილი.

რაც შეეხება სიებს, თუკი დასაცავია იერარქია, მაშინ ჩამონათვალი დანომრილი უნდა იყოს, თუ არა – შეგიძლიათ, გამოიყენოთ პუნქტები (ე. წ. bullet-point-ები).

სახელმძღვანელო მასალები:

American Psychological Association. (2009). Publication manual of the American psychological association. American Psychological Association (APA). 

Angeli, E., Wagner, J., Lawrick, E., Moore, K., Anderson, M., Soderlund, L., &Brizee, A. (2010, May 5). General format. Retrieved from <http://owl.english.purdue.edu/owl/resource/560/01/>

წულაძე, ლ. (2006). აკადემიური წერა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. <http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=171>