ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი № 1 ივლისი 2015
რეზიუმე
კვლევის მიზანს ოთხი ძირითადი ქართული ტელემაუწყებლის მიერ უკრაინის კრიზისის გაშუქებაზე დაკვირვება წარმოადგენდა. ნაშრომი კრიზისის ორი განსხვავებული ფაზის (2013 წლის 25 ნოემბერი - 2014 წლის 22 თებერვალი: ევრომაიდანის საპროტესტო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ. 2014 წლის 24 თებერვალი - 2014 წლის 1 მაისი: უკრაინის მთავრობის შეცვლა, პროცესებში რუსეთის ღია ჩარევა, ყირიმის ანექსია) გაშუქების შედარებით ანალიზს მოიცავს. კვლევა განსაზღვრავს ინტენსივობას იმ ფრაზებისა და კონტექსტებისა, რომლებითაც კრიზისის პირველ და მეორე ეტაპებზე ქართული მედია რუსეთს, იანუკოვიჩის მთავრობასა და საქართველოს მოიხსენიებს. ნაშრომის თეორიულ ჩარჩოდ მასკომუნიკაციის ერთ-ერთი თეორია - ფრეიმინგია გამოყენებული. მონაცემები დამუშავებულია კვლევის რაოდენობრივი მეთოდის - კონტენტ-ანალიზის დახმარებით. მედიის კვლევამ დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ უკრაინის კრიზისის პირველ ეტაპზე ქართულ სატელევიზიო მედიაში გასული მასალების მთავარ ჩარჩოებს (ფრეიმებს) ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება და ევრომაიდნის საპროტესტო აქციები წარმოადგენს. ასევე, დადასტურდა ვარაუდი, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე ქართულ ტელემაუწყებლებში იკვეთებოდა ვიქტორ იანუკოვიჩის, როგორც კრიზისის მთავარი გამომწვევის როლი. საქართველოსთან პარალელების სიმრავლე კრიზისის პირველ ეტაპზევე გამოვლინდა. თუმცა, მსგავსი პარალელების რიცხვი კრიზისის მეორე ფაზაში კიდევ უფრო გაიზარდა. დადასტურდა ჰიპოთეზა იმის თაობაზეც, რომ კრიზისის მეორე ეტაპზე, ჟურნალისტებისა და მათი რესპონდენტების მიერ რუსეთის მისამართით ნეგატიური ფრაზების გამოყენებამ მკვეთრად მოიმატა. ამავე ეტაპზე, კრიზისის მთავარ გამომწვევად ცალსახად რუსეთი და ვლადიმერ პუტინის პერსონა სახელდებოდა, რაც მის პირველ ფაზაში არ შეიმჩნეოდა.
საკვანძო სიტყვები: მასობრივი კომუნიკაცია, ქართული მედია, ფრეიმინგის თეორია, უკრაინის კრიზისი
Abstract
The main goal of the research was to observe the coverage of the crisis in Ukraine by four major Georgian TV broadcasters. Research includes comparative analysis of coverage of two different stages of the crisis (November 25, 2013 - February 22, 2014: Euromaidan protest rallies against the government. February 24, 2014 - May 1, 2014: Change of government of Ukraine, Russia’s open interference in processes, annexation of the Crimean Peninsula). The research aimed to determine reference tone, phrases and frequency with respect to Russian Federation, Viktor Yanukovich and Georgia by four Georgian TV channels, at the first and second stages of the Ukraine crisis. The research is based on framing theory and uses a quantitative method of data processing - content-analysis. The research has proven the hypothesis that at the first stage of crisis, Viktor Yanukovych's decision and Euromaidan protest rallies were the main frames of the materials broadcasted on Georgian TV media. The research also confirmed the assumption that at the first stage of crisis, coverage by Georgian broadcasters reported that Viktor Yanukovych was a major initiator of the crisis. Multiple parallels with Georgia were revealed during the first phase of the Ukraine crisis. At the second stage of the crisis, more parallels emerged. The hypothesis that during the second phase of the crisis after Russia’s open intervention, the use of negative expressions against Russia by media sources, as well as journalists, increased dramatically was also confirmed. At the second stage of the crisis, Russian Federation and Vladimir Putin were unanimously named as the main causes of the aforementioned events that had remained unnoticed at the first stage of the crisis.
Keywords: Mass communication, Georgian media, framing theory, Ukraine crisis
1. შესავალი
2013-2014 წლების მიჯნაზე უკრაინაში დაწყებულმა მოვლენებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 2013 წლის ნოემბერში უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, რაც ამ ქვეყნის ევროპასთან დაახლოებასა და როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობდა ხელს. თუმცა, მაშინ ეს შეთანხმება არ შედგა. ამის მიზეზი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის გადაწყვეტილება გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარ მოტივად რუსეთის მუქარა დასახელდა, რომელიც სავაჭრო სანქციებსა და ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრ ზრდას გულისხმობდა. გარდა ამ ობიექტური მიზეზებისა, სხვადასხვა მოსაზრების მიხედვით, იანუკოვიჩს პერსონალური მიზეზიც ჰქონდა. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, მას ევროკავშირის ის მოთხოვნაც უნდა შეესრულებინა, რომელიც მისი პოლიტიკური ოპონენტის, ყოფილი პრემიერ-მინიტრის, იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხებოდა. ტიმოშენკოს ბრალად რუსეთთან ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ შეთანხმებისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედებოდა. თუმცა, არსებობდა ეჭვები, რომ ეს ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება გაურკვეველი ვადით გადადო.
ზემოხსენებულმა გადაწყვეტილებამ უკრაინის დედაქალაქში, ასევე სხვა ქალაქებში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეები ევროპასთან დაახლოების მოთხოვნით გამოვიდნენ. მოგვიანებით, ეს პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში გადაიზარდა. გამოვლენილი ძალადობის გამო, ოპოზიცია მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ, ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა გადააყენეს, ხელისუფლებაში კი პროდასავლური ოპოზიციური ძალები მოვიდნენ. 2014 წლის 22 თებერვალს იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდა. Ⴐამდენიმე დღის დაყოვნებით, უკრაინის რადამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე ტურჩინოვი, ხოლო პრემიერ-მინისტრად - არსენი იაცენიუკი გამოაცხადა.
ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო კრიზისის მეორე ეტაპი და რუსეთის ფედერაცია უკრაინის ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ გააქტიურდა. გასული წლის მარტში რუსეთი ღიად ჩაერია უკრაინის მოვლენებში, რაც მის მიერ უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის მიერთებაში (16 მარტის ყირიმის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს) გამოიხატა. აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ „ანექსიად” შეფასდა. მომდევნო თვეებში ვითარება უკრაინის სხვა რეგიონებშიც დაიძაბა. მიმდინარეობდა შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის ჯარსა და პრორუს მებრძოლებს შორის. ინსპირატორად კონფლიქტისა, რომელიც ამჟამადაც გრძელდება (2015 წ. აპრილი), სწორედ რუსეთი სახელდება (მომზადებულია BBC – Ukraine crisis timeline-სა და www.edition.cnn.com-ის მასალების გამოყენებით).
ზემოთ აღწერილი პროცესები მრავალი დარგის სპეციალისტის კვლევის საგანი უნდა გახდეს. ამ კუთხით, ალბათ, არც მედიის მკვლევრების ინტერესი იქნება გამონაკლისი, რადგან მსგავსი მოვლენების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები, სხვადასხვა რესურსის გამოყენებასთან ერთად, მედიაში სასურველი კუთხით წარმოჩენასა და ე.წ. „მედია ომის” თავიანთ სასარგებლოდ წარმართვას ცდილობენ. ამ ფაქტორის გამო, მედიის მიერ უკრაინის კრიზისის გაშუქების შესწავლა საინტერესო აღმოჩენებს გვპირდება.
ჩვენს შემთხვევაში, ძირითადი ინტერესის საგანს უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ ქართული მედიის მიდგომა წარმოადგენდა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ზემოთ აღწერილი პროცესები უშუალოდ ჩვენს რეგიონში მიმდინარეობდა (და ამჟამადაც მიმდინარეობს). საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ შეხვდებოდა რუსეთის ფედერაცია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც 2014 წლის ზაფხულში გაფორმდა.
შესაბამისად, საინტერესო უნდა ყოფილიყო იმის დადგენა, თუ როგორ აშუქებდა ქართული მედია ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს - უკრაინის კრიზისს, რამდენად განსხვავებულად აღწერდა იგი სიტუაციას რუსეთის ღიად ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ; ასევე, რომელ მხარეს წარმოაჩენდნენ ქართული მედიასშუალებები კრიზისის მთავარ გამომწვევად, მის პირველ და მეორე ეტაპებზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაშრომის მთავარ მიზანს ქართული მედიის მიერ უკრაინის კრიზისის ორი სხვადასხვა ფაზის გაშუქებისას აქცენტირებული საკითხების გამოვლენა და მათი შედარებითი ანალიზი წარმოადგენდა. ამ მიზნის მისაღწევად, საკვლევი პერიოდი ორ ეტაპად დაიყო: 2013 წლის 25 ნოემბერი - 2014 წლის 22 თებერვალი (ევრომაიდნის საპროტეტო აქციები ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ) და 2014 წლის 24 თებერვალი - 2014 წლის 1 მაისი (უკრაინის მთავრობის შეცვლა, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში). აღნიშნულ პერიოდებში, მედიაზე დაკვირვებით, გამოვლინდა, თუ რა კონტექსტებით ხდებოდა ორ განსხვავებულ სიტუაციაში რუსეთის როლის წარმოჩენა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევაც, ავლებდა თუ არა მედია პარალელებს საქართველოსა და უკრაინას შორის, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, რეგიონულ და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, უკრაინის მოვლენებს ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე საინტერესოა, რამდენად ხშირად იყო ნახსენები მედიაში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაშუქებისას.
კვლევის თეორიულ ჩარჩოდ მასკომუნიკაციის თეორია - ფრეიმინგი განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც, მედიას აქვს შესაძლებლობა, მისთვის სასურველი კუთხით, ინტერპრეტაციით ასახოს მოვლენები და მიუთითოს მაყურებელს, როგორ აღიქვას ესა თუ ის საკითხი. ჩვენს შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის მთავარ მიზანს ქართული მედიის მიერ კრიზისის გაშუქებისას გამოკვეთილი მთავარი აქცენტებისა და ინტერპრეტაციების იდენტიფიცირება წარმოადგენდა, სწორედ ფრეიმინგის თეორია იქნა გამოყენებული.
მომდევნო თავში შევეცდებით ფრეიმინგის თეორიის დეტალურად განხილვას, მისი ძირითადი ასპექტებისა და იმ საკამათო საკითხების წარმოჩენას, რომელთა შესახებაც მასკომუნიკაციის მკვლევრები აქტიურად მსჯელობენ. ფრეიმინგის შესახებ ლიტერატურის მიმოხილვით ნაწილში მოცემულია თეორიის ძირითადი არსი, დადასტურებულია პრაქტიკული მაგალითებით, აღწერილია მისი გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე და ამ გავლენის ლიმიტები.
2. ლიტერატურა
ფრეიმინგს მკვლევრები სხვადასხვა კუთხით სწავლობენ, შესაბამისად, მისი განმარტებაც მრავალგვარია. თუმცა, შინაარსით ეს განმარტებები ერთმანეთთან მაინც ახლოს დგას. დრიუკმენი (2001) ფრეიმინგის სხვადასხვა ავტორისეულ განმარტებას გვთავაზობდა: „ფრეიმი წარმოადგენს ცენტრალურად ორგანიზებულ იდეას ან ისტორიას, რომელიც საზოგადოების ყურადღებას მიმართავს ერთი ვიწრო საკითხისადმი, ფრეიმი აუდიტორიას ამბის მთავარ საკითხზე ფოკუსირებას სთავაზობს” (გემსონი და მოდილიანი, 1987, გვ.: 143). „ფრეიმინგი წარმოაჩენს, თუ როგორ, რა კონკრეტული იდეით არის დაწერილი და მიწოდებული ესა თუ ის ამბავი. ის შეიცავს საორიენტაციო ჰედლაინებს, სპეციფიკურ, საჭირო სიტყვებს და ა.შ.“ (კაპელლა და ჯემისონი, 1997, გვ.: 39). ფრეიმინგის შინაარსის აღწერისას სხვადასხვა დეფინიციას იშველიებდა ვივერიც (2007): „ეს არის ცენტრალურად ორგანიზებული იდეა ახალი ამბის შინაარსში, რომელიც წინ წამოსწევს ცალკეულ საკითხებს და ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას” (სილბერმანი, ბლისი და განემი 1991, გვ.: 3). „ფრეიმინგი ნიშნავს რეალობის ცალკეული ასპექტების წინ წამოწევას, რაც, თავის მხრივ, რიგი პრობლემების გამოკვეთას, დეფინიციას, მიზეზ-შედეგობრივ ინტერპრეტაციას, შეფასებასა და რეკომენდაციას გულისხმობს” (ენტმანი 1993, გვ. : 52). შაუფელე და ტეუკსბერი (2007) ფრეიმინგის აღწერისას რესპუბლიკელი საზოგადოებრივი აზრის მკვლევრის, ფრენკ ლუნტცის მარტივ განსაზღვრებას იშველიებდნენ, რომელიც მან 1997 წელს თავის მემუარებში - „21-ე საუკუნის ენა”, გამოიყენა. ფრაზა ასე ჟღერს: „მთავარი არაა, რას იტყვი, არამედ - როგორ იტყვი”. ზემოხსენებული ავტორები ამ ფრაზის მოხმობით გვიჩვენებდნენ, რომ ინფორმაციის გადაცემისას უმნიშვნელოვანესია მისი ფორმა. ნისბეტი და მუუნი (2007) ფრეიმინგის აღწერისას აღნიშნავდნენ, რომ ფრეიმები ფოკუსირებულია ცენტრალური იდეის ორგანიზებაზე. მათი გამოყენებით, ჟურნალისტი კომპლექსური საკითხიდან ცალკეულ ასპექტებს გამოყოფს და მათ სხვებზე უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთი მიდგომა საზოგადოებას საკითხის მთავარი არსის სწრაფად დადგენის საშუალებას აძლევს. ფრეიმის საშუალებით წყარო მიმღებს გადასცემს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ საკითხზე და რა უნდა გაკეთდეს ამ საკითხთან მიმართებით. ფრეიმინგის არსის აღწერისას, საინტერესო მოსაზრებას ავითარებდა ვან გორპიც (2007). მისი თქმით, ჟურნალისტები ფრეიმებს ზოგადი, პრაქტიკაში დანერგილი ტენდენციის მიხედვით ქმნიან, ირჩევენ ყველაზე აქტუალურ საკითხს და ასეთი სახით აწვდიან აუდიტორიას ახალ ამბავს. თავის მხრივ, აუდიტორიაც, რომელიც ამ ინფორმაციას იღებს, იღებს ჟურნალისტის მიერ შერჩეულ ფრეიმსაც, შესაბამისად, მოვლენას ჟურნალისტის მსგავსად აღიქვამს. ჰალაჰანი (1999) თავის ნაშრომში - Implications for Public Relations, ფრეიმინგზეც ამახვილებდა ყურადღებას და ლიპმანის (1922) ცნობილ ფრაზას: “the pictures inside our heads,“ rather than “objective reality“ იშველიებდა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ხშირად მედიის მიერ წინ წამოწეული ერთი ფრეიმი სრულ რეალობას ვერ ასახავს.
ფრეიმინგის არსის აღწერისას, მასკომუნიკაციის მკვლევრები სხვადასხვა პრაქტიკულ მაგალითს მოიხმობენ, რაც მკითხველს აღნიშნული თეორიის უკეთ გააზრებაში ეხმარება. ამ მაგალითებიდან გამომდინარე, იმის თქმაც დასაშვებია, რომ ფრეიმების გამოყენებით აუდიტორიაზე სასურველი ეფექტის მოხდენა სავსებით შესაძლებელია. ეფექტების შესახებ მასკომუნიკაციის მკვლევრებს სხვადასხვა არგუმენტი გააჩნიათ. დრიუკმენი (2001) გზავნილის მიწოდების მნიშვნელობის, ე.წ. „ვორდინგ ეფექტის” (დრიუკმენი, 2001, გვ. 229) საჩვენებლად, 1970-იანი წლების კვლევით დადასტურებულ რეალობას იყენებდა. მისი თქმით, ამ პერიოდში გამოკითხული ამერიკელების 48% კომუნისტს სიტყვით გამოსვლის „ნებას არ დართავდა.“ მაგრამ, თუ აღნიშნულ ფრაზას („ნებას არ დართავდა”) სხვა სიტყვით, მაგალითად, „აკრძალვით” შევცვლიდით და კითხვასაც შესაბამის ფორმულირებას მივცემდით, კომუნისტებისთვის სიტყვის უფლების „აკრძალვის” მომხრეთა რიცხვი 22%-მდე იკლებდა. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გადაცემული გზავნილის ფორმას. ასევე, დრიუკმენი (2003) წერდა, რომ მაგალითად, საზოგადოებისთვის სასიამოვნოდ ჟღერს 95%-იანი დასაქმება, მაგრამ ნაკლებ საამურია, როცა ის 5%-იანი უმუშევრობის შესახებ ისმენს. ფრეიმინგის ეფექტების შესახებ საუბრისას, ფისსა და ჰირშს (2005) გემსონისა და მოდილიანის (1989) მოსაზრება მოჰყავდათ, რომლის მიხედვითაც - „ფრეიმი ცენტრალურად ორგანიზებული იდეაა, მოვლენების მოლოდინის შესაქმნელად”. ვან გორპი (2007) ფრეიმინგზე საუბრისას ნელსონისა და სხვ. კვლევის მოშველიებით წერდა, რომ ფრეიმის ეფექტი შესაძლოა მაღალი იყოს, რაც „კუ კლუქს კლანის” მაგალითზეც მტკიცდება, რომლის მიხედვითაც, ამ მოძრაობის ორ კონტექსტში განხილვა ხდებოდა. ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლების, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით. კვლევამ აჩვენა, რომ ერთი მოვლენის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, მიწოდებული ფრეიმების მიხედვით, შთამბეჭდავად იცვლებოდა.
თავის ნაშრომში (Framing Bias: Media in the Distribution of Power) ენტმანი (2005) წერდა: „თუ მედიას შეუძლია, აჩვენოს საზოგადოებას, „რის შესახებ იფიქროს”, დიდი ალბათობით, მას ისიც შეუძლია, საგრძნობი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ „როგორ იფიქროს” აუდიტორიამ.
ზემოთ მოტანილი მოსაზრებები ნათლად მიუთითებს ფრეიმინგზე, როგორც ზეგავლენის საშუალებაზე. ფრეიმების გამოსახვა შესაძლებელია როგორც ფრაზებში, ასევე ვიზუალურ გამოსახულებებში, კონტექსტებში, ცალკეულ სიტუაციებში და ა.შ. მართალია, ფრეიმინგს გავლენა აქვს საზოგადოების ცნობიერებაზე, თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ეს ეფექტი უნივერსალური და ყოვლისშემძლეა. ამ ფაქტორს ჩვენ მიერ მიმოხილული მოსაზრებების ავტორებიც აღნიშნავენ. მათი თქმით, ფრეიმის ეფექტიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და ყოველთვის წარმატებული არ არის.
მასკომუნიკაციის პროცესში აუდიტორიის როლზე საუბრისას, შაუფელე და ტეუკსბერი (2007) წერდნენ, რომ მასმედიას შეუძლია პოტენციურად იქონიოს გავლენა აუდიტორიის განწყობებზე, მაგრამ ეს ეფექტები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიიღებს და დაამუშავებს აუდიტორია მიწოდებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, დასახელებული ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ეფექტი შეიძლება დადგეს ნაკლებად ინფორმირებულ და განათლებულ ინდივიდთან მიმართებით, თუმცა შედარებით კარგად ინფორმირებული ადამიანები, სავარაუდოდ, არ დაკმაყოფილდებიან მხოლოდ ერთი ფრეიმით, მოძებნიან სხვა ინტერპრეტაციებსაც და მიღებულ ცნობას უფრო სისტემურად დაამუშავებენ. ასეთ დროს, თუ ფრეიმიც სუსტადაა შედგენილი, აუდიტორია არათუ გავლენის ქვეშაა, ოპონირებასაც კი უწევს მას. აღნიშნულ არგუმენტებს ნისბეტი და მუუნიც (2007) იზიარებდნენ, როცა წერდნენ, რომ „მოქალაქეები ისე არ იყენებენ მედიას, როგორც ეს მეცნიერებს ჰგონიათ... ისინი ხშირად თავიანთ განწყობილებებსა და შეხედულებებს ენდობიან და ისეთ წყაროებსა და ვებ-გვერდებს ირჩევენ, რომელთა მიზნებიც მათ შეხედულებებს შეესაბამება” (ნისბეტი და მუუნი, 2007, გვ. 56). მსგავს მოსაზრებას ავითარებდა დრიუკმენიც (2001). იგი აღნიშნავდა, რომ ფრეიმი მხოლოდ მასკომუნიკაციის საკუთრება არ არის, იგი უფრო ინდივიდის დამოკიდებულებას აღწერს სიტუაციისადმი. ამ მკვლევრის თვალსაზრისითაც, ფრეიმის ეფექტი ყოველთვის ისე არ დგება, როგორც ეს ინფორმაციის გადამცემს ჰგონია.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი ლიტერატურის მიმოხილვაში, სხვადასხვა ავტორის მოსაზრებების შეჯერების გზით, ფრეიმინგის თეორიის თვისებებსა და მედიის მიერ სხვადასხვა ფრეიმის გამოყენებაზე ვისაუბრეთ. თეორიული კონტექსტის გაცნობის შემდეგ, უპრიანი იქნება, თუ პრაქტიკულ ნაწილზე გადავინაცვლებთ და აღნიშნული თეორიის პრაქტიკაში განხორციელების თავისებურებებს ქართულ მედიაზე დაკვირვების შედეგად გავაანალიზებთ. კერძოდ, გამოვარკვევთ, თუ რა ფრეიმებს იყენებდა ქართული მედია უკრაინის კრიზისზე საუბრისას და როგორი ინტერპრეტაციით წარმოაჩენდა იქ მიმდინარე მოვლენებს.
3. მეთოდოლოგია
უკრაინაში განვითარებული პროცესებისა და ფრეიმინგის არსის წარმოჩენის შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, კვლევისთვის შემდეგი ამოცანები განისაზღვრა:
- ქართული მედიის მიერ უკრაინის კრიზისის გაშუქებისას აქცენტირებული ძირითადი საკითხების იდენტიფიცირება;
- მედიასაშუალებების მიერ რუსეთის მოხსენიების ტონისა და სიხშირის განსაზღვრა უკრაინის მოვლენებში რუსეთის ღიად ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ, რაც გულისხმობს იმის დადგენას, თუ ვის წარმოაჩენდა მედია კრიზისის გამომწვევად მის პირველ და მეორე ეტაპებზე;
- უკრაინის მოვლენების აღწერისას, ავლებდა თუ არა პარალელებს მედია ქართულ სინამდვილესთან და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან. პარალელიზმის შემთხვევაში, რა საკითხებს ეხებოდა მედია უკრაინის კრიზისის პირველი და მეორე ეტაპების გაშუქებისას.
კვლევაში დასახული ამოცანების შესაბამისად, შემდეგი საკვლევი კითხვები ჩამოყალიბდა:
RQ1: უკრაინის კრიზისის პირველი ეტაპის გაშუქებისას,რომელი საკითხები წარმოადგენდა ქართული სატელევიზიო მედიის ძირითად თემებს და ვის წარმოაჩენდა მედია კრიზისის მთავარ გამომწვევად?
RQ2: კრიზისის მეორე ეტაპის გაშუქებისას,რომელი საკითხები წარმოადგენდა მედიის ძირითად თემებს და ვის წარმოაჩენდნენ მედიასაშუალებები მის მთავარ გამომწვევად?
RQ3: რა კონტექსტში ხდებოდა მედიის მიერ რუსეთის მოხსენიება, ამ ქვეყნის პროცესებში ღიად ჩარევამდე (ევრომაიდანის აქციების დროს)და მის შემდგომ ეტაპზე (იანუკოვიჩის მთავრობის შეცვლა და ყირიმის მოვლენები)?
RQ4: უკრაინის კრიზისის პირველ და მეორე ეტაპებზე ავლებდა თუ არა ქართული მედია პარალელებს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან, 2008 წლის ომთან და რა სიხშირით?
კვლევის კითხვებიდან გამომდინარე, შემუშვდა შემდეგი ჰიპოთეზები:
H1: კრიზისის პირველ ეტაპზე,მედიაში გასული სიუჟეტების მთავარ ფრეიმს ევრომაიდანის საპროტესტო აქციები და ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის გადაწყვეტილება წარმოადგენდა. იკვეთებოდა იანუკოვიჩის,როგორც კრიზისის მთავარი გამომწვევის როლი.
H2: კრიზისის მეორე ეტაპზე,მოვლენებში რუსეთის ღიად ჩარევის შემდეგ,მედიის მთავარ ფოკუსსკონფლიქტში რუსეთის როლი წარმოადგენდა.პირველ ეტაპთან შედარებით,მედიაში გასულმა მასალებმა ამ ქვეყნის მიმართ უფრო მწვავე და ნეგატიური ხასიათი შეიძინა.შესაბამისად, ახალ ამბებში კრიზისის მთავარ მიზეზად რუსეთი განიხილებოდა. უკანა პლანზე გადავიდა ვიქტორ იანუკოვიჩის ფაქტორი.
H3: მოვლენების განვითარებაში რუსეთის ღიად ჩარევის შემდეგ,მედიაში მოიმატა უკრაინასა და საქართველოს შორის პარალელების დაძებნის შემთხვევებმა, უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ ასევე,რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს.
ნაშრომში დასახული ამოცანების გადაჭრა ქართული ტელემაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვების შედეგად გახდა შესაძლებელი. შეირჩა ოთხი მედიასშუალების (საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი,“ ტელეკომპანია „მაესტრო,“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და ტელეკომპანია „იმედი”) მთავარი საინფორმაციო გამოშვებები. აღნიშნული მედიასაშუალებების შერჩევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის 2013 წლის ანგარიშის (www.ndi.org - ბოლო ნახვა: 2015 წ. აპრილი) მიხედვით მოხდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ისთვის ტელევიზია ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ტელემაუწყებლის გავრცელების არეალი და პოპულარობა.
საკვლევ პერიოდში, ტელეკომპანიების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტები ე.წ. სტრუქტურირებული „კვირის შერჩევის” პრინციპით შევარჩიეთ: საკვლევი პერიოდის პირველ კვირაში ავირჩიეთ ამ კვირის ორშაბათს გასული სიუჟეტები. მეორე კვირაში დავაკვირდით მოცემული კვირის სამშაბათს, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ახალ ამბებს, მესამე კვირაში - ოთხშაბათის ახალ ამბებს, მეოთხე კვირაში - ხუთშაბათის, მეხუთე კვირაში - პარასკევის, მეექვსე კვირაში - შაბათის, მეშვიდე კვირაში კი - კვირის ახალი ამბების გამოშვებებს. შვიდი კვირის შემდეგ ეს ციკლი გავიმეორეთ. კრიზისის თითოეულ ეტაპზე დაკვირვებისას, აღნიშნული მეთოდი ხუთჯერ გამოვიყენეთ.
მედიის მიერ გამოყენებული ფრეიმების შესწავლის მიზნით, რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - კონტენტ-ანალიზი შეირჩა. მისი საშუალებით გაანალიზდა ქართული მედიის მიერ კრიზისის პირველი და მეორე ეტაპების გაშუქებისას გამოყენებული გზავნილები. ამისთვის შეიქმნა კოდირების სახელმძღვანელო (იხ. დანართი 1, გვ. 34), რომლის მეშვეობითაც მედიის მიერ გამოყენებული, ჩვენთვის საინტერესო კონტექსტებისა და ფრაზების რაოდენობრივი ანალიზი გახდა შესაძლებელი. მონაცემები დამუშავდა კომპიუტერული პროგრამა SPSS-ის საშუალებით.
4. კვლევის შედეგები და ანალიზი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკვლევ პერიოდში დაკვირვება ნაციონალური ოთხი ტელეარხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე განხორციელდა. 2013 წლის 25 ნოემბრიდან 2014 წლის პირველ მაისამდე, უკრაინის კრიზისის შესახებ მომზადებული 170 ახალი ამბავი, სიუჟეტი და ინტერვიუ გაანალიზდა. აქედან, 81 კრიზისის პირველ ეტაპს ასახავდა, ხოლო 89 - კრიზისის მეორე ფაზას. გაანალიზებული მასალის საერთო ხანგრძლივობამ 758.63 წუთი (დაახლოებით 12 საათი) შეადგინა.
საკვლევ პერიოდში ქართული ტელევიზიებიდან უკრაინის კრიზისს ყველაზე მეტი მასალა ტელეკომპანია „იმედმა” მიუძღვნა, ყველაზე ნაკლები კი - ტელეკომპანია „მაესტრომ.“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული მედიასაშუალებები დიდ ყურადღებას უთმობდნენ უკრაინის კრიზისს და ჟურნალისტები ვითარებას უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან აღწერდნენ.
ცხრილი 1: თითოეულ ტელეარხზე გასული მასალის რაოდენობა
რაც შეეხება თითოეული ტელემაუწყებლის მიერ საკვლევ პერიოდში უკრაინის კრიზისისთვის დათმობილ საეთერო დროს, იგი შემდეგნაირად გადანაწილდა: „რუსთავი 2“ - 266.03 წუთი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - 197.54 წუთი, „იმედი” - 194.34 წუთი, „მაესტრო” - 100.72 წუთი.
ქართული ტელემაუწყებლების მიერ უკრაინის კრიზისის შესახებ მომზადებული მასალის ტიპოლოგია ამგვარად წარმოჩნდა:
ცხრილი 2: საინფორმაციო გამოშვებებში კრიზისის შესახებ გასული მასალის ტიპები
როგორც მოსალოდნელი იყო, საკვლევ პერიოდში ქართულ ტელეარხებზე უკრაინის კრიზისის შესახებ გასული მასალიდან ახალი ამბები ჭარბობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს სიუჟეტების სიმრავლეც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მედიასაშუალებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სათანადო ყურადღებას აქცევდნენ და ცდილობდნენ, სიტუაცია უფრო ღრმად გაეანალიზებინათ.
საკვლევი პერიოდის პირველ ეტაპზე (25.11.2013 – 22.02.2014) ქართული ტელემაუწყებლები მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ძირითად აქცენტს შემდეგ საკითხებზე აკეთებდნენ:
გრაფიკი 1: უკრაინის კრიზისის პირველი და მეორე ეტაპის გაშუქებისას გამოკვეთილი უმთავრესი საკითხები
ზემოაღნიშნულის გარდა, მაუწყებლების ყურადღების ცენტრში ევრომაიდნის მომიტინგეებისა და „ბერკუტის” რაზმის შეტაკებები და ამ შეტაკებების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი მოქალაქეები მოექცნენ. ამ სტატისტიკის თანახმად, კრიზისის პირველი ეტაპის გაშუქებისას, მედია, მოვლენების განვითარების მიხედვით, კრიზისთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს თითქმის თანაბრად აშუქებდა. თუმცა, რამდენიმე თემის უპირატესობა მაინც გამოვლინდა. როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, მედიასაშუალებები, უმეტესწილად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აკეთებდნენ აქცენტს. ისინი ასევე აქტიურად აშუქებდნენ კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიციას, რომელშიც ევრომაიდანის მხარდამჭერი მესიჯები იკვეთებოდა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე ქართულ ტელეარხებზე გასული 81 მასალიდან, რუსეთის ფაქტორი სიუჟეტის მთავარ თემად მხოლოდ ორჯერ იქცა.
მედიაში გასულ მასალებში აქცენტირებული საკითხებიდან მორიგ მნიშვნელოვან დატვირთვას სწორედ კრიზისის გამომწვევი გარემოებები იძენდა. პირველ რიგში, ეს იყო ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება და მის წინააღმდეგ გამართული აქციები. ასევე, ხშირად შუქდებოდა ევრომაიდნის მომიტინგეთა დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დღის მთავარი მოვლენის (ანუ, მასლაში აქცენტირებული პირველი რიგის საკითხის) გაშუქების შემდეგ, მედიასაშუალებები საზოგადოებას ხშირად შეახსენებდნენ კრიზისის გამომწვევი გადაწყვეტილებისა და ევრომაიდნის პროტესტის შესახებ.
ასევე უნდა ითქვას, რომ მასალებში წარმოჩენილ, მნიშვნელობით როგორც პირველი, ისე, მეორე რიგის საკითხებში, ჭარბობდა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები. გარდა ამისა, უკრაინის მოვლენების საქართველოსთან შედარება ხდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე ამ მხრივ მთავარ თემას ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს ხელი რამდენიმე თვეში უნდა მოეწერა.
გარდა ამისა, მედიის მიერ მასალაში აქცენტირებულ აქტუალობით მეორე რიგის საკითხებში კვლავ არცთუ ხშირიად იყო ხაზგასმული რუსეთის როლი უკრაინის კრიზისში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფაქტორის შესახებ, უმეტესწილად, მასალაში დამოწმებული ინფორმაციის წყაროები, კონკრეტულად კი, ქართული საპარლამენტო ოპოზციის წარმომადგენლები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საუბრობდნენ.
ტელემედიით გადაცემული მასალების რიგით მესამე, ყველაზე ხშირად აქცენტირებულ საკითხს ევრომაიდნის მომიტინგეების დაშავება და სიკვდილის ფაქტები წარმოადგენდა. გარდა ამისა, გამოიკვეთა აქცენტები რუსეთის ფაქტორის შესახებ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისის პირველი ეტაპისთვის მედიაში რუსეთის ფაქტორი შედარებით უკანა პლანზე მოექცა, რადგან კრიზისის გამომწვევად მაინც ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობა განიხილებოდა (რაც ქვემოთ დადასტურდება). ცხადია, იმ ფონზე, როცა ვიქტორ იანუკოვიჩი ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ რუსეთის ზეწოლას ასახელებდა, მედიის მხრიდან რუსეთის ფედერაციის როლის სრული იგნორირება ალოგიკური იქნებოდა.
კრიზისის პირველი ეტაპის გაშუქების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ქართული მედია მოვლენების განვითარებას კვალში მიჰყვებოდა, აქტიურად აშუქებდა ევრომაიდნის საპროტესტო აქციებს და გამოსვლების დროს მომხდარ შეტაკებებს. მეტადრე ხშირად შუქდებოდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერების, საქართველოს ხელისუფლების, ქართული ოპოზიციისა და ევრომაიდანის მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, რომელიც მათ მიერ კრიზისის შეფასებისას ვლინდებოდა. ამ შეფასებებიდან გამომდინარე, საეთერო დროის უმეტესი ნაწილი ვიქტორ იანუკოვიჩის კრიტიკას ეთმობოდა. უმეტესწილად, წარმოჩენილი იყო პროდასავლური თვალთახედვები. გარდა ამისა, პროცესები ხშირად განიხილებოდა ქართულ სინამდვილესთან შედარებით. პარალელების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მომავალსა და ასოცირების ხელშეკრულებას ეხებოდა (რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ). აღსანიშნავია, რომ კრიზისის პირველი ეტაპის მთავარ ფრეიმებს შორის უფრო იშვიათად იყო წარმოდგენილი კრიზისთან დაკავშირებით ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის შეფასებები. მედიის მიერ კრიზისის პირველი ეტაპის გაშუქებისას მთავარ თემად ასევე იშვიათად გვხვდება რუსეთის ფაქტორი, რასაც შემდეგი მონაცემიც ადასტურებს:
ცხრილი 3: კრიზისის მთავარი გამომწვევი – პირველი ეტაპი
|
მესამე ცხრილში მოცემული სტატისტიკა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ქართული ტელეარხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ მასალებზე დაკვირვების შედეგად, თითოეულ მასალაში ჟურნალისტებისა და წყაროების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. ასევე, გამოვლინდა მასალის ძირითადი ჩარჩო (ფრეიმი), რის შედეგადაც განისაზღვრა, თუ რომელი მხარე წარმოჩნდებოდა კრიზისის მთავარ გამომწვევად ამა თუ იმ სიუჟეტში. კრიზისის მთავარი გამომწვევის განსაზღვრის კრიტერიუმად მოვლენის აქტორებისთვის გამოყოფილი დრო, ასევე მათი მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები მოინიშნა.
როგორც ანალიზის შედეგმა აჩვენა, კრიზისის პირველ ეტაპზე მაყურებელს ძირითადად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მოვლენების მთავარი გამომწვევი ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის ქმედებაა. მსგავს შთაბეჭდილებას 81 სიუჟეტიდან, 39 სიუჟეტი ტოვებდა, რაც პროცენტულ მაჩვენებელში 48.1%-ს უდრის. ასეთ შემთხვევებში, რუსეთი ან მისი პრეზიდენტი ხშირად საერთოდ არ მოიხსენიებოდა.
სტატისტიკით, რუსეთისა და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის პერსონის მედიის მიერ მოხსენიებამ, საერთო ჯამში, 27.2% შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემი კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა, ქართული საპარლამენტო უმცირესობისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის გამოსვლები რომ არა, რადგან მსგავს პოზიციას კრიზისის დაწყებისთანავე სწორედ ეს პოლიტიკური ძალა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) აფიქსირებდა. მისი წარმომადგენლები, როგორც წყაროები, 38 მასალაში იყვნენ წარმოდგენილნი, რაც მასალების საერთო რაოდენობის 46.9%-ია.
მიუხედავად ამისა, ზემოთ მოხმობილი ცხრილი 3 -ის მიხედვით, ქართული ტელემაუწყებლების მაყურებელს კრიზისის პირველ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის მოვლენების მთავარი გამომწვევი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო და არა - რუსეთი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაანალიზებული მასალების 23.5%-ში არ იყო გამოკვეთილი კრიზისის გამომწვევი ფაქტორები. მსგავსი შთაბეჭდილება მაშინ ჩნდებოდა, როცა კრიზისს ნეიტრალური მხარე დიპლომატიური ენის გამოყენებით აფასებდა. მსგავს პოზიციას კრიზისის დასაწყისში, მეტწილად, საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფიქსირებედნენ და დაპირისპირებულ ორივე მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებდნენ.
გარდა ამისა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი მკაფიო თვალსაზრისის არარსებობასაც შეიძლება დავაბრალოთ, რადგან კრიზისის პირველ ფაზაში შეფასებები ხშირად ორად იყოფოდა. გაანალიზებული მასალებიდან ჩანს, რომ მედიასაშუალებების წყაროების (პოლიტიკოსები, დიპლომატები და ა.შ.) ერთი ნაწილი რუსეთისკენ იშვერდა ხელს. თუმცა, იყო საპირისპირო მოსაზრებაც, რომ კრიზისი მხოლოდ ვიქტორ იანუკოვიჩის „დამსახურებაა”, რადგან თუ რუსეთის ზეწოლას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა გაუძლეს, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, უკრაინასაც უნდა გაეძლო. ამასთან, ხშირად იყო მინიშნება ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსულ ორიენტაციაზეც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზოგჯერ ჟურნალისტებსაც უჭირდათ მკვეთრი აქცენტების დასმა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთის ფაქტორი კრიზისის პირველ ეტაპზე ნაკლებად იყო გამოკვეთილი. მედიაში ეს საკითხი ძირითადად მესამე რიგის თემად განიხილებოდა. ზოგადი მონაცემის გარდა, საჭიროა იმ ფრაზებისა და კონტექსტების გამოკვეთაც, რომლებიც რუსეთის მოხსენიების შემთხვევაში გვხვდებოდა. აღნიშნული მონაცემები კრიზისის პირველ და მეორე ეტაპებზე მედიაში რუსეთის მოხსენიებისას განსხვავებული აქცენტების უკეთ დანახვის საშუალებას მოგვცემს. უნდა ითქვას, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე, საერთო ჯამში, მედიამ რუსეთი 43 მასალაში მოიხსენია, რაც საერთო რაოდენობის (81) დაახლოებით 53%-ს შეადგენს. რუსეთის მოხსენიების კონკრეტული ფრაზები და კონტექსტები გრაფიკულად შემდეგნაირად გამოისახება:
გრაფიკი 2: რუსეთის მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები – კრიზისის პირველი და მეორე ეტაპი (აბსოლუტური მაჩვენებლები)
როგორც ვხედავთ, რუსეთს ყველაზე ხშირად უკრაინის თავისუფალი არჩევნის ხელყოფის გამო ადანაშაულებდნენ. ნაკლები სიხშირით იყო ნახსენები მეტად მწვავე და მკვეთრი ფრაზები.
უკვე ითქვა, რომ უკრაინის კრიზისის პირველ ეტაპზე მედია აქტიურად ადარებდა უკრაინის მოვლენებს საქართველოს გამოცდილებასთან. აღსანიშნავია, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე გაანალიზებული 81 მასალიდან, საქართველო 50 მათგანში მოიხსენიეს, რაც საერთო რაოდენობის 61.7%-ია. საქართველო შემდეგი ფრაზებითა და კონტექსტებით ახსენეს:
გრაფიკი 3: საქართველოს მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები - კრიზისის პირველი და მეორე ეტაპი (რაოდენობრივი მაჩვენებლები)
სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ უკრაინის მოვლენებთან პარალელების გავლებისას, საქართველოს მოხსენიების ძირითად ჩარჩოს (ფრეიმს) ქვეყნის განვითარების პერსპექტივა წარმოადგენდა. აქცენტი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ევროპასთან დაახლოებაზე კეთდებოდა. შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის თემებს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე ნაკლები იყო რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის მოლოდინი და ძირითად საფრთხედ რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა განიხილებოდა.
კრიზისის გაშუქებისას, გარდა საკუთარი ინტერპრეტაციებისა, ბუნებრივია, ჟურნალისტები სხვადასხვა წყაროს ეყრდნობოდნენ. ნათქვამის დასტურად, მნიშვნელოვანია იმის ჩვენებაც, თუ რომელ მხარეს უთმობდა ძირითად დროს ქართული სატელევიზიო მედია.
გრაფიკი 4: მაუწყებლების მიერ მომზადებული მასალების წყაროები – პირველი და მეორე ეტაპი (რაოდენობრივი მონაცემები)
წარმოდგენილ გრაფიკზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, კრიზისის პირველ ეტაპზე გასული 81 მასალიდან, ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ინფორმაციის წყაროები, მხოლოდ ათში ფიგურირებდნენ. უფრო მეტი დრო ქართულმა მაუწყებლებმა ევრომაიდნის აქტივისტებსა და ოპოზიციის ლიდერებს დაუთმეს. კრიზისის პირველ ეტაპზე ქართულ ტელევიზიებში ნაკლებად ჩანდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
სამაგიეროდ, მედია აქტიურად აშუქებდა კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის ოფიციალური პირების მოსაზრებებსა და შეფასებებს. შესაბამისად, ნათელია, თუ რატომ იყო მათი პოზიცია მოწინავე, სიუჟეტებში აქცენტირებული საკითხების რიგში. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიმართაც.
რაც შეეხება მედიის მიერ კრიზისის პირველ ეტაპზე პოლიტოლოგებისა თუ სხვა დარგის ექსპერტების ინფორმაციის წყაროდ გამოყენებას, უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფაქტები არცთუ ხშირი იყო. მსგავსი შემთხვევა მხოლოდ რვა მასალაში გამოვლინდა. მათ ძირითადად პროდასავლური და ნეიტრალური პოზიციები გააცხადეს.
საკვლევი პერიოდის მეორე ეტაპზე (24.02.2014–01.05.2014) ქართული ტელეარხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გასული 89 სხვადასხვა სახის მასალა გაანალიზდა. კრიზისის აღნიშნულ ეტაპზე, უკრაინის მოვლენებში რუსეთის უშუალო ჩარევის შემდეგ, ტელევიზიები თავიანთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ძირითად აქცენტს შემდეგ საკითხებზე აკეთებდნენ (იხ. გრაფიკი 1)
როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, უკრაინის კრიზისის მეორე ეტაპზე ქართული ტელემაუწყებლები ყურადღებას უმთავრესად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კრიზისის შეფასებაზე ამახვილებდნენ. ერთ-ერთ ყველაზე საჭირბოროტო თემას საქართველოს ხელისუფლების შეფასებებიც წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი საკითხის აქტუალურობა თითქმის დაემთხვა კრიზისის პირველი ეტაპისას გამოკვეთილ საკითხებს (იხ. გრაფიკი 1). ამას შეიძლება ლოგიკური ახსნა მოვუძებნოთ, რადგან ქართული მედიისთვის კვლავ მნიშვნელოვანი დარჩა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც მოსალოდნელი იყო, მედიის დღის წესრიგს ახალი საკითხებიც დაემატა. მედიის მხრიდან ძირითადი აქცენტები უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ამ ძალადობის შესაჩერებლად საერთაშორისო სანქციების აუცილებლობაზე კეთდებოდა. აგრეთვე, მედიისთვის ერთ-ერთ მთავარ თემად პროცესების საქართველოსთან კავშირში განხილვა იქცა. როგორც აღინიშნა, რუსეთის ფაქტორსა და საქართველოზე საუბარი კრიზისის პირველ ეტაპზეც მიმდინარეობდა, თუმცა, მეტწილად, მესამეხარისხოვან საკითხებად განიხილებოდა. 2014 წლის თებერვლის შემდეგ თითქმის სავსებით შეწყდა საუბარი ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2013 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მედიის მთელი ყურადღება რუსეთის ფაქტორმა მიიპყრო. ეს მაშინ, როცა კრიზისის პირველ ეტაპზე მედიაში აქცენტირებულ მთავარ საკითხებს შორის რუსეთის თემა მხოლოდ ორჯერ გამოიკვეთა, მეორე ეტაპზე კი, იგი მედიის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ პრობლემად იქცა.
როგორც ითქვა, კრიზისის პირველი ეტაპის აქტუალობით მეორე რიგის საკითხებში საქართველოსთან პარალელებიც ფიგურირებდა. ამ თემას ქართული მედიისთვის კრიზისის მეორე ეტაპზეც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. უფრო მეტიც, მისი მოხსენიების პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. კრიზისის მეორე ეტაპზე გახშირდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკის ჩვენებაც, რაც კრიზისის პირველ ეტაპზე მედიის მიერ აქცენტირებულ საკითხთა შორის საერთოდ არ იხსენიებოდა.
კრიზისის მეორე ეტაპზე მედიის მიერ გამოკვეთილ მნიშვნელობით მესამე წყების ძირითად თემად კვლავ რუსეთის სამხედრო ზეწოლა ფიქსირდება, რაც, ბუნებრივია, პირველი ეტაპის ანალოგიურ მონაცემში საერთოდ არ ფიგურირებდა. მართალია, პირველ ეტაპზე ზოგადად რუსეთის ფაქტორი საკმაოდ ხშირად ჩანდა, თუმცა ამ შემთხვევაში, მედიის მთელი ყურადღება სამხედრო ჩარევაზე გადავიდა.
ზემოხსენებული გარემოებების გამო, როგორც ნავარაუდევი იყო, მკაფიოდ გამოიკვეთა რუსეთის, როგორც კრიზისის გამომწვევის როლი. ამის საპირისპიროდ, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისის გამომწვევის კონტექსტში საერთოდ დაიკარგა ვიქტორ იანუკოვიჩის ფაქტორი. მეორე ეტაპზე გაანალიზებული 89 მასალიდან იანუკოვიჩი მხოლოდ რვაჯერ ახსენეს (მასალების საერთო რაოდენობის 9 %).
უკრაინის კრიზისის მეორე ეტაპზე, ვიქტორ იანუკოვიჩი კრიზისის გამომწვევად მხოლოდ ხუთ სიუჟეტში წარმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს სიუჟეტები ეთერში, მისი რუსეთში გაქცევიდან რამდენიმე დღეში გავიდა. შედარებისთვის: კრიზისის პირველ ეტაპზე ქართულ ტელეარხებზე გასული მასალების 48.1% (იხ. ცხრილი: 3) ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კრიზისის მთავარი გამომწვევი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობა იყო. მოვლენებში რუსეთის ღიად ჩარევის შემდეგ, ეს ფრეიმი სრულიად შეიცვალა და მედიის მთავარი აქცენტი რუსეთზე გადავიდა. საერთო ჯამში, კრიზისის მიზეზად რუსეთი და ვლადიმერ პუტინის პერსონა გაანალიზებული სიუჟეტების 91%-ში გამოიკვეთა მაშინ, როცა კრიზისის პირველ ეტაპზე მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ 27.2%-ს უდრიდა.
ცხრილი 4: კრიზისის მთავარი გამომწვევი – მეორე ეტაპი
|
მოვლენებში რუსეთის ღიად ჩარევის შემდეგ, როგორც მედიაში, სავარაუდოდ, ასევე პოლიტიკურ წრეებშიც, მოიხსნა ერთგვარი დაბნეულობა კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით, რაც იმით გამოიხატა, რომ კრიზისის მთავარი გამომწვევი ფაქტორი მედიაში გასული მასალების მხოლოდ 3.4%-ში არ იყო გამოკვეთილი. შედარებისთვის: კრიზისის პირველ ეტაპზე ეს მონაცემი 23.5%-ს შეადგენდა.
ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, კრიზისის მეორე ეტაპზე სავარაუდო იყო, რომ ქართული ტელემაუწყებლებისა და მათი წყაროების მიერ რუსეთის მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები უფრო მკაცრი და პირდაპირი იქნებოდა. სწორედ აქ უნდა გამოკვეთილიყო მედიის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც სხვადასხვა ჩარჩოსა (ფრეიმის) და სიტყვათწყობის (wording) მაყურებლისთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიწოდებას გულისხმობს. უკრაინის კრიზისის მეორე ეტაპის გაშუქებაზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე გაანალიზებული 89 მასალიდან, რუსეთი 86-ში მოიხსენიეს (საერთო რაოდენობის 96.6%). შედარებისთვის: კრიზისის პირველ ეტაპზე, ქართულ მედიაში რუსეთის ხსენების სიხშირე 53%-ს უდრიდა.
მეორე გრაფიკიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ გაიზარდა მედიაში რუსეთის მოხსენიების ყველა მონაცემი, მათ შორის ისეთი ნეგატიური შეფასებები, როგორიცაა: „ინტერვენცია”, „ოკუპაცია”, „აგრესია”, „ომი” და ა.შ.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის მეორე ეტაპზე რუსეთის მიმართ პოზიტიური ფრაზებისა და კონტექსტების („საკუთარი ინტერესების დაცვა”, “ეთნიკური რუსებისა და საკუთარი მოქალაქეების დაცვა”) უმნიშვნელო ზრდაც შეინიშნება, რაც პირდაპირ კავშირშია კრიზისის თავად რუსეთის ხელისუფლებისეულ შეფასებასთან. აღნიშნული პოზიტიური მონაცემების აბსოლუტური უმრავლესობა რუსი ოფიციალური პირების მიერაა გაცხადებული. ბუნებრივია, ქართული მედია ინტერესდებოდა რუსეთის ხელისუფლების კომენტარებით და ასახავდა კიდეც მათ, რის შედეგადაც რუსეთის მოხსენიების დადებითი კონტექსტები მცირედით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა ახლოსაც ვერ მივა ნეგატიური ფრაზებისა და კონტექსტების მატებასთან.
როგორც ითქვა, ქართული სატელევიზიო მედია უკრაინის კრიზისის პირველ ეტაპზეც აქტიურად ავლებდა პარალელებს საქართველოსთან. თუმცა, მეორე ეტაპზე ეს მონაცემები მცირედით, მაგრამ მაინც, გაიზარდა. ამ ეტაპზე გაანალიზებული 89 მასალიდან, საქართველო 62 მათგანში ახსენეს (69.7%). კრიზისის პირველ ეტაპზე კი, ეს რიცხვი 81 მასალიდან - 50-ს უდრიდა (61.7%). კრიზისის მეორე ეტაპზე საქართველოს მოხსენიება შემდეგი ფრაზებითა და კონტექსტებით ხდებოდა: (იხ. გრაფიკი 3).
უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის პირველ ეტაპთან შედარებით (იხ. გრაფიკი: 3), მეორე ეტაპზე თითქმის არ შეცვლილა ისეთი ფრაზებისა და კონტექსტების რაოდენობა, როგორიცაა: „საქართველოს მომავალი” და „ევროპასთან დაახლოება”, თუმცა, თითქმის ორჯერ გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, რომლებშიც რუსეთის ზეწოლაზე იყო საუბარი. რაც ყველაზე თვალშისაცემია, ქართულ ტელევიზიებში მკვეთრად (34 ერთეულით) იმატა საქართველოს ოკუპირებეული ტერიტორიების, ასევე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის (36 ერთეულით) მოხსენიებამ. ეს შედარებები გვაფიქრებინებს, რომ მედიაში ჩამოყალიბდა ერთგვარი ომის ფრეიმი, რომლის მსგავსიც კრიზისის პირველ ეტაპზე არ შეგვხვედრია.
კრიზისის მეორე ეტაპზე, უკრაინაში მთავრობის შეცვლისა და მოვლენებში რუსეთის ღია ჩარევის შემდეგ, ქართული ტელემაუწყებლები შემდეგ წყაროებს ეყრდნობოდნენ: (იხ. გრაფიკი 4).
როგორც გრაფიკ 4-ზე დატანილი მონაცემებიდან ჩანს, კრიზისის მეორე ეტაპის გაშუქებისას მედია წყაროებად თითქმის იმავე სიხშირით იმოწმებდა დასავლელ ლიდერებს, როგორც პირველ ეტაპზე. მედიაში კვლავ ხშირად ჩნდებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის არც ერთ ეტაპზე ქართულ ტელევიზიებს წყაროების რანგში ქართული ოპოზიციის პრორუსი წარმომადგენლები არ მოუწვევია.
კრიზისის მეორე ეტაპზე საკმაო დრო ეთმობოდა უკრაინის ახალი ხელისუფლების წარმომადგელებსაც. შედარებისთვის: კრიზისის პირველ ეტაპზე ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობა წყაროებად 10 მასალაში იყო გამოყენებული, ხოლო კრიზისის მეორე ეტაპზე - უკრაინის ახალი ხელისუფლება, როგორც წყარო, 22 მასალაში წარმოჩნდა.
ასევე ხაზგასასმელია, რომ კრიზისის მეორე ეტაპზე სატელევიზიო ეთერში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მეტად ჩანდნენ. ეს ალბათ ლოგიკურიცაა, რადგან კრიზისის ახალ ფაზაში რუსეთი უკვე აქტიური მოთამაშის როლში მოგვევლინა და ამ ქვეყნის ხელისუფლებისადმი ინტერესმა მედიაში მოიმატა.
აქვე აუცილებლად უნდა შეინიშნოს, რომ ქართული ტელეარხები უკრაინისგან გამოყოფისა და რუსეთთან შეერთების მომხრეთა პოზიციებსაც აშუქებდნენ. პრორუსი აქტივისტების ძირითადი აქტივობა თებერვალ-მარტში დაფიქსირდა და მისი ერთი ფაზა საკვლევ პერიოდსაც დაემთხვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რუსეთთან შეერთების მომხრეთა პოზიციის დაფიქსირებისას, ქართული მაუწყებლები უკრაინის მთლიანობის მომხრეთა აზრსაც წარმოაჩენდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ კრიზისის მეორე ეტაპზე ქართული მედია ბევრად ნაკლებ საეთერო დროს უთმობდა პრორუს აქტივისტებს, ვიდრე ევრომაიდნის მომიტინგეებს - კრიზისის პირველ ეტაპზე.
რაც შეეხება კრიზისის მეორე ეტაპზე მედიის მიერ ექსპერტების ინფორმაციის წყაროებად გამოყენებას, უნდა ითქვას, რომ მსგავსმა შემთხვევებმა კრიზისის მეორე ფაზაში თითქმის ხუთჯერ იმატა. კრიზისის მეორე ეტაპზე ტელემაუწყებლების მასალებში ექსპერტების რაოდენობის მსგავს ზრდას თავისი მიზეზი აქვს. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ჟურნალისტები ექსპერტებს ძირითადად რუსეთის სამომავლო ნაბიჯების პროგნოზირების თხოვნით მიმართავდნენ. ბუნებრივია, ისინი კრიზისსაც აფასებდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების მიერ წყაროებად მოხმობილი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლურ ან ნეიტრალურ პოზიციებს აფიქსირებდა. ცხადია, შემთხვევითი არც ჟურნალისტების მიერ ამგვარი პოზიციის წარმომჩენი წყაროების შერჩევა უნდა ყოფილიყო.
6. დასკვნა
ქართული ტელემაუწყებლების მიერ უკრაინის კრიზისის გაშუქებაზე დაკვირვებამ დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე მედიაში გასული მასალების მთავარ ფრეიმებს ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება, ევრომაიდანის საპროტესტო აქციები და მოვლენის საერთაშორისო შეფასება წარმოადგენდა. ასევე, მედიაში ხშირად საუბრობდნენ იანუკოვიჩის მთავრობის მიერ გამოვლენილ ძალადობასა და მომიტინგეებს შორის მსხვერპლის არსებობაზე. როგორც აღმოჩნდა, კრიზისის პირველ ეტაპზე ქართული ტელევიზიებისთვის რუსეთის ფაქტორი არ წარმოადგენდა აქტუალობის მიხედვით, პირველი რიგის საკითხს.
კვლევამ ასევე დაადასტურა მთავარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე, ქართული ტელემაუწყებლების მიერ უკრაინის მოვლენები გაშუქებისას, იკვეთებოდა ვიქტორ იანუკოვიჩის, როგორც კრიზისის მთავარი გამომწვევის როლი. ასევე, ხშირად იყო შემთხვევები, როცა მასალებში არ იკვეთებოდა კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი.
კრიზისის გამომწვევზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგად ტენდენციას არ მიჰყვებოდა ტელეკომპანია” რუსთავი 2.“ კრიზისის პირველ ეტაპზე, ამ ტელეარხზე გასული მასალების 46.2% ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კრიზისის გამომწვევი იანუკოვიჩი და მისი მთავრობაა, თუმცა, თითქმის იმავე ოდენობის მასალაში (45.1%) უკრაინის მოვლენების მთავარ მიზეზად რუსეთი და ვლადიმერ პუტინის პერსონა სახელდებოდა. რთულია, ამ ფაქტის ერთმნიშვნელოვნად ახსნა, თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს მონაცემი ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკისა და მისი საინფორმაციო წყაროების შერჩევის შედეგია. როგორც აღვნიშნეთ, კრიზისის პირველ ეტაპზევე რუსეთს ღიად ადანაშაულებდნენ „ნაციონალური მოძრაობა” და საქართველოს ექსპრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი. ისინი წყაროებად კრიზისის პირველ ეტაპზე „რუსთავის 2“-ის ეთერით გასული მასალების 20%-ში ფიგურირებდნენ. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მედიასაშუალებას შეუძლია თავისთვის სასურველი ინტერპრეტაციით გააშუქოს მოვლენა და გამოიყენოს ისეთი ფრაზები, ვიზუალი და წყაროები, რომლებიც მას კონკრეტული მიზნის მიღწევაში დაეხმარება. თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ, რომ კვლევაში ეს შემთხვევა ზოგადი ტენდენციიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა.
კრიზისის მეორე ეტაპზე, მის გამომწვევებად ცალსახად რუსეთი და ვლადიმერ პუტინი სახელდებოდნენ. გაანალიზებული მასალების 91% მაყურებელზე სწორედ ამ შთაბეჭდილებას ახდენდა. მედიაში მთავარ საკითხად რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება განიხილებოდა. თითქმის აღარ იხსენიებოდა ვიქტორ იანუკოვიჩი. მისი, როგორც კრიზისის გამომწვევის როლი, დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრა.
დადასტურდა ჰიპოთეზა იმის შესახებაც, რომ კრიზისის მეორე ეტაპზე, მოვლენებში რუსეთის ღიად ჩარევის შემდეგ, ქართულ ტელეარხებზე გასულმა მასალებმა მეტი სიმძაფრე და კრიტიკულობა შეიძინა. თუ კრიზისის პირველ ეტაპზე რუსეთის მოხსენიება ძირითადად უკრაინის თავისუფალ არჩევანზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში ხდებოდა, მოვლენებში რუსეთის უშუალო ჩარევის შემდეგ, ე.წ. „ომის ფრეიმი” ჩამოყალიბდა და რუსეთს ყველაზე ხშირად ოკუპანტად, აგრესორად და უკრაინის კრიზისის მთავარ გამომწვევად მოიხსენიებდნენ. როგორც მედიის წყაროების, ისე ჟურნალისტების მხრიდან რუსეთის მისამართით მკვეთრად იმატა ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენებამ, როგორიცაა: „ოკუპაცია”, „ანექსია”, „აგრესია”, „დესტაბილიზაციის გამოწვევა”, „საერთაშორისო იზოლაცია” და ა.შ.
მედიაზე დაკვირვების შედეგად, დადასტურდა აგრეთვე ვარაუდი, რომ კრიზისის პირველ ეტაპზე შედარებით ნაკლებად მოიხმობდნენ პარალელებს ქართულ რეალობასთან, ვიდრე მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპზე გაანალიზებული 89 მასალიდან, საქართველო 62 -ში მოიხსენიეს (69.7%). კრიზისის პირველ ეტაპზე კი, ეს რიცხვი 81 მასალიდან 50-ს უდრიდა (61.7%). ცალკე ხაზგასმის ღირსია ის ფაქტიც, რომ თუ კრიზისის პირველ ეტაპზე საქართველოსთან პარალელებს ძირითადად ჩვენი ქვეყნის მომავლისა და ევროპასთან დაახლოების კონტექსტში მოიხმობდნენ, მეორე ეტაპზე ამას რუსეთის ზეწოლის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების თემები დაემატა. ცალსახაა, რომ მეორე ეტაპზე მსგავსი პარალელების დაძებნის მცდელობათა მკვეთრი ზრდა, რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლამ განაპირობა.
საბოლოო შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართული სატელევიზო მედიის მიერ უკრაინის კრიზისის პირველი და მეორე ეტაპების გაშუქებამ და ამ პროცესში შერჩეულმა ჩარჩოებმა (ფრეიმებმა) ნათლად დაგვანახა მედიის შესაძლებლობა - აირჩიოს მისთვის პრიორიტეტული ინტერპრეტაციები, წყაროები და თემები. აქ წარმოდგენილი, ქართულ რეალობაში უკრაინის კრიზისის გაშუქებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფრეიმინგის თეორიის ვალიდურობას. ალბათ, ცალკე კვლევის საგანია ის გავლენა, რაც ქართულ საზოგადოებაზე მედიის მიერ უკრაინის კრიზისის გაშუქებამ იქონია. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ფრეიმინგის მკვლევრების მოსაზრება, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოყონ, უპირატესობა მიანიჭონ ცალკეულ საკითხებს და სასურველი ინტერპრეტაციით მიაწოდონ ისინი აუდიტორიას.
გამოყენებული ლიტერატურა
- Hallahan K. (1999). Seven Models of Framing: Implications for Public Relations. Journal of Public Relations Research, 11(3), 205-242. ხელმისაწვდომია:http://umdrive.memphis.edu/cbrown14/public/Mass%20Comm%20Theory/Week%203%
20Agenda%20Setting%20and%20Framing/framing%20and%20public%20relations.pdf - Druckman J. N. (2001). The Implications of Framing Effects for Citizen Competence. Political Behavior, Vol. 23, No. 3, 225-256. ხელმისაწვდომია:http://www.uky.edu/AS/PoliSci/Peffley/pdf/Druckman%202001%20PB%20IMPLICATIONS%20OF%
20FRAMING%20EFFECTS%20FOR%20CITIZEN%20COMPETENCE.pdf - Druckman J. N. (2003). Political Preference Formation: Competition, Deliberation, and the (Ir)relevance of Framing Effects. ხელმისაწვდომია: http://www.communicationcache.com/uploads/1/0/8/8/10887248/political_preference_formation-_competition_deliberation_and_the_-ir-_relevance_of_framing_effects.pdf
- Entman R. M. (2005). Framing Bias: Media in the Distribution of Power. Journal of Communication Volume 57, Issue 1, 163-173. ხელმისაწვდომია: http://scholar.google.com/scholar?q=Framing+Bias%3A+Media+in+the+Distribution+of+Power+&btnG=&hl=en&as_sdt=0%2C5
- Fiss P. C. & Hirsch P. M. (2005). The Discourse of Globalization: Framing and Sensemaking of an Emerging Concept. American Sociological Review, VOL. 70. 29-52. ხელმისაწვდომია:http://www-bcf.usc.edu/~fiss/Fiss%20and%20Hirsch%20ASR%202005.pdf
- Van Gorp B. (2007). The Constructionist Approach to Framing: Bringing Culture Back In. Journal of Communication 57. 60-78. ხელმისაწვდომია:https://lirias.kuleuven.be/bitstream/123456789/250813/1/joc_the
- Nisbet M. C. & Mooney C. (2007). Framing Science. Science and Society, VOL. 316. 56
- Scheufele D. A. & Tewksbury D. (2007). Framing, Agenda Setting, and Priming: The Evolution of Three Media Effects Models. Journal of Communication 57. 9-20. ხელმისაწვდომია: http://www.davidryfe.com/here/wp-content/uploads/2013/01/scheufele.pdf
- Weaver D. H. (2007). Thoughts on Agenda Setting, Framing, and Priming. Journal of Communication 57, 142-147. ხელმისაწვდომია: http://www.communicationcache.com/uploads/1/0/8/8/10887248/thoughts_on_agenda_setting_framing_and_priming.pdf
- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში (2013). ხელმისაწვდომია: https://www.ndi.org/files/Georgia-PEAM-090613-GEO.pdf
- Ahmed S. Botelho G. & Gumuchian M. (2014) 20 questions: What's behind Ukraine's political crisis? CNN. ხელმისაწვდომია: http://edition.cnn.com/2014/02/18/world/europe/ukraine-protests-explainer/
- BBC – Ukraine crisis timeline (2014) ხელმისაწვდომია: http://www.bbc.com/news/world-middle-east-26248275
დანართი: კოდირების სახელმძღვანელო
- სიუჟეტის საიდენტიფიკაციო ნომერი (001 – 170)
- ტელევიზია
- „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
- „მაესტრო“
- „რუსთავი 2“
- „იმედი“
- ეთერში გასვლის თარიღი
- კრიზისის პირველი ეტაპი (25.11.2013 – 22.02.2014.)
- კრიზისის მეორე ეტაპი (24.02.2014 – 01.05.2014.)
ანალიზის ერთეული:
- სიუჟეტის ხანგრძლივობა
- მასალის ტიპი
- ახალი ამბავი
- ანალიზური სიუჟეტი
- ინტერვიუ
- სხვა
მასალაში აქცენტირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი (6-8)
- რიგით პირველი აქტუალური თემა
- რიგით მეორე აქტუალური თემა
- რიგით მესამე აქტუალური თემა
კატეგორიები 6-8 ერთეულისთვის:
- ასოცირების ხელშეკრულება
- ვიქტორ იანუკოვიჩის უარი ასოცირებაზე
- ევრომაიდნის საპროტესტო აქციები
- იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნა
- უნდობლობა ვიქტორ იანუკოვიჩს
- რუსეთის ფაქტორი – ზოგადად
- რუსეთის ზეწოლა უკრაინის არჩევანზე
- რუსეთის ეკონომიკური ზეწოლა უკრაინაზე
- რუსეთის სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე
- რუსეთის ეკონომიკური დახმარება ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობას
- ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის წინააღმდეგ
- ძალადობრივი დაპირისპირება ევრომაიდნის მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის
- საპროტესტო აქციების დარბევა
- მომიტინგეების დაშავება, სიკვდილი
- არაიდენტიფიცირებული სნაიპერები
- იანუკოვიჩისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები
- ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევა რუსეთში
- კორუფცია იანუკოვიჩის მთავრობაში
- ყირიმის უკრაინისგან გამოყოფა
- ყირიმის შეერთება რუსეთთან
- 1954 წლის შეთანხმება ყირიმთან დაკავშირებით
- უკრაინის სხვა რეგიონების ავტონომიის საკითხი
- რუსეთის მხარდამჭერი გამოსვლები
- დაპირისპირება უკრაინის ჯარსა და პრორუს აქტივისტებს შორის
- რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ისტორიული კონტექსტი
- უკრაინაში ეთნიკური რუსების რაოდენობა
- ყირიმის რეფერენდუმი
- უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რეფერენდუმი
- შეიარაღებული პრორუსული დაჯგუფებები
- რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება
- უკრაინის ახალი ხელისუფლება
- ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები რუსეთს
- ევროკავშირისა და აშშ-ის ეკონომიკური დახმარება უკრაინის ახალ მთავრობას
- ევროპისა და აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა
- უკრაინის რიგგარეშე არჩევნები
- კრიზისის ოფიციალური შეფასება იანუკოვიჩის ხელისუფლების მიერ
- კრიზისის შეფასება ვიქტორ იანუკოვიჩის ოპოზიციის მიერ
- კრიზისის ოფიციალური შეფასება უკრაინის დროებითი ხელისუფლების მიერ
- კრიზისის ოფიციალური შეფასება ევროკავშირისა და ნატოს მიერ
- სუამის წევრი ქვეყნების შეფასება
- კრიზისის ოფიციალური შეფასება აშშ-ის ხელისუფლების მიერ
- კრიზისის ოფიციალური შეფასება რუსეთის ხელისუფლების მიერ
- მხარეების კონტრშეფასებები
- კრიზისის ოფიციალური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ
- კრიზისის შეფასება ქართული ოპოზიციის მიერ
- უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოში
- პარალელები საქართველოსთან
- პარალელები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან
- უკრაინის კრიზისის გაშუქება გლობალურ მედიაში
- უკრაინის კრიზისის გაშუქება რუსულ მედიაში
- ვიქტორ იანუკოვიჩი
- იულია ტიმოშჩენკო
- ვლადიმერ პუტინი
- არსენი იაცენიუკი
- ვიტალი კლიჩკო
- მიხეილ სააკაშვილი
- ბარაკ ობამა
- ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები
- სხვა
- კრიზისის მთავარი გამომწვევი
- ევრომაიდნის აქტივისტები
- იანუკოვიჩის ოპოზიციის ლიდერები
- ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობა
- ევროკავშირი, აშშ
- რუსეთი
- ვლადიმერ პუტინის პერსონა
- არ არის გამოკვეთილი
- ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები
- იანუკოვიჩის „ვაჭრობა“ ევროკავშირთან
- არაპროფესიონალიზმი
- იანუკოვიჩის მთავრობის გადადგომის ვალდებულება
- კორუფცია
- ძალადობა
- მიტინგის დარბევა
- რუსული ინტერესების გამტარებელი
- დიქტატურა/ტირანია
- პრორუსული პოლიტიკა
- თავისუფალი აზრის გამოხატვის შიში
- პრაგმატული არჩევანი
- რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა
- საკუთარის ხალხის დასაცავად გაღებული მსხვერპლი
- სხვა
- ევრომაიდნის მომიტინგეების მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები
- პროევროპული ძალები
- მშვიდობიანი მომიტინგეები
- ძალადობის მსხვერპლნი
- დაშავებულები / გარდაცვლილები
- პროგრესული ძალები
- უსამართლობასთან ბრძოლა
- თავისუფლებისთვის ბრძოლა
- ნეონაცისტები
- ძალადობა სამართალდამცავებზე
- არეულობის გამოწვევა
- პროვოკაციული ქმედებები
- დაუმორჩილებლობა
- სხვა
- რუსეთის მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები
- ზეწოლა უკრაინის არჩევანზე
- ენერგორესურსების საკუთარის ინტერესებისთვის გამოყენება
- საბჭოური წარსული
- თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა
- პროვოკაცია
- ინტერვენცია
- ოკუპაცია
- აგრესია
- ანექსია
- კონფლიქტის ინსპირაცია
- მუქარა
- საერთაშორისო სამართლის დარღვევა
- საერთაშორისო იზოლაცია
- დესტაბილიზაციის გამოწვევა
- რუსი სეპარატისტები
- ომი
- ომი საქართველოსთან
- სანქციები რუსეთის მიმართ
- რუსეთის მიერ თავისი სტრატეგიული ინტერესების დაცვა
- ვიქტორ იანუკოვიჩის ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერა
- ეთნიკური რუსებისა და საკუთარი მოქალაქეების დაცვა
- უკრაინის დაცვა ნეონაცისტებისგან
- სხვა
- უკრაინისგან გამოყოფის მხარდამჭერთა მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები
- სეპარატისტები
- პრორუსი აქტივისტები
- ტერორისტები
- დე-ფაქტო რესპუბლიკა
- არეულობის გამომწვევი
- ეთნიკური რუსები
- რუსეთთან შეერთების მომხრეები
- დამოუკიდებლობის მომხრეები
- ნეონაცისტებთან მებრძოლები
- სხვა
- საქართველოს მოხსენიების ფრაზები და კონტექსტები
- ევროპასთან დაახლოება
- ასოცირების ხელშეკრულება
- რუსეთის ზეწოლა
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
- საქართველოს მომავალი
- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი
- სხვა